ძმა ლოურენსი იყო უბრალო ბერი, რომელიც ცხოვრობდა მონასტერში 1600 -იან წლებში. ის ცნობილი გახდა ძალიან ჩვეულებრივი სამუშაოს შესრულებით - კარტოფილის გათლით, ჭურჭლის რეცხვით და ა.შ. — ღმერთის სიყვარულის გამო და იმის გამო, რომ არასოდეს აძლევდა უფლის თანდასწრებას, მისი გონებიდან შორს ყოფნის საშუალებას. ის მუდმივად აქცევდა ღმერთს ყურადღების ცენტრში მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, მათ შორის მის საქმიანობაში.
ღვთის თანდასწრების პრაქტიკა არის ძალიან მოკლე წიგნი, რომელიც მილიონებმა წაიკითხეს. ის შეიცავს ძმა ლოურენსის ინტერვიუებსა და წერილებს. ის წერს: „ჩვენი განწმენდა არ არის დამოკიდებული ჩვენი სამუშაოების შეცვლაზე, არამედ იმის გაკეთებაზე ღვთის გულისთვის, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ ვაკეთებთ საკუთარი თავისთვის.”
► რა არის სამუშაო? არის თუ არა სამუშაო მხოლოდ დასაქმება - იყო დაქირავებული რაღაცის გასაკეთებლად?
სამუშაო მოიცავს დასაქმებას, მაგრამ ასევე მოიცავს საკუთარ თავზე და სხვებზე ზრუნვის ამოცანებს, მართვას იმისა, რაც გაგვაჩნია ნივთების წარმოებას, ბიზნესის კეთებას მოგებისთვის და სხვების გულუხვად დახმარებას.
► უნდა იმუშაოს ქრისტიანმა? რატომ?
ბევრი ფიქრობს, რომ მშვენიერი იქნებოდა იმდენი ფულის ქონა, რომ აღარ ჭირდებოდეთ მუშაობა. ისინი ფიქრობენ, რომ ყველაზე სასიამოვნო ცხოვრება იქნება დასვენება და უსაქმურობა.
მუშაობის ბიბლიური გაგება
დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო, დასაწყისში. ის იყო სრულყოფილი. ის სრულყოფილი გარემო იყო პირველი ადამიანებისთვის, რომლებიც ღმერთმა შექმნა. ღმერთმა დავალება მისცა პირველ ადამიანებს. ღმერთს შეეძლო შეექმნა სამყარო სამუშაოს გარეშე ადამიანის ყველა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. ღმერთმა იცოდა, რომ ადამიანებისთვის საუკეთესო ცხოვრება მოიცავს სამუშაოს.
ღმერთმა დაგეგმა, რომ ჩვენი მუშაობა დაკავშირებული იყოს ჩვენს ურთიერთობებთან. ადამიანებმა უნდა ისწავლონ თანამშრომლობა, ერთმანეთზე დამოკიდებულება, იყვნენ ერთმანეთის საიმედოდ, გამოიყენონ ძლიერი მხარეები და დაეხმარონ სხვებს სუსტ მხარეებში, ერთად გაუმკლავდნენ გამოწვევებს, მოაგვარონ უთანხმოება, გამოასწორონ შეცდომები, გაიწაფონ და მოამზადონ სხვები.
ღმერთმა მისცა ხალხს უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა დედამიწის სამართავად, რათა კონტროლის ქვეშ მოაქციონ ის და განავითარონ, მის სადიდებლად. ამ დავალებამ განაპირობა სოფლის მეურნეობის განვითარება, ცხოველების მოშენება, მინერალების მოპოვება დედამიწიდან და ტექნოლოგიის განვითარება.
ღმერთმა შეგვქმნა დანარჩენ ბუნებაზე მაღლა, რადგან ჩვენ გვაქვს რაღაც მისი ბუნებიდან ჩვენში. ფსალმუნის 8:5-8 ამბობს
ბევრად არ დაგიმცირებია იგი (კაცობრიობა) ანგელოზებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად. გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე. ყველა პირუტყვი - წვრილფეხა და მსხვილფეხა, ასევე ნადირი ველისა; ფრინველი ცისა და თევზი ზღვისა, და წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ.
ცოდვით დაცემის გამო, სამყარო შეიცვალა და ახლა მუშაობა შეიცავს ბევრ სირთულეს და იმედგაცრუებას, რაც არ ყოფილა ღვთის თავდაპირველ ჩანაფიქრში. თუმცა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ღმერთმა შეგვქმნა ისეთებად, რომ გვჭირდება სამუშაო.
ჩვენი სამუშაო, ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის სამუშაოს მსგავსია. სამუშაო არის ადამიანის გარემოს შეცვლის საშუალება. შემოსავლის გამომუშავება არ არის მხოლოდ, სამუშაოს მიზანი. ადამიანებს აქვთ თავისი გარემოს შეცვლის ინსტინქტი. ისინი ცდილობენ გააუმჯობესონ თავიანთი სახლები. ისინი ცდილობენ ნაგვის მოშორებას. ადამიანმა, რომელსაც მუშაობა აღარ სურს, უარი თქვა გარემოს შეცვლის სურვილსა და უნარზე. ის იმ ნაწილზე ამბობს უარს, რაც ნიშნავს ადამიანად ყოფნას.
► რას ფიქრობთ, როდესაც ხედავთ სახლს ან ეზოს, რომელიც არ არის კარგად მოვლილი?
ადამიანის ორიენტირებულობა შემოქმედებაზე, დაგეგმვაზე, ორგანიზებასა და წარმოებაზე - სამუშაო, არის ადამიანში ღმერთის ხატების ნაწილი. ამიტომ ქრისტიანებისთვის ყველა სამუშაო წმიდაა. ყველა სამუშაო არის თაყვანისცემა, როდესაც ის კეთდება უფლის საამებლად (კოლასელთა 3:17, 23). იესომ თქვა, რომ მისი მამა მუშაობდა და ამიტომ ისიც მუშაობდა (იოანეს 5:17).
თქვენ არ უნდა იფიქროთ სამსახურზე, როგორც უსიამოვნო აუცილებლობაზე, როგორც მედიკამენტების მიღებაზე ავადმყოფობისას. სამუშაო არ არის მხოლოდ ის, რაც აუცილებელია გადარჩენისთვის. ეს არის ღვთის განზრახვის ნაწილი კაცობრიობის მიმართ.
2 თესალონიკელთა 3:10 -ში ნათქვამია, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ: „ვინაიდან თქვენთან ყოფნისას ამას გისახავდით მცნებად: ვისაც შრომა არ სურს, მაშინ ნურც ჭამს." რა უნდა გავაკეთოთ, თუ ჩვენი სამუშაო უმნიშვნელოდ გვეჩვენება? მაჰათმა განდიმ თქვა: “რასაც აკეთებ, შეიძლება უმნიშვნელო ჩანდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შენ ამას აკეთებ.” წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც დაქირავებულია იატაკის მოსაწმენდად. ეს სამუშაო შეიძლება უმნიშვნელოდ ჩანდეს, მაგრამ ის მნიშვნელოვან არჩევანს აკეთებს. როდესაც ის ყოველდღიურად მიდის სამსახურში, ის ირჩევს ამის გაკეთებას, იმის ნაცვლად, რომ დრო უსაქმურად გაატაროს და არავის აქცევს ყურადღებას. ის ირჩევს აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის უზრუნველსაყოფად, ვიდრე ოჯახის ან მეგობრების კისერზე იჯდეს. ის ზრუნავს მათზე, ვინც მასზეა დამოკიდებული, შეიძლება ცოლ -შვილზე, იმის ნაცვლად, რომ აიძულოს ისინი, თვითონ ეძებონ დახმარება. ყველა ეს მოსაზრება გვეხმარება გავაცნობიეროთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავად სამუშაო უმნიშვნელო ჩანს, მნიშვნელოვანია, რომ მან არჩიოს ამის გაკეთება.
ბევრი ადამიანია, ვისაც ნამდვილად არ შეუძლია მუშაობა? არა. მაშინაც კი, თუ ადამიანი ვერ იქნება დასაქმებული ხელფასიან სამუშაოზე, მას ალბათ შეუძლია გააკეთოს რაღაც, სხვების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ქრისტიანი უნდა მუშაობდეს, რადგან მას აქვს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და სხვებზე. ადამიანი არ უნდა ელოდოს, რომ სხვები უზრუნველყოფენ მის მოთხოვნილებებს, თუ ის არ არის მზად გააკეთოს ის, რაც შეუძლია.
მორწმუნე პირველ რიგში პასუხისმგებელია ოჯახზე. „ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავისი ოჯახის წევრებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთეს 5:8).
წმინდა წერილი მორწმუნეს უბრძანებს იმუშაოს, რათა შეძლოს სხვების საჭიროებების დაკმაყოფილება. “მომპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს სიკეთე, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისთვის მისაცემი” (ეფესელთა 4:28). მიაქციეთ ყურადღება კონტრასტს მათ შორის, ვინც იპარავს, იღებს რაღაცას მუქთად; და ვინც მუშაობს, რომ გასცეს. ქრისტიანი არ არის მხოლოდ ის, ვინც არ იპარავს, არამედ ის, ვინც მუშაობს იმისთვის, რომ გასცეს.
თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ სამუშაო, მაშინაც კი, თუ არავინ დაგიქირავათ. მოძებნეთ გზები, რომ იყოთ სასარგებლო და დააკმაყოფილოთ სხვების საჭიროებები. სჯობს ასე იცხოვროთ, ვიდრე არაფერი გააკეთოთ და მხოლოდ იწუწუნოთ, რომ არავინ გეხმარებათ.
მორწმუნე უნდა მუშაობდეს იმისთვის, რომ უზრუნველყოს საკუთარი თავი და მისი ოჯახი და შეეძლოს მისცეს სხვას, ვისაც აქვს საჭიროება.
ღმერთის ჩვეული გზა ჩვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად
► რას ეტყოდით ადამიანს, ვინც ამბობს, რომ ის არ იმუშავებს, რადგან ღმერთზეა დამოკიდებული, რომ მან დააკმაყოფილოს მისი საჭიროებები?
წარმოიდგინეთ, რომ ერთი ზაფხულის ბოლოს, შედიხართ თქვენს ბაღში და აღმოაჩენთ, რომ მის დიდ ნაწილში მოყვანილია პომიდორი, სიმინდი, ლობიო და სხვა ბოსტნეული, და საკმარისია იმისთვის, რომ დიდხანს გეყოთ.
ეს იქნებოდა სასწაული? ეს ათასობით ადამიანს დაემართა გასულ ზაფხულს. ისინი შევიდნენ თავიანთ ბაღებში და აღმოაჩინეს მთელი ეს მოსავალი და კიდევ უფრო მეტიც. მაგრამ ისინი არ გაოცებულან და არც კი გაუკვირდათ, რადგან რამდენიმე თვის წინ მათ დაამუშავეს მიწა, შემდეგ დათესეს თესლი, შემდეგ თვეების განმავლობაში ზრუნავდნენ მასზე, რწყავდნენ და მარგლავდნენ. ასე რომ, როდესაც მათ აღმოაჩინეს, რომ მოსავალი იზრდებოდა, ეს იყო ზუსტად ის, რასაც ელოდნენ.
თქვენ შეიძლება გამოეხმაუროთ: "მაშინ ეს საერთოდ არ იყო სასწაული". მაგრამ ღმერთმა შექმნა მილიონობით მცენარე, ხოლო ადამიანს არასოდეს, არცერთი შეუქმნია. ფსალმუნის 103:14 -ში ნათქვამია: „აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისთვის და მცენარეულობას [ბოსტნეულს] ადამიანისთვის, რომ ისაზრდოოს მიწისგან.” ღმერთი აკეთებს ამას, მაგრამ ადამიანი ამზადებს მას ნიადაგის დამუშავებით, თესლის დათესვით და საჭიროებისამებრ მორწყვით.
ბევრი ფიქრობს, რომ ღვთის ქმედება არის რაღაც ზებუნებრივი, გამონაკლისი ბუნების კანონებისგან, მაგალითად, როდესაც იესო კურნავდა, ან როცა მზე გაჩერდა. ამ თვალსაზრისით, მცენარეების ზრდა სასწაული არ არის, რადგან ის ჩვეულებრივია.
სასწაულის მოლოდინში ჩვენ ძალიან ხშირად იგნორირებას ვუკეთებთ ღვთის ჩვეულებრივ ცხოვრების წესს. მილიონობით ადამიანია, ვინც შედის თავის ბაღში და ვერ პოულობს ვერაფერს აღმოცენებულს, რისი ჭამაც შეუძლია. ისინი არ ჩაერთნენ ღვთის მიერ დადგენილ, საკვების წარმოების პროცესში. საკვების ზრდის პროცესი მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს ღმერთი. მაგალითად, ღმერთის ჩვეულებრივი გზა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არის ადამიანის შრომა. იგავების 14:23 გვასწავლის, რომ "ყოველგვარ შრომას მოგება მოაქვს ..." ხოლო იგავების 19:15 გვაფრთხილებს, რომ "... უქნარა კაცი იშიმშილებს.”
არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ღმერთისგან რაღაცის მიღება, მაგრამ ისინი უარყოფენ მუშაობის შესაძლებლობას, რადგან ეს შესაძლებლობა არ არის ის, რისი კეთებაც მათ სურთ.
რა მოხდება, თუ თქვენ მზად ხართ იმუშაოთ, მაგრამ ვერ ნახეთ ის ვიღაც, ვინც სამსახურში მიგიღებთ? არის სამუშაო, რომლის გაკეთებაც შეგიძლია სხვების დასახმარებლად და ამ საქმის საშუალებით შეგეძლება შენი ზოგიერთი საჭიროების დაკმაყოფილებაც. თუ უმუშევარი ხარ, გაქვს დრო. ხომ შეგიძლია მიმოიხედო გარშემო და ნახო, რისი გაკეთება შეგიძლია სხვის დასახმარებლად?
წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც უმუშევარია და ყოველდღე საათებს ატარებს ჯდომაში და არაფრის კეთებაში. მართლა არაფერი აქვს მას გასაკეთებელი? მის სამეზობლოში არიან ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. მის ეზოში და ქუჩაში არის ნაგავი, რომელიც უნდა გაიწმინდოს. არსებობს ნიადაგი, რომელიც შეიძლება დამუშავდეს საკვების მოსაპოვებლად. არის წიგნები მისთვის ხელმისაწვდომი, რომ წაიკითხოს და გაზარდოს თავისი ცოდნა. არის ვინმე, ვისთვისაც შეუძლია ლოცვა. ადამიანს, რომელიც ზის და არაფერს აკეთებს, ჰყავს ერთი თანამშრომელი, თვითონ, და ეს თანამშრომელი არც არაფერს ქმნის და არც ვითარდება. ის თვითონ არ არის კარგი დამსაქმებელი, ასე რომ, ის ალბათ ვერ შეძლებს სხვების მართვას.
ხშირ შემთხვევაში და სხვადასხვა ადგილას, ადამიანების უმეტესობას არ იღებენ სამსახურში. ისინი აწარმოებენ რაღაცას გადასაცვლელად, ან სთავაზობენ მომსახურებას სხვებს. ეს არის ყველა ის გზა, რასაც ღმერთი გვაძლევს.
ბიბლიური პრინციპები ქრისტიანული დასაქმებისთვის
პასუხისმგებლობისა და პატიოსნების პრინციპები საშუალებას აძლევს ქრისტიანებს გამოიყენონ ეთიკური სტანდარტები თავიანთ საქმიანობაში.
► როგორ უნდა გამოიყენოს ქრისტიანმა ბიბლიური პრინციპები, დამსაქმებელთან მუშაობისას?
ახალი აღთქმა იძლევა მითითებებს მუშაკებისთვის. იმ დროს, როდესაც დაიწერა ახალი აღთქმის წიგნები, ბევრი მუშაკი იყო მონა. დღეს, დასაქმებული განსხვავდება მონისგან იმით, რომ მას შეიძლება ჰქონდეს შესაძლებლობა გადავიდეს სხვადასხვა სამსახურში. ეს თავისუფლება აძლევს მათ შესაძლებლობას, მიიღონ ან უარყონ დასაქმების პირობები. თუმცა, თუ ისინი დათანხმდებიან იმუშაონ გარკვეული სარგებელისთვის, წმინდა წერილი მოითხოვს მათგან, რომ იყვნენ კარგი თანამშრომლები, სანამ დარჩებიან დამსაქმებელთან.
თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც თავისუფლად ვერ აირჩევთ სამუშაოს, რომლის გაკეთებაც გსურთ. შესაძლოა იძულებული გახდეთ რთულ სიტუაციაში იმუშაოთ. თქვენ მაინც უნდა გქონდეთ ქრისტიანული დამოკიდებულება. ზოგი ადამიანი ნელა და ცუდად მუშაობს, როდესაც აიძულებენ, რადგან მათ უნდათ აჩვენონ, რომ არ სურთ მუშაობა. როდესაც ადამიანი ამას აკეთებს, ის აჩვენებს, რომ ის არ არის თავისუფალი. თუ გსურთ თავისუფლად იმოქმედოთ, უნდა იმუშაოთ მხიარულად და კარგად შეასრულოთ სამუშაო. როდესაც ასე მუშაობთ, თავისუფლად მოქმედებთ, რადგან ვერავინ დაგაძალებთ ამის გაკეთებას.
თუ არავის დაუქირავებიხართ, თქვენ ხართ თქვენი თავის უფროსი. როგორი თანამშრომელი იყავით საკუთარი თავისთვის?
ეფესელთა 6:5-8 - პასუხისმგებლობის პრინციპი
► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს ეფესელთა 6:5-8. განიხილეთ ამ მონაკვეთის მნიშვნელობა, შემდეგ გადახედეთ ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალს, რომ დაამატოთ თქვენი დაკვირვებები.
ზოგიერთი განაცხადი ეფესელთა 6:5-8-დან:
1. მუშაკი უნდა დაემორჩილოს თავის დამსაქმებელს არა მხოლოდ ზედამხედველობის ქვეშ, არამედ ყოველთვის. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ მან არ უნდა უგულებელყოს დეტალები, რომლებიც, მისი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადამოწმდეს ("... არა თვალის ასახვევად ...”).
2. მუშაკმა უნდა შეინარჩუნოს თავისი მუშაობის ხარისხი და შრომისმოყვარეობა, თითქოს ღმერთისთვის მუშაობს ("... როგორც ქრისტეს მონები, რომლებიც გულით ასრულებენ ღვთის ნებას ...").
3. ღმერთი აკურთხებს მუშაკს, საქმისადმი მისი ერთგულებისთვის („მასვე მიიღებს უფლისგან ...").
ტიტეს 2:9-10 - პატიოსნების პრინციპი
► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს ტიტეს 2:9-10. განიხილეთ ამ მონაკვეთის მნიშვნელობა, შემდეგ გადახედეთ ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალს, რომ დაამატოთ თქვენი დაკვირვებები.
ზოგიერთი განაცხადი ტიტეს 2:9-10-დან:
1. მუშაკი პატივისცემით უნდა მოეკიდოს დამსაქმებლის მითითებებს ("... არა მოკამათენი ..."). რა შედეგები შეიძლება მოყვეს, როდესაც მუშაკი უპატივცემულოდ საუბრობს თავის დამსაქმებელზე სხვა მუშაკებთან?
2. მუშაკმა არ უნდა მოპაროს თავის დამსაქმებელს, მაშინაც კი, თუ მას მიაჩნია, რომ იმსახურებს მეტ ანაზღაურებას („... არაფერი მოიპარონ...").
3. ერთგული შრომა სახარების დამოწმებაა; ორგულობა კი სახარების შეურაცხყოფა ("... რათა ყოველნაირად შეამკონ ჩვენი მაცხოვარი ღვთის მოძღვრება ...").
► რა მაგალითებია იმისა, რომ ზოგი ადამიანი არაკეთილსინდისიერია თავის საქმიანობაში? აღწერეთ, რით უნდა განსხვავდებოდეს ქრისტიანი.
წმინდა წერილის ეს მონაკვეთები, ტიტეს და ეფესელთა წერილებიდან, საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა იმუშაოს ადამიანმა, თუ ვინმე მას დაასაქმებს. იგივე პრინციპები ვრცელდება ადამიანზე, რომელიც დაქირავებულია რაღაცის ასაშენებლად ან გასარემონტებლად. მან უნდა შეასრულოს იგივე ხარისხის სამუშაო, როგორსაც ისურვებდა, ვინმეს მისთვის რომ გაეკეთებინა. ადამიანი, რომელიც ყიდის ნივთებს, არ უნდა მალავდეს დეფექტებს, რომ მყიდველებს არ აფიქრებინოს, რომ ისინი უკეთესს იღებენ.
დასაქმებისათვის სასურველი თვისებების განვითარება
რა თვისებები სურთ დამსაქმებლებს, რომ ჰქონდეს თანამშრომელს? კვლევები აჩვენებს, რომ დამსაქმებლებს სურთ ადამიანები, რომლებსაც აქვთ პოზიტიური დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ. მათ სჭირდებათ საიმედო და სწავლის მსურველი ადამიანები. ადამიანებს სამსახურში, მათი სამუშაოსთან დამოკიდებულების გამო უფრო იღებენ, ვიდრე მათი მომზადებისა და ნიჭის გამო. ასევე ღმერთიც ზრუნავს ჩვენს დამოკიდებულებაზე სამუშაოს მიმართ, როგორც უკვე ვნახეთ წმინდა წერილში.
განავითარეთ თქვენში ის თვისებები, რაც თქვენ ღირებულ თანამშრომლად გაქცევთ. მზად უნდა იყოთ ემსახუროთ. თქვენ უნდა იყოთ გულწრფელი, საიმედო და მომთმენი. ზოგიერთი უმუშევარი ფიქრობს მხოლოდ იმაზე, რაც მათ სჭირდებათ. დამსაქმებელი არ გასაქმებთ, რომ თქვენ დაგეხმაროთ; ის გასაქმებთ, რომ მას დაეხმაროთ. თქვენ უნდა იყოთ ისეთი ადამიანი, ვინც დამსაქმებლისთვის ღირებული იქნება.
ადამიანმა შეიძლება თქვას: "მე ვიქნებოდი მეგობრული, დამხმარე და პატიოსანი, თუ ამისთვის ხელფასს გადამიხდიდნენ", მაგრამ დამსაქმებლები არ იღებენ სამსახურში არამეგობრულ პიროვნებას და არ უხდიან მას, რომ მეგობრული გახდეს. ისინი არ იღებენ არაკეთილსინდისიერ ადამიანს და არ უხდიან მას, რომ პატიოსნად მოიქცეს. ისინი ეძებენ მეგობრულ, სასარგებლო და პატიოსან პიროვნებას.
ეკლესიაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩვენ არ ველოდებით ადამიანს, სანამ გაიღებს, ან მეგობრობას გამოავლენს, იმისთვის, რომ მზად ვიყოთ მის დასახმარებლათ. ღმერთი ასევე აღწევს თქვენამდე და გაკურთხებთ სანამ რაიმე კარგს გააკეთებთ. მაგრამ საკუთარი სარგებლისთვის, თქვენ უნდა დაიწყოთ მადლზე რეაგირება. ისწავლეთ გაცემა, მსახურება და ღიმილი.
განავითარეთ თქვენი თვისებები. ისწავლეთ და შეითვისეთ უნარები იმ ადამიანებთან მუშაობისას, რომლებსაც უკვე აქვთ ეს უნარები. იქნებ სხვებსაც შესთავაზოთ მომსახურება. იქნებ შეძლოთ გასაყიდი პროდუქტის დამზადება. იქნებ მოსავლის მოყვანა შეგიძლიათ. უპირველეს ყოვლისა, იქონიეთ სხვების მიმართ დამხმარე დამოკიდებულება, მაშინაც კი, როდესაც ამას მოგება არ მოაქვს. ღმერთი აკურთხებს თქვენს მსახურებას.
რას ნიშნავს ემსახურო? მსახურება ნიშნავს გამოიყენო შენი შესაძლებლობები, დრო და ენერგია სხვის სასარგებლოდ.
იმის მიუხედავად, მუშაობთ დამსაქმებელთან თუ არა, მომსახურება მოითხოვს, რომ უარი თქვათ თქვენს ზოგიერთ უფლებებზე და პრივილეგიებზე. მაგალითად, თუ თქვენ მუშაობთ სხვებზე, თქვენ ვერ შეძლებთ დილით დაიძინოთ იმდენი ხანი, რამდენიც გინდათ და ვერ გაატარებთ სამუშაო საათებს იმის კეთებაში, რაც გსურთ. თქვენ უქვემდებარებთ თქვენი ცხოვრების ასპექტებს იმ მიზნებს, რისთვისაც ხართ მიღებული სამსახურში. დასაქმება გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ იცვამთ და როგორ ექცევით სხვა ადამიანებს.
მსახურების მზაობას ბევრი სარგებელი მოაქვს:
1. ის აყალიბებს ურთიერთობებს, რის შედეგადაც თქვენი ზოგიერთი საჭიროება დაკმაყოფილდება. ეს ხშირად ხდება არაპროგნოზირებადი გზებით, ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ იმ ადამიანებისთვის დახმარების გაწევა, რომლებსაც, თქვენი აზრით, შეუძლიათ რაღაც გააკეთონ თქვენთვისაც.
2. ეს გაძლევთ ძვირფას ადგილს ეკლესიაში, ქრისტეს სხეულში.
3. ამან შეიძლება გაგციოთ ისეთ პიროვნებად, ვისი დაქირავებაც სურთ.
შესაძლოა თქვენ შეძლოთ დაიწყოთ ახალი აზროვნების ჩამოყალიბება - მოძებნოთ გზები, რათა ემსახუროთ სხვებს. იესომ თქვა: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეების 20:35). მართლა გჯერა ამის? ცხოვრობ ისე, როგორც გჯერა?
არსებობს სულიერი პრინციპი, რომ გაითვალისწინო სხვათა მოთხოვნილებები და მთლიანად არ ჩაიძირო საკუთარ საჭიროებებში (ფილიპელთა 2:4). ასევე არსებობს პრაქტიკული პრინციპი. გახსოვდეთ, ისინი, ვინც ასაქმებენ ადამიანებს, ჩვეულებრივ არ აკეთებენ ამას, მათ მიერ დასაქმებული ადამიანების დასახმარებლად. ისინი ასაქმებენ ვინმეს, რადგან ფიქრობენ, რომ ამ ადამიანს შეუძლია შეასრულოს მათი მოთხოვნები. ასე რომ, თუ ადამიანს შეუძლია იფიქროს მხოლოდ იმაზე, თუ რა სურს მას, ვინმემ მისთვის რომ გააკეთოს, მაშინ მისი დაქირავება არ ღირს.
რაღაც ხდება მაშინ, როდესაც ადამიანებს სურთ მუშაობა. ეს სარგებელი არის ის, რაც სასწაულებს ჰგავს, თუ ისინი მოულოდნელად მოხდება, მაგრამ ღმერთს აქვს ნორმალური გზა, რომ ეს სარგებელი თქვენს ცხოვრებაში მოიტანოს.
ეს ალბათ დროის ფუჭი კარგვაა, გქონდეთ იმედი, სურვილი, ან თუნდაც ილოცოთ იმის შესახებ, რომ ღმერთმა მოახდინოს სასწაული, თუ თქვენ არ გსურთ იმუშაოთ, რათა მიიღოთ დახმარება იმ გზით, როგორც ღმერთს სურს, მისი თქვენთვის მოცემა.
ჯგუფში გაზიარებისთვის
► ვინმეს შეუძლია გაგვიზიაროს ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შეუქმნა სახარების შესაძლებლობა კარგმა სამუშაომ დამსაქმებლის?
► ვინმეს შეუძლია გაგვიზიაროს ამბავი, თუ როგორ შეძლო მეზობლის დახმარებით, ქრისტიანული ზრუნვის კარგი გამოვლენა?
► ჯგუფმა უნდა გაუზიაროს იდეები იმ სამუშაო შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია უმუშევარი ადამიანისთვის.
ლოცვა
ზეციერო მამა,
მადლობა იმ პრივილეგიისათვის, რომ მაქვს შემოქმედებითი მუშაობის შესაძლებლობა. დამეხმარე დავინახო შესაძლებლობები სხვების დასახმარებლად. უზრუნველყავი ჩემი საჭიროებები, რადგან მე ვიღებ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და სხვებზე.
მაკურთხე რესურსებით, რათა შევინახო ჩემი ოჯახი, შევწირო ეკლესიაში და დავეხმარო გაჭირვებულებს.
დამეხმარე ვიყო გულწრფელი და საიმედო ყველა ჩემს მოვალეობაში. მომამზადე უფრო დიდი შესაძლებლობებისა და პასუხისმგებლობებისთვის, თუ ეს შენი ნებაა. მადლობა, რომ ყოველთვის ჩემი ერთგული ხარ.
ამინ
გაკვეთილი 3 დავალებები
(1) შეისწავლეთ ეს მონაკვეთები იგავებიდან:
იგავების 6:6-11
იგავების 10:4-5
იგავების 12:11, 24, 27
იგავების 13:4, 11
იგავების 14:23
იგავების 18:9
იგავების 20:13
იგავების 22:29
იგავების 24:30-34
იგავების 26:13-16
დაწერეთ მითითებების და განაცხადების ერთი გვერდი, მუშაობისა და სიზარმაცის შესახებ ამ მონაკვეთებიდან.
(2) იმუშავეთ სხვა თანაკლასელთან ერთად, რათა მოამზადოთ მოკლე პრეზენტაცია ქვემოთ ჩამოთვლილ თემებზე. (კლასის ლიდერი თითოეულ გუნდს გადასცემს თემას.) გაუზიარეთ პრეზენტაცია მომდევნო გაკვეთილის დასაწყისში.
სამსახური და ღვთის ხატება ადამიანში
სამსახური და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და სხვებზე
როგორ უნდა მუშაობდეს ქრისტიანი თანამშრომელი (ეს პრეზენტაცია ეფუძნება ეფესელთა 6:5-8 და ტიტეს 2:9-10.)
გზა, რომლითაც ღმერთი ჩვეულებრივ უზრუნველყოფს ხალხის მოთხოვნილებებს
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.