ნათლობის ტრადიციის წარმოშობა
► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს მათეს 3:1-12 ჯგუფს.
ახალ აღთქმაში ნათლობის ცნებას იოანე ნათლისმცემლის მსახურებით ვეცნობით. თუმცა, იოანეს არ გამოუგონია ნათლობის წეს-ჩვეულება. ფარისევლები იუდაიზმზე მოქცეულ წარმართებს ნათლავდნენ. ისინი არ ნათლავდნენ ებრაელებს, რადგან თვლიდნენ, რომ ებრაელები უკვე ღვთის ხალხი იყვნენ. იოანემ კი ეს წეს-ჩვეულება სხვაგვარად აღასრულა, რადგან მან ებრაელები მონათლა.
► ვის უთხრა იოანემ უარი ნათლობაზე? რატომ? რას გვეუბნება ეს ნათლობისთვის აუცილებელი პირობების შესახებ?
ზოგიერთი ფარისეველი მოვიდა იოანესთან მოსანათლად, მაგრამ მან უარი უთხრა, რადგან მათ არ მოუნანიებიათ თავიანთი დანაშაულებები.
ფარისევლები ფიქრობდნენ, რომ მათ არ სჭირდებოდათ მონანიება და პატიება, რადგან ისინი ებრაელები იყვნენ. იოანეს სურდა მათ გაეგოთ, რომ ნამდვილად ღმერთის ხალხი ისინი არიან, ვისაც ის უყვარს და მას ემსახურება. ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ ღვთის ხალხი არიან იმის გამო, რომ ებრაელებად დაიბადნენ, ჰგვანან ხეხილს, რომელიც ნაყოფს არ იძლევა. ღმერთი უარყოფს და უკუაგდებს მათ.
► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს იოანეს 3:22-23 და 4:1-2 ჯგუფს.
იესომ ცალსახად აქცენტი გააკეთა ნათლობაზე თავის მსახურებაში. იესოს თავად არ მოუნათლავს, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა თავის მოწაფეებს დააკისრა. მათ იოანეზე მეტი ადამიანი მონათლეს.
► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს მათეს 28:18-20 ჯგუფს.
იესოს მიწიერი მსახურების დასასრულს მან უთხრა მოწაფეებს, წასულიყვნენ სამყაროს კიდეებამდე, ადამიანთა მოსამოწაფებლად. მან დაავალა, რომ მოენათლათ ისინი.
ჩვენ ვიცით, რომ ეს დავალება არ იყო მხოლოდ მოციქულებისთვის, რადგან მისიის დასრულებას საუკუნეები დასჭირდებოდა. იესომ დადო პირობა, ანუ აღუთქვა, რომ ის იქნებოდა მათთან „წუთისოფლის აღსასრულამდე“, რაც ცხადყოფს, რომ დავალება და აღთქმა მთელი ეკლესიისთვისაა, ყველა თაობაში.
ახალი აღთქმის ეპისტოლეებიდან ვიგებით, რომ პირველი საუკუნის ეკლესია ამ დავალებას ზედმიწევნით ემორჩილებოდა (საქმეები 2:38, 8:38).
► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს 1 კორინთელთა 1:12-17 ჯგუფს. რატომ უხაროდა პავლეს, რომ პირადად არ მოუნათლავს ბევრი ადამიანი კორინთოში?
ნათლობა წარმოადგენდა ეკლესიაში შესვლას. კორინთოს ეკლესია გაიყო და წევრები მიჰყვებოდნენ სხვადასხვა ლიდერს. პავლე ახსენებს მათ, რომ ნათლობა არ ნიშნავდა, რომ ისინი გარკვეული ადამიანების მიმდევარნი ხდებიან; ეს ნიშნავდა, რომ ისინი ხდებიან ქრისტეს მიმდევარნი. ის მოხარული იყო, რომ პირადად არ მოუნათლავს ბევრი მათგანი, რათა არავის ეფიქრა, რომ სურდა, რომ ისინი პირადად მისი მიმდევრები ყოფილიყვნენ. პავლეს პრიორიტეტი სახარების ქადაგება იყო.
► რას გვეუბნება ეს მონაკვეთი ადრეულ ეკლესიაში ნათლობის მიღებულ პრაქტიკაზე?
ეს მონაკვეთი გვეუბნება, რომ ადრეული ეკლესია მორწმუნეებს ყველგან ნათლავდა. ისინი ასრულებდნენ იესოს დავალებას. ნათლობა არ იყო მხოლოდ ისრაელში მცხოვრები ხალხისთვის. ეს არ იყო დროებითი წესი. ეს კეთდებოდა ყველგან, სადაც სახარება გავრცელდა.
დასაბამიდან ეკლესია იყენებს ნათლობას, როგორც საჯარო მოწმობას, რომ ცოდვილმა მოინანია და შევიდა მორწმუნეთა თანაზიარებაში.
[1]ადამიანების უმეტესობისთვის ნათლობა არ არის ის მომენტი, როდესაც ისინი ქრისტიანები ხდებიან. მონანიებისას ცოდვილი იმ მომენტში იღებს გადარჩენას, როდესაც ის ქრისტეს ირწმუნებს. გადარჩენის შემდეგ, მან უნდა შეასრულოს დავალება და მოინათლოს, მისი ახალი ცხოვრების და იესოსადმი, როგორც უფლისადმი მორჩილების ნიშნად. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამონაკლისს წარმოადგენენ, რადგან სწორედ ნათლობის დროს ირწმუნეს ქრისტე და განიცადეს ღვთისკენ მოქცევა. მაგრამ, ჩვეულებრივ, ნათლობა არის იმის მოწმობა, რომ დახსნა უკვე მოხდა.
► რას ეტყოდით ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ ქრისტიანი მაშინ გახდა, როცა მოინათლა?
“ქრისტიანული ნათლობა არის მნიშვნელოვანი საიდუმლოება, რომელიც ნიშნავს იესო ქრისტესმიერი გამოსყიდვის სიკეთეების მიღებას და ეს არის სიწმინდესა და სიმართლეში მორჩილების სრულად გააზრებული და გამიზნული აღთქმა."
- უილი და კალბერტსონი,
შესავალი ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში