ეზეკიელი: ადამიანი, რომელმაც იხილა ღვთის გეგმა მომავლის შესახებ
ისრაელი აღარ იყო წმიდა ერი. ის თაყვანს სცემდა კერპებს; ის ჩაგრავდა ღარიბებს; მან შეურაცჰყო შაბათი. სასჯელად ღმერთმა თავისი ხალხი გადასახლებაში გაგზავნა. მან ბაბილონის ჯარს იერუსალიმის აღების და ტაძრის დანგრევის ნება მისცა. ვინაიდან ღვთის ხალხი აღარ იყო წმიდა, მან აღარ მიიღო მათი თაყვანისცემა. ვინაიდან ღვთის ხალხი აღარ იყო განშორებული ცოდვას, მან აღარ მიიღო მათი თაყვანისცემა.
თუმცა ღმერთს მაინც ჰქონდა განზრახვა თავისი ხალხისთვის. ტაძრის დანგრევიდან ათი წლის შემდეგ ღმერთმა ხილვა მისცა ეზეკიელს, ბაბილონის მახლობლად ტყვეობაში მცხოვრებ წინასწარმეტყველს. ეზეკიელმა იხილა ღვთის გეგმა მომავლის შესახებ.
ეზეკიელის ხილვაში გადასახლება დასრულდა; სასჯელი დასრულდა; ღმერთის თანდასწრება დაბრუნდა. ტაძარი ღვთის დიდებამ აავსო. ღმერთმა წყლით განბანა თავისი ხალხი და განწმინდა გარეგნული უსამართლობისაგან. მან ამოუღო „ქვის გული“ და მისცა მათ „ახალი გული და ახალი სული.” მან შეასრულა თავისი დაპირება: „ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და ისე გავაკეთებ, რომ ჩემი წესებით იაროთ და ჩემი სამართალი დაიცვათ და აღასრულოთ” (ეზეკიელის 36:25-27). ისრაელი წმიდაა შინაგანად და გარეგნულად.
ეზეკიელმა იხილა ტაძარი, რომელიც აკურთხებდა ყველა ერს. მტკნარი წყალი აღდგენილი ტაძრიდან მკვდარ ზღვაში მიედინებოდა. ხეები აძლევდნენ ნაყოფს საკვებად და ფოთლებს სამკურნალოდ. ედემის სილამაზე აღდგა.
ხილვის ყველაზე დიდებული ნაწილი არის ბოლო წინადადება: „იმ დღიდან ქალაქს ერქმევა "უფალი არის იქ“ (ეზეკიელის 48:35). ღმერთის განზრახვა თავისი ხალხის მიმართ სრულდება: წმიდა ხალხი ცხოვრობს წმიდა ღმერთის წინაშე!
► განიხილეთ გარე მტკიცებულებები იმისა, რომ ადამიანი წმიდაა. რა გარეგნულ ქმედებებს უნდა ველოდოთ ადამიანისგან, რომლის გულიც წმიდაა?
წინასწარმეტყველთა პრობლემა: ისრაელი არ იყო მართალი
წინასწარმეტყველებმა ღვთის ბრალდება წაუყენეს ერს, რომელმაც დაარღვია აღთქმა. წინასწარმეტყველურ წიგნებში, ისევე როგორც ხუთწიგნეულში, სიტყვა „წმიდა“ აღნიშნავს იმას, რაც ღმერთს ეკუთვნის და მისთვის არის გამოყოფილი. იერუსალიმი და ტაძარი წმიდა იყო, რადგან ღმერთს ეკუთვნოდა.
ღმერთი წმიდაა
ოცდაერთჯერ მოიხსენია ესაიამ „ისრაელის წმიდა“. სერაფიმები მღეროდნენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა ცაბაოთ უფალი! სავსეა მისი დიდებით მთელი დედამიწა!” (ესაიას 6:3).
„გამოჩნდება წმიდა ღმერთი სიმართლეში” (ესაიას 5:16). ეზეკიელმა იხილა დღე, როდესაც ღმერთი თავის სიწმიდეს გამოავლენს ყველა ერსში. „განვდიდდები, წმიდად გამოვჩნდები და გამოვცხადდები მრავალი ერის თვალწინ და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი” (ეზეკიელის 38:23).
ღვთის სასჯელი ცხადყოფს მის წმიდა ბუნებას. მიქამ გააფრთხილა, რომ ისრაელის ცოდვის გამო, „უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, ჩამოვა და ფეხქვეშ გათელავს დედამიწის სიმაღლეებს” (მიქას 1:2-3). ღმერთმა დასაჯა ისრაელი, რადგან წმიდა ღმერთი არ დაუშვებს, რომ ცოდვა დაუსჯელი დარჩეს.
ღმერთის მიერ ისრაელის გამოსყიდვა აჩვენებს, რომ ის წმიდაა. ღმერთმა გამოისყიდა ისრაელი არა იმიტომ, რომ მან დაიმსახურა გადარჩენა, არამედ მისი წმიდა სახელის გულისთვის ხალხებს შორის.
ასე ამბობს უფალი ღმერთი: შენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას, სახლო ისრაელისა, არამედ ჩემი წმიდა სახელისთვის, იმ ხალხებში რომ შებღალე, სადაც მიხვედი. განვწმედ ჩემს დიად სახელს, ხალხებში შებღალულს, თქვენ რომ შებღალეთ მათ შორის (ეზეკიელის 36:22-23).
ღმერთი არ დაუშვებს, რომ მისი წმიდა სახელი შერცხვენილი იყოს ისრაელის ცოდვით. ის დაპირდა, რომ დააბრუნებდა ისრაელს თავის მიწაზე, რათა ეჩვენებინა თავისი სიწმიდე სხვა ერების წინაშე.
ასე ამბობს უფალი ღმერთი: შემოვკრებ ისრაელის სახლს ხალხებიდან, რომლებშიც გაიფანტნენ, წმიდად გამოვჩნდები მათში ხალხთა დასანახად და დამკვიდრდებიან თავიანთ მიწაზე, მე რომ მივეცი ჩემს მსახურს, იაკობს (ეზეკიელის 28:25).
ეს გასაოცარი დაპირებაა. ღმერთი დაპირდა, რომ გამოავლენდა თავის სიწმიდეს ისრაელის გამოსყიდვით და მისი სახლში დაბრუნებით. ღმერთი დაპირდა, რომ გამოავლენდა თავის სიწმიდეს იმ ხალხში, რომელიც მან გადასახლებაში გაგზავნა. სიწმიდე ღმერთს ეკუთვნის.
ისრაელი არ იყო წმიდა
ვინაიდან სიწმიდე ღმერთს ეკუთვნის, ჩვენ წმიდანი ვართ მხოლოდ მაშინ, როდესაც ვცხოვრობთ წმიდა ღმერთთან ურთიერთობაში. წინასწარმეტყველებმა განაცხადეს, რომ ისრაელი აღარ იყო წმიდა, რადგან ისინი ცხოვრობდნენ თავიანთი ცოდვილი სურვილების შესაბამისად და არა ღმერთთან მორჩილებითა და სიყვარულით.
ესაიაში ღმერთმა თქვა, რომ იგი დაშორდა იუდას მისი ცოდვის გამო. ღმერთმა უარყო ისრაელი, რადგან მათ უარი თქვეს სიმართლით ცხოვრებაზე.
მათი შრომა - უმართლობის ჩადენაა და ძალმომრეობის საქმეა მათ ხელებში. ბოროტისკენ გაურბით ფეხები, უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად მიისწრაფიან. მათი ფიქრები უმართლო ფიქრებია, ძალადობა და განადგურებაა მათ გზებზე (ესაიას 59:6-7).
ღმერთმა უბრძანა იერემიას სელის სარტყელი დაემარხა. თეთრი სელის ნაჭერი სიწმიდის სიმბოლო იყო. იერემიამ სარტყელი დამარხა მანამ, სანამ ტალახმა და ჭუჭყმა არ გააფუჭა ქსოვილი. ეს სიმბოლირებს იუდას უწმინდურებას. ღმერთმა იუდა აირჩია მართალ ხალხად. ამის ნაცვლად, ღვთის ხალხი ცხოვრობდა ცოდვილი ცხოვრებით (იერემიას 13:1-11).
ეზეკიელში ღმერთმა მსჯავრი დასდო ისრაელს, როგორც ურჩ და ჯიუტ ერს, „რომლებიც ამიჯანყდნენ” (ეზეკიელის 2:3). იმის ნაცვლად, რომ დამორჩილებოდნენ წმიდა ღმერთს, ისრაელი წარმართი ერების მსგავსად ცხოვრობდა. „რადგან ჩემი წესებით არ დადიოდით და ჩემი დადგენილებებით არ იქცეოდით, არამედ იმ ხალხების წესებით იქცეოდით, თქვენ გარშემო რომ არიან” (ეზეკიელის 11:12). ისრაელი აღარ იყო მართალი.
გადასახლების დროს დანიელმა აღიარა, რომ ხალხი, რომელიც არჩეული იყო ღვთის სადიდებლად ერების წინაშე, იმსახურებდა „აშკარა სირცხვილს” (დანიელის 9:7). რატომ?
მთელმა ისრაელმა დაარღვია შენი რჯული და გადაუხვია მისგან, შენი ხმა რომ არ გაეგონა. ამიტომაც გვიწია იმ წყევლამ და ფიცმა, მოსეს, ღვთისმსახურის რჯულში რომ სწერია, რადგან მის წინააღმდეგ შევცოდეთ (დანიელის 9:11).
მცირე წინასწარმეტყველებმაც დასდეს მსჯავრი ისრაელს ცოდვის გამო. ოსიამ ისრაელი დაადანაშაულა „ცრუ ფიცში, მკვლელობაში, ქურდობაში და მრუშობაში” (ოსიას 4:2). მიქა მიმართავდა ხალხს: „სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი ხართ” (მიქას 3:2).
სოფონია ხიზკიაჰუს შთამომავალი იყო. ის მიეკუთვნებოდა იუდას ერთ-ერთ გავლენიან ოჯახს, მაგრამ არ ყოყმანობდა დაედანაშაულებინა იუდას ლიდერები ცოდვაში.
მისი მთავრები მბრდღვინავი ლომები არიან მის შუაგულში, მისი მსაჯულები - მგლები, საღამოდან დილამდე ძვალსაც რომ არ ტოვებენ. თავქარიანნი არიან მისი წინასწარმეტყველნი, მოღალატე კაცები; საწმიდარს ბილწავენ მისი მღვდლები, ფეხქვეშ თელავენ რჯულს (სოფონიას 3:3-4).
მისი პოლიტიკური მოხელეებიდან დაწყებული რელიგიური ლიდერებით დამთავრებული, ისრაელმა შესცოდა ღვთის რჯულის წინააღმდეგ. რაში მდგომარეობდა პრობლემა? ისრაელმა დაივიწყა, რომ სიწმიდე გაცილებით ღრმაა, ვიდრე რელიგიური წეს-ჩვეულებები. ისრაელმა ჭეშმარიტი სიმართლე ფუჭი რიტუალებით ჩაანაცვლა.
სიწმიდე უფრო მეტია ვიდრე რიტუალები და რწმენის აღიარება
რჯულის ერთ-ერთი დანიშნულება იყო ესწავლებინა ისრაელისთვის, რომ ის ღმერთს ეკუთვნის. სამწუხაროდ, ისრაელმა მალე დაივიწყა რჯულის ნამდვილი დანიშნულება. ხალხი ასრულებდა დადგენილ რიტუალებს, მაგრამ მათი გულები არ იყო წმიდა. ეს ერი, რომელიც ღმერთმა გამოარჩია მისი ხატების ასარეკლად და წარმოსაჩენად, ახლა უწმიდური იყო. წინასწარმეტყველური წიგნები გვასწავლიან, რომ იყო წმიდა ნიშნავს იყო მართალი როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად.
ეზეკიელი წაყვანილი იქნა ბაბილონში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 597 წ. როდესაც ეზეკიელი ოცდაათი წლის იყო, ღმერთმა დაიწყო წინასწარმეტყველთან საუბარი ხილვათა წყების მეშვეობით. ეზეკიელმა იხილა იუდას უხუცესები, რომლებიც თაყვანს სცემდნენ კერპებს წმიდა ადგილას (ეზეკიელის 8). ღმერთმა ანგელოზებს უბრძანა სასჯელი მოეტანათ, სანამ ტაძრის ეზოები გვამებით არ აივსებოდა. ღვთის დიდებამ დატოვა ტაძარი (ეზეკიელის 10). ტაძარს და მის რიტუალებს აზრი აღარ ჰქონდა, რადგან ხალხი არ იყო წმიდა.
წმიდა ცხოვრება უფრო მეტია ვიდრე რიტუალები
ისრაელი ამტკიცებდა, რომ წმიდა იყო, მაგრამ ის ცოდვილი და უწმიდური იყო. ხალხი იცავდა სიწმიდის რიტუალებს, მაგრამ ისინი არ ცხოვრობდნენ მართალი ცხოვრებით. „მიატოვეს უფალი, შეიძულეს ისრაელის წმიდა, ზურგი აქციეს” (ესაიას 1:4). ხალხი ასრულებდა დადგენილ რიტუალებს, მაგრამ ისინი ცხოვრობდნენ ცოდვილი ცხოვრებით. წინასწარმეტყველები ქადაგებდნენ, რომ რიტუალებს აზრი არ ჰქონდა, თუკი ისრაელიანები ცოდვილი ცხოვრებით იცხოვრებდნენ. სიწმიდე უფრო მეტია, ვიდრე დღესასწაულები და მსხვერპლშეწირვა.
ესაიამ თქვა, რომ ღმერთმა უარყო იუდას მსხვერპლი, რადგან ის სიმართლეში არ ცხოვრობდა.
აღარ მომიტანოთ ამაო ძღვენი... ვერ ვიტან - ურჯულოებას და დღესასწაულს! თქვენი ახალმთვარობანი და კრებულნი შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა, მიმძიმს მათი ზიდვა … (ესაიას 1:13-14).
ტაძრის წინ მდგომმა იერემიამ გამოაცხადა: „ნუ მიენდობით ყალბ სიტყვებს, რომ ამბობენ - უფლის ტაძარია, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარიაო ეს’” (იერემიას 7:4). ტაძარი აღარ იყო წმიდა. რატომ? იმიტომ, რომ თაყვანისმცემლები არ ცხოვრობდნენ მართალი ცხოვრებით. ღმერთი აფრთხილებდა: „იმარხულებენ, მაგრამ არ შევისმენ მათ ვედრებას; სრულადდასაწველსა და პურეულ შესაწირს აღმივლენენ, მაგრამ არ მივიღებ” (იერემიას 14:12). ღმერთი მოითხოვს ცარიელი რიტუალებზე მეტს.
ღმერთმა უთხრა ოსიას: „რადგან წყალობა მსურს და არა მსხვერპლი, ღვთის შემეცნება და არა სრულადდასაწველნი” (ოსიას 6:6). ისრაელმა შესწირა მსხვერპლი, მაგრამ დაარღვია ღმერთთან დადებული აღთქმა. სრულადდასაწველ შესაწირავებს მართალი სიცოცხლის გარეშე აზრი არ აქვს. მიუხედავად ისრაელის მსხვერპლშეწირვისა, ღმერთი „გაიხსენებს მათ ურჯულოებას და მოჰკითხავს ცოდვებს” (ოსიას 8:13). რატომ?
არ არის ერთგულება, არ არის მოწყალება და არ არის ღვთის შემეცნება ქვეყანაზე. ცრუ ფიცი, მკვლელობა, ქურდობა და მრუშობა გახშირდა; სისხლის ღვრა სისხლის ღვრას მოსდევს (ოსიას 4:1-2).
ამოსი ჩრდილოეთის სამეფოს, ასურეთის მიერ დაპყრობამდე, ცოტა ხნით ადრე უქადაგებდა. ამოსმა შესთავაზა მონანიების უკანასკნელი შანსი. ამოსი დაუპირისპირდა ისრაელს მათი ცოდვების გამო. „ღვთის ხალხად“ აღიარებული ერი იყო დამნაშავე ყველა ცოდვაში, საშინელი სოციალური უსამართლობიდან დაწყებული, სამარცხვინო სექსუალური ქმედებებით დასრულებული. მდიდარმა ისრაელიანებმა უსამართლო ჯარიმები დააწესეს და ფულს რელიგიური დღესასწაულებისთვის ღვინის შესაძენად იყენებდნენ (გამოსვლის 22:26; ამოსის 2:8). იმის გამო, რომ მათი ცხოვრება ცოდვილი იყო, მათი თაყვანისცემა ცარიელი იყო. თქვა ღმერთმა:
მძულს და მეზიზღება თქვენი დღესასწაულები, აღარ მსიამოვნებს თქვენი ზეიმები. აღარ მივიღებ თქვენს სრულადდასაწველებსა და ძღვენს; არც კი შევხედავ ნასუქალ ხარებს, სამადლობელ მსხვერპლად რომ მწირავთ. მომაშორეთ თქვენი სიმღერების ხმაური, თქვენი ქნარების ხმის მოსმენა აღარ მსურს (ამოსის 5:21-23).
გადასახლების შემდეგაც კი, იუდა ცდილობდა რიტუალით ჩაენაცვლებინა სრული მორჩილება. ძველი წელთაღრიცხვის 516 წელს ხალხმა დაიწყო ტაძრის აღდგენა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი რელიგიურ საქმიანობას ეწეოდნენ, მათი ცხოვრება არ იყო წმიდა. ანგიამ ხალხს შეახსენა, რომ მღვდელი, რომელიც მიცვალებულს ეხება, უწმიდური ხდება. ანალოგიურად, ხალხის ცოდვით გამოწვეულმა უწმინდურებამ ტაძარში მათი სამუშაო უწმინდური გახადა (ანგიას 2:10-14). რიტუალები სიმართლის გარეშე ცარიელი ჟესტებია; სიწმიდე უფრო მეტია ვიდრე რიტუალები.
მალაქია აფრთხილებდა, რომ ღმერთმა უარყო იუდას თაყვანისცემა. „ვერ მოგიწონებთ! - ამბობს ცაბაოთ უფალი, და ვერც თქვენი ხელით მორთმეულ ძღვენს მივიღებ” (მალაქიას 1:10). ხალხის ცოდვის გამო, ღმერთმა უარი თქვა იუდას შესაწირავების მიღებაზე.
წინასწარმეტყველური წიგნები ნათლად საუბრობენ: სიწმიდე უფრო მეტია, ვიდრე რიტუალი. ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობს მართალი ცხოვრებით, არ არის წმიდა. ჩვენ არ შეგვიძლია ვემსახუროთ ღმერთს უწმიდური ხელებით.
წმიდად ცხოვრება უფრო მეტია, ვიდრე ღვთის სახელის აღიარება
ღმერთმა უარყო ის ხალხი, ვინც მის სახელს აცხადებდა, რადგან მათ უარი თქვეს ცოდვების მიტოვებაზე. ახალ აღთქმაში იესო აფრთხილებდა:
ყველა, ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! როდი შევა ცათა სამეფოში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს. ბევრი მეტყვის იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ, გამშორდით, მოქმედნო ურჯულოებისა” (მათეს 7:21-23).
[1] სიწმიდე უფრო მეტია, ვიდრე ღვთის სახელის აღიარება. სიწმიდე არის შინაგანი სიმართლე, რომელიც ჩანს გარეგნულ ქცევაში. ღმერთს წმიდა გული და წმიდა ხელები სჭირდება.
დღეს, ისევე როგორც იერემიას დღეებში, ღმერთი ელაპარაკება პასტორებს, რომლებიც აშენებენ დახვეწილ სასახლეებს ღარიბთა შესაწირავებიდან. „ვაი იმას, ვინც სახლს უმართლობით იშენებს და უსამართლობით - ზედათვლებს!” (იერემიას 22:13).
დღეს, ისევე როგორც ამოსის დღეებში, ღმერთი ესაუბრება ეკლესიის მუსიკოსებს, რომლებიც ცხოვრობენ ცოდვილი ცხოვრებით. „მომაშორეთ თქვენი სიმღერების ხმაური, თქვენი ქნარების ხმის მოსმენა აღარ მსურს” (ამოსის 5:23).
დღეს, ისევე როგორც მიქას დღეებში, ღმერთი ესაუბრება ბიზნესმენებს, რომლებიც აცხადებენ იესოს სახელს, ხოლო მომხმარებლებს ატყუებენ. „განგიცხადა შენ, ადამიანო, რა არის კეთილი და რას მოითხოვს შენგან უფალი - მხოლოდ სამართლიან მოქმედებას, მოწყალების სიყვარულს და შენი ღმერთის წინაშე თავმდაბლად სიარულს” (მიქას 6:8).
სიწმინდე უფრო მეტია ვიდრე რიტუალი ან პროფესია. დღეს, როგორც წინასწარმეტყველთა დღეებში, ღმერთი ეძებს სამართლიან ქცევას.
წმიდა გული ჩანს მართალ საქციელში. წმიდა გული გამოჩნდება წმიდა ხელებში. ისრაელს არ შეეძლო ეთქვა, რომ წმიდა ხალხი იყო, სანამ უსამართლო ცხოვრებით ცხოვრობდა.
რადგან ღმერთი მართალი ღმერთია, მისი ხალხი მართალი უნდა იყოს. ღვთის ხალხს უნდა ჰქონდეს თავისი ღმერთის ბუნება. ისინი, ვინც კერპებს ეთაყვანებიან, იღებენ თავიანთი კერპების ზნეობრივ ბუნებას; ისინი, ვინც თაყვანს სცემენ უფალს (იაჰვეს), უნდა მიიღონ უფლის (იაჰვეს) ზნეობრივი ბუნება. ღმერთის მიზანია შექმნას მართალი და წმიდა ხალხი.
ესაიამ აღწერა ღმერთის ბუნება. „ამაღლებულია უფალი, რადგან სიმაღლეში მკვიდრობს, მან აავსო სიონი სიმართლითა და სამართლიანობით” (ესაიას 33:5). იმავე გზავნილში ესაიამ აღწერა მართალი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ღვთის თანდასწრებაში ცხოვრება.
ჩვენგან რომელი დამკვიდრდება მჭამელ ცეცხლთან და ჩვენგან ვინ იცხოვრებს საუკუნო კოცონთან? ის, ვინც სამართლიანად დადის და სიმართლეს ლაპარაკობს, ეზიზღება ძარცვით მონაპოვარი, ვინც ხელს იფერთხავს ქრთამისგან, ყურს იცობს სისხლისღვრის ამბის გაგონებაზე და თვალს ხუჭავს ბოროტების დანახვაზე (ესაიას 33: 14-15).
მხოლოდ ადამიანს, რომელსაც აქვს ღმერთის მართალი და სამართლიანი ბუნება, შეუძლია იცხოვროს ღვთის თანდასწრებაში. წმიდა ადამიანები მოქმედებენ ისე, როგორც ღმერთი მოქმედებს; ისინი ირეკლავენ წმიდა ღმერთის ბუნებას.
სიწმიდე არის შინაგანი სიმართლე: გული
ჭეშმარიტი სიმართლე იწყება გულიდან. წინასწარმეტყველებმა კარგად იცოდნენ, რომ რჯულის რიტუალები თავისთავად საკმარისი არ იყო. გარეგნული მორჩილება შინაგანი სიმართლის გარეშე ფარისევლობაა. სამართლიანობა იწყება გულიდან.
ისრაელმა უარყო რჯული, რადგან უარყო ღმერთი, რომელმაც რჯული მისცა. დაუმორჩილებლობა იწყება გულიდან. ისრაელმა დაარღვია ღვთის მცნებები, რადგან „კერპებს ელტვოდა მათი გული” (ეზეკიელის 20:16). ღმერთმა დაინახა, რომ „გაიყო მათი გული” (ოსიას 10:2).
დაუმორჩილებლობა იწყება გულიდან; სიმართლე იწყება გულიდან. ღმერთმა ესაიას მეშვეობით თქვა: მისმინეთ, სიმართლის მცოდნენო, ხალხო, რომელთაც გულში გაქვთ ჩემი რჯული” (ესაიას 51:7). სიმართლის მცოდნენი ისინი არიან, ვისაც ღვთის რჯული აქვთ გულში.
იერემია და ეზეკიელი ელოდნენ იმ დღეს, როცა ღვთის რჯული ღვთის ხალხის გულებში დაინერგებოდა.
რადგან ასეთ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ! - აცხადებს უფალი, - შინაგანში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულებზე დავუწერ; მე ვიქნები მათი ღმერთი და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან (იერემიას 31:33).
მივცემ მათ ერთ გულს და ახალ სულს ჩავდებ მათში; ამოვიღებ მათი სხეულიდან ქვის გულს და ხორცის გულს ჩავუდგამ, რომ ჩემი წესებით იარონ, ჩემი დადგენილებები დაიცვან და შეასრულონ; მაშინ ჩემი ხალხი იქნება იგი და მე მისი ღმერთი ვიქნები (ეზეკიელის 11:19-20).
სამართლიანობა იწყება გულიდან. იოველმა მოუწოდა ხალხს მოინანიონ ცოდვის არა მხოლოდ გარეგნული გამოვლინებები. მარხვა და ტირილი მონანიებული გულიდან უნდა მოდიოდეს.
„თუმცა, ახლაც” - ამბობს უფალი, - "დამიბრუნდით მთელი თქვენი გულით, მარხვით, ტირილითა და გლოვით; გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი! მოუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს! ვინაიდან შემწყნარებელი და მწყალობელია იგი, სულგრძელი და დიდადმოწყალე და წუხს ბოროტებაზე (იოველის2:12-13).
გარეგანი გამოვლინება არ არის საკმარისი. სიმართლე უნდა დაიწყოს გულიდან.
სიწმიდე არის გარეგნული სიმართლე: ხელები
წინასწარმეტყველურ წიგნებში ზნეობრივი ქცევა არის სიწმინდის საზომი. სიწმიდე მოითხოვს სამართლიან ხასიათს და ქცევას. ერთ-ერთი უმარტივესი ძველი აღთქმის აღწერილობა მართალი ცხოვრების შესახებ მიქასგან მოდის. მიქამ განსაზღვრა ღვთის მოლოდინები თავისი ხალხის მიმართ.
განგიცხადა შენ, ადამიანო, რა არის კეთილი და რას მოითხოვს შენგან უფალი - მხოლოდ სამართლიან მოქმედებას, მოწყალების სიყვარულს და შენი ღმერთის წინაშე თავმდაბლად სიარულს? (მიქას 6:8).
აი რას ნიშნავს მართალი ცხოვრება: სამართლიანობა და წყალობა სხვა ადამიანების მიმართ და თავმდაბლობა ღვთის მიმართ. წინასწარმეტყველურ წიგნებში სამართლიანობა, წყალობა და თავმდაბლობა განსაზღვრავს მართალ ცხოვრებას.
სიმართლე არის სამართლიანობა და წყალობა სხვა ადამიანების მიმართ
ზოგს გულისა და ხელების გაყოფა სურს. ისინი ამბობენ: „ჩემი გული წმიდაა, ხელები კი ცოდვილი. მე მიყვარს ღმერთი ჩემს გულში, მაგრამ არ ვცხოვრობ მართალი ცხოვრებით.” წინასწარმეტყველური წიგნები არ უშვებს ასეთ დაყოფას. წმიდა გული გამოჩნდება გარეგნულ სიმართლეში. სუფთა გული გამოიწვევს სწორ ქცევას. წმიდა ადამიანებს აქვთ წმიდა ხელები.
ზაქარიამ განსაზღვრა სიმართლე, როგორც სწორი ქცევა სხვების მიმართ.
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ქმენით ჭეშმარიტი სამართალი, სიკეთით და მოწყალებით მოექეცით ერთმანეთს. ქვრივს, ობოლს, უცხოტომელსა და ღარიბს ნუ დაჩაგრავთ; ბოროტებას ნუ განიზრახავთ ერთმანეთის მიმართ თქვენს გულებში” (ზაქარიას 7: 9-10).
ამოსი უქადაგებდა ერს, რომელმაც დაივიწყა სიმართლე. ისრაელმა „სამართალს აბზინდად აქცევთ და სიმართლეს მიწაზე თელავთ“. რა იყო გამოსავალი ისრაელის განდგომიდან? „წყალივით იდინოს სამართალმა და სიმართლემ - დაუშრეტელ ნაკადულივით” (ამოსის 5:7, 24).
ესაია იზიარებდა ამოსის ასეთ მგზნებარებას სიმართლისათვის. ესაიას პირველი გზავნილი იუდას სიმართლით ცხოვრებისკენ მოუწოდებდა:
ღმერთმა იერემიას მეშვეობით მოუწოდა იუდას სამართლიანობისა და სიმართლისკენ.
ასე ამბობს უფალი: აღასრულეთ სამართალი და ქმენით სიმართლე, იხსენით გაძარცვული მოძალადის ხელიდან. უცხოტომელს, ობოლსა და ქვრივს ნუ დაჩაგრავთ და უდანაშაულო სისხლს ნუ დაღვრით ამ ადგილზე” (იერემიას 22:3).
ღვთის სტანდარტი თავისი ხალხისთვის იყო სამართლიანობა, სიმართლე და წყალობა. ღმერთი ითხოვს თავის ხალხისგან, რომ იცხოვრონ სამართლიანად, იმოქმედონ ისე, როგორც ღმერთი მოქმედებს.
სიმართლე არის თავმდაბლობა ღვთის წინაშე
ღმერთი ეძებს ადამიანებს, რომლებიც სხვებს ეპყრობიან სამართლიანობითა და წყალობით; ეს უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება მოყვასის მიმართ. ღმერთი ეძებს ადამიანებს, რომლებიც მის წინაშე თავმდაბლობით დადიან; ეს უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ღმერთის მიმართ.
იუდა თაყვანს სცემდა კერპებს „მაღალ და წარმოსაჩენ მთაზე.” ღმერთმა პასუხად შეახსენა იუდას, რომ თვითონ არის ის ერთადერთი, ვინც მართლაც მაღალ ადგილას ცხოვრობს.
ვინაიდან ასე ამბობს მაღალი და ამაღლებული, ის, ვინც მარადიულია და წმიდაა მისი სახელი: "მაღალ და წმიდა ადგილზე ვმკვიდრობ მე, თუმცა ტანჯულთან და სულით მორჩილთან ვარ, რათა გამოვაცოცხლო თავმდაბალთა სული და მწუხარეთა გული” (ესაიას 57:7, 15).
ჩვენ მივაღწევთ მაღალ და ამაღლებულ ღმერთს მომნანიებელი და თავმდაბალი სულით. სიმართლე მოიცავს თავმდაბლობას ღმერთის წინაშე. ეს არის ნამდვილი სიწმიდე.
ოსია უქადაგებდა განდგომილ ერს. წინასწარმეტყველმა იცოდა, რომ ერი უარყოფდა მის გზავნილს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა უარი თქვა მონანიებაზე, ოსიამ დაასრულა მოწოდებით ცალკეული ისრაელიანების მიმართ, რომლებიც ღმერთს ეძებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ერმა შეიძლება უარყოს ღმერთი, მართალ ადამიანს მაინც შეუძლია ღვთის გზებით სიარული. ღმერთი პატივს სცემს მას, ვინც მას სცემს პატივს. ღმერთი აკურთხებს ადამიანს, ვინც სიმართლით დადის.
ვინც ბრძენია გაიაზრებს ამას, ვინც გონიერია - მიხვდება. ვინაიდან მართებულია გზები უფლისა - მართალნი ივლიან მათზე (ოსიას 14:9).
სიწმიდე პრაქტიკაში: წმიდა ცხოვრების ეთიკა
სიწმიდე იწყება გულიდან, მაგრამ ის ჩანს გარეგნულ ქცევაში. ტაძრის კურთხევისას სოლომონმა გამოწვევა გაუკეთა ხალხს: „ამიტომ სრულად იყოს თქვენი გული მიძღვნილი უფლისადმი, თქვენი ღმერთისადმი, რათა ცხოვრობდეთ მისი წესებით და იცავდეთ მის მცნებებს, როგორც დღეს” (3 მეფეთა 8:61). შინაგანი სიწმიდე იწვევს გარეგნულ სიწმიდეს; თუ შინაგანად ხარ წმიდა, გარეგნულადაც სამართლიანად იცხოვრებ.
წინასწარმეტყველები ეწინააღმდეგებოდნენ ძველ ისრაელში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც ასწავლიდნენ, რომ ღვთის ხალხი არ არის ვალდებული დაემორჩილოს ღვთის რჯულს. წინასწარმეტყველები ეწინააღმდეგებიან დღევანდელ ეკლესიაში მყოფებს, რომლებიც ასწავლიან, რომ ქრისტიანი ვერ დააკმაყოფილებს ღვთის მოთხოვნებს წმინდა ცხოვრების შესახებ.
დღეს ბევრი მქადაგებელი ასწავლის: „ღვთის რჯული ამბობს, იცხოვრო სამართლიანად, მაგრამ მან იცის, რომ შენ არ შეგიძლია რჯულის შესრულება.” ეს არ არის წინასწარმეტყველთა გზავნილი. წინასწარმეტყველებმა თქვეს: „ღვთის რჯული ამბობს, იცხოვრო სამართლიანად; ეს არის ის, რასაც ღმერთი მოითხოვს. ღვთის ხალხი დაემორჩილება ღვთის რჯულს.”
მაგალითი მოსეს რჯულიდან გვიჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს წმიდა გული ჩვენს ყოველდღიურ ქმედებებზე. ღმერთმა თქვა: „არ შეავიწროვო შენი მოყვასი და არ გაქურდო; მომსახურე კაცის გასამრჯელოს დილამდე ნუ დაიტოვებ” (ლევიანთა 19:13). ძველ სამყაროში მუშას ყოველი დღის ბოლოს უხდიდნენ ხელფასს. არ იყო მიმდინარე ანგარიშები ან საკრედიტო ბარათები. ორშაბათის ანაზღაურებით ყიდულობდნენ საკვებს სამშაბათის კერძისთვის. მუშაკებისთვის ყოველდღიურად ანაზღაურების მიცემაზე, უარის თქმა ართულებდა მათთვის საკვების შეძენას. რჯული ამბობდა: „გადაუხადეთ თქვენს მუშაკებს ყოველი დღის ბოლოს. მართალი ბიზნესმენი სამართლიანად მოექცევა თავის მუშაკებს.”
ჩვენ ვნახეთ წინასწარმეტყველებში სიმართლის, სამართლიანობისა და წყალობის აქცენტი. ახალი აღთქმის ზოგადი წერილები შეიცავენ იმავე გზავნილს. ეს ყველაზე ნათლად ჩანს იაკობის წერილში. იაკობმა მისწერა მათ, ვინც აცხადებდა, რომ ღვთის ხალხი იყო, მაგრამ ვინც არ ცხოვრობდა სამართლიანად. ის გვიჩვენებს, რომ ჭეშმარიტი სიწმინდე ჩანს მართალ ყოფაში.
წმიდა ხალხი უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ღვთისმოსაობის აღიარება; ისინი ღვთიური ცხოვრებით ცხოვრობენ. „იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად” (იაკობის 1:22).
წმიდა ხალხი თანაგრძნობას გამოხატავს ობოლთა და ქვრივთა მიმართ. „ღვთისა და მამის წინაშე წმიდა და უმწიკვლო მსახურება ის არის, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი ქვეყნიერებისგან” (იაკობის 1:27).
წმიდა ხალხი მიუკერძოებელია როგორც მდიდრების, ისე ღარიბების მიმართ. „მაგრამ თუ პირფერობთ, ცოდვას სჩადიხართ და რჯული გამხელთ, როგორც რჯულის დამრღვევთ” (იაკობის 2:9).
წმიდა ხალხი აკონტროლებენ თავის მეტყველებას. „ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც” (იაკობის 3:2).
წმიდა ბიზნესმენები თავიანთ მუშაკებს სამართლიანად ეპყრობიან. „აჰა, ღაღადებს მუშაკთა საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, და ცაბაოთ უფლის ყურამდე აღწევს მომკელთა ღაღადი” (იაკობის 5:4).
[1] სიწმიდე ცვლის იმას, თუ როგორ ვცხოვრობთ ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის ჩვენს ბიზნესსა და კარიერაში. წმიდა ადამიანი ცხოვრობს სამართლიანად. თუ ღვთის წინაშე წმიდანი ვართ, სხვების მიმართ სწორად მოვიქცევით. წინასწარმეტყველთა და მოციქულთა გზავნილი ნათელია: წმიდა გული ცვლის ჩვენს ქმედებებს. წმიდა ხალხი სამართლიანად იცხოვრებს ცხოვრების ყველა სფეროში. ღმერთის მიზანია შექმნას ხალხი, რომელიც მართალი იქნება როგორც გულში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
როგორ გამოიყურება სამართლიანობა ყოველდღიურ ცხოვრებაში? როგორ გამოიყურება სიწმიდე ჩვენს ყოველდღიურ ურთიერთობაში ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროსთან? მოდით შევხედოთ რამდენიმე ნამდვილ ცხოვრებისეულ მაგალითს. ეს ყველაფერი მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებიც აცხადებენ, რომ წმიდები არიან. სახელები შეიცვალა. სამწუხაროდ, ისტორიები ნამდვილია.
პასტორი ტომი მშენებელია. მისი, როგორც მშენებლის საქმიანობა მხარს უჭერს მისი, როგორც პასტორის მსახურებას სიწმიდის ეკლესიაში. ტომმა იყიდა ხელსაწყო 100 დოლარად. ის სახლის ასაშენებლად გამოიყენა და შემდეგ ეს ხელსაწყო აღარ დასჭირვებია. როდესაც მან გადაწყვიტა გაეყიდა ხელსაწყო, მან მყიდველს უთხრა: „როცა ის ახალი იყო, მასში 200 დოლარი გადავიხადე. ახლა 150-ად მოგვყიდით.”
პასტორი ტომი ამბობს: „ეს კარგი ბიზნესია. მე მივიღე მოგება გადახდილი საწყისი ფასის გაზვიადებით. არავინ უნდა იცოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ფულს ღვთის საქმეს გამოვაყენებ“. ღმერთი ამბობს: „წმიდა ხალხი პატიოსანია თავის საქმეში.” პავლე წერდა:
ნუ იცრუებთ ერთიმეორის მიმართ, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი კაცი მის საქმეებთან ერთად (კოლასელთა 3:9).
ჯეინი მდივანია ბიზნესკომპანიაში. როდესაც მისმა პასტორმა სახლში მოინახულა, მან თქვა: „თუ რაიმე საოფისე ნივთი გჭირდებათ, შემიძლია მოგცეთ ისინი. სამსახურიდან სახლში მომაქვს ფანქრები, საკანცელარიო ნივთები და საოფისე ნივთები. ვერავინ ამჩნევს.”
ჯეინი ამბობს: "ეს უმნიშვნელო წვრილმანია." ღმერთი ამბობს: „წმიდა ხალხი პატიოსანია თუნდაც წვრილმანებში.” პავლემ დაწერა, რომ ისინი, ვინც „შექმნილია ღვთისამებრ, ჭეშმარიტების სიმართლესა და სიწმიდეში“ იცხოვრებენ ახლებურად:
მომპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს სიკეთე, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისთვის მისაცემი (ეფესელთა 4:24, 28).
ბილი ხელმძღვანელობს ბიზნესს. მან უნდა აწარმოოს ჩანაწერები და გადასახადები გადაიხადოს წლის ბოლოს. გასულ წელს ბილმა თავისი ბიზნესიდან $50,000 მოგება მიიღო, მაგრამ როდესაც მან შეავსო გადასახადები, მან მიუთითა მოგება $40,000. დროდადრო ის სახელმწიფო მოხელეს ქრთამსაც უხდის, კარგი კონტრაქტის მისაღებად.
ბილი ამბობს: „მე ვიცი, როგორ მუშაობს ბიზნესი ჩემს ქვეყანაში. ჩემი კომპანიისთვის "თვლები უნდა დავზეთო". გარდა ამისა, მე ვიხდი მეათედს და ჩემს ფულს კარგი მიზნებისთვის ვიყენებ.” ღმერთი ამბობს: „წმიდა ხალხი პატიოსანია მთავრობასთან ურთიერთობაში.” პავლემ რომის იმპერიის მოქალაქეებს მისწერა: „ყოველი სული უნდა ემორჩილებოდეს უმაღლეს ხელისუფლებას” (რომაელთა 13:1).
ლინდას არ მოსწონს თავისი სამსახური. მას სურს თავისი დრო ეკლესიაში მუშაობას დაუთმოს. ამის ნაცვლად მას აქვს სამუშაო, მდიდარი ადამიანების სახლების დასუფთავება. მას უხდიან სამუშაოში დილის 8:00-დან 17:00 საათამდე, მაგრამ ხშირად ის იგვიანებს და ადრე მოდის. ლინდამ თავის პასტორს უთხრა: „მირჩევნია დილით ლოცვას დავუთმო დრო და სამსახურში გვიან წავიდე. მირჩევნია სამსახურიდან ადრე წამოვიდე და საღამოს ეკლესიაში მივიდე. არ მჭირდება ვიმუშაო სრული სამუშაო დღე, სამუშაოსთვის ხელფასს მაინც მიხდიან.”
ლინდა ამბობს: „ჩემი უფროსი ვერასოდეს გაიგებს, მე თუ სრულ სამუშაო დღეს არ ვიმუშავებ.” ღმერთი ამბობს: „წმიდა ხალხი პატიოსანია სამუშაო ეთიკაში. ისინი მაქსიმუმს იძლევიან ყველგან, სადაც ღმერთი აყენებს მათ.” პავლე წერდა:
მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, არა მოჩვენებითი სამსახურით, როგორც კაცთმაამებლებმა, არამედ გულწრფელად, როგორც ღვთისმოშიშებმა. ყოველივე, რასაც აკეთებთ, მთელი გულით გააკეთეთ, როგორც ღვთისთვის და არა კაცთათვის. იცოდეთ, რომ მემკვიდრეობას მიიღებთ უფლისგან საზღაურად, ვინაიდან უფალ ქრისტეს ემსახურებით (კოლასელთა 3:22-24).
არტური მისიონერია. მას ღმერთი უყვარს და ბევრს შრომობს, მაგრამ მწარე ენა აქვს! მან არაერთხელ აწყენინა გარშემომყოფებს მისი უხეში სიტყვებით.
არტური ამბობს: „მე მხოლოდ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ! თქვენ უნდა მიმიღოთ ისეთი, როგორიც ვარ“. ღმერთი ამბობს: „წმიდა ხალხი აკონტროლებს თავის ენას.” იაკობი წერდა:
ენაც ცეცხლია, უმართლობის მთელი სამყარო... მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მითვე ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს. ერთი პირიდან გამოდის ლოცვა-კურთხევაც და წყევლაც. ასე არ უნდა იყოს, ჩემო ძმებო (იაკობის 3:6-10).
► თქვენს კულტურაში რა ეთიკური ცდუნების სფეროებია ქრისტიანებისთვის? რაში არიან ქრისტიანები ყველაზე მეტად ცდუნებულნი, რომ გამოავლინონ არაკეთილსინდისიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში? როგორ ეხმაურება წმიდა ცხოვრების შესახებ გზავნილი, ცდუნების ამ სფეროს?
„სიწმიდე ნიშნავს
შეუბღალავად სიარულს, ენით უბიწო ლაპარაკს, გონებით უბიწო აზროვნებას - ცხოვრების ყველა დეტალს ღმერთის მეთვალყურეობის ქვეშ.”
- ოსვალდ ჩემბერსი
მან მიაკვლია საიდუმლოს - ჩიუნე სიგიჰარა
ჩიუნე სიგიჰარა იყო იაპონელი ქრისტიანი, რომელიც მუშაობდა მანჯურიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 1939 წელს ის გაგზავნეს ლიეტუვაში, იაპონიის კონსულის თანამდებობაზე. იქ ის შეხვდა ებრაელ ქალბატონს და გაიგო, როგორ ეპყრობოდა გერმანიის ნაცისტური მთავრობა ებრაელ ხალხს.
სიგიჰარა დაუკავშირდა თავის მთავრობას და ნებართვა სთხოვა გერმანიიდან და პოლონეთიდან გაქცეული ებრაელი ლტოლვილებისთვის ვიზების მისაცემად. იაპონიის მთავრობამ სიგიჰარას უარი უთხრა მოთხოვნაზე.
[1]1940 წლის ზაფხულისთვის სიგიჰარამ იცოდა, რომ უნდა გამოეჩინა სამართლიანობა და წყალობა. მან მეუღლეს უთხრა: „არ მინდა ჩემს მთავრობის მიმართ დაუმორჩილებლობა. მაგრამ არ შემიძლია არ დავემორჩილო ღმერთს. სინდისს უნდა გავყვე.”
სიგიჰარამ დაიწყო ლტოლვილებისთვის გასასვლელი ვიზების თავის ხელით დაწერა. ვარაუდობენ, რომ მან გადაარჩინა თითქმის 10000 ებრაელის სიცოცხლე, რომლებსაც ჰიტლერი მოკლავდა. მოგვიანებით სიგიჰარა რუსულმა ჯარმა შეიპყრო და წელიწად-ნახევარი რუსეთის ციხეში გაატარა. როდესაც ის ციხიდან გაათავისუფლეს და იაპონიაში დააბრუნეს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაითხოვა სამსახურიდან, რადგან ის მათ ბრძანებებს არ დაემორჩილა.
მას შემდეგ რაც ის დაითხოვეს, სიგიჰარას საარსებო საშუალება არ ჰქონდა. მას უჭირდა ოჯახისთვის საკვების ყიდვაც კი. როდესაც მოგვიანებით მის მიერ გადარჩენილი ებრაელების შთამომავლები ეძებდნენ მას, იაპონიის მთავრობამ უარყო, რომ ის ოდესმე მათთვის მუშაობდა. საბოლოოდ, 1968 წელს, გადარჩენილმა ებრაელმა იპოვა სიგიჰარა და წაიყვანა ისრაელში.
სიგიჰარამ მცირეოდენი ამქვეყნიური აღიარება მიიღო თავისი მსხვერპლისთვის, მაგრამ ის დაემორჩილა ღმერთს, რადგან მართალი იყო. სიგიჰარამ იცოდა, რომ ღვთის შვილი სამართლიანად უნდა ცხოვრობდეს. მას არ შეეძლო გარშემომყოფების ტანჯვისთვის გვერდის ავლა. მან იცოდა, რომ იყო მართალი, ნიშნავს სამართლიანობის აღსრულებას, მოწყალების სიყვარულს და ღმერთთან თავმდაბლად სიარულს. ჩიუნე სიგიჰარა წმიდა ცხოვრებით ცხოვრობდა.
„ღვთის ხალხი ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც არაჩვეულებრივნი ხდებიან იმ მიზნის გამო, რომელიც მან მისცა მათ“.
- ოსვალდ ჩემბერსი
მე - 6 გაკვეთილის მიმოხილვა
(1) იყო წმიდა ნიშნავს იყო მართალი, როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად.
(2) ისრაელმა დაუშვა, რომ გარეგნულ რიტუალებსა და აღსარებას ჩაენაცვლებინა ჭეშმარიტი სიმართლე.
(3) მართალი ცხოვრების გარეშე რელიგიური რიტუალები და რწმენის აღიარება უაზროა.
(4) სიმართლე უნდა იყოს შინაგანი - ეს უნდა იყოს მორჩილება გულიდან.
(5) სიმართლე უნდა იყოს გარეგნული - მან უნდა იმოქმედოს იმაზე, თუ როგორ ვექცევით გარშემომყოფებს.
(6) წინასწარმეტყველები ასწავლიდნენ, რომ ღმერთს მართალი ადამიანისგან სამი რამ სჭირდება:
სამართლიანობა სხვა ადამიანების მიმართ
წყალობა სხვა ადამიანების მიმართ
თავმდაბლობა ღმერთის მიმართ
(7) ახალი აღთქმის წერილები იმეორებენ გზავნილს ჭეშმარიტი ცხოვრების შესახებ. წმიდა ადამიანმა უნდა იცხოვროს ეთიკური და მართალი ცხოვრებით.
გაკვეთილის დავალებები
(1) დაწერეთ 2-3 გვერდიანი ნარკვევი თემაზე „სამართლიანობა დღევანდელ სამყაროში.” აიღეთ ერთი სფერო, სადაც ეთიკური ცოდვა საყოველთაოდ არის მიღებული და აჩვენეთ რას გვასწავლის ბიბლია ცოდვის ამ სფეროს შესახებ. მიეცით პრაქტიკული დარიგებები იმ ადამიანებს, რომლებსაც ემსახურებით.
(2) დაიწყეთ შემდეგი გაკვეთილი მიქას 6:8-ის წაკითხვით.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.