რამდენიმე წლის წინ, მაკურდიელმა კაცმა წაიკითხა ჩემი წიგნი „ლიდერობის ორი მოდელი სასუფევლის მშენებლობისთვის“. მან გადაწყვიტა ჩემი ზოგიერთი რეკომენდაცია პრაქტიკაში გაეტარებინა. მალე ის გაკვირვებული დარჩა, როდესაც მის ეკლესიაში რეალური ცვლილებები დაიწყო. მან გადაწყვიტა ჩამოსვლა ჩემს სანახავად და ჩემი დაწერილი ყველა წიგნის წასაღებად. მას შემდეგ ის, სულ მცირე, კიდევ ორჯერ ჩამოვიდა ჩემთან, რათა წიგნები გასაყიდად, თავისი თანამწყემსებისთვის წაეღო.
აზრი გასაგები უნდა იყოს: ჩემი ჩანაწერები "უქადაგებს" იმ ხალხს, ვინც არასდროს მინახავს. ზოგი ადამიანი, ვინც ჩემს წიგნებს კითხულობს, ლიდერია, რომელსაც შეუძლია გადასცეს ეს ყველაფერი ათასობით სხვა ადამიანს, თავიანთი მეთვალყურეობის ქვეშ. ეს არის დაწერილის საშუალებით კომუნიკაციის სიკეთე და კურთხევა.
წერა ბიბლიაში
როდესაც ღმერთი ურთიერთობდა ადამიანებთან, ის ხშირად არჩევდა წერილობით კომუნიკაციას. სიტყვა „დაწერე“ სამოცდაშვიდჯერ გვხვდება ბიბლიაში. მსგავსი, მონათესავე სიტყვები, როგორიცაა "დაწერილი" და "წერა", ბიბლიაში 417-ჯერ გვხვდება. პირველი ცნობა წერის შესახებ, არის ღმერთის სასჯელის ხსენება ყამალეკის ხალხზე.
დაამარცხა იეშუამ ყამალეკი და მისი ხალხი მახვილის პირით. უთხრა უფალმა მოსეს: "ჩაწერე ეს სამახსოვრო წიგნში და შთააგონე იეშუას, რომ პირწმინდად აღვგვი ყამალეკის სახსენებელს ცის ქვეშეთიდან” (გამოსვლა 17:13-14).
ბოლო ცნობა დაწერის შესახებ, არის ღმერთის დაპირება, რომ დიდი მომავალი გაუმზადა თავის ხალხს.
და თქვა ტახტზე მჯდომმა: "აჰა, ვქმნი ყოველივე ახალს”. მითხრა: "დაწერე, რადგან სარწმუნო და ჭეშმარიტია ეს სიტყვები” (გამოცხადება 21:5).
► წაიკითხეთ ეს მუხლები, რომლებიც გვაჩვენებს წერის მნიშვნელობას საღვთო წერილში: ესაია 30:8; იერემია 36:1-2; საქმეები 15:19-20.
აქ მოცემულია რამდენიმე რამ, რაც ღმერთმა დაავალა თავის მსახურებს, რომ დაეწერათ:
კანონი, რომელსაც ისრაელი უნდა ემართა (გამოსვლა 34:27; მეორე რჯული 17:18; (მეორე რჯული 27:3)
ღვთის სიტყვები კარების წირთხლებზე და ჭიშკრებზე (მეორე რჯული 6:9; (მეორე რჯული 11:20)
გალობა (მეორე რჯული 31:19)
სიტყვები ღვთის ხალხისთვის (ესაია 8:1)
წინასწარმეტყველური წიგნი (იერემია 30:2; (იერემია 36:2, 28)
გარდა ამისა, სულიწმიდამ შთააგონა ბიბლიური წიგნების ავტორები, დაეწერათ საღვთო წერილები. სულიწმიდა ზედამხედველობდა საღვთო წერილის შემქმნელებს, ამიტომ მათი აზრები იყო ღვთის სიტყვა და ისინი დაცული იყვნენ შეცდომებისგან (2 ტიმოთეს 3:16; 2 პეტრეს 1:21).
ღმერთი ყველაფრის მცოდნეა. მან იცის ჭეშმარიტების გადაცემის და შენარჩუნების საუკეთესო გზა. ამიტომ ღმერთმა შთააგონა ადამიანებს, რომ დაეწერათ ჭეშმარიტებები, რისი ცნობაც ღმერთს სურდა ჩვენთვის. თვით ღმერთის მაგალითი არის წერის მნიშვნელობის დემონსტრირება. თუ წერა მნიშვნელოვანია ღმერთისთვის, ის ჩვენთვისაც უნდა მნიშვნელოვანი იყოს.
გაკვეთილები იერემიადან
იერემიას 36-ე თავი მოგვითხრობს საინტერესო ამბავს ბოლო დღეების შესახებ იერუსალიმის დაცემამდე. იუდას მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ მალე ხალხი ტყვედ ჩავარდა. იერემიამ რამდენიმე წელი იწინასწარმეტყველა მომავალი სასჯელის შესახებ, მაგრამ მისი გზავნილები უარყოფილ იქნა. ერთხელ, როდესაც ის იმალებოდა, უფალმა უთხრა იერემიას, რომ ბარუხისთვის ეკარნახა უფლის მიერ მისთვის გაცხადებული გზავნილები. ბარუხმა დაწერა სიტყვები, შემდეგ იერემიამ უთხრა, რომ წასულიყო ტაძარში და წაეკითხა ხალხისთვის ეს შეტყობინება.
სანამ ბარუხი კითხულობდა, მიქაიამ მოისმინა მისი სიტყვა. მან მთავრობის ლიდერებს უამბო მოსმენილის შესახებ. ლიდერებმა ბარუხი მოიწვიეს, რათა მოსულიყო და წაეკითხა იერემიას დაწერილი. როდესაც ბარუხმა წაუკითხა, შეშინდნენ და გადაწყვიტეს, რომ მეფეს უნდა მოესმინა ეს შეტყობინება.
გრაგნილი წაუღეს მეფეს და წაიკითხა იეჰუდიმ. გრილი დღე იყო ცეცხლის სითბოთი. როდესაც იეჰუდი გრაგნილს კითხულობდა, მეფე ჭრიდა ახლად წაკითხულ ნაწილს და ცეცხლში აგდებდა. რამდენიმე ჩინოსანი ევედრებოდა მეფეს, რომ არ გაენადგურებინა ეს გრაგნილი, მაგრამ მან არ მოინანია ამ მხილების შედეგად.
მას შემდეგ, რაც მეფემ ეს წიგნი გაანადგურა, უფალი დაელაპარაკა იერემიას, რომ აეღო კიდევ ერთი გრაგნილი და დაეწერა ყველაფერი, რაც მანამდე დაწერა. არავის უყვარს ერთი და იგივე საქმის ორჯერ შესრულება, მაგრამ იერემია დაემორჩილა.
აიღო იერემიამ მეორე გრაგნილი და მისცა ბარუხ ნერიას ძეს, მწერალს. მანაც დაწერა მასზე იერემიას კარნახით ყველა სიტყვა იმ გრაგნილისა, რომელიც იუდას მეფე იეჰოიაკიმმა დაწვა ცეცხლში; კიდევ დაემატა მას მრავალი მსგავსი სიტყვა (იერემია 36:32).
ეს ამბავი ასახავს ორ პრინციპს, რომლებიც დაკავშირებულია წერასთან.
იერემია გვაჩვენებს წერის მნიშვნელობას
ჩვენს ჩანაწერებს შეუძლიათ ისეთ ადგილებში მიღწევა, სადაც ჩვენ ვერ შევძლებთ მისვლას.
იმ დროს, როდესაც იერემიამ მიიღო ღვთის მითითება დაეწერა, ის იმალებოდა. უთხრა იერემიამ ბარუხს:
დამწყვდეული ვარ და არ შემიძლია უფლის სახლში მისვლა, შენ წადი უფლის სახლში და მარხვის დღეს ხალხის გასაგონად წაიკითხე უფლის სიტყვები გრაგნილიდან, რომელიც ჩემი კარნახით გაქვს დაწერილი; მთელი იუდას ხალხის გასაგონად წაიკითხე, რომლებიც თავ-თავიანთი ქალაქებიდან არიან მოსულნი (იერემია 36:5-6).
მიუხედავად იმისა, რომ იერემიას ტაძარში წასვლა არ შეეძლო, მის გზავნილებს შეეძლოთ წერილობითი ფორმით ქადაგება.
მსიამოვნებს ქადაგება. სინამდვილეში, ეს ჩემი საყვარელი პასუხისმგებლობაა. თუმცა, მე უფრო და უფრო ვაცნობიერებ, რომ ჩემი ნაწერები ყველაზე დიდ გავლენას იქონიებს ნიგერიაზე, სადაც მე ვმსახურობ. კიდევ დიდხანს, როდესაც მე უკვე აღარ ვიქნები, ჩემი წიგნები კვლავ განაგრძობენ ქადაგებას. ჩემს წიგნებს შეუძლიათ ისეთ ადგილებში მიღწევა, სადაც მე არასდროს წავალ. ახლახანს მივიღე ჩემი ერთ-ერთი წიგნის ესპანური თარგმანი. ის ითარგმნა ესპანურად ბოლივიაში, ქვეყანაში, სადაც არასდროს ვყოფილვარ. ეს არის წერის მშვენიერება. ჩვენს ნაწერებს შეუძლიათ ისეთ ადგილებში მიღწევა, სადაც ვერასდროს წავალთ.
ჩვენს ნაწერებს შეუძლიათ ისაუბრონ ისე, როგორც ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ.
იერემია ერთგული წინასწარმეტყველი იყო. მან ბევრჯერ იქადაგა და იწინასწარმეტყველა. თუმცა, მან დაინახა სიტყვის გადაცემის ახალი და განსხვავებული საშუალება. დააკვირდით და მოინიშნეთ მისი სიტყვები:
იქნებ აღავლინონ ვედრება უფლის წინაშე, იქნებ მობრუნდნენ თავიანთი ბოროტი გზიდან, რადგან დიდია რისხვა და გულისწყრომა, რაც უფალმა თქვა ამ ხალხზე (იერემია 36:7).
წაკითხვას სასურველი შედეგი მოჰყვა. მოისმინეთ იერემიას სიტყვების შედეგი:
როდესაც მიქაიამ, შაფანის ძემ, გემარიას ძემ, უფლის ყოველი სიტყვა გრაგნილიდან, ჩავიდა მეფის სახლში, მეფის მწერლის ოთახში, სადაც იჯდა ყველა მთავარი: ელიშამა მწერალი და დელაია შემაიას ძე, ელნათან ახბორის ძე და გემარია შაფანის ძე, ციდკიაჰუ ხანანიას ძე და ყველა მთავარი.
უთხრა მათ მიქაიამ ყველა ის სიტყვა, რომელიც მოისმინა, როცა ბარუხი გრაგნილიდან კითხულობდა ხალხის გასაგონად.
გაგზავნეს მთავრებმა ბარუხთან იეჰუდი, ქუშის ძე, შელემიას ძე, ნეთანიას ძე და შეუთვალეს: "აიღე ხელში გრაგნილი, ხალხის გასაგონად რომ კითხულობდი და მოდი!” აიღო ბარუხ ნერიას ძემ ხელში გრაგნილი და მათთან მივიდა.
უთხრეს: "დაჯექი და ჩვენს გასაგონად წაიკითხე”; წაიკითხა ბარუხმა მათ გასაგონად. როცა ყველა ეს სიტყვა მოისმინეს, შიშით გადახედეს ერთმანეთს და ბარუხს უთხრეს: "ყველა ამ სიტყვას მეფეს გადავცემთ” (იერემია 36:11-16).
იერემია არ იყო უცნობი მიქაიასთვის და სხვა მოხელეებისთვის. სავარაუდოდ, ყველამ მოისმინა იერემიას საუბარი. თუმცა, როდესაც მათ მისი ნაწერები მოისმინეს, ამას სხვა რეაქცია მოჰყვა, ვიდრე მის ზეპირ კომუნიკაციას.
წერილობითი კომუნიკაცია უფრო სხვაგვარად ახდენს სათქმელის გადაცემას, ვიდრე ზეპირსიტყვიერი კომუნიკაცია. ზოგიერთი ადამიანი უკეთესად რეაგირებს ზეპირ კომუნიკაციაზე. სხვები კი უკეთესად რეაგირებენ წერილობითი კომუნიკაციაზე. წერილობითი კომუნიკაცია აღწევს ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფს და მათზე სხვაგვარად ახდენს გავლენას, ვიდრე ზეპირი კომუნიკაცია.
ჩვენი ჩანაწერები ჩვენს შემდეგაც ილაპარაკებენ.
ჩვენი მსახურების შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა არის წერა. იერემია დაახლოებით 2500 წელია რაც გარდაიცვალა, მაგრამ ათასობით ადამიანი თუნდაც ამ დილით კითხულობდა მის, სულიერი ზრდისთვის განკუთვნილ ჩანაწერებს. გარდაცვალებიდან ოთხას ორმოცდაათი წლის შემდეგაც ჯონ კალვინი კვლავ ქადაგებს. გარდაცვალებიდან ორას წელზე მეტი ხნის შემდეგ ჯონ ვესლი კვლავ ქადაგებს.
იმისათვის, რომ ღმერთის სამეფო ავაშენოთ, ყველანაირი საშუალება უნდა გამოვიყენოთ. თუ ჩანაწერები მიაღწევს იმ ხალხს, რომელსაც ქადაგება ვერ მიაღწევს, მაშინ უნდა ვწეროთ.
გახსოვდეთ: “ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ” (ლუკა 12:48). თუ ღმერთმა გაკურთხათ წერის უნარით, ჩაეჭიდეთ იმ გაკვეთილებს, რომლებიც ღმერთმა გასწავლათ. შენი მსახურება შენს მერეც დიდხანს გაგრძელდება. მაშინაც კი, თუ თქვენი პირველადი მსახურება ქადაგებაა, ჰკითხეთ ღმერთს, თუ შუძლია მას წერით მსახურებაში გამოგიყენოთ მისი სამეფოს გასავრცელებლად.
იერემიამ გაუძლო იმედგაცრუების ჟამს
წერა რთული სამუშაოა. თქვენ ფიქრობთ, წერთ, გადააკეთებთ და ბოლოს იღებთ ზუსტად ისეთ ქადაგებას, როგორც გსურთ. ერთ-ერთი ყველაზე გულდასაწყვეტი, რაც შეიძლება მწერალს დაემართოს, არის დაწერილის დაკარგვა. დენი გაითიშება, სანამ სათანადოდ შეინახავთ დოკუმენტს კომპიუტერში, ან რამე გაანადგურებს თქვენს მიერ დაწერილ გვერდებს. ძალიან გულდასაწყვეტია, როცა გიწევთ იმის ხელახლა დაწერა, რაც დაიკარგა.[1]
ეს დაემართა იერემიას. მან იმუშავა იმ გზავნილის ჩაწერაზე, რომლებიც უფალმა მისცა, შემდეგ კი გზავნილი დაიკარგა. ეს ძალიან გულდასაწყვეტი უნდა ყოფილიყო. თუმცა, უფალი დაელაპარაკა მას და უთხრა, რომ ყველაფერი თავიდან დაეწერა.
ბევრ ჩვენგანს ექნებოდა წუწუნის ცდუნება. ბევრი ჩვენგანი კითხავდა ღმერთს: „რატომ არ დაიცავით ჩემი დაწერილი?“ თუმცა, იერემია თავს არ იწუხებდა ამ კითხვებით. ის უბრალოდ დაუბრუნდა საქმეს.
აიღო იერემიამ მეორე გრაგნილი და მისცა ბარუხ ნერიას ძეს, მწერალს. მანაც დაწერა მასზე იერემიას კარნახით ყველა სიტყვა იმ გრაგნილისა, რომელიც იუდას მეფე იეჰოიაკიმმა დაწვა ცეცხლში; კიდევ დაემატა მას მრავალი მსგავსი სიტყვა (იერემია 36:32.).
საბოლოო შედეგი უკეთესია, ვიდრე უწინდელი. იერემიამ შეძლო დოკუმენტში იმაზე მეტის დამატება, ვიდრე მან პირველად დაწერა. არაფერი დაიკარგა, არამედ რაღაც დაემატა. ღმერთმა თავისი უზენაესი ნებით დაუშვა, რომ იერემიას საქმე დროებით დაკარგულიყო. თუმცა, თავიდან გადაწერის პროცესში უკეთესი დოკუმენტი გამოვიდა. საქმე იმაშია, რომ არ უნდა მივცეთ თავს უფლება, გული ავიცრუოთ. მთელი ჩვენი წერილობითი თუ ზეპირი კომუნიკაციისას, ჩვენ უნდა ვენდოთ ღმერთის საბოლოო მიზნებს. ის აკონტროლებს ყოველივეს და ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ მას.
[1]აქ დავამატებ პრაქტიკულ აზრს. მათ, ვინც წერს, უნდა შეინახონ თავიანთი ჩანაწერების მრავალი ასლი. ღმერთმა სუვერენულად გამოიყენა იერემიას პირველი დოკუმენტის განადგურება. თუმცა, ყოველთვის ვერ ჩავთვლით, რომ ჩვენც იგივე შეგვემთხვევა. მე მყავს რამდენიმე სტუდენტი, რომლებმაც დაკარგეს პროექტებისთვის გაკეთებული კვლევის ჩანაწერები, შეიარაღებული ყაჩაღების ან ხანძრის გამო. მე დაჟინებით ვურჩევ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დაწერილი დოკუმენტები, დარწმუნდნენ იმაში, რომ მათ აქვთ სათადარიგო ასლები. თუ რაღაცეებს კომპიუტერში ინახავთ, რეგულარულად უნდა შეუქმნათ ამ დოკუმენტების სარეზერვო ასლები და შეინახოთ უსაფრთხო ადგილას. თუ თქვენი ნაშრომი ქაღალდზეა, უნდა დააკოპიროთ ყველა დოკუმენტი და შეინახოთ ასლები უსაფრთხო ადგილზე.
წერის მნიშვნელობა
მრავალი მიზეზი არსებობს, თუ რატომ უნდა დავწეროთ. აქ მოცემულია რამდენიმე მოსაზრება, რომ წერა მნიშვნელოვანია ქრისტიანი ლიდერებისათვის.
(1) რასაც წერთ, უფრო აუმჯობესებს თქვენს აზროვნებას, ვიდრე ის, რასაც კითხულობთ.
რაც უფრო მეტადაა თქვენი ტვინი ჩართული პროცესში, მით უფრო მეტი ორიგინალურ და შემოქმედებით აზრები მოგივათ თავში. კითხვა აზროვნებას ასტიმულირებს, მაგრამ წერა მეტ კონცენტრაციას მოითხოვს. წერა ხშირად უფრო ორიგინალურ აზროვნებას იწვევს, ვიდრე კითხვა. თქვენი გონებისთვის ძალიან ადვილია გადაერთოს სხვა რამეზე კითხვის დროს; გაცილებით რთულია გონების გაფანტვა წერის დროს. რაც უფრო მეტს წერთ, მით უფრო მეტს იფიქრებთ; რაც უფრო მეტს ფიქრობთ, მით უფრო ორიგინალური აზრები გექნებათ.
(2) რასაც წერთ, უფრო მკაფიოდ გადმოსცემს აზრს, ვიდრე თქვენ მიერ ნათქვამი.
როდესაც ადამიანი იმპროვიზირებულად, მოუმზადებლად საუბრობს, მისი კომუნიკაცია არის უშუალო და პირდაპირი. ამ შემთხვევაში გაუგებრობის გამოსწორების შესაძლებლობა მცირეა. ხოლო, როდესაც ადამიანს წინასწარ აქვს შესაძლებლობა დაწეროს, მას შეუძლია ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბოს თავისი სათქმელი, რასაც გულისხმობდა სინამდვილეში.
დრო შესანიშნავი საშუალებაა, რომ ჩვენი კომუნიკაცია განვითარდეს და გაუმჯობესდეს. როდესაც ადამიანი ქადაგებას წერს, ის უფრო ზუსტად ისაუბრებს, რადგან მას დრო ჰქონდა დაფიქრებულიყო, რისი თქმაც სურდა. რაც უფრო მეტს წერთ, მით უფრო მკაფიოდ და ზუსტად შეძლებთ აზრის გადმოცემას.
(3) რასაც წერთ, უფრო მარტივად აღიქმება, ვიდრე თქვენი ნათქვამი.
როდესაც ადამიანი ქადაგებას ან სიტყვას ისმენს, მას მხოლოდ ერთი შანსი აქვს გაიგოს. თუ მას ვინმე უჩურჩულებს ან ყურადღებას გადაატანინებს, ის კომუნიკაციით თქვენი სათქმელის ნაწილს გამოტოვებს. ამასთან, როდესაც ვკითხულობთ, ყოველთვის შეგვიძლია დავუბრუნდეთ იმ ადგილს, რომელსაც ვკითხულობდით. გარდა ამისა, როდესაც დოკუმენტი წინ გვიდევს, საშუალება გვეძლევა ნელა წავიკითხოთ და ვიფიქროთ წაკითხულზე. ეს შესაძლებელს ხდის, რომ კითხვის შედეგად უფრო მეტი მივიღოთ, ვიდრე ზეპირად მოსმენისას.
(4) რასაც დაწერთ, უფრო დიდხანს დაამახსოვრდებათ, ვიდრე თქვენი ნათქვამი.
ქადაგება ან გამოსვლა მალე დაავიწყდება თითქმის ყველა დამსწრეს. სავარაუდოთ, ერთი ან ორი რამ გამახსოვრდებათ იქიდან, რასაც მქადაგებელი კვირის მსახურებაზე ამბობს. ამასთან, თუ მქადაგებელი წერს თავის ქადაგებას და გამოაქვეყნებს მას წიგნად, ქადაგება კვლავაც იქადაგებს, მქადაგებლის გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგაც.
რჩევები უკეთესად წერისთვის
(1) წერეთ რაც შეიძლება მეტი.
საუკეთესო გზა, იმაში დასარწმუნებლად, რომ წარმატებული მწერალი გახდებით, არის უამრავი პრაქტიკის მიღება. დაწერეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ დაწეროთ. დასაწყებად კარგი ადგილია შენიშვნებისა და დაკვირვებების წერ.დილით როდესაც თქვენ წყნარად ატარებთ დროს, ეს საშუალებას მოგცემთ მშვიდად და პირადად გამოიყენოთ წერის პრაქტიკა. შეგიძლიათ დაწეროთ ისეთი რამ, რასაც ვერავინ ვერასდროს ნახავს.
ყოველდღიურ ცხოვრებაში წერა შეიძლება გახდეს პრობლემებისა და ზეწოლისგან თავის დაღწევა. ხშირად, იმ ხალხს, ვისაც პრობლემები აქვთ, ვურჩევ წერონ. წერა შეიძლება გახდეს ემოციური განთავისუფლება.
ჩვენ ყველას გვჭირდება, რომ ჩვენი გრძნობები გამოვხატოთ ვინმეს მიმართ. თუ ჩვენს კითხვებს და პრობლემებს საკუთარ თავში შევინახავთ, ისინი საბოლოოდ პრობლემებს შეგვიქმნიან. ზოგჯერ თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობთ სხვებისთვის ჩვენი აზრების გაზიარებისას. ზოგჯერ, უმჯობესია ჩვენი პრობლემების დღიურში ჩაწერა. დაწერეთ პრობლემის შესახებ; დაწერეთ შესაძლო ალტერნატივების შესახებ; დაწერეთ თქვენი გრძნობების შესახებ; დაწერეთ თქვენი კითხვებისა და წარმატებების შესახებ. ადამიანები, რომლებმაც გამოიყენეს ეს რეკომენდაცია, ხშირად დიდ სარგებელს იღებენ.
მაგალითად, მას შემდეგ, რაც ჩემი ეკლესიის ერთ წევრს წერა ვურჩიე, ქალბატონმა, მართლაც ათობით გვერდი დაწერა, თავისი მოსაზრებები, გამოცხადებები, ლექსები და ლოცვები იმის შესახებ, თუ რას ასწავლიდა ღმერთი. იგი ცხოვრებაში ღრმა კრიზისს განიცდიდა. გარდა ამისა, ეს ჩანაწერები არა მხოლოდ დაეხმარა მას ამ კითხვების ფორმულირებაში, ის აგრეთვე სასარგებლო იარაღად იქცა სხვა ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც მსგავს სიტუაციებს გადიოდნენ.
მოვუწოდებ მქადაგებლებს, დაწერონ თავიანთი ქადაგებები. თუ თქვენ ხართ საკვირაო სკოლის მასწავლებელი, დაწერეთ თქვენი საკვირაო სკოლის გაკვეთილები. დაწერეთ, რის თქმასაც აპირებთ ბავშვებთან მიძღვნისას. დაწერეთ პანეგირიკი (სახოტბო (სიტყვა)), როდესაც დაკრძალვის ცერემონიას ატარებთ. დაწერეთ პრეზენტაციები, რომლების ჩატარებასაც აპირებთ კომიტეტებში. იყავით ადამიანი, რომელიც ყველაფერს წერს.
წერა რთული სამუშაოა. ადვილად შეიძლება გაგიცრუვდეთ იმედი. ისინი ვინც წერენ, იღლებიან წერისგან და კარგავენ კონცენტრაციას. მათ უჭირთ მოფიქრება, თუ რა დაწერონ. ამ იმედგაცრუების დაძლევის გზაა წერის გაგრძელება. არის შემთხვევები, როდესაც წერისგან დასვენება დაგჭირდებათ. ზოგჯერ საჭიროა ცოტა ხნით სხვა რამით დაკავდეთ. ამასთან, თუ აპირებთ იყოთ წარმატებული, როგორც მწერალი, გააგრძელეთ წერა რაც შეიძლება თანმიმდევრულად.
(2) წერეთ რაც შეიძლება მარტივად.
წერის მიზანია კომუნიკაცია, აზრის გადაცემა და არა ხალხზე შთაბეჭდილების მოხდენა საკუთარი ლექსიკით. ტელევიზიისა და ვიდეოს გამო ხალხის ყურადღება სულ უფრო მოკლედება. ამიტომ, კარგი მწერლები ფოკუსირებას ახდენენ მარტივ და არა რთულ ჩანაწერებზე.
უფრო მეტად გამოიყენეთ ნაცნობი სიტყვები, ვიდრე გრძელი აკადემიური სიტყვები.
გამოიყენეთ მოკლე წინადადებები და არა გრძელი რთული წინადადებები.
გამოიყენეთ მრავალი აბზაცი და არა მხოლოდ ერთი გრძელი აბზაცი.
დაწერეთ თხელტანიანი წიგნები და არა სქელი წიგნები.
მე ვურჩევ მწერლებს დაყონ თავიანთი დოკუმენტები უამრავი სათაურით და ქვესათაურებით. ამის გაკეთება ადვილია, თუ მონახაზიდან წერთ. ამგვარი დაყოფა მკითხველს დაეხმარება გააცნობიეროს თქვენი ნაწერები.
თქვენს ჩანაწერებში მიმართეთ პირადად. თუ თქვენ აღწერთ იმას, რაც თქვენ ნახეთ ან გააკეთეთ, აღწერეთ ეს ისე, როგორც ამას ოჯახის წევრს ეუბნებოდით, გამოიყენეთ "მე" "ჩემი" პირველი პირის ნაცვალსახელები. წერისას იყავით რაც შეიძლება უბრალოები.
(3) რედაქტირება გაუკეთეთ თქვენს ჩანაწერებს.
თქვენი აზრების ჩაწერა საკმარისი არ არის. თქვენ უნდა დახვეწოთ ისინი, რომ გააუმჯობესოთ თქვენი ჩანაწერები. თქვენი ტექსტის რედაქტირების საუკეთესო გზაა გარკვეული დროის გამოყოფა დოკუმენტის სხვადასხვა "შავად" დაწერილ ვარიანტებში გასარკვევად. როდესაც თქვენ ახლახანს შექმენით დოკუმენტი, თქვენი გონება ფიქრობს იმაზე, რაც ახლა დაწერეთ. თქვენ იმას წაიკითხავთ, რასაც ფიქრობთ, რომ დაწერეთ და არა იმას, რაც სინამდვილეში დაწერეთ. თუ ერთი ან ორი დღე დაიცდით, თქვენ უფრო ობიექტურად წაიკითხავთ დოკუმენტს. მაგალითად, თუ ქადაგებას სამშაბათს წერთ, ხუთშაბათს გაასწორეთ.
როდესაც თქვენს ნაწერს ხელახლა წაიკითხავთ, მოძებნეთ ისეთი ტიპოგრაფიული შეცდომები, როგორებიცაა არასწორად დაწერილი ასოები, გრამატიკული შეცდომები და მსგავსი რამ. ასევე აუცილებელია ნახოთ, რამდენად ლოგიკურად და ყურადღებით არის თქვენი არგუმენტები შემუშავებული. საჭიროა დარწმუნდეთ, რომ თქვენს მიერ გამოყენებული ილუსტრაციები, რამდენიმე დღის შემდეგაც მართებულად მიგაჩნიათ. უნდა დარწმუნდეთ, რომ დასკვნა სათანადოა.
(4) სხვას სთხოვეთ თქვენი ჩანაწერების რედაქტირება.
შეიძლება პასტორმა ვერ შეძლოს ყველა მის მიერ დაწერილი ქადაგება ვიღაცას წააკითხოს. თუმცა, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც ქვეყნდება უნდა გაეგზავნოს სხვებს გულდასმით და ყურადღებით რედაქტირების მიზნით.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც არსებითად წაიკითხავს ამ წიგნს. ობიექტურ ადამიანს შეეძლება ამოიცნოს, ბუნებრივია თუ არა თქვენი არგუმენტები და შესაბამისია თუ არა თქვენი ილუსტრაციები. რედაქტირება რთული სამუშაოა და მტკივნეულიც. როდესაც კარგი რედაქტორი ამოწმებს თქვენს დოკუმენტს და ჰყოფს მას ნაწილებად, შეიძლება ცუდად იგრძნოთ თავი. თუმცა, რედაქტირება აუცილებელია კარგი წერისთვის.
(5) იყავით რეალისტები თქვენი ჩანაწერის მიმართ.
ნუ ელით, რომ თქვენ მიერ დაწერილ პირველ წიგნს მიიღებს პირველივე გამომცემელი, ვინც მას ნახავს. ყველა წარმატებულ მწერალს გამძლეობა ესაჭიროება. დიდ მწერლებსაც კი აქვთ ისეთი რამ, რაც არასდროს გამოქვეყნებულა. არ უნდა იყოთ იმედგაცრუებული, თუ თქვენი წიგნი დიდი ენთუზიაზმით არ მიიღება. განაგრძეთ შრომა. თუ ღმერთმა მოგიწოდათ წერისკენ, ვინმე სცნობს თქვენს ნიჭს და საბოლოოდ მოგცემთ შანსს.
ბევრი ადამიანი წერას ფულის შოვნის საშუალებად აღიქვამს. მაგრამ, ახალგაზრდა მწერლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ძალიან ცოტა ადამიანი შოულობს ფულს წერით. თქვენ უნდა წეროთ წერის სიყვარულისა და თქვენი მსახურების გაფართოების შესაძლებლობის გამო. ფულის გამომუშავება არ უნდა იყოს თქვენი მთავარი მოტივაცია წერისთვის.
დასკვნა
მსურს ყველა პასტორსა და ეკლესიის წინამძღოლს მოვუწოდო, რომ მეტი წერონ. პასტორებმა უნდა დაწერონ ქადაგებები. მასწავლებლებმა უნდა დაწერონ ბიბლიის სწავლებები. ქრისტიანმა ლიდერებმა უნდა დაწერონ სტატიები ჟურნალებისთვის. ზოგიერთებს სჭირდებათ ტრაქტატების დაწერა მახარობლობისთვის. ბევრ ჩვენგანს სჭირდება წიგნების წერა.
რა არის საჭირო, რომ კარგი მწერალი გახდე? ამას სჭირდება გარკვეული ძირითადი უნარი. ამას სჭირდება შრომა. საჭიროა სწავლის სურვილი. თქვენ არასდროს იქნებით კარგი მწერალი, თუ არ გსურთ ნება დართოთ ვინმეს გაუკეთოს თქვენს ნამუშევარს რედაქტირება, ვინც შესაძლოა ცუდად გაგრძნობინოთ ამის გამო თავი. ამას დრო სჭირდება. წერა რთული შრომაა, მაგრამ ღვთის სასუფევლისთვის წერა ძალიან მნიშვნელოვანია.
► გაქვთ წერის უნარი? გაითვალისწინეთ, რომ ყოველ კვირას დრო უნდა დაუთმოთ წერას. გაუზიარეთ თქვენი ჩანაწერები რამდენიმე ქრისტიან მეგობარს. თუ ის, რაც დაწერეთ, ამ მეგობრებს ემსახურება და რაიმეს აძლევს, ღმერთმა შეიძლება გამოიყენოს თქვენი მწერლობის ნიჭი, ფართო აუდიტორიისთვის მსახურებაში.
6 გაკვეთილის დავალება
(1) შემდეგი გაკვეთილის დასაწყისში თქვენ გაივლით ტესტს ამ გაკვეთილის მასალის საფუძველზე. მომზადებისას ყურადღებით შეისწავლეთ ტესტის კითხვები.
(2) ივარჯიშეთ მარტივ წერით დავალებებში. აირჩიეთ პრაქტიკული ქრისტიანული ცხოვრების თემა ქვემოთ მოცემული სიიდან. დაწერეთ ერთგვერდიანი სამოტივაციო ქრისტიანული სტატია, რომელშიც გაუზიარებთ რამე პრაქტიკულს თქვენს თანამოძმე ქრისტიანებს. მას შემდეგ, რაც თქვენს სამოტივაციო სტატიას ყურადღებით დაარედაქტირებინებთ, გაუზიარეთ ის რამდენიმე თანამორწმუნეს. აირჩიეთ შემდეგი თემებიდან რომელიმე:
იმედგაცრუების პირისპირ
ყოველდღიური ლოცვის მნიშვნელობა
ქება დიდების სულის შენარჩუნება
ღვთის ხმის მოსმენა თქვენს ცხოვრებაში
6 გაკვეთილის ტესტი
(1) ჩამოთვალეთ სამი რამ, რაც ღმერთმა უბრძანა თავის მსახურებს, რომ დაეწერათ.
(2) ჩამოთვალეთ სამი საშუალება, რომლითაც იერემია გვაჩვენებს მწერლობის მნიშვნელობას.
(3) ჩამოთვალეთ სამი მოსაზრება, რაშიც წერითი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ქრისტიანი ლიდერებისათვის.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.