ადამიანური ურთიერთობები ან საზოგადოებასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროექტის განხორციელებისთვის. მე მინახავს, რომ ადამიანები ლახავენ თავიანთ რეპუტაციას და სერიოზულად აფუჭებენ მსახურების საქმეს ცუდი ადამიანური ურთიერთობების გამო. მე ვმუშაობდი კარგი მოტივების მქონე კარგ ადამიანებთან, რომლებმაც ვერ გამოიყენეს მნიშვნელოვანი მსახურებების შესაძლებლობები მათი სუსტი უნარების გამო ადამიანურ ურთიერთობებში.
ადამიანური ურთიერთობები არის სხვა ადამიანებთან მუშაობის ხელოვნება ამოცანის შესრულების მიზნით. კარგი ადამიანური ურთიერთობა სხვებს კარგად აგრძნობინებს თავს და მათში პროექტებში თანამშრომლობის სურვილს აღძრავს.
ადამიანური ურთიერთობები პასტორის ან ქრისტიანი ლიდერის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. როდესაც საზოგადოებაში კარგ ურთიერთობებს აშენებთ, ამით კარს ხსნით სახარებისთვის. ეკლესიასა და სხვა მორწმუნეებთან კარგი ურთიერთობის დამყარებით იღებთ მხარდაჭერას მსახურების პროექტებში. კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილია, იმგვარი ურთიერთობის უნარი, რომ აღძრათ სხვა ადამიანებში თქვენთან თანამშრომლობის სურვილი. ეს კიდევ უფრო წინ წაწევს ღვთის საქმეს.
ადამიანური ურთიერთობები ბიბლიაში
იგავები გვიჩვენებს ადამიანთა პოზიტიური ურთიერთობების მნიშვნელობას. ”კეთილი სახელი დიდ სიმდიდრეზე უკეთესია, ვერცხლსა და ოქროს კი კეთილგანწყობა სჯობს” (იგავები 22:1).
რა არის კარგი სახელი? ეს არის ხალხთან სწორად მოპყრობის მქონე რეპუტაცია. ეს არის ის, თუ როგორ აღგიქვამთ ან გხედავთ თქვენ ხალხი. თქვენ შეიძლება ყველას სამართლიანად მოექცეთ, მაგრამ თუ ვინმე აღიქვამს, რომ თქვენ უსამართლო ხართ, თქვენ განიხილებით, როგორც უსამართლო. ჩვენ ზოგჯერ ვამბობთ: ”აღქმა რეალობაა”. მნიშვნელოვანია ის, რისიც ხალხს სჯერა თქვენს შესახებ; ეს გავლენას ახდენს მათ განწყობაზე ითანამშრომლონ თქვენთან. ეს არის ადამიანური ურთიერთობები: მუშაობა იმაზე, თუ როგორ აღგიქვამენ. კარგი სახელის ქონა არის სამართლიანობისა და სიკეთის აღქმა.
რეხაბყამი: ცუდი ადამიანური ურთიერთობების მაგალითი
რეხაბყამის ამბავი ასახავს ადამიანთა კარგი ურთიერთობების მნიშვნელობას. სოლომონის გარდაცვალების შემდეგ რეხაბყამი გამეფდა.
► წაიკითხეთ ამბავი 3 მეფეთა 12:1-20-ში.
რეხაბყამს ყველაფერი ჰქონდა, რაც საჭირო იყო მმართველობის დასაწყებად. მას მეფის ტახტი ერგო წილად. მას აშკარად მამის, სოლომონის კურთხევა ჰქონდა. მისმა ძმამ, იერობყამმა და ისრაელის მთელმა კრებამ პირობა დადეს, რომ რეხაბყამი ხალხის მიმართ ცოტათი უფრო რბილი იქნებოდა. მისი სამეფოს მთელი მომავალი დამოკიდებული იყო მისი ადამიანური ურთიერთობების უნარზე.
ტრაგიკული გადაწყვეტილების მიღებით, რეხაბყამმა უარყო უხუცესების ბრძნული რჩევა და მოუსმინა მისი გამოუცდელი ახალგაზრდა მეგობრების რჩევას. რეხაბყამის გადაწყვეტილების შედეგად, ერი გაიყო და ისრაელის სამეფო აღარასოდეს ყოფილა ერთიანი. რეხაბყამის სულელური გადაწყვეტილებით ისრაელის მთელი შემდგომი ისტორია დაზარალდა.
მან უგულებელყო სხვა ადამიანების გრძნობები და ემოციები.
მან უგულებელყო თავისი ქმედების გავლენა სხვა ადამიანებზე.
ქრისტიანმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ვერავინ შეძლებს წარმატებით დაასრულოს პროექტი სხვა ადამიანების დახმარების გარეშე. შეუძლებელია სხვა ადამიანებთან მუშაობა კარგი ადამიანური ურთიერთობების გარეშე. რეხაბყამი გვაჩვენებს ადამიანური ურთიერთობების უარყოფით მაგალითს. ასევე არსებობს დადებითი მაგალითები ბიბლიიდან, რომლებსაც განვიხილავთ.
პავლემ იცოდა, რომ სხვისი გრძნობებისადმი მგრძნობელობა მნიშვნელოვანია. პავლეს წერილი კორინთელი მორწმუნეების მიმართ, ასახავს კარგი ადამიანური ურთიერთობების პრინციპებს.
პავლეს სწავლება: ადამიანური ურთიერთობები მოითხოვს პირადი უფლებების დათმობას.
ადამიანი, რომელიც კარგად ერკვევა ადამიანურ ურთიერთობებში, მზადაა უარი თქვას თავის პირად უფლებებზე. პავლე ამბობს, რომ მან უარი თქვა საკუთარ უფლებებზე, რათა ემსახურა კორინთელების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ერთხელ მტრებისგან გაქცეულმა დავითმა თქვა, რომ მას უყვარდა თავისი ჭის წყლის გემო, რომელიც ბეთლემში თავისი სახლის მახლობლად ჰქონდა. ის ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მის ამ ნათქვამს ვინმეს რეაგირება მოჰყვებოდა, მაგრამ მისი სამი საუკეთესო მეომარი გაიქცა მტრის ზურგში ამ წყლის მოსაპოვებლად. როდესაც დავითს ეს წყალი მიართვეს, მან მიწაზე გადაღვარა (2 მეფეთა 23:14-17). ეს იყო ადამიანური ურთიერთობის აქტი; დავითმა დათმო თავისი უფლება, რომ მის მიმართ განსხვავებული მოპყრობა ჰქონოდათ, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანებისადმი. სწორედ ამ სულის გამო სცემდა პატივს დავითს მისი ხალხი.
ნიგერიაში, ჯოსში, ევანგელისტური კამპანიის დროს, მე შევესწარი ამგვარ ადამიანურ ურთიერთობების მაგალითს. პირველი მსახურების დროს ძლიერი წვიმა დაიწყო. ხალხის უმეტესობა წვიმაში იდგა. გუნდი და ყველა "დიდი ხალხი" იყო სცენაზე და იქაც წვიმა დასდიოდათ, ქადაგების დრო არ იყო; არავინ იგრძნობდა თავს ცუდად მქადაგებელი და მისი დამხმარეები რომ ჩამოსულიყვნენ სცენიდან და წვიმისგან შეეფარებინათ თავი. ამის ნაცვლად, მახარებელი და მთელი მისი გუნდი სცენაზე დარჩნენ და წვიმის მიუხედავად განაგრძეს უფლის თაყვანისცემა. ამან მას ნამდვილი უპირატესობა მიანიჭა, როდესაც მან იქ შეკრებილებს უქადაგა. საკუთარი კომფორტის დათმობით, მან მოიპოვა უფლება, რომ მისთვის მოესმინათ.
რომაელები 14 გვთავაზობს საინტერესო კვლევას ადამიანური ურთიერთობების შესახებ.
► წაიკითხეთ რომაელთა 14 თავი.
ამ თავის გასაგებად, უნდა გვესმოდეს, რას გულისხმობს პავლე სიტყვებში "ძლიერი" და "უძლური". ამ თავში "ძლიერი" არის ის, ვისაც ძლიერი სინდისი აქვს. მათმა სულიერმა სიმწიფემ და ღვთის სიტყვის გაგებამ დაანახა მათ, რომ ზოგიერთი საკითხი უბრალოდ პირადი უპირატესობის მინიჭების საკითხებია და არა ბიბლიური რწმენის. "უძლური" არის ის, ვისაც აქვს სინდისის სისუსტე. ისინი ჯერ არ არიან მომწიფებულნი ღვთის სიტყვის გაგებაში. მათი სინდისი ადვილად ბრკოლდება.
ბევრ ებრაელს ჰქონდა "სუსტი სინდისი"; მათ ტრადიციის დარღვევის ეშინოდათ. წარმართებს არ ჰქონიათ ეს ტრადიციები. მათ შეეძლოთ ის ეკეთებინათ, რაც ებრაელებს არ შეეძლოთ. მათ შეეძლოთ გარკვეული საკვების ჭამა, რაც ებრაელებს არ შეეძლოთ. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ ამ მონაკვეთში, რომ "უძლური" და "ძლიერი" არ აღწერს ერთგულების დონეს. ეს ტერმინები მხოლოდ სინდისის მგრძნობელობას ეხება.
რომაელების მე-14 თავის წაკითხვისას ვხედავთ, რომ პავლე ძალიან ღელავდა სხვების შეურაცხყოფაზე. ის მოუწოდებდა მორწმუნე ქრისტიანებს ძალიან ფრთხილად ყოფილიყვნენ თავიანთ მოქმედებებში. ეს თავი წარმოადგენს კარგი ადამიანური ურთიერთობების პრინციპების შესანიშნავ აღწერას.
კარგი ადამიანური ურთიერთობა ნიშნავს სხვების პირველ ადგილზე დაყენებას.
კარგი ადამიანური ურთიერთობები ნიშნავს აღქმაზე, სწორ წარმოდგენაზე ფოკუსირებას.
კარგი ადამიანური ურთიერთობები ნიშნავს საკუთარ პირად უფლებებზე უარის თქმას.
კარგი ადამიანური ურთიერთობა ნიშნავს სხვების გრძნობებისადმი მგრძნობიარობას.
კარგი ადამიანური ურთიერთობა ნიშნავს, არ დაუშვათ, რომ წვრილმანმა პრობლემებმა შექმნას პრობლემები.
პავლეს მაგალითი: მზად იყო დაეთმო პირადი სურვილები
პავლეს ახალგაზრდა თანაშემწეს ტიმოთეს ჰყავდა ებრაელი დედა, მაგრამ წინადაცვეთილი არასდროს ყოფილა. პავლემ იცოდა, რომ წინადაცვეთა აღარ არის საჭირო ღვთის ხალხისთვის. პავლემ ძლიერი წერილი დაწერა წინადაცვეთის შესახებ (გალატელთა წერილი) და მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის საბჭოში, სადაც ითქვა, რომ წინადაცვეთა არ იყო საჭირო ქრისტიანებისთვის.
ამასთან, პავლემ ტიმოთეს წინადაცვეთისკენ მოუწოდა. რატომ? რათა ტიმოთე უფრო ეფექტური გამხდარიყო მსახურებაში. პავლემ იცოდა, რომ ტიმოთე სტუმრობდა სინაგოგებს და ემსახურებოდა ებრაელ აუდიტორიას. იმისთვის, რომ წინადაუცვეთელი ადამიანი არ მისულიყო სინაგოგაში, უმჯობესი იყო ტიმოთე წინადაცვეთილიყო (საქმეები 16:3).
სხვა შემთხვევაში, პავლე თანახმა იყო მონაწილეობა მიეღო იუდეველთა განწმენდის შესაწირავში (საქმეები 21:18-26). ფიქრობდა თუ არა, რომ ამის გაკეთება იყო საჭირო ღმერთის მოსაწონად? არა, მას სურდა ამის გაკეთება, რათა ებრაელი ძმები ღვთის საქმეში მიეზიდა. პავლე არ ცდილობდა მათ მოპოვებას სიამაყის ან თვითგანდიდების გამო. მას სურდა, რომ ისინი მის გვერდით ყოფილიყვნენ, რათა მათ ერთად შეძლებოდათ ღვთის სამეფოს მშენებლობა. პავლე მზად იყო დაეთმო პირადი ინტერესები, რათა ღვთის საქმე წაეწია წინ.
მეორეს მხრივ, პავლე უარს ამბობდა კომპრომისზე წასვლაზე პრინციპულ საკითხებში. როდესაც გალატიაში წარმართ ახალმოქცეულებზე ზეწოლა მოახდინეს წინადაცვეთის ჩვეულების დასაბრუნებლად, პავლე მტკიცე იყო თავის ერთგულებაში პრინციპისადმი, რომ გამართლება მხოლოდ რწმენით ხდება (გალატელთა 1-2, 5). ანალოგიურად, მან უარი თქვა წარმართი პასტორის, ტიტეს წინადაცვეთის მოთხოვნის მიზნით ზეწოლაზე (გალატელთა 2:1-5). ეს რომ პრინციპული საკითხი ყოფილიყო, პავლე კომპრომისზე არ წავიდოდა.
პავლეს მაგალითი: შექების გამოყენება
ყურადღება მიაქციეთ, როგორ იწყებს პავლე წერილებს. მისალმების შემდეგ ის ჩვეულებრივ აქებს თავის მკითხველებს.[1] როდესაც მას ეკლესიაში ხალხისთვის საყვედური უნდა გამოეთქვა, როგორც წესი, ის ჯერ რაიმე დადებითს ეუბნებოდა, რათა ამ ხალს სცოდნოდა, რომ ის მათ წინააღმდეგ არ იყო. ეს კარგი ადამიანური ურთიერთობებია. იყავით თავისუფალი შექებასა და კომპლიმენტებში. როდესაც საქმე სხვა ადამიანებთან გაქვთ, ყოველთვის უნდა ისწრაფოთ იყოთ პოზიტიური. იყავით ადამიანი, რომელიც სხვებს აშენებს და არა ის, ვინც ანგრევს.
პავლეს მაგალითი: საკუთარი თავის ადამიანებთან გაიგივების უნარი
პავლემ იცოდა როგორ მიემართა ხალხისთვის თავაზიანად და კულტურული მანერით. როდესაც ის ფელიქსის წინაშე ლაპარაკობდა, პავლემ თქვა:
ვიცი, რომ მრავალი წელია ამ ხალხის სამართლიანი მსაჯული ხარ, ამიტომ თამამად დავიცავ თავს (საქმეები 24:10).
როდესაც პავლე აგრიპას ესაუბრებოდა, მან თქვა:
ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, მეფე აგრიპავ, რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიც იუდევლები მდებენ ბრალს. მით უმეტეს, რომ იუდეველთა ყველა ჩვეულებასა და სადავო საკითხს იცნობ. ამიტომ გთხოვ სულგრძელად მომისმინო (საქმეები 26:2-3).
პავლე პატივს სცემდა ამ ხელისუფლების პოზიციას და თავაზიანად ეპყრობოდა მათ. ზოგიერთმა ქრისტიანმა დაივიწყა თავაზიანობის მნიშვნელობა. ნაკლებად თავაზიან ადამიანს შეიძლება ეთქვა ფელიქსისთვის: ”მე ვიცი, რომ შენ ამ ერის მოსამართლე ხარ, მაგრამ მე მხოლოდ ღმერთის წინაშე ვაგებ პასუხს. შენს აზრს მნიშვნელობა არ აქვს! ” პავლეს რომ ეს პასუხი გაეცა, ის დაკარგავდა სახარების გაზიარების შესაძლებლობას ამ მთავრობის წარმომადგენლისთვის. პავლემ თავაზიანობის შედეგად, შეძლო ფელიქსთან "ქრისტე იესოს რწმენის შესახებ" საუბარი ორი წლის განმავლობაში (საქმეები 24:24-27).
პავლემ შეისწავლა ის ადგილები, სადაც მსახურობდა და ხალხთან ურთიერთობის გზები იპოვა. ათენში ქადაგებისას პავლე ციტირებდა ბერძნებს შორის პოპულარულ წარმართ მწერლებს (საქმეები 17:28). ის მგრძნობიარე იყო თავისი აუდიტორიის მიმართ.
ზოგჯერ, ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემები გამოწვეულია კარგი ადამიანების მიერ, რომლებიც მხოლოდ საკუთარი თვალსაზრისით უყურებენ საკითხებს. ისინი ვერ ხვდებიან, თუ როგორ აღიქვამენ სხვები მათ ქმედებებს. კარგი მიზნის მიღწევის ნაცვლად, ის საპირისპირო რეაგირებას იწვევს. კარგი ადამიანური ურთიერთობები მოითხოვს საკუთარი თავის სხვა ადამიანებთან გაიგივებას, ანუ მათ ადგილზე დაყენებას და მათი აზრის გათვალისწინებას.
მე პროექტის ადამიანი ვარ. ბევრი რამ ვისწავლე პროექტების შესახებ. ამასთან, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მე ვისწავლე პროექტების შესახებ, არის ადამიანურ ურთიერთობებზე კარგად მუშაობის მნიშვნელობა. ბევრი პრობლემა, რომელიც მე შემექმნა პროექტების შესრულების დროს, დაკავშირებული იყო ცუდ ადამიანურ ურთიერთობებთან. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე დაკვირვება ადამიანურ ურთიერთობებზე.
(1) დაიწყეთ ზემოდან.
გაცილებით ადვილია ორგანიზაციის სათავედან დაწყება და ქვემოთ ჩასვლა, ვიდრე ქვემოდან დაწყება და იმ პიროვნებამდე მისვლა, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს. ინფორმაცია ბევრად უკეთესად მიეწოდება მართვის რგოლებში ზემოდან ქვემოთ, ვიდრე ქვემოდან ზემოთ.
აფრიკა ავტორიტარული საზოგადოებაა. დიდი პატივისცემა ენიჭება უფლებამოსილ პირს. ხელისუფლების ქვეშ მყოფ ადამიანებს იშვიათად შეუძლიათ რაიმე გააკეთონ ზემდგომი პირის თანხმობის გარეშე. ხალხს კი ეშინია ინოვაციურობის და ამ ზემდგომისთვის იდეების შეთავაზების. გართულების თავიდან ასაცილებლად უკეთესია პირდაპირ მასთან მისვლა. მას შემდეგ რაც ძალაუფლების მქონე პირისგან ნებართვა მოიპოვეთ, ქვეშევრდომებთან მუშაობა ნაკლებად გაგიჭირდებათ. თუ თქვენ შეძელით ზემდგომების კეთილგანწყობის უზრუნველყოფა, გრძელი გზა გაგივლიათ პრობლემების გადასაჭრელად. დეპარტამენტში დასაქმებული დანარჩენი ადამიანები ბევრს იმუშავებენ თქვენი პროექტის შესასრულებლად.
საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ადამიანური ურთიერთობების მიზნებისათვის არის არა მხოლოდ სათავეში მყოფი პირის ნებართვის უზრუნველყოფა, არამედ მისი მონაწილეობის უზრუნველყოფაც. შეეცადეთ ეს ადამიანი გახდეს თქვენი პროექტის თანადამფინანსებელი.
ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ნიგერიის თოთხმეტ შტატთან ქრისტიანულ განათლებაში პროფესიული სერტიფიკატის შესაქმნელად. ჩვენ ვცდილობთ არა მხოლოდ შტატის განათლების მინისტრის ნებართვა მივიღოთ, არამედ ვაძლევთ მათ საშუალებას გახდნენ ჩვენი პროექტის თანადამფინანსებლები. მაშინ, როდესაც ჩვენს პროგრამას ვუკეთებთ რეკლამას, ეს არ არის მხოლოდ ქრისტიანული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის პროგრამა; ეს არის პლატოს შტატის მთავრობის პროექტი. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი სტიმული ადამიანთა ურთიერთობებისთვის.
(2) “ვაგონით იმ მიმართულებით იმგზავრეთ, საითაც ის უკვე მიდის.”
რამის შესრულების საუკეთესო გზაა იპოვოთ ადამიანი, რომელსაც უკვე აწუხებს გარკვეული პრობლემა, ან დაინტერესებულია გარკვეული პროექტით. შემდეგ მონახავთ გზას, რომ დაეხმაროთ მათ პრობლემის მოგვარებაში ან პროექტის შემუშავებაში. უფრო მარტივია მიყიდოთ კომპიუტერი მას, ვინც უკვე ეძებს კომპიუტერს, ვიდრე მას, ვინც არ იცის, რომ კომპიუტერი სჭირდება. თუ თქვენ ცდილობთ დაეხმაროთ ვინმეს მიზნების შესრულებაში, თქვენი პროექტი მათი პროექტი ხდება. რაც უფრო მეტად ეკუთვნის პროექტი სხვას, მით უკეთესი იქნება თანამშრომლობა.
შიდსი აფრიკის წინაშე მდგარი ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. ჩვენ შევქმენით პროექტი, რომელიც ნიგერიის მთავრობას დაეხმარება შიდსთან ბრძოლის მიზნის შესრულებაში. თუმცა, ჩვენ ამას ვაკეთებთ ბიბლიის გამოყენებით. ჩვენ ვიპოვეთ საშუალება, რომ დავეხმაროთ მთავრობას შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამავე დროს, ბიბლიის გზავნილსაც ვავრცელებთ.
(3) ყველა თან წაიყვანეთ.
წარმატებულ პროექტში ყოველთვის ბევრი ადამინი მონაწილეობს. თქვენ უნდა აგრძნობინოთ ყველა მონაწილეს, რომ ის პროექტის ნაწილია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. ნებისმიერი პროექტისთვის მაქსიმალური ოდენობის მხარდაჭერის მისაღებად, თქვენ უნდა ჩართოთ ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა.
ორგანიზაცია აშშ – დან ჩამოვიდა ნიგერიაში სამახარობლო საქმიანობის საწარმოებლად. ისინი კარგი ხალხი იყვნენ და კარგ საქმესაც ასრულებდნენ. თუმცა, მათ ვერ გამოიყენეს სრული პოტენციალი. ადამიანური ურთიერთობების მხრივ მათი მუშაობის ზოგიერთი ნაწილი არაეფექტური იყო. მაგალითად:
მათ სცენაზე თარჯიმნის გარდა არ ჰყავდათ ადგილობრივი ადამიანი. სცენაზე ადგილობრივი ქრისტიანი ლიდერები რომ ჰყოლოდათ, ისინი ადგილობრივი ეკლესიების კურთხევას და პატივისცემას მიიღებდნენ.
ისინი არ თანამშრომლობდნენ ადგილობრივ ეკლესიებთან. ეს შექმნიდა უფრო მჭიდრო ურთიერთობას ადგილობრივ მოსახლეობასთან..
ისინი მივიდნენ და სამუშაოს უმეტესობა თვითონ შეასრულეს. მათ დააფინანსეს მთელი პროექტი. ამის გამო ეს სხვის პროექტს დაემსგავსა. ამიტომ მათ ვერ შეძლეს დაერწმუნებინათ ადგილობრივი მოსახლეობა, რომ თავი მიეძღვნათ მსახურებისთვის.
(4) სცანით სხვა ადამიანები.
მნიშვნელოვანია სხვების გამოცდილების აღიარება, მაშინაც კი,თუ ის არც ისე ძლიერ აღემატება თქვენსას. ეს თავმდაბლობის დემონსტრირებას ახდენს და თავმდაბლობა კარგია ადამიანებთან ურთიერთობებისთვის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პავლემ მთელი გულით შეაქო თესალონიკელები და მისი წერილების სხვა მკითხველები. ის ყოველთვის ეძებდა საბაბს, რისთვისაც შეეძლო გულწრფელად ეთქვა მათთვის კომპლიმენტები.
ჩვენ უნდა ვიყოთ მგრძნობიარე ადამიანების მიმართ ყველა დონეზე. იპოვნეთ საშუალება, რომ შეაქოთ მძღოლები, ავტომობილის მართვის კარგი მანერის გამო. როდესაც მანქანას გაგიკეთებთ, კომპლიმენტი უთხარით მექანიკოსს. მიესალმეთ კომპიუტერების წინ მჯდომ მდივნებს და გამონახეთ ხერხი, რომ შეაქოთ მათი კომპიუტერული უნარები. რაც უფრო მეტ ხალხს დააფიქრებთ თავიანთ უნარებზე, მით უკეთესი იქნება თქვენი ურთიერთობა მათთან.
პარტნიორობაში ყურადღება სხვა პიროვნებაზე გადაიტანეთ. სხვას აგრძნობინეთ თავი კარგად. დაეხმარეთ ადამიანს გააცნობიეროს, რომ მისი წვლილი, პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია. აგრძნობინეთ სხვას პასუხისმგებლობა. თუ ის პასუხისმგებლობას არ იგრძნობს, ბევრს არ გააკეთებს. სხვა პირთან ან ორგანიზაციასთან მუშაობისას, თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ამ პირის ან ორგანიზაციის სახელი. ეს ხელს უწყობს სამუშაოს შესრულებას.
გახსოვდეთ, რომ მუშაობაა მნიშვნელოვანი და არა დამსახურება. თუ საქმე შესრულდა და ვინმე სხვა მიიღებს აღიარებას, ეს ნორმალურია. მთავარია, რომ სამუშაო შესრულდეს.
(5) შექმენით პროფესიონალურად დაწერილი მასალა.
მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულ ადამიანებს არ მოსწონთ გრძელი მოხსენებების კითხვა, მათ უყვართ დეტალების დანახვა. დეტალური წინადადება მრავალი ქვეპუნქტით პროფესიონალურად გამოიყურება. რაც უფრო პროფესიონალად წარმოჩინდებით, მით უფრო მეტად გიჭერენ მხარს სხვები და მით მეტია წარმატების ალბათობა.
როდესაც ადგენთ დოკუმენტს, რომელიც სავსეა დეტალებით, ეს აჩვენებს, რომ თქვენ იცით რას აკეთებთ. თუ ცდილობთ მიიღოთ ვინმეს ნებართვა პროექტის შესასრულებად, საჭიროა კარგი შთაბეჭდილების მოხდენა. კარგი შთაბეჭდილების მოხდენის ერთ-ერთი გზა ხარისხიანი დოკუმენტების წარმოებაა. რაც უფრო პროფესიონალურად შეძლებთ თქვენი მასალის მომზადებას, მით უფრო სერიოზულად აღგიქვამთ ხალხი.
ახლახანს შევხვდი განათლების ფედერალურ მინისტრს. მათ ჩვენი ზოგიერთი დოკუმენტი დაეკარგათ და სურდათ, რომ მათთვის ასლები მიმეწოდებინა. დავბრუნდი და შევქმენი ჩვენი ყველა მიმოწერის ჟურნალი. მისი კარგი ხარისხის ფოტო ასლი გავაკეთე და ყველაფერი საბუთების შემკვრელში ავკინძე. მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წარდგენის პროფესიონალიზმმა. ეს ქმნის შესაძლებლობებს ვითანამშრომლოთ ღვთის სასუფევლისთვის.
(6) აღიარეთ, რომ კარგი ურთიერთობები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კარგი იდეები.
არცერთი პროექტი არასოდეს სცილდება "ადამიანურ ფაქტორს". კარგი ურთიერთობების გარეშე, საუკეთესო პროექტები ჩაიშლება. თქვენ არა მხოლოდ თქვენს წინადადებებზე უნდა იმუშაოთ, არამედ მათ პრეზენტაციაზე და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე. ბევრი მოვაჭრე დებს კონტრაქტს არა იმიტომ, რომ მათ საუკეთესო პროდუქტი აქვთ, არამედ იმიტომ, რომ აქვთ საუკეთესო ხასიათი. ღვთის სამეფოს გულისათვის იმუშავეთ მყარი ურთიერთობების ასაშენებლად სხვა ადამიანებთან.
კარგი გაგებით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა აინტერესებს სხვა ადამიანებს. დავინტერესდეთ მათი ინტერესებით. ნეგატიური გაგებით, ჩვენ უნდა ვისწავლოთ სიტყვები და ფრაზები და მოქმედებები, რომლებსაც ნეგატიური შინაარსი აქვთ. უნდა ვისწავლოთ ჩვენი ნათქვამის, სხვისი ყურით მოსმენა. ამიტომაც სთხოვა პავლემ ტიმოთეს წინადაცვეთა; ტიმოთე რომ წინადაცვეთილი არ ყოფილიყო, ეს შეზღუდავდა მათ მსახურებას სინაგოგებში.
აბუჯაში მყავს მეგობარი, რომელიც შეუდარებელია ადამიანურ ურთიერთობებში. ის ყოველთვის სწორ სიტყვებს არჩევს, რათა სხვა ადამიანს მოეხსნას დაძაბულობა და კარგად იგრძნოს თავი თავის სამუშაოსთან დაკავშირებით.
ერთხელ, ჩვენ შევედით განათლების საპატიო მინისტრის კაბინეტში და მან მდივანს უთხრა: ”ალბათ სამი მიზეზი მაინც არსებობს, რის გამოც დღეს ვერ შევხვდებით განათლების საპატიო მინისტრს. მაგრამ თქვენ მისი გრაფიკი კარგად იცით. შეგიძლიათ მიმანიშნოთ რაიმე გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვნახოთ ის?” მნიშვნელოვანი ის კი არ იყო რაც მან უთხრა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის დრო იყო, როდესაც მან ყურადღება გაამახვილა მდივანზე და აღიარა მისი ძალაუფლება, რომ ის განათლების მინისტრამდე მიეყვანა. მას დრო დაჭირდა, რომ ეღიარებინა მისი ღირებულება. ეს აშენებს ურთიერთობებს.
(7) იყავით სწავლისკენ მსწრაფველნი.
სწავლის სურვილი შესანიშნავი გზაა პატივისცემის მოსაპოვებლად. ადამიანის ბუნება ყოველთვის აღფრთოვანებულია ადამიანით, ვისაც სურს ისწავლოს. იმის აღნიშვნა, რომ სწავლობთ და არ ხართ ექსპერტი, კარგი ადამიანური ურთიერთობების საწინდარია.
(8) იყავით გულწრფელნი.
როდესაც პავლემ ონესიმეს სახელით მისწერა ფილიმონს, მან შექებით დაიწყო.
ყოველთვის ვმადლობ ჩემს ღმერთს და გიხსენებ ჩემს ლოცვებში, მესმის რა შენი სიყვარული და რწმენა, უფალ იესოსა და ყველა წმინდანის მიმართ რომ გაქვს, ვლოცულობ, რათა ქმედითი იყოს შენი რწმენის გაზიარება, რომ სრულად შეიცნო ყველა ის სიკეთე, რაც ჩვენშია ქრისტესთვის, რადგან დიდი სიხარული და ნუგეში გვაქვს შენს სიყვარულში, ვინაიდან შენით გახალისდნენ წმიდანთა გულები, ძმაო (ფილიმონი 1:4-7).
კომპლიმენტების შემდეგ, პავლემ სთხოვა: „გთხოვ ჩემს შვილ ონისიმეზე, რომელიც ჩემს ბორკილებში ვშვი“. შექება გულწრფელი იყო. ფილიმონი ნამდვილად იყო კურთხევა პავლესა და სხვა წმინდანებისთვის. ყალბი კომპლიმენტები არ ივარგებს. იყავით გულწრფელნი სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში.
შეცდომები, რომლებიც თავიდან უნდა აიცილოთ
ამ გაკვეთილის უმეტესი ნაწილი დაწერილია პოზიტიური პერსპექტივიდან. თუმცა, არსებობს ისეთი რამ, რისი თავიდან აცილებასაც უნდა ვეცადოთ. ეს რაღაცეები ზიანს მიაყენებს ჩვენს ადამიანურ ურთიერთობებს.
(1) ნუ იქნებით საკუთარ თავზე ორიენტირებულნი.
ეს არის ძალიან მარტივი ქრისტიანული იდეა. თუ მხოლოდ ჩვენით ვართ დაინტერესებული, ეს აშკარა გახდება სხვა ადამიანებისთვის. ეს საბოლოოდ დააზარალებს ჩვენს პროექტს. მყავს კარგი მეგობარი, მშრომელი ადამიანი, რომელიც ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. თუმცა, მას ხშირად ადანაშაულებენ ხალხის გამოყენებაში. ის მუშაობს ადამიანთან მანამ, სანამ ამ ადამიანს შეუძლია მისი დახმარება მის საქმეში. როდესაც ადამიანი აღარაა მისთვის სასარგებლო, ის ტოვებს მას და აჰყავს სხვა. ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი აღქმა. ეს ის შთაბეჭდილება არ არის, რომლის მოხდენაც გვსურს.
საუბრის დროს მოერიდეთ "მე"ნაცვალსახელის ხშირად გამოყენებას. არის შემთხვევები, როდესაც ყვებით ისტორიებს, რომელშიც შეგიძლიათ პირველი პირის ნაცვალსახელი ეფექტურად გამოიყენოთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ გუნდის ნაწილი ხართ. "ჩვენ", როგორც წესი, უკეთესად ჟღერს, ვიდრე "მე.”
(2) არ ააშენოთ თქვენი მსახურება სხვისი მსახურების ხარჯზე.
ზოგჯერ ჩვენ ისე ვართ ორიენტირებულნი საკუთარ მსახურებაზე, რომ სხვა ადამიანების მსახურებებს უგულებელვყოფთ. მედიცინის ერთ-ერთი პირველი კანონია "არ ავნო". ეს უნდა იყოს მსახურების ერთ-ერთი უმთავრესი კანონი. უნდა მოვერიდოთ რაიმე ზიანის მიყენებას.
(3) ნუ უგულებელყოფთ სათანადო პროტოკოლს.
პროტოკოლი ძალზე მნიშვნელოვანია ბევრ ქვეყანაში. უმჯობესია იყოთ ძალიან ფრთხილი, ვიდრე ძალიან დაუდევარი. ამერიკელები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ პროტოკოლს და უჭირთ სხვა ქვეყნებში სათანადო პროტოკოლის დაცვა. ამასთან, ვისწავლე, რომ პატივი უნდა ვცეთ სტატუსის პოზიციებს, თუ ვაპირებთ ურთიერთობების აშენებას.
(4) ნუ დააჩქარებთ მოვლენებს.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ჩვენ ვუშვებთ პროექტების განხორციელებაში, არის ის, რომ ვცდილობთ საქმეები ჩქარა გავაკეთოთ. კარგი ადამიანური ურთიერთობაა, არ აჩქარდეთ და დრო გამოიყენოთ - დარწმუნდეთ, რომ ყველა მიძღვნილია და კარგ საფუძველს უყრის იმას, რასაც აკეთებთ. თუ ძალიან სწრაფად მიიწევთ წინ, დიდი ალბათობით ხალხს აწყენინებთ. დრო დაუთმეთ პროექტების ორგანიზებას.
როგორც ყველაფერში, ადამიანურ ურთიერთობებშიც უნდა იყოს ბალანსი. ადამიანურ ურთიერთობებში ძალიან შორს წასვლამ შეიძლება გამოიწვიოს კომპრომისი პრინციპების დათმობის ხარჯზე. კომპრომისზე წასვლა ცოდვა არ არის, თუ კომპრომისით პრინციპებს არ ღალატობთ. ამასთან, უნდა გავფრთხილდეთ კომპრომისზე წასვლისას პრინციპულ საკითხებში. როგორც ზემოთ ვნახეთ, პავლე ადამიანური ურთიერთობების გამო არ წასულა კომპრომისზე ბიბლიურ პრინციპებთან მიმართებაში.
დასკვნა
კარგი ადამიანური ურთიერთობები კარგი კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ასპექტია. კარგი ადამიანური ურთიერთობების გარეშე ჩვენი ყველა სხვა კომუნიკაცია შეფერხდება.
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს თემა თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი. ალბათ ფიქრობთ: ”მე პატარა ეკლესიის მოძღვარი ვარ. მთავრობის წარმომადგენლებთან ურთიერთობა არ მჭირდება. რატომ უნდა შევისწავლო ადამიანური ურთიერთობები? ”თუმცა, ყველა პასტორს აქვს ადამიანური ურთიერთობების საჭიროება. მიუხედავად იმისა, თქვენი ეკლესია დიდია თუ მცირე, თქვენ წარმოადგენთ თქვენს ეკლესიას (და ღვთის სამეფოს) თქვენს საზოგადოებაში. ეძებეთ შესაძლებლობები გამოიყენოთ თქვენი საზოგადოებაში ყოფნა სახარების წარსადგენად. ეძებეთ სხვა მსახურებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები ღვთის სასუფევლის მსახურებაში.
► ეძებთ შესაძლებლობებს იმსახუროთ თქვენს საზოგადოებაში? მზად ხართ მონაწილეობა მიიღოთ საზოგადოებრივ ღონისძიებებში, სადაც შეგეძლებათ წარმოადგინოთ ეკლესია და ღვთის სამეფო?
8 გაკვეთილის დავალება
(1) შემდეგი გაკვეთილის დასაწყისში თქვენ გაივლით ტესტს ამ გაკვეთილის მასალის საფუძველზე. მომზადებისას ყურადღებით შეისწავლეთ ტესტის კითხვები.
(2) გაზეთიდან, ჟურნალიდან ან ონლაინ ამბების წყაროდან იპოვნეთ ორი სტატია, რომ გააცნოთ ისინი თქვენს კლასს.
სტატია, რომელშიც ლიდერმა აჩვენა კარგი ადამიანური ურთიერთობების მაგალითი. აღნიშნეთ, რა გააკეთა მან კარგად საზოგადოებასთან მიმართებით.
სტატია, რომელშიც ლიდერმა აჩვენა ცუდი ადამიანური ურთიერთობების მაგალითი. რა შედეგები მოჰყვა მის მარცხს? როგორ შეეძლო ლიდერს სიტუაციასთან უფრო ეფექტურად გამკლავება? რა გაკვეთილი შეგიძლიათ ისწავლოთ ამ სიტუაციიდან?
8 გაკვეთილის ტესტი
(1) ადამიანური ურთიერთობები არის________________________________-ის ხელოვნება.
(2) ჩამოთვალეთ რეხაბყამის სამი შეცდომა ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისით.
(3) რა მნიშვნელოვან გაკვეთილს ასწავლის პავლე რომაელების მე-14 თავში?
(4) რა მნიშვნელოვანი გაკვეთილი ასწავლა პავლემ ადამიანური ურთიერთობების შესახებ ტიმოთეს, წინადაცვეთისკენ მოწოდების მაგალითით?
(5) რა მნიშვნელოვან გაკვეთილი გვასწავლა პავლემ ადამიანურ ურთიერთობებთან დაკავშირებით, ფელიქსის წინაშე თავდაცვით და მის მიერ წარმოთქმული სიტყვით ათენში?
(6) ჩამოთვალეთ ამ გაკვეთილში მოცემული ოთხი პრაქტიკული რჩევა ადამიანებთან ურთიერთობისთვის.
(7) ჩამოთვალეთ ოთხი შეცდომა ადამიანურ ურთიერთობებში, რომლებიც თავიდან უნდა აიცილოთ.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.