► წაიკითხეთ ერთად 84-ე ფსალმუნი. რას გვეუბნება ეს მონაკვეთი ხსნის შესახებ?
ჯვარი
ჯვარი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული სიმბოლოა. ჯვარი წარმოადგენს მოვლენას, რომელიც მთელი ისტორიის ცენტრია. ის წარმოადგენს განსხვავებას ქრისტიანულ რწმენასა და ყველა დანარჩენს შორის.
ჯვარი მრავალი ადამიანისთვის საიდუმლოს წარმოადგენს. მათ არ ესმით, რატომ მოკვდა იესო. მაშინაც კი, თუ მათ გაიგეს, რომ იგი მოკვდა, რადგან მას ვუყვარვართ და უნდოდა ჩვენი გადარჩენა, მათ არ ესმით, რატომ იყო საჭირო, რომ ეს მომხდარიყო. ისინი კითხულობენ: ”თუ ღმერთს სურდა ჩვენი პატიება, რატომ არ შეეძლო უბრალოდ ამის გაკეთება?”
ჯვრის შესახებ დაბნეულობა თავიდანვე დაიწყო, როდესაც პირველმა ქრისტიანებმა სახარების ქადაგება დაიწყეს. (წაიკითხეთ 1 კორინთელთა 1:22-23). ებრაელები ფიქრობდნენ, რომ ღმერთი გამოავლენდა თავს ძალაუფლებაში. მათ ეგონათ, რომ ხსნა, რომელიც მათ სჭირდებოდათ, ეს იქნებოდა განთავისუფლება ჩაგვრისგან, მაგრამ ჯვარმა, თითქოს სისუსტე და წარუმატებლობა აჩვენა.
[1]ბერძნებს ეგონათ, რომ ღმერთი თავს სიბრძნით გამოიჩენდა. მათ მიაჩნდათ, რომ ხსნა, რომელიც სჭირდებოდათ, იყო იმის ახსნა, თუ როგორ უნდა მიეღოთ ცხოვრებისგან საუკეთესო, მაგრამ ჯვარი სულელურად და წარუმატებლად ჩანდა.
► რატომ არის ჯვარი ბევრისთვის დაბრკოლება?
ჯვარი დაბრკოლებაა ბევრი ადამიანისთვის. ბევრ ადამიანს სურს იყოს რელიგიური. ისინი მზად არიან დაიჯერონ გარკვეული რაღაცეები, იმოქმედონ რელიგიური წეს-ჩვეულებებით და მიიღონ რჩევები. მაგრამ ისინი ბრაზდებიან იმ აზრზე, რომ ისინი ისეთი ცოდვილები არიან, რომ ჯვარი გახდა საჭირო მათი პატიებისთვის. ჯვარი აბრკოლებს მათ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ისინი ცოდვილები არიან, რომელთაც პატიება სჭირდებათ.
იმისათვის, რომ გავიგოთ იესოს მსხვერპლშეწირვა ჯვარზე, უნდა გვესმოდეს, რომ ცოდვილი ადამიანის მდგომარეობა და ღვთის წმიდა ბუნება დიდ დილემას იწვევდა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რატომ გახადა შესაძლებელი გამოსყიდვამ ღმერთისთვის ჩვენთვის შენდობა.
“რამდენად შეიძლება გამართლებული იყოს ცოდვილი ღმერთის წინაშე, ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რადგან არ შეიძლება იყოს ნამდვილი მშვიდობა ან უსაფრთხო სიხარული, სანამ ჩვენ ღვთის მტრები ვართ, ან დროში, ან მარადისობაში. ჯერ კიდევ რამდენად ნაკლებად არის გაგებული ეს მნიშვნელოვანი კითხვა! რა დაბნეული წარმოდგენა ჰქონდა ბევრს ამის შესახებ!”
ჯონ ვესლი, ქადაგებაში, სახელწოდებით „გამართლება რწმენით”
ადამიანის მდგომარეობა
ადამის ცოდვის გამო, ყოველი ადამიანი უკვე დაშორებულია ღმერთს დაიბადებიდან (რომაელთა 5:12). ეს ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანი არის ეგოისტი და მიდის თავისი გზით.
როგორც კი ადამიანი არჩევანის გაკეთებას იწყებს, ის ცოდვის ჩადენასაც იწყებს. ყოველი ცოდვილი დამნაშავეა მრავალი ცოდვის ჩადენაში. (წაიკითხეთ რომაელთა 3:23).
ცოდვა არის ღვთის რჯულის დარღვევა (1 იოანეს 3:4, იაკობის 2:10-11). რადგან ღმერთი აბსოლუტურად სამართლიანია, ის არ ამართლებს ცოდვას და ყველა ადამიანი განიკითხება იმისთვის, რაც მან ჩაიდინა (2 კორინთელთა 5:10, გამოცხადების 20:12-13). ეჭვგარეშეა ნებისმიერი ადამიანის ბრალეულობა და ის განაჩენი, რომელსაც იმსახურებს. ყველა ცოდვილი უკვე მსჯავრდადებულია. (წაიკითხეთ იოანეს 3:18-19).
ყველა ცოდვილი, არის ღვთის მტერი (რომაელთა 5:10). ცოდვილს არ შეუძლია ღმერთთან ურთიერთობის დაწყება, თუ არ მოიხსნება მისი დანაშაულები ღმერთის წინააღმდეგ.
ცოდვილი იმყოფება ისეთ მდგომარეობაშიც, რომელიც მას ღმერთთან ურთიერთობისთვის გამოუსადეგარს ხდის. ცოდვილი გარყვნილია თავის სურვილებში (ეფესელთა 2:3). იმის გამო, რომ იგი ცოდვის მონაა, ცოდვილს არ ძალუძს შეცვალოს თავისი მდგომარეობა. (წაიკითხეთ რომაელთა 5:20, 7:23).
რა სახის ხსნა სჭირდება ცოდვილს? იმის გამო, რომ ცოდვილი დამნაშავეა, ხსნა პატიებას ნიშნავს. რადგან ის ღმერთის მტერია, ხსნა შერიგებას ნიშნავს. რადგან ის გარყვნილია, ხსნა განწმენდას ნიშნავს. რადგან ის უძლურია, ხსნა ნიშნავს გადარჩენას. ეს მხოლოდ ხსნის რამდენიმე ასპექტია, რომელიც ცოდვილს სჭირდება.
დილემა
ადამიანი ვერ გადაიხდიდა საკუთარი ცოდვის საფასურს. ერთ-ერთი მიზეზი იმაშია, რომ რაც ჩვენ უკვე გვაქვს, ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ღმერთს ეკუთვნის. უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი იმაშია, რომ ცოდვა უსასრულო ღმერთის წინააღმდეგაა მიმართული და ადამიანს უსასრულო არაფერი გააჩნია, რომ გადაიხადოს.
აბსოლუტურად ვერაფერი გააკეთა ადამიანმა თავის საჭიროებისთვის; ამრიგად, ადამიანის წინაშე არ შეიძლებოდა დაწესებულიყო მოთხოვნა, რომელიც ხსნას დაასრულებდა. (წაიკითხეთ გალატელთა 3:21). თუკი ადამიანისთვის შესაძლებელი იყო საკუთარი ხსნის განხორციელება, საჭირო არ იქნებოდა იესოს ჯვარზე სიკვდილი. (წაიკითხეთ გალატელთა 2:21).
► თუ ღმერთს სურდა პატიება, რატომ არ გვაპატია უბრალოდ, ჯვრის გარეშე?
რადგან ღმერთი წმიდაა, მან უნდა განიკითხოს ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის შესაბამისად (რომაელთა 2:5-6). ტერმინი გამოსყიდვა აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ იესოს მსხვერპლშეწირვა, ჩვენთვის ღმერთთან შერიგების გზაა.
წარმოიდგინეთ, ქრისტეს მსხვერპლი რომ არ მომხდარიყო. რა მოხდებოდა, თუ ღმერთი უბრალოდ გვაპატიებდა ცოდვებს გამოსყიდვის გარეშე?
თუ ღმერთმა ცოდვა გამოსყიდვის გარეშე გვაპატია, გამოდის, რომ ცოდვა უმნიშვნელოა. როგორც ჩანს, ღმერთი უსამართლო და უწმინდურიც კია. გამოდის რომ, ღმერთის თვალში მცირე განსხვავებაა ადამიანებს შორის, რომლებიც სწორად იქცევიან და რომლებიც არასწორად იქცევიან.
თუ პატიება გამოსყიდვის გარეშე იქნებოდა, ღმერთს თაყვანს ვერ სცემდნენ, როგორც სამართლიან და წმიდა ღმერთს. გამოსყიდვის გარეშე პატიება ღმერთს შეურაცხყოფს, ნაცვლად იმისა, რომ მას პატივი მივაგოთ, ასე რომ ეს შეუძლებელია.
მაგრამ ღმერთი მოსიყვარულეა და პატიება სურს. მას არ სურდა მთელი კაცობრიობა ცოდვილ მდგომარეობაში დაეტოვებინა, მარადიულად დაეკარგა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ის, რაც მათ დაიმსახურეს.
[1]იესოს ჯვარზე მსხვერპლად შეწირვამ უზრუნველყო უსასრულო ღირებულების მსხვერპლი, რომელიც საჭირო იყო. იესო შესაფერისი იყო, რადგან (1) ის უცოდველია (2 კორინთელთა 5:21) (სრულყოფილი და არ სჭირდება თავად ხსნა) და (2) რადგან ღმერთიც არის და ადამიანიც.
გამოსყიდვა უზრუნველყოფს იმას, რაც საჭიროა შენდობის საფუძვლად. ახლა ღმერთს შეუძლია აპატიოს ადამიანს, ვინც ინანიებს და სწამს მისი დაპირებების. ვერავინ, ვისაც შემეცნებული აქვს ჯვარზე შეწირული მსხვერპლი, ვერ იფიქრებს, რომ ცოდვა არ არის სერიოზული ღმერთისთვის.
გამოსყიდვა საშუალებას აძლევს ღმერთს გამართლებულად მიიჩნიოს ცოდვილი, რომელსაც სწამს აღთქმების, მაგრამ ამასთანავე დარჩეს სამართლიანი. (წაიკითხეთ რომაელთა 3:26). რომაელთა 3:20-26-ში მოცემულია ლოგიკური ახსნა, თუ როგორ მუშაობს გამოსყიდვა.
ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთის მიერ მოწოდებული ხსნის საშუალებები აბსოლუტურად ერთადერთი გზაა. თუ ადამიანი უარყოფს მადლით ხსნას ქრისტესრწმენის მეშვეობით, მისი გადარჩენა შეუძლებელია. (წაიკითხეთ მარკოზის 16:15-16; საქმეების 4:12; ებრაელთა 2:3).
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მხოლოდ მადლით და მხოლოდ რწმენით მიღებული გადარჩენის შესახებ დოქტრინის ცოდნა. ხსნა მხოლოდ მადლითაა, რადგან ვერაფერს გავაკეთებთ ამის მოსაპოვებლად ან დამსახურებისთვის. ეს მხოლოდ რწმენით არის შესაძლებელი, რადგან ვერაფერს გავაკეთებთ ამის მისაღწევად. ჩვენ მხოლოდ ღმერთის აღთქმების დაჯერება შეგვიძლია.
► ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს ადამიანის სახსნელად, ღმერთი თუ თავად ადამიანი?
ულამაზესი მონაკვეთი, რომელიც აღწერს ღვთის წყალობას, მრავალი წლით ადრე დაიწერა გამოსყიდვის აღსრულების შემთხვევამდე. ეს არის 84-ე ფსალმუნი. იგი აღწერს თუ როგორ გვაპატიებს ღმერთი ცოდვას. ის საუბრობს იმაზე, თუ როგორ დასრულდა მისი რისხვა. ამას მოსდევს ძალიან საინტერესო განცხადება. მასში ნათქვამია: „წყალობა და ჭეშმარიტება შეხვდებიან ერთმანეთს, სიმართლე და მშვიდობა გადაჰკოცნიან ერთიმეორეს.” ეს არის გამოსყიდვის გზით ხსნის შესანიშნავი სურათი. გამოსყიდვის გარეშე, ღვთის წყალობა შეიზღუდა იმ ჭეშმარიტებით, რომ ჩვენ ვართ დამნაშავენი. ღვთის სამართლიანობა კი მის მტრებად გვაქცევს, ნაცვლად იმისა, რომ მშვიდობა გვქონდეს მასთან.
პირველი მადლი
ღმერთმა გადადგა პირველი ნაბიჯები ცოდვილის სახსნელად. მან პატიების მზადყოფნა გამოავლინა ჯვარზე იესოს მსხვერპლად შეწირვით. ახლა ღვთის მადლი ცოდვილის გულში აღწევს, მას ცოდვებში ამხელს და პატიების სურვილს ბადებს მასში. (წაიკითხეთ ტიტეს 2:11; იოანეს 1:9; რომაელთა 1:20). ცოდვილი უძლურია დატოვოს თავისი ცოდვილი ცხოვრება ღმერთის დახმარების გარეშე (იოანეს 6:44). ღმერთი აძლევს ცოდვილს სახარების მიმართ რეაგირების შესაძლებლობას. თუ ადამიანი ვერ გადარჩა, ეს იმიტომ არ მოხდა, რომ მას არ ჰქონდა მადლი, არამედ იმიტომ, რომ მან არ უპასუხა მადლს, რომელიც ღმერთმა მისცა მას.
იესო მოკვდა მთელი მსოფლიოს ცოდვებისთვის და ღმერთს სურს, რომ ყოველი ადამიანი გადარჩეს. (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:9; 1 იოანეს 2:2; 1 ტიმოთეს 4:10). ღვთის მადლი ყველას აძლევს პასუხის გაცემის შესაძლებლობას, მაგრამ ის არავის აიძულებს. ამიტომ ღმერთი ცოდვილს მოუწოდებს აირჩიოს მონანიება და რწმენა (მარკოზის 1:15).
მონანიება
► რა არის მონანიება?
მონანიება ნიშნავს, რომ ცოდვილი თავს დამნაშავედ მიიჩნევს და სასჯელის ღირსია და მზად არის მიატოვოს თავისი ცოდვები.
"დატოვებს ბოროტეული თავის გზას და უსამართლო კაცი თავის ზრახვებს; დაუბრუნდება უფალს და ის შეიწყალებს მას; და ჩვენს ღმერთს, რადგან ის მრავლის მიმტევებელია " (ესაიას 55:7).
მონანიება არ ნიშნავს იმას, რომ ცოდვილმა უნდა გამოასწოროს თავისი ცხოვრება და გახდეს მართალი, სანამ ღმერთი არ აპატიებს მას. ეს შეუძლებელია, მაგრამ ცოდვილს უნდა სურდეს, რომ ღმერთმა გაათავისუფლოს იგი ცოდვებისგან.
► ხსნა მადლით მიიღება, მაშ რატომ არის მონანიება საჭირო ხსნისთვის?
რწმენა არის ერთადერთი მოთხოვნა პატიებისთვის, მაგრამ რწმენა გადარჩენისთვის არ შეიძლება არსებობდეს მონანიების გარეშე. თუ ადამიანს არ სურს მოინანიოს, მას არ სურს ცოდვისგან გათავისუფლება.
თუ ღმერთმა აპატია ადამიანებს, რომლებიც განაგრძობენ ცოდვის ჩადენას და არ ინანიებენ, ეს მას შეურაცხყოფს, როგორც დედამიწის სამართლიან მსაჯულს.
მონანიება აუცილებელია, რადგან თუ ადამიანი არ მოინანიებს, ის არ აღიარებს ცოდვის ბოროტებას. თუ მას არ ესმის, რატომ უნდა შეწყვიტოს ცოდვის ჩადენა, მაშინ მას არ ესმის, რატომ სჭირდება პატიება. თუ ადამიანი თავს ნამდვილად დამნაშავედ არ თვლის, გამართლების გარეშე და სასჯელის ღირსად, იგი არ მოინანიებს. თუ ის აღიარებს, რომ ცოდვილია, მაგრამ სურს რელიგია, რომელიც საშუალებას მისცემს მას ცოდვის ჩადენა განაგრძოს, მან არ მოინანია, რადგან სურს გააგრძელოს იმის კეთება, რამაც ის დამნაშავედ აქცია.
გადამრჩენი რწმენა
► თუ ადამიანს გადარჩენის რწმენა აქვს, რას ნიშნავს ეს, რომ მას სწამს?
(1) ის ხედავს, რომ საკუთარი თავის გასამართლებლად ვერაფერს გააკეთებს.
"ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია, არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხოს " (ეფესელთა 2:8-9).
ის აცნობიერებს, რომ არაფერი შეუძლია გააკეთოს (იმუშაოს), რომ ნაწილობრივ მაინც დაიმსახუროს ხსნა.
(2) მას სწამს, რომ ქრისტეს მსხვერპლი საკმარისია მისი პატიებისთვის.
"ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი წუთისოფლის ცოდვების მიმტევებელი" (1 იოანეს 2:2).
გამოსასყიდი მსხვერპლი ნიშნავს მსხვერპლს, რომელიც შესაძლებელს ხდის ჩვენს პატიებას. ჩვენი პატიებისთვის ქრისტეს მსხვერპლის გარდა, არაფერია საჭირო.
(3)მას სწამს, რომ ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, დაამარცხა ცოდვა და სიკვდილი.
”...თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები” (რომაელთა 10:9)
ცოდვისა და სიკვდილის დამარცხების ერთადერთი გზა იყო იესოს მკვდრეთით აღდგომა. იესო კვლავ გაცოცხლდა და დაამტკიცა სრული გამარჯვება ორივეზე.
(4) მას სწამს, რომ ღმერთი მას მხოლოდ რწმენის პირობით აპატიებს.
"თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან" (1 იოანეს 1:9).
თუ ის ფიქრობს, რომ სხვა პირობებიც არსებობს, მას აქვს მოლოდინი, რომ ნაწილობრივ გადარჩება საქმეებით და არა მთლიანად მადლით.
დარწმუნება
► როგორ შეიძლება ადამიანმა დანამდვილებით იცოდეს, რომ იგი გადარჩენილია?
ზოგიერთი ადამიანი დამოკიდებულია მათ გრძნობებზე, მაგრამ გრძნობები ცვალებადია და შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანონ.
ბიბლია გვეუბნება, რომ დანამდვილებით შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ გადარჩენილნი ვართ. შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთმა მიგვიღო. ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ შიშით, რადგან ღმერთის სული გვარწმუნებს, რომ ღვთის შვილები ვართ (რომაელთა 8:15-16).
ეს დარწმუნება იმდენად სრულია, რომ არ უნდა გვეშინოდეს განკითხვის დღის. (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:17). ზოგი ამბობს, რომ იმედი აქვს, რომ ისინი სამოთხეში მოხვდებიან, მაგრამ შეგვიძლია მივიღოთ ამაზე უკეთესი დარწმუნება. არ არის საკმარისი იმის დაჯერება, რომ ხსნა მთელ კაცობრიობისადმია შეთავაზებული; ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ თავად არის გადარჩენილი.
შეცვლილი ცხოვრება იმის დასტურია, რომ ადამიანი გადარჩა, მაგრამ ეს მტკიცებულებები თავიდანვე არ ვლინდება. ხსნის შედეგებს დრო არ ჰქონია, რომ გამოვლენილიყო. ამიტომ, მონანიების დროს შეცვლილი ცხოვრება არ არის დარწმუნების საფუძველი.
მორწმუნეს შეუძლია დარწმუნებული იყოს თავის ხსნაში, იცის რა, რომ ის მიჰყვებოდა ხსნის ბიბლიურ გზას. თუ ადამიანმა გულწრფელად მოინანია და ირწმუნა ისე, როგორც ბიბლია განსაზღვრავს, მას აქვს უფლება დაიჯეროს, რომ ღმერთი აპატიებს მას. როდესაც ადამიანი ინანიებს და სწამს, ღმერთი თავისი სულით მოწმობს, რომ ის გახდა ღვთის შვილი.
თუ ადამიანი ცდილობს შეიგრძნოს, რომ გადარჩენილია, მიუხედავად იმისა, რომ არ მოინანია, ის დაიბნევა და შესაძლოა თავი მოიტყუოს.
თუ ადამიანი (1) ნამდვილად მოინანიებს, (2) ენდობა ღვთის აღთქმას საღვთო წერილში და (3) მიიღებს სულის მოწმობას, ის არ მოტყუვდება. ეს დარწმუნება ემყარება ღვთის სიტყვას, რომელიც აბსოლუტურად სანდოა. ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის აღთქმებს.
10 სიტყვა ხსნის ასპექტებისთვის
შერიგება: ეს სიტყვა ნიშნავს, რომ ვინც მტრები იყვნენ, კვლავ დაამყარეს მშვიდობა. ხსნის დროს ჩვენ ღმერთთან ვამყარებთ მშვიდობას. (წაიკითხეთ 2 კორინთელთა 5:19, რომაელთა 5:1[1]).
გამოსყიდვა: ეს სიტყვა ნიშნავს რომ ჩანაწერი გაიწმინდა. ხსნის დროს, ცოდვების შესახებ ჩვენი ჩანაწერი წაიშალა. (წაიკითხეთ ებრაელთა 8:12).
გამოსასყიდი მსხვერპლი: ეს სიტყვა ეხება იმას, რაც იყო მოცემული ვინმეს რისხვის ასარიდებლად. ხსნის დროს იესოს მსხვერპლშეწირვამ აგვარიდა ღვთის რისხვას, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იყო. (წაიკითხეთ 1 იოანეს 2:2).
გათავისუფლება: ეს სიტყვა ნიშნავს, ვინმეს დახსნას სხვისი ძალაუფლებისგან. ხსნის დროს ჩვენ სატანისა და ცოდვის ძალაუფლებისგან გავთავისუფლდით. (წაიკითხეთ ლუკას1:74; რომაელთა 6:6, 12-18).
დახსნა: ეს სიტყვა ნიშნავს, რომ ვინმესთვის ფასი გადახდილია, რომ ის თავისუფალი იყოს. ხსნის დროს, იესოს სიკვდილი არის ფასი, რათა ცოდვების მონობისა და სასჯელისგან დახსნილები ვიყოთ. (წაიკითხეთ ეფესელთა 1:7; ტიტეს 2:14).
გამართლება: ეს სიტყვა ნიშნავს რომ ვინმე გამოცხადებულია მართლად ან უდანაშაულოდ. ხსნის დროს, დამნაშავე ცოდვილი მართლად ითვლება, რადგან მის ნაცვლად იესო ეტანჯა. (წაიკითხეთ 2 კორინთელთა 5:19; რომაელთა 5:1[2]).
განწმენდა: ეს სიტყვა ნიშნავს, რომ ვინმე გახდა წმინდანი. ხსნის დროს ცოდვილი ღვთის წმინდა შვილად იქცევა (მრავალი ეპისტოლე მორწმუნეებს მოიხსენიებს, როგორც „წმინდანებს” ეფესელთა 1:1; კოლასელთა 1:1; ფილიპელთა1:1).
შვილად მიღება: ეს სიტყვა ნიშნავს რომ ვინმე სხვისი კანონიერი შვილი ხდება. ხსნის დროს ჩვენ ღვთის შვილები ვხდებით. (წაიკითხეთ იოანეს 1:12; ეომაელთა 8:15).
რეგენერაცია / ხელახლა შობა: ეს სიტყვა ნიშნავს, რომ ადამიანი თავიდან იწყებს ცხოვრებას. ხსნის დროს მორწმუნე ახალ ცხოვრებას იწყებს. (წაიკითხეთ ეფესელთა 2:1, იოანეს 7:38-39; გალატელთა 4:29; იოანეს 3:5).
დაბეჭდვა: ეს სიტყვა ნიშნავს იმას, რომ რაღაც არის მონიშნული (ბეჭედ დასმული) იმის საჩვენებლად, თუ ვინ ფლობს მას. ხსნის დროს ჩვენში მყოფი სულიწმიდა გვცნობს ჩვენ, როგორც ღმერთის კუთვნილებას. (წაიკითხეთ ეფესელთა 1:13).
შენიშვნა კლასის ლიდერისთვის: კლასის წევრი შეიძლება შეირჩეს ქვემოთ მოცემული ინფორმაციის ასახსნელად (შეცდომა, რომელიც თავიდან უნდა ავიცილოთ: რელიგია მონანიების გარეშე).
[1]ამ მუხლებში საუბარია როგორც გამართლებაზე, ასევე შერიგებაზე
[2]ამ მუხლებში საუბარია როგორც გამართლებაზე, ასევე შერიგებაზე
შეცდომა, რომელიც თავიდან უნდა ავიცილოთ: რელიგია მონანიების გარეშე
არიან ადამიანები, რომლებიც ადვილად ფიქრობენ, რომ გადარჩენილნი არიან, როდესაც გაიგებენ, რომ ხსნა რწმენით მადლის მეშვეობით ხდება. მან გულწრფელად არ მოინანია, რადგან არ ესმოდა, რომ მას ეს სჭირდებოდა. ის არასდროს მიიჩნევდა თავს ცოდვილად, რომელიც იმსახურებს ღვთის განაჩენს. ის ფიქრობს, რომ მადლი ნიშნავს, რომ მას შეუძლია საკუთარი გზებით იაროს. იმის გამო, რომ იგი იღებს ქრისტიანობის ჭეშმარიტებას, ფიქრობს, რომ ის ქრისტიანია, თუმცა მას არანაირი გარდაქმნა არ ჰქონია. ის არასოდეს დათმობდა საკუთარ ნებას; ამის ნაცვლად, მან მიიღო ღმერთი, როგორც მისი ცხოვრების ნაწილი და დღესაც ძირითადად ცხოვრობს საკუთარი ნებით. როგორც წმინდა წერილებშია აღწერილი, ეს არ არის ღმერთთან გადამრჩენი ურთიერთობის დასაწყისი.
► კლასმა ორჯერ მაინც უნდა წაიკითხოს „მრწამსის აღიარება.”
მრწამსის აღიარება
იესო ქრისტეს სიცოცხლე, სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა სამყაროს ცოდვების გამოსყიდვას წარმოადგენს. ყველა ადამიანი დამნაშავეა ცოდვაში და უძლურია თავი გადაირჩინოს. ყველა ცოდვილს, ვინც ინანიებს, შეუძლია ღვთის წყალობა რწმენით მიიღოს. მორწმუნეს ეპატიება და ცოდვის ძალაუფლებისა და სასჯელისაგან თავისუფლდება. სულიწმიდა მორწმუნეს ცოდვილიდან ღმერთის წმინდა თაყვანისმცემლად ცვლის. ხსნის სხვა საშუალება არ არსებობს. მთლიანობაში ქმნილება გამოსყიდულია და საბოლოოდ აღდგება ღმერთის მიერ.
შენიშვნა კლასის ლიდერისთვის: ქვემოთ მოცემული ინფორმაციის ორი მონაკვეთი („ხსნა ძველ აღთქმაში“ და „მთელი ქმნილების ხსნა“)შერჩევითია. კლასს შეუძლია აითვისოს ის, თუ წევრებს აინტერესებთ ეს თემები.
ხსნა ძველ აღთქმაში
ძველ აღთქმაში ღმერთმა დაადგინა თაყვანისცემის სისტემა მსხვერპლშეწირვით. მსხვერპლშეწირვამ ვერ უზრუნველყო ხსნა, იესოს სიკვდილგან განცხვავებით. ბიბლია გვეუბნება, რომ „ვინაიდან ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა შეუძლებელია” (ებრაელთა 10:4). მაშ რატომ ხდებოდა მსხვერპლშეწირვა? ეს იყო თაყვანისცემის ფორმები, რომლებიც განასახიერებდა ქრისტეს მსხვერპლს მომავალში (ებრაელთა 10:1).
ეს არ ნიშნავს, რომ ხსნა ახალი აღთქმის დრომდე არ იყო შესაძლებელი. როდესაც პავლე მოციქულმა განმარტა მოძღვრება მადლით გამართლების რწმენის მეშეობით, მან აბრაამისა და დავითის მაგალითები მოიყვანა იმის საჩვენებლად, რომ ეს არ იყო ახალი იდეა (რომაელთა 4:1-8). იესომ თქვა, რომ ნიკოდიმოსს უკვე უნდა ცოდნოდა ხელახლა შობის შესახებ, რადგან ის ძველი აღთქმის მასწავლებელი იყო (იოანეს 3:10). პავლემ ტიმოთეს უთხრა, რომ ძველი აღთქმის წმინდა წერილები მას ბრძენად აქცევდა ხსნის შესახებ ცოდნაში (2 ტიმოთეს 3:15). ასე რომ, სახარება ძველ აღთქმაში იყო ხელმისაწვდომი.
ძველი აღთქმის დროში იყვნენ ზოგიერთები, რომლებსაც ესმოდათ მადლი. მათ არ იცოდნენ გამოსყიდვის დეტალები ან როგორ იმოქმედებდა ის, მაგრამ მათ სჯეროდათ, რომ ღმერთმა მიტევების საფუძველი შექმნა. მსხვერპლშეწირვა ამ რწმენის გამოხატვის მხოლოდ ფორმა იყო, ისევე როგორც დღეს თაყვანისცემის ფორმები გვაქვს (მაგალითად, უფლის სერობა). მსხვერპლშეწირვა უსარგებლო იყო, თუ ის რწმენითა და მორჩილებით არ იყო მიტანილი, ისევე, როგორც ჩვენი თაყვანისცემის ფორმები არაფრის მომცემია, თუ ისინი არ წარმოადგენენ გულისა და ცხოვრების გამოხატვას.
ფსალმუნი 50 და ესაია 1: 11-18 ცხადყოფს, რომ მონანიება და რწმენა მნიშვნელოვანი იყო ძველი აღთქმის დროს.
მთელი ქმნილების ხსნა
როდესაც პირველმა ადამიანებმა შესცოდეს, წყევლამ მოიცვა მთელი ქმნილება (დაბადების 3:17). როდესაც ხსნა დასრულდება, ქმნილება აღდგება.
ხსნა იწყება გადარჩენილი ადამიანების სულიერი განახლებით. მორწმუნეები გადარჩნენ ცოდვისგან და ახლა ცხოვრობენ ღვთის კურთხევებში. ამასთან, მათ ჯერ არ განიცადეს ცოდვის წყევლის ფიზიკური ასპექტებისგან განთავისუფლება. მათ ჯერ კიდევ აქვთ სხეულები, რომლებიც ბერდებიან და იღუპებიან.
ბუნება კვლავ ცოდვის წყევლაშია. ჩვენ ის არ გვინახავს ისეთი, როგორც ღმერთმა თავდაპირველად შექმნა იგი. ჩვენ ვხედავთ ბუნებას, რომელიც სავსეა მავნე არსებებით და ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფი არსებებით. ჩვენს სამყაროში მრავალი არსება უნდა დაიხოცოს, რათა სხვებმა იცოცხლონ.
დგება დრო, როდესაც მთელი ქმნილება განახლდება (გამოცხადების 21:1; ებრაელთა 1:10-12). რომაელთა 8: 19-25-ში აღწერილია ქრისტიანული იმედი, სამყაროს ცოდვის წყევლისგან განთავისუფლების შესახებ.
გაკვეთილი 8 დავალებები
(1) წმიდა წერილის შესასწავლი ადგილების დავალება: თითოეულ სტუდენტს უნდა დაევალოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ–ერთი ადგილი. შემდეგი გაკვეთილის წინ მან კლასში უნდა წაიკითხოს ეს ადგილი და დაწეროს აბზაცი იმის შესახებ, თუ რას ამბობს ის, ამ გაკვეთილში მთავარი განხილვის საგანთან დაკავშირებით.
ეფესელთა 2:1-10
ესაიას 1:11-18, ფსალმუნის 50
რომაელთა 8:19-25
რომაელთა 3:20-26
(2) ტესტი: შემდეგ მეცადინეობას დაიწყებთ მე-8 გაკვეთილის ტესტით. მოსამზადებლად კარგად შეისწავლეთ ტესტის საკითხები.
(3) სწავლების დავალება: არ დაგავიწყდეთ, რომ დაგეგმოთ და აცნობოთ თქვენი კლასის გარეთ ჩატარებული გაკვეთილების დრო.
8 გაკვეთილის ტესტი
(1) რატომ არის ჯვარი დაბრკოლება მრავალი ადამიანისთვის?
(2) როგორია ცოდვილის მდგომარეობის ოთხი ასპექტი?
(3) რატომ შეურაცხყოფს გამოსყიდვის გარეშე პატიება, ღმერთს?
(4) რა არის მონანიება?
(5) თუ ადამიანს გადარჩენის რწმენა აქვს, რას ნიშნავს ეს, რომ მას სწამს?
(6) რატომ განისაზღვრა იესო მსხვერპლად შესაწირად?
(7) როგორ შეუძლია ადამიანს დანამდვილებით იცოდეს, რომ იგი გადარჩენილია?
(8) შეარჩიეთ ხსნის ტერმინები სწორ ფრაზებთან:
1. გადახდილი ფასი, 2. ითვლება მართლად, 3. საიდენტიფიკაციო ნიშანი, 4. მშვიდობა, 5. რისხვის არიდება, 6. სუფთა ჩანაწერი, 7. გადარჩენა, 8. განწმენდა, 9. გახდე ძე, 10. ახალი ცხოვრება
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.