(1) იცოდეს პალესტინის გეოგრაფია და მისი მნიშვნელობა ახალი აღთქმისთვის.
(2) ესმოდეს როგორი იყო ახალი აღთქმის ისტორიული გარემო.
(3) სცნობდეს რომაულ, ბერძნულ და ებრაულ გავლენას ახალ აღთქმაზე.
(4) აფასებდეს ახალი აღთქმის უძველეს წეს-ჩვეულებებს.
ამ გაკვეთილის მომზადება
► წაიკითცხეთ: მათეს 1:1-7; ლუკას 1:1-5; 2:1-5
► დაიზეპირეთ: გალატელთა 4:4-5
ისტორიისა და გეოგრაფიის მნიშვნელობა ახალი აღთქმისთვის
► მნიშვნელოვანია თუ არა ბიბლიის ისტორიული ჭეშმარიტება ქრისტიანული რწმენისთვის? რატომ?
ქრისტიანული რწმენა ემყარება ისტორიულ ფაქტებს. ჩვენი რწმენა ეფუძნება ღმერთის მოქმედებებს, რომელიც აქტიურად არის ჩართული კაცობრიობის ისტორიაში, ისევე როგორც იესოს ცხოვრებას, რომელიც „გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის...” (ინ. 1:14). ამის გამო ქრისტიანობის ისტორიული გარემო მნიშვნელოვანია ახალი აღთქმისთვის. ამონარიდები მათეს და ლუკას სახარებებიდან ამ გაკვეთილის დასაწყისში, გვაჩვენებს ავტორების ხაზგასმას იესოს ცხოვრების ისტორიულ გარემოზე.
ქრისტიანობა დიდად განსხვავდება მრავალი სხვა მსოფლიო რელიგიისგან. აღმოსავლური რელიგიების მიმდევრბი გვაჩვენებენ, რომ ბუდიზმი არსებითად არ იცვლება ბუდას გარეშეც; ინდუიზმი მეტწილად იგივეა, მისი მრავალი ღმერთის გარეშე. თუმცა, ქრისტიანობა ცარიელია, იესო ნაზარეველის სიცოცხლის, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის გარეშე. “ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგება ფუჭი ყოფილა და ფუჭი ყოფილა თქვენი რწმენაც” (1 კორ. 15:14).
ქრისტიანობა ისტორიული რწმენაა; ბიბლია კი ისტორიული წიგნი. ის კავშირში არ არის ლეგენდებთან და მითებთან; ის ისტორიული მოვლენების მატიანეა. ზოგიერთი თანამედროვე მკვლევარი ამტკიცებს, რომ ბიბლია არის ეთიკური სწავლებების დიდი კრებული, რომელიც ილუსტრირებულია წინა-სამეცნიერო მითებით. თუმცა, ბიბლია არ გვაძლევს ამ შესაძლებლობას; წმინდა წერილი მკაფიოდ აცხადებს, რომ ისტორიულ ჭეშმარიტებას წარმოადგენს.
ახალი აღთქმა ემყარება კონკრეტულ დროს, ადგილსა და კულტურას. დრო - ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნე; ადგილი - პალესტინა და რომაული სამყარო; კულტურა - ებრაული, ბერძნული და რომაული. ამ ისტორიული და გეოგრაფიული მდგომარეობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ჩვენ დავიწყებთ ჩვენს სწავლებას იესოს დროინდელი სამყაროს და ადრეული ეკლესიის მიმოხილვით და კვლევით.
ახალი აღთქმის გეოგრაფიული გარემო
გთხოვთ იხილოთ ისრაელის რუკა დანართში, რათა უკეთ გაგიზრდოს ეს ნაწილის სწავლის პროცესში.
პალესტინის მიწა ისრაელის ისტორიისა და იესოს მიწიერი მსახურების ცენტრშია. თუნდაც სახელიც კი "იესო ნაზარეველი" მიანიშნებს მის ცხოვრებაში გარკვეული ადგილის მნიშვნელობაზე.
პალესტინის ტერიტორია დაახლოებით 75 კილომეტრია სიგანეში და 235 კილომეტრი სიგრძეში.[1] მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია მცირე იყო, ის ანტიკური ისტორიული მოვლენებისთვის სტრატეგიულ ადგილას მდებარებოდა. მისმა მდებარეობამ, ეგვიპტის სამხრეთ-დასავლეთით, სირიის ჩრდილოეთით, ასურეთის ჩრდილო – აღმოსავლეთით და ბაბილონის აღმოსავლეთით, ის სავაჭრო გზაჯვარედინად აქცია და მას სტრატეგიული სამხედრო მნიშვნელობა შესძინა.
დასავლეთი-აღმოსავლეთის მიწის თვისებები
დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ (ხმელთაშუა ზღვიდან მდინარე იორდანემდე) მგზავრობისას, ადამიანი, რომელიც პალესტინის გავლით მოგზაურობდა, სამ განსხვავებულ ლანდშაფტს წააწყდებოდა. ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ მდებარე სანაპირო დაბლობიდან, მიწის მონაკვეთი ცენტრალური მაღალმთიანეთზე გავლით, უმაღლეს წერტილამდე ვრცელდება, დაახლოებით 800 მეტრის[2] სიმაღლეზე ზღვის დონიდან. იერუსალიმი ისრაელის მაღალი წერტილი იყო, როგორც სულიერი, ისე გეოგრაფიული თვალსაზრისით.
აღმოსავლეთით მდებარეობს იუდეის უდაბნო. უკაცრიელი ტერიტორია მთებითა და უხეში რელიეფით, ეს რეგიონი საშიში იყო მოგზაურთათვის და პირქუში -ადგილობრივების მიმართ.
ამ მთიანი რაიონიდან, იორდანეს ხეობა, ზღვის დონიდან 415 მეტრზე[3] ჩამოდის, რაც ჩვენს დედამიწაზე ყველაზე დაბალი სახმელეთო წერტილია. მდინარე იორდანე 100 კილომეტრის მანძილზე[4] მიედინება, გალილეის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე მთებიდან, სამხრეთით მკვდარ ზღვამდე. ებრაულმა სექტამ, რომელსაც იესეველები (ესეები) ეწოდა, თავისი ბიბლიოთეკა დამალა მკვდარი ზღვის მიმდებარე გამოქვაბულებში, როდესაც რომაელები თავს დაესხნენ იუდეას ახ. წ. 66 წელს. ეს მკვდარი ზღვის გრაგნილები აღმოაჩინეს 1946 წელს და წარმოადგენს ძველი აღთქმის უძველეს ხელნაწერებს.
მსახურების პერიოდში, მდინარე იორდანე მეტწილად იყო იესოს მოგზაურობის უკიდურესი აღმოსავლეთ-საზღვარი. თუმცა დროდადრო ის კვეთავდა გალილეის ზღვას, რათა იორდანეს გადაღმა ემოგზაურა. ამ რეგიონში შედიოდა დეკაპოლისი ("ათი ქალაქი" დაარსებული ბერძნული ბატონობის პერიოდში) და პერეა. მისი მიმდევრების გასაკვირად, იესო მზად იყო ემსახურა ამ მხარეში მცოვრებ წარმართთა მიმართ. დეკაპოლისსა და პერეაში იესოს მოწაფეებმა დაინახეს მინიშნებები და წინაპირობა მოგვიანებით მისი დიადი დავალების შესახებ, რომ ექადაგათ იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე” (საქმ. 1:8).
ჩრდილო-სამხრეთის მიწის მახასიათებლები
ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალი მოგზაური გალილეიდან სამარიის გავლით იუდეაში, პალესტინის რელიგიურ და პოლიტიკურ ცენტრში ხვდებოდა. გალილეა იყო კომერციული რეგიონი, გალილეის ზღვის, მტკნარი წყლის ტბის, მიმდებარე ტერიტორია. ნაზარეთი იყო ერთ – ერთი პატარა სოფელი ამ მშვენიერ მხარეში. გალილეას თევზი უხვად ჰქონდა გალილეის ზღვიდან, ისევე როგორც ხილი და ბოსტნეული, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მოდიოდა გენესარეთის დაბლობში, გალილეის ზღვის ჩრდილო-დასავლეთით რბილი კლიმატის მქონე რეგიონში.
სამარიის მხარემ, ჩრდილოეთის ებრაელები განაცალკევა იერუსალიმის ტაძრისგან. სამარიტელები იყვნენ ებრაელთა შთამომავლები, რომლებიც შეერივნენ (უცხოტომელებთან ქორწინებაში შედიოდნენ) ასურეთის შეჭრის შემდეგ, ძვ. წ. 722 წელს. სამარიტელები მისდევდნენ ძველი აღთქმის კანონს, იცავდნენ წინადაცვეთას, ზეიმობდნენ დღესასწაულებს და ელოდებოდნენ მესიის მოსვლას. ამის მიუხედავად, სამარიელებს საკუთარი თაყვანისცემის ადგილი ჰქონდათ გერიზიმის მთაზე და მათ ებრაელები უწმინდურად თვლიდნენ. ბევრ ებრაელს ერჩივნა მდინარე იორდანე გადაეკვეთა, რომ იორდანეს აღმოსავლეთ სანაპიროს გავლით ემოგზაურათ, ვიდრე სამარიის გავლით. ხოლო, იესომ სამარიის გავლით გადაადგილდებოდა, რათა ჭასთან მყოფი ქალისთვის ემსახურა. ამ სამარიელმა ქალმა იესოს პირველი პირდაპირი განცხადება მოისმინა, რომ ის მესია იყო (ინ. 4:26).
იუდეა და მისი ცენტრალური ქალაქი, იერუსალიმი, სამხრეთით მდებარეობდა. სიონის მთა, ებრაული რწმენის რელიგიური ცენტრი, ჩანდა მრავალი მილის მანძილიდან. ყოველ წელს პასექის დღესასწაულზე ებრაული ოჯახები სტუმრობდნენ ტაძარს. იესოს ოჯახმა ეს მოგზაურობა მაშინ განახორციელა, როდესაც ის ბავშვი იყო და სწორედ მისი „მამის სახლში“ იპოვნეს იესო მასწავლებლებს შორის მჯდომი (ლუკ. 2:41-52).
586 წელს იერუსალიმის ბაბილონის მიერ დამარცხებიდან დაწყებული, პალესტინის ისტორია არეულობისა და გადატრიალებების ამბავია. იუდეას აღარასდროს დაუბრუნებია თავისი უწინდელი დიდება.
ბაბილობის იმპერია აკონტროლებდა პალესტინას, ვიდრე ბაბილონი არ დაამარცხა სპარსეთის იმპერატორმა კიროს II დიდმა ძვ.წ. 539 წელს. კიროსმა საშუალება მისცა ებრაელებს დაბრუნებულიყვნენ იერუსალიმში. მომდევნო საუკუნის განმავლობაში ქალაქი აღადგინეს ეზრას, ზერუბაბელისა და ნეემიას ხელმძღვანელობით. თუმცა, იერუსალიმი კვლავ სპარსელთა კონტროლის ქვეშ იყო. ამ სპარსული გავლენის გამო, იესოს დროს უბრალო ხალხი, სპარსეთის იმპერიის ენაზე, არამეულად საუბრობდა.
ძვ. წ. 334 წელს ალექსანდრე დიდმა დაამარცხა სპარსეთი. პალესტინა გახდა საბერძნეთის იმპერიის ნაწილი. მას შემდეგ, რაც ალექსანდრე გარდაიცვალა ძვ. წ. 323 წელს, მისი იმპერია გაიყო ოთხ გენერალს შორის. პალესტინა ბრძოლის ველი გახდა ამ ორ გენერალსა და მათ მიმდევრებს, პტოლემეელებსა და სელევკიდებს შორის. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბნელი პერიოდი ებრაელების ისტორიაში. ამ პერიოდში ანტიოქე ეპიფანემ (ბერძენი სელევკიდების მმართველმა) ტაძარი შებილწა, როდესაც მან ტაძარში ბერძნული ღმერთის, ზევსის საკურთხეველი ააგო.
ანტიოქე ეპიფანეს ტირანიამ მაკაბელთა აჯანყება გამოიწვია. მაკაბელთა ოჯახმა აღადგინა კონტროლი იუდეაზე და დააარსა ხეშმონის დინასტია. 166-63 წლებში პალესტინას მართავდა მაკაბელთა ოჯახი და მათი მემკვიდრეები. სამწუხაროდ, ეს იყო ეროვნული არასტაბილურობის პერიოდი ოჯახური დაპირისპირებისა და რელიგიური განდგომის გამო. 67 წლისთვის ოჯახი სამოქალაქო ომში დამარცხდა.
რომმა სწრაფად ისარგებლა ებრაელ ლიდერებს შორის განხეთქილებით პალესტინაზე ძალაუფლების მოსაპოვებლად. 63 წელს რომაელმა გენერალმა პომპეუსმა დაიპყრო იერუსალიმი. პომპეუსმა თავისი წარმომადგენელი ჰირკანე II მღვდელმთავრად დანიშნა და იგი იუდეის ფაქტობრივი მმართველი გახადა. ქრისტეს დროს პალესტინა რომის მიერ იმართებოდა.
ძვ.წ. 37 წელს რომის სენატმა ჰეროდე დიდი დანიშნა იუდეის მეფედ. ჰეროდე ედომაელი იყო, ედომიტთა შთამომავალი. ედომიტები უძველესი დროიდან ისრაელის მტრები იყვნენ. მათ უარი უთხრეს ისრაელიანებს და უფლება არ მისცეს ქანაანისკენ მიმავალ გზაზე მათი მიწით გაევლოთ (რიცხ. 20:14-21). ედომის თანამზრახველობამ ბაბილონთან იერუსალიმის განადგურებისას გამოიწვია აბდიას წინასწარმეტყველება მისი განკითხვის შესახებ (აბდ. 1:1-21).
ძვ. წ. 30 წლისთვის ჰეროდემ დაამარცხა თავისი მტრები და გახდა იუდეის ერთადერთი მმართველი, ჰეროდე იყო დადებითი და უარყოფითი თვისებების რთული ნაზავი. ერთის მხრივ, ის პატივს სცემდა ებრაელებს - ტაძრის აღდგენა იყო ეს, თუ მათი კვებითი კანონების დაცვა. მეორეს მხრივ, ის სიგიჟემდე ეჭვიანი იყო და რამდენიმე საკუთარი ვაჟი დახოცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მიაღწიეს ასაკს, როდესაც მის მეტოქეები გახდებოდნენ ტახტის მოსაპოვებლად. ჰეროდესთვის ბეთლემის ხოცვა მცირე ფასი იყო მისი მეფობის დასაცავად. იესო გადარჩა, რადგან ანგელოზმა გააფრთხილა იოსები, რომ ეგვიპტეში გაქცეულიყვნენ.
ძვ. წ. 4 წელს ჰეროდე დიდის გარდაცვალების შემდეგ, მისი სამეფო მის სამ ვაჟს შორის გაიყო. ეს მმართველები პირდაპირ გავლენას ახდენენ ახალი აღთქმის ისტორიასა და იესოს მსახურებაზე.
ჰეროდე არქელაუსმა კონტროლი მოიპოვა იუდეაზე. არქელაოსის სისასტიკის გამო, იოსება და მარიამმა ნაზარეთში დაბრუნება ამჯობინეს, ბეთლემში დაბრუნებას (მათ. 2:22-23).[1] არქელაუსის სისასტიკემ აიძულა ებრაელთა დელეგაცია დახმარებისთვის რომში მიემართა. არქელაუსი გააძევეს და იუდეა რომის მიერ დანიშნული პროკურატორების მმართველობაში მოექცა.
იესოს გასამართლების დროს პონტიუს პილატე იყო რომაელი პროკურატორი, რომელიც ცხოვრობდა კესარიაში და მიემგზავრებოდა იერუსალიმში მნიშვნელოვანი დღესასწაულების დროს.[2] პროკურატორის წინაშე არც თუ შესაშური ამოცანა იდგა, შუამავლობა გაეწია რომსა და ებრაელთა ხელმძღვანელობას შორის. პილატეს უნდა შეძლებოდა რომის მოთხოვნების დაცვა ისე, რომ არ გამოეწვია ებრაელების აჯანყება. ამ მიზნის მისაღწევად მან სინედრიონს დიდი თავისუფლება მისცა ერისთვის რელიგიური და კულტურული გადაწყვეტილებების მიღებაში. კაიაფას, მღვდელმთავარს ეშინოდა, რომ ამ თავისუფლებას წაართმევდნენ, თუ იესოს მოქმედებები რომის რისხვას გამოიწვევდა (ინ 11:49).
ჰეროდე ფილიპე ჰეროდეს ვაჟებიდან ყველაზე გულუხვი იყო. ის მართავდა გალილეის ჩრდილო – აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიას. იესო ამ რეგიონში ატარებდა დროს, რათა იერუსალიმში ებრაელი რელიგიური ლიდერების მიერ დაპატიმრების საშიშროება აეცილებინა თავიდან. მას ჩვენი ცოდვისთვის მსხვერპლი ღმერთის გრაფიკის მიხედვით უნდა გაეღო და არა ტაძრის მმართველების გრაფიკით.
ჰეროდე ფილიპემ აღადგინა ქალაქი პანიასი და ფილიპეს კესარია დაარქვა. სწორედ აქ გააკეთა პეტრემ დიდი აღიარება: ”შენ ხარ ქრისტე, ცოცხალი ღმერთის ძე” (მათ. 16:16).
ჰეროდე ანტიპა იყო გალილეისა და პერეას მმართველი, ძვ. წ. 4 წლიდან. ახ.წ. 39 წლამდე. ანტიპამ დააპატიმრა და მოკლა იოანე ნათლისმცემელი (მარ. 6:17-29). იმის გამო, რომ ჰეროდე ანტიპას ჰქონდა ძალაუფლება გალილეაზე, პილატე შეეცადა თავიდან აეცილებინა პასუხისმგებლობა იესოს ბედზე და გაგზავნა იგი ანტიპასთან გასასამართლებლად (ლუკ. 23:6-12). თუმცა, ჰეროდემ უარი თქვა განაჩენის გამოტანაზე და იესო პილატეს დაუბრუნა სასჯელისთვის.
[1]ბეთლემი იმყოფებოდა არქელაუსის კონტროლის ქვეშ; გალილეის ნაზარეთი ჰეროდე ანტიპას კონტროლის ქვეშ იყო.
ახალი აღთქმის კულტურული გარემო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ისტორიული. ღმერთმა გამოგზავნა იესო სამყაროში, რომელიც სამი განსხვავებული კულტურის ზეგავლენას განიცდიდა. თითოეულმა ამ კულტურამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ახალი აღთქმის სამყაროზე.
ახალი აღთქმის ბერძნული გარემო
ალექსანდრე მაკედონელის გავლენა დიდხანს გაგრძელდა მისი ძვ. წ. 323 წელს გარდაცვალების შემდგომაც. ალბათ, მისი ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი წვლილი ახალი აღთქმისთვის თვითონ ბერძნული ენა იყო. ბერძნულმა ენამ განაპირობა სახარების გავრცელება, რადგან ის ყველასათვის გასაგები ენა გახლდათ.
ახალი აღთქმა დაიწერა კოინე ბერძნულ (ანუ ელინურ) ენაზე, „საერთო ბერძნულ ენაზე“, რომელზეც მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში საუბრობდნენ პირველ საუკუნეში. იმ დროს როცა არამეული (პალესტინის სასაუბრო ენა) და ებრაული (ძველი აღთქმის ენა) მხოლოდ ებრაელი ხალხით შემოიფარგლებოდა, მთელს რომის იმპერიაში ბერძნულ ენაზე ლაპარაკობდნენ. მოციქულთა ქადაგება გასაგები იყო ყველგან, სადაც არ უნდა ექადაგათ.
ბერძნული ენის სიზუსტე შეესაბამება პავლეს წერილების ღრმა საღვთისმეტყველო ცნებებს. ებრაული ლამაზი პოეტური ენაა, რომელიც შეეფერება ძველი აღთქმის პოეტებისა და წინასწარმეტყველების მდიდარი ხატოვანების და რიტორიკული ფიგურების გადმოსაცემად. ბერძნული ენა უფრო ზუსტია და საშუალებას აძლევდა პავლეს, შეეგონებინა ახალმოქცეულები თავისი ღრმა დოქტრინებით (სწავლებებით) გამართლებისა და განწმენდის შესახებ.
სეპტუაგინტა არის ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანი. ეს თარგმანი ძვ. წ III საუკუნიდან აძლევდა ბერძნულენოვან ებრაელებს საშუალებას საღვთო წერილი წაეკითხათ. გარდა ამისა, სეპტუაგინტამ გახადა ძველი აღთქმა (ადრეული ეკლესიის ბიბლია) ადვილად ხელმისაწვდომი წარმართობიდან მოქცეულთათვის.
ახალი აღთქმის რომაული გარემო
ახალი აღთქმის თითქმის ყველა წიგნი გვიჩვენებს რომაული გარემს გავლენას. იესო და მოციქულები რომაულ სამყაროში ცხოვრობდნენ.
სახარებები
რომაული გავლენა იესოს ცხოვრებაში მისი დაბადებიდან ჩანს. ღმერთმა გამოიყენა აღწერა, რომელიც წარმართმა იმპერატორმა ჩაატარა, მიქას წინასწარმეტყველების აღსასრულებლად, რომ მესია ბეთლემში დაიბადებოდა (მიქა 5:2; ლუკ. 2:1-5). როგორც სპარსეთის მმართველი კიროსი გახდა ღვთის იარაღი თავისი ხალხის გადასახლებიდან დასაბრუნებლად, კეისარ ავგუსტუსი გახდა ღვთის იარაღი იოსების და მარიამის ნაზარეთიდან ბეთლემში ჩასაყვანად.
აღწერის ჩასატარებლად ორი მეთოდი იყო ხელმისაწვდომი. რომაელები ამჯობინებდნენ თითოეული ადამიანის რეგისტრაციას იმ ქალაქში, სადაც ის ცხოვრობდა. თუმცა, ებრაელები ამჯობინებდნენ შეენარჩუნებინათ ტომობრივი ჩანაწერები თითოეული ოჯახის საგვარეულო სახლში. შესაძლოა ებრაელთა კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, რომმა იუდეას მისცა უფლება აღწერა მათი ტრადიციის წესით ჩაეტარებინათ. ამისათვის იოსებს და მარიამს მოუწიათ გაევლოთ 100 მილი[1] თავიანთი მშობლიური ქალაქ ნაზარეთიდან.
სახარებებში ნაჩვენებია იესოსა და რომის მმართველებს შორის დაპირისპირება, რომლებიც საფრთხეს ხედავდნენ მის გზავნილში ახალი სამეფოს შესახებ. ჰეროდეს ჩვილ ბავშვთა ხოცვა-ჟლეტიდან, პილატეს მიერ ჯვარზე გაკეთებული წარწერით ("ებრაელთა მეფე") დამთავრებული, ღმერთის სამეფოსა და კეისრის სამეფოს შორის კონფლიქტი ჩანს იესოს მთელი მიწიერი მსახურების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ იესომ ცოტა რამ თქვა რომისა და მისი პოლიტიკის შესახებ, ღვთის სამეფოს გზავნილი (უწყება) იყო გამოწვევა ამ სამყაროს სამეფოების მიმართ.
მოციქულთა საქმეების წიგნი
საქმეების წიგნი გვაჩვენებს, როგორ იყენებს ღმერთი რომაულ იმპერიას სახარების გასავრცელებლად. ტერმინი „pax Romana“(პაქს რომანა) აღნიშნავს რომის იმპერიის მიერ სისასტიკით აღსრულებულ იძულებით "მშვიდობას".[2] მიუხედავად იმისა, რომ რომის ძალაუფლებას ხშირად უსამართლოდ იყენებდნენ (როგორც იესოს ჯვარცმისას), რომის ძალაუფლება ასევე იცავდა მოგზაურებს ბარბაროსებისგან, გააერთიანა იმპერია და შესაძლებელი გახადა მოციქულთა მისიონერული მოგზაურობა. რომმა ააშენა 85,000 კილომეტრიანი გზა,[3] მდინარე ევფრატიდან აღმოსავლეთით, შოტლანდიამდე დასავლეთით და შექმნა საზღვაო გზები ხმელთაშუა ზღვაში. პავლეს მისიონერული მოგზაურობა ძირითადად რომის მიერ გაყვანილი სახმელეთო და დადგენილი საზღვაო გზების გამო იყო შესაძლებელი.
განსხვავებით ტრადიციული ებრაული კულტურისა, რომელიც პატარა ქალაქებსა და სოფლებში ვითარდებოდა, რომი დიდი ქალაქების იმპერია იყო. ამ ქალაქებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ სახარების გავრცელებისათვის. პავლეს მოგზაურობის კვალდაკვალ მიყოლა შეიძლება რომის იმპერიის ძირითადი ქალაქების აღნიშვნით. თითოეულ რეგიონში პავლემ იქადაგა სახარება წამყვან ქალაქებში, რათა ხალხის უდიდესი რაოდენობისთვის მიეწვდინა ხმა. პავლე სახარებას ქადაგებდა რომის იმპერიის მთავარ ქალაქებში და აგრძელებდა ქადაგებას თავად რომში, პირველი საუკუნის სამყაროს ცენტრში (რომ. 1:11-15).
პავლემ სახარების გასავრცელებლად სრულად გამოიყენა უფლებები, რომელსაც რომის მოქალაქეობა ანიჭებდა. ფილიპეში სამართლებრივი დაცვის მოთხოვნიდან დაწყებული (საქ. 16) კეისრის სამსჯავროს მოთხოვნით დამთავრებული, (საქ. 25:11), პავლემ გამოიყენა თავისი მოქალაქეობა ქრისტეს საქმისთვის.
პავლეს წერილები
პავლეს წერილები გულისხმობს რომაული სამყაროს ცოდნას. ფილიპელთა მიმართ წერილში იყენებს მოქალაქეობის ენას, რათა შეახსენოს მკითხველს, რომ მათი „მოქალაქეობა სამოთხეშია” (ფლპ. 3:20). პავლემ ფილიმონს მიმართვა (შუამდგომლობა) მისწერა, რადგან იცოდა, რომ რომაული კანონი ითვალისწინებდა გაქცეული მონის სიკვდილით დასჯას და ონესიმეს, პავლეს მიერ მოქცეულ გაქცეულ მონას, სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. რომაელთა, გალატელთა და ეფესელეთა წერილებში, პავლე რომაულ იურიდიულ ენას იყენებს იმ თეოლოგიური ცნებების ასახსნელად, როგორიცაა გამართლება და პატიება.
პავლეს შვილად აყვანის ხატოვანი განმარტებაც რომაელებისათვის უფრო გასაგები იყო, ვიდრე ებრაელებისათვის (გალ. 4:5; ეფ. 1:5). შვილად აყვანა ძალიან გავრცელებული იყო რომაულ საზოგადოებაში. რომაელებს ესმოდათ, რომ შვილად აყვანა მოიცავს ძველი ვალების გაუქმებას, მემკვიდრეობის უფლებებს ახალი ვაჟისთვის და ახალი ცხოვრების დაწყებას. პავლემ გამოიყენა რომაული იურიდიული ცნებები, რათა აეხსნა ცვლილება, როდესაც ახალ მორწმუნეს იღებენ ღვთის ოჯახში.
გამოცხადების წიგნი
რომი ამაყობდა თავისი ტოლერანტობით სხვა რელიგიური მრწამსისადმი; თუმცა ყველა ადამიანი ვალდებული იყო ეღიარებინა იმპერატორის ღვთაებრიობა. რომი უშვებდა ებრაულ ან ქრისტიანულ სწავლებას, სანამ მრევლი ამტკიცებდა, რომ „კეისარი უფალია.“ თუმცა, რომის მთავრობისთვის მიუღებელი იყო ქრისტიანული სწავლება იმის შესახებ, რომ ”იესო ქრისტე არის უფალი” (ფლპ. 2:11). ცოტა ხანში ეკლესიასა და რომს შორის განხეთქილება მოხდა.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა ბოროტი განიზრახა, „ ღმერთმა სიკეთედ ჩათვალა” (დაბ. 50:20). დევნა გახდა ძირითადი საშუალება, რომელიც ღმერთმა გამოიყენა დიადი დავალებისთვის. დევნის გამო, ქრისტიანები „იუდეისა და სამარიის სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ." ღვთის გეგმის თანახმად, „მიმოფანტულნი დადიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას” (საქ. 8:1, 4).
გამოცხადების წიგნი დაიწერა ამ რომაული დევნის კონტექსტში. იოანეს ხილვები არწმუნებდა ტანჯულ ქრისტიანებს, რომ რომი (ან ნებისმიერი სხვა ძალაუფლება, რომელიც ღმერთს ეწინააღმდეგებოდა) დამარცხდებოდა. ღმერთი და არა კეისარი აკონტროლებს კაცობრიობის ისტორიას.
ახალი აღთქმის ებრაული გარემო
მესიანისტური მოლოდინები
“ქრისტე” ბერძნული სიტყვაა და შეესაბამება ებრაულ სიტყვას „მესია “. ბრბო, რომელიც იესოს დაყვებოდა მესიას ეძებდა. პავლემ განაცხადა „ეს ქრისტე სწორედ იესოა, მე რომ გახარებთ” (საქ.17:3). მათმა მოლოდინმა, რომ მესია უნდა მოსულიყო, ხალხს ყური გაუხსნა, რომ იესოს ქადაგებისთვის მოესმინათ.
სინაგოგები
ტაძრის განადგურების შემდეგ ძვ. წ. 586 წელს, სინაგოგები ებრაელი ხალხისთვის გახდა ადგილი, სადაც მათ თაყვანისცემა შეეძლოთ. ნებისმიერ თემს, სადაც ათი კაცი იყო, ჰქონდა სინაგოგა. სინაგოგა იყო ღვთისმსახურების ადგილი, სკოლა, რელიგიური და სამოქალაქო სასამართლო და სოციალური საქმიანობის ცენტრი. იესომ თავის პირველი დაწერილი ქადაგება სინაგოგაში იქადაგა, განკურნა სინაგოგაში და ასწავლიდა სინაგოგებში (ლუკ. 4:16-30; მარ. 3:1-5; ინ. 18:20).
მას შემდეგაც, რაც კიროსმა ებრაელებს სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცა, მრავალი ებრაელი დარჩა ბაბილონში, ალექსანდრიის ეგვიპტეში და სხვა ქალაქებში, სადაც იერუსალიმის დაცემის შემდეგ გაიქცნენ. ეს მნიშვნელოვანი გახდა სახარების გავრცელებისათვის. თითქმის ყველა ქალაქში, სადაც მოციქულები ქადაგებდნენ, მათ უნდა მოეძებნათ სინაგოგაში შეკრებილი ებრაული თემი.
ახალ ქალაქში სტუმრობისას, პავლე იწყებდა ქადაგებით სინაგოგაში, სადაც შეეძლო ღვთისმსახური თაყვანისმცემლების - ღვთისმოშიში ებრაელების, ისევე როგორც ჭეშმარიტების მაძიებელი წარმართებს პოვნა (მაგ. საქ. 13:5). ეს წარმართები გახსნილნი იყვნენ სახარების სიტყვის მისაღებად.
ებრაული რელიგიური ჯგუფები
ფარისევლები იესოს დროს ყველაზე ცნობილი რელიგიური ხალხი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა მცირე იყო (დაახლოებით 6000), ისინი პოპულარული იყვნენ უბრალო ხალხში. ამ „განცალკევებულებს“ პატივს სცემდნენ მოსეს რჯულის ზედმიწევნით დაცვისთვის. ფარისევლებს ბევრი საერთო ჰქონდათ რწმენის თვალსაზრისით ქრისტიანებთან: აღდგომა, ანგელოზები, ლოცვა და ძველი აღთქმის პატივისცემა. ამასთან, მათ მოსეს კანონს მრავალი ზეპირი ტრადიცია დაამატეს. საბოლოოდ, ფარისევლების უმეტესობამ უარი თქვა იესოს მესიად აღიარებაზე.
სადუკეველები პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობდნენ იესოს დროს. რომთან თანამშრომლობით სადუკეველებმა მოიპოვეს ძალაუფლება და კონტროლი მღვდელმთავრებზე და სინედრიონზე. სადუკეველთათვის მხოლოდ თორა იყო ავტორიტეტული.[4] მათ უარყვეს წინასწარმეტყველური წიგნები და ზეპირი ტრადიციები. შედეგად, მათ უარყვეს ანგელოზების, სულების და აღდგომის რწმენა. იმის გამო, რომ მათი ძალაუფლება ტაძრის პოლიტიკაზე იყო ორიენტირებული, სადუკეველობა გაქრა მას შემდეგ, რაც ტაძარი განადგურდა ჩვ. წ. 70 წელს.
[4]თორა ნიშნავს “კანონს.”(რჯულს) ეს არის ებრაული ტერმინი, რომლითაც მოსეს ხუთ წიგნს მოიხსენიებენ.
ახალი აღთქმის სამყაროს წეს-ჩვეულებები
რაც უკეთ გავიგებთ ახალი აღთქმის სამყაროს ჩვეულებებს, მით უკეთ გავიგებთ ახალი აღთქმის გზავნილის აზრს, მის არსს. ბოლო წლებში მეცნიერებმა შეისწავლეს ძველი იუდეის ადათ-წესები და ზნე-ჩვეულებები. რამდენიმე მაგალითი წარმოაჩენს ახალი აღთქმის წეს-ჩვეულებების შესწავლის მნიშვნელობას.
ებრაული ოჯახების უმეტესობა ცხოვრობდა სახლებში, რომელიც ერთი ოთახისგან შედგებოდა. ცხოველებს ხშირად ათავსებდნენ სახლის გარე ოთახში, ცხოველების საკვებად მოწყობილი ბაგებით. როდესაც მარიამი და იოსები ბეთლემში ჩავიდნენ, მათ შესაძლოა ამ გარე ოთახში დარჩენის უფლება მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ აღწერის გამო მთავარი სასტუმრო ოთახი (სასტუმრო) სავსე იყო. სასტუმროს მეპატრონე არათავაზიანობის და უთანაგრძნობობის გამო კი არ მოექცა მათ ასე, არამედ საუკეთესო სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა, რაც კი შეეძლო ამ გადატვირთულ პერიოდში.[1]
ებრაელი მწყემსები ხშირად აძლევდნენ უფლებას ცხვრის რამდენიმე ფარას, რომ შერეულიყვნენ. როდესაც ცხვრის გამოყოფის დრო დგებოდა, თითოეული მწყემსი დაუძახებდა და მათი ცხვარი იკრიბებოდა. ცხვრებმა იცოდნენ თავიანთი მწყემსის ხმა. იესომ თქვა, რომ მისი ცხვარი „მისდევს მას, რადგან მათ მისი ხმა იციან. ისინი უცხოს არ გაჰყვებიან და გაექცევიან მას, რადგან არ იციან უცხოს ხმა” (ინ. 10:4, 5).
იესოს პასუხი იუდასთვის ბოლო ვახშამზე ხშირად გაუგებარია. როდესაც პეტრემ იესოს ჰკითხა, ვინ უღალატებდა მას, იესომ უპასუხა: "ისაა, ვისაც ლუკმას ამოვუწობ და მივაწვდი” (ინ 13:26). იოანე ამბობს, რომ შემდეგ იესომ ღვინოში ამოწობილი ლუკმა იუდა ისკარიოტელს მიაწოდა. ბევრი მკითხველის ვარაუდით, იესო მიუთითებდა იუდაზე, როგორც მოღალატეზე. თუმცა, იოანე წერს, რომ სხვა მოწაფეებმა არ იცოდნენ, რომ იუდა იყო მოღალატე. ახალ აღთქმის სამყაროში ყველა ერთი და იმავე ჭურჭლიდან/თეფშიდან შეჭამდა. იესოს გზავნილი კი უბრალოდ ეს იყო: ”ადამიანი, ვინც ამ საღამოს, აქ ჭამს, იქნება მოღალატე.” ამ განსაცდელის დროსაც იესო სიყვარულით ეპყრობოდა იუდას.
ახალი აღთქმის სამყაროს ადათ-წესების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ წაიკითხოთ ბიბლიის ადათ-წესები და ზნე-ჩვეულებები, რომლებიც ხელმისაწვდომია ინტერნეტით.[2]
[1]პავლეს ეს ფრაზა გვაფიქრებინებს ორსულ დედაზე, რომელიც ელოდება დაბადების მომენტს. ზუსტ და სწორ მომენტში ღმერთმა თავისი ძე გამოგზავნა ღვთისმიერვე მომზადებულ სამყაროში. სამყარო მზად იყო...
გეოგრაფიულად. პალესტინა პატარა მხარე გახლდათ ძველი კულტურების გზაჯვარედინზე. ამან უზრუნველყო, რომ ის გამშვებ პლატფორმად და ტრამპლინად ქცეულიყო სახარების გასავრცელებლად დედამიწის ყველა კუთხეში.
ისტორიულად. რომის იმპერიამ უზრუნველყო სახარების გავრცელების საშუალება.
კულტურულად. ბერძნული ენის, რომაული პოლიტიკური სისტემისა და ებრაული რელიგიური ტრადიციების უნიკალური სინთეზი ქმნიდა ღვთივგანვითარებულ გარემოებას ქრისტიანული ეკლესიის დაბადებისთვის.
ღმერთი ძალ-ღონეს არ ზოგავდა, რომ სამყარო სახარებისათვის მოემზადებინა. ამ გაკვეთილის დასრულებისას ილოცე: „ღმერთო, რას აკეთებ, რომ ჩემი სამყარო მოამზადო იმ მსახურებისთვის, რომელიც ჩემთვის გაქვს მოცემული?”
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.