იესოს ცხოვრება და მსახურება
იესოს ცხოვრება და მსახურება
Audio Course Purchase

Search Course

Type at least 3 characters to search

Search through all lessons and sections in this course

Searching...

No results found

No matches for ""

Try different keywords or check your spelling

results found

Lesson 9: მემკვიდრეობის დატოვება

2 min read

by Randall McElwain


გაკვეთილის მიზნები

ამ გაკვეთილის ბოლოს სტუდენტს უნდა შეეძლოს:

(1) გაიაზროს იესოს საბოლოო მემკვიდრეობა მისი მოწაფეებისა და ეკლესიისთვის.

(2) დააფასოს მისიის მნიშვნელობა იესოს მემკვიდრეობაში.

(3) გააცნობიეროს, მისი მოწაფეების მეშვეობით, იესოს მსახურების გაგრძელებული გავლენა, საქმეებში.

(4) შეიმუშავოს პრაქტიკული ნაბიჯები, თავის მსახურებაში მემკვიდრეობის დასატოვებლად.

მსახურების პრინციპი

ჩვენი მსახურების გამოცდა მდგომარეობს იმაში, თუ რას დავტოვებთ ჩვენი წასვლის შემდეგ.

შესავალი

ტიმი უახლოვდებოდა პენსიაზე გასასვლელ ასაკს, პატივდებულ პასტორად მუშაობის მრავალი წლის შემდეგ. მე მას ვკითხე: „როგორ ამზადებთ ეკლესიას თქვენი პენსიაზე გასვლისთვის? როგორია ეკლესიის ხედვა მომდევნო ათი წლის განმავლობაში?” მისმა პასუხმა გამაოგნა. „მე აღარ ვიქნები აქ, ამიტომ არ მაინტერესებს რა მოხდება ჩემი წასვლის შემდეგ.” ამ პასტორს არ ესმოდა მსახურებისთვის მნიშვნელოვანი პრინციპი: ჩვენი მსახურების საბოლოო გამოცდა არის იმაში, თუ რა მოხდება ჩვენი წასვლის შემდეგ.

შეადარეთ ეს პასტორი პიტს. პიტი მოულოდნელად გარდაიცვალა ოცდახუთი წლის მსახურების შემდეგ. ამ წლების განმავლობაში პიტი უძღვებოდა რამდენიმე მსახურებას, თავის ადგილობრივ ეკლესიაში. მან შეიმუშავა მსახურება უსახლკარო ადამიანებისთვის, ნარკომანებისთვის რეაბილიტაციისა და ბიზნეს ლიდერებთან ურთიერთობის პროგრამები. პიტის დაკრძალვაზე ნარკომანების რეაბილიტაციის მსახურების ლიდერმა თქვა: ”გასულ თვეს, მე და პიტი შევხვდით მომავალი წლის ბიუჯეტის განსახილველად.” უსახლკაროების დახმარების მსახურების ლიდერმა წარმოადგინა ახალი შენობის ესკიზი, რომელიც ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფდა. პიტმა საგულდაგულოდ დაგეგმა მსახურებების მომავალი. მან დატოვა მემკვიდრეობა.

ამ ბოლო გაკვეთილზე ჩვენ შევისწავლით იესოს ბოლო სწავლებებს მოწაფეებისთვის, მის ბოლო დავალებას მოწაფეებისადმი და მოწაფეთა მსახურებას, იესოს ამაღლების შემდეგ. ჩვენ ვისწავლით გაკვეთილებს მემკვიდრეობის დატოვების შესახებ.

► ამაღამ რომ გარდაიცვალო, რა მემკვიდრეობას ტოვებ?

  • რა მემკვიდრეობას ტოვებთ თქვენს ოჯახში?

  • რა მემკვიდრეობას ტოვებთ თქვენს საზოგადოებაში?

  • რა მემკვიდრეობას ტოვებთ თქვენს მსახურებაში?

იესოს გამოსამშვიდობებელი მიმართვა

იოანეს 13-16 თავებში მოთხრობილი, შეიძლება შევადაროთ ძველ აღთქმაში, იაკობის, მოსეს, იესო ნავეს ძისა და დავითის „დამშვიდობებას"[1].იესოს „გამოსამშვიდობებელი მიმართვა“ შეიცავს მის ზოგიერთ ღრმა და ყველაზე პირად სწავლებას.

იოანეს 13: 1 აღწერს ამ გამოსამშვიდობებელ სწავლების გარემოს: „იესომ იცოდა, რომ მოვიდა მისი ჟამი, რათა ამ ქვეყნიდან მამასთან წასულიყო.” რომ იცოდეთ, რომ ორმოცდარვა საათში მოკვდებით, რას ეტყოდით მათ, ვინც გააგრძელებდა თქვენს მსახურებას? ეს სიტყვები წარმოადგენს იმას, რაც თქვენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი მიმდევრებისთვის.

ამ უკანასკნელ ვახშამზე იესომ გამოავლინა თავისი სრული სიყვარული მოწაფეებისადმი როგორც თავისი მოქმედებით (ფეხების დაბანით), ასევე სიტყვებით. იესომ „როგორც შეიყვარა თავისიანები, რომლებიც ამ ქვეყნად იყვნენ“. ისევე, „ბოლომდე უყვარდა ისინი” (იოანეს 13:1). „ბოლომდე” თავისში მოიცავს ორ იდეას:

1. ეს ნიშნავს, რომ იესოს „ბოლომდე უყვარდა ისინი“, მათთან ერთად ყოფნის დროს.

2. ეს ნიშნავს, რომ იესოს „უზომოდ უყვარდა ისინი“. იესოს სრულყოფილად უყვარდა ისინი.

► წაიკითხეთ იოანეს 13:31-14:31.

ბრძანებები და დაპირებები იესოს გამოსამშვიდობებელ მიმართვაში

ბრძანება: გიყვარდეთ ერთმანეთი (იოანეს 13:34).

„ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.” მოწაფეთა ჯგუფისთვის, რომლებიც კამათით უფრო მეტად იყნენ ცნობილნი, ვიდრე სიყვარულით, ეს რთული მცნება იყო.

როგორ იყო ეს „ახალი მცნება”? ძველი აღთქმაც კი უბრძანებდა ღვთის ხალხს: „გიყვარდეს მოყვასი შენი.” იესოს სწავლებაში სიყვარულის შესახებ ორი „ახალი“ ასპექტი არსებობს.[2]

პირველ რიგში, იესომ თავად წარმოადგინა სიყვარულის მაგალითი, რომელიც მან მცნებად დაუდო. მათ უნდა უყვარდეთ ისე, როგორც მას უყვარდა. მას შემდეგ რაც მათ, თავმდაბლად დაბანა ფეხები, იესომ თქვა: „გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.” მან განასახიერა სიყვარული, რომელიც გამოხატულია თავმდაბალ მსახურებაში. მოწაფეებს, მაშინაც და ახლაც, უნდა უყვარდეთ ისე, როგორც იესოს უყვარდა. ეს სიყვარული იღებს პირსახოცს, რომ ემსახუროს. ეს სიყვარული ემსახურება მოღალატესაც კი. ეს სიყვარული სიკვდილამდე გრძელდება.

მეორე, ქრისტიანებს შორის სიყვარული უნდა ყოფილიყო იესოს გზავნილის ჭეშმარიტების უნიკალური მოწმე. „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.” მოგვიანებით, იესო ლოცულობს: „რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთში და რათა იცოდეს ქვეყნიერებამ, რომ შენ მომავლინე” (იოანეს 17:23). ეკლესიის სიყვარული და ერთიანობა უნდა იყოს იესოს გზავნილის მოწმე.

ბევრმა ქრისტიანმა აღმოაჩინა, რომ უფრო ადვილია ურწმუნო მეზობლის სიყვარული, ვიდრე ქრისტიანი ძმის სიყვარული, რომელიც სავსეა პიროვნული ნაკლებით. მაგრამ ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, ნაბრძანები გვაქვს, „გვიყვარდეს ერთმანეთი.” ორმოცდაათი წლის შემდეგ, იოანემ შეახსენა ეკლესიას ეს გზავნილი:

თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ეჯავრება, იგი ცრუა, ვინაიდან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს? და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს (1 იოანეს 4:20-21).

იესომ გამოსამშვიდობებელი გზავნილი დაიწყო ერთმანეთის სიყვარულის მცნებით. ეს ბრძანება არის საფუძველი ყველაფრისთვის, რაც მან გამოაცხადა ამ გზავნილში.

მცნება (დავალება): ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ (იოანე 14:1).

როგორც ხშირად აკეთებდა, პეტრემ შეაწყვეტინა იესოს და ჰკითხა: „უფალო, სად მიდიხარ?” თავის პასუხში იესომ იწინასწარმეტყველა პეტრეს მიერ უარყოფა. შემდეგ იესომ განაგრძო გზავნილით პეტრესადმი, დანარჩენი მოწაფეებისადმი და ჩვენდამიც დღეს. „ნუ შეკრთება თქვენი გული.”

ვინაიდან წერილი დაყოფილია თავებად, იოანეს 13:38 -ის შემდეგ, ჩვენ ხშირად ვკითხულობთ იოანეს 14:1 -ს, თითქოს ახალი გზავნილი იწყება. იოანეს 14:1 პეტრესთვის პასუხის ნაწილია. წაიკითხეთ ასე:

პეტრე, სამჯერ უარმყოფ. შენ ბევრად სუსტი ხარ ვიდრე გგონია. მაგრამ, ნუ დაღონდები; მე მაქვს იმედის უწყება შენთვის პეტრე და ყველა თქვენგანისთვის, ვინც მალე შეშინებული გაიქცევა ჩემი შეპყრობისას. „ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.”

პეტრეს ჭირდებოდა იმის ცოდნა, რომ დაცემის მიუხედავად, იესოს ჰქონდა იმედის უწყება. მოწაფეებსაც ჭირდებოდა იმის ცოდნა, რომ შიშის მიუხედავად, იესოს ჰქონდა იმედის უწყება. „ნუ კრთება თქვენი გული ”ახლანდელ დროშია. იესოს გაფრთხილებისა და რელიგიური წინამძღოლების წინააღმდეგობის გათვალისწინებით, მოწაფეებს უკვე შეეშინდათ. იესო ამბობს: „ნუ შეკრთებით…. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.”

ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ მსახურების სტრესებისგან „შეკრთომა“ არის, რომ „ვიწამოთ.” ამ გაკვეთილს ვწერ ორშაბათს დილით. ნებისმიერ ორშაბათს, არიან პასტორები მთელს მსოფლიოში, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან. გუშინ თქვენ ერთგულად იქადაგეთ და თქვენი ერთ -ერთი წევრი გაბრაზდა. თქვენ იქადაგეთ მონანიებაზე და არავინ გამოეხმაურა. თქვენ მოიწვიეთ ურწმუნოები და არავინ მოვიდა.

ზოგიერთ ქვეყანაში ეკლესიას მთავრობა ეწინააღმდეგება. ზოგიერთ ქვეყანაში ეკლესიას ემუქრებიან ისლამური ბოევიკები. ზოგიერთ ქვეყანაში ეკლესიას ემუქრება სოციალური გულგრილობა - არავის აინტერესებს. იესო ამბობს: „ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.”

დაპირება: მე ვარ გზა (იოანეს 14:6).

იესომ გაამხნევა თავისი მოწაფეები იმით, რომ ის მიდიოდა მათთვის ადგილის მოსამზადებლად. ახლა თომამ შეაწყვეტინა: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და გზა როგორღა გვეცოდინება?”

იესოს პასუხი გვასწავლის ქრისტიანული ცხოვრების მნიშვნელოვან პრინციპს. იესოს არ უთქვამს: „აი, სად მივდივარ". ამის ნაცვლად, მან თქვა: „მე ვარ გზა.” იესოს არ უჩვენებია გზა ან მიმართულება; მან თავისკენ მიუთითა. წმინდა წერილში არ არსებობს უფრო მკაფიო განცხადება, ვიდრე ის, რომ მამისკენ მიმავალი ერთადერთი გზა არის ქრისტე. ლიბერალური თეოლოგების მტკიცების საწინააღმდეგოდ, იესომ ნათლად თქვა, რომ ის არის ერთადერთი გზა ღმერთისკენ.

დაპირება: თქვენ გააკეთებთ უფრო დიდ საქმეებს (იოანეს 14:12-14).

იესო დაგვპირდა, რომ „ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, თავადაც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ.” ეს საქმეები უფრო დიდი იქნება არა იმიტომ, რომ უფრო გასაოცარი იქნება, არამედ იმიტომ, რომ ისინი უფრო ფართოდ გავრცელდება. მიწიერი მსახურების დროს იესოს საქმეები შემოიფარგლებოდა მხოლოდ ერთ გეოგრაფიულ არეალში. ახლა, როდესაც იესომ გამოგზავნა სული, ეკლესიის საქმეებმა მსოფლიოს მიაღწია.

იესომ განაგრძო: „რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში.” ამ დაპირებას ორი პირობა აქვს.

(1) „ითხოვეთ ჩემი სახელით.”

ეს უფრო მეტია, ვიდრე ლოცვის დასასრულს დაამატო „იესოს სახელით“. ეს არ არის მანტრა, რომელიც აიძულებს იესოს დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნები. მთელ ბიბლიაში ღვთის „სახელი“ ასახავს მის ბუნებას. „იესოს სახელით ლოცვა“ ნიშნავს ილოცოთ იესოს ბუნებისა და მისი ნების შესაბამისად.

ლოცვა „ჩემი სახელით“ შეიძლება ასევე ნიშნავდეს „მამასთან მისვლას ძის უფლებამოსილებით.“ როდესაც მოსე „ფარაონთან მივიდა, რომ ღმერთის სახელით ელაპარაკა", ის მოვიდა იმ ღმერთის ძალაუფლებით, რომელმაც გაგზავნა ის (გამოსვლის 5:23). იესოს სახელით ლოცვა ნიშნავს ლოცვას მისი ნებართვით და უფლებამოსილებით. ჩვენ ვუახლოვდებით მამას ძის შუამდგომლობით, რომელიც „ცოცხალია მუდამ, რათა უშუამდგომლოს მათ” (ებრაელთა 7:25).

(2) „… რათა განდიდდეს მამა ძეში.”

ჩვენი ლოცვები უნდა იყოს ღვთის სადიდებლად. იაკობმა გააფრთხილა ისინი, ვინც „ითხოვთ და არ გეძლევათ, რადგან ბოროტს ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმანი დაიკმაყოფილოთ” (იაკობის 4:3). როდესაც ჩვენ ვაღიარებთ იესოს აღთქმას, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ ვლოცულობთ ღვთის სადიდებლად და არა ჩვენი მიზნებისთვის.

მცნება (დავალება): ჩემი მცნებანი დაიცავით (იოანეს 14:15).

იესომ მოგვცა სტანდარტი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ ჩვენი სიყვარული მის მიმართ. „თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებები დაიცავით.” იოანემ გაიხსენა ეს მოწმობა, როდესაც დაწერა თავისი პირველი ეპისტოლე: „ხოლო ვინც იცავს მის სიტყვას, მასშია ჭეშმარიტად აღსრულებული ღვთის სიყვარული” (1 იოანეს 2:5). ზოგიერთი თანამედროვე მქადაგებლის სწავლების საპირისპიროდ, იესოს არასოდეს უსწავლებია, რომ მის მოწაფეებს შეეძლოთ ეცხოვრათ მისი ბრძანებების განზრახ დაუმორჩილებლობაში. სიყვარული ჩანს ნებაყოფლობით მორჩილებაში.

დაპირება: ის ნუგეშისმცემელს მოგივლენთ (იოანეს 14:16).

იოანეს 14:16 -ში მოცემული სიტყვა პარაკლეტი, ნათარგმნია როგორც „დამხმარე“.[3] ეს სიტყვა აღნიშნავს „დამცველ ადვოკატს.” იგულისხმება „დამხმარე“ ან „ნუგეშისმცემელი, რომელიც ნუგეშს იძლევა უბედურების დროს.”

იესომ თქვა, რომ „მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ.” ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სულიწმიდის მსახურება იესოს მსახურების მსგავსი იქნება. სული მოვიდა არა როგორც უპიროვნო „ძალა", არამედ როგორც პიროვნება, ისევე როგორც იესო იყო პიროვნება.

პარაკლეტი არის წმიდა „ჭეშმარიტების სული", რომელიც იცხოვრებს „თქვენთან და თქვენში იქნება.” ის „ყველაფერს გასწავლით, რაც თქვენთვის მითქვამს.” მისი მსახურება იმდენად ძლიერი იქნება, რომ იესომ თქვა: „თქვენთვის უკეთესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან” (იოანეს 16:7).

რა სარგებელს მოუტანდა მოწაფეებს იესოს წასვლა? რობერტ კოულმანმა განმარტა:

სანამ ის მათთან იყო სხეულებრივად, [მოწაფეები] ვერ ხედავდნენ საჭიროებას დანდობოდნენ სულს, და შესაბამისად, მათ არ იცოდნენ მისი ცხოვრების უფრო ღრმა რეალობა. თუმცა მისი არყოფნისას მათ არ ჰქონდათ ხილული მხარდაჭერა. რომ გადარჩენილიყვნენ, მათ უნდა შეეცნოთ მამასთან მისი შინაგანი კავშირის საიდუმლო. მათი აუცილებლობის გამო, ისინი განიცდიდნენ უფრო დიდ თანაზიარებას ქრისტესთან, ვიდრე აქამდე იცოდნენ.[4]

ცხოვრება ვაზში

► წაიკითხეთ იოანეს 15:1-16:33.

იესომ განაგრძო თავისი ერთ -ერთი ყველაზე ძლიერი გამოხატულებით. „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, ხოლო მამაჩემი მევენახეა.” ძველი აღთქმა არაერთხელ მოიხსენიებს ისრაელს, როგორც ვაზს.[5] თუმცა, მისი ცოდვის გამო, ისრაელმა ვერასოდეს აღასრულა ღვთის მიზანი, განკუთვნილი მშვენიერი ვაზისთვის, რომელიც მან დარგო. სამაგიეროდ, რადგან ისრაელი მატერიალურად აყვავდა, მან ააგო სამსხვერპლოები ცრუ ღმერთებისთვის (ოსიას 10:2). ნაცვლად იმისა, რომ ნაყოფი გამოიღოს, რომელიც აკურთხებს ერებს, ისრაელმა გამოისხა „ველური ყურძენი.”[6] ისრაელი ისეთი ცოდვილი გახდა, რომ ღმერთმა ვერაფრის გაკეთება შეძლო ამ ვაზთან, გარდა იმისა, რომ შეშად გამოეყენებინა (ეზეკიელის 15:1-6).

იესო მოვიდა როგორც „ჭეშმარიტი ვაზი.” ის მოვიდა იმის განსახორციელებლად, რაც ისრაელის ერმა ვერ შეძლო; ის მოვიდა, აღასრულოს ისრაელის მოწოდება, იყოს კურთხევა ერებისთვის.

იესომ უთხრა მოწაფეებს, რომ ის იყო ვაზი და ისინი იყვნენ ლერწები. იესოს გზავნილი ნათელი იყო: ნაყოფიერება მთლიანად დამოკიდებულია ჩვენს მზადყოფნაზე „დავრჩეთ მასში.”

მე ვაზი ვარ, თქვენ კი - ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ.

ვაზის გარეშე, მოწაფეებს არაფერი შეეძლოთ; ვაზის გარეშე, ჩვენც არაფრის გაკეთება შეგვიძლია დღეს. როდესაც ჩვენ ვცდილობთ მსახურებას საკუთარი ძალებით, ჩვენ განწირულები ვართ იმედგაცრუებისა და უძლურებისთვის. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ არასოდეს გვქონდა განზრახული ნაყოფის გამოღება ჩვენით.

ჩვენი სულიერი ცხოვრება გამომდინარეობს ვაზთან ჩვენი უწყვეტი ურთიერთობიდან. თუ ვინმე არ დარჩება ვაზში, „გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და გახმება; მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაწვავენ.” მიუხედავად იმისა, რომ ეს მუხლი არის გამაფრთხილებელი, ის ასევე დიდი გამხნევებაცაა. ვაზის გარეშე ჩვენ უსარგებლო და გამოუსადეგარი ვართ. მაგრამ თუ დავრჩებით ვაზში, სიცოცხლე და ნაყოფიერება გვექნება. ჩვენი სულიერი ცხოვრება არ არის დამოკიდებული საკუთარ ძალებზე; ჩვენ ვცხოვრობთ „ვაზზე.”

ეს თემა გვხდება ებრაელებშიც. ჩვენი დიდი მღვდელმთავარი, იესო, „მარად ცოცხალია, რათა უშუამდგომლოს მათ", ვინც „მიეახლება ღმერთს” (ებრაელთა 7:25). ჰოვარდ ჰენდრიქსმა გაამხნევა მებრძოლი პასტორები, რომლებიც თავს იზოლირებულად გრძნობდნენ: „თუ არავინ გყავთ, ვინც ილოცებს თქვენთვის, არასოდეს დაივიწყოთ, რომ თქვენთვის ქრისტე ლოცულობს.” ის არის ჩვენი შუამავალი; ის არის ჩვენი სულიერი ცხოვრების წყარო.

იესო ახსენებს თავის მოწაფეებს, რომ ისინი უნდა დარჩნენ ვაზზე. ეს დღესაც ასეა. როგორც პასტორები და ეკლესიის ლიდერები, თქვენ არ მსახურობთ საკუთარი ძალებით. თქვენ ცხოვრობთ ვაზის ძალაში და დიდი მღვდელმთავრის ძალაში, რომელიც შუამდგომლობს თქვენთვის, როდესაც თქვენ არ გაქვთ ძალა, რომ შუამდგომლობდეთ საკუთარ თავზე.

ბოლო მიმართვის დარჩენილ ნაწილშიც იესო კვლავ ასწავლიდა თავის მოწაფეებს, რომ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი. მან მოამზადა ისინი ქვეყნიერების მხრიდან სიძულვილის დასაძლევად. ქვეყნიერებას სძულდა იესო; ქვეყნიერება მოიძულებს იესოს ჭეშმარიტ მიმდევრებსაც.

შემდეგ იესომ უფრო მეტი ახსნა სულიწმიდის მოქმედების შესახებ. მანამდე, მიმართვაში ის შეპირდა, რომ გამოგზავნიდა სულს. ახლა მან უფრო მეტი ასწავლა მათ, სულიწმიდის მოქმედების შესახებ. სული ამხელს ქვეყნიერებას; ის წარმართავს მოწაფეებს სრულ ჭეშმარიტებაში; ის განადიდებს ძეს.

მან კვლავ განუმარტა მათ წასვლის შესახებ „ცოტა ხანში.” მან კვლავ უთხრა მათ, ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება. ამ საუბრის დასაწყისში იესომ ბრძანა: „ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე” (იოანეს 14:1). მან დაასრულა მიმართვა გამხნევებით: „ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ქვეყნიერებაზე ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას” (იოანეს 16:33).

გაითვალისწინეთ, რომ ორივე შემთხვევაში ჩვენი იმედი მხოლოდ ქრისტეშია. ჩვენ არ შევკრთებით, თუ „ვიწამებთ მას.” ჩვენ უნდა "გავმხნევდეთ", რადგან "მან სძლია ქვეყნიერებას.” ვაზში ცხოვრება არის, სარწმუნო მშვიდობაში ცხოვრება. ჩვენი ნდობა არ ემყარება მიწიერ გარემოებებს; ჩვენი ნდობა ემყარება ქრისტეს და მის გამარჯვებას ქვეყნიერებაზე.


[1]დაბადების 49; მეორე რჯულის 32-33; იესო ნავეს 23-24; 1 ნეშტთა 28-29
[2]Darrell L. Bock, Jesus According to Scripture (Grand Rapids: Baker Book House, 2002), 498
[3]დამხმარე, ინგლისური სტანდარტული ვერსია; ნუგეშისმცემელი, მეფე ჯეიმსის ვერსია; ადვოკატი, ახალი საერთაშორისო ვერსია
[4]Robert Coleman, The Mind of the Master (Colorado Springs: WaterBrook Press, 2000), 29
[5]ფსალმუნის 79:8-9; ესაიას 5:1-7; 27:2-6; ოსიას 10:1-2
[6]ესაიას 5:2 კულტურული ვენახის ნაყოფის ტკბილი არომატისგან განსხვავებით, „ველურს” აქვს „მჟავე” გემო

ახლო ხედი: საიდუმლო სერობა

[1]მიშნა არის ძველი ებრაული ტრადიციების ჩანაწერი. მიშნას ერთი ნაწილი გვიჩვენებს, თუ როგორ აღნიშნავდნენ ებრაელები პასექს. საიდუმლო სერობისას, იესო და მოწაფეები, ალბათ, მიჰყვებოდნენ ამ წესს, რომელიც 2000 წლის შემდეგაც გრძელდება.

სუფრაზე მიტანილია წყალთან შერეული ღვინის პირველი თასი. თასის კურთხევა მოიცავს გამოსვლის ამ დაპირებას: „მე გამოგიყვან.”

ღვინის მეორე თასიც შერეულია, მაგრამ ჯერ არ არის მიტანილი. უმცროსი ვაჟი კითხულობს: რატომ არის განსხვავებული ეს ღამე ყველა სხვა ღამისგან?” მამა პასუხობს ეგვიპტიდან ისრაელის გათავისუფლების ამბავს.

ამ ამბის მოყოლის შემდეგ, ოჯახი გალობს პირველ პასექის ჰალელს, ფსალმუნებს 112-113. ისინი მეორე თასს სვამენ ამ დაპირებით: „მე გიხსნით მათი მონობიდან.”

კურთხევის შემდეგ მიირთმევენ საკვებს. საკვები შედგება მწარე მწვანილის, უფუარი პურის, ცხვრის ხორცისა და ხილის სოუსისგან, შეზავებული სუნელებით და ძმრით. მამა იბანს ხელებს, ტეხს და აკურთხებს პურებს, იღებს პურის ნაჭერს, ახვევს მწარე მწვანილში, აწობს სოუსში და ჭამს. შემდეგ მადლობას სწირავს და ჭამს კრავის ხორცის ნაჭერს. შემდეგ ოჯახის თითოეული წევრი ჭამს.

მესამე თასი იკურთხება პასექის დაპირებით: „მე გამოგისყიდი.”

მეოთხე თასი იკურთხება პასექის დაპირებით: „მე წაგიყვან ერად.”

ოჯახი გალობს პასექის ბოლო ჰალელს, ფსალმუნებს 114-117.[2]

პასექის დროს ებრაელ ხალხი იხსენებდა, რომ ღმერთმა ისრაელი მონობიდან იხსნა. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ისინი მოუთმენლად ელოდნენ ღვთის დაპირებების სრულყოფილად შესრულებას, როდესაც მესია ერთხელ და სამუდამოდ იხსნიდა მათ მონობისგან.

საიდუმლო სერობის მეორე დღეს იესო მოკვდებოდა, როგორც პასექის სრულყოფილი კრავი. ჯვარზე, ხსნის დაპირება შესრულდა.


[1]თქვენ შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოს მესიანური ებრაული პასექის შესახებ გვერდზე https://www.youtube.com/watch?v=bVolBDlWloQ ხელმისაწვდომია 2021 წლის 22 მარტს. შეგიძლიათ წაიკითხოთ მეტი აქ http://www.crivoice.org/haggadah.html, ხელმისაწვდომია 2021 წლის 22 მარტს
[2]ეს იყო ბოლო ფსალმუნი, რომელიც იესომ თავის მოწაფეებთან ერთად იგალობა გეთსიმანიაში წასვლამდე (მათე 26:30)

მღვდელმთავრის ლოცვა

► წაიკითხეთ იოანეს 17.

იესოს ბოლო ლოცვა თავის მოწაფეებთან ერთად, მნიშვნელოვანია მისი მემკვიდრეობის გასაგებად, რომელიც მან დაუტოვა მოწაფეებს და დღევანდელ ეკლესიას. ამ ლოცვას „იესოს ლოცვების წმიდათა წმიდა" ეწოდა. ეს არის მისი ყველაზე პირადული ლოცვა.

იესო ლოცულობდა თავისი თავისთვის (იოანეს 17:1-5)

იესო ლოცულობდა, „მამაო, დადგა ჟამი განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ.” მიუხედავად იმისა, რომ მოწაფეებს არ ესმოდათ ეს ლოცვა, ისინი მალე გაიგებდნენ შოკისმომგვრელ ჭეშმარიტებას, რომ ამ ლოცვას პასუხი გაეცა რომაულ ჯვარზე.

ვნების კვირის ორშაბათს იესომ თქვა: „როცა ავმაღლდები დედამიწიდან, ყველას ჩემთან მივიზიდავ.” იოანემ განმარტა: „ამას იმის მისანიშნებლად ამბობდა, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო” (იოანეს 12:32-33). იესო განდიდდა არა გამარჯვებით, არამედ აშკარა დამარცხებით. იესო განდიდდა ჯვრით.

იესო ლოცულობდა თავისი მოწაფეებისთვის (იოანეს 17:6-19)

იესო ლოცულობდა სამ რამეზე თავისი მოწაფეებისთვის. ის ლოცულობდა, „მამავ, შენი სახელით დაიცავი ესენი.” ის ლოცულობდა, „რომ დაიცვა ბოროტისგან.” და ის ლოცულობდა, მამა „განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით.”

იესო ლოცულობდა ყველა მორწმუნისთვის (იოანეს 17:20-26)

იესო ლოცულობდა ყველა „იმათთვისაც, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს" მომავალში. ის ლოცულობდა „რათა ყველა ერთი იყოს.” ეს ერთიანობა არის მოწმობა სამყაროსთვის: „რათა ირწმუნოს ქვეყნიერებამ, რომ შენ წარმომგზავნე.”

იესო ქვეყნიერებისთვის არ ლოცულობდა: „ქვეყნიერებისთვის კი არ გთხოვ, არამედ მათთვის, რომლებიც შენ მომეცი.” ამის ნაცვლად, ის ლოცულობდა ქრისტიანებისთვის, რათა მსოფლიოს ერწმუნა. ეკლესიისთვის ბოლო ლოცვისას იესომ ილოცა, რომ ჩვენ ვიყოთ მოწმეები მსოფლიოსთვის ჩვენი ერთიანობისა და ერთგულების მეშვეობით.

იესოს მემკვიდრეობა იყო მორწმუნეთა ჯგუფი, რომლებიც აღასრულებდნენ მის მიზანს მსოფლიოში. ძველ აღთქმაში ღმერთმა აკურთხა ისრაელი, რათა ის ყოფილიყო კურთხევის საშუალება ყველა ერისთვის (დაბადების 12:1-3). ახალ აღთქმაში ეკლესია აკურთხა ღმერთმა, რათა ის ყოფილიყო კურთხევის საშუალება ყველა ერისთვის. იესო ლოცულობდა, რომ ჩვენ შევასრულოთ ჩვენი დანიშნულება და ვიყოთ კურთხევა ყველა ხალხისთვის.

იესოს საბოლოო დავალება მოწაფეებს

► წაიკითხეთ მათეს 28:16-20; მარკოზის 16:15; ლუკას 24:44-49; საქმეების 1:6-11.

ლიდერის მუდმივი გავლენა დიდწილად განისაზღვრება მისი უნარით სხვებს გაუზიაროს თავისი ხედვა. დღეს ჩვენ ამას ვუწოდებთ „ხედვის ჩამოყალიბებას.” იესო გვაძლევს მაგალითს ხედვის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც შთააგონებს ერთგულ მიმდევრებს. მისი ხედვის გამო, მოწაფეებმა სიცოცხლე მიუძღვნეს ღვთის სამეფოს შესახებ უწყების გავრცელებას, რომის იმპერიის მასშტაბით.

სახარებები შეიცავს სამ განცხადებას, იესოს დავალების შესახებ. თითოეული ეს განცხადება ყურადღებას ამახვილებს დავალების სხვადასხვა ასპექტზე. მათე ხაზს უსვამს მისიისათვის აუცილებელ ძალაუფლებას. მარკოზი აღნიშნავს დავალების გავრცობას: „მთელ ქმნილებაზე.” ლუკა აჯამებს შეტყობინების შინაარსს, რომელსაც მოციქულები ქადაგებენ.

იესოს ბოლო დავალების ყველაზე სრულყოფილი განცხადება მოცემულია მათეს 28:18-20-ში.

მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცაში და დედამიწაზე. ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე.

ამ დავალებიდან უპირველესი მცნებაა „დაიმოწაფეთ.” ამ მცნების შესრულება ჩვენგან მოითხოვს ახალ მოქცეულთა მონათვლას და ახალგაზრდა მორწმუნეების სწავლებას. ეს ქმედებები მხარს უჭერს ცენტრალურ მცნებას, „დაიმოწაფეთ.” მახარებლობა, სოციალური შრომა, განათლება და მსახურების ყველა სხვა ასპექტი ხელმძღვანელობს ამ ცენტრალური პრიორიტეტით: ჩვენ გვევალება მოწაფეების მომზადება.

პასტორობის მიზანი

ედ მარკვარტი, ამერიკელი პასტორი, სადილობდა რიჩარდ ვურმბრანდთან, რუმინელ პასტორთან, რომელმაც მრავალი წელი გაატარა კომუნისტურ ციხეში. ვახშმის დროს ვურმბრანდი მიუბრუნდა მარკკვარტის ეკლესიის წევრს და ჰკითხა: „თქვენი პასტორი კარგი პასტორია?" წევრმა თქვა: „დიახ.”

ვურმბრანდმა ჰკითხა: „რატომ არის ის კარგი პასტორი?" წევრმა უპასუხა: „რადგან ის ქადაგებს კარგ ქადაგებებს.”

ვურმბრანდმა შემდეგ ჰკითხა: „ის ამზადებს მოწაფეებს?” პასტორ მარკვარტმა თქვა, რომ ამ კითხვამ შეცვალა მისი მთელი მსახურების მიმართულება. მან თქვა:

ღვთის დავალება ყველა პასტორისთვის არის მოამზადოს მოწაფეები იესო ქრისტესთვის. ადამიანები, რომლებსაც უყვართ იესო ქრისტე, მიჰყვებიან იესო ქრისტეს, რომლებიც იესო ქრისტეს უწოდებენ თავიანთ უფალს. ეს არის ის, რისკენაც ჩვენ მოწოდებულნი ვართ: მოვუმზადოთ იესო ქრისტეს მოწაფეები. არა ეკლესიის წევრები. არა საკვირაო სკოლები. არა შენობების შენება. ჩვენ უნდა მოვამზადოთ იესო ქრისტეს მოწაფეები. სულ ეს არის.

ახლო ხედი: იესოს მისია

იესოს მსახურების ბოლო კვირის მოვლენები აჩვენებს მის მისიას, შექმნას სამეფო, რომელიც შედგება ყველა ერისა, რასისა და ხალხისგან. იესოს მსახურების ბოლო კვირის სცენები ასახავს მის მისიას ყველა ერისთვის.

  • იესო შემოვიდა ქალაქში ვირზე მჯდომი. მათემ და იოანემ მოახდინეს ზაქარიას წინასწარმეტყველების ციტირება: „აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მშვიდი, მჯდომი ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე.” ზაქარიამ აღწერა ამ მეფის მეფობა. „მშვიდობას აუწყებს იგი ხალხებს, ზღვიდან ზღვამდე იქნება მისი ხელმწიფება” (მათეს 21:5; ზაქარიას 9:9-10).

  • ტაძრის განწმენდისას, იესომ ესაიადან მოახდინა ციტირება: „განა არ წერია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება ყველა ერში?” (მარკოზის 11:17, ციტატა ესაიას 56:7). ებრაელმა ლიდერებმა მოაწყვეს გარე ეზო, სადაც წარმართები იკრიბებოდნენ სალოცავად, ფულის გადამცვლელთა და მტრედების გამყიდველთა ბაზრად.

  • როდესაც მოწაფეებმა გააკრიტიკეს მარიამი, ძვირფასი ნელსაცხებლის „გაფლანგვისთვის“, იესომ უპასუხა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ სახარებას მთელ ქვეყანაზე, იმასაც იტყვიან, რაც მან გააკეთა, მისივე მოსაგონებლად” (მარკოზის 14:9; დაემატა ხაზგასმა.).

  • ზეთისხილის ქადაგებაში იესომ იწინასწარმეტყველა დღე, როდესაც „ექადაგება სამეფოს ეს სახარება მთელ მსოფლიოს ყველა ერისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული” (მათეს 24:14; დაემატა ხაზგასმა.). ამ ებრაელ მოწაფეებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ სამეფო მხოლოდ რჩეული ხალხისთვის იყო, იესომ უთხრა, რომ სახარება გამოცხადდება მთელი მსოფლიოსთვის.

ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებმა აჩვენეს, რომ მესია მოვიდოდა ყველა ერისთვის. საჯარო მსახურების ბოლო კვირას იესო ასწავლიდა თავის მოწაფეებს, რომ ღვთის სამეფოში შევიდოდა ხალხი ყველა ერიდან. წინასწარმეტყველთა დაპირება უნდა შესრულებულიყო ეკლესიის მეშვეობით.

იესოს მემკვიდრეობა: ეკლესია საქმეებში

მრავალი წიგნი ქრისტეს ცხოვრებაზე მთავრდება ამაღლებით. თუმცა, ამაღლება არ ყოფილა იესოს მიწიერი მსახურების კულმინაცია. იესოს მსახურებამ არა მხოლოდ ჯვართან, ანდა ცარიელ საფლავამდე მიგვიყვანა; მისმა მსახურებამ სულთმოფენამდე მიგვიყვანა. იესო შეგვპირდა, რომ „სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ” (იოანეს 14:16). ეს პირობა შესრულდა საქმეებში. საქმეებში ორი სცენა აჩვენებს იესოს მემკვიდრეობის შესრულებას.

ეკლესია სულთმოფენისას

► წაიკითხეთ საქმეების 1:4-11 და 2:1-41.

ამაღლების წინ, მოწაფეებმა ჰკითხეს: „უფალო, ამ დროს ხომ არ აღუდგენ ისრაელს სამეფოს?” ისინი მოელოდნენ, რომ იესო დაამყარებდა მიწიერ, პოლიტიკურ სამეფოს. მათი აზრით, აღდგომა აძლიერებდა მიწიერი სამეფოს შესაძლებლობას. მათი აზრით, საჭირო იყო მხოლოდ, რომ იესოს თავისი ძალა რომაელების დასამხობად გამოეყენებინა. იესომ უპასუხა,

თქვენ არ გეხებათ დროების ან ვადების ცოდნა, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით. არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე.

„სამეფოს დროები ან ვადები არ არის შენი პასუხისმგებლობა,” - გულისხმობს იესო. „სამაგიეროდ, თქვენ უნდა შეასრულოთ მისია, რომელიც მე მოგეცით თქვენ: იმსახურეთ, როგორც ჩემმა მოწმეებსმა დედამიწის კიდემდე. მაგრამ სანამ წახვალთ, უნდა დაელოდოთ.” ლუკაში იესომ თქვა: „თქვენ კი, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ, ქალაქში დარჩით” (ლუკას 24:49).

პასექიდან ორმოცდამეათე დღეს, როდესაც 120 მოწაფე შეიკრიბა ზედა ოთახში, აღთქმა სულიწმიდაზე შესრულდა. მათ დაიწყეს საუბარი სხვა ერებიდან შეკრებილი ხალხის ენებზე ებრაული სულთმოფენობის დღესასწაულზე. ეს განასახიერებდა ქრისტეს გეგმის შესრულებას, შექმნას თავისი ეკლესია ყველა ერისგან.

საქმეების 2 – ში მოყვანილი ერების სია, გვახსენებს დაბადების 10 – ში ერების ჩამონათვალს. დაბადების 11 -ში ღმერთმა დაგმო ადამიანების მცდელობა ბაბილონში დაეარსებინათ საყოველთაო სამეფო, მათი ენების არევით. საქმეების 2 – ში ღმერთმა დაიწყო თავისი სამეფოს მშენებლობა, ენების არევის შემობრუნებით.

სულთმოფენობა იყო იესოს დაპირებული „ამათზე დიდი საქმეების“ დასაწყისი (იოანეს 14:12). სულიწმიდის მოქმედების გამო, სულთმოფენობისას უფრო მეტი ადამიანი მოექცა, ვიდრე იესოს მთელი მიწიერი მსახურების დროს. იესოს მემკვიდრეობის აღსრულება დაიწყო. აღთქმული სულიწმიდა ახლა აქტიური იყო მოციქულთა მსახურებაში. ამ დროიდან ეკლესია იწყებს ღვთის დიდი მიზნის განხორციელებას, მისი სამეფოს ჩამოყალიბებას. როგორც პეტრეს ქადაგება ცხადყოფს, ძველი აღთქმის დაპირებები ახლა ეკლესიის მეშვეობით სრულდებოდა.

ჯონ სტოტმა განმარტა სულთმოფენობის დღის ოთხი ასპექტი.[1]

  • სულთმოფენობის დღე იყო იესოს უკანასკნელი გადამრჩენი მოქმედება დედამიწაზე.

  • სულთმოფენობის დღემ აღჭურვა მოციქულები, დიდი მოვალეობის შესრულებისთვის.

  • სულთმოფენობის დღეს დაიწყო სულის ახალი ხანა. ძველ აღთქმაში სულიწმიდა აძლიერებდა ღვთის მსახურებს მსახურების განსაკუთრებულ დროს. სულთმოფენობის შემდეგ, ქრისტიანები ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას სარგებლობენ მისი მსახურებით.

  • პირველი ქრისტიანული გამოღვიძება დაიწყო სულთმოფენობის დღეს.

სულთმოფენობის დღის შედეგები ჩანს საქმეების წიგნის დანარჩენ ნაწილში. სულთმოფენობის ნიშნები იყო „განსაკუთრებული.” სიხარული, მორწმუნეთა თანამოზიარეობა, თაყვანისცემის თავისუფლება, დამოწმების გამბედაობა და ძალა მსახურებისთვის, უნდა ყოფილიყო „ნორმალური" მტკიცებულება სულიწმიდის ძალით მსახურებისთვის.

ყოველდღიური ცხოვრება ადრეულ ეკლესიაში

► წაიკითხეთ საქმეების 2:42-47.

მეორე მოვლენა, რომელიც აჩვენებს იესოს მემკვიდრეობის შესრულებას, არის საქმეების 2 - ს ბოლოს. ეს მოვლენა წარმოადგენს ადრეული ეკლესიის ყოველდღიურ ცხოვრებას.

მის მღვდელმთავრულ ლოცვაში იესო ლოცულობდა თავისი მიმდევრების ერთობისთვის. ის ლოცულობდა, „რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთი” (იოანეს 17:22). ამ ლოცვის პასუხი იწყება საქმეების 2 - ში. „ყველა მორწმუნე ერთად იყო”; ისინი „ყოველდღე ერთსულოვნად იყვნენ ტაძარში, სახლებში პურს ტეხდნენ”; „უფალი ყოველდღე მატებდა ეკლესიას გადარჩენილებს.”

საქმეებში, ფრაზა "ერთსულოვნება" წარმოადგენს ადრეული ეკლესიის ერთობას. მიუხედავად ებრაელებისა და წარმართებისგან ეკლესიის ჩამოყალიბების სირთულეებისა, ებრაელი წინამძღოლების დევნის და მოციქულთა პირადი კონფლიქტებისა, ეკლესია დარჩა ერთიანი. ყოველგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, იესოს ლოცვა „ერთი იყვნენ“ აღსრულდა.

► ეკლესიის სურათი, აღწერილი საქმეების 2:42-47-ში, ჰგავს თქვენს ეკლესიას? თქვენ სულიწმიდის ძალით მსახურობთ? თუ არა, რა დაბრკოლებები აფერხებს სულის მუშაობას თქვენი მსახურების შიგნით და მისი მეშვეობით? ეს დაუმორჩილებლობაა? ულოცველობა? რწმენის ნაკლებობა? ერთობის ნაკლებობა? როგორ ხედავთ სულის ახალ გადმოღვრას თქვენს მსახურებაში?


[1]John W. Stott, The Message of Acts (Westmont, Illinois: InterVarsity Press, 1990), 60-61

გამოყენება: მემკვიდრეობის დატოვება

ამ ნაწილის მომზადებისას მე ინტერვიუ ჩამოვართვი პენსიაზე გასულ მსახურებების ლიდერებს.[1]

მე ვკითხე მათ მემკვიდრეობის, მათ მომზადებაზე ხელმძღვანელობის დატოვებისთვის და გაკვეთილებზე ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. ეს ნაწილი ემყარება მათ პასუხებს.

(1) ლიდერები, რომლებიც ტოვებენ სამომავლო გეგმას.

წარმოიდგინეთ, ჰკითხეთ მშენებელს: „რას აშენებთ?” თქვენ ალბათ შოკირებული დარჩებით, თუ მშენებელი გიპასუხებთ: „ჯერ არ ვიცი, შევხედავ რა გამოვა.”

სანამ ის მშენებლობას დაიწყებს, მშენებელი გეგმავს საბოლოო შედეგს. ლიდერებმა, რომლებიც ტოვებენ მემკვიდრეობას, იციან რისი დატოვებაც სურთ.

ლიდერებმა, რომლებმაც კარგად დაასრულეს, იციან ის მემკვიდრეობა, რომლის დატოვებაც სურთ. ისინი ბრმად არ გადიან მსახურებას. ამ ლიდერებს სჯერათ: „ეს ის არის, რისკენაც მე ღმერთმა მომიწოდა, რომ გამეკეთებინა, ჩემი მსახურების ადგილას.”

[2]იესოს მემკვიდრეობა იყო მოწაფეთა ჯგუფი, რომლებიც მზად იყვნენ ეკლესიის გაძღოლისთვის. მსახურების დასაწყისიდან მან საკმარისი დრო და ენერგია გაიღო, რომ მოემზადებინა ეს ადამიანები, როგორც თავისი მემკვიდრეობა.

თუ გსურთ დატოვოთ მემკვიდრეობა, თქვენ უნდა დაგეგმოთ მომავალი. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი აშენებს თავის ცხოვრებას მიზნისთვის ყურადღების მიქცევის გარეშე. თუ თქვენ ჰკითხავთ მათ 30, 50 ან თუნდაც 70 წლის ასაკში, „რას აშენებთ თქვენი ცხოვრებით?” პასუხი იქნება: „ჯერ არ ვიცი, შევხედავ რა გამოვა.”

(2) ლიდერები, რომლებიც ტოვებენ მემკვიდრეობას, ყურადღებით ემზადებიან ცვლილებისთვის.

წარმოიდგინეთ, ეწვიეთ მშენებელს ძირითადი სამშენებლო პროექტის დასასრულს. კედლები ამოყვანილია; სახურავი დასრულებული; თითქმის შესახლების დროა. იკითხეთ: „რა არის დარჩენილი შენობის დასრულებამდე?”

თქვენ ალბათ შოკირებული დარჩებით, თუ მან გიპასუხათ: „არ ვიცი! მე არ ვკარგავ დროს იმ საბოლოო ნაბიჯებზე ფიქრში.” არა! მშენებელი ტოვებს იმას, რაც მის სიცოცხლეს ბევრად გადააჭარბებს. ის ყურადღებით გეგმავს თითოეულ ნაბიჯს. მას შეუძლია გითხრათ: „ეს არის დღე, როდესაც ჩვენ დავასრულებთ შენობას. როდესაც მფლობელი გადავა საცხოვრებლად.” ყველაფერი დაგეგმილია გადასვლისთვის.

ლიდერები, რომლებიც ტოვებენ მემკვიდრეობას, ყურადღებით ემზადებიან ჩანაცვლებისთვის. როდესაც ეს შესაძლებელია, ისინი წინასწარ გეგმავენ გადადგომას, რაც ორგანიზაციას აძლევს უფლებას აირჩიოს მემკვიდრე და აძლევს მათ უფლებამოსილებას მოემზადონ ახალი პასუხისმგებლობისათვის. ზოგიერთ შემთხვევაში, მიმავალ და მომავალ ლიდერებს აქვთ პერიოდი „გადაფარვის", რომელშიც ახალი ლიდერი იწყებს გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წინა ლიდერი ხელმისაწვდომია რჩევებისა და კონსულტაციებისთვის.

ლიდერები, რომლებიც ტოვებენ მემკვიდრეობას, ამზადებენ მსახურებას, რომელსაც ისინი ხელმძღვანელობენ, გარდამავალი პერიოდისთვის. ეფექტური მიმავალი ლიდერები გამოხატავენ ნდობას ღმერთის მიმართ, მომავლის უზრუნველყოფაში. ისინი ამზადებენ ხალხს, რომლებიც კარგად იმუშავებენ, შემდეგი ლიდერის პირობებში. ისინი დარწმუნდებიან, რომ ადამიანები ორგანიზაციაში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, გარდამავალ პერიოდში. ერთ-ერთმა ლიდერმა დაწერა: „ჩემი მიზანი იყო გამეკეთებინა ყველაფერი ისე, რომ თანამშრომლებს ვერც კი შეემჩნიათ ჩემი წასვლა.”

(3) ლიდერები, რომლებიც ტოვებენ მემკვიდრეობას, იციან რა, როდის წავიდნენ.

ლიდერები მზად უნდა იყვნენ პასუხისმგებლობა გადასცენ თავიანთ მემკვიდრეს და „წავიდნენ სინანულის გარეშე.” ყოფილი ლიდერები ხელმისაწვდომი უნდა იყვნენ რჩევისთვის, მაგრამ მხოლოდ მათი მემკვიდრეების მოთხოვნის შემთხვევაში.

ამ კურსში ჩვენ ვნახეთ, როგორ მოამზადა იესომ მოწაფეები ეკლესიის წინამძღოლობისთვის. მანამდე, მან მათ საფუძვლიანი სწავლება მისცა. მოგვიანებით მან გაგზავნა ისინი სამსახურებლად და შემდეგ ისინი დაბრუნდნენ შეფასებისთვის. საიდუმლო სერობაზე მან მისცა მათ საბოლოო მითითებები მსახურებისთვის. ამაღლებამდე, მან ბოლოს შეახსენა მათი უდიდესი დავალების შესახებ. იესო ყურადღებით მოემზადა ჩანაცვლებისთვის.

სამწუხაროდ, ბევრი ქრისტიანი ლიდერი ნაკლებად აქცევს ყურადღებას ჩანაცვლებას. ისინი ფიქრობენ: „მე შევასრულებ ჩემს საქმეს, სანამ არ შემცვლიან. ამის შემდეგ, ეს სხვისი პრობლემაა.” რასაკვირველია, არის შემთხვევები, როდესაც უეცარი ავადმყოფობა, სიკვდილი ან მსახურების მნიშვნელოვანი ცვლილება შეუძლებელს ხდის ჩანაცვლებისთვის სათანადოდ მომზადებას. მაგრამ, როდესაც შესაძლებელია, ჩვენ ყურადღებით უნდა დავგეგმოთ მომავალი ლიდერით ჩანაცვლება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მომავლისთვის მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად.


[1]ამ ნაწილის ინტერვიუები მოიცავდა შემდეგ ლიდერებს:
დოქტორი მაიკლ ევერი, ღვთის ბიბლიური სკოლისა და კოლეჯის ყოფილი პრეზიდენტი, ცინცინატი, ოჰაიო
მეუფე პოლ პიერპოინტი, Hobe Sound ბიბლიური ეკლესიის ყოფილი პასტორი და FEA მისიის პრეზიდენტი, Hobe Sound, ფლორიდა
მეუფე ლეონარდ სანკი, პენსიაზე გასული პასტორი და მრავალი მისიონერული ორგანიზაციის ლიდერი
დოქტორი სიდნი გრანტი, FEA მისიების ყოფილი პრეზიდენტი, Hobe Sound, ფლორიდა, FL
[2]

„თქვენ ქმნით თქვენს მემკვიდრეობას ყოველდღე, და არა თქვენი ცხოვრების ბოლოს. ”

- ალან ვაისი

გაკვეთილი 9 დავალება

დაწერეთ 3-5 გვერდიანი ესე, რომელიც პასუხობს სამ კითხვას:

(1) დაფიქრდით მსახურების ლიდერზე ან ოჯახის წევრზე, რომელმაც დატოვა მემკვიდრეობა, რომელმაც გავლენა მოახდინა თქვენს ქრისტიანულ ცხოვრებასა და მსახურებაზე. ერთ გვერდზე შეაჯამეთ მათი გავლენა თქვენს ცხოვრებაში. უპასუხეთ ორ კითხვას.

  • როგორი იყო მათი გავლენა თქვენს ცხოვრებაზე?

  • რას აკეთებდნენ ან ამბობდნენ, რამაც ასეთი მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა?

(2) რა მემკვიდრეობის დატოვება გსურს სიკვდილის შემდეგ? იყავით კონკრეტული თქვენს პასუხში. პასუხებს 1-2 გვერდი დაუთმეთ.

  • რა მემკვიდრეობის დატოვება გსურთ თქვენი ოჯახისთვის?

  • რა მემკვიდრეობის დატოვება გსურთ თქვენი საზოგადოებისთვის?

  • რა მემკვიდრეობის დატოვება გსურთ თქვენი მსახურებისთვის?

(3) მე –2 პასუხის სამი პუნქტიდან თითოეულისთვის განსაზღვრეთ კონკრეტული პრაქტიკა, რომელიც უნდა დაიცვათ ახლა, რათა დატოვოთ ის მემკვიდრეობა, რომლის დატოვებაც გსურთ. პასუხს დაუთმეთ 1-2 გვერდი.

შეინახეთ ეს ნაშრომი და განიხილეთ ყოველკვირეულად მომდევნო ექვსი თვის მანძილზე. გამოიყენეთ ის, რომ დაიწყოთ თქვენი მემკვიდრეობის დაგეგმვა მომავალი თაობისთვის.