კომპიუტერები რომ ვიყოთ, კომუნიკაცია ადვილი იქნებოდა. ჩვენ შევძლებდით კაბელის ერთი ბოლო, ერთი ადამიანის გონებაზე მიგვეერთებინა, ხოლო მეორე ბოლო, მეორე ადამიანის გონებაზე, დავაჭერდით ღილაკს და ინფორმაციის გადაცემა სწრაფად და უშეცდომოდ მოხდებოდა. თუმცა, ღმერთს არ შეურჩევია ადამიანისთვის ამგვარი კომუნიკაცია. ღმერთს ბევრად უკეთესი გეგმა აქვს. სინამდვილეში, ღმერთმა შეიმუშავა და შექმნა კომუნიკაცია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო გამოცდილება ცხოვრებაში.
შეამჩნიეთ, რომ ღმერთმა სასიამოვნო გახადა ცხოვრებისათვის აუცილებელი საქმიანობა? ჩვენთვის ჭამა აუცილებელია, რომ ძალა გვქონდეს, ამიტომ ღმერთმა ჭამა სასიამოვნო გახადა. ჩვენთვის აუცილებელია დასვენება, რათა ძალა განვიახლოთ, ამიტომ ღმერთმა დასვენება სასიამოვნო გახადა. ანალოგიურად ღმერთმა კომუნიკაცია სასიამოვნო გახადა. სასიხარულო და სასიამოვნოა სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია და ურთიერთობების აშენება.
კომუნიკაცია, ანუ ურთიერთობა მოიცავს სამ კომპონენტს: კომუნიკატორს, მიმღებს და შეტყობინებას. ის პირი, ვინც კომუნიკაციაშია, იძლევა შეტყობინებას (გზავნილს), რომელიც უნდა მიიღოს მეორე პირმა.
რა არის კომუნიკაციის (ურთიერთობების) საერთო პრობლემები?
ჩვენ გვექმნება კომუნიკაციის პრობლემები ნებისმიერ დროს, როდესაც კომუნიკატორი და ადრესატი, სიტყვებს განსხვავებულად იყენებენ. არსებობს ორი ადგილი, სადაც კომუნიკაცია "წყდება", ან ვერ ხერხდება გამიზნული ინფორმაციის გაზიარება.
კომუნიკაცია შეიძლება შეწყდეს კომუნიკატორზე
არ არსებობს სრულყოფილი კომუნიკატორი. ყველა ჩვენგანს აქვს აზრები, რომელიც რთულია გამოსათქმელად. ზოგჯერ საკუთარი თავის გამოხატვა ღმერთის წინაშეც კი ძნელია. ამიტომაც გვეხმარება სულიწმიდა ლოცვებში, გამოხატავს იმას, რისი გამოხატვაც არ ვიცით (რომაელთა 8:26). მიუხედავად იმისა, რამდენად გამოცდილი ხალხია კომუნიკატორები, მათ არასდროს აქვთ საშუალება გამოხატონ ყველაფერი, რაც გონებაში აქვთ. ზოგჯერ კომუნიკაცია წყდება მაშინ, როდესაც მოსაუბრე ცდილობს აირჩიოს თავისი სიტყვები, ან როდესაც მწერალი ცდილობს დაწეროს დოკუმენტი. კომუნიკაცია შეიძლება შეწყდეს მწერალზე ან მოსაუბრეზე, ანუ მათ გამო ჩაიშალოს, არ გამოვიდეს.
კომუნიკაცია შეიძლება შეწყდეს მიმღებზე
იშვიათად თუ ვინმე შეძლებს კონცენტრირება მოახდინოს ისე, რომ გაიგოს ყველაფერი, რასაც სხვა ამბობს, იქნება ეს ზეპირი, თუ წერილობითი კომუნიკაცია. მაშინაც კი, თუ ადამიანს ესმის ყველა სიტყვა, რთულია სრული გზავნილის გაგება, რადგან სიტყვებს შორის მცირე განსხვავებები იცვლება ერთი ადამიანიდან მეორემდე. კომუნიკაცია შეიძლება შეწყდეს მსმენელზე ან მკითხველზე.
მაშინაც კი, თუ მასწავლებელი კარგი კომუნიკატორია, ხოლო მოსწავლე კარგი ადრესატი, საწყისი გზავნილის ნაწილი იკარგება მასწავლებელსა და სტუდენტს შორის. ჩვენი ამოცანაა შევამციროთ გაუგებრობა და გავაუმჯობესოთ კომუნიკაცია.
კომუნიკაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რასაც ყოველდღე ვაკეთებთ. ღმერთმა შეგვქმნა, როგორც არსებები, რომლებიც მუდმივად ქმნიან და იღებენ შეტყობინებებს, ანუ ინფრომაციას.
შეფერდს გლობალ კლასრუმ-ის კურსში: ბიბლიის განმარტების პრინციპებით, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ კომუნიკაციის ინტერპრეტაციის მხარეზე. ამ კურსში ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ კომუნიკაციის მხარეზე; როგორ ვიურთიერთოთ უფრო ეფექტურად წერასა და მეტყველებაში? კარგი კომუნიკატორი მუდმივად მეტს სწავლობს კომუნიკაციის უნარის გასაუმჯობესებლად. თუ ჩვენ არ გავაგრძელებთ სწავლას და ზრდას, ჩვენ გავხდებით ჩამორჩენილი და მოსაწყენი კომუნიკატორები.
რა არის კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა?
ზეპირი კომუნიკაცია
ზეპირი კომუნიკაცია არის საუბრით კომუნიკაცია. ზეპირი კომუნიკაცია მოიცავს:
ერთი ერთზე, ანუ ინდივიდუალური კომუნიკაცია
ერთი ადამიანი, რომელიც მეორეს ესაუბრება, არის ყველაზე ინტიმური და, როგორც წესი, ყველაზე წარმატებული კომუნიკაციის ფორმა. ამ ტიპის კომუნიკაციისას მარტივია იმის დადგენა, ესმის თუ არა ამ ადამიანს თქვენი. თქვენ გაქვთ მყისიერი უკუკავშირი, რაც საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ კომუნიკაციის წარმატებულობა. თქვენ შეგიძლიათ დაუთმოთ საჭირო დრო, რათა წარმატებით გადასცეთ ინფორმაცია მეორე პირს.
ეს არის იმ სახის კომუნიკაცია, რომელიც არსებობს მრჩეველსა და რჩევის მიმღებს შორის. ამგვარი კომუნიკაცია ხორციელდება როგორც ოფიციალურ, ისე არაფორმალურ გარემოში. ეს კომუნიკაციის ყველაზე მოდუნებული და ბუნებრივი ფორმაა.
მცირე ჯგუფებში
ეს არის კომუნიკაციის ისეთი სახეობა, რასაც ჩვენ ვხვდებით ოჯახებში, სამსახურში და არაფორმალურ სოციალურ შეკრებებზე. მცირე ჯგუფური კომუნიკაცია შეიძლება მოიცავდეს ყველაფერს, საოჯახო საუბრებიდან დაწყებული უფრო ფორმალური გარემოებით დამთავრებული, როგორიცაა საკვირაო სკოლის გაკვეთილი. ბევრ ადამიანს ხალხმრავალი ჯგუფები, შფოთვასა და დისკომფორტს უქმნის. ამასთან, იგივე ადამიანები, ხშირად ოჯახურ შეკრებებზე, მეგობრების არაფორმალურ შეკრებებზე და სხვა მცირე ჯგუფებში საუბრობენ, დიდი სტრესის გარეშე.
საჯარო გამოსვლები
საზოგადოებაში სიტყვით გამოსვლისას კომუნიკატორი მიმართავს ხალხის დიდ ჯგუფს. ამგვარი კომუნიკაცია თითქმის ყოველთვის ფორმალურია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არაფორმალური ატმოსფერო იყოს. ხალხის დიდ მასებთან საუბარი დროის უმოკლეს პერიოდში,მაქსიმალური მოცულობის ინფორმაციის გადაცემის ყველაზე ეფექტური გზაა. საეკლესიო მსახურებები, პოლიტიკური მიტინგები და სხვა მრავალრიცხოვანი თავყრილობები, ამგვარ საჯარო გამოსვლებს იყენებენ. ამასთან, რაც უფრო მეტი ხალხია, მით უფრო ნაკლებად იცის კომუნიკატორმა მსმენელის შესახებ და მით უფრო მეტი ალბათობა არსებობს არასაკმარისი კომუნიკაციისთვის.
არაფორმალური კომუნიკაცია
უმეტესობა ჩვენგანი არაფორმალურ კომუნიკაციაში მონაწილეობს ყოველდღე. არაფორმალური ურთიერთობების უმეტესობა არ საჭიროებს მომზადებას; ადამიანი უბრალოდ რეაგირებს სიტუაციებზე ბუნებრივი გზით. არაფორმალურ სიტუაციებშიც კი, ზოგი ადამიანი სხვებზე მეტად ნიჭიერია საკუთარი თავის გამოხატვაში.
ოფიციალური ურთიერთობა
როგორც წესი, ოფიციალური, ანუ ფორმალური კომუნიკაცია იმ შემთხვევებისთვისაა, რომლებიც წინასწარ არის დაგეგმილი. ფორმალური კომუნიკაცია მოითხოვს, რომ სპიკერმა წინასწარ მოამზადოს პრეზენტაცია. ფორმალური კომუნიკაცია ხშირად იწვევს წამყვანში შფოთვას და შიშს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი არ არის მიჩვეული საჯაროდ საუბარს. ქადაგება, ლექციები და მსგავსი წარდგენები, ოფიციალური პრეზენტაციებია.
ფორმალური კომუნიკაცია შეიძლება შედგეს მცირე ჯგუფებში ან ინდივიდუალურ სიტუაციებში. თუ თქვენ გუბერნატორთან შესახვედრად მიგიწვევენ, ეს ფორმალური ვითარება იქნება. ამ შეხვედრისთვის ისევე სერიოზულად უნდა მოემზადოთ, როგორც ბევრი ხალხის წინაშე გამოსვლისთვის.
წერილობითი კომუნიკაცია
წერილობით კომუნიკაციას აქვს ბევრი ზეპირი კომუნიკაციის მსგავსი მახასიათებელი, მაგრამ ზოგიერთი მახასიათებელი მხოლოდ წერილობით კომუნიკაციას აქვს:
1. წერილობითი კომუნიკაცია ხშირად უფრო მოკლეა, ვიდრე ზეპირი კომუნიკაცია. წერილობითი კომუნიკაცია მოითხოვს სიტყვების ეკონომიას, რაც ზეპირი კომუნიკაციის დროს არ არის საჭირო. მაგალითად, დაწერილი წერილი, როგორც წესი, უფრო მოკლეა, ვიდრე სატელეფონო საუბარი.
2. წერილობითი კომუნიკაცია ხშირად უფრო ზუსტია ვიდრე ზეპირი კომუნიკაცია. ის ფაქტი, რომ ადამიანმა დრო უნდა გამოყოს თავისი სათქმელის დასაწერად, ჩვეულებრივ ნიშნავს იმას, რომ კომუნიკაცია, ანუ გადმოცემა უფრო ზუსტია. იმის გამო, რომ წერილობითი გზავნილი უფრო დაწვრილებით იქნება განხილული, ის ვინც წერს, ხშირად უფრო ფრთხილია, რათა სათქმელი უფრო ზუსტად გადასცეს.
3. წერილობითი კომუნიკაცია უფრო ოფიციალურია, ვიდრე ზეპირი კომუნიკაცია. როდესაც ადრესატი მწერლის წინაშე არ არის, ადამიანი მიდრეკილია კომუნიკაციის უფრო ფორმალურ ხერხს მიმართოს, ვიდრე იმ შემთხვევაში,როდესაც სხვა ადამიანი უშუალო სიახლოვეს არის.
4. წერილობით კომუნიკაციას ხშირად უფრო მეტი გავლენა აქვს ვიდრე ზეპირ კომუნიკაციას. ზეპირ კომუნიკაციას შეიძლება არ ჰქონდეს იმხელა წონა, რაც წერილობით კომუნიკაციას. სინამდვილეში, სამართლებრივ სიტუაციებში, შეტყობინება არ არის ოფიციალური, სანამ ის არ დაიწერება.
5. წერილობითი კომუნიკაცია უფრო ხანგრძლივმოქმედია, ვიდრე ზეპირი კომუნიკაცია. თუ სიტყვას ვლაპარაკობ, ადამიანს ადვილად შეუძლია დაივიწყოს ჩემი ნათქვამი. ამასთან, თუ რამე დავწერე, ეს შეტყობინება გააგრძელებს კომუნიკაციას, ანუ შეტყობინების გადაცემას მანამ, სანამ ეს ქაღალდის ფურცელი არსებობს.
ზოგიერთ სიტუაციაში, წერილობითი კომუნიკაცია უფრო ეფექტურია, ვიდრე ზეპირი კომუნიკაცია. თუ ადამიანს კარგი კომუნიკატორობა სურს, მან უნდა განავითაროს არა მხოლოდ მეტყველების, არამედ წერის უნარებიც.
კომუნიკაციის მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება
საუბრისა და წერის გარდა, ჩვენ შეგვიძლია კომუნიკაცია ვიქონიოთ დრამის, სურათების, მუსიკის, სხეულის მოძრაობის, შეხების და მოქმედებების საშუალებით. განათლების სფეროს მოღვაწეთა უმეტესობა თანხმდება, რომ ყველაზე ეფექტური სწავლებაა ის, რომელიც კომუნიკაციის მრავალ ფორმას იყენებს. თუ ადამიანი მოისმენს შეტყობინებას და შემდეგ ნახავს შეტყობინებას, რომელსაც გააძლიერებს სურათი ან საგნობრივი გაკვეთილი, ის ბევრად მეტს დაიმახსოვრებს. ზოგი მკვლევარი ამბობს, რომ:
ჩვენ ვიმახსოვრებთ წაკითხულის 10%.
ჩვენ ვიმახსოვრებთ მოსმენილის 20%.
ჩვენ ვიმახსოვრებთ იმის 30%, რასაც ვხედავთ.
ჩვენ ვიმახსოვრებთ იმის 50%, რასაც ვხედავთ და გვესმის.
ჩვენ ვიმახსოვრებთ იმის 90%, რასაც ვაკეთებთ.
ეს ასახავს იმ ფაქტს, რომ კომუნიკაციის რამდენიმე ფორმის გამოყენება აუმჯობესებს ნასწავლის ათვისებას. როდესაც კომუნიკაციის ერთ ფორმას კომუნიკაციის სხვა ფორმას დავუმატებთ, ჩვენს ეფექტურობას ვაძლიერებთ.
► შეაფასეთ თქვენი კომუნიკაციის უნარი. კომუნიკაციის რომელი ტიპია თქვენი ძლიერი მხარე: წერილობითი თუ სიტყვიერი? მცირე თუ დიდ ჯგუფებში? ფორმალური თუ არაფორმალური? ამათგან რომელში ხართ სუსტი?
რა ფაქტორები ახდენენ გავლენას კომუნიკაციაზე?
ბევრი რამ ახდენს ზეგავლენას ჩვენი კომუნიკაციის წარმატებულობაზე.
შეტყობინება, ანუ გზავნილი
ჩვენი გზავნილის ხასიათი დიდ გავლენას მოახდენს კომუნიკაციაზე. მაგალითად, დიდი განსხვავებაა იმას შორის, თუ რას ვამზადებ სამგლოვიარო სიტყვისთვის და იმას, რასაც დაბადების დღის მისალოცად ვამზადებ. დიდი განსხვავებაა ნიგერიაში აივ / შიდსის შესახებ პრეზენტაციასა და კოლეჯის დამთავრების ცერემონიალის პრეზენტაციას შორის. სხვაობაა ქადაგებას, ოფიციალურ აკადემიურ პრეზენტაციას და სიტყვით გამოსვლას შორის პოლიტიკურ მიტინგზე.
შეტყობინების სიგრძე ასევე იმოქმედებს გზავნილზე. რაც არ უნდა უცნაურად გეჩვენოთ, რაც უფრო მოკლეა გზავნილი, მით უფრო მეტი უნდა იმუშაოს შეტყობინებაზე მისმა ავტორმა, რათა დარწმუნდეს, რომ ის მნიშვნელოვან პუნქტებს გადასცემს დროის სიმცირის ვითარებაში. თუკი რამდენიმე წუთში მნიშვნელოვანი პრეზენტაციის გაკეთებაა საჭირო, შეიძლება დიდი მომზადება დაჭირდეს.
ერთხელ კაცმა პრეზიდენტს დუაით აიზენჰაუერს ჰკითხა, რამდენი ხანი დასჭირდებოდა მას სიტყვის მოსამზადებლად. მან უპასუხა: ”თუ თხუთმეტწუთიანი გამოსვლა გინდა, ორი კვირა მომეცი. თუ ოცდაათწუთიანი გამოსვლა გინდა, ერთი კვირა მომეცი. თუ გსურთ ერთსაათიანი გამოსვლა, მომეცი ორი ან სამი დღე. თუ გინდა ორსაათიანი გამოსვლა, ახლავე მზად ვარ. ” მისი მოსაზრება იყო, რომ თუ დროის შეზღუდული რაოდენობა გაქვთ, ძალიან ბევრი უნდა იმუშაოთ მის სწორად გამოსაყენებლად.
მომზადება
ზოგიერთ საჯარო გამომსვლელს აქვს ლაპარაკის უნარი; მათ დიდი მომზადება არ სჭირდებათ. ხალხის სიმრავლე სტიმულს აძლევს მათ გონებას. ამასთან, საჯარო სპიკერების უმრავლესობამ მნიშვნელოვანი დრო უნდა დახარჯოს პრეზენტაციის მომზადებაზე. სინამდვილეში, როგორც წესი ჩანს პირდაპირი კავშირი პრეზენტაციის გავლენასა და მასში ჩადებულ მომზადებას შორის.
დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი, რატომაც აქვს მრავალ ქადაგებას მცირე გავლენა, არის მომზადების ნაკლებობა. ბევრი ადამიანი ქადაგების დროს თავიანთ ბუნებრივ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. მე სერიოზულად ვეკიდები ყოველ გამოსვლას. მე ვწერ ყველა სიტყვას, რომლის თქმასაც ვაპირებ საჯაროდ, მათ შორის ლექციებს, რომლებსაც ვატარებ ჩემს კლასებში. ამ სახის მომზადებას უფრო მეტი დრო სჭირდება, მაგრამ ჯილდო პრეზენტაციის ეფექტურობაშია.
გარემო
პრეზენტაციის გარემო გავლენას ახდენს შეტყობინების მომზადების და წარმოდგენის ხერხზე. თუ ვინმე საუბრობს გარე სამახარობლო შეკრებაზე სოფელში, ის ბევრად განსხვავებულად მოემზადება, ვიდრე პასტორების კონფერენციისთვის სასტუმროს დარბაზში. მოწვევის მიღებისას, როდესაც სიტყვით გამოსვლას გთხოვენ, აუცილებელია გაიგოთ რაც შეიძლება მეტი იმ ფიზიკური გარემოს შესახებ, სადაც გამოსვლა მოგიწევთ.
გარემოებები
საჭიროა იცოდეთ იმ გარემოებების შესახებ, რამაც განაპირობა თქვენი მიწვევა. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მთხოვეს, რომ ჯოსში ჰილკრესტის მისიონერული სკოლის თანამშრომლებისთვის მესწავლებინა "ქრისტიანული განათლების ფილოსოფია". შევიტყე, რომ სკოლის საბჭო თავისი ფილოსოფიის გადაფასებას ახდენს. ბოლო სამოცი წლის განმავლობაში გარემოებები შეიცვალა და დროა სკოლა დარწმუნდეს იმაში, რომ მათ ესმით თავიანთი მისია. ამ გარემოების ცოდნა დამეხმარა პრეზენტაციების მომზადებაში და გააზრებაში.
აუდიტორია
კომუნიკაციაზე გავლენას ახდენს აუდიტორიასთან დაკავშირებული რამდენიმე ფაქტორი:
ასაკი. ბავშვების ყურადღება არ არის ისეთი ხანგრძლივი, რამდენადაც მოზრდილების. შეიძლება სიტყვის შემცირება დაგჭირდეთ ან სპეციალური ტექნიკის გამოყენება, ბავშვების ყურადღების შესანარჩუნებლად.
სქესი. ქალებს განსხვავებული ინტერესები აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. ამიტომ, მამაკაცთა და ქალთა აუდიტორიისთვის სხვადასხვაგვარად მოემზადეთ. შერეული აუდიტორია გაიძულებთ კიდევ უფრო განსხვავებულად მოემზადოთ.
ინტერესები. თუ ადვოკატთა ჯგუფს ესაუბრებით, სხვაგვარად მოემზადებით და ისაუბრებთ, ვიდრე, მაგალითად სპორტსმენების ჯგუფს მიმართავდით. ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული აუდიტორიის კონკრეტული ინტერესები.
განათლება. თუ უნივერსიტეტის პროფესორთა ჯგუფისთვის კითხულობთ აკადემიურ ნაშრომს, პრეზენტაციას სხვაგვარად მიუდგებით, ვიდრე საკვირაო სკოლის 12 წლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილის ჩატარებისას.
ჯანმრთელობა და ძალა. დედაჩემი ყოველ კვირას ესაუბრება მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებ ადამიანებს. ეს ხალხი მოხუცები და სუსტები არიან და მათ აღარ გააჩნიათ იმდენი ყურადღება, რაც ჯანსაღ ახალგაზრდებს. ის სხვაგვარად ამზადებს და გადმოსცემს თავის სათქმელს, ვიდრე ამას ახალგაზრდა აუდიტორიის შემთხვევაში გააკეთებდა.
ხანგრძლივობა. პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დრო განსაზღვრავს კომუნიკაციისთვის მომზადებას. გამყიდველი, რომელსაც ათი წუთი ეძლევა საქმის გასაკეთებლად, სხვაგვარად ისაუბრებს, ვიდრე ერთი წუთი რომ ჰქონდეს მიცემული.
იმის გამო, რომ ეს ფაქტორები გავლენას ახდენს ადამიანის მომზადებასა და ინფორმაციის გადაცემაზე, გამომსვლელი უნდა შეეცადოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოს აუდიტორიის შესახებ, როდესაც თანხმდება მოხსენებით გამოსვლაზე.
რა არის კომუნიკაციისთვის ხელის შემშლელი?
საჯაროდ სიტყვით გამოსვლის შიში
ბევრ ადამიანში უდიდეს შიშს იწვევს საზოგადოებაში სიტყვით გამოსვლა. არიან ჯარისკაცები, რომლებსაც უშიშრად შეუძლიათ ბრძოლაში თავისი სიცოცხლე გაწირონ, მაგრამ შიში იპყრობთ, როდესაც მათ სთხოვენ ორიოდე სიტყვის თქმას თხუთმეტი ან ოცი ადამიანის წინაშე.
"სცენის შიშის" საუკეთესო განკურნება გამოცდილებაა. ადამიანი რაც უფრო მეტს ისაუბრებს საჯაროდ, მით უფრო მეტად კომფორტული გახდება მისთვის საჯაროდ საუბარი. როდესაც შექებას ვიღებ, ჩემი საჯაროდ გამოსვლის გამო, ხშირად მეღიმება და ვამბობ: ”დიდი პრაქტიკა მაქვს გავლილი. გამოცდილება აუცილებელია იმისათვის, რომ საჯარო გამოსვლა გახდეს თქვენთვის კომფორტული.
ადეკვატური მომზადების ნაკლებობა
უკვე ვისაუბრეთ მომზადების მნიშვნელობაზე. ადეკვატური მომზადების ნაკლებობა არის წარუმატებელი საჯარო გამოსვლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. რა არის ის საერთო პრობლემები, რაც გამომსვლელებს მომზადებისას აქვთ?
ცუდი შესავალი. თუ ადამიანი კარგად არ დაიწყებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეზენტაციამ კარგად ჩაიაროს.
ცუდი დასკვნა. კარგი დასკვნა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კარგი შესავალი. ეს არის ბოლო რამ, რასაც მსმენელები მოისმენენ; მათ დაამახსოვრდებათ დასკვნა.
ცუდი ილუსტრირება. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი საჯარო პრეზენტაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ილუსტრაციების გამოყენება, რომლებიც აუდიტორიას ეხმარება მთავარი აზრის გაგებაში.
ცუდი ორგანიზება. კარგი კომუნიკაცია ორგანიზებულად ვითარდება. მოუწესრიგებელმა მოსაუბრემ შეიძლება ბევრი კარგი რამ თქვას, მაგრამ შეიძლება აუდიტორიამ ვერ გაიგოს მისი ძირითადი სათქმელი.
ეს ყველაფერი არის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. შესაძლოა სცენაზე ასვლისას, ნერვიულობა ვერ ავიცილოთ თავიდან. შეიძლება ვერ ვაკონტროლოთ ის გარემო, რომელშიც ვსაუბრობთ. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ რაიმე, რათა კარგი შესავალი და კარგი დასკვნა გვქონდეს. ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ ჩვენი პრეზენტაციების ილუსტრაციები და შეგვიძლია გავაკონტროლოთ ჩვენი პრეზენტაციების ორგანიზება. ეს ყველაფერი მომზადების მნიშვნელოვანი ნაწილია.
კარგი მომზადების შემცვლელი არ არსებობს. არაპროფესიონალურია, თუ კარგად არ მოვემზადებით საჯარო პრეზენტაციისთვის.
აუდიტორიისადმი მგრძნობელობის არქონა
საჯარო გამოსვლა უფრო მეტია, ვიდრე კომუნიკაცია ერთი მიმართულებით - მომხსენებლისგან მსმენელამდე. კარგი საჯარო მომხსენებელი ყოველთვის აცნობიერებს საკუთარი აუდიტორიის გამოხმაურებას. ამის საუკეთესო გზაა აუდიტორიასთან კარგი თვალის კონტაქტის დამყარება. კარგ საჯარო გამომსვლელს, შეუძლია ამოიკითხოს თავისი მსმენელის თვალებში, ესმით თუ არა მისი. როდესაც მოსაუბრე ხვდება, რომ კარგავს აუდიტორიის ყურადღებას, მან უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც კი საჭიროა მის დასაბრუნებლად. აქ არის რამოდენიმე რამ, რისი გაკეთებაც შეუძლია გამომსვლელს:
შეწყვიტეთ საუბარი და დაელოდეთ. დუმილით, აუდიტორიის ყურადღებას იპყრობთ.
ამბის მოყოლა. ეს ხელს უწყობს ხალხის ყურადღების კვლავ მოპოვებას. ზოგჯერ ამბავს უფრო ადრე ვუყვები, ვიდრე დაგეგმილი მქონდა, რადგან ვგრძნობ, რომ მსმენელის ყურადღება ხელიდან მისხლტება.
განსაცვიფრებელი სტატისტიკური ფაქტის მოყვანა.
გამოიყენეთ იუმორი.
შესთავაზეთ თქვენი თემის პრაქტიკული, ცხოვრებისეული გამოყენება.
გამოიყენეთ თვალსაჩინოება ან დაწერეთ დაფაზე.
ურთიერთობა იქონიეთ მსმენელთაგან რომელიმესთან.
თუ მსმენელებს ეძინებათ, უთხარით წამოდგნენ და გაიზმორონ.
თუ მათ ეძინებათ, ამღერეთ საგალობელი ან სიმღერა.
სპიკერი მუდმივად ფრთხილად უნდა იყოს, ყურადღების გაფანტვასთან დაკავშირებით. თუ ადამიანი შემოდის კლასში ან თუ ჩოჩქოლია საკლასო ოთახის გარეთ, უმჯობესია შეწყვიტოთ ლაპარაკი მანამ, სანამ კვლავ ყურადღების კონცენტრაცია არ მოხდება. როდესაც აუდიტორიის ორმოცდაათი პროცენტი უყურებს გვიან შემოსულ ადამიანს, თქვენ უნდა გაჩერდეთ და დაელოდოთ.
როდესაც კლასში ყურადღება ეფანტებათ, მე ხშირად ვხუმრობ ხოლმე: ”ერთ წუთს დაგელოდებით, რომ დაინახო ის ადამიანი, ვინც შემოვიდა, რადგან ის ჩემზე უფრო საინტერესოა. მე პედაგოგი ვარ და მასწავლებლებმა იციან, რომ აზრი არ აქვს საუბრის გაგრძელებას, როდესაც რაიმე ყურადღებას გიფანტავთ. როგორც კი დაკმაყოფილდებით თქვენი ძმის ხილვით, მე გავაგრძელებ “. ხალხი ჩვეულებრივ იცინის ხოლმე და ყურადღება ჩემკენ გადმოაქვთ.
თქვენი მსმენელის ყურადღების შენარჩუნება
დუეინ ლიტვინი ასახელებს ათ რამეს, რაც დაგვეხმარება ჩვენი აუდიტორიის ყურადღების შენარჩუნებაში.[1]
(1) სიახლე. ჩვენს ყურადღებას იპყრობს ის, რაც ჩვენი მოლოდინებისგან განსხვავდება.
როდესაც მოსეს რჯულის მცოდნემ ჰკითხა იესოს: „მოძღვარო, რა ვქნა, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ იესომ უპასუხა ამბით, რომელსაც გასაოცარი დასასრული ჰქონდა. "კეთილი სამარიელის" ისტორიაში, ყველასთვის საძულველი სამარიელი, ამბის გმირად მოგვევლინა (ლუკა 10:25-37). ამ ამბავმა იესოს მსმენელთა ყურადღება მიიპყრო!
(2) მოძრაობა ანუ მოქმედება. როდესაც ყველაფერი გარინდულია, მოძრაობა იპყრობს ჩვენს ყურადღებას; ასევე, როდესაც ყველაფერი მოძრაობს, უძრაობა ხშირად გამოიკვეთება. ეს არის კონტრასტი, რომელიც იპყრობს ჩვენს ყურადღებას.
ტაძარში რელიგიური წინამძღოლების უსამართლობით უკმაყოფილების გამო, იესო შევიდა ტაძარში და განდევნა ყველა ის, ვინც ყიდდა და ყიდულობდა ტაძარში, და ამოუყირავა მაგიდები ფულის გადამცვლელებს და დახლები მტრედებით მოვაჭრეებს (მათე 21:12).
როგორ ფიქრობთ, იესომ მიიპყრო ხალხის ყურადღება ტაძარში?
(3) სიახლოვე. ის, რაც ჩვენთან ახლოსაა, ჩვენს ყურადღებას იპყრობს.
როდესაც იესო ასწავლიდა,
იმ დროს იქ მყოფმა ადამიანებმა უამბეს მას გალილეველების შესახებ, რომელთა სისხლიც პილატემ შეურია სამსხვერპლო სისხლში.
იესომ ამის პასუხად მათ ასწავლა გაკვეთილი, რომელიც ეფუძნებოდა ამ „მიმდინარე მოვლენას“ და კიდევ ერთ ბოლოდროინდელ ტრაგედიას, რომელიც მოხდა სილოამში (ლუკა 13:1-5). მან იცოდა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები მსმენელთა ყურადღებას მიიპყრობს.
(4) კონკრეტულობა. სპეციფიკური და კონკრეტული, როგორც წესი, ჩვენს ყურადღებას უკეთესად იზიდავს, ვიდრე აბსტრაქტული, ზოგადი და ჩვეულებრივი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ილუსტრაციები. ისინი კონკრეტულ შინაარსს აძლევენ იმ პრინციპებს, რომელსაც თქვენ ასწავლით.
როდესაც იესო ასწავლიდა, სწავლების საილუსტრაციოდ ის მიუთითებდა კონკრეტულ საგნებზე.
“იგი ჰგავს მდოგვის მარცვალს” (მარკოზი 4:31).
“მაჩვენეთ დინარი” (ლუკა 20:24).
“შეხედეთ ლეღვს და ყველა ხეს” (ლუკა 21:29).
(5) ნაცნობობა. იმ გარემოში, სადაც ყველაფერი უცხო და უცნობია ჩვენთვის, ის, რაც ნაცნობია როგორც წესი, გამოირჩევა.
იმისათვის, რომ იესოს ესწავლებინა ღვთის სიტყვის მიმართ ჩვენი რეაგირების შესახებ, იესომ მიუთითა მის სამყაროში ნაცნობ სცენაზე - მთესველი მინდორში თესავდა ხორბალს. “აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად” (მათე 13:3).
(6) კონფლიქტი ანუ შეპირისპირება. ჰარმონიისა და მშვიდობის პირობებში, ორი ან მეტი რამის წინააღმდეგობა, შეპირისპირება იპყრობს ჩვენს ყურადღებას.
იესომ ბევრჯერ შეუპირისპირა, ანუ ხაზი გაუსვა განსხვავებებს (კონფლიქტი) მის სწავლებასა და ფარისევლების და სხვა რელიგიური ლიდერების სწავლებებს შორის. ამან ხალხის ყურადღება მიიპყრო. “ესმოდა ეს ხალხს და უკვირდა მისი მოძღვრება” (მათე 22:33).
(7) მოლოდინი (ინტრიგა). როდესაც ვფლობთ მთელს სურათს, მაგრამ არ გვაქვს რამდენიმე ძირითადი ნაწილი, ეს სიცარიელეები გვიზიდავს იმის გასაგებად, თუ როგორ შეერწყმება ეს ყველაფერი ერთობლიობაში.
როდესაც რელიგიურმა ლიდერებმა გააკრიტიკეს იესო, ცოდვილებთან ერთად ჭამის გამო, მან დაიწყო ამბის მოყოლა. მან უამბო სახლიდან წასულ ვაჟზე, რომელმაც სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. ხალხი, ვინც უსმენდა, ელოდებოდა, რომ გაეგოთ: რა დაემართებოდა ამ ვაჟს? უარყოფდა თუ არა მას მამა? განდევნიდა თუ არა მას საზოგადოება? რადგან მან შეარცხვინა ის. რა დაემართება ამ ურჩ შვილს? (ლუკა 15:11-32). იესომ იცოდა მოლოდინის, ანუ ინტრიგის შექმნა.
(8) სიმძაფრე. როდესაც რაღაც მეტი სიმძაფრით გამოირჩევა, ვიდრე სხვა მის გარშემო არსებული, ჩვეულებრივ, მას ყურადღებას ვაქცევთ.
არა ერთხელ, ადამიანები, რომლებიც ისმენდნენ იესოს სწავლებას, აღიარებდნენ მისი სწავლების ძალას და ძლიერებას. სწავლების სიმძაფრე აოცებდა მის მსმენელს. ”გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობარნი” (მარკოზი 1:22).
(9) იუმორი. თითქმის ყველა იუმორი ემყარება რაღაც არასწორს და არა იმას, რაც უნდა იყოს. იუმორი თითქმის ყოველთვის მოითხოვს ჩვენს ყურადღებას.
იესოს მსმენელებს უნდა გასცინებოდათ, როდესაც მან თქვა: "რატომ უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?” (მათე 7:3).
(10) ცხოვრებისეულობა. ჩვენს ცხოვრებაში არსებული საჭიროებები ყოველთვის გველაპარაკება.
როდესაც იესო უქადაგებდა უბრალო ხალხს, ძირითადად უქონელთ, ის საუბრობდა იმ საკითხებზე, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდებოდათ.
მიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ წუხხართ თქვენთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ. ნურც თქვენი სხეულისთვის, თუ რითი შეიმოსოთ... მაშ, ნუ დარდობთ და ნუ ამბობთ: "რა ვჭამოთ, ან რა ვსვათ, ან რით შევიმოსოთო?"… თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ (მათე 6:25-33).
იესო ლაპარაკობდა ცხოვრების ძირითად საჭიროებებზე.
ცენტრალური თემის ვერ შემუშავება
მრავალი ქადაგების და სხვა საჯარო გამოსვლების ცენტრალური თემის მკაფიოდ შემუშავება ერთერთია, ორ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას შორის. მოუსმინეთ კვირა შუადღის საუბარს:
თომა: ”მოგეწონა დღეს კვირის მსახურება?”
სალი: ”დიახ, კარგი იყო”.
თომა: "ქადაგება კარგი იყო?"
სალი: ”ძალიან კარგი!”
თომა: ”რის შესახებ იყო ქადაგება?”
სალი: ”უჰ, მან ისაუბრა ცოდვაზე და სამოთხეზე, გაფუჭებულ მანქანაზე, რომელიც გუშინ ნახა. ბევრი კარგი რამე თქვა.”
პასტორი ბევრ კარგ რამეს ამბობდა, მაგრამ ქადაგებაში ერთიანი შეტყობინება არ ჩანდა. ეს ზიანს აყენებს პასტორის შესაძლებლობას გადასცეს ძლიერი სიტყვა. როდესაც მისი მსმენელები სახლში მიდიან, მათ არ ახსოვთ ქადაგების მთავარი თემა. როდესაც ადამიანი ქადაგების ან სხვა საჯარო გამოსვლის შემდეგ მიდის, მას უნდა შეეძლოს ორიოდე სიტყვით შეაჯამოს ის, რაზეც ისაუბრა მომხსენებელმა. თუ მსმენელთა საშუალო წარმომადგენელი ვერ ახერხებს ამის გაკეთებას, მაშინ მომხსენებელს ნამდვილად ვერ მიუღწევია წარმატებისთვის.
მას შემდეგ რაც ადამიანმა შეიმუშავა პრეზენტაციის თემა, მან უნდა შეიმუშაოს მონახაზი, ანუ სქემა, ილუსტრაციები და დანართები, რომლებიც ყურადღების კონცენტრირებას ახდენს ცენტრალურ თემაზე. მქადაგებლის ან მასწავლებლის თემა წარმოადგენს მთელი ქადაგების ან გაკვეთილის მიზანს.
ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია ის, რომ ადამიანი გადადის ცნობილიდან უცნობზე. სანამ უცნობ საკითხებზე გადავლენ, საჯარო მომხსენებლებმა უნდა დაიწყონ საუბარი იმაზე, რასთანაც აუდიტორია კომფორტულად გრძნობს თავს, ანუ მისთვის ნაცნობია. კარგი მოხსენება და გამოსვლა იწყება იმით, რაც მსმენელისთვის ნაცნობია და შემდეგ უკვე მომხსენებელი გადადის ახალ მასალაზე. ისინი მიუძღვებიან აუდიტორიას სიტყვის (მოხსენების) ძირითადი თემის მიმართულებით.
ცენტრალურ თემაზე ყურადღების კონცენტრირების უუნარობა, გვარწმუნებს იმაში, რომ მოსაუბრე არ არის საშუალოზე მაღალი მეტყველების უნარის მქონე.
კარგად ილუსტრირების უუნარობა
ცუდი ქადაგების მეორე მიზეზი არის კარგად ილუსტრირების უუნარობა. ჩემს ინტერესს არ წარმოადგენს, რომ ჩემი სტუდენტები კარგი მთხრობელები გახდნენ. ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩემი სტუდენტები ვერ იპოვიან და ვერ წარმოადგენენ საინტერესო ისტორიებს და ილუსტრაციებს, ისინი არ იქნებიან ეფექტური საჯარო გამომსვლელები.
საჯარო მომხსენებელი მუდმივად უნდა ეძებდეს კარგ ილუსტრაციებს და უნდა იპოვოს ამის ორგანიზების და შენახვის გზები, მომავალში გამოსაყენებლად. აღმოვაჩინე, რომ უფრო მეტს ვმუშაობ ილუსტრაციების მოძიებასა და ადაპტირებაზე, ვიდრე სხვა დანარჩენზე.
[1]ადაპტირებულია დან Duane Litfin, Public Speaking, 2nd Edition (Grand Rapids: Baker Book House, 1996), 47. ასევე იხილეთ 239-ე გვერდი.
დასკვნა
კომუნიკაცია არის ხელოვნებაც და მეცნიერებაც. ეს არის მეცნიერება იმ გაგებით, რომ ის შეიძლება გაანალიზდეს და ის მიყვება გარკვეულ პროგნოზირებად კანონებს. ეს არის ხელოვნება იმ მხრივ, რომ ის შეიძლება განვითარდეს ისე, რომ ადამიანის ბუნების ესთეტიკურ ნაწილს მიმართოს.
კომუნიკაცია ნიჭიცაა და მიღწევაც. კარგი საჯარო მოსაუბრეების უმეტესობას აქვს გარკვეული ბუნებრივი უნარები. თუმცა, ეს ბუნებრივი უნარები შეიძლება განვითარდეს და გაუმჯობესდეს. ღმერთმა მოგვცა კომუნიკაციის ნიჭი; ეს საჩუქარი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და განვავითაროთ.
2 გაკვეთილის დავალება
(1) შემდეგი გაკვეთილის დასაწყისში თქვენ გაივლით ტესტს ამ გაკვეთილის მასალის საფუძველზე. მომზადებისას ყურადღებით შეისწავლეთ ტესტის კითხვები.
(2) გაესაუბრეთ თქვენი კლასის სხვა წევრს მისი ბავშვობის შესახებ. დაუსვით შეკითხვები, რომლებიც მოგაწვდით ინფორმაციას საინტერესო გამოსვლისთვის. შემდეგ წაიკითხეთ სამწუთიანი მოხსენება იმ კლასში, რომელშიც წარადგენთ ამ კლასელს.
(3) გაკვეთილის ამ ნაწილში, სახელწოდებით ”აუდიტორიის მიმართ მგრძნობიარეობის არქონა”, დოქტორმა მაკკეინმა ჩამოთვალა ათი თვისება, რაც ხელს უწყობს ჩვენი აუდიტორიის ყურადღების შენარჩუნებას. მოძებნეთ წერილობითი ქადაგება შესასწავლად. წაიკითხეთ ქადაგება და ნახეთ, ამ თვისებებიდან რამდენია ქადაგების ნაწილი. კლასის თითოეულმა წევრმა უნდა წაიკითხოს სხვადასხვა ქადაგება. თქვენს შემდეგ საკლასო შეხვედრაზე შეადარეთ ქადაგებისას აუდიტორიის ყურადღების შენარჩუნების გზები.
2 გაკვეთილის ტესტი
(1) რა არის კომუნიკაციის სამი კომპონენტი?
(2) რომელ ორ ადგილზე შეიძლება შეწყდეს კომუნიკაცია?
(3) რომელია კომუნიკაციის ყველაზე ინტიმური და, როგორც წესი, ყველაზე წარმატებული ფორმა?
(4) რა არის ზეპირი კომუნიკაციის ყველაზე რთული ფორმა ადამიანთა უმეტესობისთვის?
(5) ამ გაკვეთილზე განსაზღვრული წერილობითი კომუნიკაციის ხუთი მახასიათებლიდან ჩამოთვალეთ სამი.
(6) ჩამოთვალეთ ხუთიდან სამი ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენი კომუნიკაციის წარმატებაზე.
(7) კომუნიკაციის ხუთი დაბრკოლებიდან ჩამოთვალეთ სამი.
(8) ჩამოთვალეთ სამი რამ, რაც დუეინ ლიტვინმა შემოგვთავაზა აუდიტორიის ყურადღების შესანარჩუნებლად.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.