აბრაამი მაღაზიაში მუშაობდა. ერთ დღეს გააცნობიერა, რომ მომხმარებელს ხურდა არასწორად დაუბრუნა. ქალი უკვე წასული იყო. ის რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, სოფლად ცხოვრობდა და აბრაამმა იცოდა, რომ მას მალევე ვერ ნახავდა. მიუხედავად იმისა, რომ თანხა მცირე იყო, ის წუხდა, რომ მას ის შეიძლება 21დასჭირებოდა. მას ასევე სურდა დარწმუნებულიყო, რომ ის არ იფიქრებდა, რომ მან ხურდა განზრახ დააკლო. როდესაც მაღაზია დაიკეტა, დღის ბოლოს, აბრაამმა რამდენიმე კილომეტრი გაიარა, ფულის დასაბრუნებლად. ამ სიტუაციაშიც და სხვა დროსაც, მისი გულმოდგინების გამო, მეგობრები მას ეძახდნენ „პატიოსან ეიბს.” მოგვიანებით ის იურისტი გახდა, შემდეგ კი, დაიწყო მუშაობა მთავრობაში. მის პატიოსნებას პატივს სცემდნენ და საბოლოოდ ის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა.
ღმერთის ბუნება
ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთი არ იტყუება (ტიტეს 1:2, ებრაელთა 6:18). მისი ბუნება ყოველთვის თანმიმდევრული და უცვლელია (იაკობის 1:17). ღმერთი არ ამბობს სიმართლეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მას სარგებელს აძლევს. ის არ იტყუება კარგი შედეგების მისაღებად. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ღვთის სიტყვა არის აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სანდო. მისი ჭეშმარიტება გვაძლევს უსაფრთხოებას (ფსალმუნის 39:11, 90:4).
► როგორ შეიძლება დაზარალდეს თქვენი ურთიერთობები ღმერთთან, თუ არ ენდობით მას იმაში, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებას ამბობს?
დაფიქრდით იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჭეშმარიტება, ღმერთთან ჩვენი ურთიერთობისთვის. ღმერთი მოგვიწოდებს, რომ მთლიანად მივუძღვნათ მას ჩვენი თავი. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით, თუ მას მთლიანად არ ვენდობით.
სიმართლის ღვთიური სტანდარტი
ღმერთს სურს, რომ ყოველთვის სიმართლე ვთქვათ. მატყუარა ადამიანი უმართლოა ღმერთის თვალში (იგავების 12:17).
ზოგჯერ ადამიანები ტყუილს იყენებენ სასამართლოში საქმეების მოსაგებად. ფულის მქონე ადამიანებს შეუძლიათ გადაუხადონ მოსამართლეს, რომ მან გამოიყენოს ტყუილი, რათა სხვებს ქონება წაართვან (იაკობის 2:6). მდიდარი ადამიანები გაურბიან სამართალს და მსჯავრს უდანაშაულო ადამიანებს დებენ, ქრთამის გადახდით, სიცრუის დასამტკიცებლად (იაკობის 5:1, 6).
ცოდვაა ცრუ მოწმეობა, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მოტივი გამართლებულია. ბიბლია გმობს ცრუ მოწმეებს და არ უშვებს გამონაკლისებს (გამოსვლის 20:16, იგავების 6:16-19, იგავების 14:25, იგავების 19:5, 9). ბევრი ფიქრობს, რომ შეუძლია მოიტყუოს, თუ ტყუილი სასარგებლოა და არა მავნე, მაგრამ ბიბლია არ იძლევა ასეთ შესაძლებლობას. ჩვენ არასოდეს გვეუბნება წმინდა წერილი, რომ არის დრო, როდესაც უნდა მოვიტყუოთ.
ქრისტიანებმა უნდა თქვან სიმართლე გამონაკლისის გარეშე. სიმართლე აუცილებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის.
ეფესელთა 4:15 გვეუბნება, რომ სიმართლის თქმა აუცილებელია სულიერი სიმწიფის მისაღწევად.
კოლასელთა 3:9-ში ნათქვამია, რომ ტყუილი არის ცოდვილი ცხოვრების ნაწილი, რომელიც მოვიშორეთ.
ღმერთი გაასამართლებს და დასჯის მატყუარებს. მატყუარები შედიან ღვთის რჯულით გასამართლებულ, საშინელი ცოდვილთა სიაში (1 ტიმოთეს 1:10, გამოცხადების 22:15). ყველა მატყუარა ჩაგდებულ იქნება ცეცხლის ტბაში (გამოცხადების 21:8). მატყუარები ვერ შევლენ ღვთის ქალაქში (გამოცხადების 21:27).
სიმართლის გამოყენება ბიზნესსა და ურთიერთობებში
► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს იგავების 11:1.
ეს მუხლი საუბრობს სასწორზე, რომელიც გამოიყენება წონით რაიმეს გასაყიდად, როგორიცაა მაგალითად ხილი, ბოსტნეული ან ხორცი. ზოგჯერ ადამიანებს აქვთ გადაკეთებული სასწორი, რომელიც არასწორ წონას აჩვენებს, რათა მათ შეეძლოთ წონაში მოტყუება და ზედმეტი ფულის აღება. ეს მუხლი ამბობს, რომ ღმერთს სძულს არაკეთილსინდისიერება.
არასწორია რაიმეს გაყიდვა, მისი მდგომარეობის შესახებ მოტყუებით ან ხარვეზების დამალვით. არასწორია, როდესაც ვინმეს ეუბნები ტყუილს იმის შესახებ, თუ რამდენი გადაიხადე, რათა უფრო ძვირად გაყიდო.
არასწორია, როდესაც პიროვნება ხელს აწერს იმას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რათა თავიდან აიცილოს ფულის გადახდა. არასწორია, როდესაც ადამიანი ეხმარება დამსაქმებელს ხალხი მოტყუებაში, მოგების მისაღებად.
► რა სახის არაკეთილსინდისიერება გაქვთ დაფიქსირებული?
ბიბლია ამბობს, რომ ბოროტი კაცი ისესხებს და არ დააბრუნებს (ფსალმუნის 36:21, იგავების 3:28). ზოგიერთი ადამიანი სესხულობს და შემდეგ ვერ გრძნობს ვალდებულებას გადაიხადოს თავისი დავალიანება. ბიბლია ამბობს, რომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა არ გავუშვათ ხელიდან შესაძლებლობა, მივცეთ სხვებს ის, რაც გვმართებს (რომაელთა 13:7-8).
პატიოსნება ნიშნავს, რომ შეასრულოთ თქვენი დაპირებები და ვალდებულებები. მე-14 ფსალმუნში აღწერილია პიროვნება, რომელსაც ღმერთთან კარგი ურთიერთობა აქვს. ერთი მახასიათებელია ის, რომ ის დებს დაპირებას და ასრულებს მას, თუნდაც საზიანო იყოს მისთვის (ფსალმუნის 14:4).
არაკეთილსინდისიერებაა, როდესაც ადამიანი ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა იმ ადამიანზე, რომელმაც ის დაასაქმა (ეფესელთა 6:5-6).
არასწორია, როდესაც მუშაკი პარავს თავის დამსაქმებელს (ტიტეს 2:9-10).
არასწორია ყალბი ქვითრების მიცემა იმის დასტურად, რომ რაღაც უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. არასწორია, თანამშრომელმა ან აგენტმა მოიტყუოს რაიმეს ფასის შესახებ, რომ შეძლოს გარკვეული თანხის თავისთვის დატოვება.
არასწორია დამსაქმებლის მიერ მუშებისთვის დაპირებული ხელფასის დაკავება (იაკობის 5:4).
არასწორია იმის მითვისება, რაც ვიღაცამ შემთხვევით დაკარგა. თუ შეგიძლია, უნდა დაუბრუნო მფლობელს (მეორე რჯულის 22:1).
თუ თქვენ მართავთ სხვის რესურსებს (როგორიცაა დამსაქმებელი ან მსახურება), არასწორია ფულის ან ნივთების საკუთარი თავისთვის გამოყენება, თუ ნებართვა არ მიგიღიათ.
პატიოსნებისადმი კულტურული გამოწვევების ილუსტრაცია
ზოგიერთ თემში ადამიანები ცხოვრობენ ბელადის მეთვალყურეობის ქვეშ. ხალხი ლოიალურია ბელადისადმი და აქვთ მოლოდინი, რომ ის დაეხმარება მათ ყველა საჭიროებაში. ამ თემებში ადამიანების უმეტესობას არ აქვს ბევრი პირადი ქონება. ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსები, როგორიცაა მიწა, ეკუთვნის თემს. ლიდერებმა უნდა მართონ რესურსები ყველას საკეთილდღეოდ. როდესაც ადამიანს აქვს საჭიროება, ის გრძნობს, რომ აქვს უფლება მიიღოს ის, რაც მას სჭირდება, თემის რესურსებიდან.
ჯერალდი ჯუნგლების სოფელში დაიბადა. მის ოჯახს და მათ გარშემო მყოფ ოჯახებს მოყავდათ საკვები სოფლის კუთვნილ მიწაზე. მათ ნახეს რესურსები ჯუნგლებში. არცერთ მათგანს არ ჰქონდა პირადი მიწა, თუნდაც იქ, სადაც მათი სახლები იდგა. პრობლემების დროს ოჯახები ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ბელადი სოფლისთვის მამასავით იყო. ხალხი მოელოდა მისგან, რომ ის იზრუნებდა მათ საჭიროებებზე.
როდესაც ჯერალდი წამოიზარდა, მან მუშაობა დაიწყო კომპანიაში, რომელიც ჭრიდა ხის მორებს მასალად. ის წავიდა სოფლიდან, რომ სამუშაო ტერიტორიასთან ახლოს ეცხოვრა. მას ყოველთვიურად უხდიდნენ ხელფასს. ზოგჯერ მას არ ჰქონდა საკმარისი საკვები, რადგან არ იყო მიჩვეული ხელფასის ხარჯვის დაგეგმვას. მას ჰქონდა მოლოდინი, რომ უფროსი უზრუნველყოფდა მას საკვებით და გაუკვირდა, როდესაც მან თქვა, რომ ჯერალდის პასუხისმგებლობა იყო ყველაფრის ყიდვა თავისი ხელფასით. როდესაც ჯერალდის დას ექიმი დასჭირდა, ჯერალდმა უფროსს სთხოვა მისთვის საჭირო ფული. ჯერალდი გაბრაზდა, როდესაც უფროსი არ დაეხმარა. ჯერალდი ფიქრობდა, რომ უფროსი მას პრობლემების მოგვარებაში უნდა დახმარებოდა, მაგრამ მან უთხრა, რომ ხელფასის გადახდა იყო მისი ერთადერთი პასუხისმგებლობა ჯერალდის მიმართ. როდესაც ჯერალდმა სამსახური დატოვა, მან მოიპარა რამდენიმე ინსტრუმენტი სოფელში წასაღებად, რადგან ჰქონდა განცდა, რომ უფროსი საკმარისად არ დაეხმარა მას.
მოგვიანებით ჯერალდი ცოლ-შვილთან ერთად ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად და მუშაობა დაიწყო დიდ სასურსათო მაღაზიაში. ჯერალდმა სთხოვა თავის უფროსს გადაეხადა მისი შვილის სკოლის გადასახადი, მაგრამ მან უარი უთხრა. ზოგჯერ ჯერალდს არ ჰქონდა საკმარისი ფული იმისათვის, რომ ეყიდა ყველაფერი, რაც მის ოჯახს სჭირდებოდა. იმის გამო, რომ ის მუშაობდა მაღაზიაში, რომელიც ყიდდა საკვებ პროდუქტებს, ფიქრობდა, რომ მას უფლება უნდა ჰქონოდა მაღაზიიდან წაეღო საჭმელი ოჯახისთვის. იცოდა, რომ უფროსი არ დათანხმდებოდა, ამიტომ ფარულად იღებდა საჭმელს.
ზოგიერთ მუშაკს არ ესმის დამსაქმებლის ვალდებულების საზღვრები. ისინი ფიქრობენ, რომ დამსაქმებელია პასუხისმგებელი მათი ყველა საჭიროების დაკმაყოფილებაზე. შრომის ანაზღაურების გარდა, მას სხვადასხვა დახმარებას სთხოვენ. თუ ის არ აძლევს მათ იმას, რაც მათ სჭირდებათ, ისინი თავს იმართლებენ, რომ იძულებულები არიან მოიპარონ, რადგან თვლიან, რომ ის ვალდებულია მისცეს მათ ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ.
► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს ტიტეს 2:9-14.
ეს მუხლები გვეუბნება, რომ მუშაკმა არ უნდა მოპაროს თავის დამსაქმებელს. მე-10 მუხლი ამბობს, რომ პატიოსნება ამკობს ქრისტეს მოძღვრებას. შემდგომი მუხლები აღწერს იმ ცხოვრებას, რომლითაც ადამიანი ცხოვრობს, თუ ის გარდაიქმნება მადლით.
საიმედოობა
პატიოსნება არ გამოიხატება მხოლოდ ფულსა და ქონებაში.
კარლოსი პარტნიორს დაჰპირდა, რომ დილის 8:00 საათზე შეხვდებოდა. თუმცა გვიანობამდე ეძინა, საუზმესაც დრო დაუთმო და საათზე მეტით დააგვიანდა. მან თავის პარტნიორს უთხრა, რომ მძღოლი მივიდა გვიან მის წამოსაყვანად. პარტნიორს არ გაკვირვებია. კარლოსის ყველა მეგობარმა იცის, რომ ის არასოდეს ასრულებს თავის ვალდებულებებს.
კარლოსი ორმხრივ იყო არაკეთილსინდისიერი:
1. მან პირობა არ შეასრულა.
2. მან მოიტყუა მიზეზი, რის გამოც დააგვიანა.
შეუძლია ხალხს გენდონ, როცა ამბობ, რომ სამუშაოს შეასრულებ ან იქნები ადგილზე? გჯერა საკუთარი თავის, როცა ამას ამბობ? როდესაც პირდებით რამეს, თქვენ პირდებით ასევე, რომ მის შესასრულებლად საჭირო ძალისხმევას გაიღებთ. არასწორია დაპირდე რაიმე, შემდეგ კი არ გაიღო ძალისხმევა პირობის შეასასრულებლად.
თუ დაპირებას ვერ შეასრულებთ, ბოდიში უნდა მოიხადოთ. არ უნდა მოიტყუო და მოიფიქრო მიზეზი, რის გამოც ვერ შეძელი პირობის დაცვა.
არასწორია, თქვენს ორგანიზაციაში, თქვენს შეცდომებში სხვების დადანაშაულება. თქვენი გუნდი არ გენდობა, თუ ეცოდინება, რომ შეცდომების თაობაზე იტყუებით.
სანდო ლიდერი არ აიძულებს ხალხს მის აზრს მიჰყვეს იმაში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. სტივენ კოვიმ დაწერა, რომ „ლიდერობა იღებს შედეგებს ისე, რომ შთააგონებს ნდობას.”[1]
[1]Stephen M. R. Covey. The Speed of Trust: The One Thing That Changes Everything. (New York: Free Press, 2006).
ურთიერთობის ფაქტორი
ბევრს მიაჩნია, რომ არასწორია მეგობრების ან ნათესავების მოტყუება, მაგრამ ნორმალურია სხვა კატეგორიის ადამიანების მოტყუება. ზოგიერთი ადამიანი პარავს ფულს ან მასალებს დამსაქმებლებს, რადგან ფიქრობს, რომ იმსახურებს მეტ ანაზღაურებას. ზოგიერთი ადამიანი პარავს მდიდრებს, განსაკუთრებით მდიდარ უცხოელებს. ზოგიერთი ადამიანი დებს უსამართლო გარიგებებს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ან სოციალური კლასის ადამიანებთან.
იესომ თქვა, რომ უნდა გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი. გახსოვთ კითხვა, რომელიც რჯულის მცოდნემ დაუსვა იესოს? „ვინ არის ჩემი მოყვასი?” (ლუკას 10:29). რჯულის მცოდნეს სურდა, რომ იესოს დაეკონკრეტებინა ადამიანების ის კატეგორია, რომელიც უნდა გვიყვარდეს. იესომ მოუთხრო ამბავი „კეთილ სამარიელზე.” ამბავი სხვადასხვა ეროვნების ორ ადამიანზეა, რომლებიც პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. მათ არ ჰქონიათ მანამდე ურთიერთობა და არსებობდა კონფლიქტი მათ ეთნიკურ ჯგუფებს შორის. სამარიელი დაეხმარა გაჭირვებულ კაცს, მიუხედავად იმისა, რომ მას არანაირი ურთიერთობა არ ევალებოდა. ერთ-ერთი პუნქტი, რომელსაც იესომ ხაზი გაუსვა ამ ისტორიაში, არის ის, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს უკუგდებული ჩვენი სიყვარულისგან.
ჩვენ არ უნდა გადავწყვიტოთ ვინ იმსახურებს ჩვენი მხრიდან პატიოსნად მოპყრობას. ჩვენ კეთილსინდისიერნი მხოლოდ შერჩეულ ადამიანებთან არ უნდა ვიყოთ. მაშინაც კი, თუ მიგვაჩნია, რომ ადამიანს ჩვენი არაკეთილსინდისიერება არ დააზარალებს, ჩვენ უნდა გვინდოდეს ვასიამოვნოთ ღმერთს პატიოსნებით (საქმეების 24:16; აგრეთვე იხილეთ ლუკას 10:29).
როგორი ადამიანი გინდათ, რომ იყოთ? ღმერთს როგორი ადამიანი უნდა, რომ იყოთ?
შეიძლება ვიღაც არ იმსახურებს თქვენს თავაზიანობას, მაგრამ ღმერთს სურს, რომ თავაზიანი ადამიანი იყოთ.
შეიძლება ვიღაც არ იმსახურებს თქვენს პატიოსან დამოკიდებულებას, მაგრამ ღმერთს სურს, რომ პატიოსანი ადამიანი იყოთ.
ვიღაც შეიძლება არ იმსახურებდეს თქვენს სიყვარულს, მაგრამ ღმერთს უყვარდით მაშინ, როცა არ იმსახურებდით ამას და მას სურს, რომ იყოთ მოსიყვარულე ადამიანი.
► სტუდენტებმა ჯგუფს უნდა წაუკითხონ 1 პეტრეს 2:21-23 და 3:8-12.
არ მისცეთ უფლება სხვის ხასიათს განსაზღვროს თქვენი ხასიათი. შეიძლება ადამიანმა მოგატყუოს, მაგრამ თქვენ არ უნდა გახდეთ მატყუარა. შეიძლება ადამიანმა მოგპაროთ, მაგრამ ქურდი არ უნდა გახდეთ. შეიძლება ადამიანი თქვენს მიმართ უხეში იყოს, მაგრამ თქვენ მას პატივისცემით უნდა მოეპყროთ.
ცხოვრებისეული მაგალითები
ამ განყოფილების ილუსტრაციები ყველა რეალური შემთხვევაა, მაგრამ სახელები და დეტალები შეცვლილია. ეს არის მაგალითები ქურდობის ან ტყუილის ან ორივესი ერთად.
დარწმუნდით, რომ სტუდენტები მიხვდნენ რა მოხდა, თითოეულ მაგალითში. სთხოვეთ სტუდენტებს ახსნან, რატომ არის არასწორი მაგალითში მოყვანილი ქმედება.
1. ჯორჯი ქარხანაში მუშაობდა. მას ხშირად მიჰქონდა სახლში დასუფთავების საშუალებები, ხელსაწყოები და სხვა წვრილმანები, რადგან იცოდა, რომ ქარხანას შეეძლო მათი ჩანაცვლება.
2. პედრო იყო სატვირთო მანქანის მძღოლი დიდ კომპანიაში. ხანდახან, როცა კომპანიის სატვირთო მანქანას მართავდა, გზის პირას ხედავდა აბრას, სადაც ეწერა: „შევისყიდით დიზელს.” ის ხანდახან ჩერდებოდა და აყიდდა მათ მცირე რაოდენობით დიზელის საწვავს სატვირთოდან, რადგან იცოდა, რომ კომპანია ვერ გაიგებდა, რომ ავზიდან მცირე ოდენობა იყო ამოღებული.
3. თამარას ანდეს კომპიუტერული ტექნიკის შეძენა იმ ოფისისთვის, რომელშიც ის მუშაობდა. მან მოისყიდა მაღაზიის გამყიდველი, რომ დაეწერა ქვითრები, რომლებშიც მითითებული იქნებოდა უფრო მაღალი ფასები, რათა ფულის ნაწილი მიეთვისებინა.
4. დიდი ქალაქის პარკში არის მამაკაცი, რომელიც ყიდის გადამწვარ ნათურებს. ადამიანებმა, ვინც მათ ყიდულობს, იციან, რომ ისინი არ მუშაობენ. ისინი ყიდულობენ მათ ოფისებში წასაღებად, სადაც მოიპარავენ კარგ ნათურებს და ჩაანაცვლებენ გადამწვარებით.
5. ალექსი სკოლის დირექტორი იყო. ერთ დღეს მასთან მოსწავლის მამა მივიდა და შვილისთვის ალგებრაში კარგი შეფასება მოსთხოვა. მან ალექსს ფული მისცა. ალექსმა ალგებრის მასწავლებელს უბრძანა, მოსწავლესთვის კარგი შეფასება მიეცა.
6. ანჯელო უნივერსიტეტის პროფესორი იყო. მას მცირე ხელფასი ჰქონდა. მან თავის კლასს განუცხადა, რომ გამოცდა ძალიან რთული იქნებოდა და ვერცერთი სტუდენტი ვერ ჩააბარებდა გამოცდას, თუ მისგან პასუხების ფურცელს არ იყიდიდა.
7. ალექსი იყო საჯარო სკოლის დირექტორი. ერთ დღეს ვანიამ, მეგობარმა, რომელიც მუშაობდა მისიონერულ ორგანიზაციაში, ჰკითხა, შეეძლო თუ არა მისიას სკოლის შენობაში რამდენიმე ოთახის დაქირავება. ალექსმა დაასახელა ფასი და ვანია ალექსს ყოველთვიურად აძლევდა ფულს. ალექსი იღებდა ფულს და არასდროს გაუცხადებია შემოსავლის შესახებ.
8. ვანია მუშაობდა მისიაზე, რომელიც საჭიროებდა საკლასო ოთახებისთვის ფართის დაქირავებას. ვანია მივიდა მეგობარ ალექსთან, სკოლის დირექტორთან. ისინი შეთანხმდნენ ქირავნობის ფასზე, შემდეგ ვანიამ მისიას მეტი თანხა უთხრა. ყოველთვიურად ვანია ფულს ალექსს აწვდიდა, მაგრამ ზედმეტ თანხას თვითონ ითვისებდა.
9. სერგეი მუშაობდა სამინისტროში, რომელსაც ახალი შენობა სჭირდებოდა. სამინისტრომ სერგეის უთხრა, რომ მათთვის სამშენებლო კომპანია მოეძებნა. სერგეი რამდენიმე სამშენებლო კომპანიას ესაუბრა. იმის ნაცვლად, რომ შეერჩია კომპანია, რომელიც შესთავაზებდა საუკეთესო ფასს, მან აირჩია კომპანია, რომელიც დაჰპირდა, რომ მისცემდა მას სამინისტროსგან მიღებული თანხის ნაწილს.
10. ალბერტოს სჭირდებოდა მანქანის ლიცენზიის აღება, მაგრამ მან იცოდა, რომ ის შემოწმებას ვერ გაივლიდა, რადგან ზოგიერთი მაშუქი არ მუშაობდა. მან თავისი მანქანა ლიცენზირების განყოფილებაში წაიყვანა და დაინახა ხალხის გრძელი რიგი, რომლებიც ელოდნენ თავიანთი მანქანების შემოწმებას და ლიცენზირებას. ჭიშკართან მყოფმა მამაკაცმა უთხრა, რომ გარკვეულ ფასად შეეძლო მისთვის ლიცენზიის სწრაფად მიცემა, შემოწმების გარეშე. ალბერტომ გადაიხადა ფასი და მალევე სახლში წავიდა ლიცენზიით.
11. საიმონი თავისი მანქანის ავტოსადგომიდან წასაყვანად მივიდა. ავტოსადგომზე მომსახურემ უთხრა მას პარკირების ფასი. საიმონმა მომსახურეს ნაკლები გადაუხადა, მაგრამ უფლება მისცა დაეტოვებინა პარკინგის ბილეთი, რომ მიეცა სხვა მომხმარებლისთვის, ამით მომსახურეს შეეძლებოდა საიმონის გადახდილი ფულის თავისთვის დატოვება.
12. ანა სათანადოდ არ მოემზადა ტესტისთვის. როცა კლასში მივიდა, მეგობრის გვერდით დაჯდა, რომელიც კარგი მოსწავლე იყო, რათა მისგან ტესტის პასუხები გადაეწერა.
13. იგორი დიდ სამთავრობო მეურნეობაში, გუთანშებმული ტრაქტორით მინდრორს ხნავდა. მას უნდოდა ადრე დაესრულებინა. მან გუთანი ოდნავ მაღლა ასწია, რომ ღრმად არ ამოეთხარა, ამით ტრაქტორს საშუალება ჰქონდა უფრო სწრაფად ემოძრავა. მინდორი მომზადებულად გამოიყურებოდა, მაგრამ კარგი მოსავალი არ მოვიდა, რადგან სათანადოდ არ იყო მოხნული.
14. პასტორი პიერი, მისიის მიერ გაგზავნილი იყო ეკლესიის პასტორად. მისია მას ყოველთვიურად ხელფასს უგზავნიდა. იმის გამო, რომ პასტორ პიერს სურდა, რომ ეკლესიასაც გადაეხადა მისთვის, მან უთხრა თავისი ეკლესიის მრევლს, რომ მისია არ ეხმარებოდა მას.
15. ელას სახლში ქურდი შევიდა და ფული მოიპარა. როდესაც მან ამის შესახებ მეგობრებს უამბო, მან ასევე დაამატა, რომ ქურდმა სხვა ნივთებიც წაიღო, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს არ გაუკეთებია. მისმა მეგობრებმა თანაუგრძნეს და ფული მისცეს მას, რათა ჩაენაცვლებინა ის, რაც მათ ეგონათ, რომ მოპარული იყო.
16. გულოვო იყო პატარა სოფლის ბელადი. ის, ასევე წინამძღვარი იყო სოფლის ეკლესიაში. მისი ხალხი პრიმიტიული, გაუნათლებელი და ღარიბი იყო, მაგრამ სოფელს საკუთრებაში ბევრი მიწა ჰქონდა. ქალაქელი ბიზნესმენები ფერმერული პროექტებისთვის მიწის ყიდვას ითხოვდნენ. გულოვომ მთელი სოფლის მიწა გაყიდა და ამ ფულით ქალაქში სახლი აიშენა.
17. ყოველწლიურად ფეირფილდის თემის ეკლესია ირჩევს დედას, რომელიც დასახელდება, როგორც „წლის დედა.” მათ შეარჩიეს ვილმა არა იმიტომ, რომ ის დედის კარგი მაგალითი იყო, არამედ იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ ეკლესიას შემოწირულობას გაუწევდა. მას შემდეგ, რაც მათ აირჩიეს ის, ვილმამ ფული შესწირა ეკლესიას, მათი საკუთრებისთვის ახალი ჭიშკრის შესაძენად. შემდეგ წელს ეკლესიამ გადაწყვიტა, კვლავ აერჩია ვილმა "წლის დედად", მიუხედავად იმისა, რომ ის სხვა ქალაქში გადავიდა.
18. ბარნი მსახურების მძღოლი იყო. ყოველ საღამოს მას მიჰყავდა მსახურების მანქანა უსაფრთხო ადგილზე გასაჩერებლად. ზოგჯერ მანქანის გაჩერებამდე მას იყენებდა მგზავრების გადასაყვანად, ან მათი ტვირთის გადასაზიდად.
უპატიოსნობის ეროვნული ტრაგედია
ეს ამბავი გამოგონილია, მაგრამ აღწერს იმას, რაც შეიძლება მომხდარიყო ბევრგან.
ქალაქ ბოროლში მცხოვრებმა ქრისტიანებმა გაარკვიეს, რომ მეზობელ ოლქში იყო ხალხის დიდი თემი, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობდნენ. ამ ოლქში მაცხოვრებლები იყვნენ ეთნიკური ჯგუფი, რომლებსაც იბანელებს ეძახდნენ. თაობების განმავლობაში იბანელი ხალხი ცხოვრობდა პრიმიტიულ სახლებში, სამედიცინო დახმარებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გარეშე. ბევრს არ ჰქონდა საკმარისი საკვები, ზოგი კი შიმშილს განიცდიდა.
ბოროლის ქრისტიანებმა დაიწყეს ფულის შეწირვა იბანელთა დასახმარებლად. მათ გაგზავნეს წარმომადგენლები სხვა ოლქების ეკლესიებში, რათა ეთხოვათ მათგან წვლილის შეტანა.
ბოროლის ქრისტიანებმა დაიწყეს სატვირთო მანქანებით საკვების გაგზავნა იბანელებისთვის. ისინი საკვების განაწილებაში, იბანელი ეკლესიის ლიდერებზე იყვნენ დამოკიდებული.
იბანელმა ლიდერებმა გახსნეს ბაზრები თავიანთი ხალხისთვის საკვების მისაყიდად. მისი ყიდვა მხოლოდ ფულის მქონე ადამიანებს შეეძლოთ, ამიტომ არაფერი აღწევდა მოშიმშილე ადამიანებამდე. ეკლესიის ლიდერები და მათი მეგობრები იღებდნენ მოგებას. საკვების ნაწილი იგზავნებოდა სხვა ოლქებში გასაყიდად, სადაც ხალხს შეეძლო მეტი გადაეხადა.
ბოროლის ქრისტიანები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ საკვები უფასოდ გადასცემოდათ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. იბანის ეკლესიის ლიდერებმა შეიმუშავეს ბიუჯეტი განაწილებისთვის, რომელიც მოიცავდა მძღოლებით სატვირთო მანქანების დაქირავებას და ხალხის დახმარებას. მათ ჩვეულებრივზე მაღალი ფასები დააწესეს და თანხის სხვაობას თვითონ იღებდნენ. როდესაც ბოროლის ქრისტიანებმა მოითხოვეს ანგარიშები ხარჯვის შესახებ, იბანელებმა ყალბი ანგარიშები წარუდგინეს.
ყოველთვის, როცა ბოროლის ქრისტიანები აღმოაჩენდნენ არაკეთილსინდისიერ ქმედებებს, ისინი იმედგაცრუებულნი და დათრგუნულნი რჩებოდნენ. ისინი ცდილობდნენ ეპოვათ სხვა იბანელი ლიდერები მათ დასახმარებლად, მაგრამ იგივე პრობლემებს აწყდებოდნენ. ბოროლში ბევრმა ქრისტიანმა შეწყვიტა შესაწირავის მიცემა. ზოგი აგრძელებდა გაცემას. ბოროლის მხარდაჭერის გამო, რამდენიმე იბანელ პასტორს, მალევე მანქანები და კარგი სახლები გაუჩნდა. სხვა პასტორებს შურდათ მათი და სურდათ კავშირები ბოროლის დონორებთან. შორეულ რაიონებში მოშიმშილე ადამიანების უმეტესობას დახმარება არასოდეს მიუღია.
დასკვნითი სურათი
უორენ ბაფეტი იყო კომპანია Berkshire Hathaway (ბერკშირ ჰეთევეის) აღმასრულებელი დირექტორი. მას სურდა ეყიდა კომპანია McLane Distribution (მაკლეინ დისტრიბიუშენი), რომელიც Walmart (უოლმარტს) ეკუთვნოდა. შესყიდვამ 23 მილიარდი დოლარი შეადგინა. ჩვეულებრივ, ამ შესყიდვას დასჭირდებოდა თვეების შემოწმება, რათა მყიდველმა ყველაფრის შემოწმება შეძლოს. ბაფეტი უოლმარტის ლიდერებს შეხვდა და პირველივე შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას. მას არავინ გაუგზავნია, რომ დარწმუნებულიყო იმაში, რომ ქონება და სხვა აქტივები წესრიგში იყო. მოგვიანებით მან თქვა: „ვიცოდით, რომ ყველაფერი ზუსტად ისე იქნებოდა, როგორც უოლმარტმა თქვა, რომ იქნებოდა და ასეც იყო.” ეს უზარმაზარი გარიგება სწრაფად შესრულდა, რადგან ლიდერები ენდობოდნენ ერთმანეთს.[1]
ახლა დაფიქრდით წინა მაგალითებში აღწერილ ადამიანებზე. ვერცერთი მათგანი ვერ შეძლებდა მსგავსი შეთანხმების მიღწევას, რადგან არ იმსახურებენ ნდობას. ყველაფერი უნდა შემოწმდეს, რაც დიდ დროს და ხარჯს მოითხოვს.
[1]Stephen M. R. Covey. The Speed of Trust: The One Thing That Changes Everything. (New York: Free Press, 2006), 15
ჯგუფში გაზიარებისთვის
► რომელი არაკეთილსინდისიერი ქმედებების თავიდან აცილებაა რთული თქვენს კულტურაში?
► რა მოქმედებების შეცვლა გესაჭიროებათ?
ლოცვა
ზეციერო მამა,
გადიდებთ შენ, რადგან სიმართლისა და ჭეშმარიტების ღმერთი ხარ. გმადლობთ შენ, რადგან ყოველთვის მართალი ხარ ჩვენთან ურთიერთობაში.
დაგვეხმარე, დავიცვათ პატიოსნების სტანდარტი, რომელსაც ჩვენგან ითხოვ. დაგვეხმარე, გამოვიყენოთ პატიოსნების პრინციპები ყველაფერში, რასაც ვამბობთ და ვაკეთებთ.
გმადლობთ, რომ ხარ მამა, რომელიც უზრუნველგვყოფ და მეგზურობას გვიწევ. გვინდა მოგენდოთ, რომ იზრუნო ჩვენზე.
ამინ
გაკვეთილი 10 დავალებები
(1) დაწერეთ აბზაცი, თითოეული მომდევნო საკითხის შესახებ:
განმარტეთ კავშირი ღვთის ბუნებასა (ჭეშმარიტებას) და ჩვენთვის ღმერთის მიერ დადგენილ სტანდარტს (პატიოსნებას) შორის. ახსენით, რატომ მოითხოვს ღმერთი ჩვენგან, რომ ვიყოთ პატიოსნები, ჩვენს ნათქვამში და ყველა ჩვენს საქმეში.
შეაჯამეთ რას ამბობს ბიბლია პატიოსნებაზე. გამოიყენეთ თქვენს შეჯამებაში მინიმუმ სამი ადგილი წმინდა წერილიდან.
განმარტეთ მინიმუმ ოთხი გზა, როგორ მოქმედებს უსინდისობა, ან პატიოსნება ჩვენს ურთიერთობებზე სხვებთან.
(2) მოამზადეთ ბიბლიური პრეზენტაცია პატიოსნების შესახებ, რომელიც შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი კულტურის ადამიანთა ჯგუფს. მოიყვანეთ ღვთის სტანდარტის ბიბლიური საფუძველი და შემდეგ გამოიყენეთ ის კონკრეტულ სიტუაციებში.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.