Search Course
Search through all lessons and sections in this course
Searching...
No results found
No matches for ""
Try different keywords or check your spelling
Lesson 1: მსახურებისთვის მზადება
2 min read
by Randall McElwain
გაკვეთილის მიზნები
ამ გაკვეთილის ბოლოს სტუდენტს უნდა შეეძლოს:
(1) იმის გაცნობიერება, რომ იესო არის მაგალითი ჩვენი მსახურებისთვის.
(2) ღმერთის უზენაესობის დაფასება მათ მომზადებაში, ვისაც მან მოუწოდა.
(3) დაემორჩილოს ღმერთის მოწოდებას იმ როლზე, რომელსაც ის აირჩევს მისთვის.
(4) მიჰყვეს იესოს ნაბიჯებს ცდუნებაზე გამარჯვებაში.
ამ გაკვეთილისთვის მომზადება
წაიკითხეთ მათეს 1-4, ლუკას 1-3 და იოანეს 1.
მსახურების პრინციპი
ღმერთი ამზადებს მათ, ვისაც ის მოუწოდებს იმ მსახურებისთვის, რომლისთვისაც მათ მოუწოდებს.
შესავალი
იესო ქრისტეს ცხოვრებასა და მსახურებაში, ჩვენ შევისწავლით იესოს, როგორც ნიმუშს, ჩვენი მსახურებისთვის დღეს. იესომ თქვა: „მაგალითი მოგეცით, რათა როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ” (იოანეს 13:15). იესოს მიწიერი ცხოვრება მისი მიმდევრების მაგალითი იყო.
პავლეს ესმოდა ეს პრინციპი. როდესაც მან ფილიპეში ქრისტიანებს შორის კონფლიქტის შესახებ გაიგო, პავლემ მიუთითა იესოს მაგალითი. „ის ზრახვანი იქონიეთ თქვენში, რაც ქრისტე იესოშია” (ფილიპელთა 2:5). პავლემ იცოდა, რომ თუ ის ქრისტიანები იესოს მაგალითს მიჰყვებოდნენ, მათი თავმდაბლობა უზრუნველყოფდა ეკლესიაში კონფლიქტის მოგვარებას.
აფრიკაში მოგზაურობისას ებრაელი ჟურნალისტი დევიდ პლოცი მალავის აეროპორტში აღმოჩნდა. იქ ის შეხვდა აფრიკელ პასტორს, რომელმაც პლოცი თავის სახლში მიიყვანა, ორი დღის განმავლობაში უმასპინძლდებოდა და უმოწმებდა მას იესო მესიის შესახებ. მოგვიანებით დევიდ პლოცმა დაწერა, „მე არ მჯერა ისეთი რამის, რისიც ამ კაცს სჯერა, მაგრამ მე გამაოცა მისმა დარწმუნებულობამ. ის გრძნობს, რომ ქრისტე მოძრაობს მასში, ამიტომ წაიყვანა უცხო ადამიანი, დაასახლა, აჭმევდა და შემოსა.” ამ აფრიკელმა პასტორმა შეიმეცნა, რომ ჩვენ მოწოდებულნი ვართ, მივყვეთ იესოს მაგალითს.
ეს კურსი არ არის იესოს ცხოვრების ყოვლისმომცველი შესწავლა. ამის ნაცვლად, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იესოს ცხოვრების იმ ასპექტებზე, რომლებიც მსახურებისთვის მაგალითს წარმოადგენს დღეს. ჩვენ შევისწავლით ჩვენი მსახურების მოდელს იესოს მაგალითზე.
ამ პირველ გაკვეთილზე ვიხილავთ იესოს მომზადებას მსახურებისთვის. ეს ასახავს პრინციპს, რომ ღმერთი ამზადებს თითოეულ ადამიანს, რომელსაც ის მოუწოდებს იმ მსახურებისთვის, რომლისთვისაც ის მათ მოუწოდებს.
ღმერთმა მოამზადა თავისი მსახურის ოჯახური მდგომარეობა
► დაფიქრდით თქვენს ოჯახურ წარმომავლობაზე და ახალგაზრდობაზე. როგორ გამოიყენა ღმერთმა თქვენი წარსული, მსახურებისთვის მოსამზადებლად?
სახარებებში მოყვანილი გენეალოგიებიდან ჩანს, რომ უზენაესმა ღმერთმა იესოს დაბადებამდე საუკუნეებით ადრე მოუმზადა გზა თავის მსახურს. იესოს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე მოამზადა ღმერთმა გზა მისი მოსვლისთვის.
გენეალოგიები პასუხობენ კითხვას: „ვინ იყო იესო?” გენეალოგიები გვიჩვენებს აბრაამისა და დავითის მნიშვნელობას. აბრაამი მნიშვნელოვანია იესოს წინაპრებში, რადგან ღმერთმა აბრაამს აღუთქვა: „იკურთხება შენში დედამიწის ყველა ტომი” (დაბადების 12:3). ეს დაპირება შესრულდა იესო ნაზარეველის მეშვეობით.
დავითი მნიშვნელოვანია გენეალოგიებში, რადგან ღმერთმა აღუთქვა, რომ დავითის „მყარი იქნება შენი ტახტი უკუნისამდე” (2 მეფეთაl 7:16). იესოს დაბადებისას, 500 წელზე მეტი იყო გასული, რაც დავით მეფე ტახტზე იჯდა. მათე და ლუკა აჩვენებენ, რომ იესო იყო დავითისთვის აღთქმული პირობის აღსრულება.
იესო დავითის ძე იყო (მათეს 1:1-17)
ბერძნულ ახალ აღთქმაში მათეს პირველი ორი სიტყვა არის biblios genesis, ფრაზა, რომელიც მათეს სახარების პირველ მკითხველებს გაახსენებდა დაბადების წიგნს (დაბადების 2:4; 5:1). ისევე, როგორც დაბადების წიგნი წარმოაჩენს ღმერთის უზენაესობას ქმნილებებზე, მათეც წარმოაჩენს ღმერთის უზენაესობას ისტორიაზე. მათეს სახარებაში მოყვანილი გენეალოგია გვიჩვენებს, რომ ისრაელის მთელი ისტორია მიდიოდა მესიის დაბადებამდე.
მათეს გენეალოგიაში თოთხმეტი დასახელების სამი ჯგუფია აღრიცხული. ეს იყო საერთო ებრაული მეხსიერების სავარჯიშო. რეგულარული ჯგუფები ეხმარებოდა მოსწავლეებს დაემახსოვრებინათ სახელების გრძელი სიები. მათეს გენეალოგიის მკითხველებს უნდა სცოდნოდათ, რომ ამ ჩამონათვალში არ შედიოდა აბრაამსა და იოსებს შორის ყველა წინაპარი. მათეს ფრაზა „იყო მამა" შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ წინაპარს. ებრაული გენეალოგია ხშირად გამოტოვებდა ზოგიერთ თაობას. მათე ყურადღებას ამახვილებს იესოს გენეალოგიის მნიშვნელოვან წევრებზე და გამოტოვებს სხვა სახელებს.
იმის გამო, რომ მათემ გამოტოვა ზოგიერთი თაობა, განსაკუთრებით საინტერესოა მის მიერ ჩამოთვლილი სახელები. მათემ ეს სახელები მიზნისთვის აირჩია. მაგალითად, მათე მოიხსენიებს ოთხ ქალს. ებრაელთა გენეალოგიაში ეს ჩვეულებრივად არ ხდებოდა. თითოეულ ამ სახელს საეჭვო წარმოშობა აქვს. რახაბი და რუთი უცხოელები იყვნენ. თამარი, რახაბი და ბათ - შებაყია ასოცირდება სექსუალურ სირცხვილთან.
ანალოგიურად, ამ სიაში შეყვანილი ზოგიერთი მამაკაცი შერცხვენილი იყო. იუდა სამარცხვინოდ ექცეოდა თამარს. იეხონიას მოდგმას ჩამოერთვა ისრაელის ტახტის დაკავების უფლება (მათეს 1:12; იერემიას 22:30). რაც ყველაზე საგულისხმოა, მათე დავითს მოიხსენიებს არა როგორც დიდი მიღწევების მქონეს, არამედ როგორც „სოლომონის მამა ურიას ცოლისგან.”
ეს სახელები იესოს ცოდვილ კაცობრიობასთან აიგივებს. ღმერთმა თავისი ძე შემოიყვანა სამყაროში არა უმწიკვლო ოჯახის ხაზით, არამედ როგორც ჩვეულებრივი ცოდვილთა შთამომავალი. ებრაელი ლიდერები დასცინოდნენ იესოს სამარცხვინო დაბადებას და უარყოფდნენ მას, როგორც უღირსს (იოანეს 8:41, 48). მათე გვიჩვენებს: ”თუ მესია შეიძლება დაიბადოს ამგვარი წინაპრებისგან, ის შეიძლება იყოს მხსნელი ყველა ადამიანისთვის, თუნდაც სამარცხვინოსი.”[1]
► ჩვენს კულტურაში ადამიანის წარმოშობის რა ელემენტები გვაფიქრებინებს, რომ მას აქვს დაბალი პოტენციალი?
ღმერთი ხშირად მოუწოდებს მოულოდნელი წარმოშობის ადამიანებს მსახურებაში. არავინ არ არის გამოუსადეგარი მათი ოჯახის წარმოშობის გამო. ადამიანის ბიოგრაფიის ის ელემენტები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ მათ მცირე პოტენციალი აქვთ, შეიძლება ღმერთისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდეს.
იესო ადამის ძე იყო (ლუკას 3:23-38)
მათე მიჰყვება „ებრაელთა მეფის" გენეალოგიას აბრაამამდე. ლუკა მიჰყვება იესოს გენეალოგიას ადამამდე. ეს შეესაბამება ლუკას ხაზგასმას იესოზე, როგორც "კაცის ძე". ლუკას გენეალოგია ხაზს უსვამს იესოს ადამიანურობას. ლუკა გენეალოგიას ათავსებს უშუალოდ იესოს ცდუნების ამბამდე. ეს ახსენებს მკითხველს, რომ იესომ, მეორე ადამმა წარმატებას მიაღწია იქ, სადაც პირველი ადამი დამარცხდა.
ახლო ხედი: მათესა და ლუკას გენეალოგიები
მათეს 1 და ლუკას 3 იძლევა იესოს განსხვავებულ გენეალოგიას. მათე აბრაამიდან მეფე სოლომონის მეშვეობით გადადის იოსებზე. ლუკა მიჰყვება გენეალოგიას იოსებისგან ნათანის (დავითის კიდევ ერთი ვაჟის) მეშვეობით, ადამამდე.
გენეალოგიები აბრაამსა და დავითს შორის იგივეა. ამასთან, დავითსა და იოსებს შორის, ეს ორი გენეალოგია სხვადასხვა ხაზს ასახავს. განსხვავების სავარაუდო ახსნაა ის, რომ მათე აღწერს იოსების წარმოშობას, ხოლო ლუკა - მარიამის წარმოშობას.[1]
იოსების წარმოშობა, მათეს მიხედვით, არის „სამეფო" გენეალოგია, რომელიც სოლომონიდან იწყება. ეს შეესაბამება მათეს მთავარ აზრს, იესოს მეფეობის შესახებ. ეს არის იესოს ლეგალური (კანონიერი) წარმოშობა - რაც იოსების მეშვეობით უნდა მოხდეს.
მარიამის წარმოშობა ლუკაში არის „ფიზიკური" გენეალოგია, რომელიც დავითის ვაჟის ნათანის გავლით იწყება. ეს გენეალოგია შეესაბამება ლუკას ხაზგასმას იმაზე, რომ იესო არის „კაცის ძე.” ამის საჩვენებლად, ლუკა მარიამის საშუალებით ასახავს იესოს ფიზიკურ გენეალოგიას. ის კვლავ იწყებს ფრაზით „იოსების ძე", რადგან ებრაულ გენეალოგიებში გამოიყენებოდა მამრობითი სახელი, მაშინაც კი, როდესაც ქალის საგვარეულო იძებნებოდა.
მარიამის წარმოშობა უზრუნველყოფს დავითთან სისხლის კავშირს. იოსების შთამომავლობა უზრუნველყოფს ტახტის უფლებებს სოლომონის მეშვეობით.
ღმერთმა მოამზადა თავისი მსახურის ოჯახური მდგომარეობა (გაგრძელდება)
იესო იყო ღვთის ძე (იოანეს 1:1-18)
იოანეს სახარება იწყება ღვთიური გენეალოგიით; იესო ღვთის ძე იყო. „იესოს ცხოვრება არ დაწყებულა ... დაბადების მომენტიდან. ის სამყაროში, მანამდე არსებული მდგომარეობიდან, კონკრეტული მისიის შესასრულებლად მოვიდა.”[1]
ძველ აღთქმაში, ღვთის დიდება - შექინა, ისრაელში კარავში მკვიდრობდა. ახლა, ღვთის დიდება ჩვენს შორის, იესო ქრისტეს პიროვნებაში ცხოვრობს (იოანეს 1:14). ღმერთის ღვთიური დიდება ახლა ადამიანის სახით გამოვლინდა.
სიტყვა იყო მარადიული: „სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი” (იოანეს 1:1). მამა და ძე ცხოვრობდნენ მარადიულ მოზიარეობაში.[2] რატომ მოვიდა იესო ჩვენს სამყაროში? მამის გამოსავლენად. მამა არავის უნახავს, მაგრამ იესომ „გაგვიცხადა ის“ (იოანეს 1:18). როდესაც ჩვენ ვხედავთ იესოს, ვხედავთ მამას.
დღეს მრავალი ადამიანი ასახავს იესოს, როგორც მოსიყვარულე მეგობარს, ხოლო მამას, როგორც მკაცრ მოსამართლეს. თუმცა, იოანეს 1 გვიჩვენებს, რომ იესოს ხასიათი მამის ხასიათის იდენტურია. როდესაც ჩვენ ვხედავთ იესოს, ვხედავთ მამას.
ღმერთმა სასწაულებრივი დაბადებით მოამზადა თავისი მსახური
იესო დაიბადა იუდეის ბეთლემში, ძვ. წ. დაახლოებით 5 წელს.[1] იოსები ბეთლემში გაემგზავრა რომაელების მიერ მოსახლეობის აღწერის გამო. აღწერის მიზანი იყო რომის კონტროლის ქვეშ მყოფი პროვინციების საგადასახადო ჩანაწერების შენარჩუნება.
რომის ჩვეულებრივი მეთოდი იყო ხალხის რეგისტრაცია ქალაქში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. ამასთან, ებრაელ მოსახლეობასთან მშვიდობის შესანარჩუნებლად, რომელიც სწრაფად აჯანყდა, რომმა იუდეის პროვინციას მისცა უფლება დაეცვათ წინაპრების სახლში დარეგისტრირების ებრაული მეთოდი. შედეგად, იოსებმა და მარიამმა ნაზარეთიდან ბეთლემისკენ 100 კილომეტრი გაიარეს. მიუხედავად იმისა, რომ დარეგისტრირება მხოლოდ ოჯახის უფროსს მოეთხოვებოდა, იოსებმა მარიამი მიიყვანა ბეთლემში. სავარაუდოდ, იოსებს არ სურდა მარიამის დატოვება ჭორიკანა მეზობლებთან პატარა სოფელ ნაზარეთში.
ერთი შეხედვით, საგადასახადო აღწერა რომის იდეა იყო. თუმცა, ღმერთი ამზადებდა გზას თავისი მსახურისთვის. ღმერთი მოქმედრბს მსოფლიო მოვლენების მეშვეობით, რათა შეასრულოს თავისი მიზანი. ღმერთმა სუვერენულად აიძულა წარმართი იმპერატორი ებრაელთა აღწერის „არჩევაში", ღვთის მიზნების შესასრულებლად. „მეფის გული წყლის ნაკადია უფლის ხელში, საითაც მოისურვებს, იქით მიუშვებს” (იგავების 21:1). როგორც ღვთის სამეფოს მუშაკები, ამან უნდა დაგვარწმუნოს, რომ ღმერთი ასრულებს თავის მიზნებს მაშინაც კი, როდესაც ჩანს, თითქოს ბოროტი ხალხი ახორციელებს კონტროლს.
ეს საგადასახადო აღწერა ერთ – ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოამზადა ღმერთმა სამყარო იესოს დაბადებისთვის. ღმერთმა იმოქმედა ბერძნული იმპერიის კულტურული საფუძველის, რომის იმპერიის სამართლებრივი სისტემის და ებრაული სარწმუნოების რელიგიური პრინციპების მეშვეობით, რათა მოემზადებინა ჩვენი სამყარო მესიის მოვლინებისთვის. ამ საფუძველის შესასწავლად, გთხოვთ, იხილოთ Shepherds Global Classroom - ის ახალი აღთქმის გამოკვლევა, პირველი გაკვეთილი.
მწყემსების ვიზიტი (ლუკას 2:8-20)
პირველი ვინც მიიღო ინფორმაცია იესოს დაბადების შესახებ, იყვნენ მწყემსები ბეთლემის შემოგარენში. ეს აღსანიშნავია, რადგან პირველი საუკუნის ებრაელების უმეტესობა მწყემსებს ერიდებოდა. მწყემსებს ისეთი დაბალი სოციალური სტატუსი ჰქონდათ, რომ მათ ჩვენებას არ ღებულობდნენ ებრაულ სასამართლოებში. ყურადრების მწყემსებზე გამახვილებით ლუკა წარმოაჩენს: „თუ მწყემსები არიან მისაღებები, მაშინ ნებისმიერია მისაღები ღვთის სამეფოში!” ანგელოზმა უთხრა მწყემსებს: „ნუ გეშინიათ, აჰა, დიდ სიხარულს გახარებთ, რომელიც მთელი ხალხისთვის იქნება” (ლუკას 2:10).
სახარება არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ერით (ისრაელით) ან ერთი სოციალური კლასით; სახარება ყველა ადამიანისთვისაა. ეს თემა ჩანს ლუკას სახარებაში. ლუკა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იესოს მსახურებას ქალების, სამარიელებისა და გარიყულებსთვის, როგორიცაა ზაქე.
მოგვების ვიზიტი (მათეს 2:1-12)
მათეს სახარება თავიდან მიმართული იყო ებრაელი აუდიტორიისადმი. იმ დროს, როდესაც ლუკამ ყურადღება გაამახვილა იესოს მიერ ყველა ხალხისადმი გზავნილზე, მათემ ჯერ ყურადღება გაამახვილა იესოს გზავნილზე ზეციერი სამეფოს შესახებ. მწყემსების ნაცვლად მათემ აღწერა ბრძენი კაცების, მოგვების ვიზიტი. ეს ვიზიტი მას შემდეგ მოხდა, რაც იესოს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა, სავარაუდოდ, მისი დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ (მათეს 2:11). ამას ადასტურებს ჰეროდეს ბრძანება, რომ მოეკლათ ყველა მამრობითი სქესის ჩვილი ორ წლამდე.
მოგვები იყვნენ ცის მკვლევარები, რომლებიც აკვირდებოდნენ უჩვეულო ნიმუშებს. იმ დროს, როდესაც მოგზაურობა საშიში იყო, მათ დიდი მანძილი გაიარეს, რათა შეესწავლათ უცნაური ნიშანი, რომელიც ცაში ნახეს.
მოგვები პირველად მოვიდნენ იერუსალიმში, ლოგიკურ ადგილას, რომ ენახათ ებრაელთა მეფე. როდესაც ჰეროდემ შესაძლო მეტოქის შესახებ ინფორმაცია მიიღო „შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი” (მათეს 2:3). ფრაზა „მთელი იერუსალიმი“ წინასწარმეტყველებს იერუსალიმის რელიგიური ლიდერების მიერ იესოს მოგვიანებით უარყოფაზე.
მოგვების ვიზიტი იყო წარმართთა წინაშე მესიის პირველი წარდგენა. იერუსალიმში მყოფთაგან განსხვავებით, რომელნიც ნიშნით „შეძრწუნდნენ", მოგვებმა რწმენით უპასუხეს. იესო მოვიდა, როგორც ყველა ერის მეფე, და არა მხოლოდ ებრაელთა მეფე.
მათე არ იუწყება, რამდენი მოგვი მოგზაურობდა იესოსთვის თაყვანის საცემად. „სამი ბრძენის“ შესახებ ტრადიცია ეფუძნება მათეს 2:11 -ში მოხსენიებულ სამ ძღვენს. თითოეული ძღვენი წარმოადგენდა იესოს მსახურების რაღაც ასპექტს.
-
ოქრო ძღვენია მეფისთვის. ამასთან, იესო ტახტიდან კი არ იმეფებს, არამედ ჯვრიდან.
-
გუნდრუკი (საკმეველი) საჩუქარია მღვდლისთვის. მსხვერპლშეწირვისას საკმეველს, როგორც სუნამოს ხმარობდნენ. იესო მოვიდა როგორც მღვდელი, რომელმაც შესაძლებლობა მისცა ყველა ადამიანს შესულიყვნენ ღვთის თანდასწრებაში.
-
მური გამოიყენებოდა მიცვალებულის ბალზამირებისთვის. იესო დაიბადა, რათა მომკვდარიყო მთელი კაცობრიობისთვის.
ღმერთმა დაიცვა მისი მსახური
იესოს დაბადებამდე ანგელოზი სიზმრად ესაუბრა იოსებს, რათა გაემხილა ღვთის გეგმა. მოგვების ვიზიტის შემდეგ, ანგელოზმა გააფრთხილა იოსები, რომ ეგვიპტეში გაქცეულიყვნენ. ოჯახი ეგვიპტეში დარჩა ჰეროდეს სიკვდილამდე (დაახლოებით ძვ. წ. 4 წ.).
მრავალი თვალსაზრისით, ჰეროდე დიდი იყო ღირსეული მმართველი. იგი პატივს სცემდა ებრაელ ხალხს, ებრაელთა კვების კანონებსაც კი იცავდა, რადგან პატივს სცემდა მათ, ვისაც მართავდა. მან დაიწყო ტაძრის განახლება, რომელიც გაგრძელდა იესოს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ძვ. წ. 25 წელს შიმშილობის დროს, მან საკუთარი ფულით იყიდა საკვები იუდეის მშიერი მოსახლეობისთვის.
ამასთან, ჰეროდე გიჟურად პარანოიული იყო. მან მოკლა მისი ერთი ცოლი, მარიამი და მისი დედა, ალექსანდრა, როდესაც მას ეჭვი გაუჩნდა მათ მიერ მის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში. ჰეროდეს სამი ვაჟი იქნა მოკლული, რადგანაც მათ იმ ასაკს მიაღწიეს, როდესაც ისინი საფრთხეს შეუქმნიდნენ მას. ჰეროდესნაირი პარანოიდული ადამიანისთვის ბეთლემში ჩვილების მკვლელობა გასაკვირი არ არის. რამდენიმე ათეული ჩვილის მოკვლა მისი პოზიციის შესანარჩუნებლად, მცირედი დისკომფორტი იქნებოდა.
ჰეროდეს სისასტიკე მის სიკვდილამდე გაგრძელდა. როდესაც ის სიკვდილს უახლოვდებოდა, ჰეროდემ ბრძანა, რომ იერუსალიმის წამყვანი მოქალაქეები დაეპატიმრებინათ და მოეკლათ, როდესაც ის გარდაიცვლებოდა. მას სჯეროდა, რომ ეს გარანტი იქნებოდა, რომ მისი გარდაცვალების დღე გლოვის დღე იქნებოდა. (ამის ნაცვლად, ჰეროდეს ქვრივმა გაათავისუფლა პატიმრები, რის გამოც მთელს პალესტინაში იზეიმეს დღესასწაული.)
ჰეროდეს გარდაცვალების შემდეგ, მისი ტერიტორია სამ ვაჟს შორის გაიყო. ანტიპას გადაეცა კონტროლი გალილეასა და პერეაზე; ფილიპეს პალესტინის ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილზე ჰქონდა უფლებამოსილება; არქელაოსი დაინიშნა მმართველად იუდეაში, იდუმეასა და სამარიაში. ძველი ისტორიკოსების თქმით, არქელაოსს ჰქონდა მამის ყველა სისუსტე, მაგრამ მამის არცერთი კარგი მახასიათებელი არ ჰქონია. ებრაელებს სძულდათ იგი და ახ.წ. 6 წელს. მას მეფობა ჩამოართვეს, იუდეველთა მხრიდან კეისრისადმი საჩივრის გამო. ამის შემდეგ, იუდეას მართავდნენ რომაელი გამგებლები, როგორიც იყო პონტოელი პილატე.
ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ, ანგელოზი კვლავ გამოეცხადა სიზმარში და მოუწოდა იოსებს ისრაელში დაბრუნებისკენ. თუმცა, რადგან არქელაოსი ისეთივე საშიში იყო, როგორც ჰეროდე დიდი, იოსებმა არჩია თავისი ოჯახი წაეყვანა ნაზარეთში, ვიდრე ბეთლემში დაბრუნებულიყო.
► პატარა ასაკში ჯონ ვესლი სასწაულებრივად გადაარჩინეს ცეცხლ მოდებული სახლიდან. მას სჯეროდა, რომ ღმერთმა იგი განსაკუთრებული მიზნისთვის დაიცვა. ვესლიმ თავი მოიხსენია, როგორც „დამწვრობის დამღა.” მოიწვიეთ თქვენი კლასის წევრები, რომ გაუზიარონ ისტორიები, თუ როგორ შემოინახა ღმერთმა ისინი მსახურებისთვის - სასწაულებრივი დაცვით ან ღვთის განგებით..
ახლო ხედი: მათეს 2:23
ყველა სხვა სახარებაზე მეტად, მათეს სახარება გვიჩვენებს, რომ იესოს მსახურებამ შეასრულა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებები. მათემ იუდეველ აუდიტორიას მისწერა, რომ იესო იყო აღთქმული მესია:
-
იესოს ქალწულისაგან შობა (მათე 1:22-23) ასრულებს ესაიას 7:14.
-
იესოს ბეთლემში დაბადება (მათე 2:5-6) ასრულებს მიქას 5:2.
-
ეგვიპტეში გაქცევა (მათე 2:14-15) ასრულებს ოსიას 11:1.
-
ბეთლემში ჩვილების მკვლელობა (მათე 2: 16-18) ასრულებს იერემიას 31:15.
-
იერუსალიმში შესვლა (მათე 21:1-5) ასრულებს ზაქარიას 9:9.
წინასწარმეტყველების შესრულების ერთ-ერთი რთული მაგალითი გვხვდება მათეს 2:23. მათე წერს: „მისული კი ნაზარეთად წოდებულ ქალაქში დასახლდა; რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომ მას ნაზარეველი დაერქმეოდა.”
სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს ჩანაწერი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებში იმის შესახებ, რომ მესიას "ნაზარეველი დაერქმეოდა". ამ მუხლის უკან შეიძლება იყოს ორი იდეა:
1. იესოს დროს, ნაზარეთი იყო სოფელი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა არ ქონდა (იოანეს 1:46). ებრაელი ხალხი ელოდებოდა, რომ მესია მოვიდოდა იუდეიდან და არა გალილეის სავაჭრო რეგიონიდან (იოანეს 7:41,52). ის ფაქტი, რომ იესო ნაზარეთის მსგავსი საზიზღარი ადგილიდან მოვიდა, ასრულებდა წინასწარმეტყველებებს, როგორიცაა ესაია 49:7 და 53:3.
2. ესაიას 11:1 წინასწარმეტყველებდა, რომ მესია იქნებოდა „ტოტი.” ებრაული სიტყვა ტოტი (ნეტცერი) ჰგავს სიტყვას „ნაზარეთი“. მათეს ებრაელ მკითხველებს ეცოდინებათ ეს სიტყვების ტამაში.
ღმერთმა წინამორბედით მოუმზადა გზა თავის მსახურს
იოანე ნათლისმცემელი იესოს ბიძაშვილი იყო. იოანეს ამბავი მაშინ დაიწყო, როდესაც მისი მამა, ზაქარია, ერის სახელით საკმეველს წვავდა, რაც მღვდლის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო მოვალეობაა (ლუკას 1:9).
როდესაც ზაქარიამ შეასრულა ეს წმინდა მოვალეობა, ანგელოზი გამოჩნდა საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვენა მხარეს. ებრაული ტრადიციის თანახმად, სწორედ აქ იდგა ღმერთი შესაწირავის დროს. ანგელოზმა გაბრიელმა ზაქარიას უთხრა, რომ მისი ლოცვები ძეზე შესმენილია.
იმის გამო, რომ ელისაბედი მშობიარობისთვის ხანგადასული იყო, ზაქარიამ ეჭვი შეიტანა ანგელოზის დანაპირებში. ურწმუნოების გამო ის დადუმდა იოანეს დაბადებამდე. როგორც მღვდელმა და წმიდა წერილის მოწაფემ, ზაქარიამ იცოდა ძველი აღთქმის ამბები ანასა და რაქელზე და უნდა ერწმუნა დაპირების, რომ ღმერთი სასწაულებრივად გახსნიდა ელისაბედის საშვილოსნოს.
ოცდაათი წლის შემდეგ იოანემ დაიწყო თავისი მსახურება. იერუსალიმში მღვდლად მსახურობის ნაცვლად, იოანე წინასწარმეტყველად მსახურობდა იუდეის უდაბნოში. იოანე მესიის წინამორბედად იყო წარგზავნილი. როდესაც იოანე ქადაგებდა, ხალხმა იკითხა: „არის იოანე დაპირებული მესია?” მან უპასუხა: „მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის სანდლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ” (ლუკას 3:16). მონის ერთ – ერთი ყველაზე დაბალი მოვალეობა იყო მისი პატრონის სანდლებზე ზრუნვა, მაგრამ იოანემ თქვა: „ვინც მოდის, ჩემზე ისე მაღლა დგას, რომ ამ დაბალი მოვალეობის ღირსიც კი არ ვარ.” იოანე წარმოადგენს თავმდაბალი მსახურების მაგალითს.
მთელი წმიდა წერილის განმავლობაში, ღმერთი იყენებდა ადამიანებს, რათა მოემზადებინა გზა სხვისთვის. გადახედეთ ბარნაბასა და პავლეს მაგალითს. როდესაც სავლე დევნიდა ქრისტიანებს, ბარნაბა უკვე პატივსაცემი წინამძღოლი იყო ეკლესიაში. ბარნაბა ენდობოდა პავლეს, როდესაც ბევრი ქრისტიანი არ ენდობოდა ეკლესიის ამ მდევნელს.
როდესაც მათ დაიწყეს პირველი მისიონერული მოგზაურობა, საქმეების წიგნი ამ გუნდს უწოდებს: „ბარნაბას და სავლეს” (საქმეების 13:2). მალე ისინი ცნობილი გახდნენ, როგორც „პავლე და ბარნაბა” (საქმეების 13:43 და შემდეგ). ბარნაბა იყო „წინამორბედი“, მაგრამ მას სურდა, რომ პავლე გამხდარიყო ლიდერი.
ზოგჯერ თქვენი როლი შეიძლება იყოს იოანე ნათლისმცემლის ან ბარნაბას მსგავსად, გზის მომზადება სხვისთვის. მზად ხართ იყოთ „წინამორბედი", ვიდრე „მთავარი პერსონაჟი"? იქ სადაც ღმერთი მოინდომებს თქვენს გამოყენებას, თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღეთ. თუ ღმერთი დამხმარეს როლში ჩაგაყენებთ, ნუ უარყოფთ ამ მსახურებას. თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ღმერთს, რომ ის გამოგიყენებთ ყველაზე ეფექტურად.
ჩვენ ვხედავთ იოანე ნათლისმცემლის თავმდაბლობას, როდესაც მან თავის მიმდევრებს იესოზე მიუთითა (იოანეს 1:35-37). რაბინის მიზანი იყო მოწაფეების მოპოვება, რომლებიც მის მასწავლებელს მიჰყვებოდნენ და პატივს სცემდნენ. ამის ნაცვლად, იოანე ნათლისმცემელმა თავის მიმდევრებს უფროს მასწავლებელზე მიუთითა. მას ესმოდა, რომ მისი ამოცანა იყო მიეთითებინა სხვებისთვის თავისზე დიდისკენ. იოანე ხედავდა, თუ როგორ ტოვებდნენ მას მისი მიმდევრები, რათა იესოს გაჰყოლოდნენ. მისი მიზანი იყო ღვთის სამეფო და არა საკუთარი დიდება. როგორც ქრისტიანმა ლიდერებმა, არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი მიზანია მივუთითოთ ხალხს იესოსკენ, და არა საკუთარი თავისთვის წარმატების მიღება.
ახლო ხედი: რას ნიშნავს მოინანიო?
► წაიკითხეთ მათეს 3:1-6.
იოანე მონანიების შესახებ ქადაგებდა. დღეს ზოგი ამბობს, რომ მონანიება მხოლოდ აზრის შეცვლას ნიშნავს. ბევრი აღიარებული ქრისტიანი შეცვლილი ცხოვრების რამდენიმე ნიშანს აჩვენებს.
ამასთან, სიტყვა „მონანიება“ ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე გონებრივ გადაწყვეტილებას. ახალი აღთქმის მწერლებმა სიტყვა „მონანიება“ ისევე გამოიყენეს, როგორც ებრაელმა წინასწარმეტყველებმა. ეს ნიშნავდა სრულად „ცხოვრების შეცვლას”. ახალ აღთქმაში მონანიება ნიშნავს:
-
თქვენი აზრებისა და რწმენის შეცვლას და
-
თქვენი მოქმედებებისა და ცხოვრების წესის შეცვლას.
ცოტა ხნის წინ წავიკითხე ამერიკაში პოპ მომღერლის შესახებ, რომელიც ცნობილია თავისი ცოდვილი ცხოვრების წესით. ამ მომღერალმა თქვა: „ქრისტიანი გავხდი და სულით ავივსე. მე ვაგრძელებ ცხოვრებას, როგორც ადრე ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა უკვე ქრისტიანი ვარ. თუ მოვკვდები, სამოთხეში წავალ.” ამ ადამიანის „მონანიება" არ შეიცავს მის ცხოვრების წესის ცვლილებას. ეს არ არის ჭეშმარიტი მონანიება.
იოანე ასწავლიდა, რომ მონანიება ცვლის ცხოვრების წესს. იოანემ სთხოვდა ნათლობის კანდიდატებს: „გამოეღოთ მონანიების ღირსი ნაყოფი” (ლუკას 3:8). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან ჰკითხა: „რა ამტკიცებს იმას, რომ თქვენ შეცვალეთ თქვენი ცხოვრება?” ნათლობა არ უნდა გახდეს ცარიელი რიტუალი: „მწამს, ახლა მომნათლეთ.” ნათლობა უნდა იყოს მოწმობა ჭეშმარიტი მონანიებისა და შეცვლილი ცხოვრების შესახებ.
ღმერთმა თავისი მსახური განსაცდელებით მოამზადა
იესოს ცდუნებაზე გამარჯვება გვაძლევს მაგალითს, როდესაც ცდუნების წინაშე ვდგავართ. „მაშინ უდაბნოში წაიყვანა სულმა იესო ეშმაკისგან გამოსაცდელად” (მათეს 4:1). ცდუნება მოვიდა ცოტა ხნით ადრე, ვიდრე იესო საჯარო მსახურებას დაიწყებდა. სანამ სხვებს უქადაგებდა, იესომ მამის ნებისადმი სრული მორჩილება გამოავლინა.
მათე ცდუნების ამბავს უშუალოდ იესოს ნათლობის შემდეგ ათავსებს. ჩვენი უდიდესი ცდუნებები ხშირად სულიერ გამარჯვებას მოჰყვება. ელიას მიერ ქარმელის მთაზე გამარჯვებისთანავე ჩვენ ვხვდებით, რომ მას ცდუნება ჰქონდა სასოწარკვეთაში და ეჭვში ჩავარნილიყო, როდესაც სიცოცხლისთვის იბრძოდა (4 მეფეთა 18-19).
ლუკა ცდუნების ისტორიას ათავსებს მას შემდეგ, რაც იესოს გენეალოგიას ადამამდე მიჰყვა. ლუკა გვიჩვენებს, რომ სადაც ადამი დამარცხდა, იესომ, კაცის ძემ, გაიმარჯვა (ლუკას 3:38). იესომ თავი კაცობრიობასთან გააიგივა და შექმნა მოდელი, თუ როგორ შეუძლიათ ჩვეულებრივ ქრისტიანებს გაიმარჯვონ ცოდვაზე.
ცდუნებები:
[1]ქვების პურად გადაქცევის ცდუნება
სატანა აცდუნებდა იესოს, რათა თავისი ღვთიური ძალა გამოეყენებინა და ქვები პურად ექცია. ეს დამოუკიდებლობის ცდუნება იყო. სატანა აცდუნებდა იესოს, რათა თავისი ძალა საკუთარი სარგებელისთვის გამოიყენა, ნაცვლად იმისა, რომ მინდობოდა მამას. იესომ მამას მიანდო თავისი „უფლება" საჭმელზე.
აკრძალული ხილის წინაშე მყოფი პირველი ადამი არ დაემორჩილა ღმერთს. აკრძალული პურის პირისპირ, მეორე ადამი ერთგული დარჩა.
ტაძრის ქიმიდან გადახტომის ცდუნება
სატანა აცდუნებდა იესოს ტაძრის ქიმიდან გადახტომისთვის (კიდრონის ხეობიდან 91 მეტრის სიმაღლეზე). ეს გააოცებდა ხალხს, როდესაც დაცვაზე, მამის დაპირებას გამოცდიდა.
სატანას მოჰყავს მაგალითად ფსალმუნის 90:11-12 - ში ნათქვამი დაპირება, რათა იესო აცდუნოს, რომ მან გამოსცადოს მამის დანაპირები. ამ გამოცდით იესო მამას თავის მსახურად აქცევდა - დაქვემდებარებულს მის მოთხოვნებსა და მოლოდინებზე. ეს იყო ზედმეტი თავდაჯერებულობის ცდუნება.
იესომ უარი თქვა 90-ე ფსალმუნის დაპირების გამოყენებაზე იმ სიტუაციაში, რომელშიც ეს დაპირება შეუსაბამო იყო. სატანის საპასუხოდ, იესომ თქვა მეორე რჯულის 6:16 - ში დაწერილი: „არ გამოსცადო უფალი, შენი ღმერთი." როგორც ღმერთის შვილები, ჩვენ არ უნდა გამოვცადოთ ჩვენი ზეციერი მამა.
„ჩვენ ტაშს ვუკრავთ მათ, ვინც აცხადებს: „მე დავამტკიცებ ჩემს ძალას ჩემი უფლებების დაცვით. მაგრამ სრულყოფილმა კაცმა აჩვენა, რომ ჭეშმარიტი ძალა ადამიანის ნების მიტოვებაში მდგომარეობს, ღვთის ნების თანახმად."
- ჯ. კემპბელ მორგანის მასალებზე დაყრდნობით.
ახლო ხედი: რწმენა, თუ ვარაუდი?
ზოგი ქრისტიანი ამბობს: „წიგნში მოყვანილი ყველა დაპირება ჩემია.” მიუხედავად იმისა, რომ წმიდა წერილის ყველა დაპირება სიმართლეა, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიკითხოთ: „ეხება ეს დაპირება ამ სიტუაციას?” იესომ იცოდა, რომ 90-ე ფსალმუნის დაპირება არ იყო ღვთის ნება იმ მდგომარეობისთვის, რომელიც მას უდაბნოში შეექმნა. როგორ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ღვთის დანაპირებს ვაცხადებთ ჭეშმარიტი რწმენით და არა ყალბი ვარაუდით?
(1) ჩვენ უნდა ვიცოდეთ ღვთის სიტყვა.
რაც მეტად ვიცნობ ბიბლიური დაპირების კონტექსტის და დაპირების პირობების შესახებ, მით უკეთ შევაფასებ მის გამოყენებას ჩემს მდგომარეობაში.
გარკვეული დაპირებები კონკრეტულ ადამიანებს მიეცათ კონკრეტულ ვითარებაში. ძველ აღთქმაში ღმერთი ჰპირდებოდა მატერიალურ კურთხევას, თუ ისრაელი აღთქმის ერთგული დარჩებოდა. მათი მიწა დიდ ნაყოფს გამოიღებდა, ბეღლები სავსე იქნებოდა და სამხედრო გამარჯვებებს მოიპოვებდნენ. ახალი აღთქმის დაპირებები უფრო ხშირად სულიერი ხასიათისაა. ზოგიერთები იმედგაცრუებულები არიან ამის გაგებით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიხაროთ. მატერიალურ კეთილდღეობას მხოლოდ დროებითი ღირებულება აქვს; სულიერ კეთილდღეობას აქვს მარადიული ღირებულება. ვარაუდი ღვთის დაპირებებს აგდებს მათი ბიბლიური კონტექსტიდან და ჩემს პირად სურვილებს უსადაგებს; რწმენა ენდობა ღმერთს, რომ შეასრულებს დანაპირებს თავისი ნებისამებრ.
(2) ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ განსხვავება კონკრეტულ და ზოგად დაპირებებს შორის.
ზოგადი დაპირების წაკითხვისას უნდა ვიკითხოთ, იძლევა თუ არა ღმერთი დაპირებას ჩვენი კონკრეტული სიტუაციისთვის. ზოგიერთი დაპირება ზოგადია და არა უნივერსალური.
ფსალმუნი 102: 3 ადიდებს ღმერთს, რომელიც „არის მკურნალი ყველა შენი სნეულებისა.” ზოგიერთმა ქრისტიანმა მიიღო ეს საყოველთაო დაპირება, რომ ღმერთი განკურნავს ყველა მორწმუნე ქრისტიანის ყველა დაავადებას. თუმცა, წმიდა წერილიდან ჩანს, რომ ყველა ფიზიკური დაავადება არ იკურნება. პავლე ლოცულობდა განკურნებისთვის, მაგრამ ღმერთმა თქვა: „არა" (2 კორინთელთა 12:7). ზოგჯერ ღმერთი ირჩევს თავისი შვილების განკურნებას ავადმყოფობისგან; ზოგჯერ ის ირჩევს მათ მადლი მიანიჭოს ტკივილის გადასატანად.
ჩვენ სამი ახალგაზრდა ებრაელის მსგავსად უნდა ვუპასუხოთ. როდესაც მეფე ნაბუქოდონოსორი მათ ღუმელში ჩაგდებით დაემუქრა, მათ თქვეს, „ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შეუძლია ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გვიხსნას და შენი ხელიდანაც გადაგვარჩინოს, მეფევ, მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, დაე, ცნობილი იყოს შენთვის მეფევ, რომ მაინც არ მოვემსახურებით შენს ღმერთებს და არც შენს მიერ აღმართულ ოქროს კერპს ვცემთ თაყვანს” (დანიელის 3:17-18). მათ იცოდნენ, რომ ღმერთს შესწევდა ძალა მათ გასათავისუფლებლად; მაგრამ თუ ღმერთი სხვა გზას აირჩევდა, ისინი დარჩებოდნენ მისი ერთგული მსახურები.
ღმერთს შეუძლია თავისი შვილები გაათავისუფლოს, მაგრამ ის ყოველთვის არ ირჩევს ამ გზას. სანამ ღმერთი არ გაგიცხადებთ, რომ ბიბლიური დაპირება კონკრეტულად თქვენთვისაა, მიენდეთ ღმერთს, გააკეთოს ისე, როგორც თვითონ აირჩევს. მოციქულმა იოანემ ასეთი დაპირება მოგვცა: „და აჰა, რა გაბედულება გვაქვს მის მიმართ, რომ როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს. და როცა ვიცით, რომ გვისმენს იგი, რასაც კი ვთხოვთ, ვიცით, რომ გვაქვს, რაც ვითხოვეთ მისგან” (1 იოანეს 5:14-15).
ვარაუდი გულისხმობს, რომ ბიბლიური დაპირებები ეხება ჩემს კონკრეტულ სიტუაციას. რწმენა ამბობს: „მე ვითხოვ მისი ნების თანახმად.” ზედმეტად თავდაჯერებული ვიქნები, თუ ყველა დაპირებას პირად დაპირებად მივიღებ. ამის ნაცვლად, მე უნდა ვიკითხო, არის თუ არა ეს დაპირება განკუთვნილი ჩემი მდგომარეობისთვის.
(3) ჩვენ უნდა ვილოცოთ „იესოს სახელით.”
იესო დაგვპირდა: „რასაც ჩემი სახელით ითხოვთ, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში” (იოანეს 14:13). ლოცვა „იესოს სახელით" ნიშნავს ლოცვას მისი ნებისა და მისი ხასიათის შესაბამისად. ეს ნიშნავს ლოცვას „რათა განდიდდეს მამა.” ვარაუდი ეძებს ჩემს ნებას; რწმენა ეძებს ღვთის დიდებას.
ლოცვა „რათა განდიდდეს მამა" ნიშნავს, რომ ჩვენს ცხოვრებაში უნდა დავემორჩილოთ ღმერთის საბოლოო მიზნებს. ღმერთი დაჰპირდა ისრაელს: „ვინაიდან მე ვიცი ზრახვანი, რაც თქვენზე განვიზრახე, ამბობს უფალი, სასიკეთო და არა საბოროტო ზრახვანი, რომ მომავალი და იმედი მოგცეთ” (იერემიას 29:11). უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პირობა მიეცა ისრაელს, რადგან იგი ბაბილონში სამოცდაათწლიანი მონობის წინაშე აღმოჩნდა. ბაბილონში მონობაც კი სარგებელს მოუტანდა ღვთის ხალხს; მათ გასაჭირში ისრაელი შეჰღაღადებდა ღმერთს და მან შეისმინა მათი.
დღეს ჩვენთვის ეს დაპირება მოქმედებს? დიახ! ღმერთის ხასიათი არ შეცვლილა; მას თავისი შვილებისთვის სიკეთე მოაქვს. ყველაფერი რაც მოხდება არ იქნება კარგი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვილოცოთ „იესოს სახელით", რადგან ვიცით, რომ ღმერთი მიზანმიმართულად მოქმედებს ყველაფერში, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება.
ღმერთმა თავისი მსახური განსაცდელებით მოამზადა (გაგრძელდება)
ცდუნებები
მსოფლიოს სამეფოების შეთავაზება
სატანის უკანასკნელმა ცდუნებამ შესთავაზა კომპრომისი, გზა ჯვრის გარეშე იესოს მომავალი მეფობის მისაღწევად. თუ იესო თაყვანს სცემდა სატანას, მას შეეძლო თავი დაეხსნა ჯვრის ტანჯვისგან. იესომ უპასუხა მეორე რჯულის 6:13 - დან: „გეშინოდეს უფლისა, შენი ღვთისა, და მას ემსახურე.”
იესოს გამარჯვება ცდუნებაზე
იმისათვის, რომ სარგებლობა მოგვიტანოს იესოს ცდუნების მაგალითმა, უნდა გვახსოვდეს, რომ იესო სრულად ადამიანი იყო. ის ცდუნებული იყო „ყველაფერში ... ჩვენსავით, გარდა ცოდვისა.”
► წაიკითხეთ 1 კორინთელთა 10:13 და ებრაელთა 4:15. რას ასწავლიან ისინი ცდუნების შესახებ?
1 იოანეს 2:16 -ში მოციქული განსაზღვრავს ცდუნების სამ გზას: „ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და ამაო დიდება ცხოვრებისა.” იესო გამოიცადა თითოეულ ამ ასპექტში.
-
სატანა აცდუნებდა ხორციელი სურვილებით, როდესაც იესოს პური მოშივდა.
-
სატანა აცდუნებდა თვალთა გულისთქმით, როდესაც იესოს მსოფლიოს სამეფოები აჩვენა.
-
სატანამ ცხოვრების ამაო დიდებას მიმართა, როდესაც იესოს აცდუნებდა, მოემოქმედებინა დრამატული აქტი, რომელიც ხალხს გააოცებდა.
იესოს ცდუნებაზე გამარჯვება არ მოუპოვებია მისი ღვთიური ძალის გამოყენებით. იესო სრულად ადამიანი იყო და დაამარცხა ცდუნება მის ადამიანურობაში. მისი გამარჯვება გვაძლევს მაგალითს ცდუნების ჟამს. გაითვალისწინეთ სამი იარაღი, რომლებიც იესომ გამოიყენა ცდუნებაზე გამარჯვებისთვის.
სულის ძალა
იესო სულიწმიდის ხელმძღვანელობით დადიოდა. მან მოიმოქმედა ის, რის გაკეთებისკენაც მას სული მიუძღვოდა. „დაბრუნდა იორდანედან სულიწმიდით აღვსილი იესო და სულის მერ გაყვანილ იქნა უდაბნოში” (ლუკას 4:1).
მთელი თავისი მიწიერი მსახურების განმავლობაში იესო მოქმედებდა სულიწმინდის ძალით. მან სულიწმიდის ძალით განდევნა დემონები (მათეს 12:28). „სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ეშმაკისგან ყველა გატანჯულს, რადგან ღმერთი იყო მასთან” (საქმეების 10:38).
იესომ მიწიერი მსახურება სულიწმინდის ძალით აღასრულა. თუ გვინდა ვიყოთ ძლიერები ცდუნების წინაშე, უნდა ვიცხოვროთ სულიწმიდის ძალაში.
ლოცვის ძალა
იესო ცდუნებულ იქნა ორმოც დღიანი მარხვისა და ლოცვის შემდეგ. ლოცვა მას სულიერი ბრძოლისთვის ამზადებდა. მომდევნო ერთ-ერთ გაკვეთილში ჩვენ დავინახავთ ლოცვის მნიშვნელობას იესოს ცხოვრებაში და მსახურებაში. თუკი იესო ლოცვას ეყრდნობოდა, ჩვენ როგორ უნდა ველოდოთ სულიერ გამარჯვებებს ლოცვის გარეშე?
სატანა ხშირად თავს გვესხმის მას შემდეგ, რაც ლოცვით ცხოვრებაში უყურადღებოდ ვიქცევით. მან იცის, რომ ცდუნების წინაშე სუსტები ვიქნებით, თუ არ შევინარჩუნებთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, ლოცვით ცხოვრებას.
სიტყვის ძალა
იესო თითოეულ ცდუნებას პასუხობდა წმიდა წერილის სიტყვებით. საიდან იცოდა მან ეს წერილები? ებრაელმა ბავშვებმა დაიმახსოვრეს თორა, როგორც ბავშვობის განათლების ნაწილი. როდესაც იესო ცდუნებულ იქნა, წმიდა წერილის სიტყვები სწრაფად გაახსენდა.
ჩვენ, როგორც ქრისტიანებმა, გულში უნდა ჩავიდოთ ღვთის სიტყვა. განსაცდელის დროს, წმიდა წერილი ძალას მოგვცემს ცდუნების წინაშე აღმოჩენილებს.
ცდუნების წინაშე იესო იგივე ინსტრუმენტებს იყენებდა, რაც ჩვენც გვაქვს. ჩვენ უნდა დავხვდეთ ცდუნებას, როგორც იესო, სულის ძალით, ლოცვის ძალით და სიტყვის ძალით. ამ იარაღის გარეშე, ჩვენ სატანის შემოტევას ვერ გავუძლებთ და დავეცემით.
ახლო ხედი: განსხეულება
ადრეული ქრისტიანები საყოველთაოდ შეთანხმდნენ, რომ იესო ღვთიური იყო. მიუხედავად იმისა, რომ ერეტიკოსები, როგორიცაა არიუსი, უარყოფდნენ იესოს ღვთაებრიობას, ორთოდოქსი ქრისტიანები ასწავლიდნენ, რომ იესო ღვთიური იყო.
ორთოდოქსალური ქრისტიანობა ასევე ასწავლიდა იმას, რომ იესო სრულად ადამიანი იყო. ამ დოქტრინას ხშირად უარყოფდნენ ერეტიკოსები. დღესაც კი მრავალი ევანგელისტი სერიოზულად არ აღიქვამს იესოს ადამიანურობას. ბევრი ქრისტიანი თვლის, რომ იესო სრულად ღვთიური იყო, მაგრამ მისი ადამიანურობა არ იყო რეალური. მათი აზრით, მან „ითხოვა" ადამიანის სხეული, მაგრამ სრულად ადამიანური არ ყოფილა.
ზოგიერთი ქადაგების ილუსტრაცია ხელს უწყობს ამ ცრუ იდეას. ზოგიერთი მქადაგებელი მოგვითხრობს ლეგენდაზე მეფის შესახებ, რომელიც თავს გლეხად წარმოაჩენდა და მოგზაურობდა. ამასთან, იესო არ იყო ღმერთი, რომელიც თავს გვაჩვენებდა ადამიანად. ის ერთ-ერთი ჩვენგანი გახდა.
სწავლება იესოს ადამიანურობაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქრისტიანული გამოცდილებისთვის. თუ იესო სრულად ადამიანი არ იყო, მისი ცხოვრება არ არის რეალისტური მოდელი ჩვენთვის. ერთმა ღვთისმეტყველმა ასე თქვა: „თუ იესო სინამდვილეში არ არის ჩვენი მსგავსი, მაშინ ჩვენ ვთავისუფლდებით იმისგან, რომ ვიყოთ მისი მსგავსები.”[1]
ბევრი თვლის, რომ ჩვენ მუდმივად უნდა ვვარდებოდეთ განზრახ ცოდვაში. იესომ თავის ადამიანურობაში აჩვენა, რომ ჩვეულებრივ ქრისტიანებს შეუძლიათ სულიწმიდის ძალით ცოდვაზე გამარჯვების შენარჩუნება.
თუ იესო ჩვენი დასუსტებული კაცობრიობის ნაწილი გახდა, თუ მან განიცადა ჩვენი საჭიროება სულის ძალაში და თუ ის ცდუნდა, როგორც ჩვენ, მაშინ ცდუნებაზე მისი გამარჯვება ჩვენ გვაჩვენებს, როგორ უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. სულიწმიდის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ გამარჯვებული ცხოვრებით.
► თქვენთვის რომელია უფრო რთულად აღსაქმელი, სწავლება იესოს ღვთაებრიობაზე, თუ სწავლება მის ადამიანურობაზე? იმსჯელეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ეს მოძღვრება ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურებისთვის.
დასკვნა: ღმერთი ამზადებს თავის მსახურებს
ამ გაკვეთილზე ვნახეთ, როგორ მოამზადა ღმერთმა გზა იესოს მსახურებისთვის. წინაპრების მეშვეობით, რომის იმპერიის გამოყენებით, სასწაულებრივი დაბადებით, იოანე ნათლისმცემლის მსახურებით და ცდუნებებითაც კი ღმერთმა მოამზადა გზა იესოსთვის.
ამ ჭეშმარიტებას ჩვენ არაერთხელ ვხედავთ ბიბლიაში. გადახედეთ პავლეს მაგალითს. პავლე გაიზარდა რომის ქალაქ ტარსუსში. ბავშვობიდან ჰყავდა არაებრაელი მეგობრები. ებრაელთა უმეტესობისგან განსხვავებით, პავლე კომფორტულად გრძნობდა თავს წარმართებთან.
პავლეს მამა რომის მოქალაქე იყო, ამიტომ პავლეს ჰქონდა რომის მოქალაქეობის ღირებული უფლებები. დედა ებრაელი იყო, ამიტომ პავლემ ადრეული ასაკიდან განისწავლა ძველი აღთქმის წერილებში. მას ჰქონდა ბრწყინვალე გონება და სწავლობდა ებრაულ ღვთისმეტყველებას დიდი მოძღვარის გამალიელის ხელმძღვანელობით. რომაული წარმომავლობის მქონე ის სწავლობდა ბერძნულ ენას და ბერძენი ფილოსოფოსების სწავლებებს.
ამ გამოცდილების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ღმერთმა პავლეს მოუწოდა მისიონერი გამხდარიყო წარმართთა შორის. ღმერთმა დაბადებიდან მოამზადა პავლე, რომ ყოფილიყო წარმართთა პირველი მოციქული. დაფიქრდით იმ მზადებაზე, რომელიც ღმერთმა გაითვალისწინა ამ მსახურებისთვის:
-
პავლეს რომის მოქალაქეობამ მას თავისუფლად მოგზაურობის საშუალება მისცა.
-
პავლეს ებრაულმა და ბერძნულმა განათლებამ მას მისცა საშუალება ახალი აღთქმის ყველაზე ძირითადი წიგნების დასაწერად.
-
პავლეს მიერ ბერძნული ფილოსოფიის შესწავლამ მას საშუალება მისცა ბერძენ მოაზროვნეებთან ესაუბრა ათენის მსგავს ადგილებში.
შეიძლება თქვენ თქვათ: „ღმერთს არ მოუცია ჩემთვის პავლესავით დიდი განათლება. მე არ მაქვს დიდი ოჯახური წარმომავლობა.” არაუშავს! შეხედეთ პირველი საუკუნის ეკლესიის სხვა წინამძღოლებს.
სიმონი ბავშვობიდან მეთევზე იყო. მას არ ჰქონდა პავლესნაირი განათლება და ინტელექტუალური ბრწყინვალება. უფრო მეტიც, მოგვიანებით პეტრემ თქვა, რომ პავლემ დაწერა რამდენიმე რამ, „რომელთა გაგება ძნელია” (2 პეტრეს 3:15-16). მაგრამ ღმერთმა ძლიერად გამოიყენა პეტრე. პავლეს ღრმა სიტყვებით გაოგნებულ ადამიანებს შეეძლოთ გაეგოთ პეტრეს მარტივი ქადაგებები.
ღმერთმა მოგამზადათ თქვენი მსახურების ადგილისთვის. თუ უარს იტყვი შენს განათლებაზე, წარსულზე და ყველაფერზე, რაც ღმერთმა მოგცა, ის გამოგიყენებს შენ თავისი მიზნის მისაღწევად. ღმერთი ამზადებს მათ, ვისაც ის მოუწოდებს იმ მსახურებისთვის, რომლისთვისაც მათ მოუწოდებს.
გაკვეთილი 1 დავალებები
(1) ამ გაკვეთილში ჩვენ ვნახეთ ცდუნებაზე გამარჯვების იესოს მაგალითი. ჩამოთვალეთ სამი ბიბლიური მაგალითი იმ ადამიანებისა, რომლებიც ცდუნებაზე გამარჯვებას ინარჩუნებენ. აღნიშნეთ ერთი რამ, რაც მათ ძალას აძლევდა ცდუნების წინაშე.
ცდუნებაზე გამარჯვების მაგალითები | წმიდა წერილი | რამ მიანიჭა გამარჯვება? |
---|---|---|
იოსები (სექსუალური სიწმინდე) | დაბადების 39 | ყურადღების მიპყრობა ღმერთისკენ (დაბადების 39:9) |
ჩამოთვალეთ სამი ბიბლიური მაგალითი იმ ადამიანებისა, რომლებიც ცდუნებებში ჩავარდნენ. თითოეულ შემთხვევაში დაადგინეთ ერთი ფაქტორი, რამაც გამოიწვია მათი დაცემა.
წარუმატებლობის მაგალითები ცდუნებაში | წმიდა წერილი | რამ გამოიწვია დამარცხება? |
---|---|---|
პეტრეს მიერ იესოს უარყოფა | ლუკას 22:54-62 | ზედმეტი თავდაჯერებულობა (ლუკას 22:31-34) |
(2) თქვენს მიერ ჩამოთვლილი მაგალითების საფუძველზე მოამზადეთ ქადაგება ან ბიბლიის შესწავლა ცდუნების შესახებ. გამოიყენეთ იესოს მაგალითები და ის მაგალითები, რომლებიც თქვენს ცხრილში ჩამოთვალეთ.