ევანგელური ეკლესია არის ეკლესია, რომელიც ქადაგებს ხსნის სახარებას წმიდა წერილებზე დაყრდნობით, მხოლოდ მადლით და მხოლოდ რწმენის მეშვეობით. კაცობრიობის ვერცერთი კეთილი საქმე, დამატებული ქრისტეს გამოსყიდვას, ვერ დაგვეხმარება ხსნის დამსახურებაში.
ჭეშმარიტი სახარების გავრცელება ევანგელური ეკლესიის პრიორიტეტია, რადგან ადამიანებმა, რომლებსაც სწამთ სახარება, იციან, რომ ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველაფერი სხვა.
სახარება არის ღმერთის მიერ ეკლესიისთვის მინდობილი განსაკუთრებული საგანძური, რომელიც მას სურს გაუზიაროს სამყაროს.
არსებობს რამდენიმე მახასიათებელი, რომელიც ტიპიურია ევანგელური ეკლესიებისთვის. ეს მახასიათებლები ჩამოთვლილია მომდევნო რამდენიმე აბზაცში.
1. ევანგელისტებს სწამთ ბიბლიის აბსოლუტური ავტორიტეტი. ბიბლიის ავტორიტეტის უარყოფა ნიშნავს სახარების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას.
2. ევანგელისტებს სწამთ ქრისტიანობის ისტორიული, ფუნდამენტური დოქტრინები. ამ დოქტრინების უარყოფა ნიშნავს სახარების შეწინააღმდეგებას. მაგალითად, კულტები, რომლებიც უარყოფენ ქრისტეს ღვთაებრიობას, ასევე უარყოფენ, რომ მის მიერ განხორციელებული გამოსყიდვა საკმარისია გადარჩენისთვის და ასწავლიან საქმეების სახარებას.
3. ევანგელური ეკლესიები ხაზს უსვამენ პირად სულიერ გამოცდილებას. ეს მახასიათებელი არსებობს იმიტომ, რომ მათ სჯერათ ინდივიდუალური მოქცევისა და გაცნობიერებული რწმენის. ამ რწმენის გამო ევანგელისტები აქცენტს აკეთებენ ურწმუნოთა მიმართ მახარებლობაზე და მორწმუნეთა სულიერ ჩამოყალიბებაზე.
► თქვენი ეკლესია როგორ ავლენს ამ მახასიათებლებს? არის თუ არა სხვა მახასიათებლები, რომლებიც აჩვენებს, რომ სახარება პრიორიტეტულია?
სახარების ცენტრალურობა
სახარება ეკლესიას თავის მისიას ანიჭებს. ეკლესიამ, რომელიც არ აქცევს სახარებას თავის პრიორიტეტად, დაივიწყა ღვთის მიერ დაკისრებული მისია.
ჩვენ შევისწავლეთ მათეს 28:18-20-ში მოცემული დიდი დავალება. რა არის ეკლესიის უპირველესი მისია?
[1]სახარება წარმოშობს ეკლესიას იქ, სადაც ის იქადაგება. ჭეშმარიტი ეკლესია ისტორიის მანძილზე იმყოფება იქ, სადაც იქადაგება სახარება. ეკლესიის მემკვიდრეობა მოციქულთა დროიდან მდგომარეობს არა ინსტიტუტების თანამიმდევრულობაში, არამედ ერთგული, მახარებლური, ქადაგების თანამიმდევრულობაში.
ეკლესიის მიერ შექმნილი ყველა ინსტიტუტი უნდა ემსახურებოდეს სახარების პრიორიტეტს. მაგალითად, პასტორების მომზადების პროგრამამ უნდა მოამზადოს ისინი, რათა მართონ ეკლესია მახარებლობისა და დამოწაფების მისიის შესასრულებლად.
ინსტიტუტები მიდრეკილნი არიან გააგრძელონ საკუთარი არსებობა და დაივიწყონ თავდაპირველი მისია. სახარების მიხედვით განახლებაზე გაკეთებული აქცენტი, ყოველთვის იწვევს ინსტიტუტების რეფორმას.
ეკლესია ანვითარებს რწმენის ტრადიციებს, ღვთისმსახურების ფორმებს, ქრისტიანულ ცხოვრებას და საეკლესიო პოლიტიკას; მაგრამ სახარების მიხედვით განახლებაზე გაკეთებული აქცენტი იწვევს ტრადიციის რეფორმას.
„არსებობს პირდაპირი კავშირი ქრისტეს ძალაუფლებასა და ეკლესიის მსოფლიო მისიას შორის. ეს ნათლად ჩანს მათეს მოსაზრებაში დიდი დავალების შესახებ. სწორედ იმიტომ, რომ ზეცაში და დედამიწაზე მთელი ძალაუფლება მამა ღმერთმა ძე ღმერთს მიანიჭა, ეკლესიაა პასუხისმგებელი ყველა ერის მომოწაფებაზე.”
- ჯეი.ჰერბერტ კეინი,
„მახარებლობით სამუშაო”
სახარების პრიორიტეტის დაკარგვის მაგალითები
(1) ინსტიტუციონალიზმი
რამდენადაც ეკლესია მუშაობს მახარებლური მისიის შესასრულებლად, აუცილებელია გეგმების შედგენა, გუნდების ჩამოყალიბება, პროგრამების შემუშავება და მხარდაჭერა. ეკლესია აყალიბებს ინსტიტუტებს პრაქტიკული მიზნებისთვის. ხშირად, ინსტიტუციები ყალიბდება სულიერი გამოღვიძების დროს, როდესაც ხალხი ერთგულია და ეკლესია მოტივირებული თავისი მისიის შესასრულებლად.
ინსტიტუციები აუცილებელია. ისინი უბრალოდ ადამიანებისა და რესურსების გრძელვადიანი გაერთიანებაა. ინსტიტუციების გარეშე არ იქნებოდა ეკლესიის შენობები, უცხოური მისიები, ბიბლიის ან სხვა ლიტერატურის გამომცემლობები, ქრისტიანული სკოლები ან საგანმანათლებლო პროგრამები და მსახურების ფინანსური მხარდაჭერა. ადგილობრივი ეკლესიაც კი ინსტიტუციაა, რომელიც არ იარსებებს, თუკი ადამიანთა ჯგუფი არ აიღებს ვალდებულებებს.
თუ ინსტიტუცია (დაწესებულება) წარმატებულია, ის შეიძლება გახდეს დიდი, ბევრი ხალხით და დიდი ბიუჯეტით. დაწესებულების შენახვა დიდ ძალისხმევასა და ხარჯებს მოითხოვს. ზოგჯერ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ დაწესებულებაში, უჩნდებათ იმის განცდა, რომ უმთავრესი მიზანი ამ ინსტიტუციის მშენებლობაა. ისინი ფიქრობენ, რომ მათი მიზანია დაწესებულების შენარჩუნება და არა დაწესებულების თავდაპირველი მისიის შესრულება.
მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუციები აუცილებელია, ისინი ხშირად უნდა შეფასდეს და რეფორმირდეს სახარების პრიორიტეტის მიხედვით.
(2) რელიგია, როგორც ბიზნესი
იმის გამო, რომ მსახურებას აქვს ფულის მოზიდვის პოტენციალი, ზოგიერთმა ადამიანმა დაიწყო მსახურება, როგორც ბიზნესი. ცუდი არაფერია იმაში, რომ მსახურება ყიდის ნივთებს მისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და არ არის ურიგო მსახურებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მოძიება. თუმცა, თუ ადამიანი უფრო მეტად არის მოტივირებული ფულით, ვიდრე სახარებისეული პრიორიტეტით, მისი გული არასწორია და მისი საქმე არ ახარებს ღმერთს (1 პეტრეს 5:1-2, 2 პეტრეს 2:3).
სიმონი იყო ადამიანი, რომელსაც სულიერი ნიჭის მიღება სურდა, რათა ჰქონოდა სტატუსი და ფინანსური მოგება, მაგრამ მოციქულმა უთხრა, რომ მისი გული წრფელი არ იყო (საქმეების 8:18-23).
► რა ჭირს პასტორის მდგომარეობას, რომელიც ცდილობს თავისი ეკლესიის გაყიდვას? რა არის არასწორი მის გაგებაში, თუ რა არის ეკლესია?
(3) სინკრეტიზმი
სინკრეტიზმი არის ქრისტიანობის ნაზავი სხვა რელიგიის ურთიერთსაწინააღმდეგო რწმენასთან და პრაქტიკასთან. სინკრეტიზმის მაგალითი ახალი აღთქმის დროიდან არის სამარიელთა რელიგია. უცხოელები, რომლებიც კერპებს ეთაყვანებოდნენ, გადავიდნენ ისრაელის ტერიტორიაზე და შეურიეს ისრაელის რელიგია თავიანთ კერპთაყვანისმცემლობას; იესომ თქვა, რომ მათ არ იცოდნენ, რას სცემდნენ თაყვანს (იოანეს 4:22).
სინკრეტიზმის კიდევ ერთი მაგალითია ჰაიტი. როდესაც ჰაიტი საფრანგეთის კოლონია იყო, მონებს აფრიკიდან ქრისტიანობის მიღება მოეთხოვებოდათ. მათ მოახდინეს თავისი ყოფილი რელიგიების შერწყმა რომის კათოლიციზმთან. ბევრი ჰაიტელი ჯერ კიდევ ვუდუს ჩვეულებას მისდევს, რომელიც არის სულების თაყვანისცემა, მაგრამ იყენებს ქრისტიანულ სიმბოლოებს და ქრისტიან წმიდანთა სახელებს.
ზოგჯერ სინკრეტიზმი წარმოიქმნებოდა იმის გამო, რომ ქრისტიანობა ასოცირდებოდა ერთან, რომელიც დომინირებდა სხვა ერზე. ხალხი ცდილობდა ესიამოვნებინა დომინანტი ერისთვის, ამიტომ იღებდნენ მის რელიგიურ წეს-ჩვეულებებს, თუმცა ინარჩუნებდნენ თავის რწმენასაც.
► ქრისტიანობისა და სხვა რელიგიებს შორის შერწყმის რა მაგალითები გინახავთ?
ამქვეყნიურმა მოტივებმაც შეიძლება გამოიწვიოს სინკრეტიზმი. ადამიანები ფიქრობენ, რომ თუ სახარების მიღება მოუტანს მათ ფინანსურ სარგებელს, პოლიტიკურ გავლენას ან გავლენიანი ადამიანების კეთილგანწყობას, მათ შეუძლიათ გარეგნულად მიიღონ ქრისტიანობა, სინამდვილეში კი არ მობრუნდნენ. შემდეგ ისინი აგრძელებენ თავისი ძველი რწმენითა და საქმეებით ცხოვრებას, მაგრამ ამას ქრისტიანულ სახელებს არქმევენ. ყველაზე კარგია, როდესაც ეკლესიას შეუძლია ევანგელიზაცია მოახდინოს იმის შეთავაზების გარეშე, რაც ადამიანებს არასწორ მოტივებს აღუძრავს.
ქრისტიანობა უცხო რელიგიად გვეჩვენება, რადგან სახარებას უცხოელი მისიონერები ქადაგებენ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანობა დაინერგოს თითოეულ კულტურაში და მიიღოს ისეთი ფორმა, რომელიც ამ კულტურაშია. ის არ უნდა აგრძელებდეს ყოფნას, როგორც უცხო რელიგია. თუმცა, მნიშვნელოვანია მისიონერებმა და მახარებლებმა გაარკვიონ კულტურის რომელი ასპექტები არ შეესაბამება ქრისტიანობას. ეს გარჩევა არის პროცესი, რომელსაც ადგილობრივი ქრისტიანები უნდა დაეხმარონ და ამას საკმაოდ დიდი დრო ჭირდება.
(4) პოპულარული რელიგია
ზოგჯერ რელიგია განიხილება ერის დამკვიდრებულ რელიგიად. მაგალითად, ზოგიერთ ერში უმეტესობა მუსლიმია. სხვა ერებში ადამიანების უმეტესობა თავს კათოლიკედ თვლის. ბევრი ადამიანი სინამდვილეში არ იცავს თავისი რელიგიის მორალურ სტანდარტებს და მხოლოდ ხანდახან ახორციელებს რელიგიურ წეს-ჩვეულებებს; მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ამ რელიგიის მიმდევრები არიან.
ბევრი ადამიანი საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, რადგან მათ სოციალურ წრეებში ყველა კარგი ადამიანი ქრისტიანად ითვლება. სინამდვილეში მათ არ მოუნანიებიათ. ისინი უბრალოდ იცავენ საკუთარ მორალურ სტანდარტებს.
სახარება არის მოწოდება მონანიებისა და ქრისტესადმი მორჩილებისკენ. იესომ თქვა, რომ ადამიანი ვერ შეძლებს იყოს მისი მოწაფე, თუ არ მოაკვდინებს ეგოიზმს და არ უარყოფს საკუთარ თავს, ამით ის გახდება იესოს ნამდვილი მიმდევარი (ლუკას 9:23).
ქრისტიანის განმარტება არ შეიძლება ადაპტირებულ იქნას, რომ იყოს პოპულარული ცოდვილ საზოგადოებაში. საზოგადოების ჩვეული მორალი ყოველთვის გაცილებით დაბალია, ვიდრე ქრისტიანული მორალი და ქრისტიანული კონტრასტი ქვეყნიერებასთან.
► როგორ ვლინდება, უმეტეს შემთხვევაში, პოპულარული ქრისტიანობა მონანიების გარეშე, თქვენს საზოგადოებაში?
(5) სექტანტობა
ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ყველა ქრისტიანი ყველა დოქტრინაზე შეთანხმდება. ქრისტიანებს შორის არის განსხვავებები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იღებენ ბიბლიას, როგორც მათი მოძღვრების წყაროს.
ზოგჯერ ეკლესიები ყველაზე მეტად ხაზს უსვამენ მოძღვრებებს, რომლებიც განასხვავებს მათ სხვა ეკლესიებისგან, მაგრამ ეს მოძღვრებები არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ქრისტიანობის ფუნდამენტური დოქტრინები. ეკლესიამ არ უნდა თქვას, რომ სხვა ეკლესიები არ არიან ჭეშმარიტად ქრისტიანული, თუ ეს ეკლესიები ასწავლიან ძირითად სახარებას.
ეკლესიამ არ უნდა დაიმკვიდროს თავისი იდენტობა სხვა ეკლესიებთან ბრძოლით. მან, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაიმკვიდროს თავი ჯერ სახარებით, შემდეგ წევრთა ერთგული ჯგუფის თანამოზიარეობის დამყარებით.
► რის საფუძველზე უნდა სცნოს ეკლესიამ სხვა ეკლესია ჭეშმარიტად ქრისტიანულად?
(6) დოქტრინალური დისბალანსი
ჭეშმარიტი მოძღვრებაც კი შეიძლება იმდენად იყოს ხაზგასმული, რომ ის თითქოს ეწინააღმდეგება სხვა ჭეშმარიტებას. მადლზე აქცენტირებით, ეკლესიას შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს ღმერთისადმი მორჩილების აუცილებლობა. მობრუნების მომენტის ხაზგასმით შეიძლება ისე ჩანდეს, რომ თითქოს ეკლესია ივიწყებს მოწაფეობის პროცესს. ღმერთის მიერ განდგომილის მიმართ ერთგულებაზე ხაზგასმის მიუხედავად, ეკლესიამ შეიძლება ვერ აღკვეთოს განდგომის საფრთხე. სულიერი ნიჭების დაფასებისას, ეკლესიამ შეიძლება არ დააფასოს ღრმა სულიერება და ქრისტიანული ხასიათი.
მოძღვრებაში დისბალანსი დროთა განმავლობაში იჩენს თავს და აქვს გრძელვადიანი შედეგები. ნებისმიერი სწავლება, რომელიც (1) იწვევს უყურადღებობას ცოდვის მიმართ, (2) ართმევს გადარჩენაში დარწმუნებულობას, (3) უქმნის დამატებით სირთულეებს იმ პირს, რომელიც პასუხობს სახარებას, ან (4) მალავს სახარებას, არის სწავლება, რომელიც დოქტრინულად გაუწონასწორებელია.
ისტორიული აღორძინებები და რეფორმები
დროდადრო ეკლესიის ისტორიაში სახარება, როგორც ჩანს, მიტოვებული იყო დიდი ინსტიტუციების მიერ. ისეთი შეცდომები, როგორიცაა ინსტიტუციონალიზმი, სინკრეტიზმი და დოქტრინალური დისბალანსი, უფრო თვალსაჩინოდ ჩანდა, ვიდრე სახარება. ლიდერები სულიერი მაგალითები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, აჩვენებდნენ არასწორ მოტივებს, არასწორ ხასიათს და ინტერესს ქვეყნიერების მიმართ.
ზოგჯერ ღმერთი ეკლესიას უგზავნის დიდ გამოღვიძებას. გრძელვადიან და ფართო შედეგების მქონე გამოღვიძებას სამი ასპექტი აქვს.
1. ხდება თეოლოგიური რეფორმაცია, როდესაც უგულებელყოფილი სულიერი ჭეშმარიტება აღდგება.
2. ხდება სულიერი განახლება დიდი ლოცვით, მხურვალე თაყვანისცემით და მრავალი მოქცეულით.
3. ხდება მსახურების ახალი მეთოდების დანერგვა, რადგან ეკლესია პოულობს ახალ გზებს ევანგელიზაციისა და მოწაფეობისთვის.
პროტესტანტული რეფორმაცია (1500-იან წლებში მთელ ევროპაში) იყო მხოლოდ მადლით და მხოლოდ რწმენის მეშეობით გადარჩენის სახარების აღდგენა. ათასობით ადამიანმა განიცადა მობრუნება. წმიდა წერილი ითარგმნა საყოველთაო ენებზე და ხელმისაწვდომი გახდა.
ანაბაპტისტები (მთელ ევროპაში 1500-იან წლებში და შემდეგ) იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეშფოთებულნი იყვნენ, რადგან რეფორმაციის მრავალი მიმდევარი ფიქრობდა, რომ სწორი დოქტრინების რწმენა საკმარისი იყო გადარჩენისთვის. ბევრმა ადამიანმა აღიარა, რომ მიიღო სახარების ჭეშმარიტება, მაგრამ არ განიცადა მობრუნება. ანაბაპტისტები ყურადღებას ამახვილებდნენ პიროვნულ მოქცევაზე.
პიეტისტები (1600-იანი წლების ბოლოს გერმანიაში) იყვნენ ადამიანები, რომლებმაც გააცნობიერეს მოწაფეობის მნიშვნელობა. მათ შეიმუშავეს მცირე ჯგუფების მსახურებები და სისტემები, მორწმუნეების ქრისტიანული ზრდისთვის მოსამზადებლად.
მეთოდისტური აღორძინება (1700-იანი წლების ბოლოს ინგლისში) დაიწყო ჯონ უესლის მსახურებით. ინგლისის ეკლესიის მღვდლების უმრავლესობამ უარყო, რომ გადარჩენის პირადი გარანტია შესაძლებელი იყო. უესლი ქადაგებდა, რომ თითოეულმა ადამიანმა შეიძლება იცოდეს, რომ მას აქვს ცოცხალი რწმენა ქრისტესადმი და ხსნაში დარწმუნებულობა სულიწმიდისგან.
► რომელი დიდი ჭეშმარიტების ხაზგასმა გჭირდებათ თქვენს საზოგადოებაში?
დასკვნა
ბევრი ქრისტიანული ინსტიტუცია, დიდი თუ პატარა (მათ შორის ადგილობრივი ეკლესიები), დაიწყო სახარების პრიორიტეტის ერთგულებით. დროთა განმავლობაში, ბევრი მათგანი ამ პრიორიტეტს დაშორდა.
ეკლესიის ეფექტურობის განახლებისთვის, ჩვენ არ გვჭირდება უცნაური ახალი მოძღვრებები ან ახალი გამოცხადებები. რაც ჩვენ გვჭირდება არის, სახარების პრიორიტეტის ევანგელური პრინციპის აღდგენა.
ტესტი
შემდეგი გაკვეთილი დაიწყეთ მე-5 გაკვეთილის ტესტით. ყურადღებით შეისწავლეთ ტესტის კითხვები მომზადებისას.
(1) რა არის ევანგელური ეკლესიების სამი მახასიათებელი?
(2) რა ექვსი გზა არსებობს, რომლითაც ეკლესიამ შეიძლება დაკარგოს სახარებისეული პრიორიტეტი?
(3) რა ოთხი ნიშანია იმისა, რომ მოძღვრება გაუწონასწორებელია?
(4) რა არის გრძელვადიანი აღორძინების სამი ასპექტი?
(5) დაწერეთ ნამდვილი მოწმობა ყოველ ქვემოთ ჩამოთვლილზე:
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.