იესოს ცხოვრება და მსახურება
იესოს ცხოვრება და მსახურება
Audio Course Purchase

Search Course

Type at least 3 characters to search

Search through all lessons and sections in this course

Searching...

No results found

No matches for ""

Try different keywords or check your spelling

results found

Lesson 8: ჯვარი და აღდგომა

2 min read

by Randall McElwain


გაკვეთილის მიზნები

ამ გაკვეთილის ბოლოს სტუდენტს უნდა შეეძლოს:

(1) გააცნობიეროს იესოს მსახურებაზე განსხვავებული პასუხები ვნების კვირის განმავლობაში.

(2) გაიაზროს ლეღვის ხის დაწყევლა, როგორც ამოქმედებული იგავი.

(3) გააცნობიეროს ის სისუსტეები, რამაც პეტრეს დაცემა გამოიწვია.

(4) შეაფასოს ჯვარი და აღდგომა, როგორც ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურების საფუძველი.

მსახურების პრინციპი

ყველა ეფექტური მსახურება ხორციელდება ჯვრისა და აღდგომის ძალით.

შესავალი

სახარების კულმინაცია არის ვნების ისტორია. სახარების ოთხმოცდაცხრა თავიდან ოცდაათი ეთმობა იერუსალიმში ტრიუმფალური შესვლისა და აღდგომას შორის კვირას. იოანეს სახარების თითქმის ნახევარი ეთმობა ამ კვირას. ეს არის კულმინაცია, რომელზედაც მიუთითებდა იესოს მთელი ცხოვრება და მსახურება. ამ გაკვეთილზე ჩვენ შევისწავლით იესოს მიწიერი მსახურების ბოლო კვირას, რათა ვისწავლოთ გაკვეთილები ჩვენი ცხოვრებისა და მსახურებისთვის.

► გაკვეთილის გაგრძელებამდე განვიხილოთ ორი კითხვა:

  • რას ნიშნავს ჯვარცმა ჩემთვის, თეოლოგიურად და პირადად?

  • რას ნიშნავს აღდგომა ჩემთვის, თეოლოგიურად და პირადად?

იესოს პასუხები: იესოს საჯარო მსახურების ბოლო კვირა

მახარებელთა ერთ -ერთი მთავარი ხაზგასმა მათ რეაქციაზეა, ვინც იესოს შეხვდა. მაგალითად, იესოს ცხოვრების დასაწყისში მათე მოგვების თაყვანისცემას უპირისპირებს ჰეროდეს პასუხს, რომელმაც სცადა მოწინააღმდეგე მეფის მოკვლა. იოანე ადარებს ებრაელი რაბინის, ნიკოდემოსის კითხვით პასუხს ჭასთან მყოფ გაუნათლებელ სამარიელ ქალთან.

► წაიკითხეთ მათეს 10:32-39.

ვერავინ დარჩება ნეიტრალური იესოს გზავნილთან მიმართებაში; ჩვენ ან ვიღებთ მის მოთხოვნას ან ვუარყოფთ მას. იესომ თავისი მსახურება აღწერა როგორც მახვილი, რომელიც ამ ორ ჯგუფს ყოფს. ოჯახები გაიყო იესოს პასუხის გამო; იესოს ოჯახმაც კი გაიარა ეს გამოცდა (მათეს 13:53-58). ვერავინ დარჩება ნეიტრალური.

იესოს წინააღმდეგობრივი პასუხები კიდევ უფრო დრამატული გახდა მისი საჯარო მსახურების ბოლო კვირაში. ეს კონტრასტი გრძელდება თვით ჯვარში, სადაც ორი ქურდი განსხვავებულად რეაგირებს იესოს მიმართ.

პასუხები ლაზარეს აღდგინების შესახებ

► წაიკითხეთ იოანეს 11:1-57.

ლაზარეს აღდგინებამდეც კი, რელიგიური ლიდერები ეწინააღმდეგებოდნენ იესოს. როდესაც იესო ეწვია ტაძარს, მიძღვნის დღესასწაულზე ზამთარში, ებრაელმა ლიდერებმა მას ბრალი დასდეს მკრეხელობაში და მისი ჩაქოლვა სცადეს. რადგან ჯერ კიდევ არ იყო მისი მსხვერპლად გახდომის დრო, იესო დაუსხლტა მათ და იორდანეს გავლით გაემგზავრა იერუსალიმის რელიგიური ცენტრიდან (იოანეს 10:22-42).

როდესაც ლაზარეს სიკვდილის ამბავი გახდა ცნობილი, მოწაფეებმა იცოდნენ, რომ იესოსთვის საშიში იყო იუდეაში დაბრუნება. მკითხველები ხშირად დასცინიან თომას ეჭვს და პესიმიზმს, მაგრამ მე აღფრთოვანებული ვარ მისი ერთგულებით თავისი მოძღვრისადმი. ის თვლის (სწორად), რომ იესოს მოკლავენ იუდეაში, მაგრამ თომა ერთგულია. როდესაც იესო დაჟინებით მოითხოვს იუდეაში დაბრუნებას, თომა ეუბნება თავის თანა მოწაფეებს: „ჩვენც წავიდეთ, რომ მასთან ერთად მოვკვდეთ.” მიუხედავად თომას შემდგომი ეჭვებისა, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ამ შეშინებული მოწაფის ერთგულება. გასაკვირი არ არის, რომ უფლის აღდგომის შემდეგ თომა გარდაიცვალა მოწამეობრივი სიკვდილით, სახარების ინდოეთში ქადაგების გამო.

ბეთანიის მსგავს პატარა სოფელში ლაზარეს აღდგინება ვერ დაიმალა. რელიგიურ ლიდერებს არ ჰქონდათ საშუალება დაემალათ ასეთი დრამატული მოვლენა. იოანე გვაჩვენებს განსხვავებულ პასუხებს ამ სასწაულზე.

ხალხის პასუხი

ლაზარეს აღდგინების შესახებ ამბის გავრცელების შემდეგ, საზოგადოება დარწმუნებული იყო, რომ იესო დაამარცხებდა რომს და აღადგენდა დავითის ტახტს იერუსალიმში. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იესო იყო აღთქმული მესია. „მაშინ, მარიამთან მოსულმა ბევრმა იუდეველმა, იხილა რა, რაც მან მოახდინა, ირწმუნა იგი” (იოანეს 11:45 და 12:11). იმდენმა ადამიანმა ირწმუნა იესო, რომ ფარისევლებმა თქვეს: „ხედავთ? მთელი ქვეყანა მას მიჰყვება” (იოანეს 12:19). ამან აღაფრთოვანა ხალხი, როდესაც იესო ვირზე მდჯდომი შევიდა იერუსალიმში.

რელიგიური ლიდერების პასუხი

ლაზარეს აღდგომამ შეუძლებელი გახადა რელიგიური წინამძღოლების იგნორირება იესოს მტკიცებაზე, რომ ის იყო მესია. როდესაც ბრბო იესოსკენ მობრუნდა, რელიგიურ წინამძღოლებს მხოლოდ ორი ვარიანტი ჰქონდათ:

1. ეღიარებინათ, რომ იესო იყო ის, ვინც აცხადებდა, რომ იყო. თუმცა, ეს მოითხოვდა მათგან უარის თქმას ამბიციებზე, ქონოდათ ძალაუფლება. იესომ უკვე დაგმო მათი თვალთმაქცური საქციელი. თუ ისინი აღიარებდნენ, რომ იესო იყო მესია, ისინი დაკარგავდნენ თავიანთ პოზიციებს, როგორც ებრაელი ხალხის ლიდერები.

2. შეეპყრათ და მოეკლათ იესო. თუ მათ უარი თქვეს იესოს, როგორც მესიის მიღებაზე, უნდა მოეკლათ ის.

რელიგიური ლიდერები მიიჩნევდნენ იესოს მოკვლის გადაწყვეტილებას, როგორც ერისთვის საუკეთესოს. ისტორიის განმავლობაში სუსტი ლიდერების მსგავსად, ისინი ცდილობდნენ თავიანთი გადაწყვეტილების გამართლებას. „რა ვქნათ, რადგან ბევრ სასწაულს ახდენს ეს კაცი? თუ თავის ნებაზე მივუშვებთ, ყველა ირწმუნებს. მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს ადგილსაც და ერსაც” (იოანეს 11:47-48). მათ ეშინოდათ, რომ იესო რომის წინააღმდეგ ამბოხებას ჩაუდგებოდა სათავეში. მათ არ ესმოდათ, რომ მისი სამეფო სულიერი იყო.

„ჩვენს ადგილს” ალბათ იგულისხმება ტაძარი და „ჩვენს ერს” იგულისხმება თავისუფლებები, რომლებიც რომმა დაუშვა ებრაელებისთვის (იხილეთ საქმეების 6:13 და 21:28). მიუხედავად იმისა, რომ იუდეა რომის კონტროლის ქვეშ იყო, ებრაელებს უფლება ჰქონდათ თაყვანი ეცათ ტაძარში, დაეცვათ რელიგიური კანონები და სინედრიონის მეშვეობით შეენარჩუნებინათ სამოქალაქო მმართველობა. ეს ყველაფერი დაიკარგებოდა, თუ რომი ჩაახშობდა აჯანყებას.

კაიაფამ დაარწმუნა სინედრიონი, რომ სჯობს ერთი ადამიანი მოკვდეს, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს (იოანეს 11:49-50). ბედის ირონიით, იესოს მკვლელობის შემდეგ, სინედრიონის შიში ახდა. იესოს მკვლელობიდან ორმოცი წლის შემდეგ, რომაელებმა ჩაახშეს ებრაელთა ამბოხება, დაანგრიეს ტაძარი, ჩამოართვეს ებრაელ ხალხს უფლებები და მოხდა ყველაფერი ის, რისი თავიდან აცილებაც კაიაფამ სცადა.

ვინაიდან მათ არ შეეძლოთ ამ სასწაულის დამალვა ყველა მტკიცებულების განადგურების გარეშე, სინედრიონმა გადაწყვიტა მოეკლა იესოც და ლაზარეც, რათა „დაეცვათ ერი” (იოანეს11:53 და 12:10). სასწაულები სულაც არ დაარწმუნებს ურწმუნოებს. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ: „ნეტავი ღმერთმა დაამოწმოს საკუთარ თავზე სასწაულით, ყველა დაიჯერებდა.” თუმცა, სასწაულმა შეიძლება მხოლოდ გაამყაროს სკეპტიკოსი მის ურწმუნოებაში.

მდიდარი კაცისა და ლაზარეს ისტორიაში (არა ის ლაზარე, რომელიც იესომ აღადგინა), მდიდარმა სთხოვა აბრაამს გაეგზავნა ლაზარე მისი ძმების გასაფრთხილებლად. აბრაამმა თქვა: „თუკი მოსეს და წინასწარმეტყველთ არ დაუგდეს ყური, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, იმასაც არ ერწმუნებიან” (ლუკას 16:31). თვითონ წმინდა წერილი არის საკმარისი მოწმობა ჭეშმარიტების შესახებ. თუ ჩვენ ვუარყოფთ მას, სხვა მტკიცებულებები ვერ დაგვარწმუნებს.

პასუხები იესოს: მარიამი

► წაიკითხეთ მათეს 26:6-13 და იოანეს 12:1-11.

იესოს მიწიერი მსახურების განმავლობაში, მარიამი, ლაზარესა და მართას და, მისი ერთ -ერთი ერთგული მიმდევარი იყო. ადრინდელ ისტორიაში მართა ჩიოდა, რადგან მარიამი იესოს უსმენდა იმ დროს, როდესაც მართა ემსახურებოდა. ამ ამბავში იესომ შეაქო მარიამი, რომელმაც „უკეთესი წილი ამოირჩია, რომელიც ვერ წაერთმევა” (ლუკას 10:42).

გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, იესო და მისი მოწაფეები ეწვივნენ სიმონ კეთროვნის სახლს. ლაზარე და მისი დებიც მიიწვიეს შეერთებოდნენ ამ ჯგუფს. ჭამის დროს მარიამმა იესოს თავსა და ფეხებზე ძვირფასი ნელსაცხებელი დაასხა. ეს ნელსაცხებელი სამასი დინარი ღირდა, დაახლოებით ერთი წლის ხელფასი. იმ დროს, როდესაც ბანკები არ არსებობდა, ეს ალბათ მარიამის დანაზოგს წარმოადგენდა.

მოწაფეები აღშფოთდნენ, რომ მარიამმა ამდენი ფული ფუჭად დახარჯა, (მათეს 26:8; მარკოზის 14:5). მაგრამ მარიამს აინტერესებდა მხოლოდ ერთი ადამიანის, იესოს აზრი. ის მოქმედებდა სიყვარულის გამო, რომელიც მას აბრმავებდა სხვების აზრების მიმართ. მას არ აინტერესებდა რა ღირებულების იყო ნელსაცხებელი და მას არ აინტერესებდა რას ფიქრობდნენ სხვები. ის თაყვანს სცემდა თავის მოძღვარს და სხვას არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა.

როდესაც მოწაფეებმა გააპროტესტეს მარიამის ქმედება, იესომ უსაყვედურა მათ: „თავი გაანებეთ…. მან სიკეთე მიყო” (მარკოზის 14:6). იცოდა რა, რომ ჯვარცმამდე მხოლოდ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, იესომ გააცნობიერა მარიამის მოქმედების სიმბოლიზმი: „მან წინასწარ სცხო ჩემს სხეულს ნელსაცხებელი დასამარხად.” იესომ პატივი მიაგო ამ ქალს, რომელმაც ყველაფერი გაიღო უანგაროდ, სიყვარულით თაყვანისცემაში.

როდესაც ვკითხულობთ მარიამის მიერ იესოს ცხების ამბავს, უნდა ვიკითხოთ: „მე რამდენად მიყვარს იესო? მე მას უფრო ვუფრთხილდები თუ გარშემომყოფთა აზრს? ” მარიამს ნამდვილად უყვარდა იესო.

პასუხები იესოს: ტრიუმფალური შესვლა

► წაიკითხეთ მათეს 21:1-11 და იოანეს 12:12-19.

კვირას იესო იერუსალიმში ვირზე მჯდომი შევიდა. ჩვეულებრივ დღეს, არაფერი იქნებოდა უჩვეულო ამ მოქმედებაში; გალილეველი მასწავლებელი პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში მიმავალ მიმდევართა მცირე ჯგუფთან ერთად. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი დრო. ლაზარეს აღდგომამ აქცია ეს პასექის მომლოცველობა რელიგიურ და პოლიტიკურ განცხადებად.

მათე ხაზს უსვამს იესოს იერუსალიმში შესვლის რელიგიურ შედეგებს. მათე გვიჩვენებს, რომ იესოს შესვლით აღსრულდა ზაქარიას წინასწარმეტყველება. ხალხის სიტყვები აღებულია 117 -ე ფსალმუნიდან, პასექის ფსალმუნიდან, რომელიც აღწერს იერუსალიმში ტრიუმფალურ მსვლელობას (მათეს 21:4-11; ზაქარიას 9:9; ფრსალმუნის 117:26).

ეს მსვლელობა სავსე იყო პოლიტიკური შედეგებით:

  • ხალხი აფენდა სამოსელს გზაზე, რათა წარმოეჩინა მეფისადმი მორჩილება (მათეს 21:8; 4 მეფეთა 9:13).

  • მაკაბელთა პერიოდიდან პალმის ტოტები სიმბოლირებდა მტერზე სამხედრო გამარჯვებას (იოანეს 12:13; 1 მაკაბელთა 13:51).

  • „ოსანა!” ნიშნავს „გვიხსენი", ძახილი ხსნისათვის.

  • „დავითის ძე ”იყო სამეფო და მესიანური ტიტული.

ხალხს სჯეროდა, რომ იესო იერუსალიმში შემოდიოდა რომის დასამხობად და მისი სამეფოს დასამყარებლად. დავით მეფის ხანგრძლივი ლოდინი დასრულდა. წინასწარმეტყველთა დაპირებები მალე შესრულდებოდა.

სულ რამდენიმე დღის შემდეგ, ბევრი იგივე ადამიანი ყვიროდა: „ჯვარს აცვი!" რატომ? იმიტომ, რომ მათ არასწორი მოლოდინი ჰქონდათ იესოს მიმართ. მათ სჯეროდათ, რომ ის დაამარცხებდა რომს, მაგრამ მას არ სურდა სამხედრო აჯანყების ხელმძღვანელობა. ისინი პოლიტიკურ სამეფოს ეძებდნენ, მაგრამ მას სულიერ სამეფო მოჰქონდა. იმედგაცრუებული ეს ბრბო, მალე იესოს წინააღმდეგ აღსდგებოდა.

სინედრიონის პოლიტიკურად გავლენიანმა და სოციალურად ელიტარულმა წევრებმა უკვე გადაწყვიტეს იესოს მოკვლა; უძლურნი მალევე აღსდგებიან მის წინააღმდეგ. იცოდა რა, თუ რა ელოდა წინ, იესო ტიროდა იმ ქალაქის ბედზე, რომელიც მას უარყოფდა (ლუკას 19:41-44). ჩვენ მას „ტრიუმფალურ შემოსვლას" ვუწოდებთ; იესომ კი იცოდა, რომ ეს იყო „გზა ჯვრისაკენ.” ბრბო ციტირებდა ფსალმუნის 117: 26 -ს: „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!” იესომ იცოდა ფსალმუნის შემდეგი მუხლი: „საბელით მიაბით სადღესასწაულო მსხვერპლი სამსხვერპლოს რქებზე!” (ფსალმუნის 117:27). იესო შევიდა იერუსალიმში, როგორც მსხვერპლი, რომელიც მალე მიბმული იქნებოდა „სამსხვერპლოზე", რომაულ ჯვარზე.

ახლო ხედი: იესო წყევლის ლეღვის ხეს

► წაიკითხეთ მარკოზის 11:12-25.

თითოეული სახარება მოიცავს ისტორიას, სადაც იესო წყევლის უნაყოფო ლეღვის ხეს, საჯარო მსახურების ბოლო კვირას. იესომ დაწყევლა ლეღვის ხე ორშაბათს, როცა იერუსალიმში ჩავიდა, ბეთანიაში ღამის გატარების შემდეგ. სამშაბათს მოწაფეებმა დაინახეს, რომ ხე მხოლოდ ოცდაოთხ საათში გახმა.

მიუხედავად იმისა, რომ „ჯერ არ იყო ლეღვობის დრო" (მარკოზის 11:13), ფოთლები ნიშნავდა, რომ ხეზე მწვანე ლეღვი მაინც უნდა ყოფილიყო. ლეღვის ნაყოფი ჩნდება ფოთლების გამოსვლიდან მცირე ხნის შემდეგ. როდესაც ხეს ფოთლები ჰქონდა ადრეული ლეღვის გარეშე, ხე იმ წელს არ გამოიღებდა ნაყოფს.

ეს ამბავი არის „ამოქმედებული იგავი" ისრაელის მიერ ნაყოფის გამოუღებლობის შესახებ.[1] ისრაელი ღმერთმა აირჩია, რომ ხალხებს კურთხევა მიენიჭებინა (დაბადების 12:3). ამის მაგივრად, ისრაელმა შეარცხვინა იეჰოვას სახელი.

ტაძარი უნდა ყოფილიყო ლოცვის ადგილი „ყველა ხალხისთვის” (ესაიას 56:7). ამის მაგივრად, ტაძარი გახდა „მძარცველთა ბუნაგი“, სადაც ძალაუფლების მქონე მღვდელმთავრები ატყუებდნენ ღარიბებს.

ლეღვის ხე უნაყოფო იყო; ისრაელი უნაყოფო იყო. ლეღვის ხე უარყოფილი იყო; ისრაელი მალე უარყოფილი იქნებოდა.

ლეღვის ხის დაწყევლა არის ერთ -ერთი გზავნილი იმ გასამართლების ჩამონათვალიდან, რომელიც იესომ საჯარო მსახურების ბოლო დღეებში გააკეთა:

1. უნაყოფო ლეღვის ხის ამოქმედებული იგავი (მარკოზის 11:12-14, 20-25).

2. ტაძრის განწმენდა (მარკოზის 11:15-19).

3. იგავი ბოროტ მოიჯარეებზე (მარკოზის 12:1-12).

4. დავები რელიგიურ წინამძღოლებთან (მარკოზის 12:13-40).

5. იესო წინასწარმეტყველებს ტაძრის დანგრევას (მარკოზის 13:1-37).


[1]ძველ აღთქმაში ლეღვის ხე ხშირად სიმბოლირებს ისრაელს (მაგ. იერემიას 8:13; ოსიას 9:10; იოველის 1:7)

იესოს პასუხები: იესოს საჯარო მსახურების ბოლო კვირა (გაგრძელდება)

პასუხები იესოს: რელიგიური წინამძღოლები

► წაიკითხეთ მათეს 21:23-22:46.

ლაზარეს აღდგომის შემდეგ რელიგიურმა წინამძღოლებმა გადაწყვიტეს იესოს მოკვლა. თუმცა, მისი პოპულარობა უბრალო ხალხში, ამას ართულებდა. მათ სურდათ ეპოვათ იესოს დისკრედიტაციის საშუალება ხალხის თვალში. იესოს ტრიუმფალური შესვლის შემდგომ დღეებში რელიგიურმა წინამძღოლებმა ტაძარში მთელი რიგი დაპირისპირება მოახდინეს. ისინი ცდილობდნენ იესოს მახეში გაბმას, მაგრამ ყოველ ჯერზე უშედეგოდ. ამის მაგივრად, ხალხი ხედავდა, როგორ არცხვენდა იესო რელიგიურ წინამძღოლებს თავისი სიბრძნითა და გამჭრიახობით.

პირველ რიგში, „მღვდელმთავრები და უხუცესები“ დაუპირისპირდნენ მის უფლებამოსილებას გაეწმინდა ტაძარი და საჯაროდ ესწავლებინა. იესომ უპასუხა მათ იოანე ნათლისმცემელზე კითხვით.

შემდეგ იესომ თქვა სამი იგავი, რომელშიც მსჯავრი დასდო რელიგიურ წინამძღოლებს. ორი ძის იგავი გვიჩვენებს, რომ მორჩილება და არა მხოლოდ აღიარება ამტკიცებს ურთიერთობას ღვთის სასუფეველში. ბოროტი მოიჯარეების იგავი ასახავდა იესოს, როგორც მესიის უარყოფის შედეგებს. დაბოლოს, საქორწინო ნადიმზე იგავი გულისხმობს იმას, რომ მასზე მიწვეული რელიგიური წინამძღოლები ახლა უარყოფილ იქნენ სხვების სასარგებლოდ, რომლებიც, შესაძლოა ნაკლებად ღირსეულად გამოიყურებიან, მაგრამ ისინი გამოეხმაურნენ მოწვევას.

იესოს დისკრედიტაციის მიზნით, რელიგიურმა წინამძღოლებმა მას დაუსვეს კითხვების სერია, რათა შეეტყუებინათ ის მახეში. მათი მიზანი არ იყო ჭეშმარიტების გაგება; მათ მიზანს წარმოადგენდა იესოს განადგურება. იესომ იცოდა, რომ მათ არ სურდათ ჭეშმარიტების გაგება, ამიტომ ის მათ ყველა კითხვას ირიდებდა.

მას შემდეგ, რაც იესოს მახეში გაბმის ყველა მცდელობა მარცხით დასრულდა, წინამძღოლები დანებდნენ. მათე ასრულებს ამ ნაწილს მათი მარცხის ჩვენებით: „და ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის შებრუნება; იმ დღიდან მოყოლებული ვერც კითხვის დასმას უბედავდა ვინმე” (მათეს 22:46). მარკოზი ასრულებს იმით, რომ აღნიშნავს უბრალო ხალხის სიხარულს, რომლებიც აკვირდებოდნენ ამ დაპირისპირებებს: „და მრავალი ხალხი უსმენდა მას სიამოვნებით” (მარკოზის 12:37).

► როგორც პასტორი ან ქრისტიანი ლიდერი, თქვენ ხშირად წააწყდებით რთულ კითხვებს. როგორ შეძლებთ განასხვავოთ ის, ვინც გულწრფელად გეკითხებათ მისგან, ვისაც სურს თქვენი მახეში გაბმა? რით უნდა განსხვავდებოდეს თქვენი პასუხები ამ ორი სახის კითხვაზე? (ამ განსხვავების მაგალითისთვის იხილეთ იგავების 26:4-5.)

სასამართლო და ჯვარცმა

► წაიკითხეთ 1 კორინთელთა 15:1-8.

იესოს ამაღლებიდან ოცი წლის შემდეგ პავლემ დააარსა ეკლესია კორინთოში. ეს ეკლესია შედგებოდა ახალმოქცეულებისგან, რომლებიც საზოგადოების სხვადასხვა ფენას წარმოადგენდნენ. ეკლესია შედგებოდა როგორც ებრაელებისგან, რომლებმაც იცოდნენ ებრაული წერილები, ასევე წარმართებისგან, რომლებმაც არაფერი იცოდნენ ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ.

ეკლესია კორინთოში კონფლიქტების გამო დანაწევრებული იყო და იყო ცრუ სწავლებების გავრცელების საფრთხის ქვეშ. ამ პრობლემებზე საპასუხოდ პავლე ახსენებს კორინთელებს იმ უწყებას, რომელიც მან პირველად იქადაგა. პავლეს პირველი გზავნილები დიდ წარმართულ ქალაქში ოთხ ისტორიულ მოვლენაზე იყო ორიენტირებული:

  • ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის.

  • ის დაიკრძალა.

  • ის მესამე დღეს აღსდგა.

  • ის გამოეცხადა საჯაროდ - კეფას და შემდეგ - თორმეტს; მერე ერთდროულად გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას, იაკობს და მერე - ყველა მოციქულს და ბოლოს პავლეს.

კორინთოში პავლეს გზავნილის პირველი ნაწილი ჯვარს ეხებოდა: „ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის.” გზავნილი ჯვრის შესახებ უმთავრესია ქრისტიანულ სარწმუნოებაში.

ძველ აღთქმაში ადამიანი, რომელსაც კრავი მოჰყავდა მსხვერპლად შესაწირად, ხელს ადებდა ამ კრავს თავზე, რათა თავი გაეიგივებინა მსხვერპლად შეწირულის სიკვდილთან. კრავის თავზე ხელის დადებით, მსხვერპლშემწირველი იძახდა: „ეს კრავი კვდება ჩემს ნაცვლად. სიკვდილს მე ვიმსახურებ ჩემი ცოდვების გამო.” ანალოგიურად, ჩვენც ვიმსახურებდით სიკვდილს ჩვენი ცოდვების გამო, მაგრამ ქრისტე მოკვდა ჩვენს ნაცვლად. ჩვენ დავიმსახურეთ სიკვდილი; ის მოკვდა, რათა ჩვენ ვიცოცხლოთ.

შეპყრობა

► წაიკითხეთ მათეს 26:1-5, 14-56.

ვნების კვირის ოთხშაბათს იესომ იწინასწარმეტყველა მისი სიკვდილი „ორი დღის შემდეგ.” სინედრიონი გეგმავდა იესოს შეპყრობას მას შემდეგ, რაც პასექის სადღესასწაულოდ ჩამოსული ხალხი დატოვებდა ქალაქს, ამ წინასწარმეტყველებიდან სულ მცირე ცხრა დღის შემდეგ. თუმცა, როდესაც იუდამ შესთავაზა თავისი მოძღვრის გაცემა, მათ გადაწყვიტეს იესოს შეპყრობა, სანამ მისი ერთ -ერთი მიმდევარი მათთან თანამშრომლობდა.

რატომ დასჭირდათ მღვდელმთავრებს იუდა? მათ იცოდნენ ვინ იყო იესო და სად ეპოვნათ ის. ის ყოველდღე ასწავლიდა ტაძარში. რელიგიურ წინამძღოლებს სჭირდებოდათ, რომ იუდა იესოს წინააღმდეგ მოწმე ყოფილიყო სასამართლო პროცესზე. ნებისმიერი სასიკვდილო დანაშაულისთვის რომის სამართალი მოითხოვდა მოწმეების წარდგენას. იესოს ღალატით იუდა დათანხმდა მოწმე ყოფილიყო. იესოს შეპყრობის შემდეგ იუდამ „გადაიფიქრა" და ებრაელმა ლიდერებმა დაკარგეს ოქროს მოწმე იესოს წინააღმდეგ (მათეს 27:3-4, მარკოზის 14:55-56).

[1]პასექის თავის მოწაფეებთან გაზიარების შემდეგ, იესო წავიდა გეთსიმანიის ბაღში სალოცავად. ჯვრის ფიზიკური ტანჯვისა და მამისგან განშორების სულიერი ტანჯვის წინაშე იესო ლოცულობდა, „მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; თუმცა იყოს არა ჩემი ნებისამებრ, არამედ შენი ნებისამებრ.” ამ უკიდურეს განსაცდელშიც კი, იესო ემორჩილებოდა მამის ნებას.

იმავე საღამოს იუდა მოვიდა „დიდძალი ხალხით" იესოს შესაპყრობად.[2] მას შემდეგ, რაც იუდამ იესოზე ამბორით მიანიშნა, იესომ ჯარისკაცებს მიმართა. „როცა იესომ უთხრა: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხნენ” (იოანეს 18:6). ჯარისკაცების ამ დიდ ჯგუფს ეშინოდა იმ ადამიანის, რომელსაც სიკვდილზე გააჩნდა ძალაუფლება. იესო ხელმძღვანელობდა და არა მისი მტრები. ოქტავიუს უინსლოუ, მეცხრამეტე საუკუნის მქადაგებელი, წერდა: „ვინ გადასცა იესო სიკვდილს? არა იუდამ, ფულის გამო. არა პილატემ, შიშის გამო. არა ებრაელებმა, შურის გამო. ეს გააკეთა მამამ, სიყვარულის გამო!”[3]

სასამართლო

► წაიკითხეთ მათეს 26:57-27:26; ლუკას 22:54-23:25; იოანეს 18:12-19:16.

იესოს „სასამართლო პროცესი“ მოიცავდა როგორც ებრაულ სასამართლოს, ასევე რომაულ სასამართლოს. ებრაული სამართალი უძველესი სამართლებრივი სისტემებიდან ყველაზე ჰუმანური იყო; ებრაული სამართალი ყველაფერს აკეთებდა სიცოცხლის შესანარჩუნებლად. რომაული სამართალი ცნობილი იყო თავისი მკაცრი წესებითა და ყოვლისმომცველობით. ეს იყო უძველესი სამყაროს ორი საუკეთესო სამართლებრივი სისტემა, მაგრამ მათ ხელი ვერ შეუშალეს ცოდვილ ადამიანებს ღვთის ძის მკვლელობაში.

[4]შეპყრობიდან რამდენიმე საათში იესო წარადგინეს ექვს მოსმენაზე, ან სასამართლო პროცესზე. ეს მოიცავდა როგორც ებრაულ რელიგიურ სასამართლოს, ასევე რომაულ სამოქალაქო სასამართლოს. ისტორიკოსებმა აჩვენეს, რომ ებრაელთა სასამართლო უკანონო იყო, ებრაული სამართლის თანახმად მათ სიჩქარეში იესო დაედანაშაულებინათ, სინედრიონმა:

  • ჩაატარა ღამის სასამართლო (უკანონოა),

  • იესოს შეპყრობამდე მას არ წაუყენა ოფიციალური ბრალდება (უკანონოა)

  • არ მისცა უფლება იესოს, მოეხმო მოწმეებისთვის, თავის დასაცავად (უკანონოა)

  • ჩქარობდა სასამართლოს ჩატარებას იმაზე სწრაფად, ვიდრე ებრაული სამართლით იყო ნებადართული (უკანონოა)

ბედის ირონიით, ეს ყველაფერი მოხდა ისე, რომ მათ შეეძლოთ იესოს ჯვარცმა და მისი სხეულის მოშორება პასექამდე. მათ მოკლეს ღვთის კრავი, რათა შეძლებოდათ პასექის კრავის ჭამა ჩვეული განრიგით!

სასამართლოების თანმიმდევრობა

(1) ებრაული მოსმენა ანას წინაშე (იოანეს 18:12-14, 19-23)

ანა დაინიშნა მღვდელმთავრად უვადოდ. მას შემდეგაც კი, რაც რომაელებმა ანა ჩაანაცვლეს მისი სიძით - კაიაფათი, ებრაელი ხალხის უმეტესობა ანას მოიხსენიებდა ტიტულით „მღვდელმთავარი.” ეს პირველი მოსმენა ანას წინაშე არაოფიციალური იყო. მასში არ შედიოდა ბრალდებები და მოწმეები.

(2) ებრაული მოსმენა სინედრიონის წინაშე (მათეს 26:57-68)

პირველი მოსმენა სინედრიონის სრული შემადგენლობის წინაშე შესაძლოა შემდგარიყო დილის 2:00 საათზე. მიუხედავად იმისა, რომ მზის ამოსვლამდე მათ არ შეეძლოთ სამართლებრივი პროცესის ჩატარება, ებრაელ ლიდერებს სურდათ სწრაფად დაესრულებინათ ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ღამის სასამართლო უკანონო იყო, სინედრიონმა ჩაატარა არაფორმალური მოსმენა, რომელმაც მსჯავრი დასდო იესოს მკრეხელობისათვის და დაადგინა, რომ ის სასიკვდილო განაჩენის ღირსი იყო.

(3) ოფიციალური ებრაული სასამართლო სინედრიონის წინაშე (ლუკას 22:66-71)

„როდესაც გათენდა,” სინედრიონმა ჩაატარა ოფიციალური სასამართლო პროცესი. ამ სასამართლოზე სინედრიონმა ოფიციალურად დაადანაშაულა იესო მკრეხელობაში.

(4) პირველი რომაული სასამართლო პილატეს წინაშე (ლუკას 23:1-5; იოანეს 18:28-38)

რომმა არ მისცა სინედრიონს დამნაშავეთა სიკვდილით დასჯის უფლებამოსილება (იოანეს 18:31). პილატეს სასიკვდილო განაჩენის მოსაპოვებლად, ებრაელმა ლიდერებმა შეცვალეს ბრალდება, მკრეხელობის რელიგიური ბრალდებიდან, აჯანყების წაქეზების პოლიტიკურ ბრალდებად. მათ დაადანაშაულეს იესო იმაში, რომ „ხალხს აქეზებდა იგი და კეისრისთვის ხარკის მიცემას უკრძალავდა, თავის თავს კი ცხებულ მეფეს უწოდებდა.”

პასექის დროს ებრაელი ხალხი არ შედიოდა რომაულ შენობებში იმის შიშით, რომ არ გაუწმინდურებულიყვნენ და ხელი არ შეშლოდათ პასექის ჭამაში. რადგან ისინი სასახლეში არ შედიოდნენ, პილატემ მოსმენა ჩაატარა სასახლის კარის გარეთ მდებარე ტროტუარზე.

(5) რომაული სასამართლო ჰეროდე ანტიპას წინაშე (ლუკას 23:6-12)

პილატემ იცოდა, რომ იესო უდანაშაულო იყო, მაგრამ მას არ სურდა ებრაელი წინამძღოლების გაბრაზება. როდესაც მან გაიგო, რომ იესო „აშფოთებს ხალხს და ასწავლის მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული აქამდე“, პილატემ გადაწყვიტა, გაქცეოდა ამ დილემას. პასექის კვირაში გალილეის მმართველი ჰეროდე ანტიპა იერუსალიმში იმყოფებოდა.[5] ვინაიდან იესო გალილეიდან იყო, პილატეს იმედი ჰქონდა, რომ ჰეროდე გახდებოდა ამ საქმის მოსამართლე. პილატემ გაგზავნა იესო ჰეროდესთან, მაგრამ ჰეროდემ უარი თქვა ჩარევაზე.

(6) საბოლოო რომაული სასამართლო პილატეს წინაშე (მათეს 27:15-26; ლუკას 23:13-25; იოანეს 18:39-19:16)

როდესაც იესო თავის სასამართლოზე დაბრუნდა, პილატემ სხვა გამოსავლის ძებნა დაიწყო. პილატემ იცოდა, რომ იესო უდანაშაულო იყო: „მე გამოვიძიე თქვენს წინაშე და ვერ ვპოვე ამ კაცში ვერავითარი დანაშაული, რაშიც ადანაშაულებთ” (ლუკას 23:14). პილატეს არ სურდა იესოსთვის, უდანაშაულო კაცისთვის, მსჯავრის დადება.

როდესაც წინამძღოლები დაემუქრნენ, რომ კეისარს შეატყობინებდნენ მის ორგულობას, პილატემ დაუთმო და შეასრულა მათი მოთხოვნები. პილატე სუსტი მმართველი იყო. ადრინდელ კონფლიქტში პილატემ ჯარისკაცებს ნება დართო იერუსალიმში შესულიყვნენ იმპერატორის გამოსახულებით. ებრაელი ხალხის მასა პროტესტს გამოხატავდა პილატეს სასახლის წინ ხუთი დღის განმავლობაში. როდესაც ის დაემუქრა პროტესტის მონაწილეებს მოკვლით, მათ განაცხადეს, რომ ისინი დაიხოცებიან, ვიდრე შეეგუებიან კეისრის გამოსახულებას წმინდა ქალაქში. პილატე იძულებული გახდა უკან დაეხია.

ამ გამოცდილების გამო პილატეს ეშინოდა ებრაელი ხალხის. გარდა ამისა, რომში მისი ზემდგომი ოფიცერი, სეჯანუსი, არ ენდობოდა პილატეს, იუდეველი ხალხის გაკონტროლების უნარს. როდესაც ლიდერები დაემუქრნენ, რომ უჩივლებდნენ კეისართან, თუ პილატე იესოს გაათავისუფლებდა, პილატემ „გადასცა იგი ჯვარზე საცმელად” (იოანეს 19:16). პილატემ იესო სიკვდილით დასაჯა არა იმიტომ, რომ მას სჯეროდა, რომ იესო დამნაშავე იყო, არამედ საკუთარი სისუსტის გამო.

სასამართლოს მიმდინარეობისას პეტრე უარყოფს იესოს.

პასექის დროს იესომ გააფრთხილა პეტრე: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარმყოფ” (იოანეს 13:38). ახლა, იესოს სასამართლოს მიმდინარეობისას, პეტრემ სამჯერ უარყო იესო.

როდესაც ვკითხულობთ პეტრეს სამარცხვინო დაცემას, უნდა გვახსოვდეს, რომ პეტრე არ იყო ერთადერთი, ვინც იმ ღამეს იესო მიატოვა. სასამართლოს მხოლოდ პეტრე და იოანე ადევნებდნენ თვალს. სხვა მოწაფეები შიშისგან გაიქცნენ.

ცხადია, პეტრეს უყვარდა იესო. მაშ რატომ დაეცა? მანამდე ჩვენ შევისწავლეთ იესოს ცდუნება, რათა გვესწავლა როგორ გავუმკლავდეთ ცდუნებას. პეტრეს დაცემაში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ გაფრთხილებები, რომლებიც დაგვეხმარებიან ცდუნების დროს. სულ მცირე ორმა მახასიათებელმა შეუწყო ხელი პეტრეს დაცემას:

(1) ზედმეტი თავდაჯერებულობა

როდესაც იესომ გააფრთხილა სატანის თავდასხმის შესახებ, პეტრემ დაიკვეხნა: „მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ!” (მათეს 26:33). როდესაც ზედმეტად თავდაჯერებულები გავხდებით, დაცემის საფრთხე გვემუქრება. ჩვენ ვცხოვრობთ გამარჯვებული ქრისტიანული ცხოვრებით მხოლოდ სულის ძალით. ზედმეტი თავდაჯერებულობა არის პირველი ნაბიჯი სულიერი მარცხისკენ.

(2) ულოცველობა

გეთსიმანიის ბაღში იესომ გააფრთხილა მოწაფეები: „ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში” (ლუკას 22:40). იმის ნაცვლად, რომ ელოცა ძალისთვის განსაცდელის წინ, პეტრეს ეძინა.

ულოცველობა აუცილებლად იწვევს სულიერ მარცხს. შეუძლებელია შეინარჩუნო გამარჯვებული ქრისტიანული ცხოვრება ძლიერი ლოცვის გარეშე. სატანა ცდილობს ქრისტიანი მუშაკები ჩართოს ბევრ საქმიანობაში იქამდე, სანამ ლოცვისთვის დრო არ დაგვრჩება. მან იცის, რომ თუ ზედმეტად დაკავებულნი ვართ, რომ ვილოცოთ, მალე დავეცემით.

► გადახედეთ თქვენს ქრისტიანულ ცხოვრებას და მსახურებას. დაფიქრდით იმ ადგილებზე, სადაც ცდუნება გქონდათ, ან სადაც ცოტა დაგაკლდათ დაცემამდე. რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი დაცემას? გქონდათ მსახურებაში წარმატებები, რამაც გამოიწვია ზედმეტი თავდაჯერებულობა? იყავით უჩვეულოდ დაკავებული და ვერ გაატარეთ საკმარისი დრო ლოცვაში? არსებობს თუ არა სხვა ფაქტორები, რომლებიც შეიძლება მომავალში გამაფრთხილებელ ნიშნად იქცეს?

სასამართლოს დროს იუდა თავს იკლავს

პეტრეს უარყოფის შესახებ შეტყობინებისთანავე, მათე მოგვითხრობს იუდას თვითმკვლელობის ამბავს. თავისი ღალატის შედეგების შემხედვარე იუდამ „ინანა და მღვდელმთავრებსა და უხუცესებს ოცდაათი ვერცხლი უკან მიუბრუნა. უთხრა: „შევცოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი’” (მათეს 27:3-4). იუდამ ვერცხლი ტაძარში დაყარა, გამოვიდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო” (მათეს 27:5). იუდამ არჩია თვითმკვლელობა, მთელი ცხოვრების დანაშაულის გრძნობით გატარებას.

მათე თავის თხრობაში პეტრეს მონანიებას და იუდას სინანულს ერთმანეთის გვერდიგვერდ აყენებს. ორივე, პეტრეც და იუდაც, ნანობდნენ თავის ქმედებას. თუმცა იუდასთვის მათე იყენებს სიტყვას, რომელიც გამოხატავს აზრის შეცვლის იდეას და არა ჩვეულებრივ სიტყვას ჭეშმარიტი მონანიების გამოსახატად.[6] ეს განსხვავება მნიშვნელოვანია ადამიანების პასუხის გასაგებად, ცოდვილობის გააზრების შესახებ.

პავლემ დაწერა სინანულსა (ცოდვის შედეგების გამო მწუხარება) და მონანიებას (მწუხარება ცოდვის გამო და მიმართულების შეცვლა) შორის განსხვავების შესახებ. მოციქულმა დაწერა: „ვინაიდან ღვთის გულისთვის დანაღვლიანება წარმოშობს მონანიებას გადასარჩენად, რაც არ გახდება სანანებელი, ხოლო ქვეყნიერების ნაღველი სიკვდილს წარმოშობს” (2 კორინთელთა 7:10).

„ღვთის გულისთვის დანაღვლიანებას” მოაქვს ჭეშმარიტი მონანიება, რომელიც ხსნისა და სიცოცხლისკენ გვიძღვება. „ამქვეყნიურ მწუხარებას” მოაქვს სინდისის ქენჯნა, რაც იწვევს მხოლოდ დანაშაულის გრძნობას და სიკვდილს. ორივე, პეტრეც და იუდაც წუხდნენ, მაგრამ მხოლოდ პეტრემ მოინანია ჭეშმარიტად.

იუდამ დაინახა მისი ღალატის შედეგი და სიკვდილი არჩია სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობით სიცოცხლეს; მან სინანული იგრძნო, მაგრამ არ მოინანია. პეტრემ დაინახა მისი დაცემის შედეგი და აირჩია ჭეშმარიტი მონანიება. იუდას სინანულის შედეგი იყო სიკვდილი; პეტრეს მონანიების შედეგი იყო სიცოცხლე და ნაყოფიერი მსახურება.

► გინახავთ ადამიანები, რომლებმაც სინანული გამოთქვეს ცოდვის გამო, მაგრამ სინამდვილეში არ მოინანიეს? რა შედეგი გამოიწვია ამან? ჩვენი ქადაგებისას როგორ შეგვიძლია მივიყვანოთ ხალხი ჭეშმარიტ მონანიებამდე?

ჯვარცმა

► წაიკითხეთ მათეს 27:27-54.

იუდეა მსახურებისთვის საშინელი ადგილი იყო რომაელი ჯარისკაცისთვის. ხალხს სძულდა რომაელი ჯარისკაცები და ზილოტები გეგმავდნენ მათ მკვლელობებს. პასექის დროს არმია მუდმივ მზადყოფნაში იყო არეულობების გამო. ჯარისკაცისთვის უარესი დავალება არ არსებობდა. როდესაც ებრაელ პატიმარს სიკვდილს უსჯიდნენ, ჯარისკაცები მასზე იყრიდნენ ჯავრებს.

იესოს მიმართ მოპყრობა - ცემა, დაცინვა, ეკლის გვირგვინი - გვიჩვენებს გულქვა ჯარისკაცების სისასტიკეს, რომლებსაც სძულდათ თავიანთი მსახურების ადგილი, ვისაც სძულდათ გარშემომყოფი ხალხი და ვინც სიამოვნებით სჯიდა ვინმეს, ვინც ვერ შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას. იესომ გადაიტანა ეს ყველაფერი ჯარისკაცების მიმართ განრისხების გარეშე.

ბევრმა მწერალმა შეისწავლა ჯვარცმის ისტორია, იესოს მიერ ჯვრიდან გაკეთებული შვიდი მოწმობის მიხედვით. ადამიანის ბოლო სიტყვები აჩვენებს რა არის მნიშვნელოვანი ამ ადამიანისთვის. სიკვდილის პირისპირ რა თქვა იესომ?

მიტევების სიტყვები

როდესაც მათ ჯვარზე მიალურსმეს, იესო ლოცულობდა: „მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ” (ლუკას 23:34). ბოლოსაც, მან სიყვარული და პატიება აჩვენა.

ავაზაკს, რომელმაც სიკვდილი დაიმსახურა, იესომ აღუთქვა: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში” (ლუკას 23:43).

თანაგრძნობის სიტყვები

იესომ დაავალა იოანეს მის დედაზე ეზრუნა, როდესაც მან უთხრა: „დედაკაცო, აჰა, შენი ძე!" და იოანეს: „აჰა, დედაშენი!” (იოანეს 19:26-27). მანამდე იესომ ასწავლა, რომ ყველაზე ღრმა ოჯახური კავშირები სულიერია. ”აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები. რადგან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებასურვილს შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც” (მათეს 12:49-50).

მისი გარდაცვალების დროს იესოს ნახევარძმები ურწმუნოები იყვნენ; ისინი არ იყვნენ მისი სულიერი ოჯახის ნაწილი. ასე რომ, იესომ დედამისი თავის სულიერ ძმას, მის საყვარელ მოწაფეს - იოანეს ჩააბარა მზრუნველობისთვის.

ფიზიკური ტანჯვის სიტყვები

ღვთის ძედ ყოფნა არ ათავისუფლებდა იესოს ჯვრის ფიზიკური ტანჯვისგან. მან განიცადა მსჯავრდებული დამნაშავის ყველა ფიზიკური ტანჯვა. რამდენიმე საათის განმავლობაში წყლის გარეშე, სასტიკ სიცხეში დატოვებულმა იესომ წამოიძახა: „მწყურია.” (იოანეს 19:28).

სულიერი ტანჯვის სიტყვები

მათემ და მარკოზმა გადმოგვცეს მხოლოდ ერთი გამონათქვამი, მაგრამ ეს იყო ალბათ ყველაზე სულის შემძვრელი სიტყვები ჯვრიდან: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე?” (მათეს 27:46; მარკოზის 15:34).

სინამდვილეში, იესოს უდიდესი ტანჯვა მამასთან განშორება იყო. მამა და ძე მარადიულად ცხოვრობდნენ, უწყვეტ ურთიერთობაში. ახლა, რადგან მან აიღო ჩვენი ცოდვა, იესო განშორდა მამას.

ჯვარზე, ღმერთმა „ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენს გამო, რათა გავხდეთ ღვთის სამართლიანობა მასში” (2 კორინთელთა 5:21). ესაიას 53 – ე თავში წინასწარმეტყველმა დაამოწმა „ტანჯულ მონაზე“, რომელიც იტვირთავს ჩვენს ცოდვებს (ესაიას 53:4-12). პავლე გვიჩვენებს, რომ ჩანაცვლებითი გამოსყიდვა აღსრულდა ჯვარზე.

იესო გახდა ცოდვად ჩვენს გამო „რათა მასში ჩვენ გავმხდარიყავით ღვთის სამართლიანობად.” ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ცოდვის ტყვეობაში; ქრისტეს სიკვდილით ჩვენ გავმართლდით. პავლე უბრალოდ არ ამბობს, რომ მასში" ჩვენ მართლებად ვიწოდებით. უფრო მეტიც, „მასში ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ღვთის სამართლიანობად.” ქრისტეს მიერ, ჯვარზე შესრულებული სამუშაოს შედეგად, ხდება რეალური ტრანსფორმაცია. ქრისტე გახდა ცოდვა, რათა ჩვენ გავმხდარიყავით მართალნი.

მორჩილების სიტყვები

„მამაო, შენს ხელთ გაბარებ ჩემს სულს!” (ლუკას 23:46). მთელი თავისი ცხოვრება, იესო მამასადმი ერთგულ მორჩილებაში ცხოვრობდა. ჯვრის პირისპირ, ის ლოცულობდა: „არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ” (მათეს 26:39). ახლა მან გააკეთა ეს საბოლოო დამოწმება მამის ნებისადმი მორჩილების შესახებ.

ტრიუმფის სიტყვები

„აღსრულდა!” (იოანეს 19:30). გამარჯვების ამ შეძახილით, იესომ გამოაცხადა, რომ მან აღასრულა ის საქმე, რომლის შესასრულებლადაც მამამ გამოგზავნა. ცოდვისთვის სასჯელი გადახდილია; სატანა დამარცხდა. გამოსყიდვა, რომელიც ძველი აღთქმის კრავების მიერ იყო ნაწინასწარმეტყველები და დაპირებული ესაიას 53 - ე თავში, აღსრულდა.

დაკრძალვა

► წაიკითხეთ მათეს 27:57-61.

პავლე, კორინთოში გაგზავნილ შეტყობინებაში ქადაგებდა, რომ იესო „ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის“ და „რომ ის დამარხულ იქნა” (1 კორინთელთა 15:3-4). პავლესა და ადრეული ეკლესიისათვის დაკრძალვა მნიშვნელოვანი იყო.

დღეს, ვნების კვირის მრავალი რიტუალის აღნიშვნა გადანაწილებულია დიდ პარასკევსა და აღდგომის კვირას შორის. მაგრამ ეკლესიის ისტორიის დიდი დროის განმავლობაში "წმიდა შაბათი" მიიჩნეოდა აღდგომის ღამისთევის მნიშვნელოვან ნაწილად. რა მნიშვნელობა აქვს დაკრძალვას?[7]

ისტორიული მნიშვნელობა

დაკრძალვა აჩვენებს, რომ იესო ნამდვილად მკვდარი იყო. ისლამური მტკიცებების საპირისპიროდ, რომ იესო იყო „გონება დაკარგული“, და შემდეგ, მოგვიანებით გაიღვიძა. დაკრძალვა აჩვენებს, რომ ის ნამდვილად მკვდარი იყო. რომაელებმა კარგად იცოდნენ, როგორ მოეკლათ სიკვდილმისჯილი პატიმარი. არ იყო იმის შანსი, რომ ისინი ჯვრიდან ჩამოხსნიდნენ ვინმეს მის სიკვდილამდე.

გარდა ამისა, მძიმე ქვა და მცველები გარანტია იყო, რომ საფლავიდან ვერავინ გაექცეოდათ. მაშინაც კი, თუ რომაელმა ჯარისკაცებმა შეცდომით დამარხეს იესო გარდაცვალებამდე, შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ადამიანს, რომელიც საათობით იტანჯებოდა ჯვარზე, შეეძლო გახსნილიყო სუდარისგან, გადაეგდო მძიმე ქვა და დაემარცხებინა პროფესიონალი მცველების რაზმი. დაკრძალვა ადასტურებს ისტორიულ ჭეშმარიტებას, რომ იესო ნაზარეველი მკვდარი იყო.

წინასწარმეტყველური მნიშვნელობა

დასაკლავად წაყვანილი კრავის შესახებ დაწერით, ესაიამ იწინასწარმეტყველა: „ბოროტმოქმედებთან მიეცა საფლავი, მაგრამ მდიდრებთან იყო თავის სიკვდილში” (ესაიას 53:9). იესოს დაკრძალვამ შეასრულა მესიანური წინასწარმეტყველება.

იესოს სიკვდილის შემდეგ, იოსებ არიმათიელი პილატესთან მივიდა, იესოს გვამის გამოსათხოვად. იოსები იყო სინედრიონის წევრი, მაგრამ ის არ ეთანხმებოდა იესოს დადანაშაულებას. მას შემდეგაც კი, რაც ლიდერების უმეტესობა იესოს წინააღმდეგ გამოვიდა, ზოგიერთები „მოელოდნენ ღვთის სასუფეველს.” იოსები იყო ერთ -ერთი ასეთი საიდუმლო მოწაფე. მან და ნიკოდემოსმა იესოს ცხედარი დაკრძალეს იოსების ახალ სამარხში (მათეს 27:57-60; მარკოზის 15:42-46; ლუკას 23:50-54; იოანეს 19:38-42).

დაფიქრდით რა გამბედაობა დასჭირდა ამას. მას შემდეგ, რაც მოწაფეებმაც კი მიატოვეს იესო, იოსებმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც აკავშირებდა მას სიკვდილმისჯილ დამნაშავესთან. ამ გაცხადებულმა მდგომარეობამ საფრთხე შეუქმნა იოსების პოზიციას სინედრიონში და მის პოზიციას საზოგადოებაში. სავარაუდოდ მან დაკარგა თანამდებობა სინედრიონში, იესოსთან მისი საჯაროდ დაკავშირებისთვის.

გარდა ამისა, იოსებმა გარისკა განერისხებინა პილატე. რომაელი ჩინოვნიკები იშვიათად აძლევდნენ ნებას მეგობრებს ან ნათესავებს, დაეკრძალათ ჯვარცმის მსჯავრდებულთა ცხედრები. ცხედრები საზოგადოების თვალწინ რჩებოდა, როგორც გაფრთხილება სხვა დამნაშავეებისთვის. პილატეს ნებართვა არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მან იცოდა იესოს, ყველა ბრალდებაში, უდანაშაულოების შესახებ.

თეოლოგიური მნიშვნელობა

პავლემ ჩვენი ნათლობა გააიგივა იესოს დაკრძალვასთან:

ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ? ამიტომ დავიმარხეთ მასთან ერთად სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით (რომაელთა 6:3-4).

[8]დაკრძალვა იყო იესოს სიკვდილის საჯარო დადასტურება. ანალოგიურად, ნათლობა არის საჯარო ჩვენება ჩვენი მონაწილეობის შესახებ იესოს სიკვდილში. ნათლობისას ჩვენ ვცხადდებით მკვდრებად, ჩვენი ძველი ცხოვრების წესისთვის.

დაკრძალვა არის საბოლოო ნაბიჯი, ადამიანის გარდაცვალების აღიარებაში. დასავლეთში მგლოვიარეები მიწას აყრიან ჩასვენებულ კუბოს, რათა აღიარონ ამ დედამიწაზე „დამშვიდობების" საბოლოოობა. პავლე ხაზს უსვამს, ცოდვისთვის ჩვენი სიკვდილის დასრულებულობას. როგორც ქრისტე მოკვდა, ჩვენც მკვდრები ვართ ცოდვისთვის. ქრისტესთან ერთად დაკრძალვის შემდეგ, ცოდვაში დაბრუნება, ჰგავს გვამის ამოთხრას. ჩვენ ქრისტესთან ერთად ვართ დამარხულნი; ჩვენ ცოდვისთვის აღარ ვცოცხლობთ.


[1]„ის ნაგვემი იყო?
ეს იმისთვის, რომ მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნოთ.
იყო ის მსჯავრდადებული,
თუმცა უდანაშაულო?
ეს იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ გამართლებულნი, თუმცა დამნაშავენი.
მას ეკლის გვირგვინი ედგა?
ეს იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეძლოს ვატაროთ დიდების გვირგვინი.
მას ტანისამოსი გახადეს?
ეს იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეძლოს ჩავიცვათ მარადიული სიმართლე.
მას დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ?
ეს იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეძლოს გვქონდეს პატივი და კურთხევა.
იყო ის ბოროტმოქმედად ჩათვლილი და გამწესებული
ავაზაკთა შორის?
ეს იმისთვის, რომ ჩვენ შეგვძლებოდა ჩავთვლილიყავით უდანაშაულოებათ და გამართლებულებად
ყოველგვარი ცოდვისგან.
იყო ის აღიარებული უძლურად
თავის დასახსნელად?
ეს იმისთვის, რომ მას შეძლებოდა სხვების სრულად დახსნა.
და ბოლოს ის მოკვდა,
და არის ეს ყველაზე მტკივნეული
და სამარცხვინო სიკვდილი?
ეს იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეძლოს ვიცხოვროთ სამარადისოდ და ვიყოთ ამაღლებულნი
უმაღლესი დიდებით".
- ეპისკოპოსი რაილი
[2]იოანეს 18:3 განსაზღვრავს ამ ჯგუფს, როგორც ჯარისკაცთა „შენაერთს" ან „რაზმს". რომაული რაზმი ჩვეულებრივ შედგებოდა 600 კაცისაგან
[3]ციტირებულია John Stott, The Message of Romans (Westmont, Illinois: InterVarsity Press, 1994), 255
[4]

„იესო არ ეძებდა შვებას თავის ღვთაებრიობაში ადამიანური ტანჯვისგან; მან თავი ლოცვას შეაფარა ".

- ადაპტირებულია ტ.ბ. კილპატრიკის მიხედვით

[5]პასექის კვირას პალესტინაში მყოფი ყველა რომაელი ჩინოვნიკი ჩადიოდა იერუსალიმში, აჯანყების შემთხვევაში დასახმარებლად
[6]მეტამელომაი მეტანოიას ნაცვლად
[7]ადაპტირებული James Boice, “The Burial of Jesus.” წვდომა http://www.alliancenet.org/tab/the-burial-of-jesus-christ-part-one 22 მარტს, 2021
[8]

„ქრისტესთან შეერთების შემდეგ, ცოდვასთან დაბრუნება, მკვდარი სხეულის ამოთხრას ჰგავს“.

- ჯეიმს ბოისი

აღდგომა

პავლე კორინთოში ჯვრის შესახებ ქადაგებდა; ქრისტე მოკვდა და დამარხულ იქნა ჩვენი ცოდვებისთვის. შემდეგ, პავლე ქადაგებს აღდგომის შესახებ; ქრისტე აღდგა მესამე დღეს და გამოეცხადა მრავალ მოწმეს (1 კორინთელთა 15:3-8). აღდგომას უკავია ცენტრალური როლი ქრისტიანულ რწმენაში.

► წაიკითხეთ მათეს 27:62-28:15.

მათეს 27:62-66 არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სცენა აღდგომის ისტორიაში. მანამდე, როდესაც რელიგიურმა წინამძღოლებმა პილატეს სთხოვეს შეეცვალა წარწერა ჯვარზე, მან უარი თქვა. მან ჯვარს აცვა იესო იმ წარწერის ქვეშ, სადაც ნათქვამი იყო: „იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე” (იოანეს 19:19). ამ ტიტულის გამოყენებით მსჯავრდებულისთვის, პილატე დასცინოდა იუდეველებს, რადგან გაბრაზებული იყო მათზე.

ჯვარცმის შემდეგ, რელიგიური წინამძღოლები კვლავ მივიდნენ პილატესთან და ითხოვეს რომაელი მცველები, საფლავის დასაცავად.

ბატონო, გაგვახსენდა, რომ იმ მატყუარამ, სანამ ცოცხალი იყო, თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო. ამიტომ უბრძანე, მესამე დღემდე უყარაულონ სამარხს, რომ არ მოვიდნენ მოწაფეები, არ მოიპარონ იგი და ხალხს არ უთხრან: მკვდრეთით აღდგაო. უკანასკნელი ტყუილი პირველზე უარესი იქნება (მათეს სახარება 27:63-64).

ჩარლზ სპერჯენმა თქვა, რომ პილატე კვლავ დასცინოდა ებრაელ ლიდერებს, როდესაც მან უპასუხა: „თქვენ გყავთ დაცვა. წადით და უსაფრთხო ჰყავით, როგორც იცით.’ მაგრამ თუ ის ნამდვილად ის არის, ვინც თქვა, რომ არის, ვერაფერს გააკეთებთ, რომ ის სამარხში დააკავოთ!

მართლა ეშინოდათ ლიდერებს, რომ მოწაფეები გვამს მოიპარავდნენ? ალბათ არა. მათ დაინახეს, რომ მოწაფეები შეშინებულები გაიქცნენ; მათ იცოდნენ, რომ მოწაფეებს არ ჰქონდათ გამბედაობა გვამის მოსაპარად. თუკი მათ ამის შიში ჰქონდათ, სინედრიონს შეეძლო წამყვანი მოწაფეების დაპატიმრების ბრძანება გაეცა. მოწაფეები არ წარმოადგენდნენ საფრთხეს.

მაშ, რატომ მოითხოვეს მათ ეს დაცვა? იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ის მკვდრეთით აღდგებოდა. მათ დაინახეს მისი ძალა სიკვდილზე, როდესაც მან ლაზარე აღადგინა მკვდრეთით. შესაძლებელია თუ არა, ებრაელ ლიდერებს შეშინებოდათ, რომ იესო შეასრულებდა იმას, რასაც შეპირდა, რომ გააკეთებდა?

პილატეს ნებართვით, მათ დალუქეს საფლავი და განათავსეს მცველები, შემდგარი იმ ხალხისგან, რომელმაც იესო შეიპყრა ბაღში. უეცრად:

მოხდა დიდი მიწისძვრა. უფლის ანგელოზი ჩამოვიდა ციდან, მივიდა, ლოდი გადააგორა და ზედ დაჯდა. მისი შესახედაობა ელვასავით იყო და მისი ტანისამოსი - თოვლივით სპეტაკი. მისი შიშით შედრკნენ მცველები და მკვდრებივით გახდნენ (მათეს სახარება 28:2-4).

იესო აღდგა!

► წაიკითხეთ იოანეს 20:1-29.

სახარებებში აღწერილია მკვდრეთით აღდგარი იესოს მრავალი გამოჩენა. ის ბევრ ადამიანს ეჩვენა, ბევრ სხვადასხვა ადგილას.

სკეპტიკოსებს ზოგჯერ მოაქვთ არგუმენტად: „სამარხთან მყოფი ქალები ჰალუცინაციებს განიცდიდნენ. მათ დაინახეს ის, რასაც ელოდნენ და სურდათ, რომ ეხილათ.” თუმცა, ეს მოწმეები არ ელოდნენ იესოს ცოცხლად დანახვას; მათ იცოდნენ, რომ ის მკვდარი იყო. ისინი ჯერ კიდევ ვერ იგებდნენ, მისი აღდგომის შესახებ წინასწარმეტყველებებს (იოანეს 20:9). მაშინაც კი, როდესაც პირველმა მოწმეებმა თქვეს, რომ მათ იესო იხილეს, დანარჩენ მოწაფეებს ეჭვი ეპარებოდათ (მარკოზის 16:13). ისინი არ ელოდნენ, რომ იესო მკვდრეთით აღდგებოდა.

თანდათანობით, მარიამ მაგდალინელისთვის ჩვენების გზით, (იოანეს 20:11-18). ორმა მოწაფემ, ემაუსის გზაზე, (ლუკას 24:13-32). თორმეტმა, (იოანეს 20:19-31). და კიდევ, ხუთასკაციანმა ჯგუფმა, (1 კორინთელთა 15:6). იესოს მიმდევრებმა გააცნობიერეს, რომ ის ნამდვილად აღდგა. ადრეულმა ეკლესიამ დაიწყო თაყვანისცემა ამ სიტყვებით: „ის აღდგა. ის ნამდვილად აღდგა!”

„პილატეს დავალებული: „წადით და უსაფრთხო ჰყავით, როგორც იცით." მან მალევე შეიტყო, რომ ვერცერთი მიწიერი მმართველი ვერ გადალახავს იესოს აღდგომის ძალას. ის აღდგა. ის ნამდვილად აღდგა!

გამოყენება: მსახურება ჯვრის ძალასა და აღდგომაში

ბევრი ლიბერალი ღვთისმეტყველი ცდილობდა აღდგომა წარმოეჩინათ მითად. თუმცა, მოციქულთა რწმენა არ ემყარებოდა „მშვენიერ ისტორიას, იესოს ცხოვრების მუდმივი გავლენის შესახებ", არამედ მისი სიკვდილისა და აღდგომის უტყუარ ფაქტებს. მოციქულებმა იცოდნენ, რომ იესო მოკვდა და რომ შემდეგ ის მკვდრეთით აღდგა. ამან მათ გაბედულება მისცა დევნის და სიკვდილის წინაშეც კი. დღეს, რას ლაპარაკობს იესოს სიკვდილი და აღდგომა მსახურების შესახებ?

მსახურება ჯვრის ძალაში

► წაიკითხეთ 1 კორინთელთა 1:17-2:5.

მეორე მისიონერული მოგზაურობისას, პავლე კორინთოში გაემგზავრა ათენიდან, სადაც მან არეოპაგში იქადაგა. როგორც ჩანს, პავლემ ათენში მსახურებიდან მხოლოდ შეზღუდული შედეგები დაინახა (საქმეების 17:16-34). მას ათენში არ დაუარსებია ეკლესია, ამასთან ფილოსოფიურად მოაზროვნე ათენელები დასცინოდნენ მის გზავნილს აღდგომის შესახებ. ათენიდან პავლემ სამოცდათხუთმეტი კილომეტრი გაიარა დასავლეთით, კორინთომდე, აქაიას პროვინციის ყველაზე გავლენიან ქალაქამდე.

პავლე ჩავიდა კორინთოში წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ სამ ქალაქში: თესალონიკეში, ბერეასა და ათენში. ალბათ ამიტომაც თქვა მან: „ვიყავი თქვენთან უძლურებაში, შიშში და დიდ ძრწოლაში.” მიუხედავად იმისა, რომ ბერძენი აუდიტორია ეძებდა მჭევრმეტყველებას და ინტელექტუალურ ბრწყინვალებას, პავლემ გადაწყვიტა მხოლოდ ჯვრის შესახებ ქადაგება. ძალა მის გზავნილში მოდიოდა არა მისი მჭევრმეტყველებადან, არამედ თვით ჯვრიდან. პავლე ქადაგებდა „არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარი.”

კორინთელებს პავლემ უთხრა: „გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი, და ისიც ჯვარცმულისა.” პავლემ იცოდა, რომ უწყება ჯვრის შესახებ, ბევრს შეურაცხყოფდა.

იუდეველნი მოითხოვენ სასწაულებს და ბერძნები სიბრძნეს ეძებენ, ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის - უგუნურებას.

ეს გზავნილი იყო „დაბრკოლების ლოდი" და „შერცხვენა" ებრაელებისთვის. ისინი ეძებდნენ „ნიშნებს" მესიის ვინაობის დასადასტურებლად. მათ გონებაში, აზრი, რომ ჯვარცმული ადამიანი შეიძლება იყოს რჩეული მესია, აბსურდული იყო. რჯულში ნათქვამია: „ღვთისგან არის დაწყევლილი ძელზე ჩამოკიდებული” (მეორე რჯულის 21:23). იმის მტკიცება, რომ ჯვარცმული იესო იყო მესია, ებრაელი აუდიტორიისთვის შეურაცხმყოფელი იყო.

გზავნილი ჯვრის შესახებ „სისულელე იყო წარმართებისთვის.” ბერძნები პატივს სცემდნენ მოწამის კეთილშობილურ სიკვდილს. თუ იესო რომაელებთან ბრძოლაში დაიღუპებოდა, ბერძენი მოაზროვნეები მას პატივს მიაგებდნენ მამაცობისათვის. მაგრამ ჯვარცმამ შეურაცხყო მსხვერპლი; ეს არ იყო კეთილშობილური სიკვდილი. ჯვარცმის მსხვერპლებს ჩვეულებრივ უარს ეუბნებოდნენ სათანადო დაკრძალვაზე. გვამებს ხშირად ჭამდნენ ფრინველები ან ვირთხები, ხოლო ძვლებს ყრიდნენ საერთო ორმოში. იმის მტკიცება, რომ ჯვარცმული ებრაელი გლეხი, იყო „უფალი", აბსურდული იყო წარმართული აუდიტორიისათვის.

ჯვარი იყო „შეურაცხყოფა" ებრაელებისთვის და „უგუნურება" წარმართებისთვის, მაგრამ პავლე უყოყმანოდ ქადაგებდა გზავნილს ჯვრის შესახებ. პავლეს მაგალითი ჩვენთვის ნიმუშია. დღესაც, ისევე როგორც პირველ საუკუნეში, ჯვარი ზოგს შეურაცხყოფს და ზოგს სისულელედ მოეჩვენება, მაგრამ ეს ის გზავნილია, რომელიც ჩვენ უნდა ვიქადაგოთ.

ჩვენი, როგორც მსახურების და ეკლესიის წინამძღოლების გაბედულება არ მოდის ჩვენი შესაძლებლობებიდან; ჩვენი გაბედულება ემყარება ჯვრის შესახებ გზავნილს. პავლეს ჰქონდა შესანიშნავი განათლება, ბრწყინვალე გონება და შეეძლო შეკამათებოდა თავისი დროის უდიდეს ინტელექტუალებს. მაგრამ მისი საბოლოო ნდობა ჯვარზე იყო. როდესაც ჩვენ ვიპყრობთ ადამიანებს მხოლოდ არგუმენტების დახმარებით, მათ რწმენას შეუძლია „დაეყრდნოს ადამიანთა სიბრძნეს”; მაგრამ როდესაც ჩვენ მათ ჯვარზე მივუთითებთ, მათი რწმენა ემყარება „ღვთის ძალას.”

მსახურება აღდგომის ძალით

► წაიკითხეთ საქმეების 2:22-36.

საქმეების წიგნი გვიჩვენებს, რომ აღდგომა იყო ადრეული ქრისტიანული ქადაგების მთავარი თემა. სულთმოფენობის დღეს პეტრემ აღდგომა აღნიშნა, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ იესომ შეასრულა წინასწარმეტყველთა დაპირებები.

აგრიპას წინაშე თავის დაცვისას, პავლემ თქვა, რომ ის იდგა განსაკითხავად „აღთქმის იმედის გამო, რომელიც ღმერთმა მისცა ჩვენს მამებს, რომლის მიღწევის იმედი აქვს ჩვენს თორმეტ ტომს.” რა იყო ეს აღთქმა? აღდგომა. „დაუჯერებელი რატომ გგონია, რომ ღმერთი მკვდრებს აღადგენს?” (საქმეების 26:6-8).

► წაიკითხეთ 1 კორინთელთა 15:12-34.

კორინთელთა მიმართ პირველ წერილში, პავლე გვაჩვენებს, რომ მისი მსახურება დაფუძნებულია არა მხოლოდ ჯვრის ძალაზე, არამედ აღდგომის ძალაზე. პავლე ამტკიცებს, რომ აღდგომის გარეშე, მისი მსახურება უმიზნოა. „ქრისტე თუ არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც.” აღდგომის გარეშე იესოც, იგივე ცრუ მესიაა. აღდგომის გარეშე, იესო შეიძლება იყოს ტრაგიკულად წამებული, მაგრამ ის არ არის აღთქმული მესია.

აღდგომა არის ჩვენი ქრისტიანული რწმენის საფუძველი. „თუ ქრისტე არ აღდგა, თქვენი რწმენა ფუჭია და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ.” ჯვარზე ქრისტემ უზრუნველყო ჩვენი ცოდვების გამოსყიდვა, მაგრამ იყო აღდგომაც, რომელმაც დაამტკიცა ქრისტეს ძალა სიკვდილზე და ცოდვაზე. თუ აღდგომა არ არის, ამბობს პავლე, თქვენი რწმენა ფუჭია და თქვენ კვლავ თქვენი ცოდვების ტყვეობაში ხართ.

აღდგომა არის ჩვენი ქრისტიანული იმედის საფუძველი. „ვინაიდან, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ - მკვდრეთით აღდგომა. ვინაიდან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.” პავლე არწმუნებდა კორინთელებს, რათა მათ ჰქონოდათ აღდგომის იმედი, რადგან ქრისტე აღდგა მკვდრეთით.

მეორე საუკუნეში ბერძენმა მწერალმა ლუციანემ დასცინა ქრისტიანებს აღდგომის რწმენის გამო. მან თქვა: „საცოდავი უიღბლოები დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი სამუდამოდ იცოცხლებენ. ამის გამო, ისინი უგულებელყოფენ სიკვდილს და მზად არიან სიცოცხლე გაიღონ რწმენისთვის.” ლუციანე დასცინოდა ქრისტიანებს, მაგრამ მისი სიტყვები სიმართლეა. როგორც ლუციანემ თქვა, მეორე საუკუნის ქრისტიანებს სწამდათ, რომ ისინი სამუდამოდ იცოცხლებდნენ. ამ რწმენის გამო, ისინი მზად იყვნენ მომკვდარიყვნენ რწმენისთვის.

ეს ჩვენთვის დღესაც ასე უნდა იყოს. თუ ჩვენ ნამდვილად გვწამს, რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთით, ეს უნდა გვაძლევდეს გაბედულებას დევნის და სიკვდილის წინაშეც კი. აღდგომა არის ჩვენი ქრისტიანული იმედის საფუძველი.

აღდგომა არის ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების საფუძველი. პავლე აღდგომის შესახებ სწავლებას პრაქტიკაში იყენებს საოცარი გზით. „თუ მკვდრები არ აღდგებიან, „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით.“… გამოფხიზლდით ჯეროვნად და ნუ სცოდავთ” (1 კორინთელთა 15:32-34). პავლეს თქმით, აღდგომა გვაძლევს მნიშვნელოვან მიზეზს ღვთისმოსავი ცხოვრებისთვის. თუ აღდგომა არ არის, ჩვენ შეიძლება ვიცხოვროთ ეპიკურიელების მსგავსად, რომლებიც ამბობდნენ: „ჭამეთ და სვით, რადგან მალე მოვკვდებით.” არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ვიცხოვროთ მარადისობისთვის, თუ არ არსებობს აღდგომა. მაგრამ, პავლე აგრძელებს, რადგან აღდგომაა, გამოფხიზლდი და იცხოვრე ცოდვის გარეშე. ცოდვაზე გამარჯვება შთაგონებულია აღდგომისადმი ჩვენი ნდობით.

აღდგომის ამბავმა მსჯავრი უნდა დაგვდოს, მსახურების გამოწვევების წინაშე ჩვენი რწმენის ნაკლებობის გამო. რამდენჯერ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ლოცვები უპასუხოდ დარჩება? რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვავიწყდება აღდგომის ძალა! რამდენჯერ ვხვდებით ცდუნებებს და გამარჯვების არ გვჯერა? რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვავიწყდება პავლეს დაპირება: „ხოლო თუ თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული” (რომაელთა 8:11).

თუ ქრისტე ცხოვრობს ჩვენში, ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ხორციელად; ჩვენ აღარ ვართ ცოდვის ტყვეები. ეს არის სიცოცხლე აღდგომის ძალით. ძალა, რომელმაც იესო საფლავიდან აღადგინა, გვაძლევს ყოველდღიურ გამარჯვებას ცოდვაზე. აი რას ნიშნავს ცხოვრება და მსახურება აღდგომის ძალით.

დასკვნა: ქრისტეს მსგავსი ცხოვრების და მსახურების ნიშნები

ჰგავს თქვენი ცხოვრება ქრისტესას?

ლუკა წერდა: „პირველად ანტიოქიაში ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები” (საქმეების 11:26). როდესაც ხალხი აკვირდებოდა ანტიოქიაში მორწმუნეებს, მათ თქვეს: „ეს ადამიანები იქცევიან როგორც ქრისტე. ჩვენ მათ უნდა ვუწოდოთ 'ქრისტიანები.’” ამ მუხლის კითხვისას მე ხშირად ვეკითხები ჩემს თავს: „შეუძლიათ თუ არა ჩემს მეზობლებს სახელი ქრისტიანი შენიშნონ ჩემს საქციელზე, სიტყვებსა და დამოკიდებულებებზე დაკვირვებით? ვიქცევი ქრისტეს მსგავსად?” ანტიოქიელი მორწმუნეები ცხოვრობდნენ ისე, რომ ასახავდნენ იესო ქრისტეს ბუნებას; ისინი იყვნენ ქრისტიანები.

პასტორობის მრავალი წლის შემდეგ, დოქტორი ჰ.ბ. ლონდონი ახლა მსახურობს ახალგაზრდა პასტორების მენტორად. მან გააფრთხილა იმ სულიერი საფრთხეების შესახებ, რომელთა წინაშეც დგანან პასტორები. „თქვენ შეიძლება იყოთ წმიდა ნივთებთან, წმიდად ყოფნის გარეშე. შესაძლებელია ქადაგებდეთ პატიების შესახებ და არ პატიობდეთ. მსახურებმა შეიძლება იმდენი ძალისხმევა ჩადონ მსახურებაში, რომ ყურადღება არ მიაქციონ თავის სულიერ ჯანმრთელობას.”[1] შესაძლებელია სხვებს უქადაგო და თვითონ დარჩე უღირსი (1 კორინთელთა 9:27).

დოქტორმა ლონდონმა შემოგვთავაზა რამოდენიმე პრაქტიკული რჩევა, რომელიც დაეხმარება პასტორებს თავიდან აიცილონ სულიერი უკმარისობა სხვების წინამძღოლობისას. ეს ის სფეროებია, რომლებიც დაგვეხმარება შევინარჩუნოთ ქრისტეს მსგავსი ცხოვრება. მან დაწერა:

  • იცხოვრეთ იმით, რასაც ქადაგებთ. არასოდეს უქადაგოთ სხვებს ის, რაც თვითონ არ გამოგიყენებიათ თქვენს ცხოვრებაში.

  • იზრუნეთ თქვენს პიროვნებაძე (მშვინვაზე). ზოგიერთი ექიმი თვითონ არ არის ჯანმრთელი. ისინი ზრუნავენ სხვებზე, მაგრამ უგულებელყოფენ საკუთარ ჯანმრთელობას. ზოგიერთი პასტორი სულიერად არ არის ჯანმრთელი. როგორც პასტორმა, დრო დაუთმეთ თქვენს სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვას.

  • იყავით თავმდაბლები. გახსოვდეთ, რომ პასტორი არის მწყემსი და არა ბანკის პრეზიდენტი. იყავი მსახური.

  • დაძლიეთ იმედგაცრუებები. თქვენ იმედგაცრუებები გექნებათ მსახურებაში. ვინმე, ვისაც თქვენ მოძღვრავთ, შეცდება. ახლო მეგობარი თქვენს წინააღმდეგ გამოვა. ეკლესიის წევრები უარგყოფენ. არ მისცე იმედგაცრუებას ნება, დაგაკარგვინოს იმედი. იუდამ უღალატა იესოს. დემასმა მიატოვა პავლე. ცრემლების მიღმა გააგრძელე ზრდა და გააგრძელე სამწყსოს მწყემსვა.

თქვენი მსახურება ჰგავს ქრისტესას?

იესოს ცხოვრებისა და მსახურების ამ გაკვეთილებზე ჩვენ ვნახეთ იესოს მსახურების მრავალი მახასიათებელი. ეს მახასიათებლები ჩანს თქვენს მსახურებაში?

აქ არის რამოდენიმე კითხვა, რომელიც უნდა დასვათ თქვენი მსახურების შესაფასებლად:

  • იღებენ ცოდვილები გადარჩენას? როდესაც იესო ქადაგებდა, ადამიანები იღებდნენ ახალ სიცოცხლეს. მიგყავთ ხალხი ხელახალ (ზეციდან) შობამდე?

  • მორწმუნეები სულით ივსებიან? იესო დაგვპირდა, რომ „გამოგზავნიდა სულს“ თავისი შვილებისთვის. სრულდება თუ არა ეს დაპირება მათ შორის, ვისაც თქვენ ემსახურებით?

  • დამარცხებულია სატანა? ირღვევა სატანის სიმაგრეები? იესოს მსახურება გამოირჩეოდა სულიერი ძალაუფლებით.

  • გატანჯული ადამიანები შვებას იღებენ? დანგრეული ოჯახები შერიგებას პოულობენ? დამსხვრეული ცხოვრება მთლიანდება? ხდება გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა? იესომ განკურნა ისინი, ვინც მიიღო ფიზიკური, ემოციური და სულიერი ჭრილობები.

  • ხედავენ ადამიანები მადლს და ჭეშმარიტებას? ხალხს იესოსკენ ვიზიდავ თუ ვდევნი მათ იესოსგან? იესო ქადაგებდა ჭეშმარიტებას დარწმუნებით და მადლით.

► ამ კითხვებზე მსჯელობისას მოძებნეთ ის სფეროები, სადაც თქვენი მსახურება შეიძლება გაიზარდოს ქრისტეს მსგავსებაში. გახსოვდეთ, რომ ყველა მსახურს აქვს ზრდის მიმართულება, ამიტომ მიიღეთ ეს სია, როგორც გამოწვევა ზრდისთვის და არა საკუთარი თავის დადანაშაულების საშუალებად.


[1]H. B. London, They Call Me Pastor (Grand Rapids: Baker Books, 2000), 145

გაკვეთილი 8 დავალებები

(1) მოამზადეთ ქადაგება ან ბიბლიური გაკვეთილი, ჯვრიდან შვიდ გამონათქვამზე. ხაზი გაუსვით იესოს ამ სიტყვების მნიშვნელობას დღევანდელი ქრისტიანებისთვის.

(2) მოამზადეთ ქადაგება ან ბიბლიური გაკვეთილი აღდგომის მნიშვნელობის შესახებ ყოველდღიური ქრისტიანული ცხოვრებისათვის. გამოიყენეთ როგორც აღდგომის ამბავი სახარებიდან, ასევე პავლეს სიტყვები 1 კორინთელთა 15:15-17-დან, თქვენს ამ მომზადებაში.

Next Lesson