იესოს ცხოვრება და მსახურება
იესოს ცხოვრება და მსახურება
Audio Course Purchase

Search Course

Type at least 3 characters to search

Search through all lessons and sections in this course

Searching...

No results found

No matches for ""

Try different keywords or check your spelling

results found

Lesson 3: წინამძღოლობა იესო ქრისტეს მსგავსად

2 min read

by Randall McElwain


გაკვეთილის მიზნები

ამ გაკვეთილის ბოლოს სტუდენტს უნდა შეეძლოს:

(1) აღიაროს ის თვისებები, რამაც იესო დიდ ლიდერად აქცია.

(2) გაითვალისწინოს ღმერთის მიერ მოცემული მისია და მოწოდება მისი ყოველდღიური პრიორიტეტების დასადგენად.

(3) შეიმუშავოს მომავალი ლიდერების მომზადებისა და მსახურების გუნდის შექმნის პროცესი.

(4) დააფასოს თავისი როლი, როგორც ხალხის მსახურის, რომელსაც ხელმძღვანელობს.

მსახურების პრინციპი

ლიდერები ყველაზე მეტად ჰგვანან იესოს, როდესაც ისინი სხვებს ემსახურებიან.

შესავალი

„ლიდერობა” არის სიტყვა, რომელიც ძლიერ გრძნობებს იწვევს. როდესაც ამქვეყნიურად მოაზროვნე ადამიანები ფიქრობენ ხელმძღვანელობაზე, ისინი ფიქრობენ ძალასა და თანამდებობაზე. იყო ლიდერი, ესე იგი იყო „ბოსი.” ამბიციურ ლიდერებს სურთ „კიბეზე ასვლა" და უმაღლესი ტიტულის მოპოვება. პასტორებსაც კი შეიძლება გაუჩნდეთ ეს აზროვნება. მათ შეიძლება ყურადღება გაამახვილონ უფრო დიდი ეკლესიების მიღწევაზე, მაღალი პოზიციებისა და მეტი პატივისცემის მიღებაზე.

ამქვეყნიური აზროვნების საპასუხოდ, ზოგი ქრისტიანი რეაგირებს ტერმინ „ხელმძღვანელობის“ წინააღმდეგ. ერთხელ პასტორმა მითხრა: „არ მსურს ჩემს ეკლესიაში ხელმძღვანელი ვიყო. მე უბრალოდ ვმსახურობ.” თუმცა, მართალია, მისი სიტყვები მოკრძალებულად ჟღერდა, მაგრამ მის ეკლესიას არც მიმართულება ჰქონდა და არც მიზანი. ყველა ორგანიზაციას, ეკლესიებსაც კი სჭირდებათ ლიდერები.

პასტორებს უნდა ახსოვდეთ, რომ სიტყვა „პასტორის“ ძირეული მნიშვნელობაა „მწყემსი.” მწყემსს არ აქვს ძალიან შთამბეჭდავი სამუშაო! მწყემსი მთელ დღეებს სუნიან ცხვრებთან ერთად ატარებს. მის საქმიანობაში მოსაწყენი მოვალეობებია - საჭმლისა და წყლის მოძიება, მოხეტიალე ბატკნების დევნა და დაშავებულ ცხვარზე ზრუნვა.

მწყემსს მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მწყემსი ბევრ მდაბალ საქმეს ასრულებს, მაგრამ მწყემსი ასევე ატარებს მძიმე პასუხისმგებლობას ფარის უსაფრთხოდ წარმართვისთვის. ფარა დამოკიდებულია მწყემსზე, რომელიც წინამძღოლია.

იესო წარმოადგენს ჭეშმარიტი ლიდერის იდეალურ მოდელს. ის იყო მწყემსი, რომელიც თავმდაბლად, მაგრამ მიზნის ღრმა გაგებით მსახურობდა. ის ძლიერი, მაგრამ თანაგრძნობით სავსე იყო. ის არ ეძებდა თანამდებობას, მაგრამ დარწმუნებული იყო თავის მისიაში. იესო გვაძლევს მსახური ლიდერების მაგალითს.

► გაიხსენეთ ყველაზე წარმატებული ლიდერი, რომელსაც პირადად იცნობდით. ჩამოთვალეთ სამი ან ოთხი მახასიათებელი, რომელიც ამ ადამიანს კარგ ლიდერად ხდის. ჩანს ეს მახასიათებლები იესოს მსახურებაში? ჩანს ეს მახასიათებლები თქვენს მსახურებაში?

იესო აჩვენებს, რომ ჭეშმარიტი ხელმძღვანელობა თავმდაბალ მომსახურებას გულისხმობს. თავმდაბლობა არ ნიშნავს სისუსტეს ან გადაუწყვეტელობას; იესო იყო ძლიერი. სახარებები არა ერთ გზის წარმოაჩენენ იესოს ძალაუფლებას.[1] ამასთან, იესომ ძალაუფლება მოიპოვა არა პატივისცემის მოთხოვნით, არამედ მსახურებით. როდესაც მისი მოწაფეები კამათობდნენ სამეფოში თანამდებობებზე, იესომ თქვა:

წარმართებზე მეფეები ბატონობენ და მათი ხელმწიფენი მწყალობლებად იწოდებიან. თქვენ კი ასე როდი ხართ. თქვენს შორის დიდი იყოს როგორც მცირე, ხოლო უფროსი - როგორც მსახური. რადგან ვინ არის უფრო დიდი: მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა? მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური (ლუკას 22:25-27).

ამ გაკვეთილზე ჩვენ გავეცნობით იმ მახასიათებლებს, რომლებმაც იესო დიდ ლიდერად აქცია. ჩვენ ვისწავლით, თუ როგორ ვიყოთ უფრო ეფექტური ლიდერები, იესოს მაგალითზე.


[1]მათეს 7:28-29; მარკოზის 1:22-28; ლუკას 4:32-36; ლუკას 20:1-8

ეფექტურმა ქრისტიანმა ლიდერმა იცის თავისი მისია

დიდ ლიდერს აქვს მკაფიო მისია და მიზანმიმართულად არის მასზე ორიენტირებული. იესომ იცოდა თავისი მისია. იესოს მისია შეჯამებულია მარკოზის 10: 45-ში: „რადგან ძე კაცისა იმისთვის როდი მოსულა, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად ემსახუროს და მრავალთა გამოსასყიდად მისცეს თავისი სული.”

თავის პირველ საჯარო ქადაგებაში იესომ თავის მსმენელებს უთხრა, რომ ესაიას მიერ ნაწინასწარმეტყველები მისიის შესასრულებლად მოვიდა:

უფლის სულია ჩემზე, რადგან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად (ლუკას 4:18-19, ესაიას 61: 1-3).

იესოს მისია ხელმძღვანელობდა მის ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს. როდესაც ის იუდეიდან გალილეაში გაემგზავრა, მისი მისია ხელმძღვანელობდა იესოს კურსს. ებრაელი რაბინები ხშირად მოგზაურობდნენ მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ მხარეს, რათა თავი აერიდებინათ სამარიელებისგან წაბილწვას. იესოს კურსს ხელმძღვანელობდა მისია, რათა სამარიელი დედაკაცისთვის „უფლის სასურველი წელიწადი" გაეცხადებინა. ამისთვის „მას სამარიაზე მოუხდა გავლა” (იოანეს 4:4,.). როგორც ქრისტიან ლიდერს, თქვენი მისია უნდა გიძღვებოდეს თქვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში.

როგორც ლიდერს, იმაზე გაცილებით მეტი საკეთებელი გექნებათ, ვიდრე ოდესმე შეძლებთ. როგორ განსაზღვრავთ თქვენს პრიორიტეტებს? თქვენ ვერ შეძლებთ გააკეთოთ ყველაფერი და არც უნდა გააკეთოთ ყველაფერი. თქვენ უნდა შეაფასოთ შესაძლებლობები თქვენი მისიით. ყველა ლიდერს უნდა ჰქონდეს ორი სია: „გასაკეთებელი” და „არ გასაკეთებელი” სია. „გასაკეთებელ" სიაში შედის ის, რაც უნდა შეასრულოთ. „არ გასაკეთებელი" სია მოიცავს ისეთ რამეებს, რაც ხელს გიშლით თქვენს მისიაში. შეიძლება ვინმე სხვა იყოს მოწოდებული ამ საქმეების გასაკეთებლად, მაგრამ თქვენ არა. თქვენი მისია უნდა განსაზღვრავდეს თქვენს ყოველდღიურ პრიორიტეტებს.

მოციქული პავლე იყო ლიდერობის ეტალონი, მან იცოდა თავისი მისია. პავლე იყო მოწოდებული ეკლესიების დასაარსებლად რომის იმპერიის მნიშვნელოვან ქალაქებში. მას არ სურდა „სხვის საძირკველზე დაშენება", არამედ სახარება მიეტანა მათთვის, ვისაც ჯერ არ სმენია (რომაელთა 15:20). მისი მისია განსაზღვრავდა სად ემოგზაურა პავლეს, რამდენ ხანს დარჩენილიყო თითოეულ ადგილას და მის ქადაგებასაც კი. პავლეს მისია განსაზღვრავდა ყველა გადაწყვეტილებას.

► განიხილეთ ეს კითხვები:

  • რა არის ის მისია, რაც ღმერთმა მოგცათ? შეაჯამეთ თქვენი მისია რამდენიმე სიტყვით.

  • გააცანით თქვენი მისია მათ, ვინც თქვენთან ერთად შედის მსახურებაში?

  • თქვენი მისია განსაზღვრავს თქვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს?

ეფექტური ქრისტიანი ლიდერი ამზადებს სხვა ლიდერებს

მსახურების დასაწყისიდან იესომ გულდასმით აირჩია მოწაფეების ჯგუფი და ასწავლიდა მათ, რათა მსახურება გაეგრძელებინათ მისი მამასთან დაბრუნების შემდეგ. ეს მოწაფეები მისგან სწავლობდნენ, მასთან ერთად ატარებდნენ დროს, მსახურობდნენ მასთან ერთად და ავრცელებდნენ მის კეთილ უწყებას მთელს მსოფლიოში. იესომ აღბეჭდა მოწაფეები თავისი ანარეკლით და შემდეგ, ისინი ეკლესიის ასაშენებლად გამოიყენა.

[1] ლუკამ დაწერა მსახურების სიმძიმის შესახებ. „ამასობაში ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი, ისე რომ ერთმანეთს თელავდნენ. იესომ ჯერ თავის მოწაფეებს მიმართა” (ლუკას 12:1). იესოს ყურადღება ვერ იქნა გადატანილი მოწაფეებისთვის მსახურებიდან, თუმცა ათასობით ადამიანის მსახურება შეიძლება უფრო წარმტაცი ყოფილიყო. მან იცოდა, რომ სამეფოს დასამყარებლად, მას უნდა მოემზადებინა თავისი მოწაფეები, რათა ეკლესიას გაძღოლოდნენ. მოწაფეების მომზადებით, ჩვენ ვამზადებთ ლიდერებს მომავალი თაობისთვის.

პავლე იგივე მაგალითს მისდევდა. ის ხალხს უქადაგებდა, მაგრამ მან ყურადღება გაამახვილა თითოეულ ქალაქში რამდენიმე ლიდერის მომზადებაზე. ეს უზრუნველყოფს მოდელს დღევანდელი ლიდერებისთვის. პავლემ მოუწოდა პასტორებს: „აღჭურვონ წმიდანები მსახურების საქმისთვის” (ეფესელთა 4:12). პასტორი არ არის პასუხისმგებელი ეკლესიის ყველა საქმეზე; პასტორს ევალება წევრების მომზადება და აღჭურვა, ეკლესიაში საქმიანობისთვის. ეფექტური ლიდერები ამზადებენ სხვა ლიდერებს.


[1]

„იესოს არასდროს დაუწერია წიგნები. ამის ნაცვლად მან „დაწერა“ თავისი წერილები ადამიანებზე - მოციქულებზე “.

- უილიამ ბერკლი

იესოს მოწაფეების დამოძღვრის მოდელი

მენტორმა, ანუ მოძღვარმა, გულდასმით უნდა აირჩიოს მოწაფეები[1]

► წაიკითხეთ იოანეს 1:35-51; იოანეს 2:1-11; მათეს 4:18-22; ლუკას 5:1-11; ლუკას 6:12-16.

ამ მუხლების წაკითხვისას, ამჩნევთ პროცესს? საჯარო მსახურების პირველ კვირაში იესომ ანდრიას და იოანეს მიუწოდა, რომ გაყოლოდნენ მას. ანდრიამ სიმონ პეტრე მიიყვანა იესოსთან. იესომ ფილიპეს მოუხმო, რომელმაც ნათანაელი იპოვა (იოანეს 1:35-51). ეს მათი მოწოდების პირველი ნაბიჯი იყო. მათ აღიარეს იესო, მაგრამ ჯერ არ გახდნენ მუდმივი მიმდევრები. ეს იყო მოწოდება, გაყოლოდნენ იესოს. მოგვიანებით, იესომ მათ სრული დროით მოწაფეობისკენ მოუწოდა.

იოანეს მე-2 თავი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პროცესში. კანაში ქორწილის დროს, იესომ მოწაფეებს „გამოუვლინა თავისი დიდება". დანარჩენმა სტუმრებმა არ იცოდნენ სასწაულის შესახებ; ეს ნიშანი მოწაფეებისთვის იყო. იესომ თავი გაუცხადა მიმდევრებს, რათა მინდობოდნენ მას. „და იწამეს იგი მისმა მოწაფეებმა” (იოანეს 2:11).

მათეს 4:18-22-ში მოთხრობილი ხდება მას შემდეგ, რაც იესო ნაზარეთიდან კაპერნაუმში გადავიდა და ქადაგება დაიწყო (მათეს 4:12-17). გალილეის ზღვის პირას სეირნობისას იესომ მოუწოდა სიმონს, ანდრიას, იაკობსა და იოანეს, რომ მას გაყოლოდნენ. „მათაც მაშინვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას” (მათეს 4:20). იოანეს 1-ში მოთხრობილი პირველი მოწოდების შემდეგ, ამ მოწაფეებმა განაგრძეს თავიანთი საქმიანობა მეთევზეებად. ახლა იესომ მათ მსახურებაში მოუწოდა: „ამიერიდან ადამიანებს დაიჭერთ” (ლუკას 5:10).

ამ პროცესის შემდეგი ეტაპი იყო იესოს მიერ თორმეტი მოციქულის შერჩევა. მრავალი მიმდევრისგან (იოანე 6 – ში „მოწაფეებად“ მოხსენიებულნი), იესომ აირჩია თორმეტი, რომლებიც გახდებოდნენ მისი უახლოესი თანამშრომლები.

იესო არ ჩქარობდა თორმეტის არჩევისას. როგორც ჩანს, პროცესმა რამდენიმე თვე გასტანა. ამან იესოს დრო მისცა თორმეტიდან თითოეულთან, გარკვეული დროის გასატარებლად. ძალიან ხშირად, ლიდერი სწრაფად ირჩევს მემკვიდრეს, მის გასაცნობად დროის დახარჯვის გარეშე. ბრძენი ლიდერი ადგენს დავალებებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია შეფასდეს პირის ლიდერული შესაძლებლობები.

მენტორმა დრო უნდა გაატაროს თავის მოწაფეებთან

► რომელი უფრო წარმტაცია, ბევრისთვის გადაცემა, თუ რამდენიმე პიროვნების სწავლება? რომელი უფრო მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში? რატომ ჩადო იესომ ამდენი ძალისხმევა თორმეტში?

იესომ თავისი დროის დიდი ნაწილი დაუთმო თორმეტს. „თორმეტნი აირჩია და უწოდა მათ მოციქულნი, რათა მასთან ერთად ყოფილიყვნენ და საქადაგებლად გაეგზავნა ისინი, და რომ ჰქონოდათ განკურნებისა და ეშმაკების განდევნის ხელმწიფება” (მარკოზის 3:14-15). პირველ რიგში, მასთან ერთად ატარებდნენ დროს, რათა გაცნობოდნენ მის მეთოდებს. მხოლოდ ამის შემდეგ იყვნენ ისინი მზად მსახურებაში გასაგზავნად.

მარკოზმა ჩაწერა იესოს ერთ – ერთი მოგზაურობა გალილეაში: „მას არ უნდოდა, რომ ვინმეს გაეგო, რადგან ასწავლიდა თავის მოწაფეებს” (მარკოზის 9:30-31). იესოს მთავარი საზრუნავი იყო არა პროგრამების შემუშავება, რომ მრავალს მიწვდომოდა, არამედ იმ ადამიანების განვითარება, რომლებიც ეკლესიას გაუძღვებოდნენ.

იესო უქადაგებდა ათასობით ადამიანს, მაგრამ მისი მთავარი პრიორიტეტი იყო რამდენიმე ადამიანის მომზადება მომავალი მსახურებისთვის. იესომ იცოდა, რომ სწავლება უფრო ეფექტურია, როდესაც ის მცირე ჯგუფზეა კონცენტრირებული. რობერტ კოულმანი გვაფრთხილებს: „რაც უფრო გაიზრდება თქვენი მსახურება, მით უფრო რთული იქნება დროის გამოყოფა მოწაფეებისთვის. მაგრამ რაც უფრო იზრდება თქვენი მსახურება, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება დრო გამოყოთ მოწაფეებისთვის.”

სახარების კითხვისას, იხილავთ, რომ იესო იშვიათად მსახურობდა, სულ მცირე, სამი მოწაფის გარეშე. იესო და მისი მოწაფეები ხშირად მიდიოდნენ უდაბნო ადგილებში, მოსამზადებლად. მისი მიწიერი მსახურების დასრულებისკენ, იესო კიდევ უფრო მეტ დროს ატარებდა მოწაფეებთან. იერუსალიმში ბოლო კვირის განმავლობაში იესო იშვიათად უშვებდა მოწაფეებს თვალთახედვიდან. ამ პიროვნებების მომზადება მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა იყო.

ებრაულ ანდაზში ნათქვამია: „მოწაფე არის ის, ვინც ჭამს თავისი მასწავლებლის მტვერს.” მოწაფე ისე ახლოს მიდიოდა მასწავლებელთან ერთად, რომ ყლაპავდა მასწავლებლის მიერ სიარულისას გამოწვეულ მტვერს. მოწაფე ჭამდა იმას, რასაც მასწავლებელი ჭამდა; მოწაფე მიდიოდა იქ, სადაც მასწავლებელი წავიდოდა; მოწაფე ერთგულად იღებდა მასწავლებლისგან სწავლებას და მაგალითს. იესოს მიმდევრებმა მასთან ერთად გაატარეს დრო, სანამ მათ მასწავლებლის ბუნება არ მიიღეს. მოგვიანებით მათ „ქრისტიანები" უწოდეს; ისინი თავის მასწავლებელს დაემსგავსნენ.

ანალოგიურად, პავლეს ყოველთვის თან ჰყავდა მიმდევრები - ტიმოთე, ტიტე, ლუკა და ტვიქიკოსი. პავლე მათ დროს უთმობდა, ასწავლიდა და ამზადებდა მსახურებისთვის.

დღესაც, ეს ჩვენთვის წარმოადგენს ნიმუშს. როდესაც თქვენ მსახურობთ, შეგიძლიათ გაამხნევოთ გუნდის ახალგაზრდა წევრები, რომ გამოგყვნენ თქვენ, ამით ისინი ისწავლიან მსახურებას. ეკლესიის ერთმა წარმატებულმა ლიდერმა თქვა: „მე არასდროს ვმოგზაურობ საქადაგებლად, ახალგაზრდა მსახურების გარეშე. ეკლესიის მომავალი ლიდერების მომზადება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ის მსახურება, რომელსაც მე ვეწევი.” ამ პასტორს ესმის, რომ ეფექტური ლიდერები ამზადებენ სხვა ლიდერებს.

მენტორი თავისი მოწაფეებისთვის უნდა წარმოადგენდეს მსახურების ნიმუშს

მოწაფეებისთვის ფეხების დაბანის შემდეგ, იესომ თქვა: „მაგალითი მოგეცით, რათა როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ” (იოანეს 13:15). იესომ აჩვენა მაგალითი. მან იცოდა, რომ საკმარისი არ იქნებოდა მხოლოდ თქმა: „ასე მოიქეცით.” ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, როგორ უნდა გაკეთდეს ეს. იესო არაფერს თხოვდა თავის მოწაფეებს, სანამ თვითონ არ აჩვენევდა მათ მაგალითს.

მოწაფეებმა დაინახეს იესოს ლოცვა და სთხოვეს: „უფალო, გვასწავლე ლოცვა” (ლუკას 11:1). იესომ არ ჩაატარა უბრალოდ, „გაკვეთილი ლოცვის შესახებ.” ის ლოცულობდა. როდესაც ისინი მის ლოცვას აკვირდებოდნენ, მოწაფეებს გაუჩნდათ ლოცვის გაგების წყურვილი. როდესაც მოსწავლეებს სწავლის წყურვილი აქვთ, ისინი უკეთესად სწავლობენ!

მოწაფეები ისმენდნენ, როგორ იყენებდა იესო წმიდა წერილს ქადაგების დროს. იესომ მოიშველია ძველი აღთქმა სამოცზე მეტჯერ. მან შეიმუშავა ბიბლიური ქადაგება. მოწაფეებმა აითვისეს ეს გაკვეთილი? აბსოლუტურად! როდესაც პეტრე ქადაგებდა საქმეების მე-2 თავში, მან მოიშველია იოელი, მე –15 და 109 – ე ფსალმუნები. პეტრემ იესოსგან ისწავლა თავისი ქადაგების წმიდა წერილზე აგება. ყველა ქადაგება „საქმეებში" ეყრდნობა ძველ აღთქმას.

პავლეც იგივე მეთოდს იყენებდა. არაერთხელ მან დაწერა: „თქვენ გინახავთ ჩემი მაგალითი. მომბაძეთ მე.”[2] პავლე ასწავლიდა მაგალითის მიცემით. პავლეს მოწაფეებმა, ტიტემ და ტიმოთემ, პასტორობა ისწავლეს მათი ხელმძღვანელის - პავლეს მაგალითზე.

დღეს ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი მათ, ვისაც ვასწავლით. ეს მოითხოვს ჩვენგან, რომ ვიყოთ მგრძნობიარეები. ისინი ნახავენ ჩვენს ჩავარდნებს, მაგრამ მათ ასევე უნდა ნახონ ჩვენი სისუსტეების აღიარებაც. ისინი ნახავენ, როგორ წავიბორძიკებთ, მაგრამ ასევე ნახავენ, რომ უარს ვამბობთ დანებებაზე. მოწაფეები ჩვენს მაგალითზე დაკვირვებით სწავლობენ მსახურების რეალობას.

მენტორმა პასუხისმგებლობები უნდა გადაუნაწილოს თავის სტუდენტებს

► წაიკითხეთ მათეს 10:5-11:1.

იესოს განზრახვა, თავიდანვე იყო მოწაფეების მომზადება მსახურებისთვის. მან მოუწოდა, რომ გაჰყოლოდნენ, რათა ისინი „ადამიანთა მებადურებად" ექცია” (მათეს 4:19).

იესოსთან გატარედბული პირველი წლის უმეტესი ნაწილის განმავლობაში მოწაფეები მის მსახურებას აკვირდებოდნენ. ისინი სწავლობდნენ მისგან მიღებული მაგალითებით. ამ დაკვირვების შემდეგ იესომ მოწაფეები მსახურებლად გააგზავნა. მათეს მე - 10 თავი გვიჩვენებს, თუ როგორ გადაუნაწილა პასუხისმგებლობები იესომ მოწაფეებს.

[3] მან მათ ძალაუფლება მისცა (მათე 10:1).

სანამ მათ გაგზავნიდა, იესომ მისცა მოწაფეებს ძალაუფლება იმ მისიის შესასრულებლად, რომელიც მათ დააკისრა. ზოგჯერ ლიდერებს ეშინიათ თავიანთ დამხმარეებს მიანიჭონ ძალაუფლება. თუმცა, პასუხისმგებლობა ძალაუფლების გარეშე მწყობრიდან გამოიყვანს მათ, ვისაც თქვენ ამზადებთ. ჩვენ არ უნდა დავაკისროთ ჩვენს დამხმარეებს პასუხისმგებლობა, თუ ჩვენ არ ვაძლევთ მათ საკმარის ძალაუფლებას ამ პასუხისმგებლობის სატარებლად.

მან მათ მკაფიო ინსტრუქციები მისცა (მათე 10:5-42).

იესომ თავისი მოწაფეებს მისცა მკაფიო გზავნილი: ექადაგად ცათა სამეფო. მათი მიზანი გასაგები იყო. მათ ზუსტად იცოდნენ, რას ელოდა იესო მათგან.

იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, სად უნდა ემსახურათ: „ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან.” მოგვიანებით მოციქულები უქადაგებდნენ წარმართებს, მაგრამ როდესაც ისინი სწავლობდნენ მსახურებას, იესომ უთხრა მათ, რომ დაეწყოთ სახლთან ახლოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ ჩვენს სტუდენტებს, წარმატებას მიაღწიონ. დაიწყეთ ამოცანით, რომლის შესრულებაც მარტივია. იესომ გონივრული მიზნები დასახა.

იესომ თავის მოწაფეებს მისცა დარიგება დევნის შესახებ. დევნა არ მოხდებოდა იმიტომ, რომ მოწაფეებმა ვერ შეძლეს თავიანთი მსახურება, არამედ იმიტომ, რომ თავად იესო გაყოფს თავის მიმდევრებსა და მათ, ვინც მას უარყოფს.

მან ისინი ჯგუფებად გაგზავნა (მარკოზი 6:7).

იესომ აჩვენა გუნდურად მსახურების მნიშვნელობა. მან მოწაფეები ჯგუფებად, ორ - ორად გაგზავნა. რამდენიმე თვის შემდეგ, იესომ სამოცდაათი გაგზავნა, ჯგუფებად ორ - ორ კაცად. ეს გახდა ადრეული ეკლესიის მსახურების მოდელი. პეტრე და იოანე ერთად მსახურობდნენ. ბარნაბა და სავლე ერთად მოგზაურობდნენ. პავლე და სილა ერთად მსახურობდნენ.

მეტორი თვალს უნდა ადევნებდეს თავის მოწაფეებს

მოწაფეების მსახურებიდან დაბრუნების შემდეგ, მათ იესოს შეატყობინეს შედეგები (მარკოზის 6:30). ამის შემდგომი მოქმედება მნიშვნელოვანი ნაწილი იყო იესოს მიერ მოწაფეების მომზადებაში. არ არის საკმარისი პასუხისმგებლობის დელეგირება; ეფექტური ლიდერი შეაფასებს მოწაფის საქმიანობას. დელეგირება შეფასების გარეშე გამოიწვევს, საქმის ცუდად შესრულებას.

► წაიკითხეთ მათეს 17:14-21.

ჰოვარდ ჰენდრიქსი ასწავლიდა, რომ მარცხი სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. მოწაფეებმა კითხეს: „ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი (დემონის) განდევნა (ამ ბიჭისგან)?” იესომ უპასუხა მათ, რწმენის შესახებ სწავლებით. გაცილებით უკეთესი იყო, რომ ეს ჩავარდნა მსახურების ამ პირველ ეტაპზე მოხდა, ვიდრე იესოს ზეცაში დაბრუნების შემდეგ!

მოწაფეზე ეფექტური მეთვალყურეობა უნდა შეიცავდეს შეფასებას. როდესაც მოწაფე ვერ ასრულებს დავალებას, მას „არ აგდებენ გუნდიდან.” ამის ნაცვლად, უნდა გავითვალისწინოთ წარუმატებლობის მიზეზი და დავგეგმოთ სამომავლო გაუმჯობესება.

იესო ამ მაგალითს გვაჩვენებს ლუკას 9-ში:

  • 9:1-6-ში იესომ გაგზავნა თორმეტი მოწაფე.

  • 9:10-ში მათ შეატყობინეს თავიანთი მოგზაურობის შესახებ.

  • 9:37-43-ში მოწაფეებმა ვერ განდევნეს დემონი.

  • 9:46-48-ში იესომ ასწავლა მათ, ვინ იქნება დიდი ღვთის სამეფოში.

  • 9:49-50-ში იესომ უსაყვედურა იოანეს მსახურებაში ცუდი გადაწყვეტილების გამო.

  • 9:52-ში იესომ გაგზავნა მოწაფეები სამარიის ერთ სოფელში, რათა ადგილი გაემზადებინათ მისთვის.

  • 9:54-55-ში იესომ უსაყვედურა იაკობს და იოანეს კიდევ ერთი ცუდი გადაწყვეტილების გამო.

  • 10:1-ში იესომ გაგზავნა უფრო დიდი ჯგუფი (სამოცდაათი) მსახურებისთვის.

იესო ანაცვლებდა სწავლებას, დელეგირებას და შეფასებას. მან არ დათმო მოწაფეები, მაშინაც კი, როდესაც ისინი მარცხდებოდნენ. ამის ნაცვლად, მან მარცხი გამოიყენა, როგორც სწავლების შესაძლებლობა.

პავლეც იგივე მეთოდს იყენებდა. მან დანიშნა ტიტე კუნძულ კრეტაზე ეკლესიის წინამძღოლად, ხოლო ტიმოთე ეფესოში პასტორად. შემდეგ მან წერილები დაწერა, რათა მათ შემდგომი დამოძღვრა მიეღოთ. პირველი მისიონერული მოგზაურობისას ეკლესიების დაარსების შემდეგ, პავლე მეორე მოგზაურობის დროს დაბრუნდა ამ ეკლესიებში, მეთვალყურეობის გასაწევად (საქმეების 15:36).

მომზადების ეს ნიმუში დღესაც ეფექტურია. ბევრი ლიდერი აგზავნის ახალგაზრდა მსახურს, შემდგომი ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების გარეშე - და უკვირს, როდესაც მსახური ვერ უმკლავდება და ჩავარდნა აქვს. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ: „მე უკვე ვასწავლე ყველაფერი, ასე რომ ისინი სწორად გააკეთებენ ამას.” პირიქით, ზედამხედველობა უწყვეტი პროცესია. თუ გსურთ ლიდერების მომზადება, დრო უნდა დახარჯოთ ზედამხედველობაში (თვალყურის დევნებაში).

ჰოვარდ ჰენდრიქსმა ჩამოთვალა ოთხი ეტაპი ახალი მუშაკების მომზადებაში:

1. თქმა:: ასწავლეთ მათ შინაარსი. იესომ თავის მოწაფეებს უქადაგა უწყება სამეფოს შესახებ.

2. დანახვება: წარმოადგინეთ მსახურების მოდელი. იესომ მოწაფეებს მსახურება დაანახა.

3. პრაქტიკა: მსახურება უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. იესომ მოწაფეები გაგზავნა მსახურებისთვის და შემდეგ შეაფასა მათი გამოცდილება.

4. კეთება: მსახურება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე. სულთმოფენობის შემდეგ მოწაფეები მსახურობდნენ იესოს მეთვალყურეობის გარეშე.

► რას აკეთებთ მოწაფეების ლიდერობისთვის მოსამზადებლად? ჩვენს მიერ შესწავლილი ნაბიჯებიდან, რომელს იყენებთ ეფექტურად? რომელ ნაბიჯებს სჭირდება დახვეწა? განიხილეთ ჯგუფში, როგორ შეგიძლიათ უფრო ეფექტურები იყოთ მომავალი ლიდერების მომზადებაში. ეს დისკუსია უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ არ გექნებათ გეგმა თქვენს მსახურებაში ლიდერების განვითარების შესახებ.

ჩვენმა მოწაფეებმა უნდა წარმოშვან სხვა მოწაფეები

იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს…” (იოანეს 15:16). იესო ამზადებდა თავის მოწაფეებს, რომ მათ კიდევ უფრო მეტი მოწაფე წარმოეშვათ.

► წაიკითხეთ მათეს 13:31-32.

იესოს იგავმა მდოგვის მარცვალზე ცხადყო, რომ ღვთის სამეფო გაცილებით მეტად გაიზრდებოდა, ვიდრე მისი თავდაპირველი ზომა. ისევე, როგორც პატარა მდოგვის მარცვალი შეიძლება გადაიზარდოს მცენარედ, რომელიც მოსალოდნელ ზომას აღემატება, ეკლესიაც გაიზრდება ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ვინმეს, შესაძლოა, მოლოდინი ჰქონდეს. ძველ აღთქმაში, ხეზე დასახლებული ფრინველები, განასახიერებდნენ დიდ სამეფოს, რომელშიც მრავალი ერი შედიოდა (დანიელის 4:12 და ეზეკიელის 31:6). იესო დაგვპირდა, რომ მოწაფეების გამრავლების შემდეგ, ეკლესია გაიზრდებოდა თავდაპირველი ზომის არაპროპორციულად და მოიცავდა ყველა ერს.

დოქტორ რობერტ კოულმანმა დაწერა, რომ ჩვენი მსახურების ძირითადი ფასეულობა მდგომარეობს გამრავლებაში. „საბოლოო ჯამში თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევაფასოთ, როგორ განვითარდა (გამრავლდა) ჩვენი ცხოვრება. მიიღებენ თუ არა ის პირები, ვინც ჩვენზე მინდობილნი არიან, დიდი დავალების ხედვას და ისინი თავის მხრივ გადასცემენ მას ერთგულ მსახურებს, რომლებიც სხვებსაც ასწავლიან? ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ჩვენი მსახურება მათ ხელში იქნება.”[4]


[1]ადაპტირებულია Robert Coleman, The Master Plan of Evangelism (Grand Rapids: Baker Book House, 1963)
[2]1 კორინთელთა 11:1; ფილიპელთა 3:17; ფილიპელთა 4:9
[3]პასუხისმგებლობა ავტორიტეტის გარეშე აზიანებს მათ, ვისაც ავარჯიშებთ.
[4]Robert Coleman, “The Jesus Way to Win the World: Living the Great Commission Every Day.” Evangelical Theological Society, 2003

ახლო ხედი: იესოს მღვდელმთავრული ლოცვა (იოანეს 17:6-19).

იესოს მღვდელმთავრული ლოცვის შუა ნაწილში ყურადღება მის მოწაფეებზეა გამახვილებული. ეს ლოცვა ასწავლის ღირებულ გაკვეთილებს მოწაფეების დამოძღვრის იესოს მეთოდის შესახებ.[1]

(1) თავდაპირველად, ჩვენ ვიცავთ მათ, ვისაც ვასწავლით.

იესო ლოცულობდა: „სანამ მათთან ვიყავი, მე მათ ვიცავდი.” სახარებებში ოცჯერ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს, „გაფრთხილდით“. ის იცავდა მათ შეცდომებისგან. მოწაფეების სწავლებასთან ერთად, ისინი უნდა დავიცვათ კიდეც, მათი სამყაროს საფრთხეებისგან. ჩვენს მიერ მათი მომზადება პრაქტიკული უნდა იყოს.

► რა საფრთხე ემუქრება ახალგაზრდა მსახურებს თქვენს კულტურაში? როგორც ხელმძღვანელი, როგორ მოამზადებთ მათ ამ საფრთხეების დასაძლევად?

(2) ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენ ვენდობით მათ, ვისაც ვმოძღვრავთ.

იესო ლოცულობდა: „არ გთხოვ, რომ წუთისოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ, რომ დაიცვა ბოროტისგან.” იესომ იცოდა, რომ მოწაფეები ცდუნებების წინაშე აღმოჩნდებოდნენ, მაგრამ დარწმუნებული იყო მათში, ვისაც ასწავლიდა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ნდობა იმ ახალგაზრდა ლიდერების, ვისაც ვასწავლით. ეს მოითხოვს, რომ უარი ვთქვათ ლიდერობისადმი „ავტორიტარულ" მიდგომაზე და სხვებსაც ვანდოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

აჯიტ ფერნანდო წერს, რომ ლიდერებს შეუძლიათ შეხედონ თავიანთ მიმდევრებს ორნაირად.

  • სუსტი ლიდერები ყურადღებას ამახვილებენ თავიანთი მიმდევრების სისუსტეებზე.

  • ეფექტური ლიდერები ყურადღებას ამახვილებენ თავიანთ მიმდევრების ძლიერ მხარეებზე და აგრძელებენ სისუსტეებზე მუშაობას. ეფექტური ლიდერები სხვებს „იმედის თვალით ხედავენ.”

(3) მას შემდეგ, რაც ისინი განისწავლებიან, ჩვენ ჩვენს მოწაფეებს ვგზავნით ქვეყნიერებაზე, მსახურებისთვის.

იესო ლოცულობდა: „როგორც შენ მომავლინე წუთისოფელში, მეც ასევე მივავლინე ისინი წუთისოფელში.” სულიწმიდით ნათლობის შემდეგ, მოწაფეებმა დაიწყეს დიდი მისია, რომლისთვისაც მათ იესო ამზადებდა. ჩვენ ვასწავლით მოწაფეებს, რათა მათ, თავის მხრივ, შეძლონ სახარების მიტანა საჭიროებაში მყოფ ქვეყნიერებისთვის.

იესომ თქვა: „მე მათში განვდიდდი.” როდესაც ჩვენ ვგზავნით მათ, ვისაც ვასწავლეთ, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ იმაში, რომ იესო განდიდდება. ჩვენ შეიძლება ცდუნება დაგვეუფლოს, მივიღოთ დიდება მათგან, ვისაც ვამზადებდით. ჩვენ შეიძლება ცდუნება დაგვეუფლოს, მივიღოთ დიდება იმ ჩვენი ცოდნისა და შესაძლებლობიდან, რო შეგვიძლია სხვების დამოძღვრა და სწავლება. ამის ნაცვლად, უნდა დავრწმუნდეთ, რომ დიდება მხოლოდ ღმერთისკენაა მიმართული.


[1]ადაპტირებულია Ajith Fernando, Jesus Driven Ministry (Wheaton, Illinois: Crossway Books, 2002), 172-173

გამოყენება: მსახურების გუნდის ფასეულობა

იესოს მაგალითი გვიჩვენებს გუნდების მნიშვნელობას მსახურებაში. გუნდური მსახურება გულისხმობს როგორც ახალგაზრდა თანამშრომლების სწავლებას, ასევე პასტორებთან ურთიერთობის დამყარებას. ჩვენ ვართ შექმნილნი სხვა ადამიანებთან ურთიერთობისთვის. რატომ არის გუნდები ასე მნიშვნელოვანი?

გუნდები უზრუნველყოფენ ბალანსს

იესომ მრავალი სხვადასხვა წარმოშობის ადამიანი აირჩია. პეტრე და იოანე მუდმივი მეტოქენი იყვნენ. მათე რომისთვის მუშაობდა, ხოლო სიმონ ზილოტს სურდა რომაელების განდევნა იუდეიდან. ეს ადამიანები წინააღმდეგობაში იყვნენ ერთმანეთთან. თავისი მოწაფეების არჩევისას, იესომ ხალხის მრავალფეროვანი ჯგუფი აირჩია.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვხედავთ გუნდში ასეთი დაპირისპირებული ხალხის არსებობის სირთულეებს, ჩვენ იგნორირება არ უნდა გავუკეთოთ ამ განსხვავებული პიროვნებების მიერ სარგებლის მოტანის შესაძლებლობას. მაგალითად, მოციქული პეტრე სწრაფი იყო ხმამაღალი განცხადებების გაკეთებაში. მას აბალანსებდნენ თომა და ანდრია, როგორც ფრთხილი მოციქულები. ადრეულმა ეკლესიამ სარგებელი მიიღო იმით, რომ ხელმძღვანელობაში განსხვავებული პიროვნებები იყვნენ.

ბრძენი ლიდერები გუნდისთვის პოულობენ სხვადასხვა წარმომავლობის წევრებს. ძლიერ გუნდს სხვადასხვა სიძლიერე შეაქვს ეკლესიის ხელმძღვანელობაში. გუნდის ერთ წევრს შეიძლება უკეთ ესმოდეს ფინანსური საკითხები; მეორე შეიძლება იყოს ძლიერი პირად ურთიერთობებში; სხვამ შეიძლება აღმოაჩინოს ღრმა ბიბლიური შეხედულებები. ყველა ერთად უზრუნველყოფს ეკლესიის დაბალანსებულ ხელმძღვანელობას.

გუნდები გონივრულ რჩევებს იძლევიან

მოწაფეების სწავლებით და მომზადებით იესომ იცოდა, რომ ის ეკლესიას უყრიდა საფუძველს. სულთმოფენობის შემდეგ, ადრეულ ეკლესიას მრავალი რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწია. იესომ იცოდა, რომ ამ გადაწყვეტილებების მიღებისას მოწაფეებს ერთმანეთი სჭირდებოდათ.

ადრეული ეკლესიის წინაშე მდგარი ერთ-ერთი გადაწყვეტილება იყო: „როგორ უნდა გახდნენ წარმართი მორწმუნეები ეკლესიის ნაწილი? საჭიროა თუ არა, მათ დაიცვან ებრაული რჯულის ყველა ასპექტი?” მართალია ეს შეიძლება ჩვენ მარტივად მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს რთული გადაწყვეტილება იყო. ეს არ იყო პირადი სურვილის საკითხი; კანონები საკვებისა და წინადაცვეთის შესახებ ემყარებოდა ძველ აღთქმას. ამ გადაწყვეტილებას ხანგრძლივი შედეგები მოჰყვა. ეს გადაწყვეტილება დღეს ახდიენს გავლენას თქვენზე და ჩემზე; თუ იერუსალიმის საბჭო სხვაგვარად გადაწყვეტდა, დღეს წარმართ ქრისტიანებს მოეთხოვებოდათ ებრაული კანონების დაცვა.

საქმეების მე-15 თავი გვიჩვენებს, თუ როგორ გადაჭრა ადრეულმა ეკლესიამ ეს მნიშვნელოვანი საკითხი. განსხვავებული შეხედულებების მოსმენის შემდეგ, ისინი გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. წარმართთა ეკლესიისადმი გაგზავნილ წერილში მოციქულებმა გამოიყენეს ლამაზი ფრაზა ამ გადაწყვეტილების აღსაწერად, „მართებულად მიიჩნია სულიწმიდამ და ჩვენც” (საქმეების 15:28). სული უძღვებოდა ეკლესიის ლიდერების შეკრებას, მათ საშუალებას აძლევდა გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები და შემდეგ ჯგუფი სწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

იგავების დამწერი ხაზს უსვამს მრავალი თვალსაზრისის მნიშვნელობას გადაწყვეტილების მიღებისას.

  • სულელს თავისი გზა სწორი ჰგონია, ბრძენი კი რჩევას ითვალისწინებს (იგავების 12:15).

  • რჩევათა გარეშე ეცემა ერი, მრავალი მრჩეველი კი ხსნაა (იგავების 11:14).

  • ბრძნული მითითებით შეგიძლიათ წარმართოთ ომი და მრავალი მრჩევლის წყალობით გექნებათ გამარჯვება (იგავების 24:6).

ეს მნიშვნელოვანი პრინციპია ეკლესიის ლიდერებისათვის. თუ არ გსურს სხვების მოსმენა, იგავები ამბობს, რომ შენ არ ხარ ბრძენი. სულელს თავისი გზა სწორი ჰგონია, ბრძენი კი რჩევას ითვალისწინებს.

თუ გუნდის დანიშნულება გონივრული რჩევების მიცემაა, ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ჩვენგან განსხვავებულად ფიქრობენ. ჩვენ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ გუნდის არჩევისას არ ვეძებოთ საკუთარი ასლები. ჩვენ არ გვჭირდება „კი ბატონოები.”

გუნდები უზრუნველყოფენ გამხნევებას

ეკლესიასტე აღწერს გუნდის უპირატესობას. „ორნი სჯობიან ერთს, რადგან კარგი საზღაური აქვთ თავის შრომაში. თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს თავის მეგობარს, მაგრამ ვაი მარტოხელას, დაეცემა და არავინა ჰყავს წამომყენებელი!” (ეკლესიასტეს 4:9-10).

როდესაც ეკლესია წინააღმდეგობას წააწყდა, მოციქულები ერთმანეთს ამხნევებდნენ. ლუკამ გამოიყენა ფრაზა „ერთსულოვნად“ ადრეული ეკლესიის წევრებს შორის ურთიერთდახმარების აღსაწერად.

დიდი მისიონერი ჰადსონ ტეილორი ილუსტრირებას უკეთებს ამ პრინციპს. ტეილორი ჩინეთში წავიდა მსახურებას მოწყურებული, მაგრამ მალევე მასში იმედგაცრუებამ იმატა. მისმა ზოგიერთმა მხარდამჭერმა შეწყვიტა ფინანსური დახმარების მიწოდება. ცნობილი მისიონერები აკრიტიკებდნენ მას. ბრიტანეთის მთავრობაც კი ეწინააღმდეგებოდა მის მუშაობას. მისმა საცოლემ ინგლისიდან მისწერა, რომ მას არ შეეძლო მისიონერს გაყოლოდა ცოლად. ტეილორი იმედგაცრუებული იყო და მზად იყო შინ დაბრუნებულიყო.

ამ დროის განმავლობაში, ხანში შესულმა შოტლანდიელმა მისიონერმა, უილიამ ბარნსმა, ჰადსონ ტეილორთან შვიდი თვე გაატარა ევანგელურ მოგზაურობაში ჩინეთის შიდა მხარეში. ორი კაცი ერთად მოგზაურობდა, ერთად ლოცულობდა და ერთად ქადაგებდა. ამ მოგზაურობის დროს ტეილორმა კვლავ დაიბრუნა ხედვა ჩინეთზე. ჯონ პოლოკმა დაწერა: „უილიამ ბერნსმა გადაარჩინა ჰადსონ ტეილორი საკუთარი თავისგან.”

მოგვიანებით ჰადსონ ტეილორმა დააარსა ჩინეთის შიდა მისია და ცნობილია, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მისიონერი; უილიამ ბარნსი თითქმის უცნობია. ამის მიუხედავად, უილიამ ბარნსი იმსახურებს გარკვეულ დამსახურებას ათასობით ახალმოქცეულისთვის, რომლებიც ჩინეთის შიდა მისიის მეშვეობით იქნა დახსნილი. ბარნსმა გადამწყვეტ მომენტში გაამხნევა ჰადსონ ტეილორი. გუნდები უზრუნველყოფენ გამხნევებას.

გუნდები უზრუნველყოფენ ანგარიშვალდებულებას

თითოეულ ჩვენგანს აქვს ბრმა ზონები. ჩვენ შეგვაქვს ჩვენს მსახურებაში სისუსტეები, რომლებიც მოდის ჩვენი ოჯახური წარმომავლობიდან, ჩვენი ქრისტიანობამდელი ცხოვრებიდან და ჩვენი პიროვნებიდან. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ჩვენს მსახურებაზე.

ჩვენ საკუთარ თავში ვერ ვხედავთ ამ ბრმა ზონებს, მაგრამ გუნდის სხვა წევრებს შეუძლიათ მიგვითითონ ის სფეროები, რომლებმაც შეიძლება ჩვენი მსახურება გაანადგურონ. ებრაელთა წერილის ავტორმა ქრისტიანებს მოუწოდა: „წაახალისეთ ერთმანეთი სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის” (ებრაელთა 10:24). ტერმინს „წახალისება” აქვს ვინმეს გამოფხიზლებისა და მხილების იდეა. ზოგჯერ ეს უსიამოვნოა. არცერთ ჩვენგანს არ მოსწონს, როდესაც გვიბიძგებენ და გვაფხიზლრბენ, მაგრამ პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია. ყველა ქრისტიან ლიდერს სჭირდება მინიმუმ ერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვას: „ეს ქმედება უგუნურია. შენ უნდა შეცვალო ის.”

შუა საუკუნეების მონასტრებიდან და ვესლების საკლასო შეხვედრებიდან დაწყებული თანამედროვე ჯგუფებით, როგორიცაა პირობის მცველები, ქრისტიან ლიდერებს ანგარიშვალდებულების დიდი ტრადიცია აქვთ. დღეს ეკლესიის ლიდერები სარგებლობენ ყოველკვირეული ანგარიშვალდებულების მიღებით. ეს შეიძლება გაკეთდეს ერთი ერთზე, მცირე ჯგუფებში, ან თუნდაც ტელეფონით. ამ პასუხისმგებლობამ შეიძლება გაგვაფრთხილოს სულიერი საფრთხის შესახებ, სანამ ძალიან შორს არ შევალთ.

კარგი ანგარიშვალდებულება მოითხოვს სრულ პატიოსნებას თითოეული თანამშრომლისგან და სრულ კონფიდენციალურობას თანამშრომლებს შორის. შეგიძლიათ იხილოთ ანგარიშვალდებულების შეკითხვების მრავალი მაგალითი. ერთ ჩამონათვალში შედის ეს კითხვები:

  • ამ კვირაში, რეგულარულად ატარებდით დროს ღმერთთან?

  • ამ კვირაში რაიმე გზით დაარღვიეთ თქვენი მთლიანობა?

  • ამ კვირაში, თქვენი აზროვნება სუფთა იყო?

  • ამ კვირაში ჩაიდინე რაიმე სექსუალური ცოდვა?

  • ამ კვირაში რა მნიშვნელოვანი რამ გააკეთე შენი ცოლისთვის?

  • ამ კვირაში, გაუზიარეთ თქვენი რწმენა ურწმუნოს?

  • გულწრფელი იყავით თითოეულ ამ პასუხში?

ცდუნების დროს მნიშვნელოვანია გუნდის მიმართ ანგარიშვალდებულება. ახალგაზრდა პასტორსადმი მიწერილ წერილში პავლე რჩევას იძლევა, თუ როგორ უნდა აშენდეს მყარი მსახურება. პავლე აფრთხილებდა ტიმოთეს: „ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს” (2 ტიმოთეს 2:22). პავლეს ესმოდა, რომ ტიმოთეს სულიერ ცხოვრებას სარგებელს მოუტანდა ღმერთის სხვა მიმდევრებთან შეკავშირება, მათთან, ვინც „სუფთა გულით მოუხმობს უფალს.”

► თუ თქვენ ხართ მსახურების გუნდის წევრი, გაგვიზიარეთ რამდენიმე უპირატესობები, რასაც თქვენი გუნდიდან იღებთ. რა გამოწვევები იჩენენ თავს მაშინ, როდესაც ხარ მსახურების გუნდის წევრი?

გუნდთან ერთად მუშაობა

იესომ ძალიან განსხვავებული პიროვნებების ჯგუფი, ჩამოაყალიბა ერთიან გუნდად. იესომ მიიღო მათი განსხვავებულობა და შექმნა გუნდი, რომელსაც შეეძლო ადრეული ეკლესიის მართვა. ეკლესიას სჭირდებოდა პეტრეს მძლავრი ხელმძღვანელობა და ასევე მას სჭირდებოდა ფილიპეს მშვიდი სული. ლიდერის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა მიმდევრების ჯგუფის, გუნდად ჩამოყალიბებაა.

აჯით ფერნანდოს, შრი-ლანკას ეკლესიის ხელმძღვანელს, კარგად ესმის გუნდის შექმნის გამოწვევების შესახებ. ის წერს:

შესაძლოა, ევანგელური ეკლესიის ტრაგედია იმაშია, რომ გრძნობები ხშირად სძლევს თეოლოგიას ჩვენი გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების განსაზღვრისას. ბიბლიური ქრისტიანი ამბობს: „როგორი გრძნობებიც არ უნდა მქონდეს ამ ადამიანის მიმართ, მე მას მივიღებ, რადგან ღმერთს სურს, რომ ასე მოვიქცე. და მე ვთხოვ ღმერთს, მომცეს მადლი მასთან ჰარმონიულად მუშაობისთვის.” ჩვენი თეოლოგია ამბობს, რომ ამ ადამიანთან მუშაობის ეს მცდელობები წარმატებას მიაღწევს, მაშინაც კი, თუ ჩვენი გრძნობები განსხვავებულ გზავნილს იძლევა. ჩვენი თეოლოგია გვაიძულებს ვიმუშაოთ ამ ურთიერთობებზე. ჩვენ ვლოცულობთ ადამიანისთვის და მასთან ურთიერთობებზე. ჩვენ ვხვდებით მას რეგულარულად. ჩვენ ვცდილობთ გამოვავლინოთ ქრისტიანული სიყვარული მის მიმართ და ყველაფერი გავაკეთოთ, რაც მისი პირადი კეთილდღეობისთვის შეგვიძლია. ჩვენ ვახორციელებთ ოცნებებს იმის შესახებ, რისი მიღწევაც შეუძლია ამ ადამიანს გუნდის საშუალებით.[1]

1 კორინთელთა წერილი გვასწავლის, რომ ქრისტეს სხეულში ჩვენ არ გვაქვს უფლება უარვყოთ ხალხი მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოგვწონს ისინი. თუ ეკლესიას აშენებთ, გეყოლებათ წევრები, რომლებიც შეიძლება არ მოგწონდეთ. როგორც ქრისტიანმა ლიდერმა, თქვენ უნდა თქვათ: „როგორი პიროვნული გრძნობებიც არ უნდა მქონდეს, მე მივიღებ ამ პიროვნებას, რადგან ღმერთმა ის მოიყვანა, რომ მე ვიზრუნო მასზე. მე ვილოცებ, რომ ღმერთმა მადლი მომცე მასთან მუშაობისთვის და ღმერთს ვთხოვ, აკურთხოს ის და დაეხმაროს მას მსახურებაში.”


[1]Ajith Fernando, Jesus Driven Ministry (Wheaton, Illinois: Crossway Books, 2002), 133

ეფექტური ქრისტიანი ლიდერი, მსახურია

ერთხელ ვკითხე მომავალ პასტორს: „რატომ გინდა იყო პასტორი?” ამ ახალგაზრდამ თქვა: „აეროპორტში ვიღაც ვნახე, ვინც თავისი პასტორის ჩემოდანს ატარებდა. მინდა, რომ ვიღაცამ ჩემი ჩემოდანიც ატაროს!”

იესოს შეხედულება ბევრად განსხვავებული იყო! ჩემს მეგობარს სურდა, მომსახურებოდნენ; იესოს სურდა ემსახურა. „რადგან ძე კაცისა იმისთვის როდი მოსულა, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად ემსახუროს და მრავალთა გამოსასყიდად მისცეს თავისი სული” (მარკოზი 10:45). იესო გვიჩვენებს, რომ ნამდვილი ხელმძღვანელობა მომსახურებას გულისხმობს. იესომ თავი დაიმდაბლა: „მიიღო მონის ხატება” (ფილიპელთა 2:7).

► წაიკითხეთ იოანეს 13:1-20.

სახარებაში მრავალი ადგილია, სადაც შეგვიძლია ვისწავლოთ იესოს მომსახურე ლიდერობის ნიმუში, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაგალითია იესოს მიერ მოწაფეებისთვის ფეხების დაბანის ამბავი. ამ ქმედებით იესო აჩვენებს რას ნიშნავს იყო მსახური.

ზოგი ეკლესია ატარებს „ფეხბანვას", რათა გაიმეორონ იესოს ქმედება, რომელიც მან საიდუმლო სერობაზე გააკეთა. ეს შეიძლება მშვენიერი მსახურება იყოს, მაგრამ შეიძლება უფრო ძლიერი იყოს იმის გაცნობიერება, რომ იესომ სპეციალური ცერემონია არ ჩაუტარებია. ამის ნაცვლად, მან უბრალოდ შეასრულა საქმე, რომელიც გასაკეთებელი იყო.

იმის გამო, რომ იერუსალიმის ქუჩები მტვრიანი იყო, ქირაობდნენ მსახურს, რომელიც ოფიციალურ სადილზე მოწვეულ სტუმრებს ფეხებს ბანდა. ეს იყო მონის მოვალეობა, რომელიც ეკისრებოდა ყველაზე მდაბალ მსახურებს. როდესაც იესო თავის მოწაფეებს შეუერთდა პასექის დღესასწაულზე, ოთახში ასეთი მსახური არ იყო. არცერთი მოწაფე, თავისი ნებით, არ ისურვებდა ამ მოვალეობის შესრულებას; მათ მაღალი თანამდებობების იმედი ჰქონდათ იესოს სამეფოში. იესო მუხლებზე დადგა და ყველაზე მდაბალი მსახურის მოვალეობის შესრულება დაიწყო.

ეს მოქმედება გვიჩვენებს, თუ როგორ ესმოდა იესოს ხელმძღვანელობა (ლიდერობა). სხვა ხალხი მიისწრაფვოდა ხელმძღვანელობისკენ პოზიციისა და ძალაუფლების მისაღებად. მათი მიზანი იყო ორგანიზაციის სათავეში მოხვედრა. იესო უკვე ზემოთ იყო; ის იყო მოწაფეების მოძღვარი. მაგრამ მან ნებით დაიკავა ყველაზე დაბალი პოზიცია.

აი ეს ნიშნავს, იყო ქრისტეს მსგავსი ლიდერი. ქრისტეს მსგავსი ლიდერი იღებს იმ საქმეებს, რომლის შესრულებაც არავის სურს. ქრისტეს მსგავსი ლიდერი სხვებს შთააგონებს არა ბრძანებების გაცემით, არამედ თავმდაბალი მსახურების მაგალითით.

[1] ერთხელ ვიღაცამ თქვა: „მსახურებრივი სულის გამოცდაა‘ როგორ მოვიქცევი, როდესაც მსახურივით მექცევიან?’” ლიდერი, რომელიც იესოს მაგალითს მიჰყვება, არ განაწყენდება, თუ მას მსახურივით მოექცევიან. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იესოს მსახურივით ექცეოდნენ, მაგრამ მას არც უფიქრია მათი ლანძღვა. ნუ დავივიწყებთ, რომ იესომ სხვა მოწაფეებთან ერთად იუდასაც დაბანა ფეხები. წარმოგიდგენიათ, თავმდაბლურად დაბანოთ ფეხები იმ კაცს, რომელმაც უკვე გადაწყვიტა თქვენი ღალატი?

როდესაც მან მოწაფეების ფეხების დაბანა დაასრულა, იესომ უთხრა ამ თანამდებობის მაძიებლებს, „მე მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ” (იოანეს 13:15). ოცდაათი წლის შემდეგ, სიმონ პეტრეს შესაძლოა გაახსენდა იესოს თავმდაბლობა, როდესაც მან დაწერა, „ერთმანეთის მიმართ ყველამ შეიმოსოს თავმდაბლობა” (1 პეტრეს 5:5). როგორც იესომ შემოიხვია პირსახოცი მოწაფეებს რომ მომსახურებოდა, ჩვენც უნდა შემოვიხვიოთ თავმდაბლობა, რათ მოვემსახუროთ სხვებს.

როგორც ქრისტიან ლიდერებს, შეიძლება ცდუნება გვქონდეს ვეძიოთ პოზიციები და არა მომსახურების შესაძლებლობები. იესომ დაგვანახა, რომ ქრისტიანული ლიდერობა არის მომსახურება.


[1]

„სათამადო ადგილებმა ჩაანაცვლა პირსახოცი და ფეხსაბანი, როგორც ღვთის ხალხს შორის ხელმძღვანელობის სიმბოლოებმა … დროა დავაბრუნოთ პირსახოცი. ”

- ჯინ ვილკსი

დასკვნა: სხვა ქრისტიანი მუშაკების მომზადების მნიშვნელობა

თქვენი ცხოვრების ბოლოს, თქვენი გავლენა, როგორც სხვა ქრისტიანი მუშაკების მრჩეველის, შეიძლება თქვენი მსახურების უდიდესი მემკვიდრეობა იყოს. თუ თქვენი მსახურების დროს მხოლოდ თორმეტ ქრისტიან მუშაკს დამოძღვრავთ, თქვენი გავლენა გამრავლდება იმ თორმეტზეც და მათზეც, ვისაც ისინი ასწავლიან.

სამწუხაროდ, მართალია, ქრისტიანი ლიდერების უმეტესობამ იცის სწავლების მნიშვნელობა, მაგრამ სულ რამდენიმე ლიდერი ხარჯავს დროს, რომელიც საჭიროა სხვების სწავლებისთვის. რატომ ვუგულებელყოფთ მსახურების ამ ასპექტს?

ერთ-ერთი მიზეზი არის დამოძღვრის საფასური. სწავლებას მიაქვს მნიშვნელოვანი (ღირებული) დრო. ჩვენ ხშირად გვგონია, რომ ახალგაზრდა ლიდერების სწავლებაზე გატარებული დრო უკეთესად შეიძლებოდა დახარჯულიყო, დიდ ჯგუფებში მსახურებისთვის.

კიდევ ერთი მიზეზი არის იმედგაცრუება, რომელიც თან ახლავს სწავლებას. მიმზიდველად ჟღერს იმის თქმა, რომ „მე ვამზადებ ლიდერების მომავალ თაობას.” რეალობა ხშირად ნაკლებად აღმაფრთოვანებელია.

ბევრჯერ უნდა ეგრძნო იესოს იმედგაცრუება, მოწაფეების ნელი განვითარების გამო. იესოსთან სამი წლის შემდეგ ფილიპემ სთხოვა: „უფალო, გვიჩვენე მამა და ეს საკმარისია ჩვენთვის” (იოანეს 14:8). რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც იესომ ხუთი ათასი კაცი დააპურა, მოწაფეები ამჯერად ოთხი ათასი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის პირისპირ აღმოჩნდნენ. მათ იესოს ჰკითხეს: „საიდან უნდა შევძლოთ ამდენი ხალხის დაპურება უდაბნოში?” (მარკოზის 8:4).

პავლე მოციქულმაც დიდწილად იგივე იმედგაცრუება განიცადა. იოანე პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს ჩამოშორდა მას (საქმეების 13:13). თვეების განმავლობაში დემასის მომზადების შემდეგ, პავლე ციხის სამარტოვო საკნიდან იწერებოდა: დემასმა შეიყვარა ქვეყნიერება და მიმატოვა” (2 ტიმოთეს 4:10).

დამოძღვრაში და მომზადებაში ძვირი ფასია გადასახდელი და შეიძლება იმედგაცრუებაც დადგეს, მაგრამ ეს არის ლიდერის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ყველა ზრდასრულმა (ჩამოყალიბებულმა) ქრისტიანმა ლიდერმა უნდა მოამზადოს მომავალი ლიდერები. ამავე დროს, ყველა ქრისტიან ლიდერს სჭირდება მოძღვარი, რომელიც მხარს დაუჭერს ბრძოლის დროს.

ჰოვარდ ჰენდრიქსმა თქვა, რომ ყველა ადამიანს სამი ადამიანი სჭირდება ცხოვრებაში:

1. ყველა ადამიანს სჭირდება პავლე, მოძღვარი, რომელიც მოგიწოდებთ, რომ განაგრძოთ ზრდა.

2. ყველა ადამიანს სჭირდება ბარნაბა, მეგობარი, რომელსაც ისე ეყვარებით, რომ გულწრფელად გეტყვით თქვენი სისუსტეების შესახებ.

3. ყველა ადამიანს სჭირდება ტიმოთე, უმცროსი მოწაფე, რომელსაც ასწავლი და მოამზადებ მსახურებისთვის.

► დაასრულეთ ეს გაკვეთილი შეკითხვით:

  • „ვინ არის ჩემი პავლე?”

  • „ვინ არის ჩემი ბარნაბა?”

  • „ვინ არის ჩემი ტიმოთე?”

გაკვეთილი 3 დავალებები

(1) ჩამოთვალეთ ოთხი მაგალითი, როდესაც მოწაფეები აკვირდებოდნენ იესოს მსახურებას. აღნიშნეთ, რა ისწავლეს მოწაფეებმა იესოზე დაკვირვებით.

PDF აქ წვდომა

მაგალითი წმიდა წერილი გაკვეთილი მოწაფეებისთვის
იესომ დემონით შეპყრობილი ბიჭი განკურნა მათეს 17:14-21 რწმენის ძალა
     
     
     
     

 

(2) შეადგინეთ ორი ან სამი ადამიანისგან შემდგარი სია, რომელთა სწავლებაც შეგიძლიათ მომავალი მსახურებისთვის. დაწერეთ მოკლე აბზაცი, რომელშიც უპასუხებთ ორ კითხვას:

  • რა თვისებების ნახვა მსურს პიროვნებაში, რომელსაც მე მოვამზადებ?

  • რა მსურს ღმერთმა შეასრულოს იმ ადამიანში, რომელსაც მე ვასწავლი? (დააკონკრეტეთ.)

დაიწყეთ თქვენს მიერ დასახელებული პირების სწავლებისთვის ნაბიჯების გადადგმა. სთხოვეთ ღმერთს, გაჩვენოთ, როგორ შეძლოთ მოამზადოთ ისინი მსახურების შესაძლებლობებისთვის.

 

Next Lesson