ბიბლიის პირველ ხუთ წიგნს Pentateuch, ანუ ხუთწიგნეული ეწოდება.[1] ებრაულ ბიბლიაში მათ უწოდებენ თორას ანუ რჯულს/კანონს, რაც წარმოსდგება სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს „სწავლებას.”
ხუთწიგნეული არის ბიბლიის საფუძველი. ის უზრუნველყოფს ისტორიულ ჩარჩოს წმიდა წერილის დანარჩენი ნაწილისთვის.
დაბადების 1–11-ში ღმერთი ქმნის სრულყოფილ სამყაროს და შემდეგ ადამიანის ცოდვას პასუხობს, როგორც მადლით, ასევე განკითხვით.
დაბადების 12–50-ში ღმერთი ირჩევს აბრაამს, ისააკს და იაკობს, როგორც მესიანურ ხაზს, რომელთა მეშვეობითაც ის გამოისყიდის ყველაფერს.
გამოსვლაში ღმერთმა გამოიყვანა ისრაელი ეგვიპტიდან და დაამყარა ურთიერთობა თავის ხალხთან.
ლევიანებში წმიდა ღმერთი ასწავლის ისრაელს, როგორ იცხოვროს წმიდა ხალხად.
რიცხვებში ღმერთი ავლენს თავის ერთგულებას თავისი ხალხისადმი, მიუხედავად მათი დაუმორჩილებლობისა.
მეორე რჯულში ღმერთი ამზადებს თავის ხალხს აღთქმულ ქვეყანაში საცხოვრებლად.
თემა
ღმერთი არის…
იესო არის…
ისრაელი არის…
დაბადება
დასაწყისში
უზენაესი შემოქმედი
მეორე ადამი
რჩეული
გამოსვლა
გამოსყიდვა და ურთიერთობა
ღვთაებრივი მეომარი
პასექის კრავი
დახსნილი
ლევიანები
სიწმიდე
წმიდა განმანათლებელი
სრულყოფილი მსხვერპლი
გამოყოფილი
რიცხვნი
ხეტიალი
უბრალოდ დამხმარე/მხარდამჭერი
სპილენძის გველი (რიცხვნი 21:4-9; ინ. 3:14)
დაუმორჩილებელი
მეორე რჯული
განახლება
მოსიყვარულე უფალი
მომავალი წინასწარმეტყველი (მეორე რჯული 18:15-19; საქმეები 7:37)
მომზადებული
ხუთწიგნეულში ჩვენ ვხედავთ თემებს, რომლებიც გვხვდება ძველი აღთქმის დანარჩენ ნაწილშიც.
1. ღვთის უზენაესობა. ქმნილებაში, ჭირში და ეგვიპტიდან გამოხსნაში, ისრაელის უდაბნოში ტარებისას ღმერთი ავლენს თავის ძალაუფლებას მის ქმნილებაზე. ისრაელის ისტორია იქცა ეტაპად, სადაც ვლინდება ღვთის უზენაესობა.
2. ადამიანის ცოდვილობა. ადამიანის აჯანყება გავლენას ახდენს კაცობრიობის მთელს ისტორიაზე. წარღვნა, ბაბილონი და ისრაელის დაუმორჩილებლობა უდაბნოში, ყველაფერი აჩვენებს ადამიანის ცოდვილობას. თუმცა, დაბადების 3:15-დან დაწყებული, ღმერთი მოქმედებს ადამიანის დაცემის შედეგების შესაცვლელად.
3. ღვთის გეგმა ხსნისთვის. ღმერთის აღთქმა აბრაამთან, ისაკის დაბადება, ისრაელის ეგვიპტიდან დახსნა, რჯულის მიცემა და აღთქმულ მიწაზე შესვლა ღვთის განზრახვის საფეხურებია ცოდვილი ადამიანის გადასარჩენად. გამოსვლაში პასექი ხდება ღვთის გამომსყიდველი საქმის მუდმივი სიმბოლო.
4. სიწმიდე ღმერთი წმიდა ღმერთია; მას არ შეუძლია ცოდვის იგნორირება. ხუთწიგნეული გვიჩვენებს, თუ როგორ შექმნა ღმერთმა წმიდა ხალხი, რომელსაც შეუძლია მის თანდასწრებაში ცხოვრება. სიწმიდე არ არის ადამიანის სიკეთის შედეგი; ეს არის მოწყალე ღმერთის მოქმედება, რომელიც თავის ხალხს ცოდვილი ხალხიდან წმიდა ხალხად გარდაქმნის. ჩვენ წმიდანი ვართ მხოლოდ წმიდა ღმერთთან ურთიერთობის გაგრძელების საშუალებით.
ხუთწიგნეულის ავტორობა
მეთვრამეტე საუკუნემდე ხუთწიგნეულის ავტორობის შესახებ კამათი ძალიან ნაკლებად, ან საერთოდ არ ყოფილა. ყველა ქრისტიანმა მიიღო წმიდა წერილის მოწმობა მოსეს ავტორობის შესახებ. თანამედროვე კრიტიკის ზრდასთან ერთად, დღეს ბევრი მეცნიერი უარყოფს მოსეს, როგორც ავტორს.
თუმცა, ევანგელისტებისთვის, რომლებიც აღიარებენ წმიდა წერილის უტყუარობას, წმიდა წერილის მოწმობა ნათელია. ხუთწიგნეული თავად ასახელებს მოსეს ავტორად; ახალი აღთქმის მწერლებს მოჰყავთ მოსეს, როგორც ავტორის, ციტატები; იესომ მოსე დაასახელა ავტორად. ამის გამო, ჩვენ ვეთანხმებით, რომ ხუთწიგნეული შეადგინა მოსემ, სავარაუდოდ, ძვ.წ. XV საუკუნეში. სტუდენტებს, რომლებსაც ამ საკითხის უფრო დეტალურად შესწავლა სურთ, შეიძლება დაეხმაროს ამ თავისთვის რეკომენდებული რესურსები.
მნიშვნელოვანია გავიგოთ „ავტორობის“ ბუნება ძველ სამყაროში. დღეს თუ წერ წიგნს, ის დასრულებულია; მას არავინ შეცვლის, მის შემდეგ რაც გამოაქვეყნებთ. თუ მოსეს, ხუთწიგნეულის ავტორად მივიჩნევთ ისე, როგორც დღევანდელი ავტორები წერენ, ბევრი კითხვა გაგვიჩნდება. მაგალითად:
მეორე რჯული 34-ე თავი გვიამბობს მოსეს სიკვდილისა და დაკრძალვის შესახებ.
რიცხვნი 12:3 მოსეს დედამიწაზე ყველაზე თავმდაბალ კაცს უწოდებს. როგორც სტუდენტმა იკითხა: „თუ ადამიანი საკუთარ თავს უწოდებს ყველაზე თავმდაბალ ადამიანს დედამიწაზე, ის ნამდვილად თავმდაბალია?”
დაბადების 11:28 მოიხსენიებს ურს, როგორც „ქალდეველთა“. ქალდეველები არ განაგებდნენ ურის მიმდებარე ტერიტორიას მოსეს გარდაცვალებიდან 700 წლის შემდგომ პერიოდამდე.
თითოეული ეს მაგალითი ცხადი ხდება, როდესაც გავერკვევით ძველი სამყაროს „ავტორობის“ ბუნებაში. მოსეს ხუთწიგნეულის ავტორად იდენტიფიცირება ნიშნავს, რომ მოსემ სულიწმიდით შთაგონებულმა დაწერა ამ ხუთი წიგნის ძირითადი შინაარსი. მოგვიანებით მწერალმა (შესაძლოა იესო ნავე ძემ) ასევე სულიწმიდის შთაგონებით, დაამატა მოსეს სიკვდილისა და დაკრძალვის ამბავი. სულიწმიდის ხელმძღვანელობითვე, უფრო მოგვიანებით, გადამწერმა მოსეს უწოდა ყველაზე თავმდაბალო კაცი დედამიწაზე. სულიწმიდის ხელმძღვანელობით გადამწერმა დაამატა „ქალდეველთა“, რათა დახმარებოდა მკითხველს განერჩია „ქალდეველთა ური“ სხვა ქალაქისგან, რომელსაც ასევე ური ერქვა.
ასეთი ცვლილებები ეჭვქვეშ არ აყენებს მოსეს, როგორც ხუთწიგნეულის ავტორს. სამაგიეროდ, ისინი გვეხმარებიან უფრო მეტი სიცხადით გავიაზროთ შთაგონების პროცესი.
[1]ბერძნულიდან: პენტე (pente) არის ხუთი და ტეუხოს (teuchos) არის გრაგნილი. ხუთწიგნეული ნიშნავს "ხუთ გრაგნილს" ან ხუთ წიგნს.
დაბადება
თემა: “დასწყისში”
დაბადება არის საწყისების წიგნი. დაბადება ასახავს სამყაროს დასაწყისს (დაბადება 1–11), რასაც მოჰყვა ებრაელი ერის დაარსება და ხსნის ისტორია (დაბადება 12–50).
თანამედროვე სკეპტიკოსები უარყოფენ ამ თავების ისტორიულ ჭეშმარიტებას. თუმცა, ეს თავები საფუძველს წარმოადგენს წმიდა წერილის დანარჩენი წიგნებისთვის. ისინი გვაჩვენებენ ღმერთის უზენაეს მეუფებას სამყაროზე და მის მადლს ცოდვილი ადამიანის გამოსყიდვის საქმეში.
დაბადების მიმოხილვა
პირველყოფილი ისტორია: დაბადება 1–11
დაბადების 1–11-ს ხშირად უწოდებენ "პირველყოფილ ისტორიას". ეს თავები მოიცავს 2000 წელზე მეტს. დაბადების 1–11 გვიამბობს ოთხ მთავარ მოვლენას:
ქმნადობა აჩვენებს ღმერთის უზენაეს მეუფებას მთელ სამყაროზე. რჯულის მიცემის ძალაუფლება ეფუძნება მის, როგორც სამყაროს შემოქმედის უზენაესობას.
დაცემა გვიჩვენებს ადამიანის ცოდვილობას და ხსნის საჭიროებას. წმიდა წერილის დანარჩენი ნაწილი გვიჩვენებს ღვთის მადლისმიერ აღდგინების საშუალებას, დაცემის შედეგების აღმოსაფხვრელად.
წარღვნა გვიჩვენებს ღვთის სიწმიდესა და სამართლიანობას. ჩვენ არასოდეს არ უნდა დავიჯეროთ სატანის ტყუილი, რომ ცოდვას არ მოჰყვება ღვთის განაჩენი. წარღვნა ასახავს პრინციპს,„ცოდვილი კაცი კი მოკვდება” (ეზეკიელი 18:20).
ბაბილონისგოდოლი გვიჩვენებს ადამიანის მუდმივ აჯანყებას და სიამაყეს. ედემის ბაღში სატანამ აცდუნა ევა დაპირებით - „ღმერთებივით იქნებით” (დაბადება 3:5). ბაბილონში ადამიანის მცდელობა იყო - „შევიქმნით სახელს” (დაბადება 11:4). ორივე შემთხვევაში ადამიანი სიამაყიდან მოქმედებს; ორივე შემთხვევაში ადამიანი ცდილობს მოირგოს ღმერთის როლი; ორივე შემთხვევაში, ადამიანის სიამაყეს მოაქვს ღვთის სამსჯავრო.
დაბადების 1-ლი თავი გვიჩვენებს სამყაროს შექმნას ელოჰიმის, სამყაროს ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ.
დაბადების მე-2 თავი ყურადღებას ამახვილებს ედემის ბაღში ადამიანის შექმნაზე და ურთიერთობაზე ადამსა და იაჰვეს, ღმერთს შორის, რომელმაც აღთქმა დადო.
დაბადების 1–2 თავები გვაჩვენებს, რომ ადამიანი ღირებულია, რადგან ჩვენ ღვთის ხატად ვართ შექმნილი.[1] დავითი მღეროდა:
როცა შენს ზეცას ვუმზერ - შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე, რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი ან - ადამიანის ძე, რომ ზრუნავ მასზე? ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე, დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად (ფსალმუნი 8:3-5).
დაბადება 1–3 გვაჩვენებს ადამიანის აჯანყებას ღმერთის წინააღმდეგ. ულამაზეს ბაღში, ყოველი სიკეთით გარშემორტყმულები, რაც ღმერთმა შექმნა, ღმერთთან უახლოესი მეგობრობით ტკბებოდნენ, მაგრამ ადამმა და ევამ ღმერთს ზურგი აქციეს და გველის ხმას მოუსმინეს. მიუხედავად ადამიანის აჯანყებისა, ეს თავები გვიჩვენებს ღვთის მადლის აღთქმას, ანუ დაპირებას მხსნელის და გამომსყიდველის შესახებ.[2]
და ბოლოს, დაბადება 1–11 გვიჩვენებს ადამიანის მზარდ აჯანყებას, რამაც გამოიწვია წარღვნა. წარღვნის შემდეგ ადამიანი კვლავ აჯანყდა ბაბილონში. ამ აჯანყებამ გამოიწვია ენების აღრევა და ერების მიმოფანტვა. ეს ამბები ასახავს გამოსყიდვის აუცილებლობას, რომელიც გათვალისწინებული და განპირობებულია აბრაამთან დადებული აღთქმით.
დაბადება 1–11 მოიცავს 2000 წელზე მეტ ხანს და შეჯამებულია ოთხი მოვლენით. დაბადება 12-50 არის პატრიარქების (მამამთავრების) ამბავი. ეს თავები აღწერს ოთხი ადამიანის ცხოვრებას დაახლოებით 300 წლის განმავლობაში:
აბრაამი (დაბადება 11–25)
ისააკი (დაბადება 25–26)
იაკობი (დაბადება 27–36)
იოსები (დაბადება 37–50)
დაბადების 1–11 თავები მოგვითხრობს სამყაროს დასაწყისის შესახებ; დაბადების 12–50 თავები მოგვითხრობს ებრაელი ერის წარმოშობის ისტორიას. დაბადება იყენებს ფორმულას „ეს არის გენეალოგია…“ რათა მკვეთრი ფოკუსირებით გვაჩვენოს სამყაროს შექმნიდან („ასეთი იყო ცათა და მიწის დაბადება, უფალი ღმერთის მიერ ცათა და მიწის შექმნის დღეს”) (დაბადება 2:4)., კაცობრიობის შექმნამდე ("ეს არის ადამის შთამომავლობის წიგნი”) (დაბადება 5:1)., შემდეგ კი ნოეს, სემის, თერახის, აბრაამის, ისააკის და ბოლოს იაკობის გავლით („აი, იაკობის მოდგმა”) (დაბადება 37:2).
აბრაამთან აღთქმა ცენტრალურია გადარჩენის ისტორიაში. ეს აღთქმა ვლინდება სამ სცენაში:
დაბადების 12:1–3-ში ღმერთი დაჰპირდა აბრაამს, რომ მისი შთამომავლებისგან დიდ ერს შექმნიდა. ის აკურთხებდა ისრაელის მაკურთხებლებს და დაწყევლიდა მათ მაწყევრებს. ღმერთმა აღუთქვა, რომ აბრაამის შთამომავლებს კურთხევად აქცევდა ყველა ერისთვის. ისრაელის რჩეულობა იყო ხალხის არჩევა, რომელიც კურთხევის საშუალება უნდა გამხდარიყო ყველა ერისთვის.
დაბადების მე-15 თავი არის ღირსშესანიშნავი თავი ხსნის ისტორიაში. სხვა ძველი ახლო აღმოსავლეთის აღთქმებში, სუსტი მხარე დებს სისხლის ფიცს, რომელიც მოითხოვს ძლიერი მხარისადმი ერთგულებას. დაბადების მე-15 თავში ღმერთმა თვითონ შეჰფიცა აბრაამს და მარადიულ ერთგულება აღუთქვა.
დაბადების მე-17 თავში მოცემულია წინადაცვეთის ნიშანი, რომლითაც აბრაამი და მისი შთამომავლები ავლენდნენ თავიანთ რწმენას აღთქმისადმი. ხსნა ძველ აღთქმაში, ისევე როგორც ახალ აღთქმაში, იყო რწმენით და არა საქმეებით. თავად წინადაცვეთა არასოდეს ყოფილა ხსნის საფუძველი; წინადაცვეთა იყო აღთქმის დაპირებებისადმი რწმენის ნიშანი (რომაელთა 4:9-12).
მესიანური ხაზის ღვთის უზრუნველყოფის ამბავი გრძელდება:
ისაკის სასწაულებრივი დაბადებით.
ღმერთის მიერ აბრაამის მორჩილების გამოცდით, ისაკის მსხვერპლად შეწირვისკენ მოწოდებით.
ისაკის სანაცვლო ვერძის გამოჩენით.
ღვთის მიერ იაკობის ოჯახის კურთხევით, იაკობის ხასიათის ნაკლოვანებების მიუხედავად.
დაბადების 37–50 თავები ინაცვლებს მესიანურ ხაზზე აქცენტირებიდან (აბრაამი - ისაკი - იაკობი - იუდა) და ფოკუსირდება იოსებზე. იოსებს ხშირად აღიქვამდნენ, როგორც ქრისტეს მსგავსს. ორივე, იოსებიც და იესოც უარყოფილნი იყვნენ ოჯახის მიერ, ორივე გაყიდეს, ორივემ მსხვერპლი გაიღო სხვებისთვის და ორივემ აპატია მათ, ვინც მათ შეურაცხყოფა მიაყენეს. იოსები, იესოს ადამიანური ბუნების, ძველ აღთქმისეულ მშვენიერ მაგალითს წარმოადგენს.
დაბადების წიგნის ბოლოში იოსების, როგორც მნიშვნელოვანი ფიგურის გამოჩენის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მისი ამბავი გვიჩვენებს, თუ როგორ შეინარჩუნა ღმერთმა მესიანური ხაზი შიმშილის წლებში. იოსების ისტორია იძლევა გადასვლას გამოსვლის წიგნზე და გვაჩვენებს, თუ როგორ აღმოჩნდნენ ისრაელის შვილები ეგვიპტეში. დაბადება მთავრდება იმით, რომ ისრაელი ეგვიპტეში კეთილგანწყობით სარგებლობდა. გამოსვლა იწყება 400 წლის შემდეგ, როდესაც ისრაელი ჩაგვრას განიცდის ეგვიპტეში.
მნიშვნელოვანი თემები დაბადების წიგნში
რჩეულობა
რჩეულობის თემა ძველ აღთქმაში ცენტრალურია. აბრაამი რჩეული იყო, რათა ღვთის კურთხევის არხად ყოფილიყო ყველა ერისთვის. ანალოგიურად, ისაკი და იაკობი რჩეულები არა თავიანთი საქმეებისთვის გახდნენ, არამედ ღმერთმა თავისი აღთქმების გამტარებად აირჩია. პატრიარქები, ანუ მამამთავრები გახდნენ რჩეულნი, როგორც მესიანური ხაზის ნაწილი. ეს არ იყო ამორჩევა ინდივიდუალური გადარჩენისთვის; ეს იყო ამორჩევა მსახურებისთვის.
აღთქმაში ინდივიდუალური მონაწილეობა დაფუძნებული იყო ღვთის დანაპირების რწმენაზე. ამას ვხედავთ ისტორიულ წიგნებში. რახაბი არ იყო ისრაელის რჩეული ერის ნაწილი, მაგრამ მან დაიმკვიდრა ღვთის დაპირებები რწმენაში მორჩილების გამო. საპირისპიროა ყაქანის შემთხვევაში; მიუხედავად იმისა, რომ ის იყო რჩეული ერის ნაწილი, მან არ მიიღო ღვთის დაპირებები თავისი დაუმორჩილებლობისა და რწმენის ნაკლებობის გამო.
რჩეულობის მოძღვრება ძველ აღთქმაში
ისრაელი რჩეულია
ყველა ერის გულისთვის
ისრაელი რჩეულია
მსახურებისთვის
ინდივიდების რჩეულობა
მხოლოდ ღვთის დაპირებების რწმენით
აღთქმა
ღმერთმა აღთქმა დადო ნოესთან (დაბადება 9). ამას მოჰყვა მისი აღთქმა აბრაამთან (დაბადება 12, 15, 17). შემდეგი ნაბიჯი აღთქმის ისტორიაში იქნება სინას მთაზე, როცა ღმერთი დებს აღთქმას მოსესთან (გამოსვლა 19). 2 სამუელის (2 მეფეთა) მე-7 თავში ღმერთი დადებს აღთქმას დავითთან. ყოველივე ეს მიუთითებს იესო ქრისტეს მსხვერპლშეწირვით განმტკიცებულ „ახალ აღთქმაზე“ (ლუკა 22:20).
ყოველი აღთქმა ეფუძნება წინა აღთქმის საფუძველს. წინა შეთანხმების ჩანაცვლების ნაცვლად, თითოეული აღთქმა ამატებს ახალ დეტალებს. ეს განმარტავს იესოს სიტყვებს მათეს 5:17-ში: „არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი“. ახალი აღთქმა არ ანაცვლებს ძველ აღთქმას; ის ეფუძნება ძველი აღთქმის საფუძველს.
დაბადება ახალ აღთქმაში
ახალი აღთქმის ისტორია იწყება დაბადების 3:15-ის დაპირებიდან. იესო ასრულებს ღვთის დაპირებას მხსნელის შესახებ, რომელიც დაამარცხებს გველს. დაბადების მე-3 თავის წყევლა სრულიად იცვლება გამოცხადებაში; დაბადების მე-3 თავის დაპირება სრულდება ქრისტეს მოვლინებით.
იესო ახალ აღთქმაში აღიქმება, როგორც მეორე ადამი, რომელიც აუქმებს პირველი ადამის წარუმატებლობას (რომაელთა 5:12-21). ის არის აბრაამის აღთქმული შთამომავალი, რომლის მეშვეობითაც იკურთხება დედამიწის ყველა ერი (დაბადება 12:1-3; გალატელთა 3:15-22).
[1]ღვთის ხატების მოძღვრების მნიშვნელობა ცხადი ხდება, როდესაც დაბადების ამბავს შევადარებთ ძველი ახლო აღმოსავლეთის ქმნადობის მითებს. ატრაჰასისის ბაბილონურ ფილაზე გადმოცემულის მიხედვით, ადამიანები თიხისგან შეიქმნენ ღმერთებისთვის თხრილების ამოსათხრელად. ღმერთებს არ სურთ მუშაობა, ამიტომ ადამიანები მონებად შექმნეს. ატრაჰასისში ღმერთები ეჭვიანები და მერყევები არიან; ატრაჰასისში ადამიანობა არ ფასობს. ამის საპირისპიროდ, დაბადება გვიჩვენებს, რომ წმიდა ღმერთმა შექმნა კაცობრიობა თავის ხატად და მსგავსად; ჩვენ უნდა ვიყოთ წმიდები, როგორც ღმერთია წმიდა.
[2]თეოლოგები დაბადების 3:15-ს უწოდებენ "პროტო-ევანგელიუმს", სახარების პირველ დაპირებას. ცოდვის საპასუხოდ, ღმერთმა ადამიანს გამოსყიდვა აღუთქვა; მან არ დაგვტოვა ჩვენს ცოდვაში.
ახლო ხედით დაკვირვება ქმნადობაზე
► რამდენად მნიშვნელოვანია ქმნადობის დოქტრინა ბიბლიური გზავნილის გასაგებად? მნიშვნელოვანია თუ არა, თუ დაბადების 1-2 თავები მითია და არა ფაქტობრივი ისტორია?
1998 წელს, შეზღუდული შეღწევადობის ქვეყანაში ვატარებდი სასწავლო კურსს პასტორებისთვის. ამ ქვეყნის მთავრობა კრძალავს ქრისტიანული ლიტერატურის გამოცემას. თუმცა, 1998 წელს ამ მთავრობამ დაუშვა ბიბლიური მოთხრობების საბავშვო წიგნის გამოცემა.
აღფრთოვანებული ვიყავი ამ ამბით - სანამ წიგნის ასლი არ ვნახე. მთავრობა დაჟინებით მოითხოვდა თითოეული გვერდის დამტკიცებას გამოქვეყნებამდე. პირველ გვერდზე გამოსახული იყო, თუ როგორ გააძევა ღმერთმა ადამი და ევა ედემიდან. მეორე სურათზე გამოსახული იყო ბავშვები, რომლებიც წარღვნის დროს მოვარდნილი წყლით შეშინებულები ყვიროდნენ. მესამეზე ნაჩვენები იყო აბრაამი, შვილზე მოღერებული დანით ხელში.
მთავრობამ აიძულა გამომცემელი გამოეტოვებინა შექმნისა და დაცემის ისტორიები. ბიბლია შექმნისა და დაცემის გარეშე იძლევა ღმერთის დამახინჯებულ სურათს. ბავშვებმა, რომლებიც კითხულობდნენ ამ ბიბლიას, დაინახეს გაბრაზებული ღვთაება, რომელიც ახრჩობს ბავშვებს და აიძულებს მამებს მოკლან თავიანთი ვაჟები. ამ ბიბლიური მოთხრობების წიგნს აკლია შექმნის ძირითადი ისტორია, რომელიც გვიჩვენებს, თუ რატომ აქვს ღმერთს ძალაუფლება ამ სამყაროზე.
შექმნის ისტორია არსებითია ქრისტიანული რწმენისთვის. შესაძლოა, ამიტომაა, რომ ამდენი სკეპტიკოსი იწყებს თავდასხმებს ქრისტიანულ რწმენაზე, სწორედ დაბადების ამბის ჭეშმარიტების უარყოფით. სამწუხაროდ, მრავალი ქრისტიანი მწერალიც კი ამტკიცებს, რომ დაბადების ისტორია არ არის სარწმუნო. ისინი ამტკიცებენ, რომ დაბადების 1-2 თავები არის მითი და არა ისტორია. თუმცა, დანარჩენი წერილი მოწმობს დაბადების წიგნში მონათხრობის ჭეშმარიტებას.
პრობლემის ნაწილი ის არის, რომ ბევრი ქრისტიანი სეკულარული აზროვნების ტყვედ იქცა, რომელიც ამტკიცებს, რომ მეცნიერება ეწინააღმდეგება ბიბლიას. მათ მიიღეს ათეისტი მეცნიერების არგუმენტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ წმიდა წერილის ნდობა შეუძლებელია. თუმცა, ისტორიის მანძილზე უდიდესი მეცნიერები მიძღვნილი ქრისტიანები იყვნენ.[1]
მეცნიერული ჭეშმარიტება არ ეწინააღმდეგება ბიბლიურ ჭეშმარიტებას; მეცნიერებაც და წმიდა წერილიც მიუთითებს ღმერთზე, როგორც შემოქმედზე. სწორად გაგებისას, დაბადების 1–2 თავები არის სამყაროს შექმნის ისტორიული ანგარიში. სწორად აღქმის შემთხვევაში, მეცნიერება ხსნის ფანჯარას ღვთის შემოქმედების საოცრებებისკენ.
დაბადების 1–2 თავები ასწავლის, რომ:
ღმერთმა სამყარო არაფრისგან შექმნა (რაც უარყოფს როგორც ძველ მითებს, რომლებიც გვასწავლიან, რომ სამყარო სხვა ღმერთებმა შექმნეს, ასევე თანამედროვე მითებს, რომლებიც ასწავლიან, რომ სამყარო შემთხვევით წარმოიქმნა).[2]
არსებობს ერთი უზენაესი ღმერთი (რაც უარყოფს ძველი სამყაროს პოლითეიზმს)
ადამიანი შექმნილია ღმერთის ხატად (რაც უარყოფს ევოლუციას, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ვართ დროისა და შემთხვევითობის შედეგი).
არც ერთმა მორწმუნემ არ უნდა უარყოს დაბადების 1–2 თავების ეს არსებითი სწავლებები. დასაწყისში უზენაესმა ღმერთმა შექმნა ჩვენი სამყარო არაფრისგან. თავდაპირველად ღმერთმა კაცობრიობა თავის ხატად შექმნა. როდესაც შექმნა, კვირა დასრულდა. ღმერთმა დაინახა, რომ ეს ძალიან კარგი იყო. ქრისტიანები შეიძლება განსხვავდებოდნენ წმიდა წერილის დეტალების ინტერპრეტაციის, ანუ განმარტების მხრივ; მაგრამ ისინი უნდა თანხმდებოდნენ წმიდა წერილის ჭეშმარიტებაში.
[1]დიდი მეცნიერები, რომლებიც თავდადებული ქრისტიანები იყვნენ:
+ ნიკოლაი კოპერნიკი (აღიარებდა, რომ მზე სამყაროს ცენტრშია)
+ გალილეო (მიჩნეულია "თანამედროვე მეცნიერების მამად")
+ იოჰანეს კეპლერი (ახსნა პლანეტების მოძრაობა)
+ სერ ისააკ ნიუტონი (ჩამოაყალიბა გრავიტაციის კანონი)
+ რობერტ ბოილი (ითვლება პირველ თანამედროვე ქიმიკოსად)
+ რენე დეკარტი (მეცნიერული რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მოაზროვნე)
+ მაიკლ ფარადეი (გამორჩეული ქიმიკოსი)
+ ლუი პასტერი (გამოიგონა პასტერიზაცია და შექმნა ცოფისა და ჯილეხის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინები)
+ მაქს პლანკი (დააარსა კვანტური მექანიკა)
[2]თეოლოგები იყენებენ ტერმინს creatio ex nihilo რათა აღწერონ „არაფრისგან შექმნა.”
დასკვნა: დაბადება ლაპარაკობს დღეს
დაბადება მნიშვნელოვანი წიგნია ოცდამეერთე საუკუნის ქრისტიანისთვის. ის ლაპარაკობს თანამედროვე ეკლესიის წინაშე არსებულ საკითხებზე.
ვინაიდან ღმერთმა შეგვქმნა თავისი ხატად და მსგავსად, ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია. თანამედროვე სოციალური საკითხები, როგორიცაა აბორტი და ევთანაზია, განხილულია დაბადების 1 და 2 თავების უძველეს მოწმობებში. თუ ჩვენ ღვთის ხატად ვართ შექმნილი, ყოველი სიცოცხლე წმიდა და ხელშეუხებელია და უნდა იყოს დაცული.
იმის გამო, რომ ადამიანს დაეკისრა დედამიწაზე მეურვეობა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი ვიზრუნოთ ჩვენს სამყაროზე და თუმცა ქრისტიანები აღიარებენ ადამიანის სიცოცხლის უპირატესობას ცხოვრების სხვა ფორმებთან შედარებით, მათ უნდა დააფასონ დედამიწის ყველა ასპექტი, როგორც ღვთის კარგი ქმნილება.
აბრაამთან დადებული აღთქმის გამო, ეკლესიას აქვს მახარებლობისა და მოწაფეობის მანდატი. იესომ დაავალა ეკლესიას აღესრულებინა ისრაელის მისია ერების წინაშე (მათე 28:18-20). ისრაელმა ვერ შეასრულა თავისი მისია ძველ აღთქმაში; ჩვენ მაინც არ უნდა ჩავაგდოთ ჩვენი დღევანდელი მისიის შესრულება.
მე-2 გაკვეთილის დავალებები
წარმოაჩინეთ თქვენ მიერ ამ გაკვეთილის აღქმა შემდეგი დავალებების შესრულებით:
(1) აირჩიეთ შემდეგი დავალებებიდან ერთ-ერთი:
ვარიანტი 1: ჯგუფური დავალებაt
დაავალეთ თქვენი ჯგუფის თითოეულ წევრს დაბადების 1–11თავების ოთხი დიდი მოვლენიდან ერთ-ერთი. თქვენი ჯგუფის თითოეული წევრი მოამზადებს მოკლე რეზიუმეს, რომელშიც წარმოგიდგენთ:
ბიბლიური ისტორიის შეჯამებას
რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მოვლენა ბიბლიური ისტორიისთვის
რას გვასწავლის ეს მოვლენა დღეს
ვარიანტი 2: ინდივიდუალური დავალება.
ამოირჩიეთ ერთი:
დაწერეთ 1–2 გვერდიანი დეტალური მონახაზი ქადაგებისთვის ან ბიბლიის შესწავლის ჯგუფისთვის (საოჯახო ეკლესიისთვის) დაბადების 1–11თავების ოთხი დიდი მოვლენიდან ერთერთზე. თქვენმა ქადაგებამ უნდა წარმოაჩინოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მოვლენა ბიბლიის ისტორიაში და რას გვასწავლის ეს მოვლენა დღეს.
დაწერეთ 1–2 გვერდიანი დეტალური მონახაზი ქადაგებისთვის ან ბიბლიის შესწავლის ჯგუფისთვის (საოჯახო ეკლესიისთვის) დაბადების 12–50 თავების ოთხი ძირითადი პერსონაჟიდან ერთერთზე. თქვენმა ქადაგებამ უნდა წარმოაჩინოს, თუ როგორ გვევლინება პერსონაჟი პოზიტიურ მაგალითად ან უარყოფით ჭრილში გაფრთხილებად მორწმუნეებისთვის დღეს.
(2) გაიარეთ ამ გაკვეთილის ტესტი. ტესტი მოიცავს საზეპირო მუხლებს წმიდა წერილიდან.
მე-2 გაკვეთილის ტესტი
(1) რას ნიშნავს ებრაული სიტყვა თორა?
(2) როგორ არის წარმოდგენილი იესო ხუთწიგნეულის თითოეულ წიგნში?
(3) ჩამოთვალეთ ძველი აღთქმის ოთხი თემა, რომლებიც წარმოდგენილია ხუთწიგნეულში.
(4) რა არის დაბადების წიგნის თემა?
(5) ჩამოთვალეთ დაბადების წიგნის ორი ძირითადი ნაწილი.
(6) ჩამოთვალეთ ოთხი ძირითადი მოვლენა დაბადების 1–11თავებიდან.
(7) ჩამოთვალეთ ოთხი მთავარი პერსონაჟი დაბადების 12–50 თავებიდან.
(8) თითოეულმა თითო წინადადებით შეაჯამეთ აბრაამთან დადებული აღთქმის სამი ასპექტი.
(9) ჩამოთვალეთ სამი რამ, რასაც დაბადების წიგნი გვასწავლის ქმნადობის შესახებ.
(10) ჩამოთვალეთ სამი გზა, რომლითაც დაბადება ელაპარაკება თანამედროვე ეკლესიას.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.