დოქტორი რობერტსონ მაკკილკინი იაპონიაში მისიონერად მსახურობდა, თორმეტი წლის განმავლობაში. მოგვიანებით ის კოლუმბიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტი გახდა. ის კარგად იყო ცნობილი როგორც მწერალი, სპიკერი და განმანათლებელი. მის მეუღლეს, მიურიელს ჰქონდა ალცჰეიმერის დაავადება. როდესაც დაავადება პროგრესირებდა და იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ მიურიელს მუდმივი მოვლა სჭირდებოდა, დოქტორმა მაკკილკინმა დატოვა უნივერსიტეტის პრეზიდენტის თანამდებობა, რათა ეზრუნა მის მეუღლეზე. მან თქვა, რომ ის ასრულებს დაპირებას, რომელიც მისცა თავის საცოლეს, როდესაც ქორწინდებოდნენ. მას სჯეროდა, რომ ცოლზე ზრუნვა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე უნივერსიტეტის პრეზიდენტის თანამდებობის შენარჩუნება.
ქორწინების ღვთიური ინსტიტუტი
ქორწინება ღმერთმა დაუწესა მის მიერ შექმნილ პირველ მამაკაცსა და ქალს.
► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს დაბადების 2:21-24. რას გვეუბნება ეს მუხლები ქორწინებაზე?
ქორწინება ღმერთმა შეიმუშავა, რომ ყოფილიყო სწორედ ის, რაც ხალხს სჭირდება. ის სპეციალურად ადამიანის ბუნებისთვის შეიქმნა. ყველაფერში, რაც ღმერთს აქვს დაგეგმილი და ყველაფერში, რასაც ის მოითხოვს, მას ყოველთვის სურს საუკეთესო ჩვენთვის (მეორე რჯულის 6:24). ღმერთმა იცის, რომ ქორწინების მისი გეგმა, თითოეულ მეუღლეს უზრუნველყოფს საუკეთესო ემოციური, ოჯახური და სულიერი კეთილდღეობით.
ქორწინება ჩაფიქრებულია ასევე, ღვთის ხასიათისა და მისი ურთიერთობების გამოსახატად. მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა ღმერთი, ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან ერთმანეთთან ურთიერთობაში. თითოეული უნიკალურია თავის როლში, მაგრამ სამების ყველა პიროვნება მუდმივად ერთია და ერთი არსია. სამების პირებს შორის ურთიერთობაში, ჩვენ ვხედავთ ერთობას, სიახლოვეს, ერთგულებას და მტკიცე სიყვარულს. ბიბლიური ქორწინება ამ საოცარი ურთიერთობის ნიმუშია. ღმერთის გეგმაა, რომ თითოეული ცოლ-ქმარი იყოს სიყვარულში წმინდა და ერთმანეთის მიმართ ერთგული, სიცოცხლის ბოლომდე.
ღმერთმა თქვა, რომ ქორწინებაში კაცი და ქალი ტოვებენ მშობლებს და ერთ ხორცად ხდებიან. ქორწინება ორ ადამიანს აყენებს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაში, რომელიც უფრო ძლიერი და მჭიდროა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანური ურთიერთობა.
ქორწინება არ არის მხოლოდ ორი ადამიანის შეზღუდული პარტნიორობა. მათი ცხოვრება ისეა შერწყმული ერთმანეთთან, რომ გარკვეული გაგებით, ისინი ერთ პიროვნებას წარმოადგენენ. ეს არის არა მათი ინდივიდუალური იდენტობის წაშლა, არამედ განსაკუთრებული ერთობა.
ქორწინების მუდმივობა
ღმერთმა შექმნა ქორწინება, რომ იყოს მუდმივი. ქორწინებაში, კაცი და ქალი ჰპირდებიან ერთმანეთს ერთგულებას, სიცოცხლის ბოლომდე.
ბიბლიაში ჩაწერილია იესოს სიტყვები ქორწინების შესახებ, რომლებიც მან თქვა ფარისევლებთან საუბრისას.
► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს მათეს 19:3-8.
იესომ თქვა, რომ ღმერთს განზრახული ჰქონდა, ქორწინება მუდმივი ყოფილიყო. მან თქვა, რომ განქორწინება დაწესდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ღმერთს არ მიჰყვებიან.
არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ღმერთს განზრახული ჰქონდა, რომ ქორწინება მუდმივი ყოფილიყო, რომელთაგან ზოგიერთზე ვისაუბრეთ ბოლო ნაწილში. კიდევ ერთი მიზეზი, რისთვისაც ქორწინება მუდმივი უნდა იყოს, ეს არის შვილების გამო. ქორწინების შესახებ ღვთის გეგმისადმი მორჩილება, ქმნის საუკეთესო გარემოს შვილების აღზრდისთვის. თუკი მშობლები პატივს მიაგებენ ღმერთს ქორწინებაში და მის პრინციპებს იცავენ ოჯახში, ისინი შეძლებენ ღვთისმოსავი შვილების აღზრდას (მალაქიას 2:15).
ღმერთმა ადამიანის ცხოვრება ისე მოაწყო, რომ ბავშვებს მოწიფულობამდე რამდენიმე წელი სჭირდება. ამ დროის განმავლობაში ბავშვები მშობლებზე არიან დამოკიდებულნი და ჭირდებათ მათი დაცვა, უზრუნველყოფა და სწავლება. ეს პროცესი განსხვავებულია ცხოველთა სამყაროსგან, ისინი მოწიფულობას ერთ ან ორ წელიწადში აღწევენ. ადამიანებს მეტი დრო სჭირდებათ მომწიფებული ხასიათის გასავითარებლად. ღმერთმა შექმნა ოჯახი, როგორც შვილების აღზრდის საშუალება. საზოგადოებაში ბევრი პრობლემა წარმოიქმნება იმ ოჯახების ნაკლებობით, სადაც ერთგული მშობლები არიან.
ქორწინება მოითხოვს, რომ ადამიანები დაპირდნენ, მთელი ცხოვრების ერთმანეთისადმი მიძღვნას. ყველა კულტურას აქვს ფორმები და ცერემონია, რომელიც აჩვენებს, რომ ქორწინება სერიოზული ვალდებულებაა. ცერემონია არის გზა, რათა მამაკაცმა და ქალმა საჯაროდ განაცხადონ, რომ ისინი იღებენ ამ უწყვეტ ვალდებულებას.
მთავრობების უმეტესობა ინახავს ქორწინებების შესახებ ჩანაწერებს. ქორწინების შესახებ კანონები გავლენას ახდენს ქონების საკუთრებაზე, შვილების მეურვეობაზე და მემკვიდრეობაზე.
აქ მოცემულია საქორწინო აღთქმის მაგალითი, რომელიც ბევრ ქორწილში იყო გამოყენებული:
მე გღებულობ ჩემს [ქმრად/ცოლად], რათა ვიყოთ დღეიდან და სამუდამოდ ერთად, კეთილდღეობასა თუ გაჭირვებაში, სიმდიდრესა თუ სიღარიბეში, ავადმყოფობასა თუ ჯანმრთელობაში, გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს ვიდრე სიკვდილი არ დაგვაშორებს, ღვთის წმიდა დადგენილებისამებრ; ამას გპირდები უფლის წინაშე.
რომანტიკული გრძნობები ყოველთვის არ იქნება უცვლელი. ქორწინება არ შეიძლება ეფუძნებოდეს პირად გრძნობებს, რომლებიც ცვალებადია. ქორწინების აღთქმა ნიშნავს, რომ მამაკაცი და ქალი პირდებიან ერთმანეთს ერთგულებას სიცოცხლის ბოლომდე და ეს დაპირება არ არის დამოკიდებული რაიმე პირობაზე.
ქორწინება, როგორც ქრისტიანული პარტნიორობა
► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს 2 კორინთელთა 6:14-18.
ეს მუხლები გვეუბნება, რომ ქრისტიანის ვალდებულება ხელშეშლილია, თუ ის ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ურწმუნოებთან. ქრისტიანს არ შეუძლია თაყვანისცემა სატანის თაყვანისმცემელთან ერთად, მას არ შეუძლია დაიცვას ურწმუნოების ცხოვრების წესი და პრიორიტეტები. გაფრთხილება შეიძლება ეხებოდეს სხვადასხვა სახის ურთიერთობებს, მათ შორის საქმიან პარტნიორობას.
ქორწინება ყველაზე ახლო ადამიანური პარტნიორობაა. ქრისტიანმა არც უნდა განიხილოს შესაძლებლობა იქორწინოს ადამიანზე, რომელიც არ არის ერთგული ქრისტიანი (1 კორინთელთა 7:39). ურწმუნოზე დაქორწინებული ქრისტიანი განიცდის ბევრ მწუხარებას და ბევრ დაბრკოლებას შვილების აღზრდაში და ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღებაში.
თუ ცოლ-ქმარი ორივე ქრისტიანია, მაგრამ სხვადასხვა ეკლესიებიდან მოდიან, უნდა დარწმუნდნენ, რომ ისინი მნიშვნელოვან სულიერ საკითხებში შეთანხმებულები არიან. მათ უნდა დაგეგმონ, რომ გახდნენ ერთი და იგივე ადგილობრივი ეკლესიის ნაწილი, დაქორწინების შემდეგ.
► რატომ იწყება ქორწინება აღთქმით და არა მხოლოდ სიყვარულის მტკიცებით?
ღვთის მორალური სტანდარტი
► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს ებრაელთა 13:4.
ეს მუხლი გვეუბნება, რომ ქორწინება უნდა იყოს დიდად დაფასებული. სექსუალური ცოდვა ქორწინების უპატივცემულობაა. ღმერთი განიკითხავს სექსუალურ უზნეობას.
სექსუალურ ცოდვაში იგულისხმება სიძვა, მრუშობა, ჰომოსექსუალური ურთიერთობები და პორნოგრაფიის გამოყენება. სიძვა არის სექსუალური ურთიერთობა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც არ არიან დაქორწინებულები. მრუშობა არის სექსუალური ურთიერთობა, სადაც წარმოდგენილია პირი, რომელიც ქორწინებაშია სხვასთან. ჰომოსექსუალური ურთიერთობა არის სექსუალური აქტივობა, ერთი და იგივე სქესის ადამიანებს შორის. პორნოგრაფია მოიცავს წერილებს, სურათებს და ვიდეოებს, რომლებიც შექმნილია სექსუალური რეაქციების გამოსაწვევად სიშიშვლის ან სექსუალური აქტივობის ჩვენებით. ეს ყველაფერი საქორწინო ურთიერთობების დარღვევაა.
► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს 1 კორინთელთა 6:9-11, 15-20 და მათეს სახარება 5:27-30.
ყველა საზოგადოებას აქვს კულტურული შეხედულებები ქალებსა და მამაკაცებს შორის ურთიერთობებზე. ამ კულტურულ შეხედულებებს უფრო დაბალი სტანდარტები აქვთ, ვიდრე ბიბლიური მორალის სტანდარტებია. ბევრ კულტურას აქვს მხოლოდ წესები, რომლებიც აუცილებელია მოწესრიგებული საზოგადოების შესანარჩუნებლად. ისინი მოითმენენ სექსუალურ ცოდვას, თუ მას საკმარისად ფრთხილად მართავენ, რათა თავიდან აიცილონ ცუდი შედეგები ან სკანდალი. მორალის ბიბლიური სტანდარტი განსხვავებულია.
სამწუხაროდ, ზოგი ეკლესია მიჰყვება თავისი კულტურის მორალს ბიბლიის მორალის ნაცვლად. ისინი სჯიან ადამიანებს, რომელთა ცოდვები აშკარა და დაუფარავი გახდა, მაგრამ იმავე ცოდვებს ითმენენ უფრო ფრთხილი ადამიანების მხრიდან.
ეს მუხლები გვეუბნება, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ცოდვებს სჩადიან, არ არიან ქრისტიანები და ვერ მოხვდებიან ზეცაში. ზოგიერთი კორინთოელი მორწმუნე ჩადიოდა ასეთ ცოდვებს წარსულში, მაგრამ დახსნილ იქნა მათგან.
ნებისმიერი მოძღვრება, რომელიც ამართლებს რომელიმე ამ ცოდვის ჩამდენ ადამიანს, რომელიც თავის თავს ქრისტიანს უწოდებს, არის მცდარი მოძღვრება. თუ ადამიანი საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, თუმცა სექსუალურ ცოდვას სჩადის, წმიდა წერილი მოითხოვს ეკლესიისგან, რომ ის გარიცხულ იქნას და არ მიიჩნეოდეს ქრისტიანად (1 კორინთელთა 5:11-13).
ეკლესიის ლიდერები ქცევის კარგ მაგალითს უნდა წარმოადგენდნენ. როდესაც ეკლესია თაყვანისმცემლების ლიდერებს საშუალებას აძლევს ჩაიცვან არამოკრძალებულად ან ნებას რთავს ეკლესიაში ცეკვა წარმოადგინონ სექსუალური მოძრაობებით, ისინი გულისხმობენ, რომ ვნებიანი სურვილები ნორმალურია. ისინი გულისხმობენ, რომ სექსუალური ცოდვა არ არის სერიოზული.
საზოგადოების ჩაცმის სტილი შეიძლება გულისხმობდეს, რომ ქალი არ არის კარგად ჩაცმული, თუ ის არ არის ჩაცმული ისე, რომ გამოიყურებოდეს სექსუალურად და მიმზიდველად, მისი სხეულის დიდი ნაწილის გამოჩენით. ეკლესიის წევრები, ზოგჯერ უშვებენ ამ შეცდომას, განსაკუთრებით განსაკუთრებულ შემთხვევებში. ისინი ფიქრობენ, რომ ცუდად არიან ჩაცმულნი, თუ არ მიჰყვებიან ქვეყნიური საზოგადოების მოდას. ეკლესიამ უნდა ასწავლოს, რომ ეს ასე არ არის. ქრისტიანმა არ უნდა გამოიწვიოს სხვებში არასწორი სურვილები. 1 ტიმოთეს 2:9-10 გვეუბნება, რომ ქრისტიანებმა უნდა ჩაიცვან და მოიქცნენ ისე, რომ ყველამ, ვინც მათ ხედავს, იცოდეს, რომ ისინი ცხოვრობენ წინდახედული, სუფთა ცხოვრებით და არ სურთ ცოდვის ჩადენა, ან სხვების ცოდვაში შეყვანა. ქრისტიანი ქალები უნდა იყვნენ „...შესაფერისი სამოსლით, მორცხვობით და თავშეკავებით შემკულნი…”
დახმარება ცოდვილისთვის
გალატელთა 6:1-ში ნათქვამია, რომ ეკლესიას ეკისრება პასუხისმგებლობა, შეეცადოს აღადგინოს წევრი, რომელმაც შესცოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა უნდა შეინარჩუნოს მსახურებაში პოზიცია, ან ცოდვის ჩადენის შემდეგ მალევე დაბრუნდეს ამ პოზიციაზე. აღდგენა ნიშნავს, უკან მიღებას ეკლესიის მოზიარეობასა და მზრუნველობაში. თუ წევრი ნამდვილად ინანიებს, მას აპატიებს ღმერთი და ეკლესია. ეკლესიამ უნდა უზრუნველყოს სულიერი პასუხისმგებლობა, რათა დაეხმაროს მას გამარჯვების შენარჩუნებაში და სულიერად გაძლიერებაში.
თუ გასათხოვარი გოგონა დაფეხმძიმდება, ეკლესიამ არ უნდა გარიცხოს ის ეკლესიის მოზიარეობისა და მზრუნველობიდან, სულიერად აღდგენის მცდელობის გარეშე. თუ ის მოინანიებს და სულიერ პასუხისმგებლობას დაემორჩილება, მას ეპატიება. მისი ცოდვა არ არის უარესი იმ კაცის ცოდვაზე, რომელიც ჩართული იყო ამ საქმეში. ზოგჯერ გოგონას სასტიკად ეპყრობიან მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ცოდვის შედეგები ასე თვალსაჩინოა.
ეკლესია რწმენის ოჯახია. ეკლესიისთვის საკმარისი არ არის ცოდვების დაგმობა. ეკლესიამ უნდა იზრუნოს მის წევრებზე. მაგალითად, თუ ქალი ფინანსურ სარგებელს ღებულობს ცოდვილი საქმიანობით, ეკლესიამ უბრალოდ კი არ უნდა უთხრას, რომ ეს საქმიანობა არასწორია, არამედ მზად უნდა იყოს დაეხმაროს მას საჭიროებებში, თუ ის მოინანიებს.
რეალური სიტუაცია…
რამდენიმე გოგონა დიდ ეკლესიაში დადიოდა და გუნდში მღეროდა. მათი ოჯახები ღარიბი იყო. გოგონები ამორალურ ურთიერთობაში იყვნენ მამაკაცებთან, რათა ოჯახების დასახმარებლად ფული ეშოვათ. რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ ასეთ სიტუაციაში?
► რა უნდა გააკეთოს თქვენმა ეკლესიამ, რათა დაეხმაროს ადამიანებს დატოვონ ცოდვილი ცხოვრების წესი?
პორნოგრაფია
პორნოგრაფია არის ნაწერი, სურათები ან ვიდეო, რომელიც შექმნილია სექსუალური რეაქციების გამოწვევისთვის სიშიშვლის ან სექსუალური აქტივობის ჩვენებით.
ინტერნეტი პორნოგრაფიას ადვილად ხელმისაწვდომს ხდის მთელ მსოფლიოში. ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენება, პორნოგრაფიას ცდუნებად აქცევს ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც არ უსწავლებიათ ამ საკითხში ქრისტიანული პრინციპების გამოყენება. ბევრი ხანში შესული პასტორი და ლიდერი არასოდეს შეჯახებია ამ ცდუნებებს, რადგან ინტერნეტი არ იყო მათ ახალგაზრდობაში. მათ შეიძლება გაჭირვებით ესმოდეთ, რის წინაშე დგას ახალგაზრდა თაობა.
პორნოგრაფია ბოროტებაა, რადგან ის შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანმა სიამოვნება მიიღოს სიძვის, მრუშობისა და სექსუალური გარყვნილების მრავალი ფორმის წარმოდგენით. ის მიმზიდველია ადამიანისთვის, რომელსაც ცოდვილი სურვილები აქვს. პორნოგრაფია მოუწოდებს და საშუალებას აძლევს ადამიანს სიამოვნება მიიღოს უზნეო ქმედებებით, რომლებსაც ღმერთი გმობს.
პორნოგრაფია იწვევს დამოკიდებულებას. ადამიანი, რომელიც იყენებს პორნოგრაფიას, გრძნობს მასზე ძლიერ მოთხოვნილებას. მას ძნელად წარმოუდგენია მის გარეშე ცხოვრება. მას ეჩვენება, რომ ცხოვრება ცარიელი და უინტერესო იქნებოდა პორნოგრაფიისგან მიღებული წარმოსახვების გარეშე. ნებისმიერი სხვა დამოკიდებულების მსგავსად, სურვილი ხდება ყოვლისმომცველი და მომხმარებელი იწყებს მის ცხოვრებაში არსებული სიკეთეების მსხვერპლად გაღებას.
პორნოგრაფია პროგრესირებს. მომხმარებელს სჭირდება მასალები, რომლებიც უფრო დაწვრილებითი და გარყვნილი ხდება. ის დაიწყებს იმ ფანტაზიებით ტკბობას, რომლებიც მანამდე მას ეზიზღებოდა და აშინებდა.
პორნოგრაფია დამღუპველია. მომხმარებელს ნაკლებად შეუძლია ისიამოვნოს ნორმალური ურთიერთობით. მისი სურვილები იმდენად არაბუნებრივი ხდება, რომ ვერასოდეს დაკმაყოფილდება. ის ხდება უგრძნობი სხვების მხრიდან შეურაცხყოფის მიმართ.
პასტორებმა და მშობლებმა უნდა გააფრთხილონ ახალგაზრდები დამოკიდებულების საფრთხის შესახებ. მშობლებმა არ უნდა მისცენ შვილებს ინტერნეტთან შეუზღუდავი წვდომის საშუალება, როდესაც მათ არ აქვთ სიმწიფე და ცდუნებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ვინც პორნოგრაფიის გამოყენების ცდუნებას ებრძვის, ანგარიშვალდებულ ურთიერთობაში უნდა ჩადგეს. მან რეგულარულად უნდა ჩააბაროს ანგარიში ამ ადამიანს.
► რა მეთოდებს ურჩევდით ადამიანებს, პორნოგრაფიაზე დამოკიდებულებისგან დასაცავად? რით შეუძლია დახმარება ეკლესიას?
ჰომოსექსუალური ურთიერთობა
ზოგიერთი თანამედროვე საზოგადოება, რომელიც უარყოფს ბიბლიურ ავტორიტეტს, ასევე უარყოფს ქორწინების ბიბლიურ აღწერილობას. ისინი ამბობენ, რომ ადამიანები თავისუფლები არიან აირჩიონ ერთსქესიანი ურთიერთობები.
ბიბლია გმობს ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს.
► ჯგუფმა ერთად უნდა შეისწავლოს რომაელთა 1:26-27, 1 ტიმოთეს 1:10 და 1 კორინთელთა 6:9-10.
ბიბლიის ეს სამი მონაკვეთი, ჰომოსექსუალურ ქცევას წარმოაჩენს, ერთ-ერთ ყველაზე უარეს ცოდვად. ადამიანები, რომლებიც მიჰყვებიან ამ ცოდვებს, უარყოფენ ღვთის ძალაუფლებას.
ზოგი ამტკიცებს, რომ მათ ბუნებრივად აქვთ ჰომოსექსუალური მიდრეკილებები. ისინი ამბობენ, რომ ისინი არ უნდა დაადანაშაულონ თავიანთი საქციელის გამო, რადგან მათ არ აურჩევიათ ეს სურვილები.
ბიბლია გვასწავლის, რომ ყველა ადამიანს აქვს ბუნებრივი მიდრეკილება ცოდვისკენ (ესაიას 53:6). ღმერთი მოგვიწოდებს, მოვინანიოთ ჩვენი განზრახ ჩადენილი ცოდვა (ესაიას 55:7). ვინაიდან ჩვენ ცოდვილი ბუნებით დავიბადეთ, ჩვენს ბუნებრივ სურვილებს არ უნდა ვანდოთ ჩვენი მართვა. ადამიანმა შეიძლება იგრძნოს ძლიერი ბუნებრივი მიდრეკილება მრუშობის, ძალადობის ან ქურდობისკენ, მაგრამ ბუნებრივი სურვილი არ ნიშნავს, რომ სურვილი სწორია.
ქორწინებამდე მორალური სიწმინდით, ღვთის პატივისცემის პრინციპები
ახალგაზრდები დაქორწინებამდე განიცდიან ძლიერ ცდუნებებს. მათთვის მნიშვნელოვანია ახსოვდეთ, რომ მათ ცხოვრების ერთგული თანამგზავრი სჭირდებათ.[1] მათ არ უნდა განიხილონ ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც სურს ქორწინების გარეშე მოკლევადიანი სიამოვნების მიღება. მათ არ უნდა განიხილონ ურთიერთობა იმ ადამიანთან, რომელიც არ არის ერთგული ქრისტიანი (1 კორინთელთა 7:39). მათ უნდა განიხილონ მხოლოდ ის, ვინც იქნება ქორწინებაში ერთგული პარტნიორი და კარგი მშობელი.
ახალგაზრდა, რომელსაც სურს კარგი ქორწინება, უნდა იყოს ერთგული, მიძღვნილი ქრისტიანი, რათა მიიზიდოს სწორი ადამიანი (იგავების 3:4-8). პიროვნება ავლენს კარგ ხასიათს სათანადო ქცევით და მოკრძალებული ჩაცმულობით (1 ტიმოთეს 2:9-10). ადამიანები, რომლებიც მოუფრთხილებლად ექცევიან საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს, გულისხმობენ, რომ მზად არიან არასწორი სურვილების საფუძველზე ურთიერთობისთვის (1 თესალონიკელთა 4:1-7). პიროვნება, რომელიც იცვამს ისე, რომ იწვევს არასწორ სურვილებს, იზიდავს არასწორ ადამიანს (იგავების 7).
ღმერთმა ახალგაზრდებს მისცა მშობლები, პასტორები და სხვა ქრისტიანი ლიდერები, რათა დაეხმარონ მათ ქცევის, ჩაცმულობისა და ურთიერთობების არჩევაში. როდესაც ახალგაზრდები ემორჩილებიან ამ ლიდერებს ღმერთისადმი მორჩილებით, ისინი მიიღებენ ღვთის უდიდეს კურთხევებს და დაცულნი იქნებიან მრავალი ზიანისა და განსაცდელისგან.
► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს 1 პეტრეს 5:5 და ებრაელთა 13:17.
ბავშვებისა და ახალგაზრდების პასუხისმგებლობაა დაემორჩილონ მშობლებისა და სულიერი ავტორიტეტების სიბრძნესა და ხელმძღვანელობას. ამ ლიდერებს აქვთ პასუხისმგებლობა დაეხმარონ ახალგაზრდებს ცდუნების დაძლევაში.
► წაიკითხეთ რომაელთა 13:14 და 1 კორინთელთა 10:13 ერთად.
ღმერთი არ უშვებს, რომ ქრისტიანები ჩავარდნენ იმაზე მეტ ცდუნებაში, ვიდრე მათ შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ და თავიდან აიცილონ, თუ მათ ეს სურთ. ახალგაზრდები ვალდებულნი არიან გაექცნენ ცდუნებას (2 ტიმოთეს 2:22). თუმცა მშობლებმა მაქსიმალურად უნდა დაიცვან ახალგაზრდები ზედმეტი ცდუნებებისგან. მშობლებისთვის ამის გაკეთების, სულ მცირე სამი გზა არსებობს:
(1) კონკრეტული მითითებების მიცემით ბავშვებისთვის იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ, ვისთან ერთად უნდა იყვნენ და სად უნდა წავიდნენ (ეფესოელთა 6:1-4).
მშობლებმა არ უნდა მისცენ შვილებს საშუალება, მოხვდნენ ისეთ სიტუაციებში, როდესაც მათი მოწიფულობა არ იქნება საკმარისი, რომ დაიცვან თავი ცდუნებისგან. მაგალითად, თუ ახალგაზრდა მამაკაცი და ახალგაზრდა ქალი მარტო დარჩნენ განცალკევებულ ადგილას, ისინი სავარაუდოდ არასწორი ქცევის ცდუნებას განიცდიან.
(2) ცდუნების სფეროებში, თავიანთი შვილების ანგარიშვალდებულების ქვეშ ყოლით.
(3) ახალგაზრდებისთვის ბიბლიური რჩევების მიცემით.
მშობლები უნდა დაეხმარონ თავიანთ შვილებს ისწავლონ სიტუაციის განხილვა ბიბლიური პრინციპების გათვალისწინებით (იგავების 4:1-9; 7:1, 4-5). მათ ახალგაზრდებთან უნდა ისაუბრონ იმ საფრთხეებზე, რასაც ხედავენ. მათ უნდა დაეხმარონ ახალგაზრდებს განიხილონ სხვადასხვგვარი არჩევანი იმისა, რაც აქვთ მათ გასაკეთებელი. მათ შეუძლიათ დაეხმარონ თავიანთ შვილებს წინასწარ იფიქრონ იმაზე, თუ როგორ აიცილონ ცდუნებები და რა გააკეთონ, როდესაც ცდუნებას უკვე განიცდიან.
ეკლესია უნდა განსხვავდებოდეს თავისი კულტურისგან, როცა იცავს ბიბლიურ მორალს. ბევრი კულტურა არ მიიჩნევს სექსუალურ ცოდვას სერიოზულად. მათ მოლოდინი აქვთ, რომ ახალგაზრდა, დაუქორწინებელი ადამიანები, ქორწინებამდე სექსუალურ ურთიერთობაში უნდა იყვნენ. ეკლესია არ უნდა წავიდეს კომპრომისზე ცოდვასთან. ეკლესიამ არ უნდა ჩათვალოს, რომ ახალგაზრდებში სექსუალური ცოდვა ნორმალურია. ღმერთი ამბობს, ისინი ვინც უზნეოები არიან, არ არიან ქრისტიანები.
► წაიკითხეთ ეფესელთა 5:3-7, ებრაელთა 13:4 ერთად.
პერიოდი, როდესაც ურთიერთობა არსებობს ქორწინებამდე, არ არის სექსუალური ურთიერთობის დაწყების დრო. პირიქით, ეს არის პერიოდი, როდესაც მამაკაცი და ქალი რწმუნდებიან, რომ მათ აქვთ იგივე სულიერი და ბიბლიური პრიორიტეტები. ეს ის დროა, როდესაც ისინი ავითარებენ ერთიმეორისადმი გაგებას, რაც საშუალებას აძლევს მათ ენდონ ერთმანეთს ისე, რომ ერთიმეორისადმი მუდმივი ვალდებულება ჰქონდეთ. თუ ერთმანეთის ხასიათში ასეთ ნდობას ვერ მიაღწევენ, ურთიერთობა უნდა გაწყვიტონ და არ დაქორწინდნენ.
ზოგიერთ საზოგადოებაში ადამიანები აყოვნებენ ქორწინებას, რადგან მათი კულტურა მოითხოვს, რომ ქორწინება დახვეწილი და ძვირადღირებული ცერემონია იყოს. ხშირად წყვილები ერთად ცხოვრობენ წლების განმავლობაში და ჰყავთ შვილები, მაგრამ ქორწინების გადადება ხდება. ზოგიერთ წყვილს, მათი ქორწილის ხარჯები მტკივნეულ ტვირთად დიდხანს აწევს, რადგან ისინი ხარჯავენ ყველაფერს, რაც აქვთ საქორწინო წვეულებისთვის და შესაძლოა სესხებაც კი დაჭირდეთ. ეკლესია უნდა იყოს რწმენის საზოგადოება, რომელიც შესთავაზებს ქორწინების განსხვავებულ მოდელს. ქრისტიანული ქორწინება განკუთვნილია მამაკაცისა და ქალისთვის, რომლებიც ერთგულები არიან ერთმანეთისა და ღმერთისადმი და არ უნდა იყოს მოთხოვნილი დიდი ხარჯები, რომ არ გამოიწვიოს ქორწილის გადადება ან წყვილის მომავლისთვის ზიანის მიყენება.
► რით უნდა განსხვავდებოდეს ქრისტიანული ქორწინება, საზოგადოებაში მიღებული ქორწინების წეს-ჩვეულებებისგან?
ქორწინება არის ღმერთის გეგმა ადამიანების უმეტესობისთვის. თუმცა, პავლე მოციქულმა აღწერა რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ადამიანები შეიძლება არ დაქორწინდნენ. 1 კორინთელთა 7:26-ში მან ახსენა „ახლანდელი გაჭირვებისას” — ცხოვრების რთული პირობები, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დევნას. მისი თქმით, შესაძლოა ჯობია, ასეთ პირობებში არ დაქორწინდე.
იგივე მონაკვეთი (1 კორინთელთა 7:32-35) ამბობს, რომ დაუქორწინებელ ადამიანს განსაკუთრებული უპირატესობა აქვს. დაუქორწინებელ ადამიანს შეუძლია ყურადღება გაამახვილოს ღმერთის მსახურებაზე, მეუღლეზე ზრუნვის ნაცვლად. როდესაც ადამიანს ღმერთი მოუწოდებს, ყურადღება გაამახვილოს მსახურებაზე დაქორწინების გარეშე, ის შეიძლება იყოს საოცრად ეფექტური და კურთხეული თავის მსახურებაში.
შეიძლება არსებობდეს სხვა მიზეზებიც, რის გამოც ღმერთმა შეიძლება აირჩიოს დაუქორწინებელი ადამიანი (მათეს 19:10-11). ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არაბუნებრივი მდგომარეობაა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ თითოეულ დასაოჯახებელ ადამიანს სჭირდება ვინმეს შერჩევა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ბედნიერება და კმაყოფილება ქორწინებაზეა დამოკიდებული (ფსალმუნის 106:9).
ადამიანი, რომელიც არ არის დაქორწინებული, ფრთხილად უნდა იყოს, რათა თავიდან აიცილოს არასწორი ურთიერთობები ემოციური და ფიზიკური მოთხოვნილებების გამო. ღმერთი სიხარულს და კმაყოფილებას ანიჭებს იმ ადამიანს, ვინც მისდამი სრულად მიძღვნილია.
ბიბლიური მითითებები ქორწინებისთვის
► ერთად წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:1-7 და ეფესელთა 5:22-33. ჯგუფმა უნდა დატოვოს ეს მონაკვეთები განხილვისთვის ღიად ამ დისკუსიის დროს.
ქმარს ეთქვა, შეიყვაროს თავისი ცოლი, როგორც ქრისტეს უყვარს ეკლესია. იესომ მსხვერპლად გაიღო თავი ეკლესიისთვის. ქმარმა მსხვერპლად უნდა გაიღოს საკუთარი სარგებელი, კომფორტი და სურვილები, რათა დააკმაყოფილოს ცოლის საჭიროებები. მუხლში ნათქვამია, რომ მან უნდა „გონივრულად მოეპყარით ცოლებს”, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა გაუგოს მას. მან უნდა შეისწავლოს ის, მისი საჭიროებების გასაგებად.
ამ მონაკვეთში ქალი მოხსენიებულია, როგორც "სათუთი ჭურჭელი". ცოლს ქმრის ყურადღება სჭირდება. მან უნდა დაიცვას ის არა მხოლოდ ფიზიკური ზიანისგან, არამედ ასევე ნერვიულობისა და ემოციური სტრესისგან.
ცოლს ეთქვა, დაემორჩილოს ქმარს და პატივი სცეს მას. ცოლმა უნდა მიიღოს ქმრის ხელმძღვანელობა, თუნდაც ქმარი არ იყოს მორწმუნე. თუ ის ამას გააკეთებს, მისი ქმარი, რომელსაც გადარჩენა არ აქვს ჯერ მიღებული, დიდი ალბათობით გახდება მორწმუნე.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თუ როგორ არის მოცემული ბრძანებები ამ მუხლებში. ქმრისთვის არ არის ნათქვამი, რომ ძალაუფლება განახორციელოს ცოლზე. ცოლისთვის არის ნათქვამი, დაემორჩილოს ქმარს, მაგრამ ქმრისთვის არ უთქვამთ, რომ დაიმორჩილოს ის. მას ეთქვა, რომ უყვარდეს ცოლი და მსხვერპლად გაიღოს თავი, მასზე ზრუნვისთვის. ასევე, ცოლისთვის არ უთქვამთ, რომ ქმრისგან ზრუნვა მოითხოვოს; მას ეთქვა რომ პატივი სცეს მას.
ქმრის პრიორიტეტი არ უნდა იყოს ავტორიტეტის შენარჩუნება, არამედ სიყვარულით ზრუნვა. ცოლის პრიორიტეტი არ უნდა იყოს საკუთარ თავზე ზრუნვის მოთხოვნა, არამედ ქმრის პატივისცემა.
მოციქული აფრთხილებს ქმრებს, რომ მათი ლოცვა დაბრკოლდება, თუ ისინი სათანადოდ არ ზრუნავენ ცოლზე. ეს გვეუბნება, რომ ქორწინებაში ჩვენი ქცევა გავლენას ახდენს ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე.
მოციქულმა იოანემ თქვა, რომ თუ ადამიანს არ უყვარს თავისი ძმა, მას არც ღმერთი უყვარს (1 იოანეს 4:20). ანალოგიურად, პავლესა და პეტრეს სიტყვებიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ მამაკაცს, რომელიც არ ზრუნავს ცოლზე ისე, როგორც უნდა ზრუნავდეს, არ უყვარს ღმერთი ისე, როგორც უნდა უყვარდეს. ქალი, რომელიც პატივს არ სცემს ქმარს, არ სცემს სათანადო პატივს ღმერთს.
► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს 1 კორინთელთა 7:1-5.
ეს მუხლები გვეუბნება, რომ ქორწინების ერთ-ერთი მიზანი სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებაა. ცოლ-ქმარმა საკუთარი სხეულები ერთმანეთს დაუთმო და უარი თქვა მათზე საკუთრების უფლების პრეტენზიაზე. ეს ნიშნავს, რომ დაქორწინებული ადამიანი არ უნდა ელოდოს სექსს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას სურს, არამედ უნდა პასუხობდეს მეუღლის სურვილებს. ეს მუხლები არ საუბრობს, რომ ადამიანს შეუძლია მოითხოვოს დაკმაყოფილება მეუღლის ნების საწინააღმდეგოდ. ამის ნაცვლად, მუხლები გვეუბნება თითოეულს, რომ უნდა ვპასუხობდეთ სხვების საჭიროებებს.
ეს მონაკვეთი გვეუბნება, რომ დაქორწინებულებმა ერთმანეთს არ უნდა ჩამოართვან ეს პრივილეგია. მოკლე დროით სექსისგან თავშეკავება მარხვის დროს დასაშვებია, მაგრამ ხანგრძლივი განშორება გამოიწვევს ცდუნებას დაუკმაყოფილებელი სურვილების გამო. ზოგჯერ წყვილები ირჩევენ დაშორებას რამდენიმე თვით ან მეტხანს, რადგან ისინი მიდიან სამუშაოდ ან სასწავლებლად შორეულ ადგილას. ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე მათ უნდა განიხილონ, შეესაბამება თუ არა ასეთი გეგმა ღვთისას. მათ შეიძლება პრობლემები შეექმნათ, ხანგრძლივი განშორების გამო.
ქორწინების ერთ-ერთი მიზანია შეიქმნას ოჯახები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ წევრებს.
► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს 1 ტიმოთეს 5:8.
ეს მუხლი არის იმ მონაკვეთის ნაწილი, რომელიც აღწერს ეკლესიის წევრების პასუხისმგებლობას, იზრუნონ ერთმანეთზე. ადამიანის პირველი პასუხისმგებლობა მისი ოჯახია. მშობლებმა უნდა უზრუნველყონ მათი შვილების საჭიროებები, როგორიცაა თავშესაფარი, საკვები, ჩასაცმელი და განათლება. მშობლებმა უნდა გააკეთონ ის, რისი უზრუნველყოფაც შეუძლიათ, ნაცვლად იმისა, რომ ეს პასუხისმგებლობა სხვებს მიატოვოს.
ჯგუფში გაზიარებისთვის
ამ გაკვეთილის თემები ბევრ დისკუსიას გამოიწვევს.
სტუდენტები უნდა ეცადონ გამოიყენონ ამ გაკვეთილში მოყვანილი ბიბლიური პრინციპები, თავიანთ სიტუაციებში.
► რა სიმართლე ავიწყდება ბევრს, ქორწინების შესახებ?
► როგორ უნდა დაეხმაროს ეკლესია ახალგაზრდებს, რომლებიც ებრძვიან ქვეყნიერების ცდუნებებს?
► როგორ შეუძლიათ ეკლესიის ხალხს ერთად იმუშაონ (საკვირაო სკოლის მიღმა), რათა დაეხმარონ ბავშვებს ასწავლონ ქრისტეს მიყოლა?
ლოცვა
ზეციერო მამა,
მადლობა ქორწინების შენი შესანიშნავი ჩანაფიქრისთვის. დამეხმარე, რომ შენი ნების ერთგული ვიყო, ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე. დამეხმარე ვიყო ქრისტიანული ერთგულების კარგი მაგალითი. დამეხმარე, წავახალისო სხვები, დაიცვან შენი ნება.
დამეხმარე, ვიშრომო ეკლესიაში, რათა დავეხმარო ოჯახებს, ახალგაზრდებს და ბავშვებს, იყვნენ მტკიცენი რწმენაში და მორჩილებაში.
მადლობა იმ პრივილეგიისთვის, რომელსაც გვაძლევ, გვქონდეს კურთხეული ურთიერთობები.
ამინ
გაკვეთილი 7 დავალებები
(1) თუ არ ხართ დაქორწინებული, დაწერეთ ორი აბზაცი თქვენი ვალდებულების შესახებ, დაიცვათ ღვთის პრინციპები ქორწინებამდე და მომავალი ქორწინებისთვის. თუ დაქორწინებული ხართ, დაწერეთ ორი აბზაცი ქორწინებაში ღვთის პრინციპების დაცვის ვალდებულების შესახებ.
(2) აირჩიეთ ერთი ან მეტი თემა ამ გაკვეთილიდან და დაწერეთ გვერდი, სადაც აღწერილი იქნება, თუ როგორ გამოიყენებს ადამიანი ბიბლიურ პრინციპებს თქვენს საზოგადოებაში.
მაგალითები:
აღწერეთ ქრისტიანული ურთიერთობა მამაკაცსა და ქალს შორის, რომლებიც აპირებენ დაქორწინებას თქვენს საზოგადოებაში.
აღწერეთ მამაკაცის ან ქალის ქცევა, რომელსაც სურს გამოავლინოს ერთგულება ქორწინების მიმართ თქვენს საზოგადოებაში.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.