შესავალი
► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს კლასს შემდეგი გამოგონილი ამბავი.
ოდესღაც იყო ერთი ქალაქი, რომელსაც მდინარით დატბორვის საფრთხე ემუქრებოდა. ქალაქის მოსახლეობა ჯგუფებად შეიკვრნენ, რათა ტომრები ქვიშით აევსოთ და მდინარის ნაპირებზე მოეთავსებინათ. ხალხი ენთუზიაზმით მუშაობდა და გუნდური სულისკვეთება ჩამოყალიბდა. მალე ჯგუფებმა სახელები დაირქვეს. მათ შორის იყვნენ ქალაქის მხსნელები, ქვიშის მთხრელები და მდინარის შემკავებლები. გუნდის რაობა მნიშვნელოვანი გახდა. თითოეული გუნდის წევრებს ეცვათ შესაბამისი მაისურები. ისინი ლაპარაკობდნენ, თუ რატომ იყო მათი გუნდი საუკეთესო. ისინი აკრიტიკებდნენ სხვა გუნდების მუშაობას.
როდესაც მდინარის შემკავებლებმა სთხოვეს ქალაქის მხსნელებს, რომ ურიკა ეთხოვებინათ, მათ არ მისცეს მათ უფლება წაეღოთ ის, რადგან ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა მოგვიანებით ის დასჭირვებოდათ. როდესაც ქვიშის მთხრელებს ტომრები გამოელიათ, მათ მოუწიათ ლოდინი ერთი საათის განმავლობაში, ვიდრე დამატებით ტომრებს მიაწოდებდნენ, როდესაც სხვა გუნდებს ჯერ ისევ ჰქონდათ ზედმეტი ტომრები. გუნდებს დაავიწყდათ, რომ მათ ერთი მისია ჰქონდათ. თითოეული გუნდის წარმატება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე მისიის საბოლოო წარმატება.
► როგორ მოქმედებენ ზოგჯერ ეკლესიები ამ ამბის გუნდების მსგავსად?
ბიბლია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ქრისტიანული ერთიანობის მნიშვნელობაზე. პავლემ გაკიცხა კორინთოს ეკლესიის განხეთქილება კითხვით: "განა გაიყო ქრისტე?" (1 კორინთელთა 1:13). მან უთხრა ეფესელებს, რომ შეენარჩუნებინათ სულის ერთიანობა და აღნიშნა, რომ"ერთია სხეული... ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება" (ეფესელთა 4: 4-5). იესო გულმხურვალედ ლოცულობდა, რომ მორწმუნეები ერთნი ყოფილიყვნენ, რათა ქვეყნიერებას ერწმუნა, რომ ის მამისგან იყო წარმოგზავნილი (იოანეს 17:21).
ეკლესია თავიდანვე მიიჩნევდა, რომ ის ერთიანი იყო. მოციქულთა რწმენის სიმბოლო შეიცავს ამ მტკიცებას: "მე მწამს... წმინდა კათოლიკე ეკლესიის; წმინდანთა ზიარების". ნიკეის რწმენის სიმბოლო შეიცავს დებულებას: "მე მწამს ერთი კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია". ტერმინი კათოლიკე ნიშნავს სრულ და საყოველთაო (მსოფლიო). ტერმინი სამოციქულო ნიშნავს იმას, რომ ეკლესია დაარსდა მოციქულთა მიერ და დღემდე ემორჩილება მოციქულთა სწავლებას.
ადრეული რწმენის სიმბოლოები გამოხატავდა ძირითად ქრისტიანულ დოქტრინებს. ეკლესია არ თვლიდა არცერთ ადამიანს ქრისტიანად, რომელიც არ აღიარებდა და არ ღებულობდა ამ მრწამსს, ვინაიდან რწმენის სიმბოლო მიზნად ისახავდა ქრისტიანობის არსის განსაზღვრას. მაშასადამე, ადამიანი ერეტიკოსი იყო, თუ ფიქრობდა, რომ არსებობდა ჭეშმარიტი ეკლესიები, რომლებიც არ იყვნენ ერთი საყოველთაო ეკლესიის ნაწილი.