► წაიკითხეთ მათეს 19:16-22. რამ გაგაკვირვათ ამ კაცისადმი იესოს პასუხში? თუ მოისმენდით, რომ მეგობარმა ასეთი პასუხი გასცა ადამიანს, რომელმაც იკითხა, როგორ მოვიპოვო მარადიული სიცოცხლე, რის ახსნას ისურვებდით თქვენი მეგობრისთვის?
წარმოიდგინეთ, რომ ჯანმრთელად ხართ, მაგრამ მეგობარი მოდის თქვენთან და ამბობს, რომ მან გარკვეული სასიკვდილო დაავადების საწინააღმდეგო წამალი იყიდა.[1] მის საყიდლად მან გაყიდა თავისი სახლი და ყველაფერი, რაც გააჩნდა. მან ეს წამალი თქვენთვის იყიდა.
► რას ეტყოდით თქვენს მეგობარს, როდესაც ამ საჩუქარს გაჩუქებდათ?
მადლობას გადაუხდიდით გულუხვობისთვის, მაგრამ ვერ გაიგებდით საჩუქარს. რატომ გაიღო ამდენი, რომ თქვენთვის ეყიდა ის, რაც არ გჭირდებათ?
ახლა წარმოიდგინეთ სხვა ამბავი. იყავით ექიმთან და აღმოჩნდა, რომ სასიკვდილო დაავადება გჭირთ. მკურნალობა ძალიან ძვირია და თქვენ არ გაქვთ საშუალება გადაიხადოთ. მიდიხართ სახლში და ფიქრობთ სიკვდილზე, ხვდებით, რომ თქვენი ოჯახი დაგკარგავთ და ვერასოდეს შეძლებთ იმის შეგრძნებას, რისი მიღების იმედიც გქონდათ ამ ცხოვრებისგან.
შემდეგ მოდის მეგობარი და გეუბნებათ, რომ მან ყველაფერი გაიღო, რომ წამალი ეყიდა თქვენთვის. თქვენ აფასებთ მას, რადგან პირველ რიგში გაიგეთ თქვენი საჭიროება. მისი საჩუქარი თქვენი სიცოცხლეა.
ახლა დაფიქრდით ქვეყნიერებაზე მყოფი ხალხის პასუხზე, როდესაც ისინი ისმენენ სახარებას. სიტყვა სახარება ნიშნავს "სასიხარულო ცნობას", მაგრამ ბევრს არ ესმის, რატომ არის ეს კარგი ამბავი.
წარმოიდგინეთ ადამიანი, სახელად პიერი. მისი მეგობარი ეუბნება მას: „იესო მოკვდა ჯვარზე და სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო, რათა შენი ცოდვები ყოფილიყო ნაპატიები.”
პიერი ფიქრობს: „მე არ ვარ ცუდი ადამიანი. მე კეთილი ვარ ჩემი მეგობრებისა და ოჯახის მიმართ. რატომ იქნებოდა საჭირო ასეთი დიდი მსხვერპლი ჩემი ცოდვებისთვის? რატომ არის პატიება ასე მნიშვნელოვანი?” პიერი შეიძლება გაბრაზებულიყო კიდეც, რადგან მის მეგობარს მიაჩნია, რომ ის იმდენად ცუდი და ცოდვილია, რომ მას იესოს სიკვდილი დასჭირდებოდა მისი პატიებისთვის.
ბიბლია გვეუბნება, რომ ადამიანები განაწყენებულნი არიან ჯვარზე. ადამიანებს სურთ იპოვონ საკუთარი თავის გამართლების გზა. ისინი არ ფიქრობენ, რომ მათ იესოს მსხვერპლი სჭირდებათ, ამიტომ ჯვარი მათ სისულელედ ეჩვენებათ (1 კორინთელთა 1:18).
დაავადების განკურნების მაგალითის ილუსტრაციის მსგავსად, ადამიანები არ აფასებენ ჯვარს, რადგან არ ესმით, რატომ სჭირდებათ მათ ის.
ბიბლიური გზა, ხალხის კეთილი უწყებისთვის მოსამზადებლად არის იმის ჩვენება, თუ რატომ სჭირდებათ მათ ეს. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი არიან ცოდვილები, რომლებიც მალე განიკითხებიან ღმერთის მიერ.
► რატომ უნდა უხაროდეს ადამიანს სახარების მოსმენა?
[1]ამ გაკვეთილის მასალის დიდი ნაწილი წარმოდგენილია რეი კომფორტის ქადაგებიდან „ჯოჯოხეთის ყველაზე კარგად დაცული საიდუმლოება“ და ამავე სახელწოდების წიგნიდან. მეტი მასალა ხელმისაწვდომია http://www.livingwaters.com-ზე.
განკითხვის მნიშვნელობა
ის, რომ ცოდვილები განიკითხებიან და დაისჯებიან, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია ცოდვილისთვის, რომ უხაროდეს სახარების მოსმენა.
ადამიანთათვის არის დადგენილი ერთხელ სიკვდილი და მერე გასამართლება (ებრაელთა 9:27).
ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს (მათეს 12:36).
► წაიკითხეთ განკითხვის აღწერა გამოცხადების 20:12-15-ში.
ცოდვილთა მომავალი განკითხვა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ყველა ცოდვილს სჭირდება ხსნა.
ღმერთი ყველას მოუწოდებს, მოინანიონ: „რადგან მან დაადგინა დღე, როცა განიკითხავს ქვეყნიერებას სიმართლით” (საქმეების 17:30-31).
თუ ადამიანს არ ესმის მისი ცოდვის სერიოზულობა, მას აკლია ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი - გადარჩენის სურვილი.
► რა გააცნობიერებინებს ადამიანს, რომ მისი ცოდვა სერიოზულია?
რჯულის გამოყენება
ბევრს არ აინტერესებს სახარება, რადგან თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ბიბლია ამბობს, რომ ადამიანების უმეტესობა თავს კარგ ადამიანად მიიჩნევს (იგავების 20:6). თუ ვინმეს ჰკითხავთ, არის თუ არა ის კარგი ადამიანი, ის დიდი ალბათობით იტყვის "დიახ" და მზად იქნება დაასაბუთოს ეს. ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ მათი ცოდვები არ არის ბოროტი და რომ ისინი მათ უნდა ეპატიოთ. ამ ადამიანებისთვის მადლისა და პატიების შეთავაზებას აზრი არ აქვს.
ადამიანმა უნდა დაინახოს თავი ცოდვილად და მხილებული იყოს თავისი სინდისის მიერ, სანამ დაინახავს, რომ მადლი სჭირდება. ღმერთმა მოგვცა რჯული ცოდვის გამოსააშკარავებლად.
ტერმინში „რჯული“ ჩვენ არ ვგულისხმობთ კონკრეტულად ძველი აღთქმის სარიტუალო მოთხოვნებს, რომლებიც ადგენდა ტაძარში ღვთისმსახურების წესს. არც ისეთ კანონებზეა ლაპარაკი, რომლებიც ისრაელის მთავრობას მიეცა, რომელიც ჩვენზე იგივენაირად არ ვრცელდება. ჩვენ ვსაუბრობთ ღვთის სამართლიანობის სტანდარტზე. მეფე დავითმა 118-ე ფსალმუნში დაწერა იმის შესახებ, რომ უყვარდა ღვთის რჯული ისევე, როგორც ღმერთი, რადგან ის მომდინარეობდა ღვთის წმიდა ხასიათიდან.
ღვთის რჯული გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ და რომ ჩვენ დამნაშავენი ვართ მისდამი დაუმორჩილებლობის გამო. რჯულის დაცვით ვერავინ გამართლდება, (გალატელთა 2:16, რომაელთა 3:20). რადგან ყველამ შესცოდა. ადამიანი არასწორად იყენებს რჯულს, თუ ფიქრობს, რომ მასზე მიყოლით ხსნას მოიპოვებს.
ღვთის რჯული მიმართულებას აძლევს ჩვენს ცხოვრებას, (1 კორინთელთა 9:21). მაგრამ ის არ არის ჩვენი გადარჩენის საშუალება. რჯული ვერ მიგვიყვანდა ხსნამდე, რადგან დაბადებიდანვე არ გაგვაჩნია მისი მოთხოვნების სრულყოფილად დაკმაყოფილების უნარი (რომაელთა 8:3, გალატელთა 3:21).
რჯული არ ეწინააღმდეგება სახარებას ღვთის გეგმაში. ბიბლია გვეუბნება, რომ რჯული ემსახურება იმ მიზანს, რომ ცოდვილმა გააცნობიეროს მისი გადარჩენის საჭიროება. სახარებას არ გაუუქმებია რჯული (მათეს 5:17). და არც ჩვენთვის შეუსაბამო გაუხდია. რჯული ემსახურება სახარების სრულყოფილ მომზადებას არა მხოლოდ ძველ დროში, არამედ დღემდე.
„რჯული იყო ჩვენი წარმმართველი ქრისტესკენ” (გალატელთა 3:24). ზოგი ფიქრობს, რომ იყო რჯულის პერიოდი, რომელიც დასრულდა და ახლა მადლის პერიოდია. საქმე იმაშია, რომ ყოველი ადამიანი უნდა შეხვდეს ღვთის რჯულს, რათა გააცნობიეროს, რომ ის მსჯავრდებულია, სანამ მადლს გაითავისებს. პავლე მოციქულმა თქვა: „სხვანაირად არ შემიცვნია ცოდვა, თუ არა რჯულის მეშვეობით” (რომაელთა 7:7).
პავლემ თქვა, რომ რჯული იმისთვისაა მოცემული, რომ ცოდვილები გამოჩნდნენ დამნაშავეებად და გამართლების გარეშე; რადგან რჯულის მეშვეობით ხვდებიან ადამიანები, რომ ცოდვილები არიან (რომაელთა 3:19-20). ყოველი ადამიანი არის „რჯულის ქვეშ“ და მის მიერ მსჯავრდადებული, სანამ ხსნას მიიღებდეს.
სახარება არ არის კეთილი უწყება ადამიანისთვის, რომელმაც არ იცის, რომ მისი ცოდვა სერიოზულია. სახარება სასიხარულო ამბავია იმ ადამიანისთვის, რომელმაც იცის, რომ დამნაშავეა და მალე ღვთის სამსჯავროს წინაშე აღმოჩნდება.
► წაიკითხეთ ლუკას 18:10-14. ვინმეს ფარისევლისთვის რომ ეთქვა, რომ ღვთის მადლით უსასყიდლოდ შეძლებდა პატიების მიღებას, როგორ უპასუხებდა ის?
თანამედროვე მახარებლობის შეცდომა
[1]დღეს ბევრ მახარებელს არ მოსწონს იმაზე ხაზგასმა, რომ ყველა ადამიანი ცოდვილია და ამიტომ იმსახურებენ ღვთის მიერ მოვლენილ სასჯელს.
მათ არ სურთ ხალხს უთხრან, რომ ისინი ცუდები არიან.
მათ სურთ დადებითზე ისაუბრონ და არა უარყოფითზე.
მათ სურთ, შესთავაზონ გადარჩენის მყისიერი სარგებელი, ნაცვლად მარადიულისა, ვინაიდან ისინი ესაუბრებიან ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ამქვეყნიურ საკითხებზე.
ისინი გულისხმობენ, რომ ღვთის რჯული ცუდია, ხსნა კი მნიშვნელოვანია მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ გადარჩნენ საქმეებით. ბიბლია ამბობს, რომ რჯული კეთილი და წმიდაა; (რომაელთა 7:12-14). ადამიანი, რომელსაც სურს აამოს ღმერთს, შეეცდება დაიცვას ღვთის მითითებები თავისი ცხოვრების გზაზე (ფსალმუნის 118:1-8).
ისინი გულისხმობენ, რომ ღვთის სტანდარტები შეუძლებელი და არაგონივრულია და რომ შენ არ ხარ დამნაშავე შენს ცოდვებში.
პრობლემა იმაშია, რომ თუკი ადამიანი სინამდვილეში არ არის დამნაშავე, მას სინამდვილეში არც მონანიება ესაჭიროება. მას არ შეუძლია ინანოს იმის გამო, რაც ჩაიდინა, თუ არ იცის, რომ მან არასწორი საქციელი აირჩია. თუ ადამიანს რეალურად თავი ცოდვილად არ მიაჩნია, როდესაც პატიებას ითხოვს, ის სინამდვილეში სთხოვს ღმერთს, რომ უბრალოდ მიიღოს მისი ადამიანური ნაკლოვანებები.
საქმე იმაშია, რომ ცოდვილებს არ სჯიან იმის გამო, რომ ცოდვილი ბუნებით არიან დაბადებულნი. ისინი მსჯავრდადებულნი არიან განზრახ ცოდვებისთვის და ღმერთის წინააღმდეგ აჯანყებისთვის (იუდას 15).
ბევრს სჯერა, რომ ღმერთი მოსიყვარულე და მპატიებელია, მაგრამ მათ არ ესმით, რომ ის ასევე სამრათლიანი მოსამართლეა. მათ აქვთ მოლოდინი, რომ თუ ოდესმე შეხვდებიან ღმერთს, ის აპატიებს მათ, თუნდაც არასოდეს მოენანიებინათ. არასრულმა სახარებამ, რომელიც მათ მოისმინეს, უფრო კომფორტული გახადა მათი ცოდვებში დარჩენა.
ბევრი თანამედროვე მახარებელი აქცენტირებს იმაზე, რომ თუ ადამიანი გახდება ქრისტიანი, მას უფრო ბედნიერი ცხოვრება ექნება. ისინი ამბობენ, რომ ცოდვა არ აკმაყოფილებს, ხოლო ღმერთი კი აკმაყოფილებს. ისინი ამბობენ, რომ ადამიანი მიიღებს სიყვარულს, მშვიდობას და სიხარულს. ისინი ამბობენ, რომ ღმერთს აქვს შესანიშნავი გეგმა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში და ეს გეგმა შესრულდება, თუ ადამიანი გადარჩენას მიიღებს.
ეს დაპირებები შეიძლება არასწორად იქნას გაგებული. ღმერთი იძლევა სიყვარულს და მშვიდობას, მაგრამ იქმნება განხეთქილება ადამიანებთან, რომლებიც უარყოფენ ღმერთს (მათეს 10:34-36). ის სიხარულსაც იძლევა, მაგრამ ამავე დროს შეიძლება იყოს დევნაც (1 თესალონიკელთა 1:6). მას აქვს შესანიშნავი გეგმა თითოეული ადამიანისთვის, მაგრამ ქრისტიანს შეიძლება გადახდეს მძიმე სიტუაციები და ტრაგედიები (2 კორინთელთა 11:24-27). თუ ადამიანი გადაწყვეტს გახდეს ქრისტიანი, რადგან ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება უკეთესი გახდება, ის შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეს. ზოგიერთი ადამიანი სასტიკ ტანჯვებს განიცდის იმის გამო, რომ ის ქრისტიანია.
როგორც ქრისტიანებს, ჩვენ გვესმის, რომ ღმერთთან ცხოვრება მშვენიერია, მაშინაც კი, თუ მძიმე პირობები გვაქვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვთის მსახურება მშვენიერი ცხოვრებაა. თუმცა, დაუხსნელ ადამიანთა უმეტესობას არ აქვს სწორი წარმოდგენა, რა არის მშვენიერი ცხოვრება. თუ მშვენიერი ცხოვრების აღწერას სთხოვთ, ისინი დაასახელებენ ჯანმრთელობას, ფულს, თავისუფლებას, მშვიდობას და სხვა კარგ პირობებს. ისინი ვერ გაიგებენ, რომ დევნილ, ტანჯულ ქრისტიანს მშვენიერი ცხოვრება აქვს. ასე რომ, თუ ცოდვილს ეტყვით, რომ თუ ის ქრისტიანი გახდება, მშვენიერი ცხოვრება ექნება, ის ალბათ ვერ გაიგებს რას გულისხმობთ ამ დაპირებაში.
არის კიდევ ერთი პრობლემა სახარების არასწორ გაგებასთან დაკავშირებით. ადამიანმა შეიძლება მიიღოს უწყება ისე, რომ ვერ დაინახოს თავი ცოდვილად, რომელიც იმსახურებს სასჯელს. იმის გამო, რომ ვერ ხედავს ცოდვის სიმძიმეს, ის გულწრფელად არ ინანიებს. ის ცოდვისაგან ხსნას კი არ ეძებს, არამედ სხვა სარგებელს. მან შეიძლება იფიქროს, რომ გადარჩენილია, როცა სინამდვილეში არ არის.
ის გადარჩენის ნამდვილ სარგებელსაც კი ვერ იღებს თავისი ცხოვრებისთვის, რადგან ის დახსნილი არ არის. მისი რაღაცის კეთების მცდელობები ხანმოკლეა, შემდეგ კი ის იმედგაცრუებული ნებდება.
არასწორი სახარების ყველაზე ცუდი შედეგი იმაშია, რომ იმედგაცრუებული ადამიანი ნაკლებად იქნება მზადყოფნაში სახარების მომავალში მისაღებად.
მოკლედ, უკეთესი ცხოვრების სახარებასთან დაკავშირებული პრობლემებია
1. ის გვპირდება იმას, რასაც ღმერთი არ გვპირდება.
2. ის არასწორად არის აღქმული ცოდვილის მიერ.
3. ადამიანი შეიძლება არ იყოს სინამდვილეში მოქცეული.
4. ის ვერ მიიღებს იმ სარგებელს, რასაც ელის.
5. ის ნაკლებად იქნება მზადყოფნაში სახარების მომავალში მისაღებად.
► წაიკითხეთ საქმეების 14:21-23. რისი მოლოდინის შესახებ უთხრეს მოციქულებმა ახალმოქცეულებს?
იესომ გააფრთხილა თავისი მოწაფეები, რომ ადამიანები შეიძულებდნენ მათ ქრისტეს რწმენის გამო. მან უთხრა მათ, რომ ისინი ვერ მიიღებდნენ ხსნას, თუ ბოლომდე არ გაუძლებდნენ. სახარების სამმა ავტორმა დაწერა ეს სიტყვები (მათეს 10:22, მარკოზის 13:13, ლუკას 21:17). პირველი მოციქულების უმეტესობა მოკვდა ქრისტესთვის.
მილიონობით ქრისტიანი მოკლეს რწმენის გამო. ეს არ არის მხოლოდ ძველი დროის პრობლემა. ქრისტიანი მოწამეების ნახევარზე მეტი იქნა მოკლული მე-20 საუკუნეში.
თუ ადამიანი ხსნის დაპირების გამო მოექცევა, მარტივი ცხოვრების დაპირების გარეშე, ის არ დანებდება მძიმე ცხოვრების გამო. ის მზად იქნება გაუძლოს განსაცდელებს, მარადიული ხსნისთვის. განსაცდელები მის ხსნას კიდევ უფრო ძვირფასს ხდის.
„მობრუნება გულისხმობს წარსულთან კავშირის ისეთ სრულ გაწყვეტას, რომ ის მოიხსენიება სიკვდილის ტერმინით. ჩვენ ქრისტესთან ერთად ვეცვით ჯვარს. მისი ჯვრის მეშვეობით ჩვენ მოვუკვდით უღმერთო ქვეყნიერებას, მის მსოფლმხედველობასა და მისი სტანდარტებს.”
- ლოზანის კომიტეტი
მსოფლიო ევანგელიზაციისთვის, უილოუბენქის ანგარიში
სიყვარულის გამოვლენა
► წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 2:24-26. რას გვეუბნება ეს მუხლები მახარებლის მანერების შესახებ?
მახარებელი არ უნდა ჩანდეს ისე, რომ თითქოს ებრძვის იმ ადამიანებს, რომლებსაც ის ახარებს. სატანა მტერია, ცოდვილები კი სატანის ტყვეები არიან. სიმართლე თავაზიანად უნდა ავხსნათ. ჩვენი მიზანი მათი დახმარებაა და არა მათი კამათში დამარცხება. ამ მონაკვეთში გამოიყენება შემდეგი სიტყვები - შემწყნარე, მომთმენი და მშვიდი.
► წაიკითხეთ ტიტეს 3:2-5. რას ამბობს ეს მონაკვეთი მახარებლის საქციელზე?
უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის მადლის გარეშე, ჩვენ დავემსგავსებოდით ქვეყნიერულ ხალხს. ღმერთი ჩვენთან მოვიდა არა განკითხვით, არამედ სიკეთითა და სიყვარულით.
მახარებელი ცოდვილზე კი არ უნდა ბრაზდებოდეს, არამედ ცოდვაზე და სატანაზე. ის არ უნდა გამოიყურებოდეს მკაცრად. მას არ უნდა უხაროდეს მათი შეცდომების აღმოჩენა, არამედ უნდა ზრუნავდეს მათ გადარჩენაზე.
ჩვენ შევიმეცნეთ, რომ არ უნდა გამოვავლინოთ სიყვარული ცოდვილის მიმართ იმის დაპირებით, რასაც ღმერთი არ პირდება. ჩვენ არ უნდა გამოვავლინოთ თანაგრძნობა იმგვარად, თითქოს მათი ცხოვრების პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი მარადიული ბედი.
იესომ აღასრულა წინასწარმეტყველება, რომ მესია არ იქნებოდა მრისხანე, არამედ კეთილი და არ დაჩაგრავდა ცოდვით უკვე დაჭრილს (მათეს 12:19-20).
► რა გზებით შეგვიძლია გამოვავლინოთ ღვთის სიყვარული, როცა ვახარებთ?
ბიბლიური მახარებლობა
მახარებლობისადმი ბიბლიური მიდგომა არის ღვთის რჯულის გამოყენება, რათა მოამზადოს ხალხი სახარების მისაღებად. კანონი ამხელს ცოდვილებს და აჩვენებს, რომ ისინი განიკითხებიან, თუ პატიებას ვერ იპოვიან.
იოანე ნათლისმცემელი ქადაგებდა, რომ ადამიანებმა უნდა მოინანიონ, რათა მოემზადონ უფლის მოსვლისთვის და თავი დააღწიონ განკითხვას (მათეს 3:1-12).
იესოს ბევრჯერ უქადაგია განკითხვისა და ჯოჯოხეთის შესახებ. მან მადლი შესთავაზა მათ, ვინც წუხდა ცოდვების გამო.
ჩვენ ვერ ვნახახავთ იესოს მსახურებაში იმას, რომ მას პატიება იმ ადამიანებისთვის შეეთავაზებინა, რომლებიც არ წუხდნენ თავიანთი ცოდვების გამო. ის აფრთხილებდა ხალხს განკითხვის შესახებ. უბედურების შემდეგ, როდესაც ბევრი ადამიანი დაიღუპა, იესომ ხალხს უთხრა, რომ ყველა დაიღუპებოდა, თუ არ მოინანიებდნენ (ლუკას 13:1-5).
იესომ მოყვა იგავი მებაჟესა და ფარისევლის შესახებ, რომლებიც საპირისპიროდ ლოცულობდნენ. მებაჟემ შეინანა და პატიება მიიღო. ფარისეველი თავის სიმართლის დამტკიცებას ცდილობდა. აზრი არ ექნებოდა ფარისევლისთვის პატიების მიცემას, რადგან მას არ მიაჩნდა, რომ ეს მას სჭირდებოდა.
პეტრე მოციქული ქადაგებდა მარადიული სიცოცხლის აღთქმას და მოუწოდებდა ხალხს მონანიებისკენ და პატიების მიღებისკენ (საქმეების 2:38, 3:19, 5:31).
სტეფანე, რომელიც უქადაგებდა ებრაელ მმართველებს, არ შეუთავაზებია მადლი, არამედ ამხილა ისინი ღვთის წინააღმდეგობის გაწევისა და მისი რჯულის დარღვევისთვის (საქმეების 7:51-53).
პავლე ქადაგებდა, რომ ადამიანებმა უნდა მოინანიონ, რადგან ღმერთი არ ამართლებს ცოდვას (საქმეების 17:30-31).
არ არის ურიგო იმაზე საუბარი, რომ ქრისტიანობას მოაქვს სიხარული და კურთხევა; მაგრამ მახარებელთა ძირითადი მეთოდი ბიბლიაში იყო ცოდვაში მხილების და მონანიების შესახებ ქადაგება, განკითხვისგან ხსნის შეთავაზება.
► წაიკითხეთ 2 კორინთელთა 5:11. რას იყენებდა მოციქული, მისი თქმით, დასარწმუნებლად?
► წაიკითხეთ საქმეების 24:25. რაზე ესაუბრა პავლე ფელიქსს? როგორ იმოქმედა ამან ფელიქსზე?
ბიბლიური მახარებლობის მაგალითი
ანდრე ეკლესიაში მოწვევებს არიგებდა, როცა პიერს შეხვდა.
პიერი: მე არ მჭირდება ეკლესია.
ანდრე: ბიბლია ამბობს, რომ ყველა ადამიანი წარსდგება ღმერთის წინაშე, რათა განიკითხოს თავისი ცოდვებისთვის. გგონია ღმერთი მიგიღებს ისეთს როგორიც ხარ?
პიერი: დიახ, მე ასე ვფიქრობ.
ანდრე: კარგი ადამიანი ხარ?
პიერი: დიახ, ვფიქრობ, რომ ვარ.
ანდრე: შეიძლება ბევრ ადამიანთან შედარებით ხარ კარგი. შეიძლება კარგი ხარ მეგობრებისა და ოჯახისთვის. მაგრამ იცი რამე იმ სტანდარტის შესახებ, რომელსაც ღმერთი იყენებს? ბიბლია გვაუწყებს, თუ როგორ განსჯის ღმერთი სწორსა და არასწორს. მაგალითად, მის ზოგიერთ წესს ათი მცნება ეწოდება. იცი ათი მცნება?
პიერი: ზოგიერთი მათგანი.
ანდრე: მაგალითად, ერთ მცნებაში ნათქვამია: „ნუ იქნები ცრუ მოწმე.” ოდესმე გითქვამს ცხოვრებაში ისეთი რამ, რაც არ იყო სიმართლე?
პიერი: რა თქმა უნდა, ამას ყველა აკეთებს.
ანდრე: მაგრამ ტყუილი ღვთის მცნების დარღვევაა. კიდევ ერთი არის არ მოიპარო. ოდესმე რამე მოგიპარავს?
პიერი: მხოლოდ წვრილმანები, მაგრამ არასოდეს არავისთვის მიმიყენებია ზარალი ამ მოპარვით.
ანდრე: მაგრამ ღმერთი არ გვაძლევს იმის არჩევანს, რისი მოპარვა შეგვიძლია და რისი არა. მისი მცნებაა, რომ არ უნდა მოვიპაროთ. კიდევ ერთი მცნება,რაც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არასდროს გამოვიყენოთ ღვთის სახელი ამაოდ, არ წარმოვთქვათ ის პატივისცემის გარეშე და არ გამოვიყენოთ ის სალანძღავ სიტყვად.
(თითოეული მცნების გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ ყველა არ უნდა იქნას გამოყენებული ერთ საუბარში. ქვემოთ მოცემულია მაგალითები.)
ღმერთი გვეუბნება, არ იმრუშო, ხოლო იესომ თქვა, რომ ქალის მიმართ გულისთქმა ნიშნავს მრუშობას შენს შინაგანში.
ღმერთმა თქვა, არ კლა, იესომ კი თქვა, რომ ვინმეს სიძულვილი შენს გულში, იგივე მკვლელობაა.
ღმერთი გვეუბნება, რომ წმიდადვყოთ მისი დღე. ყოველთვის წმიდადვყოფთ უფლის დღეს, ყოველ კვირას?
ღმერთი გვეუბნება, არ ვინდომოთ ის, რაც სხვებს აქვთ, არ ვიფიქროთ, რომ რაღაცეები გაგვაბედნიერებს ღმერთის ნაცვლად.
ღმერთი გვეუბნება, რომ არ გვყავდეს სხვა ღმერთი, არ დავუშვათ, რომ სხვა რამე იყოს ჩვენთვის მასზე მნიშვნელოვანი, რაც იმას ნიშნავს, რომ არაფერს უნდა მივცეთ უფლება, ჩამოგვაშოროს ღმერთის მორჩილებას და თაყვანისცემას, როგორც ის ამას იმსახურებს.
(რამდენიმე მცნების გამოყენების შემდეგ, რათა დავანახოთ, რომ ცოდვილი დამნაშავეა, მივდივართ დასკვნამდე.)
ანდრე: ღმერთს დღეს რომ გაესამართლებინე,შენ ვერ გაივლიდი. შენ დამნაშავე იქნებოდი, მისი სტანდარტით. გინდა იცოდე როგორ მიიღო პატიება, რომ არ გეშინოდეს ღვთის განკითხვის?
(შემდეგ, მახარებელს შეუძლია სახარების გაზიარება და ცოდვილის მოწვევა სალოცად.)
► ორმა სტუდენტმა უნდა განასახიერონ ეს საუბარი, რომელშიც ერთი მათგანი წარადგენს სახარებას ათი მცნების გამოყენებით. ჯგუფს შეუძლია განიხილოს მათი წარმოდგენა. შემდეგ სტუდენტები უნდა დაიყონ წყვილებად და დაამუშაონ ეს წარმოდგენა.
► როგორ გავიგოთ, იყო თუ არა სახარების წარდგენა წარმატებული?
ცხადია, თუ ადამიანი ირჩევს მონანიებას და გადარჩენას სახარების ჩვენი წარდგენის შემდეგ, ჩვენ ვხვდებით, რომ ის წარმატებული იყო. მაგრამ ეს არ არის წარმატების ერთადერთი საზომი. ღმერთია პასუხისმგებელი ჭეშმარიტების მარცვლის ჩათესვაზე მსმენელის გულში. თუ თქვენ წარმოადგინეთ სახარება ისე, რომ მსმენელმა ის გაიგო, თქვენ შეასრულეთ ის რაღაც მნიშვნელოვანი, თუნდაც ამისი შედეგები ვერასოდეს ნახოთ. თუ მან იგრძნო თქვენი შეშფოთება და მისი დახმარების სურვილი, ეს ასევე კარგია. თუ ის გაბრაზდა და დაგცინათ, ეს არ ნიშნავს რომ თქვენ წარუმატებელი იყავით, მით უმეტეს, თუ ის სიმართლეზე გაბრაზდა. სახარების უწყება ადიდებს ღმერთს; როდესაც თქვენ აუწყებთ მას, წარმატებული ხართ რაღაც მნიშვნელოვანში.
დავალება
წარუდგინეთ სახარება მინიმუმ სამ ადამიანს ისე, როგორც ეს გააკეთა ანდრემ ამ გაკვეთილში. დაწერეთ აბზაცი, რომელიც აღწერს თითოეულ საუბარს. მოემზადეთ ამის შესახებ მომდევნო გაკვეთილზე მოსაყოლად.
მინიშნება კლასის ლიდერისთვის
ეს სახარების წარმოდგენის ეფექტური მეთოდია. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა ისწავლონ მისი გამოყენება. შემდეგ გაკვეთილზე მიეცით მათ დრო, რომ დაამოწმონ თავიანთი გამოცდილების შესახებ, როდესაც ისინი ცდილობდნენ სახარების გაზიარებას ამ მეთოდით. ამით გაამხნევონ და რჩევები მისცენ ერთმანეთს. შესაძლოა ღირდეს სესიის ამგვარად გატარება და შემდეგ გაკვეთილზე გადასასვლელად დალოდება.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.