(1) გაიგოს რას გულისხმობს ბიბლია, როდესაც საუბარია „ქვეყნიერებაზე.”
(2) გააცნობიეროს ის სფეროები, სადაც ქვეყნიერების ღირებულებებმა გავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე.
(3) აღწეროს, როგორ და რატომ უნდა განსხვავდებოდეს ქრისტიანის აზროვნება ცოდვილისგან.
(4) ახსნას რას ნიშნავს ქრისტიანისთვის კეთილსინდისიერი ცხოვრება.
(5) აჩვენოს, რომ ქრისტიანული ჭეშმარიტება უნდა იქნას გამოყენებული ცხოვრებისეულ ყველა დეტალში.
იოანე ოქროპირი, სიწმინდის მქადაგებელი
იოანე ოქროპირი (370 წ.წ.), იყო ღვთისმოსავი პასტორი, რომელიც ცნობილი გახდა როგორც “ოქროს პირი" მისი ძლიერი და ორატორული ქადაგების გამო. ის ძალიან უყვარდა უბრალო ხალხს და გახდა აღმოსავლეთ რომის იმპერიის ყველაზე ცნობილი მქადაგებელი. ის 398 წელს "გაიტაცეს" და წაიყვანეს დედაქალაქ კონსტანტინოპოლში (ახლანდელი სტამბოლი, თურქეთი), რათა ემსახურა როგორც პასტორს და პატრიარქს, 100 000 წევრიან ეროვნულ ეკლესიაში.
იოანე ცნობილი იყო თავისი უკომპრომისო ხასიათით. ის იყენებდა თავის თანამდებობას მთელი ქალაქის და არა მხოლოდ მდიდრების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ის კვებავდა ღარიბებს, აშენებდა საავადმყოფოებს და მხარს უჭერდა ქვრივებს. ის დაუპირისპირდა მცირე აზიის ეპისკოპოსებს კორუფციისა და ფინანსების არასწორი მართვის გამო და ქადაგებდა მათი გულგრილობისა და უზნეობის წინააღმდეგ. ის აფრთხილებდა კონსტანტინოპოლის მაღალ ფენებს, რომ თეატრში სიარული მათ გაანადგურებდა. მან თეატრის მონახულება შეადარა სასიკვდილო ვირუსის ზემოქმედებას. იოანემ თქვა,
თუ თეატრში ხედავთ უსირცხვილო ქალს, რომელიც სცენაზე გამოდის თავშიშველი და გაბედული დამოკიდებულებით, ჩაცმული ოქროთი მორთული სამოსით, გამოირჩევა მისი რბილი მგრძნობიარეობით, მღერის უზნეო სიმღერებს, ცეკვავს კიდურების მიმოქნევით და ამბობს უსირცხვილო გამონათქვამებს… გაბედავთ იმის თქმას, რომ მაშინ ადამიანური არაფერი ხდება თქვენს თავს? … კიდევ დიდი ხანი, მას შემდეგ როდესაც თეატრი დაიხურა და როდესაც ყველა წავიდა, ეს სურათები თქვენს თვალწინ კვლავ ტრიალებს თქვენს გონებაში, მათი სიტყვები, მათი ქცევა, მათი გარეგნობა, მათი სიარული, მათი მდგომარეობა... მათი უწმინდური კიდურები - და შენ ათასი ჭრილობით მიდიხარ სახლში! მაგრამ არ ხარ მარტო - მეძავი მოდის შენთან ერთად - თუმცა არა ღიად და ხილულად … არამედ შენს გულში და შენს სინდისში და იქ შენს შიგნით ის აანთებს ბაბილონის ღუმელს … რომელშიც დაიწვება თქვენი სახლის სიმშვიდე, თქვენი გულის სიწმინდე, თქვენი ქორწინების ბედნიერება!
მდიდარ მოქალაქეებს იოანემ გაფრთხილება მისცა,
უგუნურება და სოციალური სიგიჟეა გაავსოთ კარადები ტანსაცმლით და დაუშვათ ღვთის ხატად და მსგავსებად შექმნილი ადამიანები, შიშვლები იდგნენ და სიცივისგან კანკალებდნენ, ისე რომ ძნელად ახერხებდნენ გამართულად დგომას… თქვენ ხართ უზარმაზარნი და მსუქანნი, ატარებთ წვეულებებს გვიან ღამემდე და იძინებთ თბილ, რბილ საწოლში. და არ გიფიქრიათ იმაზე, თუ როგორ უნდა ჩააბაროთ ანგარიში ღვთის საჩუქრების ბოროტად გამოყენების გამო …. ჩვენი ფული ეკუთვნის უფალს, არ აქვს მნიშვნელობა როგორ მოვიპოვებთ მას. ამიტომაც უფალმა მოგცათ საშუალება გქონდეთ მეტი; არა იმისთვის, რომ გაფლანგოთ ... არამედ გაუნაწილოთ გაჭირვებულებს.
იოანე ოქროპირი საბოლოოდ გააძევეს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებზე, მაგრამ გარდაიცვალა მოგზაურობაში (ახ. წ. 407 წ.). მისი ბოლო სიტყვები იყო: „დიდება ღმერთს ყველაფერში. ამინ.”
ქვეყნიერების ბიბლიური გაგება
იოანეს მე -17 თავი არის იესოს ლოცვა, თავისი მოწაფეებისთვის, ჯვარცმამდე ცოტა ხნით ადრე. ის გადმოგვცემს იესოს დიდ სიყვარულს და ზრუნვას თავისი მოწაფეების მიმართ. მან თქვა, რომ ის ასევე ლოცულობს მათთვის, ვინც ირწმუნებს მოციქულთა მოწმობას (მე-20 მუხლი), ამაში ჩვენი დროის მორწმუნეებიც იგულისხმებიან.
► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს იოანეს 17:14-18.
რას გულისხმობდა იესო, როდესაც თქვა, რომ ის არ იყო ქვეყნიერების? ჩვენ ვიცით, რომ ის არ წარმოიშვა ამ სამყაროში; ის არის ძე ღვთისა, რომელიც მოვიდა ზეციდან დედამიწაზე. თუმცა, როდესაც მან განაცხადა, რომ ის არ იყო ქვეყნიერების, ის არ გულისხმობდა იმ ფაქტს, რომ ის რაღაც, სხვა სამყაროდან მოვიდა. მან თქვა, რომ მოწაფეებიც არ არიან ქვეყნიერებისანი, ისევე როგორც ის არ არის. იესო საუბრობდა კაცებზე, რომლებიც დაიბადნენ დედამიწაზე, დაიბადნენ ადამიანი მშობლებისგან და გაიზარდნენ როგორც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები.
მაშ რას გულისხმობდა იესო, როდესაც თქვა, რომ მისი მოწაფეები არ იყვნენ ქვეყნიერებისანი? ჩვენ უნდა გავიგოთ, რაზე საუბრობს ბიბლია, როდესაც ის ეხება ქვეყნიერებას.
► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს ეფესელთა 2:1-3.
ეს მუხლები გვაჩვენებს, რომ იცხოვრო ისე, როგორც ქვეყნიერება ცხოვრობს, იგივეა, რაც მიჰყვე სატანის მითითებებს. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ქვეყნიერების ხალხი მიჰყვება თავის ცოდვილ სურვილებს და ისინი დაიტეხენ ღვთის რისხვას. მორწმუნეებმა მიიღეს ახალი სიცოცხლე და აღარ ცხოვრობენ ისე, როგორც ქვეყნიერება.
► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს 1 იოანეს 2:15-17.
ქვეყნიერება 1 იოანეში მოხსენიებულია, როგორც ბოროტი რამ. ის არ უნდა შევიყვაროთ და არც არაფერი, რაც მასშია. არასწორი სურვილები და მოტივები დამახასიათებელია ქვეყნიერებისთვის. ცოდვილ სურვილებს უწოდებენ ქვეყნიერების სურვილებს.
სატანას უწოდებენ ამ ქვეყნიერების მმართველს (იოანე 16:11). ეს არ ნიშნავს რომ ქვეყნიერება მას სამართლიანად ეკუთვნის; ის არის ღვთის წინააღმდეგ აჯანყების ლიდერი და ქვეყნიერების ხალხი მისდევს მას. ის უკვე მსჯავრდადებულია და ის ადამიანებიც, ვინც ჯიუტად მისდევენ მას, ასევე დაისჯებიან.
ქვეყნიერების მეგობრობა ნიშნავს ღვთის მტრობას (იაკობის 4: 4).
ქვეყნიერება შედგება მილიონობით დაცემული ადამიანისგან, რომლებიც არიან განდგომილნი ღმერთისგან და გაერთიანებულნი იმით, რაც მათ საერთო აქვთ. პირველ რიგში, მათ აქვთ არასწორი გრძნობები და სურვილები. მათ უყვართ ის, რაც ქვეყნიერებაზეა მეტად, ვიდრე სამყაროს შემოქმედი. 1 იოანეს 2:15, 16-ში ნათქვამია: „ნუ შეიყვარებთ ქვეყნიერებას… ვინაიდან ყოველივე, რაც ქვეყნიერებაზეა - ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და ამაო დიდება ცხოვრებისა - მამისაგან კი არა, ქვეყნიერებისაგან არის.”
მეორე, მათი არასწორი დამოკიდებულება იწვევს არასწორ ქცევას; ცხოვრების წესს, რომელიც ორიენტირებულია საკუთარი თავის დაკმაყოფილებაზე, ხშირად სამართლიანობისა და წყალობის ხარჯზე (ამოსის 5:11-15; 21-24). ისინი მიდიან თავიანთი გზით, ითხოვენ იმას, რაც უნდათ და თავად განსაზღვრავენ რა არის სწორი და რა არასწორი მათთვის. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ რელიგიის მრავალი ფორმა, ყველა ის, ვინც ქვეყნიერების ნაწილია, საკუთარ თავს (ადამიანურ ინტელექტს, ადამიანურ სიბრძნეს, ადამიანურ მადას, ადამიანურ სიკეთეს, ადამიანურ ძალას) აქცევს თაყვანისცემის ცენტრად (რომაელთა 1:25). მათ აღიზიანებთ ღმერთის ძალაუფლება და სჯერათ ცხოვრებისეული ფილოსოფიის, რომელიც ამართლებს მათ გადაწყვეტილებებს. ისინი არ ცდილობენ შეიმეცნონ რა არის სწორი და იმოქმედონ შესაბამისად. ისინი აკეთებენ იმას, რაც სურთ, შემდეგ ეძებენ გზას იმის ასახსნელად, რომ ეს სწორია.
ამქვეყნიური, არაქრისტიანი ფსიქოლოგები და მრჩევლები ცდილობენ დაეხმარონ ადამიანებს დანაშაულის გრძნობის მოხსნაში, მონანიებისა და ღვთის პატიების მოძებნის გარეშე. ამქვეყნიური ფილოსოფოსები ცდილობენ აღწერონ ცხოვრების მიზანი, რომელიც არ არის დაკავშირებული ღმერთთან. ამქვეყნიური მეცნიერები ცდილობენ ახსნან ყველაფრის წარმოშობა შემოქმედის უარყოფით. ამქვეყნიური პოლიტიკოსები და სოციალური მუშაკები ცდილობენ იპოვონ გზები ცოდვის ბუნებრივი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, ამასთან უარყოფენ, რომ ცოდვაა რეალური პრობლემა. ამქვეყნიური მოდის დიზაინერები მუშაობენ სექსუალური და ყურადღების მიმზიდველი ტანსაცმლის წარმოებაზე. ქვეყნიერების გასართობ სფეროში მომუშავე ადამიანები ცოდვის, ზნეობისა და რელიგიის შესახებ ხუმრობენ. ამქვეყნიურ პასტორებს სწამთ ღმერთის, რომელიც ითმენს ცოდვას და ყველაზე მეტად ზრუნავს იმაზე, რომ თქვენ იყოთ მდიდარი, ბედნიერი და გქონდეთ კარგი თვითშეფასება.
კოლასელთა 2:8 გვაფრთხილებს, რომ არავინ დაგვატყვევოს ფილოსოფიით და ცარიელი ცდუნებით, ქვეყნიერების სტიქიათა მიხედვით. თაღლითი ძარცვავს ვიღაცას, ყალბი იდეის მიყიდვით. მცდარ წარმოდგენებში ხალხის დარწმუნებით, ქვეყნიურება ართმევს ადამიანებს ღმერთთან ურთიერთობას, სულიერ სიკეთეებს და სამოთხეს.
ამქვეყნიური ფილოსოფია და მომმართველი მოტივაცია აჩვენებს იმ ადამიანების ცხოვრების წესს, რომლებიც ეკუთვნიან ქვეყნიერებას. ქვეყნიური მეტყველება, დამოკიდებულება, ჩაცმულობა, გართობა და ქცევა, მათი ცოდვით სავსე გულების გამოხატულებაა.
ქრისტიანები არ უნდა მიყვებოდნენ თავიანთი საზოგადოების ზნეობას. ქრისტიანები უნდა განსხვავდებოდნენ თავიანთი საზოგადოებისგან.
კულტურები ჩამოყალიბებულია ამ ობიექტის მიერ, რომელსაც ბიბლია უწოდებს ქვეყნიურებას. ხალხის თაობები, ადგილებზე ქმნიდნენ კულტურას. მათ სურთ ბევრი კარგი რამ, როგორიცაა უსაფრთხოება, კეთილდღეობა და სტაბილური ოჯახები, მაგრამ ისინი იღწვიან ამ ყველაფრის მისაღწევად ამქვეყნიური ფილოსოფიით და გადაწყვეტილებით, მიაღწიონ ამას ღვთის სიტყვისადმი მორჩილების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ქრისტიანებს არ შეუძლიათ სრულად დაიცვან საკუთარი კულტურა. ზოგი კულტურა უფრო მეტად არის ბიბლიური პრინციპების გავლენის ქვეშ, ვიდრე სხვა, მაგრამ არც ერთი ერის კულტურა არ არის მთლიანად ქრისტიანული.
► იქიდან გამომდინარე, რაც აქამდე შევისწავლეთ, რას ნიშნავს ის, რომ იესოს მოწაფეები არ არიან „ ქვეყნიერებისანი”?
ქრისტიანები არ მისდევენ ცოდვილ სურვილებს და ამბიციებს. მათ ყველაზე მეტად სურთ, რომ ღმერთს აამონ. მათი სიყვარული უფრო და უფრო იზრდება (ფილიპელთა 1:9-11). ღვთის რჯული მათ გულებზეა დაწერილი (იერემიას 31:33). ღმერთის მცნებები არ არის მძიმე ქრისტიანებისთვის, არამედ სასიამოვნოა (1 იოანეს 5:1-3; ფსალმუნის 18:7-11). ქრისტიანებს აქვთ მარადიული პრიორიტეტები (მათეს 6:33). მათი ქცევა აჩვენებს, რომ მათ სურთ გაუძლონ ცდუნებას და იცხოვრონ ცოდვაზე გამარჯვებულებმა.
ამქვეყნიური ხალხი ფიქრობს, რომ ქრისტიანები უცნაურები არიან, რადგან მათ არ აინტერესებთ ისეთი რაღაცეები, რაც მათ (1 პეტრეს 4: 4). იესომ თქვა, რომ სამყაროს სძულს სულიერად განსხვავებული ადამიანები (იოანეს 17:14). ქვეყნიერება ეწინააღმდეგება მათ, ვინც მას არ ეკუთვნის. მათ არ ესმით, ეზიზღებათ სიმართლე და მსჯავრდადებულნი არიან თავიანთი ცოდვის გამო. ამიტომაც თქვა იესომ: „ქვეყნიერებაზე გასაჭირი გექნებათ” (იოანეს 16:33). პავლე მოციქულმა თქვა: “ასევე იქნება დევნილი ყველა, ვისაც სურს ღვთისმოსავად იცხოვროს ქრისტე იესოში" (2 ტიმოთეს 3:12).
► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს 2 კორინთელთა 6:14-18.
ბიბლია მოუწოდებს მორწმუნეებს, გამოირჩეოდნენ ქვეყნიერებისგან. ეს გამორჩეულობა იწყება პიროვნების დამოკიდებულებით, როგორც ეს ასწავლა იესომ მთაზე ქადაგებისას. აქ მან აღწერა ქრისტიანის დამოკიდებულება, როგორც თავმდაბალი, ცოდვის გამო წუხილის, თვინიერების, სიმართლის, წყალობის, გულის სიწმინდის, მშვიდობისა და დევნის გაძლების მზადყოფნის დამოკიდებულება. გამორჩეული დამოკიდებულება გამოიწვევს განსხვავებულ ქცევას. მაგალითად, ქრისტიანებს არ შეუძლიათ ჩამოაყალიბონ პარტნიორული დამოკიდებულება, რომელიც მათგან არასწორი ქმედების ჩადენას მოითხოვს. ღმერთი გვპირდება, იყოს მამა მათთვის, ვინც გამოირჩევა და განსხვავდება ქვეყნიერებისგან. გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვნახეთ მუხლი, რომელიც ამბობს, რომ ქვეყნიერების მეგობარი არის ღვთის მტერი (იაკობის 4: 4).
► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს მათეს 5:13-16.
ქვეყნიერებისგან განსხვავებული და განცალკევება არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანები უნდა გამოეყონ საზოგადოებას და შექმნან საკუთარი თემები. იესომ თქვა, არ გევედრები, რომ ქვეყნიერებიდან წაიყვანო მოწაფეები (იოანეს 17:15). მან ასევე თქვა, რომ მისი მოწაფეები არიან მარილი და ნათელი ქვეყნიერებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უნდა იყვნენ საზოგადოებაში და უნდა იყვნენ ხილულად. ქრისტიანი უნდა მონაწილეობდეს ქვეყნის მართვაში და საზოგადოებრივ საქმიანობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაწილეობა მოითხოვს მისგან რაიმე არასწორი საქციელის ჩადენას.
ჯერალდ სიტცერი მოგვითხრობს, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ადრეულ ქრისტიანობაში:
არისტიდესმა, ათენელმა ფილოსოფოსმა, რომელიც ... ცხოვრობდა მეორე საუკუნეში, ჩამოთვალა რიგი ატრიბუტები, რომლებიც განასხვავებს ქრისტიანებს დანარჩენი მოსახლეობისგან. მან აღნიშნა, რომ ქრისტიანები განასახიერებენ ერთგულებას, სიმართლეს, კმაყოფილებას, მშობლების პატივისცემას, მოყვასისადმი სიყვარულს, სიწმინდეს, დევნის წინაშე მოთმინებას და სიკეთეს უცხო ადამიანების მიმართ. ისინი ზრუნავენ ქვრივებზე და ობლებზე. ისინი მონებსაც უჩვეულო სიკეთით ეპყრობიან. "ნებისმიერი მონა, კაცია თუ ქალი ... მათ არწმუნებენ, რომ გახდნენ ქრისტიანები სიყვარულის გამო, რომელსაც ავლენენ მათდამი. თუ ისინი გახდებიან ქრისტიანები, ისინი გახდებიან ძმები ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.”[1]
[1]Gerald L. Sittser. Water from a Deep Well. (Downers Grove: InterVarsity Press, 2007), 54
ნამდვილი (წრფელი) რწმენა
იაკობის წერილი ხაზს უსვამს იმას, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანული რწმენა ვლინდება ცხოვრებაში. იაკობმა თქვა, რომ ადამიანი, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და არ ასრულებს მას, თავს იტყუებს (1:22). ზოგი ფიქრობს, რომ სხვებზე უკეთესია, რადგან მათ უფრო მეტი ქრისტიანული ჭეშმარიტება იციან - თუმცაღა არ ემორჩილებიან მას - მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
იაკობმა თქვა, რომ ზოგი ადამიანი რელიგიურია, მაგრამ მათი რელიგია არაფრის მომცემია. ღმერთს ესიამოვნება იმ ადამიანის რელიგია, რომელიც აკმაყოფილებს სხვების საჭიროებებს და თავს ინახავს სუფთად და შეურყვნელად ქვეყნიერებისაგან (1:27).
► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს იაკობის 2:14-26.
არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ რადგან ხსნა მიიღება რწმენით და არა საქმით, ჩვენს ქცევას მნიშვნელობა არ აქვს. ისინი თვლიან, რომ შესაძლებელია ადამიანს ჰქონდეს გადამრჩენი რწმენა მაშინაც კი, თუ მისი დამოკიდებულება და ცხოვრების წესი ურწმუნოსას ჰგავს. იაკობის წერილში მოცემული მონაკვეთი საუბრობს ასეთ ადამიანებზე.
იაკობი ამბობს, რომ რწმენა არ არის საკმარისი; დემონებსაც კი აქვთ რწმენა, მაგრამ ისინი არ არიან სწორ ურთიერთობაში ღმერთთან (მე-19 მუხლი). ადამიანი, რომელსაც სწამს ღმერთი, მაგრამ არ ემორჩილება მას, ჰგავს ადამიანს, რომელიც ისმენს სახარებას, მაგრამ არ ინანიებს.
მნიშვნელოვანია აიხსნას 21 და 24 მუხლები. ისინი ამბობენ, რომ აბრაამი გამართლდა საქმეებით და რომ ადამიანი გამართლებულია საქმეებითა და რწმენით ერთად. როგორც ჩანს, ეს ეწინააღმდეგება სხვა წერილებს, რომლებიც ხაზს უსვამენ იმას, რომ ადამიანი გადარჩება მხოლოდ მადლით და არა საქმით (ეფესელთა 2:8-9, გალატელთა 2:16, რომაელთა 3:28). ტერმინში - გამართლებული, იაკობი არ გულისხმობს იმას, რომ ადამიანი გადარჩება რწმენით და საქმეებით, არამედ რომ ადამიანი ნაჩვენებია გადარჩენილად, რწმენითა და საქმეებით. ის არ იქნება გადარჩენილი საქმეებით, მაგრამ თუ ის არ ცხოვრობს როგორც ქრისტიანი, არც მას აქვს გადამრჩენელი რწმენა. იაკობი ამბობს, რომ ადამიანის რწმენა მკვდარია, თუ მისი სიცოცხლე არ ემთხვევა მის რწმენას (26-ე მუხლი).
იაკობმა თქვა, რომ როგორც შეუძლებელია ერთმა ხემ გამოიღოს ორი სახეობის ნაყოფი, და ერთ წყაროს არ შეუძლია ორი სახის წყლის მიცემა, ასევე ადამიანს არ უნდა შეეძლოს წარმოთქვას ერთი და იმავე პირიდან კურთხევაც და წყევლაც (3:9-12). ადამიანის ქცევა მუდმივად უნდა შეესაბამებოდეს მის ქრისტიანულ რწმენას.
სისრულის/ სრულყოფილების/ მთლიანობის კონცეფცია
რომაელთა 2:21-24-ში პავლე მიმართავს ებრაელებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ისინი წარმართებზე მაღლა იდგნენ, რადგან მათ წმინდა წერილი ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ემორჩილებოდნენ მას. მან იკითხა: „თქვენ, ვინც ამბობთ, რომ ადამიანმა არ უნდა მოიპაროსო; იპარავთ?” მან თქვა: “ამაყობთ იმით, რომ გაქვთ რჯული, მაგრამ შეურაცხყოფთ ღმერთს მისი დარღვევით.” იმ ფაქტმა, რომ ისინი განადიდებდნენ საკუთარ თავებს, როგორც რელიგიური ადამიანები, მაგრამ არ ჰქონდათ კარგი რეპუტაცია, განაპირობა წარმართების მიერ ღმერთის და წმინდა წერილის გმობა.
ინგლისური სიტყვა (integrity) ითარგმნება, როგორც სისრულე, სრულყოფილება, მთლიანობა, მოდის სიტყვიდან ინტეგრირება. ინტეგრირება ნიშნავს, რომ რაღაც თანმიმდევრული იყოს მთელ სისტემაში. მაგალითად, ადამიანი, რომელიც არის პატიოსანი, ინტეგრირებს პატიოსნებას მთელს თავის ქცევასა და მეტყველებაში. ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ არის პატიოსანი, მაგრამ აკეთებს რაღაც არაკეთილსინდისიერს, არ აქვს სისრულე, მთლიანობა.
ტერმინი მთლიანობა შეიძლება გამოყენებულ იქნას ადამიანის ხასიათის მიმართ. ზოგიერთ ენაზე ტერმინი ასევე გამოიყენება სხვა საგნების აღსაწერად, როგორიცაა შენობის სტრუქტურა.
► როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს შენობის სტრუქტურის მთლიანობა?
ის მნიშვნელოვანია შენობის მდგრადობისთვის. მან უნდა გაუძლოს საკუთარ წონას და ნებისმიერი მოქმედების წონას, რომელიც ხდება მის შიგნით. ჩამონგრევის შემთხვევაში, ადამიანები და ქონება შეიძლება დაზარალდეს და შენობის ღირებულება დაეცემა. შენობის მთლიანობა ნიშნავს იმას, რომ ძლიერი კონსტრუქციის პრინციპები გამოიყენება მთელ სტრუქტურაში.
ის ასევე აუცილებელია იმისთვის, რომ შენობა დიდხანს იდგეს. ადამიანს, რომელიც აშენებს სახლს, იმედი აქვს, რომ ის მთელი მისი ცხოვრება გაძლებს და იდგება. სამთავრობო ან მსხვილი ბიზნესისათვის განკუთვნილი შენობები მოითხოვს დიდ ინვესტიციებს და შეიძლება რამდენიმე თაობას გაუძლოს.
თუ შენობა იწყებს დახრას ან დანგრევას, ეს იმიტომ ხდება, რომ მას არ გააჩნია მთლიანობა. ზოგჯერ შენობა დაზიანებულია მიწისძვრის შედეგად და მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ დგას, ის არ არის უსაფრთხო. მას არ გააჩნია, ან დარღვეული აქვს მთლიანობა.
სანამ მნიშვნელოვანი შენობის მშენებლობა დაიწყება, არის გეგმა - ნახაზი დეტალებით. ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალებია ის, თუ როგორ უნდა იყოს შენობა საკმარისად ძლიერი, რომ მყარად იდგეს. შენობის ნაწილები უნდა იყოს დაკავშირებული და დაყრდნობილი ერთმანეთზე.
მშენებლისთვის მნიშვნელოვანია მიჰყვეს გეგმას, როდესაც ის აშენებს. თუ ის შეამცირებს ხარჯებს კოსტრუქციისთვის აუცილებელი ნაწილების მოკლებით, შენობა არ იქნება უსაფრთხო.
► რას ნიშნავს ადამიანისთვის მთლიანობა?
იესომ გამოიყენა შენობის მთლიანობის მაგალითი. მისი თქმით, ადამიანი, რომელიც ისმენს და ემორჩილება ღმერთს, ჰგავს ადამიანს, რომელიც აშენებს თავის სახლს კლდეზე. ეს სახლი გაუძლებს, როდესაც ქარიშხალი მოვა. ადამიანი, რომელიც არ ემორჩილება ღმერთს, ჰგავს ადამიანს, რომელიც აშენებს თავის სახლს ქვიშაზე. არ არის საკმარისი ჭეშმარიტების მხოლოდ მოსმენა და ცოდნა.
► სტუდენტმა ჯგუფს უნდა წაუკითხოს იაკობის 1:22-25.
იაკობი ამბობს, ადამიანი თავს იტყუებს, თუ ისმენს ღვთის სიტყვას, მაგრამ არ ასრულებს მას. ის გულისხმობს ადამიანს, რომელიც თვლის, რომ კარგი პიროვნებაა, რადგან იცის ბიბლიური ჭეშმარიტება, თუმცა ყოველთვის არ ხელმძღვანელობს მისით. ამ ადამიანს არ აქვს მთლიანობა.
იაკობი ამბობს, რომ როდესაც ჩვენ ვკითხულობთ ღვთის სიტყვას, ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ ადამიანს, რომელიც სარკეში იყურება, მაგრამ არ იცვლება იმის მიხედვით, თუ რას ხედავს იქ. ღვთის ჭეშმარიტება გარდამქმნელია. როდესაც ჩვენ ვუყურებთ ღვთის სიტყვას, ჩვენ ვხედავთ ჩვენს ნაკლოვანებებს და ჩვენ უნდა მივცეთ უფლება ღმერთს შეცვალოს ჩვენი ხასიათი და ქცევა, რათა შეესაბამებოდეს ღვთის ჭეშმარიტებას.
მთლიანობა ვლინდება ცხოვრების სტილში. ადამიანი ვერ უნდა იყოს კმაყოფილი საკუთარი თავით, როდესაც ხვდება, რომ მისი დამოკიდებულება ან ქცევა, არ შეესაბამება ღმერთის ჭეშმარიტებას.
ნაყოფით გამოცდა
იესომ თქვა, რომ ბევრი ცრუ წინასწარმეტყველი იქნება. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც სურთ რელიგიური ხელმძღვანელობის სტატუსი ან სურთ მსახურების საქმიანობა, მაგრამ მათ არ აქვთ ქრისტიანული ხასიათი. მან თქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია მათი ამოცნობა მათი ნაყოფით (მათეს 7:15-18). ნაყოფი არ ნიშნავს წარმატებას. ნაყოფი არის ხის ბუნების ბუნებრივი გამოხატულება. ადამიანის ნაყოფი არის მისი შინაგანი ხასიათის გამოხატვა თავისი ცხოვრებით. თუ ადამიანს არ აქვს სულის ნაყოფები (გალატელთა 5:22-23; 1 კორინთელთა 13), ან ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობს, მას აქვს ცოდვილი ხასიათი და არ არის ჭეშმარიტი სულიერი ლიდერი (1 კორინთელთა 6:9-10; 2 კორინთელთა 11:13-15).
პეტრე მოციქულმა თქვა, რომ მორწმუნეებს არ უნდა აკონტროლებდეს თავიანთი ძველი სურვილები, არამედ იყვნენ წმინდანი ყველაფერში, რასაც აკეთებენ (1 პეტრეს 1:14-15).
კარგი ნაყოფი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ესმის როგორ გამოიყენოს სრულყოფილად, ყველა ქრისტიანული პრინციპი მის ქცევაში. ჩვენ ყველანი ვართ ღვთის ჭეშმარიტების შესწავლის პროცესში. ბაღში მომუშავე ბავშვმა შეიძლება შეცდომით არასწორი მცენარე მოწყვიტოს. ღმერთი არ გვსჯის გულწრფელი შეცდომების გამო. თუმცა, მადლი არ პატიობს ადამიანს, თუ ის უარს ამბობს ცოდვის მონანიებაზე. მოციქული იოანე გვეუბნება, რომ ადამიანი განიწმინდება, როდესაც ის „ნათელში დადის” და ცხოვრობს ჭეშმარიტების მიხედვით (1 იოანეს 1:7).
მთლიანობა ლიდერობაში
ლიდერები იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სხვებმა არ უნდა მიიღონ. ლიდერის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობები ქმნის ბევრ შესაძლებლობას ცდუნებისთვის. ლიდერის გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გავლენას ახდენენ ბევრ სხვა ადამიანზე.
მსახურების ლიდერს უნდა ახსოვდეს, რომ ის, იესოს მაგალითის შესაბამისად, მოწოდებულია ემსახუროს ღმერთს და ხალხს. მისი მიზანი არ უნდა იყოს გახდეს სახელგანთქმული ადამიანი, რომელსაც სხვები აქებენ და ემსახურებიან.
თუ მრევლში უამრავი ადამიანია, რომლებიც არ არიან ღვთის გულწრფელი თაყვანისმცემლები, ისინი ცდილობენ თაყვანისცემიდან შესრულებაზე გადაიტანონ ყურადღება. ეს ადამიანები ნიჭზე უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას, ვიდრე სულიერებაზე. მათ სურთ შემსრულებლები, რომ წარმართონ თაყვანისცემის მსახურება და არა ჭეშმარიტი სულიერი ლიდერები. მათ ართობთ მგრძნობიარე შესრულება. ისინი მზად არიან დაიქირაონ მოუქცეველი მუსიკოსები, რომლებიც ასევე, გამოდიან და უკრავენ დისკოთეკებზე და შეუფერებელნი არიან თაყვანისცემაში მონაწილეობისთვის. პასტორმა უნდა დაიცვას ეკლესიის თაყვანისცემა ისე, რომ ის იზიდავდეს და ემსახურებოდეს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს.[1]
► თუ ადამიანი კვირა დილით ეწვევა ეკლესიას და დაინახავს იმავე მუსიკოსებს, რომლებიც შაბათს საღამოს დისკოთეკაზე ნახა, რას იფიქრებს ეკლესიაზე?
ლიდერს შეიძლება ჰქონდეს ცდუნება, ჩათვალოს თავი მორალის ჩვეულებრივი წესებისგან გათავისუფლებულად. ზოგიერთ პასტორს არასათანადო ურთიერთობა აქვს მათ მრევლში მყოფ ქალებთან ან მამაკაცებთან, ისეთივე როგორც ამქვეყნიურ ლიდერებს აქვთ მათ კულტურაში. ზოგიერთი ეკლესია დაუმსახურებლად იტანს პასტორთა ამორალურ საქციელს მათი სტატუსის გამო.
პასტორს შეიძლება ჰქონდეს ცდუნება სჯეროდეს, რომ ეკლესია მისი კუთვნილებაა. თუ ის ასე ფიქრობს, ის დააყენებს ადამიანებს პოზიციებზე, რადგან ისინი მისი ერთგულები არიან და არა იმიტომ, რომ ისინი საქმეს ასრულებენ კარგად. ამგვარი პასტორი უპირატესობას ნათესავებს ანიჭებს და სურს აირჩიოს, ვინ დაიმკვიდრებს ეკლესიას მის შემდეგ. ის ფარავს ეკლესიაში თავისი მიმდევრების ცოდვებს და შეცდომებს. ის ეკლესიის ფულსა და ქონებას ისე ექცევა, თითქოს მისი იყოს.
ეკლესიის მოწმე
ეკლესია შეიძლება გაირყნას, თუკი იქ არ იქნება მოთხოვნილი მთლიანობა. როდესაც მრევლი იზიარებს ქვეყნიერების სურვილებს, ისინი იღებენ ლიდერებს, რომლებიც ქვეყნიერებას ჰგვანან. ისინი ითმენენ თავიანთი რელიგიური წინამძღოლების ცოდვას. გულწრფელი ქრისტიანებიც კი შეიძლება მიჰყვნენ ცოდვილ ლიდერებს, რადგან მათ არ ესმით მთლიანობისა და კარგი ნაყოფის აუცილებლობა. როდესაც ასე ხდება, ამქვეყნიური ხალხი აკონტროლებს ეკლესიას და ის კარგავს თავის მოწმობას.
პეტრე გვაფრთხილებს, რომ ცრუ სულიერი წინამძღოლები შეასრულებენ ეკლესიაში საქმეს (2 პეტრეს 2:3). როდესაც ეკლესია პოპულარული ხდება მის საზოგადოებაში, ამქვეყნიური ადამიანები ინტერესდებიან ეკლესიაში სტატუსის მოპოვებით. ისინი სწავლობენ თაყვანისცემის ფორმებს და რელიგიურ წინამძღოლობას ქრისტიანობის გარეშე. ეკლესია, რომელსაც არ გააჩნია კარგი მოძღვრება, ვერ ამოიცნობს მათ.[2]
იესომ მარილის მაგალითი გამოიყენა იმის ასახსნელად, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ეკლესია კარგავს თავის გამორჩეულობას (მათეს 5:13). მარილი, რომელიც კარგავს თავის მარილიანობას, არაფრით ჯობია ქვიშას ან ხრეშს.
როდესაც ეკლესია ემსგავსება საზოგადოებას, ის ვეღარ შეცვლის მას.
ქვეყნიერება დასცინის ეკლესიას, როდესაც ის მიჰყვება ქვეყნიერების მაგალითებს და არ მისდევს ბიბლიურ ჭეშმარიტებას.
[1]ქრისტიანული თაყვანისცემის სრულად შესასწავლად იხილეთ Shepherds Global Classroom კურსი ქრისტიანული თაყვანისმცემლობის შესავალი, რომელიც ხელმისაწვდომია აქ: https://www.shepherdsglobal.org/courses
[2]2 პეტრეს მე-2 თავი და იუდას წიგნი დაწერილია სულიერი ცრუ წინამძღოლების თემაზე.
წარმოადგენს ღმერთს
თეოლოგია არის ჩვენი ქრისტიანული შეხედულებების სისტემა, მათ შორის მოძღვრებები ღმერთის, კაცობრიობის, ცოდვის, ქრისტესა და ხსნის შესახებ. ჩვენი რწმენა ღმერთის შესახებ არის ყველა სხვა რწმენის საფუძველი.
როდესაც ღმერთმა დაიწყო საკუთარი თავის გამოვლენა, მისი გამოცხადების პირველი მიზანი იყო იმის ჩვენება, თუ როგორი ღმერთია ის. ღმერთმა თავისი თავი დაახასიათა უპირველესად როგორც წმიდა. ებრაული სიტყვა სიწმიდე (ქადოშ) ძველ აღთქმაში 600 -ზე მეტჯერ გვხვდება. მაგალითად, ესაიამ არაერთხელ მოიხსენია ღმერთი, როგორც „ისრაელის წმიდა.” ღვთის სიწმიდე იყო თაყვანისცემის თემა (ფსალმუნის 98:3, 5). ღვთის ხალხი თაყვანს სცემდა მას არა მხოლოდ მისი ძალაუფლების, არამედ მისი სიწმიდის გამო.
ღმერთმა ასევე გამოავლინა თავი სიყვარულის სახით. ძველ აღთქმაში უპირატესი მონაკვეთი, სადაც ღმერთი გამოეცხადა მოსეს და ისრაელს, არის გამოსვლის 34: 6-7. იქ ღმერთი აღწერს საკუთარ თავს, როგორც: „... შემბრალებელი და მოწყალე, სულგრძელი და დიდმადლიანი, და ჭეშმარიტი, შემნახავი წყალობისა ათასეულებისათვის, შემნდობი ბრალისა, დანაშაულისა და ცოდვისა. თუმცა ის დასასჯელს არ გაუშვებს დაუსჯელად…”[1] მნიშვნელოვანია განვიხილოთ ღვთის სიწმიდე და სიყვარული ერთად. ტერმინი, რომელიც ხშირად გამოიყენება ღვთის ბუნების აღსაწერად არის „წმიდა სიყვარული.” რადგან ღმერთი წმიდაა, ის მოითხოვს სიწმიდეს ჩვენშიც; რადგან ღმერთი სიყვარულია, მან მოგვცა გზა, რომ გავხდეთ წმიდა, როგორც ის არის წმიდა.
ღმერთის სიწმიდემ აჩვენა, რომ ადამიანები არ არიან შესაფერისნი ემსახურონ და თაყვანი სცენ ღმერთს, მადლის მიერი გარდაქმნის გარეშე. წინასწარმეტყველმა ესაიამ დაინახა, რომ მას რაღაც საერთო ჰქონდა ცოდვილებთან, რომლებსაც ის უქადაგებდა - მას ჰქონდა უწმინდური გული (ესაიას 6:5). “უწმიდური ბაგეები” წარმოადგენს არასწორ სიტყვებს და მოქმედებებს, რომელიც მომდინარეობს უწმინდური გულიდან. ამ უწმინდურებამ ესაია გამოუსადეგარი გახადა ღვთის თანდასწრებისთვის. ესაია არ ცდილობდა თავისი მდგომარეობის გამართლებას და არც ღმერთი. ღმერთმა წინასწარმეტყველის აღსარებას მადლით უპასუხა; არა დაშვებული მადლით, არამედ განწმედილი და გარდაქმნილი მადლით (ესაიას 6:6-7).
ისრაელის ღმერთი განსხვავებული იყო ცრუ ღმერთებისგან და მოითხოვდა სხვა სახის თაყვანისცემას. 23-ე ფსალმუნში მეფე დავითმა დასვა კითხვა: "ვინ ავა უფლის მთაზე? ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე?" (მე-3 მუხლი). ის კითხულობს: „ვის ღებულობს ღმერთი თაყვანისმცემლად?” შემდეგ თავად პასუხობს: “ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი” (მე-4 მუხლი). ყველა არ არის მიღებული ღვთის თაყვანისმცემლად. თაყვანისმცემელი არ არის უბრალოდ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ხელების აპყრობა და ემოციების განცდა. ცოდვილი ადამიანი არ მიესადაგება.[2]
ღმერთმა თქვა, რომ მისი სიწმიდე არის მისი მოთხოვნის საფუძველი, რომ თაყვანისმცემლები იყვნენ წმიდანი. “იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე” (ლევიანების 11:44-45, 19:2, 20:26, 21:8). უფალი არ იყო, ისეთივე ღმერთი, როგორც ძველი აღმოსავლური ღვთაებები ან გვიანდელი ბერძნული და რომაული მითოლოგიის ღმერთები. მითები იმ ღმერთების შესახებ, აღწერდნენ მათ გარყვნილებად, მატყუარებად და სასტიკებად. ამ ღმერთებს ჰქონდათ ადამიანური ბუნებისთვის დამახასიათებელი ყველა ნაკლი. კედელზე ასახული ჩრდილების მსგავსად, ისინი წარმოადგენდნენ ადამიანის გადაჭარბებულ, დამახინჯებულ გამოსახულებას. ეს ღმერთები არ მოითხოვდნენ ზნეობრივ, ან ხასიათის სტანდარტებს და მათი თაყვანისმცემლები იყვნენ ბოროტები და სასტიკები.
ისრაელის ღმერთი არ არის ადამიანის გამოსახულების პროექცია. ის არ არის წარმოსახვითი, მან გამოუვლინა თავი ადამიანებს. ის განსხვავებულია და ამიტომ მისი თაყვანისმცემლებიც განსხვავებულები უნდა იყვნენ.
ღვთის სტანდარტი მეორდება ახალ აღთქმაშიც: „არამედ იყავით წმიდები ყოველ საქციელში, როგორც წმიდაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ. რადგან წერია: „იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე “(1 პეტრეს 1:15-16). საუბარი არის სიტყვა, რომელიც ეხება დამოკიდებულებებს, მანერებს, ქცევას - ცხოვრების ყველა ნაწილში. ღმერთი არ ითხოვს, რომ მისი თაყვანისმცემლები მხოლოდ ფორმალურად იყვნენ წმიდები, ან ეწოდოთ "წმიდა" მაშინ, როდესაც სინამდვილეში არ არიან. ის ელოდება, რომ მისი თაყვანისმცემლები ნამდვილად წმინდა ცხოვრებით იცხოვრებენ.
ჩვენი დამოკიდებულება და ქცევა აჩვენებს რას ვფიქრობთ ღმერთზე და როგორი ურთიერთობა გვაქვს მასთან. მოციქულმა პავლემ თქვა, რომ ებრაელები, რომლებიც ამაყობდნენ ღვთის რჯულის დაცვით, შეურაცხყოფდნენ ღმერთს მისი დარღვევით. მათი საქციელის გამო, ადამიანები გმობდნენ მათ და მათ ღმერთს (რომაელთა 2:23-24).
როგორი ღმერთის წარმომადგენელი ხარ? რას ფიქრობენ ადამიანები, როგორია შენი ღმერთი? თუ გსურთ ხალხმა იცოდეს, რომ ღმერთი წმიდაა, ასევე მიმტევებელი და მოწყალე, მათ უნდა დაინახონ, რომ თქვენ ხართ ასეთი.
ეკლესიებს სჭირდებათ, რომ მათმა პასტორებმა ასწავლონ თანმიმდევრული და საფუძვლიანი მოძღვრება. პასტორმა არ უნდა უგულებელყოს ძირითადი მოძღვრება. ყველა თაობამ და ყველა ახალმოქცეულმა უნდა მოისმინოს ის. ზრდასრულ ქრისტიანებსაც კი ესაჭიროებათ შეხსენება. პასტორის ქადაგებები არ უნდა იყოს მხოლოდ ემოციური, დინამიური, ამაღელვებელი გამოსვლები. მან უნდა აღწეროს ღმერთი და აღწეროს, თუ როგორ უნდა შეესაბამებოდეს ქრისტიანული ცხოვრება ღვთის ბიბლიურ კონცეფციას ყოველ დეტალში.
ეკლესიამ უნდა შეცვალოს საზოგადოება და კულტურა, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი ბიბლიური კონცეფცია ღვთის შესახებ, გამოყენებულ იქნება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში.
[2]ქრისტიანული თაყვანისცემის სრულად შესასწავლად იხილეთ Shepherds Global Classroom კურსი ქრისტიანული თაყვანისმცემლობის შესავალი, რომელიც ხელმისაწვდომია აქ: https://www.shepherdsglobal.org/courses
ჯგუფში გაზიარებისთვის
► რა ცნებები იყო ამ გაკვეთილზე თქვენთვის ახალი? როგორ აპირებთ ქრისტიანული ცხოვრებისადმი თქვენი მიდგომის შეცვლას?
► როგორ ფიქრობთ, რა კონცეფციას უგულებელყოფენ თქვენი კულტურის ეკლესიებში? როგორ აუხსნით ამ ცნებას ნაცნობებს?
ლოცვა
ზეციერი მამა,
მინდა პატივი მოგაგო ჩემი ცხოვრებით, რომელიც შესაბამისი იქნება შენს ბუნებასთან. მე მინდა წარმოგადგენდე იმ სამყაროში, რომელიც არ გემორჩილება შენ.
გახადე ჩემი ცხოვრება შენი ჭეშმარიტების შესაბამისი. დამეხმარე, რომ მზად ვიყო შევცვალო ყველაფერი ის, რაც არ უნდა იყოს ქრისტიანის ცხოვრების ნაწილი.
მადლობა შენი გამამხნევებელი სულისა და გარდამქმნელი მადლისთვის.
ამინ
გაკვეთილი 1 დავალებები
(1) დაწერეთ აბზაცი ამქვეყნიური ღირებულების შესახებ, რომელმაც გავლენა მოახდინა თქვენს აზროვნებაზე ან ქცევაზე ახლო წარსულში. შემდეგ იპოვეთ ორი მონაკვეთი წმინდა წერილიდან, რომლებიც ეხება ცხოვრების ამ ნაწილს და ჩაწერეთ ისინი. დაწერეთ აბზაცი იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლიათ დაიწყოთ ცხოვრება ამ წმინდა წერილების მიმართ მორჩილებით.
(2) შეისწავლეთ ტიტეს 2:11-14. ამ მონაკვეთის საფუძველზე მოამზადეთ მოკლე პრეზენტაცია ქრისტიანული მთლიანობის შესახებ. გამოიყენეთ ეს მონაკვეთი იმის ასახსნელად, თუ რატომ უნდა იქნას გამოყენებული ბიბლიური ჭეშმარიტება ცხოვრებისეულ დეტალებში. გაუზიარეთ ეს პრეზენტაცია მომდევნო გაკვეთილის დასაწყისში.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.