ეკლესიის დოქტრინა და პრაქტიკა
ეკლესიის დოქტრინა და პრაქტიკა
Audio Course Purchase

Search Course

Type at least 3 characters to search

Search through all lessons and sections in this course

Searching...

No results found

No matches for ""

Try different keywords or check your spelling

results found

Lesson 13: ქრისტიანი ლიდერის ხასიათი

1 min read

by Stephen Gibson


ქრისტიანული ლიდერობის გამოწვევა

წმინდა წერილი, რომელსაც ჩვენ ამ გაკვეთილზე შევისწავლით, განსაკუთრებით ეხება პასტორებს (ანუ მწყემსებს) და დიაკვნებს, თუმცა აგრეთვე ეკლესიის სხვა ლიდერებსაც. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ასწავლის კლასს, ხელმძღვანელობს სახლის ეკლესიას, ან უძღვება თაყვანისცემასა თუ ღვთისმსახურებას, ასევე ლიდერია. ეს ხალხი ეკლესიის მიერ მიღებული და მოწონებული ადამიანის ნიმუშია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ქრისტიანული ხასიათის კარგ მაგალითებს წარმოადგენდნენ.

ლიდერის პიროვნული თვისებები და ხასიათი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ბუნებრივი უნარები. ღმერთი აძლევს ქრისტიან ლიდერს მისი მსახურებისთვის საჭირო უნარებს.

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს 1 ტიმოთეს 3:1-7 ჯგუფს.

ცუდი არაფერია იმაში, რომ ადამიანს პასტორის თანამდებობა სურდეს, თუ მას სწორი მოტივი აქვს. თუ მას უნდა პატივი და ძალაუფლება, ან ფინანსური მოგების შესაძლებლობა, მას არ აქვს პასტორის გული. ის უნდა ეძებდეს მსახურების შესაძლებლობას.

ჩვენ გვაქვს ორი მონაკვეთი წმინდა წერილიდან, მწყემსებისა და დიაკვნების თვისებების შესახებ. მათ შესახებ პავლე მოციქულმა მიწერა ტიმოთესა და ტიტეს. ტიმოთე ეფესოს ეკლესიებზე იყო პასუხისმგებელი; ტიტე კი კრეტას ეკლესიებზე. მათ ევალებოდათ პასტორების დანიშვნა თითოეული ადგილობრივი ეკლესიისთვის.

წარმოიდგინეთ, როგორი უნდა ყოფილიყო კაცისთვის პირველი თაობის ეკლესიის პასტორობა! მას არ ჰქონდა აკადემიური განათლება. არ არსებობდა წიგნები მსახურების შესახებ, რომ მას შეესწავლა. არ ჰქონდა სხვა პასტორების მსახურებაზე დაკვირვების საშუალება. საეკლესიო ცხოვრებაზე ხანგრძლივი თვალყურის დევნების საშუალებაც კი არ ჰქონდა, რადგან ეკლესია ახალი იყო. ახალი აღთქმის უმეტესი ნაწილიც კი არ იყო ჯერ დაწერილი.

პავლემ უთხრა ტიმოთეს, როგორ უნდა მოეპოვებინა თავისი ხალხის პატივისცემა. მან უთხრა, რომ ნიმუში ყოფილიყო სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმინდეში (1 ტიმოთეს 4:12). პასტორი ვერ მოიპოვებს პატივისცემას მისი მოთხოვნით.

► როგორ იმსახურებს მოძღვარი პატივისცემას?

მოციქულმა აუწყა ტიმოთეს და ტიტეს პასტორული თვისებები. ამ თვისებების უმეტესობა ეხება ქრისტიანულ ხასიათსა და სიმწიფეს და არა განსაკუთრებულ უნარებს. ამიტომ, ყოველი ქრისტიანი უნდა იყოს წახალისებული, რომ განივითაროს ეს თვისებები.

პასტორობისთვის საჭირო თვისებები

(1) უმწიკვლო

პასტორი არ უნდა იყოს დამნაშავე არასწორ ქმედებებში. მოძღვარი ვერ გაუძღვება სხვებს სიმართლისკენ, თუ ის იქცევა უმართლოდ და არასწორად. პასტორი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აჩვენებს თანმიმდევრული ქრისტიანული ცხოვრების მაგალითს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ეკლესია მას ენდოს და საზოგადოებაში კარგი მოწმობა და სახელი ჰქონდეს.

(2) ერთი ცოლის ქმარი

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მრავალცოლიანობა ჩვეულებრივი წესი იყო. ღვთის განზრახვა არის, რომ კაცს ერთი ცოლი ჰყავდეს. პასტორები უნდა მაგალითის მიმცემნი იყვნენ.

(3) ფრთხილი

მოძღვარი თავისი მრევლის მფარველია. ის ფრთხილად უნდა იყოს ცრუ დოქტრინებისა და არასწორი გავლენების მიმართ. ის უნდა ასწავლიდეს თავის ხალხს, რათა ისინი დაცულნი იყვნენ თავიანთ მოძღვრებებში. ის მზად უნდა იყოს, გააფრთხილოს ცალკეული ადამიანები სულიერი საფრთხის შესახებ.

[1]► რა მოხდება, თუ მოძღვარი არ აცნობიერებს იმ სულიერ საფრთხეებს, რომლებსაც მისი ხალხი აწყდება?

(4) აზრიანი

პასტორი აზრიანად და სერიოზულად უნდა მოეკიდოს თავის მსახურებას. ის არ უნდა იყოს იმპულსური ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს ძალიან სწრაფად იღებს. მას უნდა შეეძლოს მშვიდად იფიქროს მნიშვნელოვან საკითხებზე. მან არ უნდა დაუშვას, რომ მისი გონება პირადმა საზრუნავებმა, გართობამ ან ცდუნებებმა მიიპყროს.

(5) წესიერი

პასტორს ანუ მოძღვარს უნდა ჰქონდეს დისციპლინირებული ქცევა. ის არ უნდა მოიქცეს შეუფერებლად. მან უნდა ისწავლოს და გამოიჩინოს პატივისცემა და მოწიწება იმ ადგილის ადათ-წესების მიმართ, სადაც მსახურობს.

(6) სტუმართმოყვარე

მოძღვარი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც პასუხობს სხვების საჭიროებებს. მას უნდა ჰქონდეს გაზიარების სურვილი. ის უნდა იყოს მეგობრული და დამხმარე, იმ ადამიანების მიმართაც კი, რომლებსაც პირველად ხვდება.

(7) განმსწავლელი

მოძღვარს უნდა შეეძლოს ჭეშმარიტების განმარტება იმგვარად, რომ ხალხმა შეძლოს მისი გაგება. მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ განათლებაზე და წიგნების კითხვაზე.

(8) არა ლოთი

მოძღვარმა არ უნდა მისცეს თავს უფლება, რომ სასმელის ზეგავლენის ქვეშ მოექცეს. ის არასოდეს არ უნდა მოიქცეს ისე, როგორც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ადამიანი. ეს პრინციპი ვრცელდება ნებისმიერ სხვა ნივთიერებაზე, რომელსაც აქვს მსგავსი ეფექტი.

(9) არა მოჩხუბარი

მოძღვარი ძალის გამოყენებით არ უნდა ცდილობდეს თავისი მიზნის მიღწევას. ის არ უნდა იყოს მომართული სამაგიეროს გადახდაზე მისთვის, ვინც მას შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე იხილეთ 2 ტიმოთეს 2:24-25.

► რა არის მოძღვარისთვის შესაფერისი გზა, რომ მან სწორი სახის ბრაზი გამოავლინოს?

(10) არა ფულის მოყვარული

ქვეყნიერებაზე ადამიანები ცვლიან თავიანთ ნათქვამს მოგების მიზნით. გარკვეული პროფესიის ადამიანები, როგორიცაა იურისტები, გამყიდველები ან პოლიტიკოსები, მიდრეკილნი არიან ჩაანაცვლონ ჭეშმარიტება და ილაპარაკონ ხალხის მოსაწონი. პასტორი, მოძღვარი ასევე განიცდის ცდუნებას, რადგან ყველას არ მოსწონს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება. მოძღვარი ერთგული უნდა იყოს ჭეშმარიტების მიმართ, იქნება ეს მისთვის ფინანსურად მომგებიანი თუ არა.

მოძღვარის სურვილი უნდა იყოს, რომ ეკლესიის მსახურება მხარდაჭერილი იყოს ფინანსურად. იგი ეკლესიას ისე უნდა უძღვებოდეს, რომ ის ფუნქციონირებდეს როგორც თავის წევრებზე მზრუნველი ოჯახი და არა მუდმივად იმაზე მოიფიქრალი, თუ რა უნდა მიიღოს მათგან.

(11) თავისი სახლის კარგი მმართველი

მოძღვრის ლიდერული უნარები სახლში უნდა გამოვლინდეს. მან უნდა გააკონტროლოს თავისი შვილები. თუ ის ვერ განაგებს თავის სახლს და ოჯახს, ვერც ეკლესიას მართავს. ამაში არ იგულისხმება შვილები, რომლებიც ზრდასრულები არიან და მის ძალაუფლებას არ ექვემდებარებიან, რადგან ის უკვე აღარ არის პასუხისმგებელი მათზე.

(12) ნურც ახალმოქცეული იქნება

თუ ადამიანს ძალიან სწრაფად დააყენებენ ლიდერულ პოზიციაზე, მას სიამაყის ცდუნება გაუჩნდება. სიამაყე არის ცოდვა, რამაც სატანის დაცემა გამოიწვია. დაწინაურება უნდა ხდებოდეს თანდათანობით, გამოცდილების ზრდასთან ერთად.

► რა ზიანი შეიძლება მოჰყვეს ადამიანის პოზიციაზე სწრაფად დანიშვნას და წარუმატებლობას ამ თანამდებობაზე?

(13) კარგი რეპუტაციის მქონე (კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეთაგან)

სანამ კაცი პასტორად დაინიშნება, მას კარგი სახელი უნდა ჰქონდეს ეკლესიის გარეთ მყოფ ხალხში. მათ უნდა იცოდნენ, რომ ის პატიოსანი და ერთგულია ყველაფერში, რასაც აკეთებს. თუ ცუდი რეპუტაცია ჰქონდა მოქცევამდე, მას, ვიდრე პასტორი გახდება, დრო დაჭირდება უკეთესი სახელის მოსაპოვებლად.

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს ტიტეს 1:5-11 ჯგუფს.

[2]ტიტეს წერილში ჩამოთვლილი პასტორის თვისებების უმეტესობა. ასევე ჩამოთვლილია ამონარიდში 1 ტიმოთეს წერილიდან.

► პასტორის რომელი დამატებითი თვისებებია ჩამოთვლილი ტიტეს წერილის ამ ნაწყვეტში?

ნაწყვეტი ხაზს უსვამს პასტორის უნარს უპასუხოს ცრუ მოძღვრებას. პასტორი კარგად უნდა იყოს განსწავლული ჭეშმარიტ დოქტრინაში და შეეძლოს მისი დამაჯერებლად განმარტება. მიზანია შეუსწოროს მათ, ვინც ცრუ დოქტრინაშია, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, დაიცვას მრევლი შეცდომაში შეყვანისგან.


[1]

“სახარების ქადაგება, პასტორალური ზრუნვით, რომელიც ეხება მსახურების მართვას, არის ღვთიური დაწესებული საშუალება ცოდვილთა მოქცევის და მორწმუნეთა სულიერი შეგონებისა და ზრდისთვის. ამიტომ, ყველაზე გონივრულია, რომ ღმერთმა შეარჩიოს თავისი აგენტები და სპეციალურად მოუწოდოს მათ თავის მსახურებაში.

- ჯონ მაილი, ქრისტიანული თეოლოგია

[2]

“ყოვლისშემძლე ღმერთმა, ჩვენმა ზეციერმა მამამ, რომელმაც მოგანიჭათ კეთილი ნება ამ ყველაფრის გასაკეთებლად, მოგცეთ შეძლება და ძალაუფლება, რომ იგივე გააკეთოთ; რათა, როცა თქვენში დაასრულებს იმ კეთილ საქმეს, რომელიც მან დაიწყო, სრულყოფილები და უბიწონი იყოთ უკანასკნელ დღეს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით. ამინ.”

- ეპისკოპოსთა კურთხევა,

საერთო ლოცვის წიგნი

დიაკვნობისთვის აუცილებელი თვისებები

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს საქმეების 6:1-6 ჯგუფს. რა პრობლემაა აღწერილი ამ მონაკვეთში?

პირველი დიაკვნები სულთმოფენობის შემდეგ მალევე დაინიშნენ. მოციქულებს ლოცვასა და ქადაგებაზე ყურადღების გამახვილება სჭირდებოდათ. ეკლესიის მართვის დეტალებში დასახმარებლად შვიდი ადამიანი გამოყვეს. დიაკვანი მოძღვარს მსახურების დეტალებში ეხმარება. დიაკვანი შეიძლება იყოს მქადაგებელიც, მაგრამ ეს სავალდებულო არ არის.

► რა თვისებები ჰქონდათ პირველ დიაკვნებს?

ადრეულ დიაკვნებს ჰქონდათ პატიოსნებისა და სულიწმიდითა და სიბრძნით აღვსილთა სახელი. ისინი განაგებდნენ ეკლესიის ფულს, ამიტომ პატიოსნების რეპუტაცია აუცილებელი იყო. მათ საქმიანობას ეკლესიაში სულიერი გავლენა ჰქონდა, ამიტომ აუცილებელი იყო, რომ ისინი სულიწმიდით ყოფილყვნენ სავსენი, რათა ჰქონოდათ მისი მმართველობა, ცხება და სიწმინდე. ისინი ბევრ რთულ სიტუაციას უმკლავდებოდნენ, ამიტომ სიბრძნეც აუცილებელი იყო.

პავლე მოციქულმა ჩამოთვალა დიაკვნებისთვის საჭირო რამდენიმე თვისება.

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს 1 ტიმოთეს 3:8-13 ჯგუფს.

(1) პატიოსნები (პატივსაცემნი)

დიაკვანი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც პატივისცემას იმსახურებს თავის ურთიერთობებში ოჯახთან, მეგობრებთან და საზოგადოებასთან.

(2) არა ორპირნი

დიაკვანი უნდა იყოს სანდო ყველაფერში, რასაც ამბობს. ის მოისმენს ეკლესიის ხალხის გაკრიტიკებას და გაკიცხვას და ბევრ მოსაზრებას ეკლესიის პრობლემების შესახებ. ის გულწრფელი ადამიანი უნდა იყოს.

(3) არა ღვინოს მიძალებულნი

დიაკვანი არ უნდა იყოს ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ მყოფი ადამიანი. მისი ქცევა უნდა იყოს პატივსაცემი და თანმიმდევრული.

(4) არა ანგარნი

დიაკვანი პასუხისმგებელი იქნება ეკლესიის ფულის მართვასა და ეკლესიაში მყოფი ხალხის საჭიროებებზე ზრუნვაზე. ის არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ცდილობს თავისი მსახურებიდან მოგება და სარგებელი მიიღოს.

(5) რწმენის საიდუმლოს შემნახველნი წრფელი სინდისით

როდესაც ადამიანი ცოდვაში ვარდება, ის ხშირად იწყებს არასწორი მოძღვრების დაჯერებას. თუ ადამიანი სულიერ გამარჯვებაში ცხოვრობს, ის უფრო მეტად იცავს და მისდევს ჭეშმარიტ სწავლებას.

(6) გამოცდილნი

სანამ ადამიანს დიაკვნის პასუხისმგებლობა მიენიჭება, მას უნდა ჰქონდეს საშუალება აჩვენოს, რომ ბრძენი და სანდოა მსახურებაში. ბრძენი ლიდერები, სანამ ადამიანებს ძალაუფლების თანამდებობებს მიანიჭებენ, მისცემენ მათ შესაძლებლობას უბრალოდ იმსახურონ.

► ჩამოთვალეთ რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ადამიანს დაეხმაროს ეკლესიას მსახურებაში ძალაუფლების თანამდებობის მინიჭების გარეშე?

(7) ცოლებიც ღირსეული უნდა იყვნენ

დიაკვნის მსახურება ზარალდება, თუ მისი ცოლი ჭორაობს და არ არის ქრისტიანობის კარგი მაგალითი.

(8) სახლის კარგი მმართველნი

მოძღვრის მსგავსად, დიაკვანსაც კარგად უნდა შეეძლოს თავისი სახლის მართვა.

მიძღვნილი ჯგუფის პრიორიტეტი

ეკლესია არის მორწმუნეთა ჯგუფი, რომლებმაც აიღეს ვალდებულებები ღვთისა და ერთმანეთის წინაშე, გაერთიანდნენ ადგილობრივი ეკლესიის მისიის შესასრულებლად. მსახურებისთვის საჭირო საქმიანობა და რესურსები სწორედ ამ ჯგუფიდან მოდის. ამ ჯგუფის გარეშე ეკლესია არ არსებობს.

უცხო ადამიანი, რომელიც რაიმე დაწესებულებაში შედის, მნიშვნელოვანია, რადგან ის პოტენციური მომხმარებელია. ანალოგიურად, ეკლესიის სტუმარი მნიშვნელოვანია, რადგან ის მიძღვნილი ჯგუფის პოტენციური წევრია. ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ის არის, ვინც მუდმივი მომხმარებელია. ეკლესიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ის, ვინც ეკლესიის ერთგულია.

ამიტომ, ეკლესიის საკადრო პოზიციები უნდა ემსახურებოდეს მიძღვნილ ჯგუფს. ყველა პასტორსა და მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მიზანი, ემსახუროს ჯგუფის წევრებს და მოიზიდოს მეტი ადამიანი ამ ჯგუფში. ჯგუფი იზრდება მაშინ, როდესაც ადამიანები გადარჩენას იღებენ და თავს უძღვნიან ეკლესიას, ან როდესაც ადამიანები, რომლებიც უკვე გადარჩენილნი არიან, აცნობიერებენ, რომ მათ სჭირდებათ ჯგუფისადმი ერთგულება. ეკლესიის თანამშრომლებმა უნდა შეისწავლონ ჯგუფის საჭიროებები და იზრუნონ მომოწაფებაზე, სულიერ დამეგობრებაზე, მსახურებისთვის მომზადებაზე და მოზიარეობის ფორმებზე. მათ უნდა უხელმძღვანელონ ჯგუფს ერთობლივ საქმიანობაში, ჯგუფში მყოფთა ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად.

როგორც რწმენის ოჯახი, ეკლესია გამოყოფს ადამიანურ რესურსებს და პოულობს ღვთაებრივ რესურსებს, რათა დააკმაყოფილოს მოზიარეობაში მყოფების ყველა საჭიროება, რათა დაანახოს ქვეყნიერებას ღვთის სიბრძნე, ცხოვრების ყველა ასპექტში და მოუწოდოს გადარჩენის არმქონე ადამიანებს მოექცნენ და შემოუერთდნენ ღვთის ოჯახს.

► რა იქნება პრიორიტეტული ეკლესიის ლიდერებისთვის, ერთმანეთისადმი მიძღვნილ მორწმუნეთა ჯგუფის ჩამოყალიბებაში?

ეკლესიის სულიერი პრიორიტეტი

მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური საკითხები აუცილებელია ეკლესიისთვის (პასტორალური მხარდაჭერისთვის, მრევლზე ზრუნვისთვის და სხვა ადგილობრივი მსახურებებისთვის), ეკლესია ძირითადად ორიენტირებული უნდა იყოს მახარებლობისა და მომოწაფების სულიერ პრიორიტეტებზე. პასტორი პირველ რიგში სულიერი წინამძღოლი უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ პასტორი არ უნდა იყოს ზედმეტად დატვირთული საქმიანობის მენეჯმენტით. იდეალურია, რომ ეკლესიის წევრებს ჰქონდეთ სამუშაო ან ბიზნესი, საიდანაც ისინი იძლევიან მეათედს. ეკლესიის მიერ წარმოებული ბიზნესის შემთხვევაში, სანდო დიაკვნებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი. პირველი დიაკვნები დანიშნეს, რათა მოციქულებს თავი მიეძღვნათ ლოცვისა და სიტყვის მსახურებისთვის (საქმეები 6:2-4).

პასტორის თვისებები, რომელიც კარგად ხელმძღვანელობს

► კლასმა უნდა განიხილოს თითოეული პუნქტის მნიშვნელობა. განხილვა დაიწყოს კითხვით: „რატომ არის ეს თვისება მნიშვნელოვანი?”

1. მისი ერთგულება და თავდადება მხოლოდ ეკლესიას ეძღვნება.

2. მას სურს შექმნას მსახურების გუნდი და გამოიყენოს სხვების შესაძლებლობები.

3. ის უძღვება თავის ეკლესიას სულიერი ოჯახის ცხოვრების მოზიარეობაში, რათა ყველამ იზრუნოს არსებულ საჭიროებებზე პასუხის გასაცემად.

4. ის ემსახურება თავის ეკლესიას ღვთისა და ხალხის სიყვარულით და არა პირადი სარგებლობისთვის.

5. სულიერი პრიორიტეტები, როგორიცაა თაყვანისცემა, მახარობლობა და სულიერი ზრდა, მისი მსახურების ყურადღების ცენტრშია.

6. ის სარგებლობს თავისი ხალხის ნდობით.

7. მას სურს ააშენოს ეკლესია, როგორც მუდმივი დაწესებულება, რომელიც მას არ ეკუთვნის.

8. ის მიჰყავს ეკლესიას სიმწიფისკენ, ასწავლის რა მეათედის და მოზიარეობის შესახებ, რომელიც ყველა საჭიროებას პასუხობს.

9. ის გულწრფელი და პატიოსანია ყველაფერში, მათ შორის ფულშიც.

10. ის აჩვენებს ფულის და ხალხის კარგად მართვის უნარს.

მსახურების პროექტის ლიდერის თვისებები

საეკლესიო საწარმოს მართვისთვის შერჩეულ ადამიანს ეს თვისებები უნდა ჰქონდეს. ეკლესიის ლიდერებმა უნდა იმუშაონ, ამ თვისებების განსავითარებლად იმ წევრებში, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ ეკლესიის პასუხისმგებლობებში და შეუერთდნენ ლიდერთა გუნდს.

► კლასმა უნდა განიხილოს თითოეული პუნქტის მნიშვნელობა. განხილვა დაიწყოს კითხვით: „რატომ არის ეს თვისება მნიშვნელოვანი?”

1. ის ერთგულია ადგილობრივი ეკლესიის მიმართ დასწრებაში, მეათედსა და მონაწილეობაში და აქვს სანდო ქრისტიანის სახელი.

2. ის უკვე დებს თავის ძალისხმევას და ვნებას ადგილობრივ ეკლესიაში.

3. ის იჩენს სრულ პატიოსნებას და ეთიკის მაღალ გრძნობას.

4. ის უკვე იჩენს ინიციატივას და მოტივაციას, რომ თავისი მაქსიმუმი გააკეთოს.

5. ის არის მოწესრიგებული, მოტივირებული და მუდმივად ვითარდება.

6. ის იჩენს სხვების ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის უნარს და არა მხოლოდ სხვისი ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობის უნარს.

7. მას აქვს პროექტში მისი როლისთვის საჭირო კომპეტენცია.

შვიდი შემაჯამებელი დებულება

1. ლიდერის პიროვნული თვისებები და ხასიათი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ბუნებრივი უნარები.

2. ადამიანმა ლიდერობამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა გამოავლინოს ქრისტიანული თვისებები.

3. პირი, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა ეკლესიაში, არის ეკლესიური ხასიათის მაგალითი.

4. ფინანსური მართვა აუცილებელია ეკლესიაში პასტორალური მხარდაჭერისთვის, თემზე ზრუნვისთვის და სხვა ადგილობრივი მსახურებებისთვის.

5. ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებული უნდა იყოს მახარებლობისა და მომოწაფების სულიერ პრიორიტეტებზე.

6. ეკლესიის ლიდერებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმ ადამიანთა ჯგუფის განვითარებაზე, რომლებიც ეკლესიისადმი ერთგულები და მიძღვნილები არიან.

7. ეკლესია უნდა ჩამოყალიბდეს მრევლის კუთვნილ მუდმივ დაწესებულებად.

13 გაკვეთილის დავალებები

1. დაიმახსოვრეთ მე-13 გაკვეთილის შვიდი შემაჯამებელი დებულება. დაწერეთ ერთი აბზაცი, რომელიც განუმარტავს შვიდი შემაჯამებელი განცხადებიდან თითოეულის აზრს და მნიშვნელობას (სულ შვიდი აბზაცი) ვინმეს, ვინც არ არის ამ კლასის სტუდენტი. ჩააბარეთ ის კლასის ხელმძღვანელს შემდეგი გაკვეთილის დაწყებამდე. მზად იყავით გაუზიაროთ თქვენი აბზაცი ჯგუფს, თუ კლასის ხელმძღვანელი ამას გთხოვთ დისკუსიის დროს. ჩამოწერეთ ზეპირად ნასწავლი შვიდი შემაჯამებელი დებულება.

2. არ დაგავიწყდეთ დროში გაწეროთ თქვენი კლასგარეშე სწავლების შესაძლებლობები და აცნობეთ კლასის ხელმძღვანელს, როდესაც ჩაატარებთ სწავლებას.

3. წერითი დავალება: შეისწავლეთ ეზეკიელის 34:1-10 და დაწერეთ რამდენიმე წინადადება, რომელიც აჯამებს ამ მუხლების მთავარ აზრს.

Next Lesson