ეკლესიის დოქტრინა და პრაქტიკა
ეკლესიის დოქტრინა და პრაქტიკა
Audio Course Purchase

Search Course

Type at least 3 characters to search

Search through all lessons and sections in this course

Searching...

No results found

No matches for ""

Try different keywords or check your spelling

results found

Lesson 3: ადგილობრივი ეკლესია

1 min read

by Stephen Gibson


შესავალი

► რით განსხვავდება იგი ყველა სხვა ჯგუფისგან?

ადგილობრივი ეკლესიის ეს განსაზღვრება შეიძლება დაიყოს შვიდ ძირითად ელემენტად. ამ ელემენტებს კიდევ უფრო განვმარტავთ ამ კურსის განმავლობაში.

ადგილობრივი ეკლესიის განსაზღვრება

ადგილობრივი ეკლესია არის მორწმუნეთა ჯგუფი, რომელიც მოქმედებს როგორც სულიერი ოჯახი და რწმენით დაკავშირებული საზოგადოება; რომელიც სთავაზობს სახარებას და ეკლესიის თანაზიარებას ყველას, ვინც მოინანიებს; ატარებს ნათლობებსა და ზიარებებს; ერთობლივად მონაწილეობს თაყვანისცემაში, მოზიარეობაში, მახარებლობაში და მომოწაფებაში; ასრულებს ქრისტეს სხეულის საქმეს სულიწმინდის ნიჭებით; ემორჩილება ღვთის სიტყვას; ერთობით, რომელიც ეფუძნება ბიბლიურ მოძღვრებას, მადლის გამოცდილებასა და სულიერ ცხოვრებას.

[1]განმარტების ნაწილები მეორდება ქვემოთ, ფრჩხილებში მოყვანილ ახსნა-განმარტებებით.

► ყოველ მომდევნო პუნქტზე იმსჯელეთ, რატომ არის ის ეკლესიის აუცილებელი მახასიათებელი. რა იქნებოდა შედეგი, ეკლესიას რომ ეს მახასიათებელი არ ჰქონოდა?”

ადგილობრივი ეკლესია არის მორწმუნეთა ჯგუფი, რომელიც მოქმედებს როგორც სულიერი ოჯახი და რწმენით დაკავშირებული საზოგადოება…

ეკლესია არის ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბებულია ქრისტიანული რწმენით. მას აქვს უფრო ძლიერი ურთიერთობები, ვიდრე ქვეყნიერების ნებისმიერ სხვა ჯგუფს.

…რომელიც სთავაზობს სახარებას და ეკლესიის თანაზიარებას ყველას, ვინც მოინანიებს…

ეკლესია ვერ შეძლებს გამორიცხოს ეთნიკური ჯგუფები ან ადამიანთა კლასები და ამასთან მაინც სახარების ერთგული დარჩეს. საერთო ეთნიკური ან სოციალური კლასი საჭირო არ არის. გარდა ამისა, ეკლესიას არ შეუძლია უარი თქვას გარკვეული ცოდვების მიტევებაზე, თუ ის სახარებისადმი ერთგულია.

…ატარებს ნათლობებსა და ზიარებებს…

იესომ ეკლესიას ამ ცერემონიებისთვის მითითებები მისცა. ნათლობა აღნიშნავს ეკლესიაში შესვლას ქრისტესკენ მოქცევით. ზიარება წარმოადგენს მადლს, რომელიც გაცხადდა სახარებაში.

[2]…ერთობლივად მონაწილეობს თაყვანისცემაში, მოზიარეობაში, მახარებლობაში და მომოწაფებაში…

ეს არის ეკლესიის ძირითადი მიზნები. თანამშრომლობა აუცილებელია ეკლესიისთვის ამ მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად.

ასრულებს ქრისტეს სხეულის საქმეს სულიწმინდის ნიჭებით…

ეკლესიის სულიერი ამოცანები ვერასოდეს შესრულდება მხოლოდ ადამიანური შესაძლებლობებით.

ემორჩილება ღვთის სიტყვას…

ეკლესია დამოკიდებულია ბიბლიაზე მისი სახარებით, მოძღვრებით და ავტორიტეტით. თუ ეკლესია გადაწყვეტს არ დაემორჩილოს ბიბლიას, ეკლესია კარგავს სწავლების უფლებამოსილებას.

ერთობით, რომელიც ეფუძნება ბიბლიურ მოძღვრებას, მადლის გამოცდილებასა და სულიერ ცხოვრებას…

ეკლესიის წევრებს შეუძლიათ ერთმანეთს მიუძღვნან თავი, რადგან მათ აქვთ ეს სამი საერთო რამ. სამივეს გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი ქრისტიანული მოზიარეობა.


[1]

“მორწმუნეები არ არიან მოწოდებულნი ცალ-ცალკე, რათა იცხოვრონ ღმერთთან მხოლოდ ინდივიდუალური ურთიერთობით, არამედ არიან მოწოდებულნი ერთად და შეკავშირებულნი როგორც ერთი ხალხი. ”

- თომას ოდენ, ცხოვრება სულში

[2]

“ქრისტეს ხილული ეკლესია არის ერთგული ადამიანების საზოგადოება, რომელშიც იქადაგება ღვთის წმინდა სიტყვა და საიდუმლოებები სათანადოდ არის შესრულებული ქრისტეს დადგენილების შესაბამისად... ”

- მეთოდისტური ეკლესიის რელიგიის სტატიები

ღვთის ინვესტიცია ეკლესიაში

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს ეფესელთა 3:1-10 ჯგუფს. რა თქვა პავლემ თავისი მსახურების შესახებ?

პავლემ თქვა, რომ მისი მსახურების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ეკლესიის არსის განმარტება, ამიტომ ჩვენ ვიცით, რომ ეკლესიის მნიშვნელობის განმარტება მსახურების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს დღესაც. ღმერთმა დაგეგმა, რომ წარმართი მორწმუნეები უნდა მოეყვანა ეკლესიაში და რომ ეკლესია ქვეყნიერებას აჩვენებდა ღვთის სიბრძნეს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია არ არის შენობა. ქრისტიანებს არ ჰქონდათ ეკლესიის შენობები, ეკლესიის პირველი რამდენიმე თაობის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ახალი აღთქმა საუბრობს ეკლესიაზე, ის საუბრობს ადამიანებზე.

ეპისტოლე ეფესელთა მიმართ განმარტავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკლესია ღვთის გეგმისათვის.

…და ყოველივე დაამხო მის ფერხთა ქვეშ და დაუმორჩილა, და ის დაადგინა ყოველივეზე მაღლა, თავად ეკლესიისა, რომელიც მისი სხეულია, სისრულე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეში (ეფესელთა 1:22-23).

ეს მუხლი ამბობს, რომ იესო არის ეკლესიის თავი და რომ ეკლესია მისი სხეულია. ნათქვამია, რომ ეკლესიას აქვს ღვთის სისავსე.

წარმოიდგინეთ მდინარე, რომელიც მთელ დიდ ქალაქს ამარაგებს წყლით. მილიონობით ადამიანი იყენებს წყალს, და მაინც ის ოდენობა, რომელსაც ისინი იყენებენ ნაკლებია, ვიდრე ის, რაც მდინარეში მოედინება. ძნელი წარმოსადგენია რა ოდენობის წყალია ეს.[1]

რაღა ვთქვათ ღვთის სისავსეზე? ღმერთს რომ შეექმნა საცავი ან არხი მისი კურთხევის, მადლისა და ძალის გადმოსაღვრელად ქვეყნიერებაზე, რა სახის საცავი დაიტევდა ღმერთის სისავსეს? ეს მუხლი ამბობს, რომ ეკლესია არის ეს საცავი. ეკლესია შეიცავს ღვთის კურთხევას ქვეყნიერებისთვის.

გახსოვდეთ, ეკლესია, რომელიც შეიცავს ღვთის კურთხევას, არ არის შენობა, არამედ - ადამიანთა ჯგუფი ქრისტიანული მოზიარეობით.

ღვთის გეგმა ეკლესიის შესახებ არსებობდა სამყაროს დასაწყისში. მაშ, რა მიზანი ჰქონდა ღმერთს ეკლესიისთვის?

კიდევ ერთხელ გადახედეთ ეფესელთა 3:10-11.

რათა ახლა ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს მმართველობებს და ხელისუფლებებს ზეცაში ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე. საუკუნო განზრახვით, რომელიც განახორციელა ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.

მრავალმხრივი ნიშნავს “ყველანაირი.” ღმერთს აქვს სიბრძნე ყველა სიტუაციისა და ცხოვრების ყველა ასპექტისთვის. ღმერთის სიბრძნე უნდა გამოვლინდეს და გაცხადდეს სამყაროში, მათ შორის სულიერ სამყაროში, იმით, რასაც ღმერთი აკეთებს ეკლესიის მეშვეობით. ადამიანი იღებს ღმერთის აღქმას იქიდან, რასაც ეკლესიაში ხედავს. ეკლესიის ხილვამ უნდა აიძულოს ადამიანი თაყვანი სცეს ღმერთს. მან უნდა დაინახოს ღვთის სიბრძნე, რომელიც მოქმედებს ეკლესიაში. ქვეყნიერება ვერ დაინახავს ამ ყველაფერს საკვირაო ღვთისმსახურებიდან. ისინი ამას ხედავენ ეკლესიის მოქმედებით ყოველდღე და ცხოვრების ყველა სიტუაციაში.

► რომელია ცხოვრებისეული სიტუაციების მაგალითები, სადაც ღვთის სიბრძნე მნიშვნელოვანია?

მოიცავს თუ არა ღვთის „მრავალმხრივი“ სიბრძნე ოჯახის პრობლემებს, სიღარიბეს, უმუშევრობას, არასაკმარის საცხოვრებლებს, ცუდ განათლებას, არასრულწლოვანთა დანაშაულს, ბავშვთა უგულებელყოფას, სამედიცინო საჭიროებებს და სხვა ადამიანურ პრობლემებს? რა თქმა უნდა მოიცავს. როგორ იხილოს ქვეყნიერებამ ღვთის სიბრძნე? ის ამას დაინახავს, როდესაც ეკლესია წარმოაჩენს, თუ როგორ ატარებს ცხოვებაში ღვთის მიერ შეთავაზებულ გამოსავალს, ეს რწმენით შეკავშირებული საზოგადოება.

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს ეფესელთა 3:20-21 ჯგუფს.

ყველაფრის მიზანი, რაც ღმერთმა შექმნა, არის ღმერთის განდიდება. ეკლესია არის ის ადგილი, სადაც ღმერთი განსაკუთრებით განდიდდება, რადგან

  • ეს ის ადგილია, სადაც ხდება სიყვარულის და გამოსყიდვის დემონსტრირება.

  • ეს ის ადგილია, სადაც მის ხატად შექმნილი ქმნილებები საკუთარი ნებით სცემენ თაყვანს და ემორჩილებიან მას.

  • ეს არის ადგილი, სადაც რწმენის ოჯახი წარმოაჩენს ღვთის მიერ კურთხეულ ცხოვრებას.

  • ეს არის ადგილი, სადაც გამოსყიდული ადამიანები მონაწილეობენ სხვების გამოსყიდვაში ევანგელიზაციის საშუალებით.

ღმერთი იქნება გლობალურად, სამუდამოდ განდიდებული იმით, რასაც ეკლესია აკეთებს ახლა. თქვენი ადგილობრივი ეკლესიის საქმე იქნება ღვთის დიდების მარადიული მემორიალი.


[1]კიდევ ერთი ილუსტრაცია: არის კომპანია სახელად "კარბონატი", რომელიც უზრუნველყოფს პერსონალური კომპიუტერების მხარდაჭერას. მათ შეუძლიათ შეინახონ ყველაფერი, რაც თქვენს კომპიუტერზეა, თუ მას რამე დაემართება. წარმოიდგინეთ, რა სახის საცავი უნდა ჰქონდეთ, რომ იტევდეს ათასობით კომპიუტერის შიგთავსს!

ადგილობრივი ეკლესიის საკმარისობა

ბიბლია საუბრობს ერთ ეკლესიაზე, მაგრამ ასევე საუბრობს ადგილობრივ ეკლესიებზე. მაგალითად, მოციქულმა იოანემ აზიის შვიდ ეკლესიას მიწერა (გამოცხადება 1: 4). პავლემ ახსენა „ღვთის ყველა ეკლესია” (1 კორინთელთა 11:16).

ადგილობრივი კრებული, ანუ მრევლი, ერთიანი ეკლესიის ნაწილს წამოადგენს, თუმცა მას აგრეთვე უწოდებენ ეკლესიას. ახალი აღთქმის მრავალი ეპისტოლე მიწერილია კონკრეტულ ადგილებში არსებულ ეკლესიების მიმართ.

► რომელს შეიძლება ვუწოდოთ ღვთის ტაძარი, ერთიან საყოველთაო ეკლესიას თუ ადგილობრივ ეკლესიას?

[1]ეფესელთა 2: 20-21-ში პავლემ თქვა, რომ ერთი ეკლესია, რომელიც შენდება თავდაპირველ საძირკველზე, არის ღვთის ტაძარი. 22 -ე მუხლში მან თქვა, რომ ეფესელი მორწმუნეები ღვთის სახლი იყვნენ. სხვა მუხლში მან კორინთელ მორწმუნეებს უთხრა, რომ ისინი ღვთის ტაძარი იყვნენ (1 კორინთელთა 3:16). ამიტომ, ჩვენ ვხედავთ, რომ ერთიანი საყოველთაო ეკლესიას ღვთის ტაძარი; თუმცა ასევეა ადგილობრივი ეკლესიაც.

► რომელს შეიძლება ვუწოდოთ ქრისტეს სხეული, ერთ საყოველთაო ეკლესიას თუ ადგილობრივ ეკლესიას?

პავლე ლაპარაკობდა ერთიან ეკლესიაზე, როგორც ქრისტეს სხეულზე (ეფესელთა 1:23). თუმცა, კორინთოს ეკლესიის მიმართ წერილში პავლემ თქვა: "თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ" (1 კორინთელთა 12:27). მას არ უთქვამს, რომ კორინთელი მორწმუნეები მხოლოდ ქრისტეს სხეულის ნაწილები იყვნენ. ისინი ქრისტეს სხეული იყვნენ იმ ადგილზე.

ღმერთის განზრახვაა, რომ თითოეული ეკლესია - როგორც ადამიანთა კრებული, ფუნქციონირებდეს როგორც სრული ეკლესია, იმ ყველაფრით, რაც მათ სჭირდებათ, რომ ქრისტეს სხეულს წარმოადგენდნენ იმ ადგილებისთვის, სადაც ეს ეკლესიები არსებობს.

პავლემ ადგილობრივი ეკლესიის წევრები შეადარა სხეულის ნაწილებს, როგორიცაა თვალი, ფეხი და ხელი. ცხადია, რომ სხეულის ნაწილები ერთად უნდა იყოს ერთ ადგილას, რომ ფუნქციონირებდეს. მას არ უთქვამს, რომ ისინი სხეულის ნაწილები იყვნენ და რომ სხეულის სხვა ნაწილები მიმოფანტულია მთელს მსოფლიოში. ისინი სრულყოფილ სხეულს წარმოადგენდნენ იმ ადგილისთვის, სადაც ცხოვრობდნენ.

პავლემ კორინთელებს უთხრა, რომ ზოგიერთი რამ უნდა გაკეთებულიყო, როდესაც „მთელი ეკლესია ერთად შეიკრიბება“. ის აშკარად საყოველთაო ეკლესიაზე არ საუბრობდა, არამედ ადგილობრივ ეკლესიაზე. ადგილობრივ კრებულს აქვს განსაკუთრებული ძალაუფლება, როდესაც ის მოქმედებს როგორც ეკლესია.

ღმერთი აძლევს სულიწმიდის ნიჭებს, რომლებიც სჭირდება ადგილობრივ ეკლესიას. ეკლესიის წევრები ერთად მსახურობენ სხვადასხვა ნიჭებით, რათა ადგილობრივი ეკლესიის, ანუ კრებულის, საჭიროებები დააკმაყოფილონ.

რადგანაც ადგილობრივი კრებული არის ქრისტეს სხეული, ღვთის ტაძარი და ეკლესია, ის საკმარისია, რათა წარმოადგენდეს ეკლესიას იქ, სადაც ის არის.

ადგილობრივი ეკლესიის საკმარისობა ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ სხეულს გააჩნია ნიჭები და რესურსები, რომელიც საჭიროა მსახურებისთვის მის ადგილსამყოფელზე. ადგილობრივ ეკლესიას შეუძლია იფუნქციონიროს როგორც ეკლესიამ, მაშინაც კი, თუ მას არ ექნება დახმარება გარედან. ეკლესიის ადგილობრივი წინამძღოლები ეხმარებიან კრებულს, შეიმუშაონ ხედვა და მიზნები ადგილობრივი მსახურებისთვის. კრებული, ანუ ეკლესიის წარმომადგენლები, ერთად შრომობენ, რათა ფინანსურად მხარი დაუჭირონ მსახურებას და იზრუნონ კრებულის, ანუ ეკლესიის წევრებზე.


[1]

“ეკლესიის ყველა ძირითადი ელემენტი ჩანასახის სახით არის ეკლესიის ამ ადრეულ ოთხგზის აღწერილობაში [საქმეები 2:42]: მოციქულთა მოძღვრება, მოზიარეობა, პურის გატეხვა და ერთობლივი ლოცვა და თაყვანისცემა“.

- თომას ოდენ, ცხოვრება სულში

ეკლესიის აუცილებლობა

ძნელია ახალმოქცეულთა შენარჩუნება, თუ ისინი არ ჩაერთვებიან ეკლესიის ცხოვრებაში. მორწმუნეს კარგად ვერ მოიმოწაფებთ, მისი მონაწილეობის გარეშე ადგილობრივი ეკლესიის ცხოვრებაში. ადამიანს ვერ მოამზადებთ მსახურებისთვის, ეკლესიაში გამოცდილების მიღების გარეშე.

სახარებას არ აქვს ხილული ფორმა საზოგადოებაში, სანამ არ არსებობს ეკლესია. ხილული ფორმა არ არის ეკლესიის შენობა, არამედ მოქმედი, რწმენის ოჯახი, რომელიც ახდენს ღმერთთან ურთიერთობით სავსე ცხოვრების დემონსტრირებას. სანამ ეკლესია არ იარსებებს, სამყარო ვერ დაინახავს რას ნიშნავს - იყო ქრისტიანი. ადგილობრივ თემს ვერ მივიჩნევთ სრულყოფილად ევანგელიზირებულად, სანამ იქ ეკლესია არ დაარსდება.

 

შვიდი შემაჯამებელი დებულება

1. მოქცეული ადამიანი არ უნდა გამოირიცხოს ეკლესიიდან ეთნიკური წარმომავლობის, სოციალური დონის ან წარსული ცოდვების გამო.

2. ეკლესიის ამოცანები შეიძლება შესრულდეს მხოლოდ სულიწმიდის მოქმედებით ეკლესიის საშუალებით.

3. ეკლესიის ერთიანობა ემყარება ბიბლიურ მოძღვრებას, მადლის გამოცდილებას და სულიერ ცხოვრებას.

4. ღვთის სიბრძნე ეცხადება ქვეყნიერებას იმით, რასაც ის ეკლესიაში აკეთებს.

5. ადგილობრივი ეკლესიის თვითკმარობა ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ სხეულს გააჩნია ნიჭები და რესურსები, რომლებიც საჭიროა მსახურებისთვის იმ ადგილას, სადაც მდებარეობს და მოღვაწეობს.

6. ეკლესია აუცილებელია მოქცეულთა შესანარჩუნებლად, მორწმუნეთა დისციპლინირებისა და მსახურთა გაწვრთვნა-მომზადებისთვის.

7. საზოგადოება (თემი) არ არის სრულყოფილად ევანგელიზირებული, სანამ იქ ეკლესია არ არის.

3 გაკვეთილის დავალებები

1. დაიმახსოვრეთ მე- 3გაკვეთილის შვიდი შემაჯამებელი დებულება. დაწერეთ ერთი აბზაცი, რომელიც განუმარტავს შვიდი შემაჯამებელი განცხადებიდან თითოეულის აზრს და მნიშვნელობას (სულ შვიდი აბზაცი) ვინმეს, ვინც არ არის ამ კლასის სტუდენტი. ჩააბარეთ ის კლასის ხელმძღვანელს შემდეგი გაკვეთილის დაწყებამდე. მზად იყავით გაუზიაროთ თქვენი აბზაცი ჯგუფს, თუ კლასის ხელმძღვანელი ამას გთხოვთ დისკუსიის დროს. ჩამოწერეთ ზეპირად ნასწავლი შვიდი შემაჯამებელი დებულება.

2. არ დაგავიწყდეთ დროში გაწეროთ თქვენი კლასგარეშე სწავლების შესაძლებლობები და აცნობეთ კლასის ხელმძღვანელს, როდესაც ჩაატარებთ სწავლებას.

3. წერითი დავალება: შეისწავლეთ ეფესელთა 5:25-32. დაწერეთ რამდენიმე წინადადება ქრისტესა და ეკლესიას შორის ურთიერთობის შესახებ.

Next Lesson