ეკლესიის დოქტრინა და პრაქტიკა
ეკლესიის დოქტრინა და პრაქტიკა
Audio Course Purchase

Search Course

Type at least 3 characters to search

Search through all lessons and sections in this course

Searching...

No results found

No matches for ""

Try different keywords or check your spelling

results found

Lesson 14: სულიერი ნიჭები

1 min read

by Stephen Gibson


სულიერი ნიჭების ჩამონათვალი

სულიერი ნიჭის განსაზღვრება

სულიერი ნიჭი არის სულიწმიდის მიერ მორწმუნესთვის მიცემული უნარი ეკლესიის მსახურებაში გამოსაყენებლად. ეს არის სულიწმიდის მოქმედება მორწმუნის მეშვეობით, მაგრამ მორწმუნე აკეთებს არჩევანს იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებს თავის ნიჭს და შეიძლება ის არასათანადოდ გამოიყენოს. სულიერი ნიჭი იგივე არ არის, რაც ბუნებრივი უნარი, მაგრამ ნიჭებს შეიძლება თან ახლდეს ბუნებრივ უნარებიც, რაც ადვილად არ განირჩევა ერთმანეთისგან.

სულიერი ნიჭები და მსახურების ფუნქციები ჩამოთვლილია ახალ აღთქმაში რამდენიმე ადგილას. ჩამანათვალები მსგავსია, მაგრამ არა იდენტური. ბიბლია არ გვაძლევს ყველა სულიერი ნიჭის ჩამონათვალს.

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს ეფესელთა 4:7-12 ჯგუფს.

7-8 მუხლები გვეუბნება, რომ ღვთის მადლი ეძლევა ყოველ ადამიანს სულიერი ნიჭის სახით. როგორც ჩანს, მოციქული არ საუბრობს ხსნის მადლზე, რადგან მე-11 მუხლში მან ჩამოთვალა რამდენიმე მსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობა, რომელსაც ღმერთი იძლევა.

ღმერთი მოუწოდებს ადამიანებს გარკვეულ მსახურებებში და აძლევს მათ საჭირო სულიერ ნიჭებს. პავლემ ჩამოთვალა რამდენიმე მსახურება, ნაცვლად იმისა, რომ ჩამოეთვალა სულიერი ნიჭები, როგორც ეს გააკეთა 1 კორინთელთა წერილში. მსახურების ჩამოთვლილი ფუნქციებია: მოციქული, წინასწარმეტყველი, მახარებელი, მოძღვარი და მასწავლებელი. ცხადია, ეს არ გულისხმობს, რომ ეს არის მსახურებისთვის საჭირო ყველა ფუნქცია-მოვალეობის სრული სია.

მოციქული

მოციქულები მიზანმიმართულად იყვნენ არჩეულნი, რათა მათ განევრცოთ ეკლესია იესოს მიწიერი მსახურების შემდეგ. ისინი ცნობილნი იყვნენ სასწაულებით თავიანთ მსახურებაში (2 კორინთელთა 12:12). ისინი ყველანი პირადად იცნობდნენ იესოს მისი მიწიერი მსახურების დროს (1 კორინთელთა 9:1, საქმეები 1:21-22).

გამოცხადების წიგნში ვკითხულობთ, რომ ქალაქის გალავანს თორმეტი საძირკველი წარმოადგენს თორმეტ მოციქულს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უნიკალური იყვნენ ეკლესიის ისტორიაში (გამოცხადება 21:14). სხვა მუხლები, რომლებიც გულისხმობს, რომ არსებობს მხოლოდ თორმეტი მოციქული, არის მათე 10:2 და საქმეები 1:26. იუდას 17 თავი გულისხმობს, რომ მოციქულები წარსულში იყვნენ. დღეს ცოცხალი მოციქულები არ არიან.

წინასწარმეტყველი

ზოგიერთი ადამიანი ვარაუდობს, რომ წინასწარმეტყველება არის მომავალი მოვლენების წინასწარ თქმა, ხოლო ახალი აღთქმა ქადაგებას წინასწარმეტყველებად მოიხსენიებს. ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველება ხშირად მოიცავდა წინასწარ რაიმეს უწყებას, რადგან ეს იყო ერთ-ერთი გზა, რომლითაც წინასწარმეტყველი ამტკიცებდა, რომ მისი გზავნილი ღვთისგან იყო. ძველი აღთქმის დროს, ბიბლიის დიდი ნაწილი არ იყო დაწერილი.

წინასწარმეტყველი არის ადამიანი, რომელიც იღებს ცნობას ღვთისგან, რომელიც შეიძლება შეიცავდეს, შეიძლება არ შეიცავდეს წინასწარ წარმოთქმულ უწყებას. მისი მთავარი აზრის, შეტყობინების ავტორიტეტი, როგორც წესი, არის ბიბლია.

მახარებელი

სიტყვა მახარებელი მომდინარეობს სიტყვიდან სახარება. მახარებელი არის ადამიანი, რომელიც უქადაგებს სახარებას ცალკეულ პირებს, ან ჯგუფებს. ყველა ქრისტიანმა უნდა გაავრცელოს სახარება, მაგრამ ზოგიერთ მათგანს მიცემული აქვს განსაკუთრებული ნიჭი ამ საქმისთვის. მოძღვარმა უნდა აქციოს მახარებლობა მისი მსახურების ნაწილად (2 ტიმოთეს 4:5).

მოძღვარი/მწყემსი/პასტორი

მოძღვარი, ანუ პასტორი არ არის მხოლოდ მქადაგებელი, არამედ ის პიროვნებაა, რომელიც სულიერად ზრუნავს ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფზე.

მასწავლებელი

ეკლესიაში მასწავლებელი არის ის, ვინც სხვებს უხსნის ბიბლიურ და სულიერ ჭეშმარიტებას. ყველა პასტორი უნდა იყოს მასწავლებელი (1 ტიმოთეს 3:2, ტიტეს 1:9), მაგრამ სხვებსაც, ვიც არ არიან მოძღვრები, ასევე ეძლევათ მასწავლებლობის ნიჭი.

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს რომაელთა 12:6-8 ჯგუფს.

აქ მოციქული ამბობს, რომ ადამიანმა თავისი ძალისხმევის კონცენტრირება უნდა მოახდინოს ღვთისგან ბოძებულ ნიჭზე და არ გაფანტოს ძალები და დრო სხვადასხვა სახის მსახურებაზე.

რამდენიმე სპეციალური შეგონება გაცემულია გარკვეული სახის მსახურებებისთვის. მაგალითად, ის, ვინც ხელმძღვანელობს, უნდა იყოს შრომისმოყვარე, ასრულებდეს პასუხისმგებლობებს არა მხოლოდ მაშინ, როცა მას სურს, არამედ ყოველთვის. ვინც გასცემს, ანუ თესავს, არ უნდა გააკეთოს ეს ისე, რომ ყურადღება მიიპყროს, არამედ უნდა გასცეს უბრალოდ. ადამიანი, რომელიც „მოწყალებას იჩენს“ და ეხმარება გადაუდებელი საჭიროებების მქონე ადამიანებს, ეს უნდა გააკეთოს მონდომებით და არა უხალისოდ.

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს 1 კორინთელთა 12:28 ჯგუფს.

ცხადია, პავლეს არ განუზრახავს ამ მუხლში ყველა ნიჭის ან მსახურების ფუნქციის სრული ჩამონათვალის მოცემა. მაგალითად, მას არ უხსენებია პასტორები ამ ჩამონათვალში, თუმცა ახსენებდა მათ ეფესელების წერილში.

მოციქულები, წინასწარმეტყველები და მასწავლებლები უკვე განვიხილეთ ამ გაკვეთილზე.

ზოგიერთი ადამიანი მოწოდებულია სასწაულმოქმედებისა და განკურნების მსახურებაში. ყველა მორწმუნეს აქვს პრივილეგია, ილოცოს სასწაულებისთვის და ღმერთი უპასუხებს რწმენაზე. თუმცა, ზოგიერთ მორწმუნეს აქვს ღვთის ნების გარჩევისა და სასწაულების რწმენის ნიჭი.

ზოგიერთ ადამიანს აქვს დახმარების ნიჭი. ისინი უფრო სწრაფად ხედავენ საჭიროებებს, ვიდრე სხვა ადამიანები. ისინი ამჩნევენ შესაძლებლობებს, დაეხმარონ ცალკეულ საჭიროებებს ან ეკლესიის საქმიანობას. მათ აქვთ სხვადასხვა პრაქტიკული უნარები.

ზოგს ხელმძღვანელობის და ადმინისტრირების განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ მიცემული. ბევრი ფიქრობს, რომ ლიდერები ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, მაგრამ ლიდერობა უსარგებლო იქნებოდა ეკლესიაში სხვა ნიჭების გარეშე.

ენების ნიჭი ბოლოა ჩამონათვალში. შესაძლოა მოციქულს სურდა შეესწორებინა მათთვის, ვინც ფიქრობდა, რომ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ნიჭი.

პრინციპები პეტრესგან

მოციქულმა პეტრემ მოკლედ ჩამოაყალიბა სულიერი ნიჭების ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპები.

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს 1 პეტრეს 4:10-11 ჯგუფს.

ამ მუხლებში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ სულ მცირე ექვსი მნიშვნელოვანი პუნქტი სულიერი ნიჭების შესახებ.

1. მორწმუნეებს ღმერთის მიერ მიცემული სულიერი ნიჭები მიენდოთ. ამიტომ ვალდებულნი არიან ისინი არა როგორც პირადი საკუთრება, არამედ ღმერთის ინტერესებში გამოიყენონ. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ღმერთის წინაშე სულიერი ნიჭების გამოყენებაზე.

2. ნიჭები უნდა იქნას გამოყენებული სხვებისთვის. ისინი არ არის გამიზნული პირადი პოპულარიზაციისთვის ან მოგებისთვის.

3. ღვთის მადლი მრავალფეროვანია („მრავალგვარი“). უამრავი ნიჭი არსებობს.

4. ადამიანის მეტყველება უნდა შეესაბამებოდეს ბიბლიას.

5. ადამიანი თავის მსახურებაში უნდა დაეყრდნოს ღვთის ძალას.

6. ყველა მსახურება ღმერთის განდიდებას უნდა ისახავდეს მიზნად.

პრინციპები პავლესგან

კორინთოს ეკლესია მრავალი სულიერი ნიჭით იყო დაჯილდოებული. მათ ჰქონდათ გარკვეული გაუგებრობები, ამიტომ პავლე მოციქულმა მათ მისცა განმარტება სულიერი ნიჭების შესახებ 1 კორინთელთა 12-14.

წმინდა წერილის ეს თავები გვასწავლის მრავალ პრინციპს სულიერი ნიჭების შესახებ. რამდენიმე პრინციპი აქ გვიწერია ჩვენ მიერ შესასწავლად.

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს 1 კორინთელთა 12:1-3 ჯგუფს.

(1) დოქტრინალური გამოცდის პრინციპი: სულიერი გამოცდილება უნდა შეფასდეს იმ ჭეშმარიტებით, რომელიც ჩვენ ვიცით.

[1]კორინთელი მორწმუნეები მანამდე კერპთაყვანისმცემლები იყვნენ. კერპები არ ლაპარაკობენ, მაგრამ სულები ლაპარაკობენ. მრავალი წარმართული რელიგიის მიმდევრები თავიანთ თავებს უთმობენ სულების ქმედებებს. როგორც ჩანს, ისინი ფიქრობენ, რომ ნებისმიერი სულიერი გამოცდილება კარგია. ისინი ეძებენ უაზრო ტრანსებს ან ემოციურ გაშმაგებას. მათ უხარიათ, რომ ექცევიან სულის კონტროლის ქვეშ, მაშინაც კი, თუ ის აიძულებს მათ ილაპარაკონ ან იმოქმედონ გიჟურად ან უხამსად.

მოციქულმა გაგვაფრთხილა, რომ არც ერთი ადამიანი, ვინც სულიწმიდით ლაპარაკობს, არ იტყვის ცუდს იესოზე. თუ ბოროტი სული დაეუფლება თაყვანისმცემლობას, ეს აიძულებს ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენონ ღმერთს თავიანთი მოქმედებებითა და სიტყვებით. სულიწმინდა არ მოიქცევა ისე, რომ შეურაცხყოს ღმერთი.

არ უნდა ვიფიქროთ, რომ სულიერი მოქმედება კარგია მხოლოდ იმიტომ, რომ ის ზებუნებრივია. გამოცდა აქ შესაპირისპირებელია 1 იოანეს 4:1-3-თან. თუ სული ამბობს ღვთის სიტყვის საწინააღმდეგოს, ეს არ უნდა იქნას მიღებული.

► რომელი რელიგიები აძლევენ ბოროტ სულებს მრევლის კონტროლისა და მართვის უფლებას?

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს 12:4-11 ჯგუფს.

(2) ნიჭების მრავალფეროვნების პრინციპი: სულიწმიდა მოქმედებს ყველა მორწმუნეში, მაგრამ სხვადასხვა გზით.

ეს მუხლები ხაზს უსვამს იმას, რომ ერთი სულიწმიდა მოქმედებს მრავალი, სხვადასხვა გზით. ის ირჩევს, როგორ გაანაწილოს სულიერი ნიჭები. ყოველ მორწმუნეს თითო სულიერი ნიჭი მაინც აქვს. არავის აქვს ყველა ნიჭი.

ეკლესიის წევრმა უნდა გამოიყენოს თავისი ნიჭი სხეულის სასარგებლოდ. ღმერთს მისთვის ნიჭი საკუთარი სარგებლისათვის არ მიუცია.

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს 12:12-26 ჯგუფს.

(3) სხეულის პრინციპი: ეკლესიის თითოეული წევრი მნიშვნელოვანია და თითოეულ წევრს სჭირდება სხვები.

მოციქულმა ეკლესიის წევრები ფიზიკური სხეულის ასოებს შეადარა. მათ აქვთ განსხვავებული უნარები და მიზნები. სხეულის არცერთმა წევრმა არ უნდა იფიქროს, რომ სხვა წევრის მსგავსი უნდა იყოს, რათა იყოს სხეულის ნაწილი. მაგალითად, ყურმა არ უნდა იფიქროს, რომ ის თვალი უნდა იყოს, რათა სხეულში იყოს. არ არსებობს კონკრეტული ნიჭი, რომელიც ადამიანს უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ იყოს სხეულში.

არცერთმა წევრმა არ უნდა იფიქროს, რომ თავისი ნიჭების გამო მას არ სჭირდება სხვა წევრები, ანუ ასოები. სხეული კარგად ვერ ფუნქციონირებს ყველა ორგანოს გარეშე.

ზოგიერთი ნიჭი სხვებზე მეტ ყურადღებას იპყრობს. ადამიანები ფიქრობენ, რომ გარკვეული ნიჭები სულიერი მდგომარეობის ნიშნებია. ღმერთი წყვეტს, როგორ გასცეს ნიჭები და არ არსებობს ნიჭის თანმდევი სულიერი მდგომარეობა.

► რას ეტყოდით მას, ვინც თვლის, რომ ადამიანი, რომელიც ქადაგებს, ყოველთვის უფრო სულიერია, ვიდრე ის, ვინც ეკლესიის შენობას ასუფთავებს?

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს 12:27-31 ჯგუფს.

(4) მსახურების ფუნქცია-მოვალეობების პრინციპი: ღმერთი აძლევს თითოეულ წევრს იმას, რაც მას თავისი კონკრეტული მსახურების შესასრულებლად სჭირდება.

წმინდა წერილის ეს ნაწილი აჯამებს მე-12 თავს. ღმერთი მოუწოდებს ადამიანებს შეასრულონ სხვადასხვა მსახურება. მსახურება იმისთვის კი არ არის, რომ ადამიანმა საკუთარი დაწინაურებისთვის გამოიყენოს, არამედ, რათა ეკლესიას ემსახუროს.

კლასის ხელმძღვანელმა უნდა წაიკითხოს კითხვები 12:29-30-ში ხოლო კლასმა უნდა უპასუხოს. მაგალითად, როდესაც კლასის ხელმძღვანელი კითხულობს კითხვას „ყველა მოციქულია?“ კლასმა უნდა თქვას „არა.”

რადგან მსახურებები სხვადასხვაა, ნიჭებიც სხვადასხვაა. პავლემ დასვა კითხვების სერია, რომელთაგანაც თითოეულზე პასუხად „არა“ იგულისხმებოდა. ის პირდაპირ ამბობს, რომ არ არსებობს ისეთი ნიჭი, რომელიც ყველა მორწმუნეს ექნება.

სტუდენტმა უნდა წაუკითხოს 1 კორინთელთა 13 ჯგუფს.

(5) სიყვარულის პრინციპი: სიყვარული მარადიული პრიორიტეტია, ხოლო სულიერი ნიჭები არ არის მუდმივი.

პირველი სამი მუხლი გვაჩვენებს, რომ სიყვარულის ნაკლებობას ვერ ავანაზღაურებთ დიდი ბუნებრივი ტალანტით, სულიერი ნიჭით ან პირადი მსხვერპლით.

პირადი შემოწმებისთვის, სცადეთ თქვენი სახელის ჩასმა სიტყვა სიყვარულის ნაცვლად 4-7 მუხლებში და დაფიქრდით, რამდენად შეესაბამება ეს რეალობას.

მე-11 მუხლი არ არის მოწოდება სიმწიფისაკენ. მოციქულმა ჩვენი მიწიერი ცხოვრება ბავშვობას შეადარა, სამოთხეში ცხოვრება კი - ზრდასრულობას. ოდესმე ჩვენ აღარ დაგვჭირდება ის, რაც ახლა გვჭირდება. წინასწარმეტყველება და ცოდნის ნიჭები ახლა საჭიროა, რადგან ჩვენი გაგება არასრულია. მარადისობაში ის სულიერი ნიჭები არ იქნება საჭირო და „საბავშვო ნივთებივით“ ჩამოგვშორდება. ოდესმე რწმენა და იმედიც კი აღარ იქნება საჭირო, რადგან ყველაფერი შესრულდება, მაგრამ სიყვარული კვლავაც უმთავრეს ღირებულებად დარჩება.

1 კორინთელთა მე-14 თავი ხაზს უსვამს ერთ პრინციპს: კომუნიკაციის პრინციპს. ამ თავში სხვა ჭეშმარიტებებიც ისწავლება, მაგრამ მოციქულმა ეს პრინციპი არაერთხელ განმარტა და ილუსტრირებაც გაუკეთა.

(6) კომუნიკაციის პრინციპი: მსახურება დამოკიდებულია ჭეშმარიტების გასაგებად გადმოცემაზე.

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს 14:1-5 ჯგუფს.

ქადაგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უცხო ენენზე ლაპარაკი.

წინასწარმეტყველება არ ნიშნავს მხოლოდ მომავალი მოვლენების წინასწარ უწყებას. წინასწარმეტყველება არის ქადაგება. ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველება ხშირად მოიცავდა მოვლენების წინასწარ უწყებას, რადგან ეს იყო ერთ-ერთი გზა, რომლითაც წინასწარმეტყველი ამტკიცებდა, რომ მისი გზავნილი ღმერთისგან იყო. ძველი აღთქმის დროს, ბიბლიის დიდი ნაწილი ჯერ არ იყო დაწერილი.

დღეს მქადაგებელს შეუძლია ბიბლიიდან იქადაგოს და აჩვენოს, რომ მისი ცნობა ღვთისგანაა. ჯერ კიდევ არსებობს ზებუნებრივი ასპექტი, რადგან ღმერთი მქადაგებელს აძლევს განსაკუთრებულ გაგებას და ჭეშმარიტებას სხვადასხვა სიტუაციებში.

ლაპარაკი არაფრის მომცემია, თუ ადამიანებს არ ესმით ენა, რომელზეც ლაპარაკობენ. თუ ადამიანი საუბრობს ენაზე, რომელიც სხვებმა არ იციან, მხოლოდ ღმერთს ესმის მისი.

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ სიტყვები „არავის ესმის“ ნიშნავს, რომ მოსაუბრეს საკუთარ თავისაც კი არ ესმის, მაგრამ ეს არ არის ამ წინადადების შესაფერისი და ნამდვილი მნიშვნელობა. თუ გერმანელმა დაამოწმა ჩვენს ეკლესიაში და ჩვენ მოგვიანებით ვთქვით: "არავის ესმოდა მისი", ჩვენ არ ვგულისხმობთ, რომ მასაც არ ესმოდა საკუთარი თავის.

თუ ენებით საუბარი არ არის განმარტებული, ეკლესიის აღმშენებლობა არ ხდება.

► რა უნდა მოიმოქმედოს მოძღვარმა, პასტორმა იმ ადამიანთან მიმართებით, ვინც ხშირად ლაპარაკობს ეკლესიაში ენებზე, რომელიც არავის ესმის და არავინ განმარტავს?

მე-5 მუხლში პავლემ თქვა, რომ კარგი იქნებოდა, რომ ყველა მათგანს ჰქონოდა ენების ნიჭი; მაგრამ აგრეთვე იხილეთ I კორინთელთა 4:8 და 7:7. მან 4:8-ში თქვა, რომ კარგი იქნებოდა, რომ ისინი მეფობდნენ, მაგრამ სინამდვილეში არ ელოდა მათგან ამას, რადგან მოციქულებიც კი იტანჯებოდნენ. მან თქვა 7:7-ში, რომ კარგი იქნებოდა, თუ ყველა მათგანი მასავით დაუქორწინებელი იქნებოდა; მაგრამ მან თქვა, რომ ყველა არ არის მოწოდებული ამისთვის და ჩვენ ვიცით, რომ ქორწინება არის ღმერთის მიზანი ადამიანების უმეტესობისთვის. 14:5-ში ის უბრალოდ ადასტურებს, რომ კარგი იქნება, რომ ყველას ჰქონდეს ენების ნიჭი; ის არ გულისხმობს, რომ ეს ყველას ექნებოდა. 12:29-30-ში ის ნათლად აჩვენებს, რომ არ არსებობს კონკრეტული ნიჭი, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს.

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს 14:6-19 ჯგუფს.

მეტყველება უსარგებლოა, თუ ის გაუგებარია.

მე-6 მუხლში მოციქულმა დაუსვა კითხვა: „რა სარგებლობას მოგიტანთ?" თუ რამე ვერ გაიგეთ, სარგებელს ვერ მოგიტანთ. მუსიკალურ ინსტრუმენტებზეც კი რაღაც ნიმუშის ან მელოდიის მიხედვით უნდა დაუკრათ, თორემ აზრი არ აქვს, მხოლოდ ხმაური იქნება. საყვირები გამოიყენება ჯარში სიგნალების მისაწვდენად. თუ საყვირი გამოსცემს ხმებს, რომლებიც არ არის შეთანხმებული სიგნალები, არავინ იცის, მტერს შეუტიოს, თუ კარვები ჩაალაგოს. კომუნიკაციაა ის, რაც მთელი ამ თავის ყურადღების ცენტრშია.

სიტყვები, რომლებიც გაუგებარია, უბრალოდ"ჰაერში" იკარგება (9). ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი სიტყვები უსარგებლოა.

პავლემ თქვა, რომ თუ ადამიანებს ერთმანეთის არ ესმით, ისინი ერთმანეთის თვალში არაცივილიზებულ ადამიანებად გამოიყურებიან (11). თუ ადამიანს სურს გააგრძელოს გაუგებრად საუბარი, ის არ ცდილობს ეკლესიის აშენებას, არამედ ცდილობს მიაღწიოს საკუთარ მიზანს (12).

► რა მიზეზები შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, რომ ილაპარაკოს ისეთი რამ, რაც არავის ესმის?

პავლემ თქვა, რომ თუ ადამიანი ლაპარაკობს სხვა ადამიანებისთვის უცნობ ენაზე, მისი საკუთარი გონება უნაყოფოა (14). პავლეს არ უთქვამს, რომ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი თავის გაგება, არამედ ის, რომ მისი საკუთარი გაგება სხვებისთვის სიკეთეს ვერ მოიტანს.

მან თქვა, რომ საუკეთესო გზა არის მსახურების აღსრულება სულით და ამავე დროს გონებით (15). სულში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის გაგება შეუძლებელია.

[2]მან თქვა, რომ უმეცარი ადამიანი, დიდი ალბათობით, ვერ გაიგებს ნათქვამს (16). ეს ადასტურებს, რომ ის ნამდვილ ენებზე ამბობს. მან თქვა, რომ ჩვენ არ უნდა ვთქვათ "ამინ" იმაზე, რაც არ გვესმის.

პავლემ თქვა, რომ მოხარულია, რომ ბევრ ენაზე ლაპარაკობს. თუმცა, მან თქვა, რომ ხუთი გასაგები სიტყვა უკეთესია, ვიდრე ათი ათასი გაუგებარი (18-19).

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს 14:20-25 ჯგუფს.

სულით ცხებული სიტყვები, რომლებიც გასაგებია, განადიდებს ღმერთს.

ენების ნიჭის მიზანი სახარების გადმოცემაა (იხილეთ მარკოზის 16:15-17).

ზოგ ადამიანს მიაჩნია, რომ ენების ნიჭი არის ნიშანი იმისა, რომ მოსაუბრეს აქვს სულიწმინდა, მაგრამ 22-ე მუხლი ამბობს, რომ ენების ნიჭი არ არის ნიშანი, რომელიც რაიმეს ამტკიცებს მორწმუნეებში. ეს ნიშნავს, რომ ნიჭი არაფერს უმტკიცებს მას, ვისაც ის აქვს, ან მორწმუნეებს, ვინც მას ხედავს. ეს არის ნიშანი ურწმუნოებისთვის მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი გამოყენება შესაძლებელია სახარების გასაგებად გადმოსაცემად.

არ არის გამორიცხული, სულიერმა ნიჭმა განაგრძოს ადამიანში მოქმედება მაშინაც კი, თუ ის კვლავ ცოდვაში ჩავარდება და ღმერთთან ურთიერთობას გაწყვეტს. მაშასადამე, სულიერი ნიჭი არ ადასტურებს, რომ ადამიანი სწორად იქცევა, ან თუნდაც, რომ გადარჩენა აქვს.

თუ ეკლესიის სტუმარი მოისმენს მათ ლაპარაკს და ვერ გაიგებს, იფიქრებს, რომ ისინი გიჟები არიან. მაგრამ თუ ურწმუნო მოისმენს ჭეშმარიტებას, რომელიც ამხელს მის გულს, ის მიხვდება, რომ ღმერთი იქ არის.

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს 14:27-35 ჯგუფს.

(7) წესრიგის პრინციპი: ეკლესიამ უნდა დაიცვას წესრიგი ღვთისმსახურებაში.

მოციქულმა იკითხა: "რატომ ჰგონია ყველას, რომ რაიმეს გაკეთება სჭირდება მსახურებაში?" კორინთელი მორწმუნეები ფიქრობდნენ, რომ ადამიანი მნიშვნელოვანი იყო, თუ ის ლაპარაკობდა, ან ხელმძღვანელობდა ღვთისმსახურებას, ამიტომ ყველას სურდა ამის გაკეთება.

მისი თქმით, თუ ადამიანი საუბრობს იმ ენაზე, რომელიც სხვებს არ ესმით, ის უნდა განიმარტოს. თაყვანისცემისა და ღვთისმსახურებისას მათ დიდი დრო არ უნდა დახარჯონ იმაზე, რაც განმარტებას მოითხოვს (27).

ადამიანმა, ვინც საუბრობს ენაზე, რომელიც სხვებს არ ესმით, არ უნდა ილაპარაკოს, თუ მის ნათქვამს ვერავინ განმარტავს (28).

არასოდეს უნდა ლაპარაკობდეს ერთდროულად ერთზე მეტი ადამიანი (31). როგორც ჩანს, იმის გამო, რომ ყველას უნდოდა საუბარი, ერთდროულად რამდენიმე ადამიანი საუბრობდა. ღვთისმსახურება ქაოსში იყო.

ზოგიერთ მათგანს შეიძლება ეთქვა, რომ ისინი ვერ მოექცეოდნენ წესების ქვეშ, რადგან როდესაც სული მოქმედებდა , ისინი ვერ აკონტროლებდნენ საკუთარ თავს. პავლემ თქვა, რომ წინასწარმეტყველს შეუძლია საკუთარი თავის კონტროლი (32). მან თქვა, რომ ღმერთი არ გამოიწვევს ქაოსს ეკლესიაში (33). სულიწმიდა არ აღძრავს ადამიანს ისეთი რამის საკეთებლად, რაც ეწინააღმდეგება ბიბლიურ მოძღვრებას.

► რომელი კარგი ზომები და პროცედურები არსებობს ღვთისმსახურებაში წესრიგის შესანარჩუნებლად?

როგორც ჩანს, კორინთოს ეკლესიაში ქალები არეულობას იწვევდნენ. ისინი სავარაუდოდ სვამდნენ კითხვებს და კამათობდნენ, რადგან პავლემ თქვა, რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ ძალაუფლების ქვეშ და თავიანთი კითხვები სახლში უნდა დაესვათ. საუკეთესო ვითარებაში, ქალებს შეიძლება მიეცეთ უფლება, ჰქონდეთ მსახურება და მონაწილეობა მიიღონ ღვთისმსახურებაში, მაგრამ ისინი უნდა იყვნენ მოწესრიგებულნი.

სტუდენტმა უნდა წაუკითხოს 14:36-40 ჯგუფს.

► რა იგულისხმა პავლემ სხვა ეკლესიებთან მათ ურთიერთობაზე?

(8) მოციქულობის პრინციპი: ყოველი ეკლესია უნდა დაემორჩილოს მოციქულთა თავდაპირველ მოძღვრებას.

კორინთელი მორწმუნეები სულიერი ნიჭებით კურთხეულნი იყვნენ. შესაძლოა, მათ დაიწყეს ფიქრი, რომ აღარ სჭირდებოდათ სხვა ავტორიტეტების მოსმენა. პავლემ შეახსენა მათ, რომ სახარება მათ სხვებისგან მიიღეს. მათ ესაჭიროებოდათ ღვთის მთელი ეკლესიის დოქტრინების მორჩილება. თუ ადამიანი ამბობს, რომ მას მოციქულის მითითებებზე უკეთ ესმის და მეტი იცის, ის უცოდინარია და არ უნდა ჩაითვალოს ბრძენად და სულიერად.

პავლემ უთხრა მათ, რომ არ აეკრძალათ სხვადასხვა ენებზე ლაპარაკი. ენების ნიჭი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც სხვადასხვა ენას იყენებენ; მაგრამ, ნიჭი უნდა იქნას გამოყენებული ისე, როგორც ბიბლია მიგვითითებს.


[1]

“და მაინც, ყველა, ვინც სულით ლაპარაკობს, არ არის წინასწარმეტყველი, არამედ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს უფლის გზები. მისი გზებით ამოიცნობა ცრუწინასწარმეტყველიც და წინასწარმეტყველიც“.

- დიდაქე, (დაწერილია ეკლესიის I საუკუნეში)

[2]

“ღვთის სიტყვისა და პირველი ეკლესიის ჩვეულებისთვის სრულიად შეუთავსებელი და წინააღმდეგობრივი რამ არის ეკლესიაში საჯარო ლოცვა ან წესჩვეულებების და საიდუმლოებების აღსრულება ხალხისთვის გაუგებარ ენაზე“.

- მეთოდისტური ეკლესიის რელიგიის სტატიები

ეკლესიის შეჯიბრი სულიერ ძალასთან

არის ეკლესიები, რომლებიც სულიერი ძალის დემონსტრირებით ცდილობენ ყურადღების მიპყრობას. მათ სჯერათ, რომ სასწაულები და სულიერი ნიჭები განსაზღვრავს საუკეთესო ეკლესიას. ისინი აცხადებენ განკურნების მრავალი სასწაულის შესახებ. ზოგიერთი წევრი ამტკიცებს, რომ ისინი ხშირად იღებენ გამოცხადების სიტყვას ღვთისგან. მათი თაყვანისცემა უფრო ფოკუსირებულია სულიერი ნიჭების დემონსტრირებაზე, ვიდრე ბიბლიაზე. მათ მიაჩნიათ, რომ ყველა ქრისტიანს უნდა ჰქონდეს ენების ნიჭი და მათ სურთ, რომ ეს ნიჭი ვლინდებოდეს მათ თაყვანისცემაში. ისინი მოუწოდებენ ხალხს, გამოიჩინონ ინიციატივა ღვთისმსახურებაში იმდენად, რომ მათი მომსახურება შეიძლება ქაოტური გახდეს. მათი ლიდერები ცდილობენ სახელი გაითქვან, თავიანთი სულიერი ძალის გამოვლენით და სხვა ეკლესიების კრიტიკით.

ეკლესიებში რამდენიმე პრობლემა არსებობს, რომელიც კონკურენციას უწევს სულიერ გამოვლინებას. მათი ბევრი წევრი და ლიდერიც კი ღია ცოდვაში ცხოვრობს. მათ არ ესმით მოწიფული სულიერება, რომელსაც რწმენა ავლენს, რომელიც უძლებს ცხოვრებისეულ გამოწვევებს. მათი ბევრი ლიდერი ახალგაზრდაა, რომლებიც არ ცხოვრობენ ცოდვაზე გამარჯვებაში და პატივს არ სცემენ უფროსებს, ერთგულ მორწმუნეებს. მათ აქვთ ენების ნიჭის არაბიბლიური გამოყენება. მათი ხალხის უმეტესობას სინამდვილეში არ განუცდია სასწაულები, მაგრამ ამის იმედი აქვთ.

ეკლესია, რომელიც ჭეშმარიტად არის სულიწმიდით ცხებული, უნდა წარმოაჩენდეს რწმენას და სულიერ ნიჭებს წმინდა წერილის თანახმად. ეკლესია უნდა გაუძღვეს თავის წევრებს მოწიფული რწმენის განვითარებისკენ, რომელიც გაუძლებს მძიმე პერიოდებს და უზრუნველყოფს ცოდვაზე გამარჯვებას. სულიერი ნიჭების, სანახაობის სახით წარმოჩენის ნაცვლად, ეკლესიამ უნდა გამოიყენოს ისინი რწმენის ოჯახის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

► რა მიანიშნებს იმაზე, რომ ეკლესია, სულიერი ძალის წარმოჩენით, ცდილობს კონკურენცია გაუწიოს სხვა ეკლესიებს?

შვიდი შემაჯამებელი დებულება

1. სულიერი ნიჭი არის მორწმუნესთვის, სულიწმიდის მიერ, ეკლესიის მსახურებაში გამოსაყენებლად მიცემული უნარი.

2. ყველა მორწმუნე იღებს სულიერ ნიჭს, მაგრამ ყველა ადამიანს ვერ ექნება ერთი კონკრეტული ნიჭი.

3. ეკლესიის სხვადასხვა წევრმა ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი ნიჭით ერთობლივად უნდა იმოქმედოს, როგორც ერთმა სხეულმა.

4. მსახურების მოწოდებებს თან ახლავს სულიერი ნიჭები.

5. წარმოთქმულ სიტყვებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ მათი გაგება ვერ ხდება.

6. მორწმუნემ გულმოდგინედ უნდა გამოიყენოს თავისი ნიჭი ღმერთის სადიდებლად და ეკლესიის აღსაშენებლად.

7. ღმერთისა და ადამიანების სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა და სამუდამოდ.

14 გაკვეთილის დავალებები

1. დაიმახსოვრეთ მე-14 გაკვეთილის შვიდი შემაჯამებელი დებულება. დაწერეთ ერთი აბზაცი, რომელიც განუმარტავს შვიდი შემაჯამებელი განცხადებიდან თითოეულის აზრს და მნიშვნელობას (სულ შვიდი აბზაცი) ვინმეს, ვინც არ არის ამ კლასის სტუდენტი. ჩააბარეთ ის კლასის ხელმძღვანელს შემდეგი გაკვეთილის დაწყებამდე. მზად იყავით გაუზიაროთ თქვენი აბზაცი ჯგუფს, თუ კლასის ხელმძღვანელი ამას გთხოვთ დისკუსიის დროს. ჩამოწერეთ ზეპირად ნასწავლი შვიდი შემაჯამებელი დებულება.

2. არ დაგავიწყდეთ დროში გაწეროთ თქვენი კლასგარეშე სწავლების შესაძლებლობები და აცნობეთ კლასის ხელმძღვანელს, როდესაც ჩაატარებთ სწავლებას.

3. ტესტი: შემდეგი გაკვეთილის დასაწყისში უნდა დაწეროთ სულიერი ნიჭების რვა პრინციპიდან, შვიდი მაინც.

Next Lesson