ეკლესია საზოგადოებაში
► როგორ უნდა ჩაერთოს ეკლესია საზოგადოებაში?
იერემიამ მისწერა ტყვეობაში მყოფ ებრაელებს და უთხრა, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ წარმართულ საზოგადოებასთან, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ. ეს ებრაელები იყვნენ იქ მათი ნების საწინააღმდეგოდ; იმ საზოგადოების რელიგია იყო წარმართული; მთავრობა კი იყო მჩაგვრელი და ანადგურებდა მათ ერს; ამიტომ, ისინი ელოდებოდნენ იმ დღეს, როდესაც შეძლებდნენ იქიდან წამოსვლას. შესაძლოა, ისინი ფიქრობდნენ, რომ არ უნდა ჩარეულიყვნენ იმ საზოგადოების პრობლემებში.
მოისმინეთ სიტყვა, რომელიც ღმერთმა წინასწარმეტყველს ამ ხალხისთვის მისცა:
მშვიდობა [შალომი] და სიკეთე ეძიეთ იმ ქალაქისთვის, რომელშიც გადაგასახლეთ, ევედრეთ მისთვის უფალს, რადგან მისი სიკეთით თქვენც გექნებათ სიკეთე (იერემია 29:7).
[1]შალომი, სიტყვა, რომელიც ჩვეულებრივ ითარგმნება როგორც მშვიდობა, ეხება არა მხოლოდ მშვიდობას, არამედ კურთხევებს, რომლებიც ახლავს მშვიდობას. ის ეხება ღვთის კურთხევებს. ეს ღვთის თაყვანისმცემლები წარმართულ ქვეყანაში, ღვთის კურთხევებს მოიპოვებდნენ, როდესაც ეცდებოდნენ ამ კურთხევების მოტანას წარმართული საზოგადოების წარმომადგენლებისთვის!
ქვეყნიერების პრობლემები ცოდვის ძირეული პრობლემიდან მომდინარეობს. ცალკეული პირები და ორგანიზებული ძალები არ სცემენ პატივს ღვთის სიტყვას. ეკლესია არის განსაკუთრებულად დადგენილი, რათა ილაპარაკოს ქვეყნიერების პრობლემებზე, რადგან ეკლესიას შეუძლია ღვთის სიტყვის განმარტება და ღმერთის სიბრძნის დემონსტრირება. ეკლესიამ არა მხოლოდ უნდა ისაუბროს საზოგადოების ცოდვების წინააღმდეგ, არამედ უნდა განმარტოს და აჩვენოს, როგორი უნდა იყოს საზოგადოება.
“ქრისტიანული ეკლესია არის თემი, ანუ საზოგადოება, რომლის მეშვეობითაც სულიწმიდა განაგებს გამოსყიდვას და ანაწილებს სულიწმიდის ნიჭებს და საშუალებებს, რომლითაც ღმერთი თავისთან შერიგების გზას, ქრისტე იესოში წარუდგენს კაცობრიობას. ეკლესია მოწოდებულია ქვეყნიერებიდან, რათა იზეიმოს თვით ღმერთის მოსვლა და ასევე მოწოდებულია დაბრუნდეს ქვეყნიერებაზე, რათა გამოაცხადოს ღვთის სასუფეველი, რომელიც ორიენტირებულია ღვთის მოსვლასა და მისი დაბრუნების მოლოდინზე.
- თომას ოდენი, ცხოვრება სულში