ზოგიერთ ლიდერს აქვს შეზღუდვები მათი განვითარების მხრივ. ამ შეზღუდვებმა შეიძლება ხელი შეუშალოს ლიდერს უფრო მაღალ თანამდებობებზე დაწინაურებაში, ან მის ამჟამინდელ პოზიციაზე წარმატების მიღწევაში.
ქვემოთ მოცემულია წარმოსახვითი ლიდერების მაგალითები ლიდერობის შეზღუდვებით.
კარლს აქვს პირადი პრობლემები (მაგალითად, ფინანსებში ან ოჯახური ურთიერთობებში), რომლებსაც ვერ უმკლავდება. მას არ შეუძლია ფოკუსირება ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე ამ პრობლემების გამო. მას მუშაობას ხშირად აწყვეტინებს საშინაო კრიზისი.
ხელმძღვანელობის ნაცვლად, უილიამი სხვებს ადანაშაულებს თავის ორგანიზაციის წარუმატებლობებში, ელოდება როდის მიიღებენ სხვები ისეათ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მან უნდა მიიღოს, და თვლის, რომ ის არ არის პასუხისმგებელი ორგანიზაციის წარმატებაზე. ის განმარტავს, რომ მისი ორგანიზაციის წარუმატებლობა გამოწვეულია იმ ფაქტორებით, რომლებსაც ის ვერ აკონტროლებს.
სალის არ სურს განავითაროს საკუთარი თავი, უარყოფს თავის შეცდომებს და ბრაზდება ნებისმიერ კითხვაზე, რაც მისი კომპეტენციასთან დაკავშირებით ჩნდება.
მარტინი კმაყოფილია თავისი ორგანიზაციით, ვერ ხედავს გაუმჯობესების საჭიროებას და არ განიხილავს რაიმე ცვლილებებს. სამყაროს ცვლილებასთან ერთად მისი ორგანიზაცია არაეფექტური გახდება.
[1]რონალდი თვლის, რომ ის ერთადერთი ლიდერია, რომელიც ორგანიზაციას სჭირდება. ის ყველასგან მხოლოდ იმას ითხოვსს, რომ უბრალოდ შეასრულონ მისი მითითებები. მას გუნდი არ ჭირდება; მას მხოლოდ დამხმარეები სურს. მას არ ესმის, რატომ არ ეხმარებიან მას ადამიანები მეტი მონდომებით.
ელვისმა შექმნა ორგანიზაცია, როგორც საკუთარი თავის გაფართოების საშუალება. კომპანია არსებობს მისი სარგებლისთვის და მისი პირად სიდიადის წარმოსაჩენად. ის არაფერს გეგმავს იმისთვის, რომ კომპანია მის გარეშეც დიდებული იყოს.
პავლეს სუსტი ხასიათი აქვს. როდესაც რაიმე წნეხის ქვეშაა, ის დებს პირობებს, რომელსაც ვერ ასრულებს, ხარჯავს ფულს, რომელიც სხვისთვის იყო განკუთვნილი, აცდენს შეხვედრებს და ტყუის. მის გუნდს ზოგჯერ რცხვენია მისი რეპუტაციის (სახელის).
ეს ლიდერები მალე მიაღწევენ თავიანთი პოტენციალის ზღვარს. ისინი უკეთესად ხელმძღვანელობას ვერ შეძლებენ, სანამ არ დაუპირისპირდებიან და არ მოიშორებენ პირად შეზღუდვებს. თუ მათ არ სურთ შეცვლა, მათი ორგანიზაციები ვერ გაუმჯობესდება, სანამ ეს ლიდერები არ ჩამოშორდებიან.
► ზემოთ მოცემული თითოეული წარმოსახვითი ლიდერის განხილვისას დასვით კითხვა: ”როგორ უნდა შეიცვალოს _______, რათა მისი ორგანიზაცია გაუმჯობესდეს?”
“მე არ მეშინია ლომების ჯარის, რომელსაც ცხვარი ხელმძღვანელობს; მეშინია ცხვრების არმიის, რომელსაც ლომი ხელმძღვანელობს”
(ალექსანდრე დიდი (მაკედონელი)).
საული - შეზღუდული ლიდერი
საულმა კარგად დაიწყო ისრაელის მეფედ. ის თავმდაბალი იყო და საკუთარ თავს შეუფერებლად თვლიდა ამ თანამდებობისთვის. ზოგიერთმა ადამიანმა კიდევ უარიც კი თქვა მის აღიარებაზე მეფედ.
პირველი გამარჯვების შემდეგ, ზოგს სურდა იმ ხალხის მოკვლა, ვინც თავდაპირველად უარყო საული. საულმა თქვა, რომ ღმერთმა მოაპოვებინა გამარჯვება და შურისძიების დრო არ იყო. სამწუხაროა, რომ მან ვერ შეინარჩუნა ეს დამოკიდებულება შემდგომში.
საული მალევე გამოვიდა ღმერთს მორჩილებიდან. როდესაც წინასწარმეტყველი მას დაუპირისპირდა, საულმა დაადანაშაულა ხალხი არასწორი ქმედებებში, იმის ნაცვლად, რომ პასუხისმგებლობა აეღო, როგორც ლიდერს და წინამძღოლს (1 მეფეთა (სამუელი) 15:21). წინასწარმეტყველმა უთხრა საულს, რომ ღმერთი სამეფოს მას მისცემს, ვინც ემორჩილება.
მთელი თავისი მეფობის დროს, საული სასოწარკვეთილი ცდილობდა შეენარჩუნებინა ძალაუფლება. მას არასოდეს მოუნანიებია და არ უცდია ღვთის კეთილგანწყობის დაბრუნება. მას არასოდეს მიუღია ის ფაქტი, რომ ღმერთი აპირებდა მის ჩანაცვლებას. რომ მოენანიებინა, მისი სული გადარჩებოდა. მას შეეძლო მეფედ დარჩენილიყო, სანამ ღმერთი მის შემცვლელს არ მოიყვანდა და პატივით, ღირსეულად დასერულებინა თავისი მეფობა. ზოგიერთი ძველი, ლიდერი გრძელვადიან მსახურებას უპატივცემულოდ ამთავრებდა იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც ისინი ბოლო წლების განმავლობაში ავლენდნენ, რაც გამოიხატებოდა საკუთარი პოზიციის შესანარჩუნებლად ბრძოლაში მაშინ, როდესაც მათ აღარ შეეძლოთ კარგი ლიდერობის გაწევა და ხელმძღვანელობა.
საულის ბრძოლის ერთ დღეს, მან თქვა: ”წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, სანამ ბოლომდე არ ვიძიებ შურს მტრებზე!” (1 მეფეთა (სამუელი) 14:24). ბრძანება უგუნური იყო, რადგან მრავალსაათიანი ბრძოლის შემდეგ, ყველანი ძალაგამოცლილი იყვნენ. ბრძანება ასევე გვიჩვენებს, რომ მას, მთელი ყურადღება საკუთარ თავზე ჰქონდა გადატანილი. მისი აზრით, ბრძოლა პირადად მისთვის იყო.
საული იმდენად არამტკიცე და დაურწმუნებელი იყო, რომ შეცდომას ვერ აღიარებდა. მან რამის სიკვდილით დასაჯა თავისი ვაჟი იონათანი, იმის გამო, რომ ის, უცოდინრობით არ დაემორჩილა ბრძანებას, მიუხედავად იმისა, რომ იონათანის მოქმედებებმა იმ დღეს დიდი გამარჯვება მოუტანა.
სხვა ბრძოლის დროს, საული ელოდა სამუელის მოსვლას, რათა საჯარო მსხვერპლშეწირვა და ღვთის დახმარებისთვის ლოცვა აღევლინა. გადიოდა დღეები და საული მრავალმა ადამიანმა დატოვა შიშის გამო. საულმა თვითონ გადაწყვიტა მსხვერპლის შეწირვა, თუმცა მხოლოდ ღვთის მსახურს, მღვდელს ჰქონდა ამის გაკეთების უფლება. მსხვერპლშეწირვის დროს სამუელიც გამოჩნდა. მან უსაყვედურა საულს, მაგრამ საულმა სთხოვა, დაემთავრებინა ცერემონია, რათა ხალხს არ სცოდნოდა, რომ რაღაც ისე არ იყო (1 მეფეთა (სამუელი) 15:30). საულს ხალხის აზრი უფრო მეტად აინტერესებდა, ვიდრე ღმერთის მოწმობა.
საულს გიჟურად შურდა სხვების წარმატებების, განსაკუთრებით კი დავითის. მან თავისი დროის და რესურსების დიდი ნაწილი დავითზე ნადირობაზე გახარჯა, მიუხედავად იმისა, რომ დავითს მისთვის ზიანი არ მიუყენებია.
ის ეჭვიანი იყო და წუწუნებდა თავისი ხალხის ორგულობაზე. ეჭვიანობის გამო, ის იჯერებდა ტყუილს სხვების შესახებ (1 მეფეთა (სამუელი) 24:9ის უსმენდა არასწორ მრჩევლებს. ის ჩიოდა, რომ ყველა მის წინააღმდეგ იყო და, რომ მას არავინ აწვდიდა საჭირო ინფორმაციას (1 მეფეთა (სამუელი) 22:8).
იონათანი, საულის ვაჟი, ძალიან განსხვავდებოდა მამისგან. მან გააცნობიერა, რომ დავითი გახდებოდა შემდეგი მეფე და მიიღო ეს ფაქტი. საული ვერ იგებდა, რატომ არ სძულდა იონათანს დავითი. იონათანი და დავითი კარგი მეგობრები იყვნენ. იონათანს ჰქონდა ღმერთის რწმენა, რაც მას გამბედაობას აძლევდა დიდი გამარჯვებების მოსაპოვებლად, მას შემდეგაც კი, რაც საულმა დაკარგა რწმენა. სამწუხაროდ, იონათანი ბრძოლაში მოკლეს მამის შეცდომების გამო.
საული მთელი ცხოვრება ომობდა. ყოველთვის, როდესაც ხედავდა ადამიანს, რომელიც ძლიერად გამოიყურებოდა, აიძულებდა თავის ჯარში შესვლას (1 მეფეთა (სამუელი) 14:52). ეს იმას ნიშნავდა, რომ ის მუდმივად ყველას თავზე ახვევდა თავის ნებას და არ ზრუნავდა მათ საჭიროებებზე. მას არასდროს უფიქრია, რომ უკვე საკმარისი დახმარება ჰქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი ყოველთვის თავს არიდებდა საულს.
ჩვენ ვხედავთ დიდ განსხვავებას საულსა და დავითს შორის. დავითი იზიდავდა გმირებს, ხოლო საულს, ხალხი ერიდებოდა. დავითის ხალხს იმდენად უყვარდათ, რომ ზოგიერთებმა სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს, რათა მისთვის წყალი მოეტანათ იმ ადგილიდან, რომელიც მას უყვარდა. დავითი გაოცებული იყო მათი საქციელით და თქვა, რომ მხოლოდ ღმერთი იყო ასეთი თავდადების ღირსი (2 მეფეთა (სამუელი) 23:15-17). საული ყოველთვის წუწუნებდა, რომ მისი ხალხი არ იყო საკმარისად ერთგული მის მიმართ, მაგრამ უნდობლობით იყო გამსჭვალული დავითის მიმართ, რომელიც აბსოლუტურად ერთგული იყო.
ჯონ მაქსველის ლიდერობის დონეების აღწერა
[1]ჯონ მაქსველმა აღწერა ლიდერობის გავლენის დონეები.[2] ეს დონეები არ ეხება პოზიციის, ანუ თანამდებობის დონეს. ნებისმიერი პოზიციის მქონე ადამიანი შეიძლება გავლენის რომელიმე ამ დონეზე იყოს. განსაკუთრებით კარგი ლიდერი, დროთა განმავლობაში, გაივლის ამ დონეებს, მაშინაც კი, თუ ის იმავე პოზიციაზე რჩება.
(1) თანამდებობრივი ლიდერობა
ადამიანის ლიდერობა შეიძლება დაიწყოს თანამდებობით. თანამდებობებზე მყოფი ბევრი ადამიანი თვლის, რომ მათ აღარ სჭირდებათ რაიმეს გაკეთება იმისთვის, რომ გახდნენ ლიდერები, ვერ ხვდებიან, რომ მათ სჭირდებათ თავიანთი ხალხის ნდობის მოპოვება. განსაზღვრულ პოზიციებზე მყოფი ლიდერები, როგორც წესი, დამოკიდებულნი არიან ძალაუფლებაზე, თანამშრომლობის მისაღებად. ისინი შეიძლება დაყრდნობილნი იყვნენ სტიმულირებაზე, როგორიცაა ანაზღაურება და სასჯელი, და არა ხალხის დარწმუნებაზე, გაიზიარონ მათი მიზნები. ხელმძღვანელობის ეს სტილი ფართოდ გავრცელებულია, მაგრამ არასოდეს აღწევს მაქსიმალურ შედეგებს.
ახალ თანამდებობაზე მყოფმა ლიდერმა უნდა აჩვენოს, რომ მას ესმის ორგანიზაციის ისტორია და კულტურა. მან არ უნდა შესთავაზოს ისეთი იდეები და არ შეიტანოს ყველაფერში ისეთი ცვლილებები, რომ უმადურობა გამოიჩინოს ადრე გაკეთებულის მიმართ. მან უნდა აჩვენოს, რომ ის იზიარებს ორგანიზაციის ღირებულებებს.
ლიდერი უნდა დარწმუნდეს, რომ ადამიანებს აქვთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ წარმატებული მუშაობისთვის თავიანთ პოზიციებზე. მან უნდა გააკეთოს უფრო მეტი, ვიდრე მისგან ელიან, მისი პოზიციის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. მან უნდა შეიტანოს ისეთი ცვლილებები, რომელიც მისი ხალხის უმეტესობის მიერ მიჩნეულია კარგ ცვლილებებად.
(2) ნებართვის ლიდერობა
ამ დონეს უწოდებენ "ნებართვას", რადგან ახლა ხალხს სურს გაჰყვეს ლიდერს. ლიდერმა ამ დონეს მიაღწია თავის ხალხთან ურთიერთობის განვითარებით. ის პირადად დაინტერესდა მათი ცხოვრებით და არა მხოლოდ მათი საქმიანობით. ის იცავს მათ, ორგანიზაციის მხრიდან ბოროტი მოპყრობისგან. ის პოულობს გზებს, რომ დაეხმაროს მათ პირადი წარმატების მიღწევაში.
(3) წარმოების ლიდერობა
როდესაც ლიდერი მესამე დონეზეა, ხალხი მისდევს არა მხოლოდ ურთიერთობის, არამედ კარგი შედეგების გამო. ლიდერის ქმედებები ეხმარება მათ მიზნების მიღწევაში, ამიტომ ადამიანები თანამშრომლობენ, რადგან მოსწონთ ის, რაც ხდება მისი საშუალებით. ლიდერის გამო, ორგანიზაციაც წარმატებას აღწევს და ადამიანებიც პირადად აღწევენ წარმატებას. ამ დონეზე, ლიდერი ელაპარაკება მიზნების შესახებ, ადგენს კურსს და ინარჩუნებს პასუხისმგებლობას, როგორც საკუთარ ქმედებებზე, ისე თავისი ხალხის ქმედებებზეც.
(4) ხალხის განვითარება
მეოთხე დონე არის ხალხის განვითარება, სადაც ზოგიერთი ადამიანი ხდება ლიდერი, ლიდერთან პირადი კავშირით. მათ სჯერათ მის მიერ მიღებული შედეგების, მათ პირადი ურთიერთობა აქვთ მასთან და განიცდიან პირად რეალიზებას. ამ დონეზე ლიდერმა უნდა ჩადოს ინვესტიცია თავისი ეფექტური ხალხის "ტოპ" 20%-ში. მან უნდა შექმნას ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მას ლიდერობაში დაეხმარებიან.
(5) ინდივიდუალობა, ანუ პიროვნულობა
მეხუთე დონეს, მაქსველი ინდივიდუალობას უწოდებს, რადგან ლიდერი გახდა ცნობილი ფიგურა, რომელსაც ხალხი მისდევს იმის გამო, თუ ვინ არის ის. ის ცნობილია, როგორც ლიდერი კარგი სახელით და რეპუტაციით და ხალხიც მიჰყვება მას, მაშინაც კი, როდესაც მასთან პირადი კავშირი და ურთიერთობა არ აქვთ.
დასკვნა
ლიდერი ვერ ექნება ერთი და იგივე დონეზე ყველა თავის ხალხთან ერთად. მაგალითად, ზოგიერთი მისი ხალხიდან შეიძლება მას მიჰყვებოდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას უჭირავს ხელმძღვანელი თანამდებობა (თანამდებობრივი ლიდერობა), სხვები კი შეიძლება თანამშრომლობდნენ მასთან, რადგან ხედავენ, რომ მისი ლიდერობა კარგ შედეგებს იძლევა (ლიდერობა წარმოებაში).
ლიდერმა უნდა შეაფასოს საკუთარი დონე და გააცნობიეროს რა უნდა გააკეთოს შემდეგ დონეზე გადასასვლელად. ის არ უნდა კმაყოფილდებოდეს იმ დონით, რომელზეც პირველად მიაღწია გარკვეულ წარმატებას. მაგალითად, ზოგიერთი ლიდერი კმაყოფილია, რომ რჩება მეორე დონეზე, სადაც ისინი უყვართ იმ ადამიანებს, ვისაც ხელმძღვანელობენ.
“პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვისზეც ემყარება ნდობა. პასუხისმგებლობა ყოველთვის ნდობის ნიშანია”
(ჯეიმს ქეშ პენი ).
[2]ამ დონეების აღწერა არ არის სრულად მაქსველის ჩანაწერებიდან აღებული.
წასვლა
ზოგჯერ განვითარებადი ლიდერი გადადის ერთი ორგანიზაციიდან მეორეში. მოწიფულმა ლიდერმაც კი, რომელიც დიდხანს მსახურობდა ერთ ადგილას, შეიძლება სხვაგან გადასვლის გადაწყვეტილება მიიღოს.
როგორ შეიძლება გაიგოს ლიდერმა, როდის არის მისი წასვლა მართებული?
ზოგჯერ მსახურების ლიდერმა იცის, რომ ღმერთი მას სხვა ადგილას უწოდებს სამსახურებლად. ღმერთს შეუძლია ნათლად გამოავლინოს თავისი ნება. ადამიანი არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ შინაგან განცდას; უნდა არსებობდეს ღმერთის მითითების დადასტურება. ჩვეულებრივ, თუ ღმერთი ცვლილებებისკენ მიგვითითებს, ის განსაკუთრებულ ცვლილებებს შეიტანს გარემოებებში, ან ისეთ ზომებს მიიღებს, რაც დაადასტურებს მის მიმთითებებს.
ასევე არსებობს სხვა რამ, რაც გასათვალისწინებელია, გადაწყვეტილების მიღებისას - დატოვოთ თუ არა ლიდერობა.
არ წახვიდეთ იმის გამო, რომ არ გსურთ დაემორჩილოთ ძალაუფლებას.
არ წახვიდეთ ახალ თანამდებობაზე, მეტი ანაზღაურების გამო.
არ მიხვიდეთ ორგანიზაციაში, რომელიც მოითხოვს თქვენგან კომპრომისზე წასვლას თქვენს რწმენასთან ან ეთიკურ შეხედულებებთან.
არ დაარღვიოთ ოჯახის პრიორიტეტები დაწინაურების შესაძლებლობის გამო. ყოველთვის იზრუნეთ თქვენი ოჯახისთვის კარგი საეკლესიო და სასკოლო გარემოს უზრუნველსაყოფად, თუ ეს შესაძლებელია. სხვაგან გადასვლა სასიკეთო უნდა იყოს თქვენი ოჯახისთვის.
ახალ თანამდებობას უნდა გააჩნდეს უფრო ფართო პოტენციალი ლიდერული თვისებების განვითარებისთვის. ახალი პოზიცია უნდა შეესაბამებოდეს თქვენს შესაძლებლობებსა და პოტენციალის ნიშას.
შეეცადეთ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც ტოვებთ. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ისინი არასწორად მოგექცნენ, ნუ გააკეთებთ მათ მიმართ მკაცრ განცხადებებს. რაც დრო გავა, მათ შეიძლება ახსოვდეთ თქვენი თვისებები და დაივიწყონ თქვენი შეცდომები. თქვენ სავარაუდოდ კვლავ გექნებათ მათთან კონტაქტი და შესაძლოა მომავალში დაგეხმარონ. ნუ გადაიმტერებთ მათ.
ცუდი მაგალითი…
დემასი პავლე მოციქულთან ერთად მსახურობდა. ის იყო მისიონერული გუნდის ნაწილი, რომელმაც სახარება შეიტანა უცნობ ახალ ადგილებში, ხედავდა სასწაულებს და ათასობით ადამიანის მოქცევას. დააფუძნა ახალი ეკლესიები, რომლებიც ქმნიდნენ საეკლესიო ქსელს ყველა დიდ ქალაქში. ამ დროს იწერებოდა ახალი აღთქმა, რომელმაც ასახა მათი გამოცდილებაც.
დემასი მოიხსენიება ახალ აღთქმაში. სამწუხაროდ, მან ვერ გააცნობიერა შესანიშნავი შესაძლებლობა, რაც მას მიეცა. მისი სახელი მოიხსენიება, როდესაც პავლემ თქვა: "დემასმა შეიყვარა ეს წუთისოფელი, მიმატოვა და წავიდა" (2 ტიმოთეს 4:10).
ჯიმ კოლინზის ლიდერობის დონეების აღწერა
ჩვენ გავეცანით ჯიმ კოლინსის ლიდერობის დონეების აღწერას გაკვეთილზე მსახურების შესახებ. ამ გაკვეთილზე გავეცანით „მე –5 დონის ლიდერობის” ერთერთ განსაკუთრებულ მახასიათებელს.”
ამ გაკვეთილზე გადავხედავთ განსხვავებებს დონეებს შორის.
აქ მოცემულია კოლინზის, ლიდერობის ხუთი დონის აღწერილობა. შესწორებულია ფორმულირება და დამატებულია განმარტებები.
დონე 1: მაღალკვალიფიციური პიროვნება
ეს ადამიანი კარგად მუშაობს ნიჭის, ცოდნის, უნარებისა და კარგი სამუშაო ჩვევების გამო. ეს ადამიანი შეიძლება არ იყოს ხელმძღვანელის პოზიციაზე, მაგრამ მას აქვს გავლენა, რადგან ის კარგად მუშაობს.
დონე 2: გუნდის მოქმედი წევრი
ეს ადამიანი დებს მთელს თავის შესაძლებლობებს, რათა დაეხმაროს ჯგუფს დასახული მიზნების მიღწევაში და კარგად მუშაობს ჯგუფთან. ის შეიძლება არ იყოს ჯგუფის ლიდერი, მაგრამ მისი მონაწილეობა ახდენს მასზე გავლენას.
დონე 3: კომპეტენტური მენეჯერი
ეს ადამიანი ორგანიზებას უკეთებს ხალხს და რესურსებს მიზნების მისაღწევად. მას არ დაუსახია მიზნები, მაგრამ მიიღო ლიდერის მიერ დასახული მიზნები. ის მართავს არსებულ რესურსებს და მუშაობს იმ სიტუაციაში, რომელშიც ის იმყოფება.
დონე 4: ეფექტური ლიდერი
ლიდერი ეხმარება ორგანიზაციის თანამშრომლებს, განავითარებაში და ხედვის გაზიარებაში. ის მათ ეხმარება მიზნების დასახვაში. ის მათ მოტივაციას აძლევს გახდნენ მიძღვნილები და ენერგია დახარჯონ მკაფიო ხედვის მისაღწევად. ის უბრალოდ კი არ მართავს არსებულს, რათა მიღწეულ იქნას მის წინაშე დასახული მიზნები. ის პასუხისმგებლობას იღებს ორგანიზაციის წარმატებაზე, რაც გამოიხატება დახმარების მოზიდვით, რესურსების მოძიებით და მიზნის გადახედვით.
დონე 5: დონე 5 აღმასრულებელი
ამ ადამიანს აქვს მე -4 დონის ლიდერის მახასიათებლები, მაგრამ ასევე აქვს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი. ორგანიზაციისადმი მიძღვნის გამო, მას აქვს პირადი მორჩილება და მონდომება. ის აშენებს ინსტიტუტს, რომელსაც ექნება გრძელვადიანი დიდებულება.
თავმდაბლობა არ ნიშნავს, რომ ის მორცხვი ან გაუბედავია. სინამდვილეში თავმდაბლობა სიმამაცეს და შეუპოვრობას აძლევს, რადგან მას უფრო მეტად აინტერესებს ორგანიზაცია, ვიდრე თავისი თავი.
მე-5 დონის აღმასრულებელი, თავს უძღვნის, რათა დაწესებულება გახადოს დიდებული. ის თავმდაბალია იმ თვალსაზრისით, რომ დაწესებულებას საკუთარ თავზე უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ის ინსტიტუტს არ იყენებს საკუთარი თავის პოპულარიზაციისთვის, არამედ თავად უძღვნის თავს დაწესებულებას.
დავითი - ლიდერი, რომელმაც გადალახა საზღვრები
დავითმა დიდ წარმატებას მიაღწია მრავალი როლის შესრულებაში. ის იყო მწყემსი, სიმღერების დამწერი, მომღერალი, მექნარე, თაყვანისმცემელი, წინასწარმეტყველი, მებრძოლი, გენერალი და მეფე.
დავითი ყველაზე უმცროსი იყო მრავალშვილიან ოჯახში. უმცროსი ვაჟი იშვიათად ხდება დიდი ლიდერი. მის ოჯახს არ ჰქონდა მისი ლიდერობის მოლოდინი, მაგრამ ღმერთმა აირჩია ის.
დავითის პირველი საქმიანობა იყო მწყემსი. ეს საქმე მნიშვნელოვნად არ გამოიყურებოდა, მაგრამ ის მას უფრო მნიშვნელოვანი რამისთვის ამზადებდა. მისი პასუხისმგებლობის გრძნობა იმდენად დიდი იყო, რომ ლომისგან და დათვისგან არ გაქცეულა. ის ღმერთზე იყო დამოკიდებული თავისი პასუხისმგებლობის შესასრულებლად და ღმერთის დახმარებით მოკლა ლომი და დათვი.
როგორც ყველა პოტენციური ლიდერი, ისიც გადიოდა წვრთნას მანამდე, ვიდრე გაათვითცნობიერებდა, რომ წვრთნას გადიოდა. მისმა გამარჯვებებმა ის ღმერთში დარწმუნებულ პიროვნებად აქცია. ის გახდა ლიდერი, რომელიც არ აძლევდა შიშს უფლებას ხელი შეეშალა მისი საქმისთვის.
წარმოიდგინეთ, რამდენად განსხვავებული იქნებოდა დავითის ცხოვრება, ის რომ ნაკლები სერიოზულობით მოკიდებოდა ცხვრის დაცვას. ის გაიქცეოდა, როდესაც ლომი ან დათვი მოდიოდა. მას არასდროს უფიქრია, რომ რაიმე სხვა ვარიანტი არსებობდა. მოგვიანებით, როდესაც გოლიათი დაინახა და გამოწვევა მოისმინა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ გიგანტს დაუპირისპირდებოდა.
ღმერთმა სამუელი გაგზავნა დავითის მეფედ ცხებისთვის. ცხება ნიშნავს, რომ ის ღმერთმა აირჩია და ღმერთივე გაუწევს განსაკუთრებულ დახმარებას მოწოდების შესრულებაში. როდესაც დავითს მამას გაუკვირდა, რომ სამუელმა არ აირჩია არცერთი უფროსი ძმათაგანი, სამუელმა თქვა: ”კაცი მხოლოდ გარეგნობას ხედავს, ხოლო უფალი გულს უყურებს” (1 მეფეთა (სამუელი) 16:7). ეს განცხადება ეხება ბევრ ისეთ შემთხვევას, როდესაც ღმერთმა გააკვირვა ადამიანები პიროვნების ლიდერად არჩევით.
დიდი გამოწვევები, რომლებიც დავითს ადრეული ცხოვრების განმავლობაში შეექმნა, შესაძლებლობები იყო. თუმცა, მხოლოდ დავითის დამოკიდებულების მქონე ადამიანი ამოიცნობდა შესაძლებლობებს. ათასობით კაცმა მოისმინა გოლიათის გამოწვევა, მაგრამ მხოლოდ დავითმა დაინახა ამაში შესაძლებლობა. ის მოტივირებული იყო ჯილდოს შეთავაზებით, მაგრამ უფრო მეტად ის იბრძოდა ღვთის დიდებისათვის. მან თქვა: „ვინაა ეს წინადაუცვეთელი ფილისტიმელი, რომ ცოცხალი ღმერთის მხედრობას ლანძღავს?”
ლიდერობა არის გავლენა. იმ დღეს, როდესაც დავითმა გოლიათი მოკლა, ის ჯარის ნამდვილი მეთაური იყო, რადგან ჯარი მისი გამარჯვების შემდეგ დაიძრა. მისმა გამარჯვებამ დააჯერა ისინი, რომ გამარჯვება შეეძლოთ.
დავითი საულის ჯარისკაცი გახდა. იგი ბრძნულად იქცეოდა და მისი გავლენა გაიზარდა (1 მეფეთა (სამუელი) 18:14). მიუხედავად იმისა, რომ საული წარუმატებელი ლიდერი იყო, რომელიც დავითს უსამართლოდ ექცეოდა, დავითი ერთგული იყო. ეს იყო პერიოდი, რომელმაც კიდევ უფრო განავითარა დავითის ხასიათი და ბუნება. ხშირად პოტენციურ ლიდერს, რომელსაც აქვს ძლიერი შესაძლებლობები, ცუდად ექცევა წარუმატებელი ძველი ლიდერი. ახალგაზრდა ლიდერს მოუთმენლობის ცდუნება აქვს და ცდილობს ხალხს უფროსი ლიდერისადმი პატივისცემა დააკარგინოს და ის საკუთარი თავისთვის მოიხვეჭოს.
როდესაც საულმა დავითის მოკვლა სცადა, დავითი მთებში დაიმალა. მრავალი კაცი მივიდა და შუერთდა მას, რადგან საულის დროს ძალიან ცუდი პირობები იყო (1 მეფეთა (სამუელი) 22:2). მიუხედავად იმისა, რომ საული მათ ბოროტმოქმედებად თვლიდა, ისინი ყაჩაღები არ გახდნენ. ისინი განაგრძობდნენ ისრაელის მტრების წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა საული მათ მტრებად თვლიდა და დიდ დროს უთმობდა მათზე ნადირობას.
დავითი ეხმარებოდა ფერმერებსა და მესაკუთრეებს მძარცველებისგან დაცვაში (1 მეფეთა (სამუელი) 25:14-16). ერთ დღეს მან ხალხი გაგზავნა საკვების სათხოვნელად იმ ვენახიდან, რომელსაც ისინი იცავდნენ. მეპატრონე ნაბოთი უპატივცემულოდ მოიქცა, თქვა, რომ ისინი მსახურები იყვნენ, რომლებმაც თავიანთი პატრონები დატოვეს და მათ არაფერი მისცეს. დავითი გაბრაზდა და ხალხი ნაბოთის მოსაკლავად წაიყვანა. იქ გზად შეხვდა აბიგაილს, ნაბოთის მეუღლეს, რომელიც მშვიდობის დასამყარებლად იყო მოსული. მან შეახსენა, რომ ამ დრომდე მას არასდროს გამოუყენებია ძალადობა. მან უთხრა: ”ოდესმე შენ იქნები მეფე. ნუ გააკეთებ იმას, რაც შელახავს შენს, როგორც სამართლიანი ადამიანის სახელს.” (1 მეფეთა (სამუელი) 25:30-31). დავითმა მოუსმინა მის რჩევას. დავითი უკვე ცხებული იყო მეფედ, ამიტომ იცოდა, რომ ის უნდა გამეფებულიყო. მიუხედავად ამისა, რომ დიდი ხნის მანძილზე ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ეს არ მოხდებოდა. მას ცდუნება ჰქონდა ეცადა ძალაუფლება ძალით მოეპოვებინა, მაგრამ ამის ნაცვლად ის ელოდებოდა და მიენდო ღმერთს.
მიეცით საშუალება რამდენიმე სტუდენტს, გაგიზიარონ, თუ როგორ აპირებენ ამ გაკვეთილის შედეგად, მიზნების ან მოქმედების შეცვლას.
გაკვეთილი 8-ის დავალებები
1. დაწერეთ ამ გაკვეთილში ნასწავლი კონცეფციის შემაჯამებელი აბზაცი, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ახსენით, რატომ არის ის მნიშვნელოვანი. რა სარგებელი მოაქვს ამის ცოდნას? რა ზიანი შეიძლება მოჰყვეს ამის არცოდნას?
2. განმარტეთ, როგორ გამოიყენებთ ამ გაკვეთილის პრინციპებს თქვენს ცხოვრებაში როგორ ცვლის ეს გაკვეთილი თქვენს მიზნებს? როგორ აპირებთ თქვენი მოქმედებების შეცვლას?
3. დაწერეთ ჯონ მაქსველის ლიდერობის ხუთი დონის აღწერა და ჯიმ კოლინზის ლიდერობის ხუთი დონის აღწერა.
4. შემდეგი გაკვეთილის დაწყებამდე წაიკითხეთ 3 მეფეთა 12. აქ აღწერილია ორი ლიდერი. დაწერეთ ამ ორი ლიდერის შეცდომების შესახებ.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.