წაიკითხეთ: ეფესელთა, ფილიპელთა, კოლოსელთა, და ფილიმონის წერილები
დაიზეპირეთ: ეფესელთა 4:11-16 და კოლოსელთა 3:1-4
შესავალი
ახ. წ. 60-იანი წლების დასაწყისში, პავლე ორი წლის განმავლობაში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა რომში. მიუხედავად იმისა, რომ პატიმარი იყო, მას ჰქონდა შედარებითი თავისუფლება. ის საკუთარ სახლში ცხოვრობდა და მნახველების მიღების უფლება ჰქონდა (საქმ. 28:30-31). ამ ტყვეობის დროს, პავლემ ოთხი წერილი დაწრა (რომლებსაც აგრეთვე ეპისტოლეები ეწოდებათ). სამი წერილი ეკლესიების მიმართაა; მეოთხე კი პავლემ მისი მსახურების დროს მოქცეულ კაცს მიწერა.
ეს პავლეს წერილებს შორის ყველაზე სასიხარულო წერილებია. ისინი გვაჩვენებენ მის გამარჯვებას ცხოვრების რთულ ვითარებებზე და გვამხნევებენ და მოგვიწოდებენ სიხარული შევინარჩუნოთ ჩვენი ბრძოლების დროს.
ეს წერილები ძალზე პრაქტიკულია. ისინი ეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა ოჯახური ურთიერთობები და სულიერი ომი (ეფესელთა წერილი), თავმდაბლობა და ერთიანობა (ფილიპელთა წერილი), ქრისტეს უპირატესობა (კოლოსელთა წერილი), და პატიება და აღდგინება (ფილიმონის წერილი).
ეფესელთა
ისტორიული გარემო
ეფესოში ეკლესია დაინერგა პავლეს მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს. ორატორი აპოლოსი ეფესოში ქადაგებდა; პრისკილა და აკვილა მუშაობდნენ იქ; პავლემ სამი წელი გაატარა ეფესოში ქადაგებასა და სწავლებაში. ეს ქალაქი გახდა მიმდებარე პროვინციაში ევანგელისტური საქმიანობის ცენტრი; ეფესოდან “ ყველამ, ვინც აზიაში ცხოვრობდა, მოისმინა უფლის იესოს სიტყვა” (საქმ. 18:24-19:10).
ეფესო იყო ქალღმერთი დიანას (რომელსაც ასევე არტემიდეს უწოდებენ) ცნობილი ტაძრის ადგილმდებარეობა. ოკულტური პრაქტიკა იყო ჩვეულებრივი მოვლენა, ხოლო ქალაქის ეკონომიკა ტრიალებდა ტაძართან დაკავშირებული საგნების გაყიდვის გარშემო. პავლეს მსახურებამ ამ ორივე ინტერესის ნგრევა გამოიწვია. ახალმა მორწმუნეებმა 6 მილიონი დოლარის ღირებულების ჯადოქრული ხელოვნების წიგნები დაწვეს. ამის შედეგად, დემეტრე და სხვა ხელოსნები, რომლებიც ფულს შოულობდნენ დიანასთვის მიძღვნილი ნივთების გაყიდვით, აჯანყდნენ პავლეს მსახურების წინააღმდეგ. სულიერი ომი მნიშვნელოვანი თემაა ეფესელთა წერილში.
კიდევ ერთი ფაქტორი უნდა აღინიშნოს ეფესელთა შესახებ. წარმოუდგენელია, რომ პავლეს წერილები არ მოიცავდეს ეკლესიაში მყოფი ხალხს პირადად მოკითხვას. რომში მიწერილი წერილიც კი, სადაც პავლე ჯერ არ იყო ნამყოფი, მოიცავდა პავლესთვის ნაცნობი ეკლესიის წევრების მოკითხვას. ეფესოს ეკლესიის მიმართ წერილში, სადაც პავლე სამი წლის განმავლობაში ქადაგებდა, მოსალოდნელი იყო სახელების გრძელი ჩამონათვალი. ამის საპირისპიროდ, ეფესელთა წერილი არ შეიცავს პირად მოკითხვებს. ყველაზე სავარაუდო მიზეზი ის არის, რომ ეფესელები და კოლასელები "ცირკულარული წერილები" იყო, რომლებიც მცირე აზიის რამდენიმე ეკლესიაში უნდა გავრცელებულიყო. ტვიქიკოსს დაევალა ეფესელთათვის და კოლასელთათვის მიწერილი წერილების და ამ ეკლესიების მოკითხვის გადაცემა (ეფეს. 6:21 და კოლ. 4:7).
შინაარსი
ეფესელთა მიმოხილვა გვიჩვენებს ორ დიდ მონაკვეთს:
1. დოქტრინა: რა გააკეთა ღმერთმა ეკლესიისთვის (ეფეს. 1-3)
2. გამოყენება: რას აკეთებს ღმერთი ეკლესიაში (ეფეს. 4-6).[1]
პირველ ნაწილში პავლე ეხება დოქტრინებს რჩეულობის და ეკლესიის შესახებ. მეორე ნაწილში, პავლე მოუწოდებს თავის მკითხველებს იცხოვრონ იმ მდგომარეობის ღირსად, რაც ღვთის რჩეულ ეკლესიას ეკადრება.
დოქტრინა: რა გააკეთა ღმერთმა ეკლესიისთვის (ეფეს. 1-3)
მორწმუნეთა ხსნა (ეფეს. 1:3-2:10)
მოკლე მისალმების შემდეგ, პავლე იწყებს ლოცვით, რომელშიც ჩამოთვლილია ქრისტეში მიღებული კურთხევები. ეფესელთა 1:3-14 მშვენიერი დოქსოლოგიაა, რომელშიც პავლე თავის მკითხველებს ახსენებს სულიერ სიკეთეებს, რომელსაც ქრისტეში ჩვენი ადგილის მეშვეობით ვიღებთ.
► წაიკითხეთ ეფესელთა 1:3-14. რა სულიერ კურთხევებს ვიღებთ ქრისტეში?
ჩვენს ხსნაში ჩართულია ჩვენს ხსნაში წმიდა სამების სამივე პიროვნება მონაწილეობს. 1:3-6 -ში, პავლე გვაჩვენებს მამის როლი ჩვენს არჩევაში. ღმერთმა “ამოგვირჩია მასში ქვეყნიერების შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით.” ჩვენ ვართ არჩეულნი “მასში” (ქრისტეში) რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით. ხსნის გეგმა მამის ჩანაფიქრი და განზრახვა იყო.
1:7-12-ში, პავლე გვაჩვენებს ძირს როლს ჩვენს გამოსყიდვაში. იესოს გამომსყიდველი სიკვდილის გამო, ჩვენ გვაქვს “გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მიტევება მისივე მადლის სიმდიდრით.” ვინმეს გამოხსნა ნიშნავს ტყვეობიდან გამოსყიდვას. ძველი აღთქმის დიდი მაგალითი იყო ისრაელის გამოსყიდვა ეგვიპტის მონობისგან. ახალ აღთქმაში ყველა, ვისაც სწამს იესო, გამოსყიდულია სატანის მონობისგან.
1:13-14-ში, პავლე გვჩვენებს სულიწმიდის როლი ჩვენს დაცვაში. სულიწმიდის მეშვეობით ჩვენ "დავიბეჭდეთ". მშვენიერი სიტყვებით პავლე გვაუწყებს, რომ სულიწმიდა “ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია ქონების გამოსყიდვაში, ღმერთის დიდების საქებრად.” ის გვთავაზობს „წინასწარ გადახდას“ ჩვენი მემკვიდრეობისთვის საუკუნო სამეფოში. სულიწმიდის წყალობით, ჩვენ ვართ ღმერთის "შეძენილი კუთვნილება" და გვაქვს სამოთხის აღთქმა.
გამოსყიდვის დოქტრინა გრძელდება ეფესელთა 2 თავში, სადაც პავლე შეგვახსენებს, რომ ჩვენ „დანაშაულითა და ცოდვებით მკვდრები ვიყავით.” ჩვენი ხსნა არ ემყარება რაიმე ჩვენს დამსახურებას; ამის ნაცვლად: “„წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავის დიდ სიყვარულში, რომლითაც შეგვიყვარა, ჩვენ, დანაშაულის გამო მკვდრები, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად - მადლით ხართ გადარჩენილნი.” “ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილნი, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არაა, არამედ ღვთის საჩუქარია. არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხნოს” (ეფეს. 2:4-5, 8-9). მთელი პროცესი ღმერთის საჩუქარია. ჩვენ არაფერი გვაქვს საამაყო.
[1]ადაპტირებულია Walter A. Elwell and Robert W. Yarbrough, Encountering the New Testament. (Ada: Baker Academic, 2005).
სპეციალური თემა: რჩეულობა
პავლე წერს, რომ ღმერთს წინასწარ განსაზღვრული ჰქონდა, რომ ვეშვილეთ იესო ქრისტეში. მან “ამოგვირჩია მასში ქვეყნიერების შექმნამდე”
ზოგიერთი იყენებს სიტყვა "რჩეულობას" იმ მნიშვნელობით, რომ ქვეყნიერების შექმნამდე ღმერთმა აირჩია ყველა ცალკეული პიროვნება, ვინ უნდა გადაერჩინა. “რჩეულს” გადარჩენა წინასწარ განსაზღვრული აქვს ბედისწერით. ლოგიკურად, ეს ნიშნავს, რომ ყველა სხვა ადამიანი განწირულია წყევლისთვის და მათი გადარჩენა შეუძლებელია. როგორც ჩანს, ეს ეწინააღმდეგება ბიბლიის გზავნილს, რომ ღმერთს უყვარს „მთელი“ კაცობრიობა.
ზოგიერთი იყენებს სიტყვა "რჩეულობას" იმ მნიშვნელობით, რომ ეს მხოლოდ ღმერთის წინასწარი ცოდნაა, თუ ვინ აირჩევს გადარჩენას. ისინი ამტკიცებენ, რომ წინასწარ განზრახვა უბრალოდ ღმერთის წინასწარ ცოდნაა ადამიანის არჩევანის შესახებ. ამ თვალსაზრისით, ხსნა ემყარება ჩვენს არჩევანს. როგორც ჩანს, ეს გაგება ეწინააღმდეგება ბიბლიის ხაზგასმას ღვთის სუვერენულობაზე, მის უზენაეს ხელისუფლებაზე.
ეს ორი პრინციპი (ღმერთის სუვერენულობა და ღმერთის საყოველთაო სიყვარული) განხილულია ორ ცენტრალურ მონაკვეთში წინასწარ განსაზღვრულობის, ანუ ბედისწერის სესახებ: რომაელების 9-11 და ეფესელების 1 თავში. რომაელთა 9-11თავები გვიჩვენებს ღვთის სამართლიანობას გადარჩენის გზის განსაზღვრისას. ღმერთი სუვერენული, ანუ უზენაესია. ვერავინ გადარჩება, თუ არა იესო ქრისტეს რწმენით, ეს ის გზაა, რომელიც ღმერთმა სამუდამოდ განსაზღვრა, როგორც ხსნის გზა.
ეფესელთა 1-ში პავლე გვიჩვენებს, რომ ხსნა ინდივიდებს ეკუთვნით, რადგან ჩვენი ადგილი არის „ქრისტეში.“ ჯერ კიდევ ქვეყნიერების შექმნამდე ქრისტე იყო ის, ვისი მეშვეობითაც ხსნა უნდა მოსულიყო. ყველა, ვისაც სწამს, რჩეულია „მასში.“ ღმერთის ყოვლისმომცველი სიყვარულის გამო, ხსნის გზა გახსნილია ყველასთვის, ვისაც სწამს.
იგივე ბალანსი ჩანს ძველ აღთქმაში. ისრაელი იყო რჩეული ერი, ღვთის მიერ არჩეული ხალხი. ამასთან, „ვინც ისრაელისაგან არის, ყველა ისრაელიანი როდია” (რომ. 9:6). ღმერთის მიერ ისრაელის, როგორც ერის არჩევა არ ნიშნავს, რომ ყველა ისრაელიანი გადარჩებოდა. დაუმორჩილებლობის გამო, ზოგიერთმა (ყაქანის მსგავსად) დაკარგა აღთქმული. სხვებმა, რომლებიც ისრაელიანად არ დაბადებულან (რახაბივით) ირწმუნეს ღმერთის აღთქმული და მემკვიდრეობით მიიღეს ისრაელისთვის მიცემული დანაპირები. ხსნა მოითხოვდა, რომ ინდივიდებს ეწამათ და მონაწილეობა მიეღოთ ღვთის აღთქმაში ისრაელის არჩევის შესახებ.
ანალოგიურად, ქრისტეც შეირჩა სამყაროს დაარსებამდე, როგორც ის, ვისი მეშვეობითაც მოგვცა ხსნა. როდესაც ჩვენ "ქრისტეში" ვართ რწმენით, ვიღებთ ხსნის კურთხევას, რომელიც მას ეკუთვნის. ჩვენ რჩეულები ვართ ქრისტეში.
რჩეულობა - ღმერთის სუვერენული არჩევანია - ქრისტეს რწმენა, როგორც ხსნის ერთადერთი გზა. “სხვა არავისში არსებობს ხსნა და არც არის ცის ქვეშ ადამიანთათვის მიცემული სხვა სახელი” (საქმ. 4:12). იგივე აზრი ჩანს 1 პეტრეს 1: 18-20-ში. ჩვენ გამოსყიდულნი ვართ არა ხრწნადი ნივთებით, არამედ „ქრისტეს ძვირფასი სისხლით“ პეტრეს თქმით, ქრისტე “წუთისოფლის შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული” (1 პეტ. 1:19-20). რჩეულობა მხოლოდ ქრისტეშია და მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით.
ეფესელთა
დოქტრინა: რა გააკეთა ღმერთმა ეკლესიისთვის (ეფეს. 1-3) (გაგრძელდება)
ეკლესიის ერთიანობა (ეფეს. 2:11-3:21) (გაგრძელდება)
► რა არის "სახარების საიდუმლო" ეფესელთა წერილში?
ეფესელთა 1 თავში პავლე ხარობს მორწმუნეთა ხსნით. ეფესელთა 2-3-ში ის ხარობს ღმერთის ქმნილით, ეკლესიით. ეფესელთა მნიშვნელოვანი თემა ეკლესიის ერთიანობაა, ერთი სხეული, რომელიც იუდეველთა და წარმართთაგან შედგება. წარმართები, რომლებიც ოდესღაც „აღთქმის მცნებათათვის უცხონი“ იყვნენ, ახლა „ახლობლები გახდნენ ქრისტეს სისხლის მეშვეობით” (ეფეს. 2:12-13). თავიდანვე ღმერთის გეგმა იყო წარმართთა შეყვანა თავის ოჯახში. პავლეს ებრაელი ძმებისათვის ეს სახარების შოკისმომგვრელი მხარე იყო; ეკლესია შედგება ორივესაგან - იუდეველებისა და წარმართებისგან ქრისტეში.
ბიბლიაში საიდუმლოება არ არის ისეთი რამ, რისი გაგებაც არ შეიძლება; საიდუმლო არის ის, რაც უცნობი იყო, მაგრამ ახლა გაცხადდა. ეფესელთა 3-ში პავლე განმარტავს საიდუმლოებას, რომელიც ახლა გამოვლინდა და გაცხადდა: „რომ წარმართებიც თანამემკვიდრეები, სხეულის ნაწილები და აღთქმის თანაზიარნი არიან ქრისტეში ხარების მეშვეობით” (ეფეს. 3:6). ღვთის მადლის ძალაუფლების ნიშნად, პავლე - "ყველა წმიდას შორის უმცირესი," ვინც დევნიდა ქრისტეს და მის ეკლესიას, აირჩეულ იქნა "რათა წარმართთათვის მეხარებინა ქრისტეს აურაცხელი სიმდიდრე” (ეფეს. 3:8).
პავლე მოძღვრების (დოქტრინალურ) ნაწილს ასრულებს ლოცვით, რათა ეფესელი მორწმუნეები, უკვე "წმინდანები" და "ქრისტე იესოში ერთგულნი," აღვსილიყვნენ "სრული ღვთიური სისავსით".
გამოყენება: რას აკეთებს ღმერთი ეკლესიაში (ეფეს. 4-6)
ამ წერილის მეორე ნახევარში პავლე მოუწოდებს მორწმუნეებს, იარონ „იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოუწოდეს” (ეფეს. 4:1). ჩვენი მოწოდების ღირს ცხოვრება:
ხელს უწყობს ერთიანობას ეკლესიაში (ეფეს. 4:1-16)
იწვევს ეთიკურ ქცევას (ეფეს. 4:17-5:21)
გავლენას ახდენს ოჯახურ და სამუშაო ურთიერთობებზე (5:21-6:9)
მხოლოდ უფლის ძალის ძლიერებაში ცხოვრობს (6:10-18)
ქრისტიანული დოქტრინა არ შეიძლება განცალკევდეს ქრისტიანული ცხოვრებიდან. ეკლესიის დოქტრინა უნდა თვასაჩინო იყოს (ჩანდეს) მის ცხოვრებაში, სადაც "თითოეული ასო სათანადოდ მოქმედებს", ეკლესია, რომელიც "თავის თავს აშენებს სიყვარულში" (ეფეს. 4:16). სწავლება მადლის მეშვეობით გადარჩენის შესახებ, ცხადი ხდება "ახალი კაცის" ქცევაში, "რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, ჭეშმარიტების სიმართლესა და სიწმიდეში" (ეფეს. 4:24).
დასასრულს, ის ითხოვს ლოცვას მისთვის, რათა კვლავაც განაგრძოს სახარების უწყება და აგრეთვე ლოცავს და აკურთხებს მათ.
ფილიპელთა
ისტორიული გარემო
ეს იყო პირველი ეკლესია, რომელიც ევროპაში დაინერგა. პავლე და სილა ფილიპიში გაემგზავრნენ მას შემდეგ, რაც პავლემ ხილვაში ნახა მაკედონიელი კაცი, რომელსიც დახმარებას ითხოვდა (საქმ. 16:8-40). მიუხედავად იმისა, რომ „ფილიპი მაკედონიის ამ ნაწილის მთავარი ქალაქი იყო“, მას არ ჰყავდა ებრაელი მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა. ისინი მდინარის პირას ლოცულობდნენ, რადგან იქ არ იყო სინაგოგა.[1]
ფილიპიში ერთ – ერთი პირველი ქრისტესკენ მოქცეული იყო ლიდია, მდიდარი ქალბატონი. მისი ნათლობის შემდეგ, ლიდიას სახლი გახდა მორწმუნეების თავშეყრის ადგილი. დიდ ქალაქებში, სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ, სახარებისთვის წინააღმდეგობის გაწევა რელიგიური წინამძღოლების მხრიდან ხდებოდა, ხოლო ფილიპიში წინააღმდეგობა გაჩნდა მას შემდეგ, რაც პავლემ და სილასმა ხელი შეუშალეს იმ ადამიანების საქმიანობას და შემოსავალს, რომლებიც სულით მოპყრობილ მონა გოგონას აკონტროლებდნენ. პავლე და სილა დააპატიმრეს, სცემეს და ციხეში ჩასვეს. იმ ღამეს, მიწისძვრამ გახსნა ციხის კარები და პატიმრები გათავისუფლდნენ ბორკილებისგან. გაქცევის ნაცვლად, პავლემ და სილამ ციხის ზედამხედველს სახარება უქადაგეს.
საქმეებში „ლუკამ“ ახსენა, რომ ფილიპი „კოლონია იყო” (საქმ. 16:12). ამ უბრალო დებულებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მოციქულთა საქმეების ადრეული მკითხველებისთვის. ფილიპი დაარსდა როგორც რომის კოლონია ძვ. წ. 42 წელს, რომაელი გენერლის ანტონიუსის მიერ. ბევრმა ჯარისკაცმა მიატოვა ჯარი და ამ ქალაქში გადასახლდა, რადგან მისი მოსახლეობა თავისუფლდებოდა მრავალი რომაული გადასახადისგან. ფილიპის, როგორც კოლონიის სტატუსი, მისი მოქალაქეების სიამაყე იყო. პავლე ამ აზროვნებას გულისხმობს, როდესაც ფილიპელ ქრისტიანებს მოუწოდებს იცხოვრონ, როგორც ზეცის მოქალაქეებმა.[2]
მიზნები
ფილიპელები პავლეს ერთ – ერთი ყველაზე პოზიტიური წერილია, რომელშიც ნაჩვენებია რამდენიმე პრობლემა, რომელსაც ის ეხება კორინთელთა და გალატელთა მიმართ წერილებში. ამ წერილის ორი მიზეზი არსებობდა.
პირადი მიზანია - პავლეს პატიმრობის შესახებ ამბის შეტყობინება და ეკლესიის მიერ მისი მსახურების ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლიერების გამოხატვა (ფილიპ.4:15-18). პავლე ხარობს მათი ერთგულებით და მოუწოდებს იცხოვრონ სიხარულით სავსე ცხოვრებით.
სწავლების მიზანს კი ფილიპელთა ეკლესიის ორი საშიშროების აღმოფხვრა წარმოადგენდა: გარე საფრთხე, რომელიც ცრუ მასწავლებლების მხრიდან მომდინარეობდა, ხოლო შინაგანი საფრთხე კი - ეკლესიის ორ წევრს შორის დაყოფიდან.
შინაარსი
სიხარული გარემოებების მიუხედავად (ფილიპ. 1)
მიუხედავად იმისა, რომ პავლე ციხეშია, ის დარწმუნებულია, რომ ღმერთი თავის მიზნებს ახორციელებს. პატიმრობის გამო, პავლეს შესაძლებლობა აქვს სასახლის მცველებს უქადაგოს სახარება. პავლემ არ იცის, მისი პატიმრობა გათავისუფლებით დასრულდება თუ სიკვდილით. შედეგის მიუხედავად, ის ხარობს, რადგან „ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი - მონაგები” (ფილიპ.1:12-14, 19-25).
კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც შეეძლო საფრთხე შეექმნა პავლეს სიხარულისთვის, იყო თანამორწმუნეების შური.
რომში მყოფი ჯგუფი, ქრისტეს „ჯიბრით“ქადაგებს, რაც ამძაფრებს პავლეს ტანჯვას. ამასთან, პავლეს, როგორიც არ უნდა იყოს მათი მოტივაცია, უხარია, რომ სახარება იქადაგება. პავლე დარწმუნებულია, რომ ამ ხალხის არასწორი მოტივის მიუხედავად, სიკეთე სახარებიდან მოდის. პავლეს პირადი მდგომარეობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ღვთის სასუფეველი (ფილიპ. 1:15-18).
თავმდაბლობა, როგორც ერთიანობის გასაღები (ფილიპ. 2)
მოგვიანებით წერილში, პავლე შეხება ფილიპელთა ეკლესიაში ორ დას შორის მომხდარ დაყოფას (ფილიპ. 4:2-3). ისინი კარგი ქრისტიანები არიან, რომლებიც პავლესთან ერთად მუშაობდნენ სახარების გულისთვის. სამწუხაროდ, ამ დებს შორის პირადი კონფლიქტი საფრთხეს უქმნიდა ეკლესიის ერთიანობას. ამ გაყოფის დასაძლევად საფუძველის ჩასაყრელად პავლეს ქრისტეს მაგალითი მოყავს, როგორც ქრისტიანული ერთიანობის ეტალონი.
რას ნიშნავს იესომ "თავი დაიმდაბლა"?
ფილიპ. 2:5-11-ს “ქრისტეს ჰიმნს” უწოდებენ იესოს ცხოვრების, სიკვდილის, აღდგომისა და ამაღლების შეჯამების გამო. 2:8–ის მნიშვნელობა, ბევრი ადამიანის კამათის საგნად იქცა, სადაც პავლე საუბრობს იესოს „თავის დამდაბლებაზე“. იესოს არ დაუთმია თავის ღვთაებრიობა (ღმერთობა). ამის ნაცვლად, მან დათმო პრივილეგიები, რომლებიც მას, როგორც სამყაროს მეფეს ეკუთვნოდა. ქრისტემ თავი დაიმდაბლა კაცად მოვლინებით; მას არ უარყვია თავისი ღვთიური ბუნება.
ბევრი კონფლიქტი გამოწვეულია საკუთარი უფლებების დაცვის სურვილით. პავლე მიგვითითებს ქრისტეს მაგალითზე, რომელმაც დათმო პრივილეგიები, რომლებიც მას, როგორც ღმერთს, ეკუთვნოდა, რათა კაცობრიობისთვის მსახურება გაეწია. იესო არ ჩაჭიდებია ღვთიურ პრივილეგიებს, არამედ "თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა სიკვდილამდე და თანაც ჯვარცმით სიკვდილამდე." მან განიცადა ყოველგვარი დამცირება - ჯვარცმის სამარცხვინო სიკვდილიც კი - ხსნის უზრუნველსაყოფად. შედეგად, ღმერთმა აამაღლა იესო და აღადგინა ის კანონიერ ადგილზე, ყოვლისმომცველ ძალაუფლებაში (ფილიპ. 2:5-11).
თითოეულმა ქრისტიანმა ისეთივე თავმდაბლობა უნდა გამოიჩინოს, რომ იზრუნოს თანამორწმუნეების საჭიროებებზე. “თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც” (ფილიპ. 2:4).
გაფრთხილება სახარების მტრების წინააღმდეგ (ფილიპ. 3)
მიუხედავად იმისა, რომ ფილიპელები მეტწილად პოზიტიური წერილია, პავლე მკაცრ გაფრთხილებას იძლევა იმ წესრიგის დამრღვევების ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც ეკლესიას საფრთხეს უქმნიდა. ეს არის იუდაიზერების ჯგუფი, რომელებიც ადრე გალატელთა მიმართ გაგზავნილ წერილში ჩანან. ისინი ამტკიცებენ, რომ ქრისტიანები უნდა მიმართავდნენ წინადაცვეთას და იცავდნენ ებრაულ რჯულს. პავლე მათ "ძაღლებს", "ავ მუშებს" და "დამსახიჩრებლებს" ("დამმახინჯებლებს") უწოდებს.
იუდაიზერების დაჟინებულ მოთხოვნას რჯულის რიტუალების დაცვის თაობაზე პავლე პასუხობს საკუთარ ცხოვრებაზე მითითებით. კანონის (რჯულის) დაცვას რომ მოჰქონდეს ხსნა, პავლეს „ხორცისადმი ნდობაც შეეძლო“. ის წინადაცვეთილი იყო რჯულის შესაბამისად; იყო ბენიამინის რჩეული ტომიდან, "ებრაელთაგან ებრაელი"; ის იყო ფარისეველი, რომელიც ზედმიწევნით იცავდა რჯულს; ის გულმოდგინე იყო ებრაული რწმენის მიმართ, ქრისტიანების დევნამდეც კი; რჯულის მიმართ პავლე უმწიკვლო იყო. ამასთან, ეს ყველაფერი "წაგებად" არის მიჩნეული "ქრისტე იესოში ღვთის უზენაესი მოწოდების ჯილდოს" მისაღწევად. პავლეც, ფილიპელებიც და ჩვენც გადარჩენილები ვართ არა რჯულის დაცვით, არამედ ემპირიული (ნაცადი) „ჩემი უფლის იესო ქრისტეს შეცნობით.” (ფილიპ. 3:4-8).
შეგახსენებთ შეგონებებს (ფილიპ. 4)
ბოლო თავში პავლე მოუწოდებს ევოდიასა და სვინტიქეს, აჩვენონ ერთიანობა, რასაც პავლე ასწავლიდა მეორე თავში. თუ ამ ქალბატონებს აქვთ ქრისტეს აზრი, ისინი მოაგვარებენ კონფლიქტებს. ის მოუწოდებს ეკლესიას, იხარონ ყველა გარემოებებით და შეინარჩუნონ ღვთის მშვიდობა თავიანთ გულებში და გონებაში. დასასრულს მადლობას უხდის ეკლესიას მისი მსახურების მხარდაჭერისთვის.
[1]ნებისმიერ ქალაქში, სადაც ათი ებრაელი კაცი ცხოვრობდა, ჰქონდათ სინაგოგა.
[2]ფილიპ. 3:20: “ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია....” იგივე ბერძნული სიტყვა გამოყენებულია ფილიპ. 1:27: “ოღონდ მოიქეცით ქრისტეს სახარების ღირსად...”
კოლოსელთა
ისტორიული გარემო
კოლოსელები დაიწერა რომში პავლეს პატიმრობის დროს. ტიმოთე ასევე დასახელებულია როგორც ავტორი, (კოლ. 1:1), შესაძლოა პავლეს მდივნის მოვალეობას ასრულებდა.
არანაირი მტკიცებულება, რომ პავლე ეწვია ეკლესიას კოლასეში, არ არსებობს. პავლესა და ეკლესიას შორის ყველაზე სავარაუდო შუამავალი ეპაფრასე იყო. კოლასელი ეპაფრასე შესაძლოა ეფესოში პავლეს მოღვაწეობის დროს იქნა მოქცეული, მისი ქალაქიდან დაახლოებით 160 კილომეტრის დაშორებით. ეპაფრასე დაბრუნდა ეკლესიის დასაფუძნებლად კოლასეში, აგრეთვე ახლომდებარე ქალაქებში, ლაოდიკიასა და იერაპოლისში. პავლემ ორივე ქალაქში გაგზავნა წერილები, ლაოდიკიაშიც და კოლასეშიც, და დაავალა ამ ჯგუფებს, რომ წერილები ერთმანეთისთვის გაეცვალათ (კოლ. 4:16).
მიზანი
პავლეს პატიმრობის პერიოდში ეპაფრასემ შეატყობინა მას იმ ერესის შესახებ, რომელიც კოლასეს ეკლესიას ემუქრებოდა. პავლემ მიწერა კოლასელებს ამ საშიში სწავლების მოსაგვარებლად. გარდა ამისა, პავლემ დაწერა კოლოსიელთა მიმართ ეპისტოლე, რათა მოეწოდებინა და წაეხალისებინა იქაური ქრისტიანები, ქრისტეში სიმწიფისკენ სწრაფვაში. წმინდა წერილის ეს წიგნი შეიცავს როგორც გაფრთხილებებს ცრუ მოძღვრების წინააღმდეგ, ასევე შეგონებებს სულიერი ზრდის შესახებ.
შინაარსი
კოლასელებს ეფესელებს ბევრი საერთო თემა აქვთ: ეკლესიის ერთიანობა, სულიერი ომის რეალობა და ჩვენი ქრისტიანული მოწოდების ღირსეული ცხოვრების წესის აუცილებლობა. ეს მსგავსება გასაკვირი არ არის. პავლე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს წერს ამ წერილებს და წერილები მსგავს საჭიროებებს ეხება.
მიუხედავად იმისა, რომ კოლასელების ერესის, ანუ მწვალებლობის სწავლების დეტალები შეიძლება განსხვავდებოდეს ცრუ სწავლებებისაგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის დღევანდელ ეკლესიას, პავლეს გზავნილი მნიშვნელოვანია დღევანდელი ეკლესიისთვის:
ქრისტე ქმნილებაზე აღმატებულია
ქრისტე ეკლესიის თავია
ჩვენ მოწოდების ღირსად უნდა ვიცხოვროთ, როგორც ღვთის შვილებმა.
კოლოსელთათვის მთავარი თემაა აღმდგარი ქრისტეს უზენაესობაა. ულამაზეს განცხადებაში პავლე გვიჩვენებს ქრისტეს უპირატესობას ბუნებაზე, მის ძალაუფლებას ეკლესიაზე და მის როლს გამოსყიდვაში. ქრისტე იყო, როგორც შექმნის ინიციატორი ("ყველაფერი მის მიერ შეიქმნა"), ისე შექმნის მიზანი (ყველაფერი... მისთვის არის შექმნილი"). ქრისტე არის „თავი სხეულისა, რომელიც ეკლესიაა." ქრისტეს მეშვეობით, მისი ჯვრითა და სისხლით ჩვენ, ვინც "ოდესღაც გაუცხოებულნი და გონებით მტრები ვიყავით ჩვენი ბოროტი საქმეების გამო," შემოგვირიგა. ქრისტე არის ქმნილების ცენტრი, ეკლესიის თავი და გამოსყიდვის უფალი (კოლ. 1:15-23).
"კოლოსელთა ერესი" (კოლ. 2)
ქრისტეს ბუნების შესახებ ამ პოზიტიური განაცხადის შემდეგ, პავლე უარყოფით ნაწილზე გადადის და გაფრთხილებას იძლევა ცრუ სწავლების წინააღმდეგ, რომელიც კოლასეს ეკლესიას ემუქრება. კოლასელთა ერესის ზუსტი ხასიათი ცნობილი არ არის. თუმცა, პავლეს პასუხები ცხადყოფს ერესის ზოგიერთ მახასიათებელს. კოლოსის ეკლესია წააწყდა ორთოდოქსული იუდაიზმის, ებრაული მისტიციზმისა და წარმართული სწავლებების ერთობლიობას. კოლასელთა ერესი მოიცავდა ამ ცრუ იდეების ნაზავს:
ორთოდოქსი (ტრადიციული) ებრაელები კოლასელ ქრისტიანებს მოუწოდებდნენ, დაეცვათ ებრაული დღესასწაულები, საკვებთან დაკავშირებული კანონები და წინადაცვეთა (კოლ. 2:16 და 3:11).
ებრაელი მისტიკოსები სთხოვდნენ კოლასელ ქრისტიანებს მარხვას, რათა შეერთებოდნენ ანგელოზთა თაყვანისმცემას, ღმერთის განსადიდებლად და ასამაღლებლად.[2]
წარმართები მოუწოდებდნენ კოლასელ ქრისტიანებს მიემართათ რიტუალებისთვის ბოროტი სულებისგან დასაცავად. პავლე არ უარყოფს ბოროტი სულების ძალას, მაგრამ ნათლად აცხადებს, რომ გამოსავალი არა წარმართულ რიტუალებშია, არამედ იმ გამარჯვებაში, რომელიც ქრისტემ უკვე მოიპოვა სიბნელის ძალებზე (კოლ. 2:15).
► როგორ გვეხება "კოლოსელთა ერესი" ჩვენ დღევანდელობაში ►
სინკრეტიზმი აღნიშნავს ერთზე მეტი რელიგიის შერწყმას. კოლასეში ამ სინკრეტიზმმა გამოიწვია იუდაიზმის, მისტიკის, წარმართობის და ქრისტიანობის შერევა. დღეს წარმართულ კულტურებში არსებულ ეკლესიებს ზოგჯერ აქვთ ცდუნება ქრისტიანული დოქტრინას შეურიონ იმ გარემოსთვის დამახასიათებელი კულტურის წეს-ჩვეულებანი (წინაპრების რწმენა, წარმართული დღესასწაულები, აჩრდილების (მოჩვენებების) და სულების მოსაშორებელი რიტუალები და ა.შ.). როგორც პირველ საუკუნეში, ასევე ოცდამეერთე საუკუნეში, ყველა ასეთ სწავლებაზე პასუხი ერთია: იესო არის უფალი. მან დაამარცხა სიბნელის ძალაუფლება და ჩვენ მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით გვაქვს გამარჯვება. სხვა რიტუალებსა და ჩვეულებებს ადგილი არ აქვს ქრისტიანულ პრაქტიკაში.
როგორც აღვნიშნეთ, პავლე არ იძლევა კოლასელების ერესის სრულ აღწერას. ის ნაკლებ ყურადღებას უთმობს ცრუ სწავლების ზუსტი ხასიათს, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ქრისტეს, ქმნილებისა და ეკლესიის უფლის, ჭეშმარიტი სახარება.
ქრისტიანული სიმწიფის ზრდა (კოლ. 3-4)
ისევე როგორც ეფესელთა მიმართ, პავლე მოძღვრებიდან პრაქტიკაზე გადადის. რადგანაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ, ჩვენც, ვინც ქრისტესთან ერთად ვართ აღდგენილნი, ზეციერზე უნდა ვიფიქროთ. იმის ნაცვლად, რომ ცრუ სწავლებებზე არაჯანსაღი ყურადღება გამოვიჩინოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთ რამეებს მოვუკვდით და ახლა ქრისტესთან ერთად ვცხოვრობთ ღმერთში (კოლ. 3:1-3-ს პერეფრაზი).
როგორია „სიცოცხლე დაფარული ქრისტესთან ღმერთში“? პავლე პრაქტიკულად აღწერს ამ ახალ ცხოვრებას. ეს ცხოვრება ორ ასპექტს მოიცავს:
1. ჩვენ უნდა “შემოვიძარცვოთ” ძველი ქმედებები. უნდა მოვაკვდინოთ, რაც მიწიერია ჩვენში: სიძვა, უწმინდურება, სიხარბე, სიბრაზე, ბილწსიტყვაობა, სიცრუე და ა.შ. ასეთი ქცევა და ჩვევები იმსახურებს ღვთის რისხვას (კოლ. 3:5-10).
2. ჩვენ უნდა "შევიმოსოთ" ახალი კაცი, რომელიც არის ქრისტეს ხატად. ის მოიცავს წყალობას, სიკეთეს, თავმდაბლობას, მოთმინებას, პატიებას და "უპირველეს ყოვლისა" სიყვარულს. ამ თვისებების განვითარებისას ღვთის მშვიდობა იმეფებს ჩვენს გულებში და ქრისტეს სიტყვა დამკვიდრდება ჩვენში (კოლ. 3:12-17). ეს ახალი ცხოვრება გარდაქმნის ოჯახურ ურთიერთობებს (3:18-4:1) და ურწმუნოებისთვის მიმზიდველს ხდის სახარებას (4:5-6).
“კოლოსელები, როგორც ბიბლიის ერთ – ერთი ყველაზე სრულყოფილად ქრისტეზე ორიენტირებული წიგნი, არსებით ერთიანობას პოულობს ბრწყინვალე (აღმატებული) ქრისტეს, ღვთიურ და ამაღლებულ პიროვნებაში.” (ESV სასწავლო ბიბლია.)
[2]კოლ. 2:18. "ანგელოზებისთვის მსახურება" სავარაუდოდ, არ ნიშნავს, რომ ისინი ანგელოზებს ემსახურებოდნენ ან ეთაყვანებოდნენ (რაც ეწინააღმდეგება ყველა ებრაულ სწავლებას). ამის ნაცვლად, ეს ფრაზა, შესაძლოა ეხებოდეს ებრაულ მისტიკურ იდეას, რომ ისეთი ასკეტური პრაქტიკის საშუალებით, როგორიცაა გახანგრძლივებული მარხვები, თაყვანისმცემლებს შეეძლოთ მისტიკურად შეერთებოდნენ ღვთის ზეციური ტახტის გარშემო მყოფ ანგელოზებს. კოლასეში ცრუ მასწავლებლები ქრისტიანებს მოუწოდებდნენ ამ წესების დაცვისკენ.
ფილიმონის
ისტორიული გარემო
პავლეს უმოკლესი წერილი ფილიმონს, კოლასელი მდიდარი ქრისტიანის მიმართ არის. როგორც ჩანს, ფილიმონი მოექცა პავლეს ეფესოში მსახურების დროს. მისი სახლი გახდა კოლასეს ეკლესიის შეხვედრის ადგილი.
ფილიმონი მონათმფლობელი იყო, რაც პირველ საუკუნისათვის დამახასიათებელი მოვლენაა. (დღეს, გაქცეულმა ადამიანმა, შეიძლება გასაუჩინარებლად ნიუ-იორკს, მეხიკოს, ლაგოსს ან სხვა დიდ ქალაქს შეაფაროს თავი.)
ამ ყველაფერთან, ონესიმე ღმერთს ვერ დაემალა! ამ უზარმაზარ ქალაქში ღმერთმა ერთად მოუყარა თავი პავლეს და გაქცეულ მონას. ონესიმე მოექცა და პავლეს დახმარება დაიწყო.
რაღაც მომენტში ამ ახალ ქრისტიანს საკუთარი წარსულის წინაშე წარსდგომა მოუწია. შესაძლოა მან გაქცევის წინ თავის პატრონს ფული მოპარა (ფილიმონის 1:18). ონესიმე მძიმე სასჯელის წინაშე აღმოჩნდა; შეიძლებოდა გაქცეული მონისთვის შუბლზე დაღი დაესვათ, ან თუნდაც მოეკლათ კიდეც. იცოდა რა ამის შესახებ, პავლემ წერილი დაწერა, რომლის თან წაღებაც შეეძლო ონისიმეს, როდესაც ფილიმონის წინაშე წარსადგომად დაბრუნდებოდა.
მიზანი
პავლეს ამ წერილის მიზანი მარტივია: შერიგების თხოვნა. ონესიმე შეურიგდა ღმერთს; პავლე სთხოვს ფილიმონს შეურიგდეს თავის გაქცეულ მონას.
შინაარსი
პავლე იწყებს ფილიმონისთვის მადლობის გადახდით წარსული გულუხვობისთვის, რომელიც მან თანამოძმე ქრისტიანების მიმართ გამოიჩინა. ფილიმონის სიყვარულმა თანამოძმე რწმუნეების მიმართ, განაპირობა პავლეს თხოვნა ონესიმეს სახელით, რომელიც მათი თანამორწმუნე გახდა.
პავლე ამ თხოვნისას არ მიმართავს თავის სამოციქულო ძალაუფლებას (როგორც ეს გალატელთა წერილში გააკეთა), არამედ სიყვარულის საფუძველზე შუამდგომლობს. მან თითქმის ნახევარი წერილის შემდეგ გაამჟღავნა მისი დაწერის მიზეზი: ”გთხოვ ჩემს შვილ ონისიმეზე” (ფილიმონის 1:10). ფილიმონი პავლეს შვილია რწმენაში; ახლა მან კიდევ ერთი ვაჟი "შეიძინა", ფილიმონის გაქცეული მონა.
[1]სახელი ონესიმე ნიშნავს "სასარგებლოს" ან "მომგებიანს"; ეს იყო მონათა საერთო სახელი. პავლე წერს: ”ადრე ის უსარგებლო იყო შენთვის, მაგრამ ახლა ის ნამდვილად სარგებლიანი, ანუ გამოსადეგია შენთვის და ჩემთვის” (ფილიმონის 1:11). ონესიმე ახლა გაამართლებს თავის სახელს; ქრისტეს ძალით ის ახლა სასარგებლოა.
პავლე მიანიშნებს, რომ ფილიმონს შეუძლია ონესიმეს გათავისუფლება, მაგრამ არ უბრძანებს მას (ფილიმონის 1:13). ის სთხოვს ფილიმონს ონესიმე იმავე სულით მიიღოს, როგორც თვითონ პავლეს მიიღებდა (ფილიმონის 1:17).
პავლე დასასრულს სთხოვს ფილიმონს ილოცოს მისი განთავისუფლებისთვის. პავლე იმედოვნებს, რომ ციხიდან გამოსული მოინახულებს ფილიმონს. თქვენი აზრით, ეს იმის რბილი შეხსენებაა, რომ პავლე მალე ნახავს, თუ როგორ ექცევა ფილიმონი ონესიმეს?
მრავალი ადამიანი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ პავლე არ გმობდა მონობას. თუმცა, პავლეს მითითებები ბატონების მიმართ ქმნის გარემოს, რომელშიც მონობა ვერ გაგრძელდება (გალ. 3:28; ეფეს. 6:9; კოლ. 4:1; ფილიმონის 1:16). შეუძლებელია პიროვნების დამონება, რომელშიც სინამდვილეში ხედავ დას ან ძმას ქრისტეში.
ისტორიული ეპილოგი
საღვთო წერილში არ წერია, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ონესიმე ფილიმონთან დაბრუნდა. ისტორია გვაძლევს ორ მინიშნებას, რომ ფილიმონმა ონესიმე გაათავისუფლა.
უძველესი წარწერა ლაოდიკიაში (კოლასეს მახლობლად) მონამ მიუძღვნა ბატონს, რომელმაც იგი გაათავისუფლა. ბატონის სახელია მარკუს სესტიუს ფილიმონი.
ამ წერილიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ერთი ადამიანი, სახელად ონესიმე, ეფესოში ეკლესიის ეპისკოპოსი გახდა.
არ არის გამორიცხული, რომ ფილიმონმა გაათავისუფლა ონესიმე პავლესთან დასაბრუნებლად, რომელმაც შემდეგ ასწავლა და მოამზადა ონესიმე პასტორობისთვის. თუ ასეა, შესაძლებელია პავლეს მსახურება გაგრძელებულიყო, ფილიმონის ყოფილი მონის, ონესიმეს ქადაგებით, რომელიც პირველად პეტრეს ქადაგების შედეგად მოექცა (მოინანია) ეფესოში. ღვთის მიზნები ბევრად აღემატება იმას, რისი დანახვაც ჩვენ შეგვიძლია!
[1]" ჩვენ ყველანი უფლის ონესიმეები ვართ. უსარგებლო, სარგებლიანი ხდება. ეს არის მუდმივი სურათი, ქრისტეს დამოკიდებულების ადამიანებთან მიმართებაში. ჩვენ ყველანი ცოდვის გაქცეული მონები ვიყავით.” (მარტინ ლუთერი)
ციხის ეპისტოლეები დღევანდელ ეკლესიაში
ციხის ეპისტოლეები შეგვახსენებენ, რომ ჩვენი სწავლება (დოქტრინა) უნდა იყოს გამოყენებული ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ ეპისტოლეებში პავლე მოუწოდებს თავის მკითხველებს, რომ მათ, როგორც მორწმუნეება, თავისი მოწოდების ღირსად იცხოვრონ. საკმარისი არ არის მხოლოდ სწორი დოქტრინის აღიარება; ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვცხოვრობდეთ ჩვენი რწმენისამებრ.
ეფესელთა და კოლასელთა წერილები გვასწავლიან სულიერი ომის რეალურობას. “ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროს მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ” (ეფეს. 6:12). სულიერი ომი რეალურია. მაგრამ ეს წერილები იმასაც გვასწავლის, რომ ეს ომი უკვე მოგებულია ქრისტეში. ჩვენ თავდაჯერებულად ვიბრძვით, რადგან მას ბრძოლა უკვე მოგებული აქვს. ჩვენ უმთავრესი ყურადღება ქრისტეს უნდა მივაპყროთ, ვინც გვანიჭებს გამარჯვებას, და არა ჩვენს მტერს, რომელიც წაგებულ ბრძოლს ეწევა.
ფილიმონის წერილი შეგვახსენებს, რომ შერიგების სახარებით რეალურ სამყაროში უნდა ვიცხოვროთ. პავლემ არ იკმრა იმ აზრის შეტყობინება, რომელიც რეალურ ცხოვრებაში არ გატარდებოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ იგივე სახარება, რომელმაც შეარიგა ღმერთი და "გაქცეული ცოდვილი", შეარიგებს ფილიმონს და მისგან გაქცეულ მონას. კონფლიქტისა და გაწყვეტილი ურთიერთობების სამყაროში ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სახარების ძალა, რომელსაც შერიგება მოაქვს.
დასკვნა
რომის იმპერიის ქრისტიანებმა ისწავლეს რას ნიშნავდა სახარებით ცხოვრება დაცემულ სამყაროში. პავლე წერდა, რომ ფილიპელებმა უნდა იცხოვრონ როგორც „ღვთის შეუბილწავმა შვილებმა ჭირვეულ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ისე ანათებთ, როგორც მნათობები სამყაროში” (ფილიპ. 2:15). პავლემ იცოდა, რომ ეკლესიის სინათლე უფრო მეტად ანათებს და კაშკაშა ხდება, რაც უფრო მეტად ბნელდება ჩვენ ირგვლივ, ქვეყნიერებაზე.
რომის იმპერიის ბნელ დღეებში ზოგი ქრისტიანი ცნობილი გახდა, როგორც "თავდადებული", რადგან ასეთები საკუთარ თავს რისკის ქვეშ აყენებდნენ სხვების გადასარჩენად. პავლე იყენებს იგივე ტერმინს, როდესაც ამბობს, რომ პრისკილამ და აკვილამ „თავი დასდეს ჩემი სიცოცხლისთვის” (რომ. 16:4). მათ საკუთარი სიცოცხლე გარისკეს, საფრთხეში ჩაიგდეს პავლეს გულისათვის.
პირველ საუკუნეში, რომაელი ქრისტიანები საზოგადოების რისხვის დატეხვის საფრთხის ქვეშ იგდებდნენ საკუთარ თავებს, არასასურველი ჩვილების გადარჩენის გამო, რომლებიც ქალაქის ნაგვის გროვებზე იყვნენ მიტოვებულნი. მესამე საუკუნეში, კართაგენის ეპისკოპოსმა, ჭირის დროს თავის ეკლესიას მოუწოდა და სთხოვა, რომ ეზრუნათ მომაკვდავებზე და დაემარხათ მკვდრები, ანუ სიცოცხლე გაერისკათ ქალაქის გადასარჩენად.
ადრეულმა ეკლესიამ იცოდა, რომ "ძველი კაცის გახდა" და "ახალი კაცით შემოსვა" გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ეკლესიაში სიარულს. ეს ნიშნავს ახალ ცხოვრებას, რომელიც ეკუთვნის ღმერთს და მის მიზნებს. ეს სეიძლება ნიშნავდეს სიცოცხლის გარისკვასაც, იმისათვის, რომ სახარებას მივცეთ საშუალება „ანათოს, როგორც მნათობმა სამყაროში.”
გაკვეთილის დავალება
წარმოაჩინეთ თქვენ მიერ ამ გაკვეთილის აღქმა (გაგება) შემდეგი დავალებების დახმარებით:
მოამზადეთ ეფესელთა ქადაგება ან ბიბლიური გაკვეთილი ოჯახის შესახებ. ამის დაწერა შეგიძლიათ 5-6 გვერდიან ხელნაწერი ან ჩაწეროთ ქადაგება ან ბიბლიური გაკვეთილი.
მოამზადეთ ქადაგება ან ბიბლიური გაკვეთილი ეფესელთა წერილის თანახმად ეკლესიის შესახებ. თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ 5-6 გვერდიანი ხელნაწერი, ან ჩაწეროთ ქადაგება ან ბიბლიური გაკვეთილი.
მოამზადეთ ქადაგება ან ბიბლიური გაკვეთილი ფილიპელთა წერილიდან ქრისტიანული ცხოვრების სიხარულის თემაზე. თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ 5-6 გვერდიანი ხელნაწერი, ან ჩაწეროთ ქადაგება ან ბიბლიური გაკვეთილი.
მოამზადეთ ქადაგება ან ბიბლიური გაკვეთილი კოლოსელთა წერილიდან თემაზე ჩვენი ახალი ცხოვრება ქრისტეში. თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ 5-6 გვერდიანი ხელნაწერი, ან ჩაწეროთ ქადაგება ან ბიბლიური გაკვეთილი.
(2) გაიარეთ ტესტი ამ გაკვეთილის მასალაზე დაყრდნობით. ტესტი მოიცავს საზეპირო მუხლებს წმინდა წერილიდან.
გაკვეთილი 7 ტესტის საკითხები
(1) როდის და სად დაიწერა ციხის ეპისტოლეები?
(2) რატომ არ შეიცავს ეფესელების წერილი პირად მოკითხვებს?
(3) დაასახელეთ ეფესელთა წერილის ორი დიდი ნაწილი.
(4) ეფესელთა წერილის 1 თავიდან ჩამოთვალეთ სამების თითოეული პირის როლი ჩვენს ხსნაში.
(5) ეფესელთა მე -3 თავის თანახმად, რა არის „სახარების საიდუმლო“?
(6) დაასახელეთ ორი საფრთხე, რომელიც ემუქრებოდა ფილიპელთა ეკლესიას.
(7) ფილიპელთა მე-2 თავში რას ნიშნავს - ქრისტემ „თავი დაიმდაბლა“?
(8) რომელმა სამმა გავლენამ განაპირობა კოლასელთა ერესი?
(9) განსაზღვრეთ სინკრეტიზმი.
(10) ჩამოთვალეთ სამი გზა, რომლითაც ციხის ეპისტოლეებები მიმართავს დღევანდელ ეკლესიას.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.